როსტომ კაჭახიძე,

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი,

ხელმძღვანელი: პროფ. ირინე აბესაძე.

წიგნის შემკულობის ეროვნული ტრადიციების შემოქმედებითი ინტერპრეტაციის საკითხი სევერიან მაისაშვილის ილუსტრაციებში

(სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების მაგალითზე)

ტექსტის მხატვრულ გაფორმებას ქართულ კულტურაში ხანგრძლივი ისტორია აქვს. ეს პროცესი შუა საუკუნეებში იკიდებს ფეხს ისე, რომ თითქმის თანაბრად მნიშვნელოვანი ხდება საეკლესიო ხელოვნების წამყვან დარგებთან – ხუროთმოძღვრებასთან, კედლის მხატვრობასა და ჭედურობასთან ერთად. ქართული მინიატურა საკუთარ მხატვრულ იდენტობას აყალიბებს, ხდება თვითმყოფადი და მიუყვება ქართული მხატვრობის ეროვნულ ტრადიციებს. თუმცა არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ წიგნის დასურათება, სხვა დარგებთან შედარებით, უფრო მეტად კონკრეტული, შინაარსობრივად გაშლილი და სახვითად მრავალფეროვანია. ამგვარი თავისუფლება ხშირად ტექსტსაც შემოაქვს – მინიატურისტი ასურათებს მასალას და რაც უფრო გაშლილი და შინაარსობრივად ღრმაა ტექსტი, მით უფრო მრავალი დეტალით არის გამოსახულებაც გამდიდრებული. იმ უმდიდრეს ფონდებში, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი, ეს კომპონენტები თვალნათლივ შეგვიძლია დავინახოთ. აქ თითოეული ხელნაწერი წიგნი, თავისი შინაარსიდან (რომელთა უმეტესობა სასულიერო ხასიათისაა), მხატვრული გაფორმების ინდივიდუალიზმიდან, მწერალ-მწიგნობარ-მხატვარ-ოსტატთა შეთანხმებული თანამშრომლობიდან გამომდინარე, ცალკეულ ძეგლს წარმოადგენს. ის, რომ გვიან შუა საუკუნეებამდე შინაარსობრივი თვალსაზრისით, გადაწერილ წიგნთა უმრავლესობა საეკლესიო შინაარსის მატარებელია (ოთხთავი, ლოცვანი, ჟამნი, ფსალმუნნი, კრებული…), მათი შექმნის ადგილ მდებარეობიდან გამომდინარეობს.

სამწერლობო კერები ეკლესია-მონასტრებში ფუნქციონირებდა. ეს საქმიანობა მოგვიანებით დინასტიურ პროფესიად გვევლინება, რომელთა უმეტესობა სასულიერო პირები არიან და ერთგვარ სამეცნიერო საქმიანობითაც კავდებიან, რედაქტირებას უკეთებენ უიშვიათეს ნუსხებს, მრავალპირად წერენ და მათ მხატვრულ გაფორმებაზე ზრუნავენ.

დღემდე შემორჩენილ, საერო შინაარსის მქონე მოხატული ხელნაწერების ქრონოლოგიას თუ გავადევნებთ თვალს, მათი სიმრავლე გვიანი შუა საუკუნეებიდან შეინიშნება: ,,ვეფხისტყაოსნის” მრავალი ნუსხა, ,,ამირან-დარეჯანიანი”, ,,ვისრამიანი”, ,,როსტომიანი”, სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონები და სხვ. ეს უკანასკნელი ნიშანდობლივია იმ თვალსაზრისით, რომ XVII საუკუნის ამ მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის ნაშრომთაგან, ოთხი ძალიან ცნობილი ნაწარმოებია დღემდე შემორჩენილი: ლექსიკონი, ,,მოგზაურობა ევროპაში”, ,,შეგონება ყმაწვილთათვის” და ,,სიბრძნე-სიცრუისა”.

სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების კრებული ,,სიბრძნე-სიცრუისა”, შინაარსობრივი სტრუქტურით, გვიანი შუა საუკუნეების მინიატურისტთათვის ერთ-ერთი გამორჩეული უნდა ყოფილიყო, სიუჟეტური გამოსახულებების შექმნისა და თავისუფალი მხატვრული სტილის გამოვლენის შესაძლებლობის თვალსაზრისით. გასაკვირია, მაგრამ XVII-XVIII საუკუნეების კალიგრაფთა წრეში, სულხან-საბას მიერ შედგენილი ,,ლექსიკონი” უფრო საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ლექსიკონის მრავალ ნუსხას ვხვდებით.

დედნისეული ტექსტის შემდეგ, ყველაზე ადრეულ ნუსხას წარმოადგენს სულხან-საბას თანამედროვე მოღვაწის, ანჩისხატის დეკანოზ ალექსი მესხიშვილის მიერ 1730 წელს გადაწერილი ლექსიკონი. აღსანიშნავია, რომ ეს შრომა მას დაკვეთით არ გაუწევია და არც ამის აუცილებლობის წინაშე დამდგარა; მეტიც, ავტორს უბრალოდ ,,ნაღვლისაგან შეპყრობილს” გაუხალისებია თავი. ცნობლია, რომ ალექსი მესხიშვილი ფრიად განსწავლული მწიგნობარი, მრავალი წიგნის მნუსხველი, გამმართავი და მომხატველი იყო. მისგან უბადლოდ შესრულებული საბას ლექსიკონის სათაური ასოები მიბაძვისა და შთაგონების წყარო გამხდარა როგორც მესხიშვილთა კალიგრაფიული სკოლის წარმომადგენელთათვის, ისე შემდგომი თაობებისთვისაც.

,,ჰოი, ტკბილო იესო, მაცხოვნე ფრიად ცოდვილი მნუსხველი ამა წიგნისა (მომდევნო სიტყვა ,,ალექსი” გადაშლილია), ნაღველთაგან შეპყრობილ ვიყავ და მტერთაგან დასაკლავად მიცემულ და სასოწარკვეთილ ყოვლისა საქმისაგან, არამედ რაოდენ ძალ-მედვა, აღმადგინა უფალმან წყლული და გულ-კაეშანშემოყრილი ძლით უნდო ესე ვიმუშაკე. ფიქრითა და ნაღვლითა სრულ იქმნა ლექსიკონი ესე. რომელი დედანში ეწერა, მეც ის დავწერე. რომელიცა იხილოთ ამა წიგნსა გინა კეთილ, გინა ბოროტ, მე არცეთში შუა ვარ, ორივ, დასაწუნი გინა მოსაწონი, დედნისა არის, მე გადმოწერის მეტში არას შუა ვარ. ამისთვის დავშუერ, რამეთუ ნაღველისაგან მწარე უდებება შემექმნის და უდებების განმაქარვებლად ესე მოვიგონე, რათა არა მომეწყინოს ყოვლადვე შემწეობითა წმიდათა მამათა ჩვენთათა…”.[1]

      

სულხან-საბას ლექსიკონების ნუსხა, გრძელდება მის მიერ მხედრულად გადაწერილი და მხატვრულად გაფორმებული ასომოყვანილობის ხაზით. როგორც აქ წარმოდგენილი ნიმუშებიც გვიჩვენებს ალექსის სახელი, ჩართულია აგრეთვე დიდ, სინგურით შესრულებულ და დეკორაციულად დამუშავებულ, სათაურ ასოებში – ,,ს”-სა და ,,ხ”-ში. (სურ.1 და სურ.2) ლექსიკონის სათაური ასოებისათვის გამოყენებულია წითელი საღებავი, რომელსაც ოდნავ მოყვითალო ფერი გადაჰკრავს და ქაღალდის მოყვითალო ეტრატის ფერთან ერთგვარ  ჰარმონიას ქმნის, რაც მეტად რბილი, ნაზი საღებავის შთაბეჭდილებას ტოვებს ლექსიკონის მთლიან ფურცელზე. სინაზეს კიდევ უფრო აძლიერებს გრაფიკული წესით, სადად შესრულებული ხვეულები.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საშუალების (დამატებითი შავი კონტურის შემოღება, გრაფიკული შავი ხვეულის მაქსიმალური გამოყენება ხაზობრივი კონტურების სიმკვეთრით) გამოყენებით რამდენიმე განსხვავებული ასო ჩამოაყალიბა ტარასი მესხიშვილმა; მან, თავისი პაპის, ალექსი მესხიშვილის მიერ საბას ლექსიკონისათვის დახატული სათაური ასოები გამოიყენა ,,ქართული მხატვრული ანბანის” შესადგენად, რომლითაც შემდგომში ასე ფართოდ და ოსტატურად ისარგებლა მხატვარმა, გრავიორმა გრიგოლ ტატიშვილმა.[2]

