ნინო გელოვანი,

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს

სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

ხელმძღვანელი: პროფ. ალექსანდრე ვახტანგოვი  

 

ტელევიზიის სტრუქტურიდან სერიალის ფენომენამდე

 

 ეკრანული ხელოვნება, თავისი არსებობის ისტორიის განმავლობაში, ყოველთვის ფასეულობათა  სისტემას ასახავდა და მის ტრანსლირებას ახდენდა. ის გადმოსცემდა სოციალური ქცევის მოდელებს, ან უარყოფდა მათ, ან პირიქით – პროპაგანდას უწევდა. ჰუმანისტური საფუძვლების ბუნდოვანებამ კანონზომიერად გამოიწვია ყოფითი საკითხების ნიველირება: ადამიანსა და ღმერთზე, ადამიანსა და სამყაროზე, ადამიანსა და სახელმწიფოზე და ა.შ. აუცილებელი ხდება ფასეულობების მუდმივი განახლება, რადგან მედიასივრცის რეალობა პარადოქსულია და მუდმივად კითხვის ნიშანს სვამს კონკრეტული ფასეულობების ლეგიტიმურობის შესახებ (საინფორმაციო სექტორი, ტელევიზია და კინო სავსეა ძალადობით და საფრთხეებით). სერიალი განსაკუთრებით დამოკიდებულია სოციალურ მითოლოგიაზე, კერძოდ, მასში ასახვას პოულობს მოცემული ეტაპის კონკრეტული სტრატეგია. ამოსავალი წერტილი ადამიანი და სახელმწიფოა, რომელთა მნიშვნელობაც რთულია არ აღიარო. ადამიანისა (მისი სოციალური ქცევის) და სახელმწიფოს ურთიერთმიმართება ზოგადად საკანონმდებლო-სამართლებრივი სისტემით რეგულირდება, რასაც ფასეულობათა სისტემა ემატება. აშკარაა, რომ ეს ორი სფერო ერთმანეთს კვეთს, მაგრამ ერთმანეთს არ ემთხვევა, რაც ეფექტური ნარატივის შექმნას უწყობს ხელს (მაგალითად, ეკრანულ ხელოვნებაში).

    აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებაში თხრობისა და ვიზუალური კომპონენტების კავშირი ყოველთვის საინტერესო იყო, რადგან არასდროს ჰქონია ერთმნიშვნელოვანი განმარტება. სატელევიზიო სერიალი, რომელიც ფორმალურად კინემატოგრაფთანაა დაკავშირებული, სპეციფიკურ ასპექტებს ითვალისწინებს, მათ შორის: ეთერში გასვლის რეგულარობას, მაყურებელთა ყურადღების შენარჩუნებას, სერიალის ხანგრძლივობას და ა.შ.

   სხვა სატელევიზიო ფორმატებთან შედარებით, სერიალს რამდენიმე პრივილეგია აქვს. ესენია: განმეორებადობა, სიუჟეტის დაპროგრამება, მათ შორის, ხანგრძლივობა, რაც ხარისხობრივად სხვა დამოკიდებულებას აყალიბებს ტელეეკრანსა და მაყურებელს შორის. არც ერთ სხვა ფორმატს არ გააჩნია ისეთი მძლავრი ზეგავლენა, როგორც სერიალს, რომელიც  ნორმატიული ქცევის გარკვეულ ტიპებს კარნახობს, ამკვიდრებს სტილსა და ცხოვრების წესს. ყოველივე ეს სერიალს ესთეტიკური და მხატვრული კომუნიკაციის მნიშვნელოვან ელემენტად აქცევს.

