86

ნინო წითლანაძე,

ხელოვნების მენეჯმენტის დოქტორი,

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი

 

„შემოქმედებითი ინდუსტრიების“ ცნება

და მისი კლასიფიკაციის მეთოდოლოგია საქართველოში

რა არის შემოქმედებითი ინდუსტრიები? სხვადასხვა წყარო ამ ტერმინს სხვადასხვანაირად ხსნის, თუმცა არსი ერთია. როგორც საქართველოს კულტურის სტრატეგიაშია ნათქვამი, „შემოქმედებითი ინდუსტრიები სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკური ზრდისა და ინოვაციის მნიშვნელოვანი წყარო და კონკურენტუნარიანი სფეროა“.[1]

მოვიყვანთ რამდენიმე ძირითად განმარტებას:

UNESCO: „კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტირები აერთიანებენ   არამატერიალური და კულტურული წარმოშობის შემოქმედებითი პროდუქტის შექმნას, წარმოებას და კომერციალიზაციას. ეს პროდუქტები ჩვეულებრივ დაცულია საავტორო უფლებით და შეიძლება ჰქონდეთ საგნის/საქონლის ან მომსახურების ფორმა. ყველა არტისტული და კულტურული შემოქმედების გარდა, მასში შედის არქიტექტურა და რეკლამა“.[2]

დიდი ბრიტანეთის კულტურის, მედიისა და სპორტის დეპარტამენტი (DCMS): „შემოქმედებითი ინდუსტრია არის საქმიანობა, რომელიც ემყარება კრეატიულობას, ინდივიდუალურ ნიჭსა და უნარებს, და რომელსაც შესწევს ძალა შექმნას სამუშაო ადგილები და დოვლათი ინტელექტუალური საკუთრების გენერირებისა და ექსპლუატაციის გზით“.[3]

საქართველოს კულტურის სტრატეგია 2025: „შემოქმედებითი ინდუსტრიები არის სექტორი, რომელიც ახორციელებს მხატვრული და შემოქმედებითი ხასიათის პროდუქტისა და მომსახურების წარმოებასა და გავრცელებას, განურჩევლად მათი კომერციული ღირებულებისა, და სხვადასხვა ინდუსტრიულ საქმიანობას, რომელიც შემოქმედებით და მხატვრულ ძალისხმევას ემყარება, ან/და იყენებს კულტურას, როგორც რესურსს ინდუსტრიული პროდუქტის შექმნაში“.[4]

შემოქმედებითი ინდუსტრიების ცნობილი ბრიტანელი ექსპერტი დევიდ პერიში ამ ცნებას შემდეგ განმარტებას აძლევს: „ზოგადად რომ ვთქვათ, ტერმინი „კრეატიული ინდუსტრიები“ ეხება ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც კავშირშია კრეატიულობის, იდეების, ცოდნისა და ინფორმაციის გენერირებასა და კომერციალიზაციასთან“. [5]

თავდაპირველად ტერმინი „შემოქმედებითი ინდუსტრიები“ 1948 წელს გამოიყენეს თეოდორ ადორნომ და მაქს ჰორკმაიერმა.[6] ცნების სამეცნიერო ჩარჩო UNESCO-ს ხელშეწყობით 60-70 წლებში შემუშავდა. როგორც ამ განმარტებებიდან გასაგები ხდება, შემოქმედებითი ინდუსტრიები ქმნიან კულტურის ეკონომიკას (საინტერესოა, რომ ლათინურ ამერიკაში მას ასევე „ნარინჯისფერ ეკონომიკას“ უწოდებენ).

 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შემოქმედებითი ინდუსტრიები მრავალფეროვანი კულტურული პროდუქტის შექმნით ავითარებენ კულტურის ეკონომიკას და გლობალურად, ნებისმიერი ქვეყნის კეთილდღეობას და წინსვლას უწყობენ ხელს.

ათწლეულების განმავლობაში, ამ პროცესის მსოფლიო ლიდერია დიდი ბრიტანეთი, სადაც შემოქმედებითი ეკონომიკის შემოსავალი წელიწადში დაახლოებით 111 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება (საშუალოდ 12%)[7].  შედარებისთვის, 2017 წლის UNESCO-ს რეპორტის თანახმად, საქართველოში კულტურის ეკონომიკა საერთო შემოსავლის 2.8% შეადგენდა. და ეს ციფრი ვერ იქნება ბევრად გაზრდილი მიმდინარე პერიოდისთვის. დიდ ბრიტანეთში არსებული შემოქმედებითი ინდუსტრიების სააგენტო (CIC) არის ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც თავს უყრის როგორც სამთავრობო სექტორს, ასევე ინდუსტრის წარმომადგენლებს მათი დაფინანსებისა და თანამშრომლობის მიზნით. ორგანიზაციის საიტზე თავმოყრილია დიდი ბრიტანეთის შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვადასხვა ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია, რაც გარკვეულწილად მეფინგის ფუნქციას ასრულებს.

საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების ცნებამ ოფიციალურად 2014 წლიდან დაიწყო ცირკულირება. 2013 წლის ბოლოს ევროკავშირმა მისცა საქართველოს კულტურის სამინისტროს[8] რეკომენდაცია, შეემუშავებინა შემოქმედებითი ინდუტრიების კლასიფიკაცია და განვითარების სამოქმედო გეგმა. 2014 წელს კულტურის სამინისტროში შეიქმნა კულტურის პოლიტიკის სამმართველო, რომელმაც შემდგომში საფუძველი ჩაუყარა სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ შექმნას.

სსიპ შემოქმედებითი საქართველო – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ორგანიზაციის ხედვა მდგომარეობს შემდეგში: შემოქმედებითი ინდუსტრიები სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკური ზრდის და სოციალური კეთილდღეობის გენერატორია. ორგანიზაციის მისიაა საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა შესაბამისი პროგრამების, პროექტებისა და კონკურსების განხორციელების გზით.

ამ  მისიის შესასრულებლად ორგანიზაცია მიზნად ისახავს:

  • შემოქმედებითი ინდუსტრიების ცნობადობის გაზრდას;
  • შემოქმედებითი მეწარმეების შესაძლებლობების განვითარებას გადამზადების პროგრამებით, სემინარებითა და სხვა აქტივობებით;
  • თანამშრომლობის პლატფორმების ჩამოყალიბებას;
  • დაფინანსების შესაძლებლობების შექმნას და არსებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას;
  • შემოქმედებითი პროდუქტის ექსპორტის ხელშეწყობას და დარგის ინტერნაციონალიზაციას;
  • შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში კვლევითი საქმიანობის განვითარებას.

საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასიფიკაციის დოკუმენტი შემუშავებულია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით. კლასიფიკაციის დოკუმენტის შექმნის მიზანია ხელი შეუწყოს შემოქმედებით ინდუსტრიებში არსებული მდგომარეობის ანალიზისთვის აუცილებელი მექანიზმის შექმნას და სრულყოფას, ასევე შემოქმედებითი ეკონომიკის მნიშვნელობის და პოტენციალის შეფასებას. კლასიფიკაციის ძირითადი ამოცანა შემოქმედებითი ინდუსტრიების კონცეპტუალური განსაზღვრა და მისი სისტემატიზაციაა, რაც შემდგომ უნდა აისახოს როგორც ინდუსტრიების თანმიმდევრულ/პერიოდულ მეფინგსა და სტატისტიკურ აღრიცხვაზე, ისე წლიური ეკონომიკური დინამიკის შეფასებასა და შემდგომი ანალიტიკური ინსტრუმენტების განვითარებაზე. დღევანდელი კლასიფიკაციით, საქართველოში შემოქმედებით ინდუსტრიებს მიეკუთვნება 13 დარგი. ამ სტატიაში კლასიფიკაციის სრულად მოყვანა საჭიროდ მიგვაჩნია.

 

არქიტექტურა 1.არქიტექტურული საქმიანობა

2.საინჟინრო და ტექნიკური მომსახურება

დიზაინი და მოდის ინდუსტრია 1.                        სპეციალიზირებული დიზაინერული საქმიანობა (ინტერიერის, ინდუსტრიული, გრაფიკული დიზაინი)

2. მოდის ინდუსტრია

სახვითი ხელოვნება 1.  არტისტული შემოქმედება (ფერწერა, სკულპტურა, ფოტოგრაფია, ახალი მედია ხელოვნება და ა.შ.)

2. სახელოვნებო ორგანიზაციებისა და ინსტიტუციების შემოქმედებითი ინდუსტრიული საქმიანობა

კინო და ვიდეო 1. კინო ფილმების, ვიდეო და სატელევიზიო პროგრამების პროდუქცია

2. კინო ფილმების, ვიდეო და სატელევიზიო პროგრამების პოსტ- პროდუქცია

3. კინო ფილმების, ვიდეო და სატელევიზიო პროგრამების დისტრიბუცია

კულტურული მემკვიდრეობა 1. მუზეუმის აქტივობები

2. საბიბლიოთეკო და საარქივო მომსახურებები

3. ისტორიული ნაგებობების და ადგილების პრეზერვაცია

4. ბუნებრივი ნაკრძალების, ბოტანიკური, ზოოლოგიური და გასართობი პარკების ინდუსტრია

ლიტერატურა და საგამომცემლო ინდუსტრია

 

1. ჟურნალები და პერიოდული გამოცემები

2. წიგნების გამოცემა

3. მეორადი წიგნების გაყიდვა

4. თარგმნა

5. წიგნების და ნაბეჭდი პროდუქციის გაყიდვა სპეციალიზირებულ მაღაზიებში

6. ელექტრონული წიგნების წარმოება და დისტრიბუცია

მედია და მაუწყებლობა 1. რადიო მაუწყებლობა

2. სატელევიზიო მაუწყებლობა

3. ინტერნეტ მაუწყებლობა

მუსიკა

 

1. მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება

2. მუსიკის ელექტრონული კომერცია

3. მუსიკალური და ვიდეო ჩანაწერების გაყიდვა სპეციალიზირებულ მაღაზიებში

4. აუდიო ჩანაწერების წარმოება და მუსიკის პროდუქცია

5. მუსიკალური ინსტრუმენტების გაყიდვა სპეცილიზერბულ მაღაზიებში

6. ცოცხალი შესრულება

რეკლამა

 

1.  სარეკლამო სააგენტოების მომსახურება, საზოგადოებასთან ურთიერთობები, კომუნიკაცია, სარეკლამო პროდუქციის წარმოება

2. მედია რეპრეზენტაცია

3.  საკონსულტაციო საქმიანობა

საშემსრულებლო ხელოვნება

 

1. საშემსრულებლო ხელოვნების დარგები – თეატრი, ცეკვა, ბალეტი, ცირკი, საოპერო და მუსიკალური წარმოდგენები

2. საშემსრულებლო ხელოვნების ხელშემწყობი აქტივობები

3. გასართობი ინდუსტრია და ფესტივალები

სახელოვნებო და კულტურული განათლება 1. სახელოვნებო და კულტურული განათლების ინდუსტრია

 

ციფრული ტექნოლოგიების ინდუსტრია

 

1. კომპიუტერული პროგრამების, ვებ პორტალებისა და აპლიკაციების შექმნა

2. მონაცემთა ბაზები

3. კომპიუტერული მედიის წარმოება და რეპროდუქცია

4. კომპიუტერული თამაშების პროდუქცია

5. პროგრამირება

6. ინოვაციური ტექნოლოგიური სერვისების და პროდუქციის შექმნა

რეწვა 1.                         ტექსტილი, კერამიკა, ხის, მეტალის, მინის, ტყავის ნაწარმი და სხვა
გასტრონომია და კულინარიული ინდუსტრია

 

1. კულინარიული განათლება

2. ორგანული, ადგილობრივი და ინოვაციური სტარტაპები კვებისა და კულინარიის მიმართულებით

სტატიაზე მუშაობისთვის ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუ სსიპ „შემოქედებითი საქართველოს“ შემოქმედებითი ინდუსტრიების მიმართულების ხელმძღვანელთან ელენე თოიძესთან. მოვიყვანთ ამ ინტერვიუს საკვანძო პუნქტებს.

  1. შემოქმედებითი ინდუსტრია, როგორც ცნება, პირველად ოფიციალურად იქნა გამოყენებული საქართველოს კულტურის სტრატეგიაზე მუშაობის დროს. მანამდე, სახელმწიფო სტრუქტურებში, და მათ შორის კულტურის სამინისტროში, ბევრს არ ჰქონდა იმის შესახებ ინფორმაცია, რას წარმოადგენდა ეს სექტორი.
  2. კულტურის სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ გადაწყდა, რომ შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო. შემდეგ გაკეთდა გზამკვლევი, რომელშიც უკვე არსებული კლასიფიკაციების მიხედვით, გარკვეული მოდელი შემუშავდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოსთვის შემოქმედებითი ინდუსტრიები. ამასთანავე, შემუშავდა მცირე გეგმა, რა ნაბიჯები უნდა გადამდგარიყო. ამას მოჰყვა „შემოქმედებითი საქართველოს“ დაფუძნება.
  3. საქართვლეოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან თანამშრომლობით, ორგანიზაციამ მოამზადა შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასიფიკაცია საქართველოში არსებული რეალობიდან გამომდინარე. ჩვენ გვინდა, როდესაც გვექნება ამის საშუალება, გვქონდეს სტატისტიკური ინფორმაცია მოქმედი ინდუსტრიის შესახებ. ეს საჭიროა თუნდაც იმიტომ, რომ სახელმწიფომ სწორად გაანაწილოს ფინანსები, ტექნოლოგიები, და ყველა სხვა რესურსი, რომელიც გააჩნია.
  4. ჩვენ ავიღეთ UNESCO-ს უზარმაზარი ჩარჩო დოკუმენტი და იქიდან ამოვარჩიეთ ის სექტორები, რაც საქართველოსთვის შეიძლება ყოფილიყო შემოქმედებითი ინდუსტრიები. ამან მოგვცა შესაძლებლობა შეგვემუშავებინა კონკრეტული კრიტერიუმები და ინდიკატორები. მაგალითად, დღეს თუ ვამბობთ, რომ არქიტექტურა – შემოქმედებითი ინდუსტრიაა, უკვე ვიცით, თავიდან რა უნდა დავითვალოთ არქიტექტურის ქვეშ, რომ საბოლოო ჯამში შედეგი მივიღოთ.
  5. საქართველოსთვის სპეციალურ დარგად გამოვყავით ორი სექტორი. ესაა რეწვა და გასტრონომია/კულინარიული ინდუსტრია. რეალურად შეიძლებოდა მათი სხვა დარგებში შეყვანა, მაგრამ გამოვყავით, როგორც ქვეყნის კონტექსტისთვის მეტად მნიშვნელოვანი ინდუსტრიები.
  6. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ხელს გვიშლის სექტორის მუშაობაში – ერთი მხრივ არის ის, რომ არ გვაქვს მონაცემები და ციფრები, რათა დავანახოთ ფინანსთა სამინისტროს და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს, როგორი ეკონომიკური პოტენციალი აქვს ჩვენ სექტორს. მეორე მხრივ, გვჭირდება ვიცოდეთ, რა მიმართულებით მივმართოდ სახელმწიფო პროგრამა, რა სჭირდება სექტორს.

ელენე თოიძის თქმით, „შემოქმედებითი საქართველოსთვის“ აუცლილებლობას წარმოადგენს შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ შემდეგი სახის სტატისტუკური ინფორმაციის შეგროვება.

  1. შემოქმედებითი ინდუსტრიების და მისი ქვესისტემების წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და მისი წლიური დინამიკა
  2. შემოქმდებითი ინდუსტრიების და მისი ქვესექტორების წილი ქვეყნის მთლიან დამატებულ ღირბულებაში.
  3. დასაქმების მაჩვენებლები შემოქმედებით ინდუსტრიებში – სექტორში და ქვესექტორებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა და მისი შეფარდება ქვეყანაში დასაქმებულთა მთლიან რაოდენობასთან, წლიური დინამიკა.
  4. შემოქმედებითი ინდუსტიების მომსახურებისა და პროდუქტის ექსოპორტისა და იმპორტის მოცულობა.
  5. შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორში არსებული ორგანიზაციების საერთო და ჩაშლილი მონაცემების მოპოვება და მათი პერიოდული აღრიცხვა.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში  ცნებას -შემოქმედებითი ინდუსტრიები – მხოლოდ დარგის სპეციალისტები იყენებენ. არსებობს ოთხი ძირითადი პრობლემა, რომელსაც ვაწყდებით შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების პროცესში:

  1. ცნობიერების ამაღლება

აქ აუცილებელია ორი მიმართულებით მუშაობა. პირველი – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და იმ სტერეოტიპის დამსხვრევა, რომ კულტურიდან შემოსავლის მიღება არ შეიძლება. მეორე მხრივ, საჯარო სტრუქტურებში ცნობიერების ამაღლება იმასთან დაკავშირებით, რომ კულტურა არის ეროვნული ეკონომიკის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია.

  1. კვლევის ჩატარება

აუცილებელია სიღრმისეული, მასშტაბური და ფასეული კვლევის ჩატარება, რომელიც შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ ფართო, და ამავდროულად ძალიან კონკრეტულ სურათს შექმნის. ასეთ კვლევას ესაჭიროება დიდი რესურსი (ფინანსური, ადამიანური, დროის და ა.შ). აქედან გამომდინარეობს შემდეგი პრობლემაც.

  1. პროფესიონალიზმის ამაღლება და სამეწარმეო განათლების ხელშეწყობა

განათლების სისტემაში, განსაკუთრებით კულტურის სფეროში, სამეწარმეო უნარების  კომპონენტის ჩართვა აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ შემოქმედებითი ინდუსტრიები ჩამოყალიბდეს ძლიერ და ეკონომიკურად გამართულ დარგად. წინა პერიოდის მენტალიტეტი და მმართველობის მოდელი ძალიან უშლიან ხელს ამ პროცესის განვითარებას. ამიტომ, ჩვენი მიზანია განუვითაროთ სპეციალისტების ახალ თაობას ყველა ის უნარი, რომლებიც მდგრადი შემოქმედებითი ეკოსისტემის შექმნაში დაეხმარება.

 

გამოყენებული რესურსები:

 

 

Nino Tsitlanadze,

PhD in Arts Management,

Invited Lecturer at the Georgian Institute of Public Affairs (GIPA)

 

The concept of creative industries and its classification methodology in Georgia

The paper researches the concept of creative industries and the way of its formation in Georgia in the socio-cultural context

The classification document of creative industries in Georgia has been developed, with taking into account both local and international experience. The purpose of creating a classification document is to promote the creation and improvement of necessary mechanism for analyzing the situation in the creative industries, as well as to assess the importance and potential of the creative economy.

The main issue of the classification is to conceptualize and systematize the creative industries, which should be reflected in the consistent/periodic mapping and statistical accounting of the industries, as well as the assessment of annual economic dynamics and the development of further analytical tools. According to today’s classification, Georgia has 13 spheres of creative industries.

The paper shows a historical overview of the concept and the stages of its development in European countries, with particular focus on Great Britain’s example.

The following paper describes the process of working on the of creative industries classification within the framework of Georgia’s national cultural strategy. In-depth interview with Elene Toidze, Head of Creative Industries Department of LEPL “Creative Georgia” will illustrate the current situation.

The final part of the paper is a conclusion, which analyzes the given classification, and based on this, summarizes the challenges typical for the development of the sphere. In the classification of creative industries, we find elements of various well-known models, although none of them are fully applied to the essence. This indicates that the effective functioning of the creative industries in Georgia is possible not by mechanically copying modern European trends, but by their perception in a national context.

[1] კულტურის სტრატეგია, 2025.

[2] UNESCO, Creative Industries.

[3] Department for Digital, Culture, Media & Sport , Creative Industries.

[4] კულტურის სტრატეგია, 2025.

[5] Parrish D, Creative Industries.

[6] What do we Mean by the Cultural and Creative Industries?

[7] Creative Industries Council

[8] ვინაიდან ბოლო წლების განმავლობაში კულტურის სამინისტრომ არაერთხელ შეიცვალა თავისი დასახელება და სტრუქტურა, ამ სტატიაში „კულტურის სამინისტრო“ გამოყენებულია როგორ კულტურის პოლიტიკის შემდგენელი  და განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო.

016732
WordPress Theme built by Shufflehound. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი