გვანცა კუპრაშვილი,
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო
უნივერსიტეტის დოქტორანტი კინომცოდნეობის განხრით,
ხელმძღვანელი: პროფ. ლელა ოჩიაური.
SOY CUBA (“მე – კუბა”), როგორც კუბელი ქალის სიმბოლო
XX საუკუნის მეორე ნახევარში, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან სულ რაღაც რვა-ათ წელიწადში, ცივილიზებული სამყაროს ყურადღება მიიპყრო ამერიკის შეერთებული შტატების, ,,სამეზობლოში” მდებარე კუნძულ კუბაზე მიმდინარე პროცესებმა.
კუბა კუნძულოვანი სახელმწიფოა კარიბის ზღვის აუზში. მისი დედაქალაქია – ჰავანა. 1842 წელს დღევანდელი კუნძულ კუბას ქრისტეფორე კოლუმბი მიადგა და ესპანეთის სამეფოს საკუთრებად გამოაცხადა. კუბა ესპანეთის ტერიტორიად მიიჩნეოდა 1898 წლის ესპანეთ-ამერიკის ომამდე; 1902 წელს მან ამერიკისგან ფორმალური დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1953-1959 წლებში მოხდა კუბის რევოლუცია, რომელმაც ფულხენიო ბატისტას დიქტატურა დაამხო. რევოლუციის გამარჯვების შემდეგ კუბელებმა ჩამოაყალიბეს ახალი მთავრობა ფიდელ კასტროს მეთაურობით. რაც იქ ხდებოდა, მრავალმხრივ იყო საინტერესო; სწორედ ამიტომ ევროპაცა და აზიაც გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს კუბელების გააქტიურებას. ცხადია, მოვლენათა არსით დაინტერესებული იყო საბჭოთა კავშირიც, რომელიც თვითონვე ხელმძღვანელობდა პროცესს და, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევიდან სათავისო სარგებელს ხელიდან არ უშვებდა. ვფიქრობ, ამან შეამზადა ნაყოფიერი ნიადაგი იმისთვის, რომ გაჩენილიყო იდეა – კუბის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისთვის კინემატოგრაფიული მასალაც შეექმნათ.
ფილმის გადასაღებად ორმა სახელმწიფომ გაიღო თანხა და 1964 წელს შეიქმნა კუბა-საბჭოთა კავშირის ერთობლივი ნაწარმოები – ,,მე – კუბა” (სცენარის ავტორები: ევგენი ევტუშენკო და ენრიკე ფინედა ბარნეტი, რეჟისორი მიხეილ კალატოზიშვილი, ოპერატორი – სერგეი ურუსევსკი). მუშავდება მასალა, რომელმაც უნდა გააცოცხლოს კუბის რევოლუციის წინა პერიოდი. ჩანაფიქრის მიხედვით, ფილმს ხაზი უნდა გაესვა კუბელთა თავისუფლებისმოყვარე სულზე და იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და შედეგზე. ეს ბრწყინვალე ისტორიაა კუბაზე, როგორც თავისუფლებისათვის მებრძოლ ქვეყანაზე. მასში კარგად არის ასახული კუბისა და კუბელების სოციალური მდგომარეობა, მათი ცხოვრების წესი, ხასიათი და განწყობილება.
,,მე – კუბა” მრავალმხრივაა საინტერესო. რეჟისორი ნაირფეროვან სიმბოლოებს იყენებს, რათა პოეზიის ენით მოგვითხროს კუბელ ხალხზე, რევოლუციაზე.
,,მთელ ფილმს ხელისკამერით ვიღებდით. ,,ინფრა” ფირზე გადაღებულ ეპიზოდებს პირდაპირ გადასაღებ მოედანზე ვამონტაჟებდით. ვიღებდით დიდ მონაკვეთებს. ეს არის მონტაჟი ჩვეულებრივი გაგებით, შედეგად კი ვიღებდით მასალის სულ სხვა აღქმას, თითქოს შენ ხდები ამ მოვლენის მონაწილე, ანუ ეს არის ის, რასაც ჰქვია ,,დასწრების ეფექტი”. პროფესიონალი მსახიობები არ გვყავს, კუბელები უმოწყალოდ მუსიკალური ხალხია და კამერის წინ თავისუფლად უჭირავთ თავი”,[1] – წერს რეჟისორი.
გადამღები ჯგუფის წევრებმა შეძლეს ეჩვენებინათ რევოლუციამდელი და შემდგომი პერიოდის კუბა და კუბელთა პრობლემები; ფირზე ასახეს ფიცხი, სექსუალური და გაღატაკებული ხალხის ყოფა-ცხოვრება, სადაც განსაკუთრებულად თვალშისაცემია ქალის ხვედრი ფორმალურად თავისუფალ, სინამდვილეში კი – კოლონიზებულ ქვეყანაში.
ნოველებთან დამაკავშირებელ ტექსტს არაჩვეულებრივი ტემბრისა და არტისტიზმის მქონე მსახიობი ქალი კითხულობს. ეს კომპონენტი, ვფიქრობ, ფილმის შემადგენელი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან პირველ პირში მოსაუბრე ქალის ხმა, საბოლოოდ ის ხერხია, რომლითაც რეჟისორმა მიზნობრივ ჩანაფიქრს შეასხა ხორცი. მთხრობელი ქვეყნის მეტაფორად იქცევა – კუბა, როგორც ქალი, გაუპატიურებული და დამცირებულია. პირველ პირში მოსაუბრე მთხრობელი კუბელი ქალების კრებითი სახე-სიმბოლოა, რომლებსაც არჩევანი არ აქვთ და ყოფას ეგუებიან. თითოეული მოქმედი პირი – ქალი თვითონ აღიქმება კუბად; მათი ცხოვრების წესი, მათი ტანჯვა, დამცირება, ეს არის კუბის ბედ-იღბალი: მისი ტრაგიზმით აღსავსე ყოფიერება.
ოთხ ნოველაში, რომლებიც სიუჟეტით არ არიან ერთმანეთზე დამოკიდებულნი, მოქმედება რევოლუციის ფონზე მიმდინარეობს.
პირველ ნოველაში მოთხრობილია ახალგაზრდა კუბელი გოგონა მარიას ცხოვრება. იგი იძულებულია, პროსტიტუციით ირჩინოს თავი, რათა საცხოვრებელი შეინარჩუნოს. მეორე ნოველა მოგვითხრობს გლეხზე, რომელიც გადაწვავს თავის ბამბის პლანტაციას მას შემდეგ, რაც გაიგებს, რომ მიწა ამერიკული კორპორაციის ხელში უნდა გადავიდეს. მესამე ნოველა ეძღვნება ჰავანის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც ფურცლებით ავრცელებენ ინფორმაციას ფიდელ კასტროს პარტიზანული დაჯგუფებების შესახებ და პოლიციის მსხვერპლი ხდებიან. ბოლო ნოველა გლეხი მარიანას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც შვილის სიკვდილის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას და უერთდება რევოლუციონერებს. ყველა როლს კუბელი მსახიობები ასრულებენ. ფილმში თითქმის ყველაფერი – კუბელების სიხარულიცა და გაჭირვებაც – შეულამაზებლადაა ნაჩვენები.
პირველი ნოველის მთავარი გმირი მარია საროსკიპოში ამერიკელებთან საურთიერთობოდ სახელ ბეტას ირჩევს. სცენარისტის მიერ გამოყენებული სახელიც მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია. მარია, ანუ მარიამი. მას ყელზე ჯვარცმა ჰკიდია, რაც აშკარა ხაზგასმაა, რომ გოგონასთვის საროსკიპო ჯვარცმაა და ამიტომაც იცვლის სახელს. შეყვარებულმა არ იცის მისი საქმიანობის შესახებ. აზრს ამყარებს მარიას სევდიანი მზერა და სასოწარკვეთილების გამომხატველი როკვა. მარია-ბეტას ირჩევს, სხვა მამაკაცებთან შედარებით, ერთი შეხედვით, თავშეკავებული ამერიკელი, რომელსაც ნაცნობი ეუბნება, რომ გოგონა ,,მისი ჯვარცმაა”, უფრო ზუტად, მისთვის საინტერესო უნდა იყოს სწორედ მკერდზე დავანებული ჯვარცმით. მალე ირკვევა, რომ კაცი ჯვარცმების კოლექციონერია, აინტერესებს ნებისმიერი ჯვარი თუ ნივთი, რომელზეც მაცხოვარია ჯვარცმული. გოგონასთან დროის გატარების შემდეგ უხვად იხდის მიღებული სიამოვნებისთვის და მარიას ჯვარცმის მიყიდვას სთხოვს, რისთვისაც თანხას არ იშურებს. ქალი უარით ისტუმრებს. შეიძლება ითქვას, რომ მარია, მართალია, საროსკიპოში მუშაობს, მაგრამ მასში ზნეობა არ მომკვდარა. ყურადღებას იპყრობს ისიც – სად და რა პირობებში უწევს გმირს ცხოვრება. მისი უბანი აბსოლუტურად არ ჰგავს იმ ადგილს, სადაც ქალი ამერიკელს ხვდება. რა თქმა უნდა, ქოხს არაფერი საერთო აქვს არც კაზინოსთან, არც მდიდართა სახლებთან და, მით უმეტეს, არც ამერიკელების სასტუმროებთან. მარიას სახლამდე მისასვლელად წუმპეების გავლით უნდა მიხვიდე. გამოდის, რომ არა მხოლოდ მარიაა წუმპეში, არამედ მისი დამქირავებელიც ტალახის ,,მკვიდრია”, თუნდაც – სულიერად.
ფილმში საინტერესოდ აისახა აზარტული თამაშების თემა. ამერიკელებისათვის აზარტული თამაშები ნიშნავდა კაზინოებს, რომლებმაც ფეხი კუბაში 1920 წლიდან, ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად მოიკიდეს. ცხადია, ვიღაც ხსნიდა ამ დაწესებულებებს, რადგან მათ წინააღმდეგობას არ უწევდა იმჟამინდელი მოსახლეობა და ხელისუფლება. კაზინოები შემოსავლის წყარო იყო ღარიბი კუბელებისთვის, ამიტომ თავდაპირველად ამას არ ეწინააღმდეგებოდნენ.
ამერიკელი ხალხი კუბას აღიქვამდა, როგორც ცოდვების კუნძულს – აზარტული თამაშებით, მაფიოზებითა და პროსტიტუცით დაავადებულ საზოგადოებას. მოწინავე ამერიკელ ინტელექტუალებზეც ეს მოსაზრება ირეკლებოდა. 1969 წელსაც კი, როდესაც კუბაში ვითარება შეიცვალა, სუზან ზონტაგი ჟურნალში Ramparts წერდა, რომ კუბა ძირითადად ცნობილია, როგორც ,,ცეკვის, მუსიკის, მეძავების, სიგარების, აბორტების, საკურორტო ცხოვრებისა და პორნოგრაფიული ფილმების ქვეყანა”.[2]
ფილმზე მუშაობა ორი წლის განმავლობაში გაგრძელდა და მისი დასრულების შემდეგ მოხდა ისე, როგორც არაერთხელ მომხდარა მიხეილ კალატოზიშვილის შემოქმედებით ცხოვრებაში: “მე – კუბა” დაიწუნეს რუსეთში და, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, არ მიიღეს კუბაშიც. შეგვიძლია ვივარაუდოთ მიზეზიც – ფაქტი იყო, კუბა საბჭოთა კავშირის ,,გემოვნების” გავლენას განიცდიდა უკვე. სწორედ ამიტომაც ჩათვალეს, რომ ამერიკელი კაპიტალისტების ცხოვრება კუბაში ზედმეტად რომანტიზებულად იყო აღწერილი.
1964 წლის 5 აგვისტოს გაზეთმა “რევოლუციონმა” (კუბა, ჰავანა. ესპანურიდან თარგმნა ს. ბელოუსევმა) გამოაქვეყნა სტატია – ,,ურუსევსკი ცეკვავს ტვისტს” – მიხეილ კალატოზიშვილის ,,მე – კუბას” შესახებ. წერილში საუბარია, რომ კუბელები დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს კუბა-საბჭოთა კავშირის ერთობლივ ნაწარმოებს ,,მე – კუბა”. ამ დროისთვის მიხეილ კალატოზიშვილს უკვე გადაღებული ჰქონდა ისეთი ფილმები, როგორებიცაა: ,,გაუგზავნელი წერილი” და ,,მიფრინავენ წეროები”. კუბის შესახებ ფილმის გადაღების იდეა აღაფრთოვანებდა ყველას, რადგან მიაჩნდათ, რომ ასეთი გამოცდილების ადამიანს შეეძლო – განსაკუთრებული შედეგისთვის მიეღწია. თუმცა, ფილმის სანახავად შეკრებილმა კინოკრიტიკოსებმა იმედგაცრუება განიცადეს: სურათში ბევრი რამ იყო ურუსევსკისა და კალატოზიშვილისგან და ცოტა იყო თვით კუბა.
თვალი მივადევნოთ, რატომ გადაიღეს ფილმი კუბაზე, კუბელი მსახიობების მონაწილეობით? (გამონაკლისს წარმოადგენდა ერთადერთი ჟან ბოზე, რეჟისორ გატის ფილმიდან ,,ახალი ქრისტოფორი”) – სვამს კითხვას ზემოხსენებული სტატიის ავტორი. კუბური თემა ამ ფილმში ანტილოკალური (ასახავს კუბურ სინამდვილეს უცხო ფსიქოლოგიით), ანტიკოსმოპოლიტურია, რადგან არ ასახავს არც ზოგადსაკაცობრიოსა და არც კერძოდ, კუბურს. ფილმში არის მცდელობა მხატვრული ხერხებით აისახოს რეალობა, მაგრამ ეს მიუღწეველი რჩება.
ფილმში არ არის გამოყენებული თანმიმდევრული სცენარი, რადგან დაყოფილია ნოველებად, აქედან გამომდინარე, საჭირო იყო, თითოეულ ნოველაში სრულად ასახულიყო სათქმელი და რადგან ეს წესი დაცული არაა, ამიტომ კავშირი ნოველათა შორის სუსტია ან საერთოდ არ იგრძნობა. სიუჟეტური ხაზის ეს ნაკლი განსაკუთრებით ჩანს ,,ლას იაგუას” ბარის სცენაში.
სტატია ცხადყოფს, რომ ავტორი ცდილობს ფილმს მოუძებნოს ნაკლი, ამიტომ არის მისი მოსაზრებები ზედაპირული და თითქმის არაფრისმთქმელი. იგი, როგორც ჩანს, გაღიზიანებულია იმით, რაც, მისი აზრით, უხერხულად წარმოაჩენს კუბელთა ცხოვრების წესს. რა თქმა უნდა, არ სურს ისაუბროს კუბაში არსებულ საროსკიპოებზე, მათში დასაქმებული ქალების ხვედრზე: არც იმაზე უნდა ყურადღების გამახვილება, რომ, ხშირ შემთხვევაში, მსგავს დაწესებულებაში გოგონების მუშაობა, მათი პირადი არჩევანია.
წერილის ავტორი თავს არიდებს იმასაც, რომ კაზინოები და მათგან მიღებული შემოსავალი, ფაქტობრივად, აცხოვრებდა კუბის მოსახლეობას. ალბათ, ძნელი იყო სიმართლისათვის თვალის გასწორება, თუმცა ეს კუბის ცხოვრების რეალობა იყო. მას, სავარაუდოდ, არც ის მოეწონა, რომ ამერიკელი მდიდრები მოძალადეები კი არ არიან, არამედ მათი კუბაში ყოფნით არსებობდა, ასე ვთქვათ, რესპუბლიკა კუბა.
მიმაჩნია, რომ ამ მიზეზებმა განაპირობეს ჟურნალისტისა თუ კინომცოდნის კრიტიკული პათოსი მიხეილ კალატოზიშვილის და ურუსევსკის მიმართ. თუ, როგორც წერილშია ნათქვამი, ოპერატორი ურუსევსკი ტვისტის ცეკვის რიტმში იღებდა ფილმს, მაშინ მას მიღწეული შედეგისთვის, რომელშიც გადმოცემულია საცოდავი მოცეკვავე მულატის ცხოვრება, ბედს რომ დანებდა, კუბელებისგან მადლობა ეთქმის და არა საყვედური. თუმცა, სტატიის მიხედვით, ფილმში ყველაფერი ცუდად არ არის. აღსანიშნავია მსახიობ ქალ რაკელ რევულელტას ხმა; მსახიობების სერხიო კარილეისა და სალვადორ ვუდის, ზოგიერთი, კარგად გადაღებული ეპიზოდი, ოპერატორული ნამუშევრის თვალსაზრისით. თვალსაჩინოა სცენები, რომლებშიც კუბისთვის დამახასიათებელი “ნათელია” გადმოცემული. თუმცა, ზოგჯერ, სწორედ ეს სინათლე აფერმკრთალებს სინამდვილეს. დასკვნაში ავტორი აღნიშნავს: ,,ფოტოგრაფია ურუსევსკისა (რომელმაც დაივიწყა თავისი ძველი მიღწევები, მოიხიბლა ეპიკური ჰალუცინაციებით), გადატვირთულია პანორამებით, რომლებიც მეორდება და შეუჩერებელი მოძრაობით. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ მას, თავისი კამერით, მოსწონს ტვისტის ცეკვა”.[3]
ფილმს მრავალი წელი ტაბუ ჰქონდა დადებული. ორივე მხარის მთავრობამ ჩათვალა, რომ კომუნისტური წყობის უპირატესობა სუსტად არის გადმოცემული. “მე – კუბაზე” მუშაობა 1964 წელს დასრულდა, მაგრამ ის აიკრძალა და კალატოზიშვილის სიცოცხლეში თითქმის არავის უნახავს. მაყურებელთა უმრავლესობამ იგი მხოლოდ 40 წლის შემდეგ იხილა, რაც ფრენსის ფორდ კოპოლამ და მარტინ სკორსეზემ ღირსეულად შეაფასეს.
ქართველმა საზოგადოებამ ,,მე – კუბა” პირველად, დიდ ეკრანზე, რეჟისორის 100 წლის იუბილეზე, კინოფესტივალ ,,პრომეთეზე” ნახა.
ვფიქრობ, მოგვიანებით მისი მოწონების მიზეზად თუ მოტივად გადაიქცა თავდაპირველად მისი დაწუნების მიზეზი, ანუ ზედმეტად რომანტიზებული, ამერიკელი კაპიტალისტების ცხოვრება, რევოლუციამდელ კუბაში. უნდა აღინიშნოს, რომ ფილმის ეს ნაწილი სულაც არ აკნინებდა კუბელებს იმით, რომ მათ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ გალაღებული ამერიკელი მდიდრები.
კუბაში საბჭოთა კავშირის კულტურული გავლენის მკვლევარ ჟაკლინ ლოსის მიხედვით, ფილმი გვანახებს კუბელებს, როგორც ფიცხ, სექსუალურ და გაღატაკებულ ხალხს, რომელთა ცივილიზებაა საჭირო. როგორი მტკივნეულიც უნდა იყოს ეს აღიარება, სავარაუდოდ, ფილმის შემქმნელ ჯგუფს ჰქონდა საამისოდ საჭირო მასალა და სათქმელიც სწორედ ამას დაეფუძნა.
სერგეი ურუსევსკის საკულტო კამერის მოძრაობები და გარემო, რომელიც ვიზუალურად ჰარმონიულად ერწყმის პერსონაჟების შინაგან სამყაროს, ერთ-ერთი გამორჩეული ფაქტორია, რამაც ფილმს უდავო წარმატება მოუტანა.
,,მე – კუბა”, ფაქტობრივად, ზედროულ ფილმად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან, დროთა განმავლობაში, ისეთი რეჟისორების ინსპირაცია-შთაგონების წყაროდ იქცა, როგორებიც არიან: პოლ თომას ანდერსონი, კვენტინ ტარანტინო, ჯუზეპე ტორნატორე, სპაიკ ლი და სხვანი.
ფილმის გადაღებიდან გარკვეული დროის შემდეგ მიხეილ კალატოზიშვილი წერს: ,,Я хочу вам сказать две вещи, к этому кино можно относиться по-разному, но я думаю, что оно прекрасно по двум причинам: первое – оно совершенно не нуждается в словах, и так все ясно, совершенно ясно, а кино в обшем для этого и придумано. Все понятно без слов. Второе – ето кино делали уже пожилые люди. И это совершенно незаметно. Оно абсолютно молодое”.[4] დავეთანხმები მის აზრს, რომ მისი რეჟისორია უბერებელი ბუნების შემოქმედი.
[2] თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა ფონდი, მიხეილ კალატოზიშვილის არქივი. საქმე # 106.
[3] იქვე.
[4] ,,ორი რამ მინდა გითხრათ ამ ფილმთან დაკავშირებით, მის მიმართ შეიძლება სხვადასხვა დამოკიდებულება ჰქონდეთ, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ის მშვენიერია ორი მიზეზის გამო: პირველი – ის არ საჭიროებს სიტყვებს, ისედაც ყველაფერი ნათელია, სრულიად ნათელი, კინო კი საერთოდ სწორედ ამიტომაა შექმნილი. ყველაფერი სიტყვების გარეშეა გასაგები. მეორე – ამ კინოს ასაკოვანი ადამიანები ქმნიდნენ და ეს საერთოდ არ იგრძნობა, ის აბსოლუტურად ახალგაზრდულია“. კალატოზიშვილი ა., ჯაფარიძე ზ., კალატოზოვი მ., თბილისი. 2012 წ. გვ. 197. გამოიცა – საქართველოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მხარდაჭერით.
გამოყენებული ლიტერატურა:
- კალატოზიშვილი ა., ჯაფარიძე ზ., მიხეილ კალატოზოვი. თბილისი. 2012;
- თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა ფონდი, მიხეილ კალატოზიშვილის არქივი.
Gvantsa Kuprashvili,
Shota Rustaveli Theatre and Film Georgia State University
PhD. Student of the cinema expertise direction
Head of: Prof. Lela Ochiauri
“I am Cuba”, as a Symbol of Cuban Woman
In the second half of 20th century, about 8-10 years after the end of the Second World War, the interest of the civilized world was attracted by the processes taking place on the “neighboring” island of the United States – Cuba. The situation there was interesting in many ways; therefore,
Europe and Asia both looked closely at the activity of the Cuban people, who love freedom. The Soviet Union had a natural interest in these processes, which, as always, tried to have benefit from this case. This created the basis for preparing the idea of not only to look at the Cuban
national liberation movement, but also creating cinematographic materials.
The shooting costs were covered by the two governments and in 1964 a joint production of Cuba and Soviet Union was created – the film “I am Cuba” (screenwriter – Yevgeny Evtushenko, director
– Mikheil Kalatozishvili, cameraman – Sergey Urusevsky). The director was able to show Cuba before and after the revolution and the problems of the Cuban people. The lifestyle of hot- tempered, sexy and impoverished people, especially the fate of women in a formal free, but truly colonized republic.
The most important component of the film is the voice of the narrator; the text linking the novels to each other is read by the actress with a stunning voice and artistry. Thus the narrator becomes a metaphor of the country; Cuba, as a woman, is raped and dishonored. It is a symbol of Cuban women, who have no choice and they have to adapt to the brothel lifestyle. I think that the cross on the chest of Maria-Betta reinforces the main message
of the director: despite the fact that Maria is a prostitute, she is a crucified prostitute, who sells the flesh, but not the soul.
Thought of Mikheil Kalatozishvili exceeds the first target and represents more than what was initially defined.