   კინემატოგრაფიისა და სატელევიზიო პროდუქციის ურთიერთობის შესახებ მასობრივი კულტურის ლატენტური (ფარული) რეალიზება ჯერ კიდევ 1960-იან წლებში გამოჰყო კანადელმა სოციოლოგმა და მედიის მკვლევარმა მარშალ მაკლიუენმა (Herbert Marshall McLuhan). ის აღნიშნავდა, რომ აზიის რეგიონის მაყურებლისათვის, რომელიც არ იცნობს ამერიკულ კულტურას, ჰოლივუდის მასობრივი კინოპროდუქცია საინტერესოა არა ჟანრობრივი კუთხით, სიუჟეტითა და გმირებით, არამედ „კულტურული ანთროპოლოგიის“ თვალსაზრისით. „ჰოლივუდის კინოს მეშვეობით აღმოსავლეთმა იხილა სამყარო, სადაც ყველას, ჩვეულებრივ ადამიანებსაც კი, ჰყავთ ავტომობილები, აქვთ ელექტროღუმელები და მაცივრები. შედეგად, აღმოსავლეთის ადამიანი საკუთარ თავს ახლა ჩვეულებრივ ადამიანად მიიჩნევს, რომელსაც წაართვეს მისი ელემენტარული, თანდაყოლილი უფლებები. ტელევიზით თუ კინოფილმით  მაყურებელს  შეეძლო სამომხმარებლო  კეთილდღეობა დაენახა“.[1] თუმცა აღმოსავლეთი ყოველთვის გვხიბლავდა თავისი უშუალობითა და ნატიფობით, თვითმყოფადი კულტურითა და არაორდინარული ტრადიციებით, რომელიც უცხოელებისთვის მიუწვდომლად ჩანდა. მაგალითად შეგვიძლია თურქეთი მოვიყვანოთ. ქვეყანა საერთო და პირადი შთაბეჭდილების შესაქმნელად ხარჯავს დიდ თანხებს და იღებს სერიალებს  თურქეთის სხვადასხვა ქალაქის საინტერესო და ყოველდღიური ყოფითი ცხოვრებიდან აღებულ ისტორიებზე.

ზემოაღნიშნული გარემოებების გამო და კიდევ იმიტომ, რომ ტელევიზია მაყურებელთან ხანგრძლივი და რეგულარული ურთიერთქმედებისათვისაა შექმნილი, სერიალი თავზე მოხვეული პროპაგანდის საშუალებად წარმოგვიდგება, და ეს ყოველივე არა მხოლოდ პოლიტიკურ წყობას, არამედ მასობრივ კულტურასაც ეხება. მაგალითად, სერიალებისათვის საერთოა შეფარული რეკლამის ფენომენი, რომელსაც, კინოსაგან განსხვავებით, აქ დიდი ადგილი უჭირავს. ამავე დროს, სერიალისათვის, მისი რეგულარული სტრუქტურიდან გამომდინარე, პრინციპული მნიშვნელობა აქვს დისკურსისა და თხრობის ურთიერთმიმართებას, ანუ ესთეტიკურ, ვიზუალურ გადაწყვეტასა და დრამატურგიულ სტრუქტურას შორის კავშირს, რაც გარკვეულ ფორმატში ჯდება. ამგვარი ფიქსაცია გარანტირებულად ინარჩუნებს და ტირაჟირებას უკეთებს თხრობის გარკვეულ სქემებს (ნარატივს). თუმცა, 2000-იანი წლებიდან მოყოლებული, ჯერ ამერიკულ, შემდეგ კი ევროპულ სერიალში, გარკვეული ცვლილებები მიმდინარეობს. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდგომ  კომერციულმა კაბელურმა ტელევიზიებმა პოზიციები გაიმაგრეს, რამაც ამერიკელ მწარმოებლებს დიფერენცირებული მაყურებლისათვის სერიალების გადაღების შესაძლებლობა მისცა. მსხვილი მაუწყებელი კომპანიები (Home Box Office, Showtime, Fox Broadcasting Company,  Netflix) ხშირად კაბელური ტელევიზიების პაკეტებს ფლობენ და აქვთ დამატებითი სერვისების სისტემა. იმის მიხედვით, თუ რა აუდიტორიაზეა გათვლილი და რა პოლიტიკას ემსახურება მაუწყებლობა, მწარმოებელი საკუთარ შესაძლებლობებს ანაწილებს გარკვეული სატელევიზიო პროდუქტის შესაქმნელად. მას შეუძლია სერიალის ჩვეულ სტილს გადაუხვიოს და მსახიობები „დამოუკიდებელი“ (საფესტივალო) კინოდან მოიწვიოს. ამგვარი პოლიტიკა არსებითად ამრავალფეროვნებს პროდუქციის ესთეტიკურ და დრამატურგიულ მხარეს.

2000 წლებიდან ამერიკასა და ევროპაში გაჩნდა ორიგინალური ესთეტიკური გადაწყვეტისა და თხრობის სტილის მქონე სერიალები: „ექიმი ჰაუსი“ (House M.D.), „გაქცევა“ (Prison Break), „24 საათი“ (24), „დექსტერი“ (Dexter), „ძვლები“ (Bones) და სხვ. ამ პროექტების უმრავლესობა ეკუთვნის “Fox”-ს, რაც მათ გარკვეულ თემატურ და სტილისტურ ერთიანობას განაპირობებს. თუმცა, სხვა კომპანიებიც დიდ როლს თამაშობენ ამ ტიპის სერიალების გავრცელებაში. ძირითად ინტერესს სერიალების ჟანრობრივი და ესთეტიკური ასპექტების ტრანსფორმაცია იწვევს.

   „მოდერნიზაციის მდგომარეობაში“ მყოფი სერიალი განაგრძობს გარკვეული ნორმატიული შინაარსის ტრანსლირებას, ის საზოგადოების ფაქტობრივ მდგომარეობას, ანუ სოციალურ-კულტურულ კონტექსტს ასახავს. ამიტომ ტრადიციული თემებისა და ჟანრების ტექნიკურ რეალიზაციაში მიმდინარე ტენდენციების კვლევა თანამედროვე ეკრანულ ხელოვნებაში ადამიანის სტატუსის პრობლემის გააზრების საშუალებას იძლევა.

   „ახალი სერიალის“ გამომსახველობით სისტემას დიდწილად განსაზღვრავს ჰუმანისტური ფაქტორი, რომელიც სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. ცვლილებები, რომლებმაც პროექტების თვითღირებულება გაზარდეს და უფრო რეიტინგული გახადეს სერიალები, გმირის შეცვლილი ხასიათით აიხსნება, რამაც  ნარატივის ტრანსფორმაცია, მათი იდეოლოგია, ანუ ქცევის ნორმები და ფასეულობები შეცვალა.

   სერიალებმა დაძლიეს სატელევიზიო სივრცეში რაღაც დროით გაჩენილი რეალითი შოუების უპირატესობა. მედიის თეორეტიკოსებს ეჩვენებოდათ, რომ პროფესიული პრესა თანდათან ქრებოდა, ხოლო  რეალითი შოუები იყო ტელევიზიის პოპულარიზაციის შესანიშნავი საშუალება დიდი დანახარჯების გარეშე.

   დღეს  კინორეჟისორები და სცენარისტები ხშირად უპირატესობას ანიჭებენ ტელევიზიას არა მხოლოდ ფინანსური ინტერესების  გამო, არამედ იმიტომაც, რომ მათ უფრო მეტი თავისუფლება აქვთ ,,შვილობილის“ შექმნის პროცესში. ხარისხიანი ტელევიზია თავიდანვე ისწრაფვოდა საავტორო უფლებების დამკვიდრებისკენ. ავტორები გახდნენ შოუების პროდუსერები, რომლებიც ასევე იყვნენ იდეის ავტორებიც და სცენარისტებიც. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ცნობილი  ჟურნალისტი, სცენარისტი და პროდუსერი – დეივიდ საიმონი. იგი მუშაობდა რეპორტიორად Baltimor Sun-ში,სადაც ნარკორეალიზატორების მოსმენისა  და გამოძიების საკითხებს აშუქებდა. საიმონი 2001 წელს მივიდა HBO-ში (Home Box’s Office) ორიგინალური იდეებით. მან ჟურნალისტური გამოძიების სახით დაწერა პროექტი და წარუდგინა HBO-ს მმართველ  კრის  ალბრეხტს.  სერიალი ,,მოსმენა“   იყო მკაფიო ანტიკაპიტალისტური გზავნილი. ავტორი  ცდილობდა იმ ამერიკის ჩვენებას, რომელიც ხელისუფლებამ მიატოვა ბედის ანაბარად. ბალტიმორი იქცა დეპრესიულ ქალაქად. კონტეინერული ტექნოლოგიების განვითარებამ უმუშევრად დატოვა ადგილობრივი პორტის დოკერები. „მოსმენა“ ახდენდა ნოვატორული მიდგომის დემონსტრირებას არა მარტო დიდი სოციალური ეპოსის თემისა და ჟანრის თვალსაზრისით, არამედ ფორმის თვალსაზრისითაც. საიმონმა არ გააკეთა პირველი სეზონი კულმინაციურად, არამედ წყნარად ქმნიდა საკუთარ სამყაროს რამდენიმე სეზონის განმავლობაში. მთავარი მოვლენების განვითარება ხდება მე-3-4 სეზონში. საიმონი და მასთან მომუშავე სცენარისტები არ უშინდებოდნენ გმირების მოკვლას, ასევე ტელევიზიაში დააბრუნეს თვალსაზრისი იმის თაობაზე, რომ ნაწარმოებს უნდა ჰქონდეს დასაწყისი, დრამატურგიული განვითარება და კულმინაცია, რაც განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს მოითხოვს შემოქმედებითი გუნდის მხრიდან. სერიალი  დასრულებული ნამუშევარია – პროდუქტი, რომელმაც ახალი სტანდარტი დაამკვიდრა სატელევიზიო სივრცეში – ეს გახლავთ  ხუთსეზონიანი დრამა გამჭოლი სიუჟეტით.M

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ „მოსმენამ“ განსაკუთრებული როლი ითამაშა არხის იმიჯის ჩამოყალიბებასა და ახალი სერიალების მოზიდვაშიც; მიუხედავად იმისა, რომ კომერციული თვალსაზრისით თავიდან ეს პროდუქტი წამგებიანი იყო არა მხოლოდ ჩვენების, ანუ რეიტინგის მხრივ, არამედ მსოფლიო მასშტაბით მისი გაყიდვების რაოდენობის, ანუ – კომერციული თვალსაზრისითაც.

ტელეინდუსტრიაში მომხდარი ცვლილებებისა და აქ დასმული აქცენტების გათვალისწინებით, რეიტინგული სერიალები, ადრინდელი ტელესერიალისგან  განსხვავდებიან როგორც დრამატურგიული ხაზით, ასევე ვიზუალური გადაწყვეტით. ცალკეული ეპიზოდები ყოველთვის არ წარმოადგენენ დასრულებულ და ჩაკეტილ სტრუქტურულ ერთეულებს, როგორც ეს, მაგალითად, ტრადიციულ ტელესერიალებში იყო. ხშირად თავად ეპიზოდური სტრუქტურა ქმნის სერიალის გამჭოლი სიუჟეტის საყრდენს. მართალია, ამ შემთხვევაში ფართოვდება ჟანრობრივი პალიტრა, მაგრამ სუსტდება მელოდრამული მომენტი – აქცენტი გადადის გმირების ურთიერთობიდან სიუჟეტის აგებულებაზე, რათა ახალი პროდუქტი, რაც შეიძლება ნაკლებად ასოცირდებოდეს საპნის ოპერების მაკომპრომეტირებელ ჟანრთან. პერსონაჟთა ხასიათები და ურთიერთობები წარმოიშობა სიუჟეტიდან, და არა პირიქით – როგორც ეს საპნის ოპერას ახასიათებდა.

ახალი ტელესერიალების პოპულარიზაციით ტელეარხები თავიდანვე ფსონს ჩამოდიოდნენ იაფ პროდუქციაზე, მით უმეტეს, რომ ამგვარი მარკეტინგი ძალიან ზუსტად პასუხობდა დროის მოთხოვნებს, რაც მრავალარხიანი ტელევიზიის შექმნით იყო გამოწვეული. დღეისთვის აქცენტებმა გადაინაცვლეს ტელეპროგრამის საკულტო ხასიათის სასარგებლოდ. თუნდაც არამრავალრიცხოვანი, მაგრამ ერთგული და აქტიური აუდიტორია შეიძლება უფრო სასარგებლო იყოს, ვიდრე მრავალრიცხოვანი  და გულგრილი აუდიტორია. მათზე დამატებითად აისახება პროგრამების კრაუდსორსინგი (Crowdsourcing) – პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს მაყურებელთა რეაქციის გათვალისწინებას სიუჟეტის განვითარებაზე. მაგალითად,  შეიძლება მოვიყვანოთ კომპანია Netflix, რომელმაც დიდი გამოცდილება დააგროვა მაყურებელთა ჩვევების შესწავლით. მისი მთავარი ფსონია თანამედროვე მაყურებლის სერიალთან მიჯაჭვა, იგივე Binge-watching, როდესაც მაყურებელი ერთდროულად უყურებს რამდენიმე სერიას და მთლიან სეზონსაც კი. მაგალითად, პირველი სერიალის Orange Is the New Black (OITNB) ექვსივე სეზონი კომპანიამ  ერთგული მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი გახადა მხოლოდ ერთი დღისთვის.

მაყურებელი სერიალს უყურებს როგორც მხატვრულ ფილმს, რომლის ქრონომეტრაჟი სტანდარტს სცდება. ყოველივე ამან გამოიწვია სატელევიზიო პირობითობაზე უარის თქმა.

დასასრულს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სატელევიზიო სერიალი არის მაყურებლისათვის დრამატული თხზულების ეპიზოდური ნამუშევარი,  რომელსაც აუდიტორია აღიქვამს ,,საშუალო ხედით“. ეს არის უწყვეტი დრამა თხრობის ღია ხასიათით – რამდენიმე განსხვავებული ისტორიით. დაძაბული ეპიზოდით დამთავრებული თითოეული სერია მაყურებელში იწვევს  ინტერესს მომდევნო  – ახალი სერიის სანახავად. 

 

[1] Маклюэн М., Телевидение. Робкий гигант, Издательтво «Икусство», 2001.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • Mattel Jason, Genre and Television, University of Texas Press, 2004.
  • Herbert Marshall McLuhan, Телевидение. Робкий гигант, Издательтво «Икусство», 2001.
  • Акопов А., Сериал как национальная идея // Искусство кино. – М.: 2000.- № 2.
  • Багиров Э., Очерки теории телевидения. – М.: Прогресс, 1977.
  • Кушнарёва И., Как нас приучили к сериалам, Журнальный клуб Интелрос «Логос» №3, 2013.

Nino Gelovani,

The PhD student

Shota Rustaveli Theatre and Film Georgia State University. 

Audio-visual art

 

From the structure of television to the phenomenon of series

 

In the audio-visualarts, researchers were always interested in the connection of narrative with the visual side. The interest arose due to the absence of an unequivocal definition. TV series, which have partial connection to the cinematography, take specific aspects into account. Some of them areregularity of broadcasting, attention of the viewers,duration of the series, etc.

Nothing has a stronger influence than a TV show. It givesexample of how you should lead your life, it setsthe style. All of this helps the show to become a very important element of aesthetics and communication. The idea of latent influence of the mass culture on the cinematography and TV was introduced by Marshall McLuhan, back in the 1960s.

In the history of its existence, art that was shown through media and film has always broadcasted the existing system of values. It depicted the models of social behavior, sometimesgoing against them, sometimes promoting them.

TV Series, which are in the phase of modernization, continue to broadcastset normative content. It reflects on the actual state of society i.e. socio-cultural contexts.  Thus, study of the traditional topics and genres in the frame of present tendencies, enables us to conceptualize the human status problem in the modern visual arts.

014525
WordPress Theme built by Shufflehound. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი