მალხაზ ღვინჯილია,
საქართველოს შოთა რუსთავლეის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
არამატერიალური მემკვიდრეობის „ახალი სიცოცხლე“ თანამედეროვე ქართულ ტურიზმში
(პოსტპანდემიური ტურიზმი საქართველოში – 2020 წ.)
საქართველო უძველესი კულტურისა და ცივილიზაციის ქვეყანაა. ქართველი კაცის სულსა და გონებაში საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა ძალიან ბევრი ლეგენდა და თქმულება, რომლებიც ერთი შეხედვით, ჩვენი იდენტობისა და ეთნოგენეზისის მაჩვენებელიც კი გახლდათ.
არსებული თემის კიდევ ერთხელ „გაღვიძება“იმ არსებულმა რეალობამ უზრუნველყო, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიამ, მისი გავრცელების გეოგრაფიამ და მისმა სტატისტიკურმა კლინიკურმა შედეგებმა გამოიწვია.
დღეს მთელი მსოფლიო აკვირდება პანდემიის გავრცელების პირობებს. წარმატებულ ზესახელმწიფოებში პანდემიის პიკია. ასეულ ათასობით ფატალური შედეგი, მილიონობით დავირუსებული. ფაქტობრივად გაჩერდა ყველაფერი: დაიხურა საწარმოები, დაიკეტა მომსახურების სფეროს ობიექტები. დაიხურა ტურისტული საწარმოები, ჩაიკეტა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო კარიბჭეები. მსოფლიოში გაჩნდა ტერმინი – „დედამიწამ პაუზა გამოაცხადა“.
ანალოგიური სურათი შეეხო საქართველოსაც, სადაც ჩაიკეტა ქალაქები და ინფექციის მცირედი კერებიც კი. აქაც, ისე, როგორც მთელ მსოფლიოში, განხორციელდა სოციალური დისტანცირების მექანიზმები.
მსოფლიოში წამყვანი ვირუსოლოგები, ინფექციონისტები და პანდემიის სპეციალისტები ახალი ვაქცინის შექმნის მოლოდინში, მუდმივი კონსულტაციის პირობებში, ახორციელებენ „საუკეთესო პრაქტიკის“ ურთიერთგაზიარებას.იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 80% -ზე მეტი დაიხურა, მილიონობით კულტურის სფეროში დასაქმებულების შემოსავლები სერიოზულად შემცირდა[1].
თუ ტურიზმი ხელს შეუწყობს კულტურის სექტორის, ანუ კინოთეატრების, ხელოვნებისა და მრავალი სხვა სეგმენტის გადარჩენას, ამან უნდა გააძლიეროს ტურისტული მიმართულებების კულტურული იდენტურობა და ბრენდინგი.
მიუხედავად ყველა გამოწვევისა, ტურიზმისა და კულტურის სექტორებს აქვთ შესაძლებლობა – შექმნან ახალი პაკეტები პარტნიორობისა და თანამშრომლობოსთვის. ისინი ვალდებულნი არიან, ერთობლივად განაახლონ და გაამრავალფეროვნონ შეთავაზება, მოიზიდონ ახალი აუდიტორია, განავითარონ ახალი უნარები და მხარი დაუჭირონ მსოფლიოს ახალ პირობებზე გადასვლას. რეკომენდაციები მოამზადა გაეროს მსოფლიო ორგანიზაციის ეთიკის, კულტურისა და სოციალური პასუხისმგებლობის დეპარტამენტმა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, კულტურისა და ტურიზმის კომპეტენციებით.[2] გაეროს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეკომენდაციებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების და ჰიგიენის პროტოკოლების განხორციელება განსახლებისა და დასვენების ობიექტებისთვის, აგრეთვე ტურისტული საწარმოებისათვის (ტუროპერატორები, გიდები, სასტუმროები და ა.შ.) COVID-19 კრიზისის დროს.[3] ამის ფონზე მნიშვნელოვანია საქართველოში არსებული პანდემიის სურათის ანალიზი: 600-მდე ინფიცირებულიდან 300 გამოჯანმრთელებული. ეს ყველაფერი კი იმ პირობებში, როცა არ არსებობს არც ვაქცინა და არც სხვა პრეპარატი დაავადებულთა გადასარჩენად.
მთელი მსოფლიო აკვირდება საქართველოში არსებულ სიტუაციას და ყველას ებადება კითხვა-რა ტიპის ფენომენთან გვაქვს საქმე? არის თუ არა ეს მხოლოდ და მხოლოდ მაღალკვალიფიციური ექიმებისა და სახელმწიფოს მმართველობითი აპარატის კოორდინირებული მუშობის შედეგი?… თუ არის კიდევ სხვა რამ, იდუმალი და შეუცნობელი?
საინტერესოა ის პასუხები, რაც თავად ინფექციონისტებსა და სამედიცინო სექტორის სხვა წარმომადგენლებს აქვთ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. კვლევის განსახორციელებლად მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ მათ შეხედულებებს, მოსაზრებებსა და პროგნოზულ მოდელირებებს. კრიტიკული მედიცინის, ვირუსოლოგებისა და ინფექციონისტების უმაღლესი რგოლის წარმომადგენლები, პანდემიის პრევენციის მიზნით, მთავრობას ეტაპობრივად, პანდემიური სურათის ლოკალური (წერტილოვანი) გამოვლინებებიდან გამომდინარე, სთავაზობენ ე.წ. „კლასტერიზაციის“ პროგრამას. არსებული პროგრამა იძლევა დადებით შედეგს და ვირუსის (COVID-19) შიდა გავრცელება ნელ-ნელა მცირდება.
მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, ყველა მიიჩნევს, რომ პანდემიური „აფეთქება“ გარდაუვალია, ვინაიდან მოახლოებულია რელიგიური დღესასწაულები -„ბზობა“ და „აღდგომა“. ამ პირობებში კი გართულდება სოციალური დისტანცირება. მსოფლიოს ძალიან ბევრ სახელმწიფოში ეკლესიების დიდი ნაწილი იხურება. წირვებს მხოლოდ ეკლესიაში მომუშავე მღვდელმთავრები და ტაძრის საეკლესიო პერსონალი ახორციელებს. რომის პაპი ვატიკანში სააღდგომო მესას მარტოდმარტო ატარებს.
საქართველოს მთავრობა კონსულტაციებს ახორციელებს საპატრიარქოსთან სოციალური დისტანცირების შესახებ და თანხმდებიან სააღდგომო რიტუალის ჩატარების წესის თაობაზე.
მეორე და საზოგადოებისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი – ეს არის აღდგომის ღამეს ერთი კოვზით ზიარების წესი. ჯანდაცვის სამინისტროს პირველი პირი ხმამაღლა აცხადებს, ერთი კოვზით ზიარების შემდეგ ადამიანთა დაინფიცირების შესახებ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს, რადგან კვლევები ამ მიმართულებით არ ჩატარებულა. ჯანდაცვის სამინისტრო ეკლესიას არ უპირისპირდება, ისევე როგორც მთავრობა. თუმცა არსებობს ინფექციონისტთა რეკომენდაციები სახლში დარჩენის და შინ ლოცვის შესახებ.
აღდგომის ღამე საქართველოში მშვიდად ჩაივლის. მოსახლეობის მცირედი ნაწილი ტაძრებში ღამისთევით მიდის, ნაწილი სახლში ლოცულობს, ნაწილი კი ორივე ქმედებას „ჩვეული „ კრიტიკით ხვდება. მოვლენები საინტერესოდ ვითარდება. ორ კვირაში მთავარი ინფექციონისტი აცხადებს, რომ ქვეყანაში „საეკლესიო კლასტერი“ არა აქვთ, არც ერთი დაინფიცირებული. პირიქით, იგრძნობა დაინფიცირებულთა მკვეთრად შემცირების ტენდენცია.
თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში მოსაზრებები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მრავალფეროვანი ხდება. პირველები მიიჩნევენ, რომ არსებული სურათის დადგომა მხოლოდ მთავრობისა და სამედიცინო მენეჯმენტის კოორდინირებული და მიზნობრივი მუშაობის შედეგია. მეორენი (პირობითად ვუწოდოთ „სკეპტიკოსები“) თვლიან, რომ საერთოდ „კორონავირუსული პანდემია“ შემოგდებული თემაა. ყოველივე საზოგადობის ყურადღების გადატანასთან და „ფასიანი ქაღალდების“ ბაზარზე ახალი თამაშის პირობების დამკვიდრებზეა ორიენტირებული. შესაბამისად მსოფლიოს ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის პირობებში, მაკროეკონომიკური სიტუაციის „გადასახალისებლად“ და საფონდო ბირჟებსა და მსხვილ სავაჭრო ცენტრებში, „მსხვილი რესურსების“ იაფად ხელში ჩაგდების მიზნით ხორციელდება. სკეპტიკოსთა მეორე ნაწილი უფრო რადიკალური შეხედულებების მომხრეა. ისინიც პანდემიას ხელოვნურ თემად მიიჩნევენ, რასაც მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია, „ჩიპიზაცია“ და 5G ანტენების საშუალებით ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეგავლენა და მათი ქმედებების მუდმივი გაკონტროლება მოჰყვება. ქართულ საზოგადოებაში, მათ შორის მედიკოსთა კორპუსშიც, მუსირებს მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომ ჩვენს ქვეყანაში, მარტო სამედიცინო კვლევითი ექსპერიმენტებით არ არიან გასული მიღწეულ შედეგზე. აქ ყველგან უფლის ხელი ურევია. როგორც უ. სკოტი იტყოდა: „არ ვიცი არც ერთი საღი მეცნიერული დასკვნა, რომელიც ქრისტიანულ რელიგიას ეწინააღმდეგება“.
არსებული მოსაზრების გაანალიზებისას, ქართველი კაცის სამყაროში უმალვე ჩნდება ყველა მითი, ლეგენდა საქართველოს შესახებ. საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლისა და გავრცელების ისტორია, წმინდანთა მოწამეობრივი ცხოვრება, რომლითაც ჩვენს ერს, როგორც ილია მართალი იტყოდა: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათგან: მამული, ენა, სარწმუნოება“. ფაქტი უდავოა-კორონავირუსული პანდემიის პირობებში საქართველო „გადარჩა“, მინიმალური მსხვერპლითა და პანდემიასთან ბრძოლის უდიდესი გამოცდილებით.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგში ახალი გამოწვევა გაჩნდა: ერთ თვეში შიდა ტურიზმის რეაბილიტაცია, ხოლო 1,5 თვეში (ანუ 15 ივნისს) საერთაშორისო ტურისტების მიღება. დიახ, არსებული რეალიებიდან გამომდინარე, ყველა ღონისძიება ტარდება, რათა საქართველო მსოფლიოში გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც უცხოელ ტურისტებს გაუღებს კარს და საერთაშორისო საჰაერო ფრენებს განახორციელებს.
არსებული გამოწვევაც საკმაოდ შეიცავს რისკის ელემენტებს. მართალია, მსოფლიოში კორონავირუსული ინფექცია დაღმავალი ტემპებით, მაგრამ საერთო სტატისტიკა მაინც საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდება. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან საქართველოს მთავრობის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, პირველ ეტაპზე, პოტენციურ ტურისტულ ბაზრებად შერჩეულ იქნება სამხრეთ-დასავლეთ აზიის ის სახელმწიფოები, რომელთაც ნაკლებად შეეხოთ პანდემიური სიტუაცია.
მნიშვნელოვანია სახელმწიფოს პოლიტიკა ტურისტების მიღება – მომსახურებებთან დაკავშირებით. მიზნობრივი მენეჯმენტის განხორციელების პირობებში სწრაფი ტესტებით შესაძლებელია შემომსველთა ეპიდემიოლოგიური სურათის დადგენა. ამ მხრივ საქართველოს აეროპორტებსა და განთავსების სისტემებში გვყავს მომსახურე პერსონალი, რომელთაც პანდემიის პერიოდში, უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ ათიათასამდე საქართველოს მოქალაქეს გაუწიეს მომსახურება კარანტინის პირობებში. ტურისტულ ობიექტებზე გადაადგილებისას მაქსიმალურად განხორციელდება სოციალური დისტანცირების პირობების დაცვა. აღნიშნული ქმედებები მაინც რისკის შემცველია.
დღის წესრიგში დგება მთავარი 3 თემა:
- რატომ უნდა აირჩიოს უცხოელმა ტურისტმა სამოგზაუროდ საქართველო?
- რატომ არის საიმედო და უსაფრთხო ქვეყანა საქართველო?
- რამდენად დევს არსებული უსაფრთხოების საკითხების მის ეთნიკურ, რელიგიურ და ყოფით ისტორიაში?
რა მოსაზრებებით შეგვიძლია დავადასტუროთ ყოველივე? სწორედ ეს არის ჩვენთვის მთავარი საკითხი. როგორც წესი, ნებისმიერ ქვეყანაში შესვლამდე, ტურისტი პირველ რიგში ღებულობს ცნობებს ამ ქვეყანაში გადაადგილებისა და ყოფნის უსაფრთხოების შესახებ. შემდეგ კი თუ რამდენად ტოლერანტულია ქვეყანა განსხვავებული რასის, კონფესიისა და ეთნიკური ჯგუფის მიმართ. შემდეგი ინტერესის ობიექტი – ამ ქვეყნის ისტორიულ-კულტურული ფასეულობები, მათ შორის წარმოშობისა და სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შესახებ არსებული მითები და ლეგენდებია.
დღეს, არსებულ ვითარებაში, ჩვენს ქვეყანას ყველა პირობა აქვს, ღრმა ისტორიულ წარსულში არსებული ლეგენდები საქართველოს, როგორც ტერიტორიული ერთეულის რუკაზე ჩამოყალიბების შესახებ მიაწოდოს ტურისტებს. ნებისმიერ ტურისტში განცვიფრებას იწვევს ლეგენდა საქართველოს შესახებ; ქართული სუფრის საწყისი ფენომენი; ქართველი, როგორც მლოცველი ერი; ქართული ღვინო როგორც დალოცვის საშუალება; ისტორიული წიაღსვლები – ქართული „წიპწების აღმოჩენა – დასტური იმისა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა; ქართული სადღეგრძელოების თანმიმდევრობა და თითოეულ სადღეგრძელოში დალოცვის ეთნოტრადიციული ელემენტი; სუფრის პირველი სასმისი – „უფლის დიდების“, ხოლო დასასრულ „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის“ სადღეგრძელო. ტურისტებისთვის საინტერესოა ეს თემა, რადგანაც ამ ტრადიციას იცავს ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის ნაკლებად მორწმუნენიც და ათეისტებიც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უკვე ქრისტიანობის გავრცელების ისტორია იწვევს განსაკუთრებულ ინტერესს ტურისტებში. მნიშვნელოვანია ისტორია საქართველოს მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრობის შესახებ. აღნიშნული ისტორიის უნიკალური გაგრძელებაა ის, რომ ქრისტეს მოწაფეთაგან სწორედ პირველს-ანდრია პირველწოდებულს ავალებს ქალწული მარიამი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებას. შესაბამისად რამოდენიმე საუკუნეში საქართველო სამოციქულო ეკლესიად ყალიბდება. მანამდე კი კაპადოკიელი წმ. ნინოს ვაზის ჯვრით შემოსვლა საქართველოში და ქრისტიანობის ჩამოყალიბების ისტორია.
ტურისტებისათვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება: საქართველოში არსებული ქრისტიანული სიწმინდეების შესახებ (უფლის კვართი, ღვთისმშობლის ვლაქერნი, წმ. გიორგის მტევანი და სხვ.), მათი ჩამობრძანების პირობები და შედეგები; ქართული არამატერიალური და კონფესიური კულტურის გზაჯვარედინზე ქრისტიანობა, როგორც უმთავრესი ფასეულობა; საქართველოს ისტორია, როგორც ომებისა და ბრძოლების ისტორია და მასში წმ.გიორგის, როგორც ქართველ მებრძოლთა მფარველი ანგელოზის შესახებ.
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ტურისტებში განსაკუთრებულ ინტერესს გამოიწვევს მითები აიეტისა და გრძნეული კოლხი მედეას შესახებ, რომელიც ბალახებით უამრავ დაავადებას კურნავდა და რომლიდანაც სათავეს იღებს მსოფლიოში ცნობილი ტერმინი „მედიცინა“. შესაბამისად, არსებული ტერმინი და მისი მიმდევრები ამ ქვეყანაში კვლავაც „მოწოდების სიმაღლეზე“ არიან.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო ტურისტებს ჩვენი ქვეყნის საიმედოობის, უსაფრთხოებისა და უნიკალურობის შესახებ, გარდა ეპიდმდგომარეობის დაძლევისა ,შეიძლება შემდეგი თეზისები შევთავაზოთ:
- საქართველო-მედიცინის სამშობლო;
- საქართველო- ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა;
- საქართველო-ღვინის სამშობლო;
- საქართველო-ქვეყანა, სადაც „სტუმარს ღვთის კაცად სთვლიან“;
- საქართველო-ეთნიკური და კონფესიური ტოლერანტობის ქვეყანა;
- საქართველო-ქვეყანა პანდემიის მიღმა.
არსებული თეზისების დახვეწის, უცხოელი სახელმწიფოებისა და ტურისტებისათვის მიზნობრივად მიწოდებისა და მათი ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოდ მომსახურების პირობებში, ქვეყანა ტურისტთა მიღების წინა წლის ნიშნულს სულ მალე დაუბრუნდება. ღვთის წყალობით კი საქართველოში ყველაფერი კარგად იქნება.
გამოყენებული ლიტერატურა:
- სტოველი ჰ. რისკითვის მზადყოფნა – მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის სახელმძღვანელო, თბილისი, “ნეკერი“ 2007.
- სურგულაძე ი. მითოსი, კულტი, რიტუალი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი
- ფილდენი ბ. მ., იოკილეტო ი. მსოფლიო მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილების მართვის სახელმძღვანელო პრინციპები, თბილისი, „ნეკერი“ 2007.
- United Nations Sustainable Development Group, Policy Brief: COVID-19 and Transforming Tourism- https://www.unwto.org/cultural-tourism-covid-19?fbclid=IwAR1kMwDnFDM2EXhyWO5umJ_XTEbIB2_iOHUqYj3v7NvjYcikUdzdbOh-Kg
- World Tourism Organization (UNWTO), cultural tourism & covid19; – https://unsdg.un.org/resources/policy-brief-covid-19-and-transforming-tourism
- Covid – 19 Related Travel Restrictions, 2020 – https://webunwto.s3.eu-west-1.amazonaws.com/s3fs-public/2020-09/200909-travel-restrictions.pdf
Malkhaz Ghvinjilia,
Professor of the Shota Rustaveli Theatre and Film Georgia State University
„New Life“ of intangible heritage in modern Georgian tourism
(Post-pandemic tourism in Georgia – 2020)
Abstract
Georgia is characterized by an abundance and diversity of intangible heritage phenomena. Starting from myths and legends, ending with the spread of Christianity in Georgia, It is characterized by interesting facts and sources. It is of special importance for any foreign tourist, to share the peculiarities of Georgian historical and modern ethnographic life.
Particular attention is paid to the post-pandemic period, for the first time in the world, preparation for receiving foreign tourists in Georgia. In dealing with the pandemic and recognizing it as a “safe country”, Georgia is based on ethnographic and Christian values for foreign tourists will offer interesting priorities. The existing realities are in the world civilization, the uniqueness of the national identity of our country It will emphasize again and will establish the image of a safe and interesting tourist country.
[1] United Nations Sustainable Development Group, Policy Brief: COVID-19 and Transforming Tourism.
[2] World Tourism Organization (UNWTO), cultural tourism & covid19;
[3] Covid – 19 Related Travel Restrictions, 2020
.