ალექსის მიერ გადაწერილი ლექსიკონი ერთადერთია (განსხვავებით შემდგომში გადაწერილ ლექსიკონთაგან), სადაც მხატვრულ გაფორმებას, თავსართ და საზედაო ასოებთან ერთად, უშუალოდ ტექსტის ავტორის – სულხან-საბა ორბელიანის გამოსახულება წარმოადგენს.

წიგნის თავფურცელზე, თვითონ ლექსიკონის ავტორია გამოსახული; მინიატურა ხელნაწერის ფონტისპისზეა წარმოდგენილი. ის მთლიანად ფარავს ვერტიკალურად წაგრძელებულ, მართკუთხა არეს. კომპოზიცია მოჩარჩოებულია. ჩარჩო ძირითადი ნაწილისგან ერთი მწვანე და ორი წითელი ზოლით გამოიყოფა. ფონი თეთრია, ქვემოთ მცენარეებით დაფარული. კომპოზიციის მარცხენა ნაწილში, სამ მეოთხედში მდგომი, ბერის სამოსიანი მამაკაცია გამოსახული, წიგნით ხელში. ის მარჯვენა ზედა კუთხეში მოთავსებული ოდიგიტრიის ტიპის  ღვთისმშობლის ხატისკენაა შებრუნებული.

ბერს მარჯვენა ხელში ბატის ფრთა უჭირავს, ხოლო მარცხენაში – გადაშლილი წიგნი, რომლეზეც წითლად წერია: “შენ მხოლო ხარ უკვდავი ყდ ძლიერო, რნ ეგ…”.

სვეტის ქვემოთ, ერთმანეთის მიყოლებით ორი მაგიდა დგას. მაგიდებზე სხვადასხვა, მახვილწვერიანი, ბასრი ხელსაწყოები აწყვია, მათ შორის ფარგალიც. ამ ნივთებთან ერთად ასტროლაბი დგას, მის გვერდით კი, სვეტის ფონზე, ყვავილებიანი ყავისფერი ლარნაკი, რომლის სხვადასხვაგვარი ყვავილებითაც მოჩითულია წვრილი კონტურით შემოხაზული, სწორკუთხა სვეტი.

ზემოთ, კუთხეებში ორი ცის სეგმენტია გამოსახული. ორივე სეგმენტი ცისარტყელის მსგავსია – ამ “ცისარტყელებიდან” ცეცხლოვანი სხივები გამოდის,  სხივებიდან კი ყურძნის მტევნებისმაგვარი, რუხი ღრუბლები ეშვება. მარჯვენა სეგმენტის ღრუბლების ქულას ორად ყოფს სეგმენტიდან გამომავალი ერთმწკრივად დაწყობილი მნათობთა გამოსახულებები, რომელთაგანაც ასევე ცეცხლის ენები გამოდის.

სულხან-საბას ამგვარ გამოსახულებას ვერც ერთ წყაროში ვერ ვხვდებით. ამ კუთხითაც ფრიად მნიშვნელოვანია ალექსის შემოქმედება, რადგან მან მომავალ თაობას შემოუნახა ისეთი გამოჩენილი მეცნიერის გამოსახულება, როგორიც სულხან-საბა ორბელიანი იყო. ქართული ხელნაწერი წიგნის მხატვრობის ისტორიაში, სიუჟეტური გამოსახულების თვალსაზრისით, ეს მინიატურა ერთადერთია, რაც სულხან-საბა ორბელიანის ნაწარმოებს უკავშირდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, პეტერბურგში, აღმოსავლეთმცოდნეობის ფონდში P3 ნომრით დაცული ხელნაწერი – ,,ქილილა და დამანა”, რომლის რედაქტირება ვახტანგ VI-ის ბრძანებით მომხდარა რამდენიმე რედაქტორის, კალიგრაფისა და მინიატურისტის მონაწილეობით, რომელთაგან თითქმის ყველას გამოსახულებაა შეტანილი ხელნაწერში ვახტანგ VI-ის წინაშე ,,მიძღვნა-მირთმევის” სცენით; მათ შორის სულხან-საბა ორბელიანისა, რომელსაც დიდი შრომა გაუწევია წიგნის რედაქტირების საკითხში.

პეტერბურგში დაცული P3 ხელნაწერი ,,ქილილა და დამანა” იგავ-არაკული ჟანრის ხელნაწერია. მისი მხატვრული გაფორმება იმ მხრივ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ერთადერთია საერო ხელნაწერთა შორის, ,,ვეფხისტყაოსნის” შემდეგ, რომელიც დასურათებულია სიუჟეტური გამოსახულებებით; მართალია, ეს საქმე ვახტანგ VI-ის დამსახურებით არის სრულყოფილი, მაგრამ გასაკვირია ის, რომ მანამდე არ დაკავებულან საერო შინაარსის ხელნაწერების ასე ვრცლად დასურათების საკითხით ქართველ  მინიატურისტთა წრეებში, ისინიც კი, რომლებიც ასე თავდაუზოგავად მოღვაწეობდნენ სასულიერო შინაარსის ხელნაწერების მხატვრულ გაფორმებაზე. სწორედ ამ კონტექსტით მნიშვნელოვანია უკვე XX საუკუნის სასტამბო მუშაობა, სადაც იწყება იგავ-არაკების მხატვრულ გაფორმებაზე ზრუნვა არა მარტო ესთეტიკურ-დეკორაციული თვალსაზრისით, არამედ მისი შინაარსობრივი და ტექსტუალური გასწორების კუთხითაც.

      1938 წელს ,,სიბრძნე-სიცრუისა” გამოიცა სოლომონ იორდანიშვილის რედაქციით. გამოცემაში, რომელსაც მისივე წინასიტყვაობა ახლავს თან,Aვკითხულობთ: ,,სულხან-საბა ორბელიანის (1658-1725) წიგნი ,,სიბრძნე-სიცრუისა” უკანასკნელად ამ ათი წლის წინათ გამოვიდა – ანუ 1928 წელსო.[3] რედაქტორ იორდანიშვილს მიზნად არ ჰქონია ტექსტის შემოწმება მანამდე არსებული ხელნაწერების საფუძველზე და საგულისხმოა, რომ შიგადაშიგ ახალი დასურათებით დაუბეჭდავს ჩვენამდის ტრადიციით მოღწეული ,,სიბრძნე-სიცრუისა”, ტექსტი რომელიც პირველად დ. ჩუბინოვმა გამოაქვეყნა 1859 წ. სანკტ-პეტერბურღს. ,,სიბრძნე-სიცრუისას” სწორედ ეს გამოცემა წარმოადგენს საქართველოს სიძველეთსაცავებში არსებულ ხელნაწერებზე მუშაობის შედეგს. ვინაიდან სულხან-საბა ორბელიანის მიერ პირადად დაწერილი წიგნის დედანი, ჯერ-ჯერობით აღმოჩენილი არ არის, ტექსტისათვის ძირითადად გამოუყენებიათ ნიკოლოზ ჩაჩიკაშვილის მიერ 1778 წ. გადაწერილი ,,სიბრძნე-სიცრუისას” პირი. აღნიშნული პირი მოთავსებულია ხელნაწერთა კრებულ ,,შეხვეტილიანში”.[4]

იგავების დასათაურება და მათი აღრიცხვა, ,,სიბრძნე-სიცრუისას” მანამდე ნაბეჭდ გამოცემებში რომ გვხვდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ რედაქტორების (დ. ჩუბინოვი, ნ. მთვარელიშვილი, გ. ლეონიძე და სხვ.) წვლილია, რადგან არსებულ ხელნაწერებში ასეთი რამ არსად გვხვდება. ამ რედაქციამ კი მათი აღრიცხვა შეცვალა და დასათაურება იგავებს არეებზე გაუკეთა.

წიგნი საბას მიერ დახატული პერსონაჟების მთლიან დიალოგს წარმოგვიდგენს. საგულისხმოა, რომ ხელნაწერებში ეს დიალოგები სინგურით წარწერილი სათაურებით არის დაყოფილი. წარწერებს თან გასდევს შესაბამისი საილუსტრაციო არაკი, რომელიც მიმანიშნებელია იმაზე, თუ რომელ მოსაუბრეთაგანს რომელი სიტყვა ეკუთვნის. ამგვარად, წინამდებარე გამოცემაშიც მოსაუბრის მაუწყებელი წარწერები სათანადოდ გამოყოფილია ძირითადი ტექსტისგან. ზოგადად ტექსტი რომ მკითხველისთვის ადვილად აღსაქმელი ყოფილიყო, ძველ და ძნელად გასაგებ სიტყვებს ლექსიკონი დაურთეს. ხოლო სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრებისა და შემოქმედების გასათვალისწინებლად გამოცემას თან ერთვის გიორგი ლეონიძის კვლევა: ,,სულხან-საბა ორბელიანი და ,,სიბრძნე-სიცრუისა”.[5]

ამ სარედაქციო ჯგუფმა, როგორც ჩანს, იზრუნა ,,სიბრძნე-სიცრუისას” ტექსტის დედანთან ყველაზე ახლოს მდგომი ხელნაწერის მიხედვით გასწორებაზე, რაც საკმაოდ შრომატევადი საქმეა; თუმცა, არც ის არის უყურადღებოდ დასატოვებელი, რომ აღნიშნული რედაქციის ილუსტრირება XX საუკუნის გამოჩენილი ილუსტრატორისთვის – სევერიან მაისაშვილისთვის მიუნდიათ.

სოლომონ იორდანიშვილის რედაქტირებული ,,სიბრძნე-სიცრუისა” გამომცემლობა ,,სახელგამმა” გამოსცა, რომლის ყდის გაფორმებაზე, ფორზაცსა და ტიტულზე უზრუნია ლადო გრიგოლიას, ხოლო ილუსტრაციებზე – სევერიან მაისაშვილს. აქ მის მიერ შესრულებული, მაღალპოლიგრაფიული ხარისხით ნაბეჭდი ცხრა ილუსტრაციაა მოცემული. თუ აქვე მოვახდენთ ბატონი დიმიტრი თუმანიშვილის რჩევისა და ერთგვარი შეხედულების პარაფრაზირებას, რომლის მიხედვითაც, XX საუკუნის პირველი ნახევრიდან, წიგნის გრაფიკა ძალიან უხვად არის წარმოდგენილი, თუმცა კვლავ რჩება მძიმე საკითხად პოლიგრაფიის ხარისხი; ფაქტობრივად, დაბეჭდილი წიგნი და მისი დახატული დედანი იმდენად სხვაობს ხოლმე ერთმანეთისგან, რომ ზოგჯერ ჯობდა, საერთოდ არ დაბეჭდილიყო, იმდენად კარგავს ხარისხს, რომ დედანი სულ სხვა რამ გამოდის – უფერული, მოუწესრიგებელი… ეს თურმე არასწორად მოჭრის, განთავსების, ფერის დაკლების და ა.შ. ბრალია. ან პირიქით, რაღაცა ყოფილა ფაქიზ ფერადოვნებაზე აგებული და იმისთანა აკივლა პოლიგრაფიამ, რომ შეგეშინდება. სხვათაშორის მხატვრები ცდილობდნენ გაემარტივებინათ გამა, ნახატი, რათა მინიმალური სირთულე შექმნოდა ტექნიკას, თუმცა ხშირად გამოდიოდა საკმაოდ შემაწუხებელი ხარისხობრივი სხვაობა…[6] – დავრწმუნდებით, რომ ამ მხრივ გამორჩეული სწორედ ეს რედაქცია გახლავთ.

1938 წელს გამოცემულ წიგნში ფერადოვანი კოლორიტი დედანთან მიმართებით ერთი-ერთშია წარმოდგენილი. სევერიან მაისაშვილის შესრულებული ილუსტრაციები იგავ-არაკების შინაარსობრივ სტრუქტურას მიუყვება. ჩანს, რომ მხატვარს ჯერ ტექსტი შეუსწავლია სათანადოდ და მხოლოდ შემდეგ დაუწყია მის მხატვრულ გაფორმებაზე ზრუნვა.

წიგნის გაფორმებისადმი ამგვარი მიდგომა ტრადიციულია და ამასთან – ერთმნიშვნელოვნად სპეციფიკურიც – ვგულისხმობ ერთგვარი თანამშრომლობას მინიატურისტსა და კალიგრაფს შორის. შეიძლება ითქვას, რომ აქ კარგად ჩანს სევერიან მაისაშვილის ინდივიდუალური დამოკიდებულება და მიდგომა ტექსტის ავტორთან – უშუალოდ სულხან-საბა ორბელიანთან.

მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად განსხვავებულ ეპოქებში მოღვაწეობდნენ, სევერიან მაისაშვილის შემოქმედებაში ნათლად იგრძნობა XVII საუკუნის წიგნის შემკულობის ეროვნული ტრადიციების ღრმა ცოდნა. მხატვარი თითქოს ცდილობს – ტექსტი იმ მხატვრული მოტივების გამოყენებით გააფორმოს, რაც სულხან-საბა ორბელიანის ეპოქას ახასიათებდა; და შესაძლოა, სწორედ ამის გამო, მან არც აღმოსავლურ-ევროპული კულტურის ზეგავლენაზე თქვა უარი. წინამდებარე ვარაუდსა თუ გამოთქმულ აზრს კიდევ უფრო ამყარებს, ჩემი მხრიდან, მისი, როგორც ილუსტრატორის, შემოქმედების სიღრმისეული შესწავლა. მოგეხსენებათ, სევერიან მაისაშვილს მრავალი ცნობილი მწერლის, მათ შორის – შიო მღვიმელის (ქუჩუკაშვილი), ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის, იაკობ გოგებაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი კაჭახიძისა და სხვათა პროზაული ნაწარმოებები აქვს დასურათებული, რომელთაგან თითქმის ყველა დაბეჭდილი და გამოქვეყნებულია. აღსანიშნავია, რომ იგი ასევე გახლდათ სხვადასხვა ჟურნალის მხატვრული გამფორმებელი.

ილუსტრაცია, სევერიან მაისაშვილისთვის, მწერლის მიერ განსახოვნებულის გარდასახვაა ხაზისა და ფერის ენაზე. ესაა შემოქმედება უკვე შექმნილის შესახებ, სადაც მხატვრული გაფორმება ლიტერატურულ ნაწარმოებთა ძირითადი მოტივებისა და სახეების მხატვრულ ორეულად – მხატვრობისათვის ნიშანდობლივი გამომსახველობითი საშუალებებით წარმოჩინდება. თუმცა, წიგნის შემკულობის ეროვნული ტრადიციების ინტერპრეტაციის საკითხი, მის მრავალწლიან შემოქმედებაში, ყველაზე მეტი სიძლიერით, სწორედ იგავ-არაკებთან მიმართებისას იკვეთება; იმდენად სახიერად, რომ ავტორი ილუსტრაციების შესრულებისას, თითქოს საკუთარ ინდივიდუალიზმსაც კი თმობს. მაისაშვილის შემოქმედებისთვის დამახასიათებელი დენადი და პლასტიკური მხატვრული ხაზი აქ ხშირად ექცევა აღმოსავლური სტილისთვის დამახასიათებელ უკუპერსპექტივაში, ეროვნული მოტივები წინ არის წამოწეული ხუროთმოძღვრული ფორმების გამოყენებით, ტრადიციული სამოსით, ინტერიერის გაფორმების და მეორეხარისხოვანი მხატვრული დეტალების მარტივ, მაგრამ სადა, უხვ ორნამენტულ დეკორში მოქცევით, რომელსაც ოსტატი ფონისა და მოჩარჩოების ფუნქციას უთავსებს.

ტრადიციასთან ამგვარი თანამშრომლობა საერთოდ არ ჩანს სევერიანის წინამორბედის და მისი მასწავლებლის – ლადო გუდიაშვილის მიერ ,,იგავ-არაკების” გაფორმების მცდელობაში და არც თანამედროვე მხატვარ –  მამია მალაზონიას მიერ შესრულებულ დასურათებაში ვლინდება. აღნიშნული მოსაზრება ჩვენი მხრიდან გამოიკვეთა ზემოხსენებულ მხატვართა შემოქმედების კომპარატივისტული და სტილისტური ანალიზის საფუძველზე. საინტერესოა, რომ ამ კუთხით საერთო და განმასხვავებელი მაგალითების მოყვანა შესაძლებელია მხოლოდ გუდიაშვილისა და მალაზონიას შემოქმედებას შორის, ხოლო მაისაშვილი ამ მხრივ ტრადიციასთან მიმართებაში – თვითმყოფადია, რაც ასე მკაფიოდ აღარ გამოვლენილა მისი შემოქმედების სხვა ეტაპებზე.

ამდენად, ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ მაისაშვილის შემოქმედება სწორედ ,,ლიტერატურული მასალის” მხატვრული სიმართლითა და ახალი სახემოსილებით განსახიერებას ემსახურება. ამის მისაღწევად კი, არა მარტო შესაფერისი ტალანტი და ოსტატობაა საჭირო, არამედ მხატვრის მხრიდან თვით დასასურათებელი ლიტერატურული ნაწარმოების ღრმად შესწავლა და გათავისება.Aამ ყოველივეს კი ემატება შემოქმედებითი ზომიერება და იმ აზრის სათანადოდ გათვალისწინებაც, რომ – ილუსტრაცია ლიტერატურული ტექსტისთვის დაახლოებით იგივეა, რაც მაგალითად, სათეატრო ხელოვნების მიმართება ზოგადად დრამატული ნაწარმოებისადმი.

ცხადია, ილუსტრაციის ეს ჟანრული თავისებურება ნაწილობრივადაც არ გამორიცხავს მხატვრის შემოქმედებით ინდივიდუალობას; პირიქით, ეს ,,საკუთარი სახე” ლიტერატურული ნაწარმოების მოტივებისა და სახეების ნამდვილ არსს კი არ უპირისპირდება, არამედ უფრო სრულქმნილად, შთამბეჭდავად, დამაჯერებლად და ნათლად განასახოვანებს მას.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს სევერიან მაისაშვილის დამსახურება საბჭოთა პერიოდის ქართული წიგნის განვითარებაში. მან შექმნა ჩვენი ქვეყნის როგორც ისტორიული წარსულის, ისე თანამედროვე ცხოვრებისა და პეიზაჟების ამსახველი მინიატურული კომპოზიციების მთელი სერია. მათი ძირითადი ნაწილი გამოირჩევა ფაქიზი გემოვნებით, კომპოზიციისა და კოლორიტის მახვილი გრძნობითა და ოსტატური შესრულებით. ასევე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სევერიან მაისაშვილის ეტიუდების ციკლი.Aამ მხრივ, იგი, უდავოდ, ერთ-ერთი პირველთაგანი მხატვარია იმ ქართველთა შორის, რომლებიც საქართველოში ამ ჟანრის განვითარებას ემსახურებოდნენ.

 

[1] ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Û-4748, სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი, 1730,Gგვ.199.

[2] ქუთათელაძე ლ., “სულხან-საბა ორბელიანის მინიატურული პორტრეტი და მისი შემსრულებელი ალექსი მესხიშვილი”, ჟურნალი “საბჭოთა ხელოვნება”, #10, 1959, გვ.17-18.

[3] სულხან-საბა ორბელიანი, სიბრძნე სიცრუისა გიორგი ლეონიძის რედაქციით. გამომცემლობა ,,შრომა”, ტფილისი, 1928.

[4] ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, A-858.

[5] სულხან-საბა ორბელიანი, სიბრძნე-სიცრუისა, სოლომონ იორდანიშვილის რედაქცია, გამომცემლობა ,,სახელგამი”, 1938, გვ. 01-02.

[6] ეს მოსაზრება გამოქვა დიმიტრი თუმანიშვილმა 2015 წელს ლექციაზე (პირადი არქივიდან – რ.კ.).

 

 

 

 

 

 

 

 

1. სულხანსაბა ორბელიანი

2.  ინდოეთ მეფე და ვაზირნი

3. ბერად გარი მელი

4.  ქოსა და ყადი

5. აქლემი და ვირი

6. ვირი, ვეფხვი, მელი და მგელი

7. ორი მდიდარი

8. გრძნეული ცოლის პატრონი

9.ანჩხლი ცოლის პატრონი

სურათები აღებულია წიგნიდან: სულხან-საბა ორბელიანი, „სიბრძნე-სიცრუისა“,

სოლომონ იორდანიშვილის რედაქცია,გამომცემლობა სახელგამი, თბ., 1938 წ.

ილუსტრაციის ავტორი – სევერიან მაისაშვილი

გამოყენებული ლიტერატურა:

  • სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი. 1730. დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, Û-4748;
  • სულხან-საბა ორბელიანი, სიბრძნე სიცრუისა, გიორგი ლეონიძის რედაქციით. გამომცემლობა ,,შრომა”, ტფილისი, 1928;
  • სულხან-საბა ორბელიანი, სიბრძნე-სიცრუისა, სოლომონ იორდანიშვილის რედაქცია, გამომცემლობა ,,სახელგამი”, 1938;
  • ქუთათელაძე ლ., “სულხან-საბა ორბელიანის მინიატურული პორტრეტი და მისი შემსრულებელი ალექსი მესხიშვილი”, ჟურნალი “საბჭოთა ხელოვნება”, #10, 1959.

Rostom Kachakhidze,

Shota Rustaveli Theatre and Film Georgia State University

Doctorate, Faculty of Art Science, Media and Management

Art Studies (Art Science – New Georgian Art)

 

Severian Maisashvili, the creative interpretation of the national tradition of the book 

(on the example of Sulkhan-Saba Orbeliani’s parables)

 

The printed book, as the subject of independent study, is not long enough to attract the attention of scientists. The book was focused on the social and cultural values of the book, the people involved, the censorship, persecution and other issues involved. The issue of separate consideration is to connect the national traditions of the Book Creation to the twentieth century full of internal contradictions.

Severian Maisashvili’s illustrations in the more elaborate artistic illustrations capture the individual’s individuality, which is expressed in a consistent illustration of the content of the text. The “free” color combined with the color palette used by the old Georgian masters, which is characteristic for him and for the greater volume, makes the XX cc artist more original.

S.Among the many illustrations created by Maisashvili, it is worth mentioning the publication of Sulkhan-Saba Orbeliani’s book of poetry of XVII cc, which, in turn, is the original feature of the first flow of artists of this important Georgian literary monument (together with Lado Gudiashvili and Mamia Malazonia). The solution is wrong.

With the content structure Sulkhan-Saba Orbeliani’s collection of poems “Wisdom-Lies” should have been one of the distinguishing features of the late medieval miniature, in terms of the creation of subjective imagery and the possibility of free artistic style, but for them, the dictionary “Sulkhan-Saba” It was more interesting.

In contrast to early editions, the XX c.’s stamp initiative was the complete text of  “Wisdom-Lies “ and his artistic illustration with illustrations. In this report, the above mentioned creative interpretation will be discussed in relation to the national traditions of book excellence. In the report will be featured on the background of comparative analysis of the feature of this important monument of Georgian culture. Maisashvili’s creations are more closely linked to the traditions of the Georgian secular miniature art than the contemporary artists working on the same.

016734
WordPress Theme built by Shufflehound. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი