თამთა თურმანიძე,
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი,
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ასოცირებული პროფესორი
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი
ბუნუელის სამი წმინდანი ანუ
ამაო გარჯის შესახებ
თანამედროვე ცივილიზაციის მესამე ათასწლეულის ყველაზე უცნაურ წელს, როდესაც უხილავმა ბაქტერიამ მთელი სამყარო გააჩერა, დაბადებიდან 120 წელი შეუსრულდა მსოფლიო კინოს ერთ-ერთ მთავარ სკანდალისტსა და სიურრეალისტს, დიდ ესპანელ რეჟისორ ლუის ბუნუელს, რომელიც მწერალ კარლოს ფუენტესის შეფასებით: “საკუთარი და ესპანური ენით გაერთიანებული ერების ერთადერთი, ჭეშმარიტად დიდი რეჟისორია”.[1]
ერთხელ ერთმა მექსიკელმა კრიტიკოსმა შეაგროვა ყველა ის ეპითეტი, რომლებითაც ბუნუელი სხვადასხვა დროს მსოფლიო კინოკრიტიკოსებს მოუხსენიებიათ, ეს საკმაოდ ჭრელი და ურთიერთგამომრიცხავი ჩამონათვალი გამოვიდა: “ბუნუელი – მისტიკოსი, ბუნუელი – მემარცხენე ანარქისტი, ბუნუელი – ადრეული ქრისტიანობის მაცნე, ბუნუელი – მითების დამანგრეველი, ბუნუელი – სიურეალისტების ბანაკის მოღალატე, ბუნუელი – იაკობინელი, ბუნუელი – ჰუმანისტი, ბუნუელი – მარქსისტი”.[2]
რეჟისორის შემოქმედების ხასიათიდან გამომდინარე. ყველა ამ განსაზღვრებას აქვს არსებობის უფლება. თუმცა ყველაზე ხშირად ბუნუელს მაინც რელიგიური ფილმების ავტორად მოიხსენიებენ, რასაც თავად რეჟისორი საკმაოდ მარტივად ხსნიდა: “ჩემმა წარმომავლობამ – კათოლიკური ესპანური ოჯახი, იეზუიტური განათლება და ჩემი ცხოვრება მსოფლიოს ამ და არა სხვა ნახევარში, განსაზღვრა ასეთი თემებისადმი ჩემი ინტერესი”.[3]
მიუხედავად იმისა, რომ ფრანკოს რეჟიმისაგან დევნილმა ბუნუელმა თითქმის ორმოცი წელი იძულებით ემიგრაციაში გაატარა, მთელი მისი შემოქმედება ესპანური ხელოვნების ტრადიციებით, მისი ეროვნული ხასიათით საზრდოობდა. ყველა მისი ფილმი, მათ შორის ყველაზე ავანგარდულიც კი, ეროვნული კულტურისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების მატარებელია და მწარე ესპანური იუმორითა და თვითირონიითაა შეზავებული.
ქვეყნისაგან განდგომისა და საკუთარი მოწოდების სიმაღლიდან სიკეთის ქმნის იდეებისაგან თავისუფალი რწმენის არსებობის თემა, ამა თუ იმ ფორმით ბუნუელის ბევრ ფილმშია წარმოდგენილი, მაგრამ არსებობს სამი სურათი, რომლებშიც ქრისტეს სახელით ამაო გარჯისა და იდეალების მსხვრევის, მოგონილი წმინდანობის კრახისა და იმედგაცრუების განსაკუთრებით მტკივნეული ამბებია მოთხრობილი. ეს ფილმებია “ნაზარინი” (1959), “ვირიდიანა” (1961) და “სიმეონ-მესვეტე” (1965).
მათეს სახარებაში წერია: “თქვენ რომ გცოდნოდათ, რას ნიშნავს: “წყალობა მსურს და არა მსხვერპლი”, მაშინ აღარ დაადებდით მსჯავრს უბრალოებს”.[4] მორჩილება, საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვა და ცოდვილთა ჭეშმარიტების გზაზე დაყენების მცდელობა ესახება ბუნუელის სამივე გმირს ღვთისადმი მსახურების მთავარ მიზნად და სწორედ ამაშია მათი ძირითადი შეცდომა.
“ნაზარინის” მთავარი გმირი უბრალო მღვდელი დონ ნაზარიოა. ფრანცისკ ასიზელის მსგავსად, ის ცდილობს დაცალოს თავისი ცხოვრება ყოველივე მატერიალურისაგან, არ იყოს დამოკიდებული ნივთებზე და მხოლოდ ყველაზე აუცილებლით შემოიფარგლოს. მისი შემოსავლის წყარო მხოლოდ დროდადრო ჩატარებული შეკვეთილი მესებია, მისი ცხოვრებისეული კრედო თავმდაბლობა, მორჩილება და ძალადობისადმი წინააღმდეგობის არგაწევაა. ცრუ ბრალდებებისაგან თავის დასაცავადაც კი არ ამბობს დონ ნაზარიო ტყუილს, რადგან მიიჩნევს, რომ სიმართლის თქმის მხოლოდ ერთი ხერხი არსებობს და ნახევრადსიმართლე იგივე ტყუილია. საკუთარი ცხოვრების წესით ნაზარინი ადამიანებს თავმდაბლობის, თავშეკავებულობისა და მორჩილებისაკენ მოუწოდებს. მისი აზრით: “ბოროტებისადმი აბსოლუტურ მორჩილებას შეუძლია სიკეთე შვას, ისევე, როგორც თავმდაბლობა შობს ძალას”.
ნაზარინი ნამდვილი ქრისტიანული მორჩილებით არა მარტო იტანს ყველა შეურაცხყოფასა და დამცირებას, არამედ, საკუთარი რწმენის გამოსაცდელად, ეძიებს კიდეც მათ. მაგრამ თავმდაბლობა და მორჩილება ვერ იცავს ნაზარინს იდეალების მსხვრევისაგან. გაცემული სიკეთე კი ხშირად ბოროტებად უბრუნდება და არც სხვებისთვის მოაქვს სარგებელი.
განათლებული და წესიერი ადამიანი დონ ნაზარიო იაფიან სასტუმროში მსუბუქი ყიფაქცევის ქალების, ქურდებისა და ბანდიტების გვერდით ცხოვრობს და ეს დიდად არც აწუხებს, რადგან ღვთის მსახურება მისთვის უმთავრესია, დანარჩენი ყოფითი ცხოვრება კი, თითქოს მის მიღმა მიედინება.
ბუნუელის ნაზარინი ესპანური კულტურისათვის მარადიული თემის – დონ კიხოტობის ერთ-ერთი მეტამორფოზაა. სერვანტესის გმირის მსგავსად, ისიც დახეტიალობს შარა-გზაზე და ადამიანებისთვის სიკეთის მოტანას ცდილობს. მას საკუთარი საჭურველმტვირთველებიც კი ჰყავს – ორი ქალი, რომლებიც მარიამ მაგდალინელისა და სანჩო პანსას უცნაურ ნაზავს წარმოადგენენ. იმ უნებლიე სასწაულების შედეგად, რომლებიც ნაზარინის გამოჩენის შემდეგ მოხდა მათ ცხოვრებაში, ამ ქალებმა ირწმუნეს თავიანთი არჩეული წინამძღოლის სიწმინდე და მზად არიან მასთან ერთად ყველა განსაცდელის გასაზიარებლად.
დონ კიხოტის მსგავსად, ნაზარინსაც დასცინიან და ამცირებენ, მაგრამ ის მორჩილებით იტანს ყველა შეურაცხყოფას და საკუთარი შეხედულებების ერთგული რჩება. ის მხოლოდ საკუთარი შინაგანი კანონით ცხოვრობს და არ სურს დაიჯეროს, რომ მის გარშემო არსებული სინამდვილე რეალობაა და არა კარიკატურა მასზე. ზეაღმატებულისადმი, მიუწვდომელი იდეალისადმი სწრაფვა, ნაზარინს რეალობის შეგრძნებას და, რაც მთავარია, ადამიანის ჩვეულებრივი სიყვარულის უნარს აკარგვინებს. მისი კეთილი ზრახვები უფლის მიერ ნაქადაგები მოყვასის სიყვარულით საზრდოობს, შეურაცხყოფებითა და დამცირებებით აღსავსე გზა ნაზარინს ადამიანის არასრულყოფილებასა და სიმდაბლეში არწმუნებს. გზებზე ხეტიალისას მას უნებლიეთ აღმოხდება: “რა მშვენიერია ბუნება და რა მახინჯია კაცობრიობა”, რაც ძალიან შორს არის მოყვასის სიყვარულისაგან. ოქტავიო პასის სიტყვებით: “დიადი ესპანელი შეშლილების ტრადიციებში, ბუნუელი დამსხვრეული ილუზიების შესახებ მოგვითხრობს. დონ კიხოტისათვის ილუზია რაინდული სული იყო, ნაზარინისთვის კი – ქრისტიანობის”.[5] სერვანტესის გმირის მსგავსად იმედგაცრუებული ნაზარინი ნელ-ნელა საკუთარ თავში იკეტება, ადამიანებისადმი ნდობასა და რწმენას კარგავს. სწორედ უკიდურეს სასოწარკვეთაში ჩავარდნილს, უსამართლოდ დადანაშაულებულს, ქურდებსა და მკვლელებს შორის მოხვედრილს, მას მხსნელად უბრალო ადამიანური გულმოწყალება და სიკეთე მოევლინება..
რეჟისორმა შეცვალა ბენიტო პერეს გალდოსის რომანის, რომლის მიხედვით არის გადაღებული ფილმი, ფინალი, სადაც კატორღელებთან ერთად ციხეში მყოფ ნაზარინს, ბოდვისას, ცათა სასუფეველში შესვლა ელანდება. ბუნუელის დონ ნაზარიოს უბრალო გლეხის ქალის მიერ გამოწვდილი ანანასი გამოაფხიზლებს და ადამიანების რწმენას დაუბრუნებს. ამ უბრალო ძღვენის მიღების შემდეგ ნაზარინი გააცნობიერებს, რომ ჩვეულებრივი ადამიანური სიკეთე ნებისმიერ გამოგონილ იდეალებზე უფრო ძლიერია.
ბუნუელი განსაკუთრებულად აკრიტიკებს სასწაულის მოლოდინზე დაფუძნებულ რწმენას. “ნაზარინში”Dდონ ნაზარიოსაგან განუწყვეტლივ ელოდებიან სასწაულს მისი თვითმარქვია საჭურველმტვირთველები, იგივე მეორდება “სიმეონ მეუდაბნოეშიც”, თუმცა იქვეა ნაჩვენები ამგვარი რწმენის და მოხდენილი სასწაულების ამაოება, როდესაც სიმეონის ლოცვის შემდეგ ხელებმოკვეთილ ქურდს, ხელის მტევნები კვლავ დაუბრუნდება, ის, პირველ რიგში, მოსვამს ღვინოს და თავში წამოარტყამს თავის შვილს. შემდეგ კი სრული სიმშვიდით, ოჯახთან ერთად გაგრძელებს გზას სახლისაკენ.
1965 წელს გადაღებულ ამ ფილმში ბუნუელი კვლავ დაუბრუნდა რელიგიური განდეგილობის თემატიკას. “სიმეონ-მეუდაბნოე” სულ ორმოცი წუთი გრძელდება, რამაც საგონებელში ჩააგდო ვენეციის ფესტივალის მესვეურები, სადაც კინოსურათმა ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა. თავდაპირველად, საზოგადოებამ ვერ გაიგო, რეჟისორი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებას გეგმავდა და რაიმე გარემოებების გამო გახდა იძულებული, შუა გზაზე შეეწყვიტა გადაღება, თუ გამიზნულად დატოვა დაუმთავრებლობის შთაბეჭდილება და მაყურებელს შეუქმნა შესაძლებლობა, დასმულ შეკითხვებზე თავად გაეცა პასუხი. ბუნუელის შემთხვევაში შეუძლებელია რაიმეში დარწმუნებული იყო, რადგან თავად დონ ლუისი, ჩვეულებისამებრ, არაფერს ხსნიდა.
ფილმი მოგვითხრობს მესვეტე ბერზე, რომელიც უკვე 6 წელი, 6 თვე და 6 კვირაა, რაც სირიის უდაბნოში აღმართული სვეტიდან ცდილობს მიაწვდინოს უფალს ხმა და მის ფერხთით შეკრებილი, სასწაულის მომლოდინე ხალხი შეავედროს. ღვთის წყალობის მომლოდინე შეშინებულმა დედამ, უბრალო მეცხვარემ, ფანატიკოსმა ბერებმა – უკვე ირწმუნეს სიმეონის წმინდანობა. მესვეტე ბერი კი, მკაცრი გამოცდის წინაშე დგას, რადგან მას საცდუნებლად სატანა ევლინება, რომელიც ჯერ უმწიკვლო გოგონას, შემდეგ ერთ-ერთი ბერის, ბოლოს კი თვით ღმერთის სახეს ღებულობს. სწორედ ამ სარკასტული მეტაფორებით გამოხატულ სახეცვლილებებში, უკვე ჭარმაგმა ბუნუელმა, საზოგადოების აზრით უპატივცემულო, ახალგაზრდობის დროინდელი სიურრეალისტური გამოხდომები გამოავლინა და ის კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ, მკრეხელობასა და ღვთის გმობაში დაადანაშაულეს.
ბუნუელის სიმეონი, თავისი ასკეზიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტად არის დაშორებული რეალურ სამყაროს, ვიდრე ნაზარინი. მუდმივად ცისკენ ხელებაწპყრობილი ის ვერ ამჩნევს მისი სვეტის ქვეშ მდგომ საკუთარ დედას, რომელიც მთელი დღეები უიმედოდ ელოდება შვილისაგან ყურადღების რაიმე ნიშანს. ყოველ ჯერზე, სულ მცირე ცდუნებისთვისაც კი, სიმეონი სჯის საკუთარ თავს და კიდევ უფრო მკაცრ მორჩილებას უწესებს. მით უფრო უცნაურია ფილმის ფინალი, როდესაც სიმეონი, თავის მაცდუნებელთან ერთად, XX საუკუნის 60-იანი წლების ღამის კლუბში აღმოჩნდება, სადაც ახალგაზრდა, ჯანმრთელი სხეულები როკ ენ როლის რიტმში შეპყრობილებივით ძაგძაგებენ და იგრიხებიან. სირიის უდაბნოში კი სიმეონის დაცარიელებული სვეტი დგას.
ყველაზე მკაცრი განაჩენი ბუნუელს თავის ფილმ “ვირიდიანას” მთავარი გმირის ცრუ წარმოსახვებისათვის გამოაქვს. საგულისხმოა, რომ, თუ “ნაზარინის” კანის კინოფესტივალზე წარდგინების შემდეგ საერთაშორისო კათოლიკურმა კინოცენტრმა გააპროტესტა ფილმისთვის პრიზის მინიჭება, 1961 წელს, იმავე ფესტივალზე “ვირიდიანას” ჩვენების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა “ოქროს პალმის რტო” მოიპოვა, კათოლიკურმა ეკლესიამ რეჟისორი საერთოდ განკვეთა.
“ვირიდიანა” “ნაზარინში” წამოჭრილი პრობლემების გარკვეული თემატური გაგრძელებაა და ადასტურებს იმ პოზიციას, რომ “რეჟისორის ყველა ახალი ფილმი, როგორც წესი, განმარტავს და ავსებს წინამორბედს, კომენტარებს ურთავს მის თემებსა და პრობლემებს და წარმოქმნილ გაუგებრობებს აბათილებს”.[6] გარდა ამისა, “ვირიდიანა”, დიდი ხნის განმავლობაში ემიგრაციაში მყოფი ბუნუელისათვის, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, პირველი ესპანეთში გადაღებული ფილმია.
კინოსურათის მთავარი გმირი ამქვეყნიური ამაოებისაგან თავისუფალ და უფლის სამსახურისადმი მიძღვნილ ცხოვრებაზე მეოცნებე, მონასტრის ახალგაზრდა მორჩილია. საკუთარი ბიძის ახირებული სიყვარულის გამო, ვირიდიანა იძულებულია უარი თქვას საკუთარ მოწოდებაზე და მოხუცს მოუაროს, მაგრამ შეუმდგარ მონაზონს არ სურს ბედს შეეგუოს, საკუთარ მოწოდებაზე ან იმაზე, რაც მან ასეთად მიიჩნია, უარი თქვას და ამიტომაც ბიძის სახლში უპოვართა ერთგვარ კოლონიას აარსებს, სადაც თავად “მთავარი” კეთილისმყოფლის როლი უნდა შეასრულოს. ამ მიზნით ის თავს მოუყრის ათასი ჯურის მკვლელებს, ქურდებსა და მათხოვრებს, რომელთა გამოსწორება და სარწმუნოების გზაზე დაყენება სურს.
მორჩილება ვირიდიანასთვის უკვე დიდი ხანია ჩვევად იქცა, რომლის მიღმაც უკიდურესი სიამაყე იმალება და მას არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტი რწმენით ნაქადაგებ უბრალოებასთან. ის ცდილობს, რაც შეიძლება შორს იყოს ამქვეყნიური ცხოვრებისაგან. პატარა ჩემოდნით საკუთარი მოწოდების “ნივთმტკიცებები” – თვითგვემის იარაღები, ჯვარცმა და ეკლის გვირგვინი დააქვს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვირიდიანას რწმენა ყალბია, პირიქით, თავად მას გულწრფელად სწამს საკუთარი სიკეთის და კაცთმოყვარეობის. ბუნუელის სიტყვებით: “არავინ აღიქვამს საგნებს ისეთად, როგორებიც ისინი სინამდვილეში არიან, არამედ ხედავს მათ ისე, როგორც ამას მისი სურვილები და სულიერი მდგომარეობა აიძულებს”[7]. ვირიდიანა კი, როგორც ჭეშმარიტად ესპანელი კათოლიკე, იმდენად გაიტაცა ზეაღმატებულისაკენ, მისი ეროვნული კულტურისათვის მარადიულ მიზნად ქცეული, სულიერი ვერტიკალისაკენ სწრაფვამ, რომ საერთოდ დაკარგა უბრალო ადამიანის, მისი ტკივილისა და ნამდვილი სახის დანახვის უნარი.
ამ სულიერი სიბრმავისა და რეალობის ჯიუტად უარყოფის გამო, ისიც, ნაზარინის მსგავსად, მარცხს განიცდის, მაგრამ გაცილებით უფრო მტკივნეულსა და დამანგრეველს. ვირიდიანას მიერ შეკედლებული მათხოვრები პირველივე ხელსაყრელ მომენტში, როგორც კი დროებით გათავისუფლდებიან მზრუნველი ქალბატონის მიერ თავსმოხვეული ჩაგრულთა როლისაგან, გადმოანთხევენ წლების მანძილზე დაგროვილ ბოღმას და ზიზღს გახამებული თეთრი ზეწრებისა და მაქმანებიანი მაგიდის გადასაფარებლებისადმი, სუფრის ძველებური ვერცხლეულისა და დახვეწილი ფაიფურისადმი, ეკლესიის კარებთან გაწვდილ ხელში ჩაგდებული ხურდებისა და, რაც მთავარია, ასეთი გულმოწყალე, კეთილი, მდიდარი ქალბატონებისადმი. მკვლელები, ხეიბრები, კეთროვნები, ქურდები და მსუბუქი ყოფაქცევის ქალები შურს იძიებენ ყველა იმ დამცირებისათვის, რაც კი ოდესმე გადაუტანიათ, მათ მიერ მოწყობილი ამაზრზენი ორგია კი, ჰენდელის “ალილუიას” ფონზე, ჯერ გოიას ოფორტებზე გამოსახულ დემონთა გართობას, შემდეგ კი, ლეონარდოს “საიდუმლო სერობას” ემსგავსება. სწორედ აქ სრულდება ვირიდიანასთვის გულმოწყალე წმინდანის თამაში.
შეიძლება ითქვას, რომ ნაზარინის მსგავსად, ვირიდიანაც დონ კიხოტის ერთ-ერთი სახეცვლილებაა. ის, მოხეტიალე რაინდის მთავარ გმირობას – კონკრეტულ რეალობაში შეუძლებელი იდეალის მსახურების – გამეორებას ცდილობს, მაგრამ ვირიდიანას კრახი ნაზარინისაზე გაცილებით უფრო მტკივნეულია და მის სულიერ დაღუპვას ბუნუელი განსაკუთრებული სისასტიკით აჩვენებს.
რეჟისორმა, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ მისი “ვირიდიანა” მიუღებელი იქნებოდა ესპანეთის მთავრობისა და ეკლესიისათვის. თავად ბუნუელის მტკიცებით, ის არ ცდილობდა შეგნებულად პროვოცირებას და სამოცდაერთი წლის ასაკში მისგან სასაცილოც კი არის სკანდალის გამოწვევით პრობლემისადმი ყურადღების მიქცევა, ან, თანაგრძნობისა თუ მხარდაჭერის მოპოვება. ის მისთვის ჩვეული ირონიით შეხვდა პრესაში გაჩაღებულ კრიტიკას, “როდესაც გაზეთ “ოსერვატორე რომანოს” სტატიაში “ვირიდიანას” ღვთისმგმობელი სცენების ნაკრები უწოდეს და შემდეგ მთელი ჯგროთი დაიწყეს ასეთი სცენების ჩამოთვლა. მართალი გითხრათ, გამიკვირდა კიდეც, რადგან ვერც კი წარმომედგინა, ღვთისგმობის ამდენი სახესხვაობა თუ არსებობდა”.[8] ასე რომ, ირონია და წმინდა ესპანური მწარე იუმორი ბუნუელს მხოლოდ ფილმებში როდი ახასიათებდა.
კალანდელი დონ ლუისის სამაგიდო წიგნი “ტორმესელი ლასარილიო” პიკარესკული რომანის ერთ-ერთი პირველი ნიმუში იყო. პიკარესკული რომანი წმინდა ესპანური ლიტერატურული ჟანრია და ის XVI საუკუნის ესპანურ ლიტერატურაში სარაინდო რომანის ერთგვარ ანტითეზად განვითარდა. “თავისი კლასიკური ფორმით პიკარესკული რომანი სარაინდო რომანის საწინააღმდეგოდ წარმოიშვა. პიკაროს თავგადასავალი წარმოადგენს შუა საუკუნეების კეთილშობილ რაინდთა ხეტიალის დამდაბლებულ და დამიწებულ ანარეკლს”.[9] შესაბამისად, რეალობისაგან ჯიუტი გაქცევა, ყოველთვის დასჯადია და, როგორც წესი, იდეალისტის კრახით მთავრდება. ბუნუელი კი ესპანური კულტურის შვილი გახლდათ, კულტურის, სადაც საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა სათქმელის გროტესკითა და შავი იუმორით გადმოცემის ტრადიციები, რაც ბუნუელის ფილმებისთვისაც არის დამახასიათებელი.
პიკარესკულმა რომანმა ისევე, როგორც მთელმა შემდგომმა ესპანურმა ლიტერატურამ, სამყაროს განსაკუთრებული ხედვა ასახა, აღშფოთებისა და იუმორის უცნაური ნაზავი, თან იმ განსაკუთრებული ესპანური სიმწარით შეზავებული იუმორის, რომელმაც დახვეწილი ირონიით გააჯერა გოიას ოფორტები, კევედოს “სიზმრები” და ვალიე-ინკლანის “საოცრებათა კარი”. ის, რაც ესპანური ფერწერისა და ლიტერატურის თავისებურებას წარმოადგენდა, ბუნუელმა კინემატოგრაფში განახორციელა.
დონ კიხოტობის თავისებურ განსახიერებად შეიძლება თავად ბუნუელიც მივიჩნიოთ, რომელიც მწუხარე სახის რაინდისთვის დამახასიათებელი სიჯიუტით არ ეპუებოდა აკრძალვებს, უმხედრდებოდა ეკლესიურ დოგმებს და საკუთარი ფილმების გაბედული შინაარსით კლერიკალებს თითქოს გამოწვევას უგზავნიდა. ის არც ეკლესიიდან განკვეთას შეუშინებია და არასოდეს ცდილა საკუთარი ქმედებები აეხსნა ან გაემართლებინა. მიუხედავად გარემოებებისა, ბუნუელი ჯიუტად რჩებოდა საკუთარი შეხედულებების ერთგული, რადგან სწამდა, რომ “ჭამის აუცილებლობა ჯერ კიდევ არ ამართლებს ხელოვნებით პროსტიტუციას”.[10] მისთვის მიუღებელია ნებისმიერი სიყალბე და ამიტომაც თითქმის ყველა მისი “რელიგიური” ფილმის გმირი მარცხდება. მოჩვენებითი ღვთის რწმენა უძლურია უბრალო ადამიანური სიყვარულის წინაშე. დადებითი გმირების სულიერი კრახის ჩვენებისას ბუნუელი ხანდახან მეტისმეტად სასტიკია, მაგრამ, როგორც თავად ამბობს: “ყველაფერი ძალზე მარტივად არის, რადგან ხშირად მიწევს არჩევანის გაკეთება სისასტიკესა და შეცოდების გრძნობას შორის. მე კი საცოდაობას ვერ ვიტან”.[11] როგორც ბუნუელის შემოქმედების მკვლევარი ლატავრა დულარიძე აღნიშნავს: “სამივე ფილმი გამოხატავს რეჟისორის გულისწყვეტას იმ ამაღლებულ და ძლიერ ადამიანებზე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე ცრუ იდეალების მსახურებას შეალიეს”.[12]
გამოყენებული ლიტერატურა:
- მათეს სახარება. ახალი აღთქმა და ფსალმუნები. ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი. სტოკჰოლმი. 1991;
- Дуларидзе Л. Путь Луиса Бунюэлья, в сбор. «Луис Бунюэль», М.: Искусство, 1979;
- Ф у э н т е с К. Виридиана и двадцать лет мрака, сбор. “Луис Бунюэль». Москва, «Искусство», 1979;
- Пасс В Традицияx великиx испанскиx безумцев. сбор. «Луис Бунюэль». . М. : Искусство, 1979;
- i z a r d e Buñuel. Mexico, La tierra, 1962, p. 7;
- Michel M. La Entrevista con Luis Buňuel. “Cinema-65”, № 94, p. 58;
- Buňuel L.. Poesia y “Cinema 57”, #37;
- Michel M. La Entrevista con Luis Buňuel. “Cinema-65”, №94, p. 56;
- Poniatowska E. Buňuel. “Revista de la Universidad de Mexico”, 1961, №1, p. 14;
- “L’Express”, 1974, № 9, p. 13;
- Ю. Веселовский. Плутовской роман, Источник: http://svr-lit.ru/svr-lit/articles/veselovskij-plutovskoj-roman.htm (19/05/2020).
[1] Фуэнтес К., Виридиана и двадцать лет мрака, сбор. “Луис Бунюэль». Москва, «Искусство», 1979, стр. 52.
[2] Lizarde E., Buñuel. Mexico, La tierra, 1962, p. 7.
[3] Michel M. La Entrevista con Luis Buňuel. “Cinema-65”, № 94, p. 58.
[4] მათეს სახარება, ახალი აღთქმა და ფსალმუნები. ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 1991.
[5] Пасс O., В Традицияx великиx испанскиx безумцев. сбор. «Луис Бунюэль»…, стр. 48.
[6] Дуларидзе Л. Путь Луиса Бунюэлья, в сбор. «Луис Бунюэль»…, стр. 39.
[7] Buňuel L.. Poesia y Cine. “Cinema 57”, #37.
[8] Michel M. La Entrevista con Luis Buňuel. “Cinema-65”, №94, p. 56.
[9] Веселовский Ю., Плутовской роман,
Источник: http://svr-lit.ru/svr-lit/articles/veselovskij-plutovskoj-roman.htm (19/05/2020)
[10] Poniatowska E. Buňuel. “Revista de la Universidad de Mexico”, 1961, №1, p. 14.
[11] L’Express”, 1974, № 9, p. 13.
[12] Дуларидзе Л. Путь Луиса Бунюэлья, в сбор. «Луис Бунюэль». . . , стр. 43.
Tamta Turmanidze,
Doctor of Arts,
Associate professor at Akaki Tsereteli State University,
Lecturer at Shota Rustaveli Theatre and Film
Georgia State University
Buñuel’s Tree Saints – all about life vanity
Summary
2020 there is a 120 anniversary of Luis Buñuel – the world known Spanish film director, the father of cinematic Surrealism, scandal manager and one of the most original directors in the history of Cinema.
No matter Buñuel formally had always declaring atheism, there is a wide range use of religious motive in his films. Introducing true hearted belief Buñuel shows the problems of Pharisee.
Luis Buñuel’s the most significant religious films are: “Nazarin” (1959), “Viridiana” (1961) and “Simon of the Desert” (1965) where the main heroes in vein try to be faithful and honest. All of them are ready to follow the main religious regulations, obedience and modest but they are deeply disappointed.
Luis Buñuel is very strict towards his heroes. On the bases of their own experience the failures find out that everything is in vain in life without human, faithful love.
Because of Franco’s dictatorial regime most of his life Buñuel lived as an emigrant but always was related to his homeland. Every character of Buñuel’s heroes is the result of a thorough analyses of Spanish cultural traditions. It should be admitted that Luis Buñuel’s heroes are united in one character – Don Quixote – which is archetypical for Spanish culture.