მაია კიკნაძე

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

აბჭოთა რეპერტუარი სანდრო ახმეტელის შემოქმედებაში

შალვა დადიანის პიესის „თეთნულდის“  ინტერპრეტაცია რუსთაველის თეატრის სცენაზე

(პირველი ნაწილი)

შალვა დადიანმა პიესა „თეთნულდი’’  1931 წელს დაწერა. პიესის მოქმედება  სვანეთში, 1930 წელს საბჭოთა ხელისუფლების დროს ვითარდება. ამ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი ძვრები ხდებოდა, სოციალისტური მშენებლობა ყველა სფეროში მიმდინარეობდა. 1929 წელს კომუნისტურმა პარტიამ მიიღო „სოციალიზმის  მშენებლობის პირველი ხუთწლედი“, რაც გულისხმობდა ეკონომიკის განვითარების, მრეწველობის, ტრანსპორტის, სოფლის-მეურნეობის სოციალიზმზე გადასვლის გეგმის შესრულებას. ქვეყანამ გარდამტეხი ბრძოლა გამოუცხადა ეკონომიკაში კაპიტალისტური გადმონაშთების წინააღმდეგ არსებობას, პრიორიტეტად გამოაცხადა „ქალაქისა და სოფლის კაპიტალისტურ ელემენტებზე სოციალიზმის შეტევა“ (სტალინი) და იდეოლოგიაში კაპიტალისტური მსოფლმხედველობის აღმოფხვრა.

სოციალისტური მშენებლობის „გარდატეხის“ (სტალინი) პარალელურად, მიმდინარეობდა ახალი საბჭოთა ადამიანის სულიერი ჩამოყალიბების პროცესი. საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, ნელ-ნელა იცვლებოდა ხალხის შეგნება, მაგრამ ეს ცვლილებები ხალხის ნაწილისთვის ყოველთვის არ იყო მისაღები, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ადათ-წესებს, რწმენასა და საუკუნეებით დამკვიდრებულ  ტრადიციას ეხებოდა. 

პიესაში, „თეთნულდი“ ასახული მოვლენები წარმოაჩენს პატრიარქალურ სვანეთსა და ახალ სვანეთს შორის არსებულ მენტალურ განსხვავებას, მსოფლმხედველობრივ დაპირისპირებას და ამ დაპირისპირების გარდაუვალ შედეგებს. სვანეთში ნატურალისტური მეურნეობა ბატონობდა, საჭირო იყო სამეურნეო პოლიტიკის შეცვლა, ნატურალისტური მეურნეობის აღმოფხვრა და სოციალიზმის მშენებლობის პრაქტიკაში განხორციელება.  

დადიანი წერდა: „..მინდოდა მეჩვენებინა, თუ პატრიარქალურ ცხოვრებას როგორ შეეჭრა დღევანდელ მეცნიერულ საფუძველზე დამყარებული ახალი გაგება ცხოვრებისა, როგორ დაუმსხვრია მას მისი ცრურწმენობის შექმნილი კერპები  და, მაშასადამე, აქედან გამომდინარე ძველი ყოფა-ცხოვრება და ადათები[1].“

  პიესის  მიხედვით, სვანეთს ბევრი საყოფაცხოვრებო პრობლემაგააჩნდა: არ ჰქონდა გზა, არ ჰქონდა მარილი. სვანეთს „სჭირდა ჩიყვი.“საჭირო იყო რეგიონში ახალი ინდუსტრიის დანერგვა,  ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება.

დადიანი, „თეთნულდის“ შესავალშივე აღწერს სვანეთში შექმნილ მძიმე ვითარებას: „როდესაც ქვეყანა ტრაქტორებით აგუგუნდა…, სვანეთში კიდევ ხის კავით ჩიჩქნიდნენ მიწას, როდესაც ქვეყანა რადიოთი ლაპარაკობდა, სვანეთი რვა თვე იყო მოწყვეტილი, როდესაც ქვეყანა სამკურნალოებით გაივსო, სვანეთში მარჩიელს შესცქეროდნენ, როდესაც ქვეყანამ იწყო მეცნიერული სოციალიზმით ხელმძღვანელობა, სვანეთში პაპების მოძღვრებას და ძველ ცრუმორწმუნეობას იცავდნენ, ერთიმეორის სისხლს ეძიებდნენ“.[2] ეს გახლდათ სვანეთის მტკიცე ხასიათი, მისი ბუნება, მისი სპეციფიკა. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდებს სჯეროდათ, რომ  სვანეთში შესაძლებელი იყო  გარკვეული ცვლილებების შეტანა, ვინაიდან სვანეთს ჰქონდა მდიდარი ბუნება. სიმდიდრის გამოყენება კი სვანეთს კეთილდღეობას მოუტანდა, რაც მხოლოდ საბჭოთა მთავრობის დახმარებით იყო შესაძლებელი.

„სვანეთის ბუნება მდიდარია!

სვანეთს აქვს ურთხელი და ბზა!

სვანეთს აქვს მეტალი და  ლითონი!

სვანეთს აქვს რვალი და ოქრო!“[3] – აღნიშნავდა ქორო.

საჭირო იყო მყინვარ თეთნულდის მეცნიერული კვლევა, რათა დადგენილიყო მისი გეოლოგიური პოტენციალი. სწორედ ამ მიზნით, თბილისიდან გაგზავნეს ახალგაზრდა მეცნიერი, წარმოშობით სვანი, პროგრესულად მოაზროვნე გელახსანი (კანჯარს, ქურციკს ნიშნავს). მასთან ერთად იმყოფება მისი თანამოაზრე მეუღლე, ამ სოფლის შთამომავალი  ლაჰილი (შველს ნიშნავს), რომელმაც თავისივე სოფელში ექიმად დაიწყო მუშაობა. ცოლ-ქმარს უყვარს მშობლიური კუთხე, მისი ბუნება, მათ უნდათ დაეხმარონ სოფელს, მაგრამ წინააღმდეგობას აწყდებიან ძველი თაობის მხრიდან. ლაჰილმა კარგად იცის თუ რა უჭირს სვანეთს

„მესმის შენი ხმა, ჩემო ქვეყანავ! გულს ტკივა შენი ჭირი! 

 მოვსულვართ სამკურნალოდ ახალგაზრდები, „ნაჭედნი გულ მტკიცები“.          მოვსულვართ გზის გასაყვანად,

მოგვიტანია მარილი,

მოგვაქვს სწავლა და მეცნიერება“.[4]

სვანეთში „მეცნიერებისა და განათლების შეტანა“ კატეგორიულად მიუღებელია ზოგიერთი ძველი თაობის წარმომადგენლისათვის. ლაჰილი, ამ შემთხვევაში,  უპირისპირდება თავის ბაბუას – ძველი ტრადიციების დამცველ არგიშდს, რომელსაც მთელ სვანეთში  „გონიერი და ჭკუის საკითხავი კაცის სახელი აქვს გავარდნილი“. მაგრამ მისთვის, სწავლა-განათლებას „მოაქვს გაქელვა ძველი ადათისა“. არგიშდი თვლიდა, რომ ნასწავლ კაცს „არ წამს არც ღვთაება, არც ჩვეულება“. მან საკუთარ შვილიშვილ სოთრანს სწავლაზე ხელი ააღებინა, რომ  ნასწავლობას არ „წაებილწა“.  მან მოიკვეთა საკუთარი შვილიშვილი ლაჰილი, რომელმაც არად ჩააგდო სისხლის აღების ტრადიცია და გელახსანს გაჰყვა ცოლად.                     არგიშდს, სოფელში ბევრი თანამოაზრე ჰყავს, ძველი სვანების სახით. მათი აზრით,  წმინდა თეთნულდზე ასვლა, საუკუნეებით განმტკიცებული რწმენის უგულებელყოფა, ტექნიკური პროგრესის განვითარების ხარჯზე,  ყოვლად მიუღებელია. პიესის შესავალში გამოდის ქორო, რომელიც თავის მონოლოგს  თეთნულდის შეფასებით იწყებს:

„თეთნულდი მიუვალია!

თეთნულდს ჯერ კაცის ფეხი არ გაჰკარებია! 

თეთნულდი სპეტაკია!

თეთნულდი წმინდაა! 

შეუხებელია თეთნულდი! 

მიუვალია თეთნულდი!“.[5]

სხვაგან – ისევ ქორო ამბობს: „ყოველი ჩვენი მთა სადგურია ჩვენი ღმერთების! თეთნულდი არის უდიდესი სავანე ჩვენ ღვთაებათა“. 

თეთნულდის, წმინდა ადგილის  მნიშვნელობას აღიარებს სვანეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი. ამდენად, ქოროს აზრი, სოფლის აზრიც არის, რომელსაც პერსონაჟები სხვადასხვა დროს წარმოთქვამენ: 

 „ყოველ გორაკს ჰყავს თავისი ღმერთი, მაგრამ თეთნულდზე სუფევს ღმერთი მთელი სვანეთისა“, – ამბობს ბიმურზი. ძმები – იშმაგ, ორბინე, გივერგილა მიიჩნევენ, რომ – „თეთნულდი წმინდაა, ხელშეუხებელია“.

ლაჰილის დედამთილი დიგორხანიც თავის დამოკიდებულებას გამოთქვამს თეთნულდის მიმართ: „ღმერთები ბევრია და მათ წმინდა და მაღალ მთებზე უყვართ ცხოვრება. რამდენიც მწვერვალია, იმდენი ღმერთია, მხოლოდ თეთნულდი კი ტახტია ღმერთების“.[6]

თეთნულდის დახასიათებით, ამდენად, ავტორი ხაზს უსვამს თეთნულდის საკრალურ მნიშვნელობას ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში და მთას –  მამა-პაპისეული  რწმენის,  დამკვიდრებული ტრადიციის სიმბოლოდ აქცევს. აქ მთა არ არის მატერიალური ღირებულება, არამედ სულიერების გამომხატველ ძალად წარმოგვიდგება, რომელსაც ავტორმა, პიესაში სული შთაბერა და „თეთნულდის ასულის“- იგივე „სულის“ სახით გამოაჩინა. შემთხვევითი არა არის, რომ პიესაში, „სული“ თეთნულდის გადარჩენას და ტრადიციის დამრღვევის დასჯას (იგულისხმება გელახსანი) სწორედ არგიშდისგან ითხოვს. თეთნულდი მკაცრია, კატეგორიული, სასტიკი. „მთის სულს“ არ მოსწონს არგიშდის ყოყმანი  სისხლის აღების შესრულებაზე და ემუქრება მას: „ისეთ რისხვას დაგალეწ თავსა, მთელს შენ ოჯახს გავანადგურებ..“. თეთნულდის „სულისაგან“ შეშინებული არგიშდი, მთას ბრძანების აღსრულებას ჰპირდება. პიესიდან ჩანს, რომ არგიშდის შურისძიება გელახსანზე, გარკვეულ წილად, შიშისაგანაც არის გამოწვეული, მაგრამ, ამავე დროს, სწამს, რომ თეთნულდის დაცვა მისი იდენტობის, ტრადიციის, მამა-პაპისეული რწმენის შენარჩუნებაც არის. ამგვარად, არგიშდი იცავს თეთნულდს ახალი ცხოვრების შემოჭრისაგან, კომკავშირელი ახალგაზრდებისაგან და აღმასკომის თავმჯდომარისაგან, რომელიც ცდილობს დაარწმუნოს ხალხი, თეთნულდის „გაღმერთების“ უსაფუძვლობაში. ცრუმორწმუნეობის წინააღმდეგ ბრძოლაში, თავჯდომარე იმედს ამყარებს  ახალგაზრდა გელახსანზე. სწორედ მეცნიერმა უნდა  დაუმტკიცოს სოფლის მაცხოვრებლებს, რომ თეთნულდი და, საერთოდ, მთები არანაირ სიწმინდეს არ წარმოადგენენ,  რომ მწვერვალზე „არავითარი ღმერთები არ განისვენებენ“.

მოულოდნელად ყველაფერი იცვლება, თეთნულდის მთაზე, მადნეულის აღმოსაჩენად მიმავალი გელახსანი, სხვისი დახმარების დროს იღუპება. გელახსანის ტრაგიკული სიკვდილით გახარებულია არგიშდი. მისი სიხარული ორმა მიზეზმა განაპირობა. ჯერ ერთი, გელახსანი  წმინდა მთას ვეღარ შეეხება, მეორე ის, რომ შურისძიება აღსრულდა (გელახსანის ოჯახს არგიშდის ოჯახის სისხლი მართებდა). გელახსანის სიკვდილამდე არგიშდი თეთნულდის „სულის“ მოთხოვნით მოქმედებდა. მან ჯერ შვილიშვილ სოთრანს სთხოვა არგიშდს თეთნულდზე გაჰყოლოდა და  უფსკრულში გადაეჩეხა, მაგრამ როდესაც სოთრანი ბაბუის ბრძანებას არ დაემორჩილა, არგიშდმა წყევლის რიტუალი ჩაატარა, რათა გელახსანს გზა ჩაჰკეტოდა და მთიდან გადავარდნილიყო. როცა გელახსანი დაიღუპა, გახარებულმა არგიშდმა მწვერვალებს მადლობა გადაუხადა:

„იხარებს ჩემი გული, იხარებს ჩემი ოჯახი… დაეცა მტერი, დაიღუპა, გადაიხაფრა… განადგურდა მტერი ჩემი ოჯახისა, შეურაცხყოფილი  ჩვენი ჩვეულებისა, გამტაცებელი ჩემის ნაშიერისა. …დაიღუპა კაცი, რომელს უნდოდა ფეხით გაეთელა ჩვენი წმინდა თეთნულდი… ჰოი, ჩვენი  უბიწო მთების ღვთაებაო, …შენ არ მიეც   ნება ბოროტ კაცს, რომ  შეებილწა ჩვენი რწმენა, …მტერი მიწაზეა გართხმული… მან ვერ მიაღწია მწვერვალს… მინდა ვამცნო უშბას, ვაუწყო ლაქუცას, შევძრა ჰისტოლა, ვაამო აილაშას, ჯინგითაურს, ლალვორსა და ტიხტენგენს, რომ უფსკრულს გადაიჩეხა ჭიაღუა, მათთკენ რომ მიხოხავდა! მინდა ვიმღერო , ისე ძლიერად, რომ ჩვენმა  მთებმა მითხრან მოძახილი, დაუკარით საზეიმო, მოიტანეთ ჩანგი, წინწილა, სანთური და ბარბითი. იცეკვეთ, გაიხარეთ!“.[7]

პიესაში გადმოცემული მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება ძველ სვანებსა და ახალგაზდებს შორის, საბოლოოდ ახალი თაობის გამარჯვებით მთავრდება. შურისძიებით შეპყრობილი ლაჰილი სამგლოვიაროდ კი არ გამოეწყობა, არამედ დიდი ენთუზიაზმით აგრძელებს ქმრის დაწყებულ საქმეს და დასახულ მიზანს აღწევს. თავის თანამოაზრეებთან ერთად, მყინვარზე ადის,  საბჭოთა დროშას აფრიალებს და მთას ნიშნის მოგებით მიმართავს:

„შენ სპეტაკ მყინვარს უკვე შეეხო ფეხი ადამიანისა, ფერხნი ქალისა! სირცხვილი შენ! მე ქალმა ვიძიე შური, თეთნულდ! ამიერიდან აღარ ხარ უბიწო და ქალწული!  მე აქ შემოვდგი ფეხი და ჩემი ქმარი, ჩემი აქ მოსვლით მკვთრეთით აღსდგა ჩემთვის.. გელახსან ცოცხალია თეთნულდ!.. შემს აქამდე ცივსა და მიუკარებელს უმწიკვლო თხემს უკვე ამშვენებს რევოლუციის ამაყი დროშა….მინდა ამ მოლიპულ ყინულზე შენის შეუხებელის ქედისა, ჩემის ფეხებით მოვხაზო საშინელი შურისძიების სიტყვები: თეთნულდ დავიმორჩილე მე გელახსანის მეუღლემ, ლაჰილ გირანდუყმა..დაგიმორჩილე შენ თეთნულდ, და ეს არის ჩემი შურისძიება“.[8]

  ლაჰილის წარმატებამ, თეთნულდის დალაშქვრამ, ბაბუამისი არგიშდის საბოლოო განადგურება გამოიწვია. მაშინ, როდესაც აღმასკომის მოედანზე შეკრებილ მოზეიმე ხალხს თავმჯდომარე სიხარულით ამცნობდა თეთნულდის დალაშქვრის ამბავს, სასოწარკვეთილი არგიშდი ამ დროს  სიცოცხლეს ეთხოვებოდა:  „აღარ ღირს სიცოცხლე! ეშმაკები და ჭინკები დაეპატრონენ ჩვენ თავს, ჩვენს მთებს და ამ მთების ამაყ სულსა. ვაი თეთნულდ! თეთნულდ, შენც მიუვალო და შეუხებელო. შენ ტახტო ჩვენის შეუვალობისა, ვაი შენდა, რამეთუ სირცხვილ იქმენ. ქალმა ფეხი დაგადგა..შენი სპეტაკი ჭაღარა შებღალა ცდუნებისათვის… რაღანი ვართ ახლა, ოდეს განვიძარცვენით ჩვენი რწმენისაგან და თეთნულდი აღარ წმინდანობს ჩვენთვის..ფუჭია ამიერით ჩვენი ცხოვრება! .. აზრი ჩვენი დარღვეული, ზნენი და ჩვეულებანი ჩვენი დამხობილი..აღარა ღირს სიცოცხლე, არა აქვს მას ნიშანი არსებობისა…“.[9] 

„სიწმინდის შებღალვით“ შეურაცხყოფილმა  არგიშდმა  დაკარგა რა ცხოვრების საზრისი თავი მოიკლა. კომკავშირლების აზრით, არგიშდის სიკვდილით, ძველი მსოფლმხედველობა, უმეცრება   „წარსულს ჩაბარდა“.

 პიესის ფინალური ეპიზოდი კვლავ მყინვარწვერზე ვითარდება. ლაჰილი და მისი თანამგზავრები ფერხულს უვლიან. ლაჰილი კვლავ იმეორებს: „მე დაგიმორჩილე შენ თეთნულდ, გელახსანის მეუღლემ, ლაჰილ გირანდუყმა.“ (ქვემოთ განათდა). პიესა ოპტიმისტურად მთავრდება ახალმა ცხოვრებამ, ძველზე  გაიმარჯვა, სინათლე გამოჩნდა. პროგრესი გარდაუვალია.. 

შალვა დადიანისთვის, პიესა „თეთნულდის“ დაწერის შთაგონების წყარო გახდა, 1929 წელს, მყინვარის დაპყრობის დროს ორი მთამსვლელის – სვიმონ ჯაფარიძისა და პიმენ დვალის დაღუპვის ამბავი, რომელიც დადიანს სანდრო ყანჩელისგან შეუტყვია, მასვე უთხოვია ამ თემაზე პიესის დაწერაც. „შალვას ყურად უღია მეგობრის რჩევა და 1930 წ. იხმო თავისთან და პიესა წაუკითხა“ (ბურთიკაშვილი). პიესამ თეატრალურ წრეებში მალევე მიიქცია  ყურადღება. შალვა დადიანის მოგონებებიდან ვიცით, რომ პიესას ბევრი რეჟისორი გაეცნო.   თაიროვი, სტანისლავსკი, კურბასი, ნემიროვიჩ-დანჩენკო. დანჩენკოს სურდა, პიესა ოპერად გადაკეთებულიყო და თავისივე სახელობის მუსიკალურ თეატრში დაედგა. დადიანსაც შესთავაზა ლიბრეტოს დაწერა, რის შესახებაც დადიანმა თანხმობა განუცხადა, თუმცა  დადგმა ვერ განხორციელდა.

მოსკოვის ებრაელთა თეატრ „გოსეტსაც“ სურდა პიესის დადგმა (უნდოდათ, რომ პიესა ახმეტელს დაედგა), ბელორუსიის სახელმწიფო თეატრსაც და უკრაინაში „ბერეზილსაც“.  ბერეზილის მთავარმა რეჟისორმა, კურბასმა პიესა გადასცა ცნობილ პოეტს – ტიჩინას, უკრაინულ ენაზე სათარგმნელად, ხოლო პიესის ფონის შესასწავლად, შემოქმედებითმა  ჯგუფმა სვანეთში იმოგზაურა.  მიუხედავად ამისა, ვერცერთმა თეატრმა ვერ მოახერხა მისი განხორციელება.   

საქართველოში, პიესას  პირველად კოტე მარჯანიშვილი გაეცნო, „დიდის ენთუზიაზმით ეპყრობოდა კიდეც და ყველგან ამ პიესის ქებასა და ტრაბახში“ ყოფილა (შ.დადიანი). მიუხედავად იმისა, რომ პიესა მოსწონდა, მისი სცენაზე განხორციელება ვერ მოახერხა. დადიანს  გული სწყდებოდა,  ფიქრობდა,  რომ კოტემ არ მოისურვა პიესის დადგმა.  შემდეგ მან პიესა ახმეტელს გადასცა. ამ დროისთვის ახმეტელსა და მარჯანიშვილს შორის დიდი უკმაყოფილება არსებობდა. გაუთავებელი ჭორ-მართალი ირეოდა ერთმანეთში. დადიანი ორივე ხელოვანს დიდ პატივს სცემდა, თუმცა მათი შედარება (გამოცდილების გამო), არ მიაჩნდა მართებულად „… დღეს შეიძლება მე  მერჩივნა, რომ პიესა უკვე დასრულებულ ხელოვანის ხელში ყოფილიყო, მაგრამ ეს კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა მხატვარი მას  ნაკლებად  დადგამს“, [10] – აღნიშნავდა დადიანი.

„თეთნულდმა“ კრიტიკოსთა წრეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. კრიტიკოსთა  (ა.დუდუჩავა, პ.ვირთაგავა, გ.ციციშვილი) განსაკუთრებული ყურადღება იმით იყო გამოწვეული, რომ პიესა  საბჭოთა ტრაგედიის შექმნის მცდელობას წარმოადგენდა.

გიორგი ციციშვილის აზრით,  „თეთნულდი’’ პირველი ცდაა საბჭოთა ლიტერატურის თეორიასა და პრაქტიკაში, საყოველთაოდ მივიწყებილი ტრაგიკული ჟანრის გაცოცხლებისა და მისი სრულიად ახალი შინაარსით ავსებისა[11].“

მე-20 ს-ის 30-იან წლებში, საბჭოთა ტრაგედია თავისი ნიშან-თვისებებით ხასიათდებოდა. ტრაგედიაში გმირის დაღუპვა არ ნიშნავდა იდეის დაღუპვას, არამედ  გულისხმობდა იდეისათვის სასახელოდ თავის გაწირვას, რომელსაც ყოველთვის გამგრძელებელი ჰყავდა. თეთნულდში, გელახსანის დაღუპვის შემდეგ, მისი მეუღლე ლაჰილი წარმატებით ართმევს თავს ქმრის დაწყებულ საქმეს, რაც პიესას ოპტიმისტურ ჟღერადობას აძლევს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ლაჰილის მიერ თეთნულდის დაპყრობამ, არაერთი კრიტიკოსის უარყოფითი შეფასება გამოიწვია. კრიტიკა მდგომარეობდა ლაჰილის გადაწყვეტილებაში. ის სამეცნიერო მიზნით კი არ მიდის თეთნულდზე, არამედ ქმრის  დაღუპვის გამო უნდა იძიოს თეთნულდზე შური, რამაც შეასუსტა პიესაში საქვეყნო საქმის გაგრძელების იდეა. ლაჰილის მიერ შურისძიებით გამოწვეულ მოქმედებას, მოგვიანებით დადიანმა „ჩემი შეცდომა“ უწოდა.

დადიანის პიესაში გადმოცემულმა სამეცნიერო პროგრესულმა განვითარებამ და ტრადიციის დაპირისპირებამ სანდრო ახმეტელის ინტერპრეტაციაში მეტი სიმძაფრე და დრამატიზმი შეიძინა. სპექტაკლის არსი „ადამიანის შემეცნებითი მიზანსწრაფვისა და ტრადიციის, სამეცნიერო პროგრესისა და მითოლოგიური საკრალურობის ტრაგიკულ დაპირისპირებაში მდგომარეობდა“.[12] ახმეტელმა, პირველივე რეპეტიციაზე (რეპეტიციები დაიწყო 1931 წლის 18 აგვისტოს), დამდგმელ ჯგუფს აუხსნა პიესის სარეჟისორო სტრუქტურა, გააცნო საკუთარი ხედვები, განუმარტა გარკვეული საკითხები. რეჟისორისთვის, თეთნულდი, ძველი სვანეთის შეუვალობის სიმბოლოს, ხალხის  ხსოვნაში გაცოცხლებულ ღვთაებას, პირველქმნილ სიწმინდეს წარმოადგენდა, რომელიც ხალხმა რელიგიური ფანატიზმის სამოსში გახვია, ახალ თაობას კი სურდა მთა ხალხის სამსახურისთვის გამოეყენებინა.„თეთნულდი უნდა გადალახოს ახალმა თაობამ, ახალმა ადამიანებმა ცივსა და უსარგებლო  რომანტიკულ მწვერვალს ხალხისათვის სამსახური უნდა მიუჩინონ. როცა ახალი ძალა, ნათელი და ძლიერი, დაეუფლება მწვერვალს, როცა საბჭოთა ადამიანები დაეპატრონებიან მას, ჩვენ მოგვესმება უკანასკნელი ხმა ძველისა..ჩვენ კი უნდა ვაჩვენოთ ახლის დაბადების პათოსი, მისი მგზნებარე სული.. მძაფრი და დაუნდობელი უნდა იყოს ძველისა და ახლის ჭიდილი. ასე წარმოუდგენელია ტრაგიზმი“,[13] – აღნიშნავდა ახმეტელი.

 „თეთნულდის“ დადგმა „ანზორის“ (1928) და „ლამარას“(1930) შემდეგ, სანდრო ახმეტელისთვის რუსთაველის თეატრის ნაციონალური ხაზის გაგრძელება უნდა ყოფილიყო. ამ სპექტაკლში მას კიდევ ერთხელ უნდა „გაეხსნა“ თეატრის ნაციონალური პრინციპები, რომელშიც ახმეტელი ქართულ სანახაობით ფორმების ათვისებას გულისხმობდა. ქართული სანახაობითი ფორმებით გატაცება ახმეტელისთვის არ იყო  სიახლე, მას ამ საკითხზე დიდი ხნის ნაფიქრი ჰქონდა (იგულისხმება სპექტაკლებზე „კვაჭი კვაჭანტირაძესა“ და „ბერიკაობაზე“ მუშაობა – მ. კ.).

ახმეტელის წერილებიდან თუ სხვადასხვა ჩანაწერიდან ვიცით, რომ რეჟისორმა მთელი სპექტაკლი გაიაზრა როგორც ფოლკორულ-სარიტუალო სანახაობა. მას უნდოდა სპექტაკლი ხალხური სანახაობითი ელემენტებით დაეტვირთა. ამ თვალსაზრისით, ახმეტელმა პიესაში დამატებითი სცენები შეიტანა (ბაპებისა და ყეენობის). აკაკი ვასაძე, რომელიც სპექტაკლის თანადამდგმელად მუშაობდა, აღნიშნავდა: „სანდრომ მე დამავალა მონაწილეობა მიმეღო ბაპების, ახალგაზრდა გუნდის და სვანური „ყეენობის“ სიტყვიერი მასალის დამუშავებასა და სცენიურ  განხორციელებაში“.[14]

სპექტაკლზე მუშაობა, ახმეტელმა ტექსტით დაიწყო.  რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცულია დადიანის პიესის სცენური ვერსია,[15] რაც საშუალებას გვაძლევს შევადაროთ ორიგინალური და სცენური ტექსტები ერთმანეთს, დავაკვირდეთ ტექსტზე მუშაობის დეტალებს. რეჟისორმა ამ მხრივ გარკვეული სამუშაოები ჩაატარა. ზოგიერთი სცენა შეცვალა, გადააჯგუფა, ახალი ჩაამატა, თეთნულდის ასულის, არგიშდის,  ქოროს  მონოლოგები დაშალა და სხვა პერსონაჟებს გაუნაწილა. 

პირველ რიგში ახმეტელმა სპექტაკლი სცენებად დაყო, თითოეულ სცენას თავის სახელი დაარქვა.  5-მოქმედებიანი პიესა 4 მოქმედებად და 18 სურათად წარმოადგინა და  ამის შესახებ პროგრამაშიც მიუთითა. I აქტი (ეპიზოდი-გადაცემა, ლაჰილ, ქორმახვშვი, გელახსან, აღმასკომი); II აქტიც 5 ეპიზოდისგან შედგებოდა (ლამპრობა-ყაინობა, შეთქმულება, შურისმგებელი, სოთრან და გურანდა, თეთნულდისაკენ);   III აქტი  (ქორწილი ყინულებში, არგიშდის გოდება, ლოდინი, გლოვა…):  IV აქტი (თეთნულდისაკენ, დარღვეული კერა, თეთნულდის მწვერვალზე). 

პიესაში ცვლილებების შეტანით, შალვა დადიანი არ ყოფილა დიდად კმაყოფილი, თუმცა ამ მხრივ, მისი დამოკიდებულება ორაზროვანი იყო, ზოგჯერ წინააღმდეგობრივიც. ხან კმაყოფილი, ხან უკმაყოფილო. მწერალი თვლიდა, რომ შემოქმედებითი თავისუფლების მიუხედავად, ახმეტელი მას თავის ჩანაფიქრს უზიარებდა. ამიტომ ამბობდა დადიანი: „თეატრი და რეჟისურა.., როგორც ავტორს მომეპყრო მე დიდი სიყვარულით, პატივისცემით“.   შალვა დადიანი, როგორც თვითონ აღნიშნავს, არ ერეოდა სპექტაკლის მუშაობაში. „მე თავიდანვე ავირიდე რეპეტიციებზე ხშირი დასწრება. არ მინდოდა არც მე ავღელვებულიყავ და არც რეჟისურა ამეღელვებინა. ავტორს ტექსტი ეძვირფასება და თეატრის მონტაჟს არც თუ ისე ადვილად ემორჩილება. თეატრს კი ზოგჯერ ავტორი ზღუდავს ხოლმე…მართალია, გამოცდილ ავტორს უნდა დაეჯერებოდეს, ჩემისთანა თეატრის კაცს უნდა ეკითხებოდეს…“.[16] მაგრამ ამავე დროს, როდესაც ახმეტელმა ფინალურ სცენაში არგიშდის მონოლოგი  შეცვალა (პიესაში არგიშდი თოფით იკლავს თავს, სპექტაკლში მას გული უსკდება), პიესის ასეთი მონტაჟით დადიანი გულდაწყვეტილი წერდა:

  „მე არ მომწონს ეს ფიფირექცია, რადგან როგორც მე მგონის ყველა ავტორს, მეცა მაქვს ყოველ ნაწარმოებებში და აქაც რასაკვირველია ჩემი ლოგიკა მოვლენათა მიმდინარეობისა, ჩემი ქრონოლოგია, მოზღვავება, დასკვნა და სხვა. სპექტაკლი უსათუოდ დიდს და ლამაზ შთაბეჭდილებას სტოვებს, მაგრამ ავტორის განზრახვა, რასაკვირველია, იჩრდილება ზოგ თეატრალობაზე გადაყოლით“.[17] დადიანის მოსაზრების მიუხედავად, ახმეტელსა და დადიანს  კეთილმეგობრული თანამშრომლობა  ჰქონდათ. ახმეტელს უხუმრია კიდეც დადიანთან „შალვა ნუ გაგიკვირდება, თუ რამე ჩავუმატეთ, ან გამოვაკელით შენს პიესას. რომ იცოდე, შილერს რა ვუყავით?“  (პარალელურად ახმეტელი შილერის „ყაჩაღებზე“ მუშაობდა – მ.კ). დადიანმა უპასუხა: „საშა, გენაცვალე, შილერს რაც გინდა ის უყავი, რადგან ის უკვდავია და ვერას დააკლებთ, მე კი დამზოგეთ მეთქი..“.[18]

ახმეტელმა, სპექტაკლში, მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო ძველი სვანეთის ყოფა-ცხოვრების ამსახველ სცენებს, მან წინა ხაზზე გადმოიტანა სვანთა ტრადიციისა და ადათ-წესების ურყეობის თემა. ამ თვალსაზრით, პიესაში გაზარდა „ბაპების“ სცენები, და მას მეტი დატვირთვა და მნიშვნელობა შესძინა. დადიანის პიესაში წარმოდგენილი ერთი ბაპი ბიმურზი, ახმეტელის სპექტაკლში რიცხობრივად გაზარდა და 6 ბაპი დაუმატა.

„ბაპები, – აღნიშნავადა ახმეტელი – ის ხალხია, რომლებიც იცავენ ძველი სვანეთის ადათებს და კანონებს აღმოცენებულს რელიგიურ ინსტინქტებზე. რელიგიური გრძნობების გაღვივების მთავარ ძალას ისინი წარმოადგენენ…1. ბაპი – კანონმდებელია, მე-2 ფანატიკოსი, მე-3 ინფორმატორი, მე-4 ფილოსოფოსი, მე-5 აღმასრულებელი – ყველანი ერთად რელიგიის მსახურნი, მისი მოციქულნი“.[19]

ბაპების რიცხობრივად გაზრდით, ახმეტელს სურდა ხაზი გაესვა ბაპების როლის მნიშვნელობაზე – „ძველი სვანეთის“ მამა-პაპისეული რწმენისა და ტრადიციის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში.

თეთნულდის გაკერპება მამა-პაპათა ტრადიციის შენარჩუნებას კი არ ნიშნავდა მხოლოდ, არამედ გარკვეულად ახალი ცხოვრების უარყოფასაც. პატრიარქალური მსოფლმხედველობის ერთგულება სვანეთს ახალი საბჭოთა ცხოვრების შეჭრისაგან  იცავდა.  შალვა დადიანმა, რომელმაც თავისი მოგონებები „თეთნულდს“ მიუძღვნა (გამოაქვეყნა ნინო ქიქოძემ), დაწვრილებით აღწერა პიესის შესავალი ნაწილი. ავტორის მიერ განცდილი საკუთარი პიესის სცენური ვერსიის შეფასება, თუნდაც სუბიექტური, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და უდავოდ წარმოადგენს საუკეთესო მასალას  სათეატრო მემუარისტულ ლიტერატურაში (გამონაკლისის სახით, მახსენდება გრიგოლ რობაქიძის მოსაზრებები სპექტაკლ „ლამარაზე“).  

დადიანი, თავის მოგონებებში, ბევრ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას, რაც კიდევ უფრო  საინტერესოს ხდის მის მონათხრობს.  ავტორი გულდასმით აღწერს სპექტაკლზე მუშაობის პროცესს, საუბრობს მუსიკასა და მხატვრობაზე. ზოგიერთ სცენას კი ისე ხატოვნად გადმოგვცემს, რომ საშუალებას გვაძლევს სპექტაკლის თანამონაწილედ გვაქციოს. მაგალითად, ის დაწვრილებით აგვიღწერს სპექტაკლის შესავალ ნაწილს, რომელიც  მთელი სპექტაკლის ტონის მიმცემი უნდა ყოფილიყო.

„… ფარდის გაშლისას წინა სცენაზე ნელ-ნელა გამოჩნდებოდა უზარმაზარი, თითქმის ნატურალისტური სვანური კოშკები..შემდეგ კოშკები ნელ-ნელა ერთი მეორეს სცილდებიან და უკანა პლანზე გამოჩნდება კონსტრუქციული სტილის ყინულოვანი და ბრწყინვალე თეთნულდი. სინათლე დიდის სიმარჯვით არის აქ გამოყენებული.. ამ კონსტრუქციულ მზის კალთაზე,  პაწია მოედანზე, კოშკების დაცილებისას  გამოჩნდებოდა შვიდი ტყაპუჭით მოსილი ზურგი, ცოტა ხნის შემდეგ მოისმის როგორ აღავლენენ ისინი ლოცვას რომელიღაც წმინდანისადმი. უეცრად ეს შვიდივე,  მობრუნდება და ჩვენ ვხედავთ შელანძღულს, დაღრეცილს, გაკერპებულს და საშიშარ სახეებს სვანებისას.. ეს პუბლიკისაკენ შემობრუნებული ბაპები იხსენიებენ მათ წმინდა მთებს და გალობით უძღვნიან  ხოტბას. იხსენიებენ ახლად ჩამოსულ მეცნიერ გელახსანს, რომლის სისხლიც მართებს ამ სოფლის წარჩინებულს, ქორ-მახშვით  (უფროსს) ოჯახს დაწყევლიან და რისხავენ მას და მის მეუღლეს, ახალგაზრდა მკურნალ ქალს ლაჰილს..რადგან მათ არ მოსწონთ  ნასწავლები…შეასრულებენ ამ დარისხვის რიტუალს სიმღერით, როკვით და შემდეგ ჩამოსხდებიან დამშვიდებულნი, რომ მათი ლოცვა ღმერთებმა უკვე შეიწირეს, ღიღინებენ. ამ დროს მათთან მიიჭრება უფროსი ბაპი ბიმურზ და ატყობინებს, რომ გელახსანს განუზრახავს თეთნულდზე ასვლა..პირველ ხანად არც კი იციან, როგორ შეუშალონ ხელი გელახსანს, მოაგონდებათ არგიშდი..და გასწევენ მისკენ. (პიესაში,  ბიმურზისაგან იგებს არგიშდი გელახსანის განზრახვას  მთაზე ასვლის შესახებ -მ.კ)  ბაპები გავლენ სცენაზე. გამოჩნდება ლაჰილ, შეამჩნევს ბაპების მიერ დატოვებულ ხის შუბებს, რომლებზედაც „წმინდა სანთელი“ ანთია და ახალგაზრდებს ეკითხება: „რა არის ესაო?“ აქ თეატრი გადმოსცემს ანტირელიგიურ სცენას და სვანურ სახუმარო  ფერხულით  შაირობაზე „იცბილ-მაცბილ’-ზე გადადიან.  აქაც ლამაზ და მოხდენილ სიმღერითა და ცეკვით თავდება სცენა“.[20]

დადიანის მონათხრობიდან კარგად გამოჩნდა, რომ ახმეტელმა სპექტაკლი ბაპების გამოსვლით დაიწყო. თუ  დადიანმა, პიესის შესავალი გელახსანის მიერ  თეთნულდის დალაშქვრის  განზრახვაზე საუბარით დაიწყო და ეს განზრახვა, როგორც პროგრესული ფაქტი ისე წარმოგვიდგინა, სპექტაკლში აზრი თვისობრივად შეიცვალა და გელახსანის „განზრახვა“ ტრადიციებთან და ადათ-წესებთან დაპირისპირებად შეფასდა. ხუცესთა აზრით, გელახსანის  საქციელი პროგრესთან კი არ ასოცირდებოდა, არამედ უღმერთობასა და უწმინდურობასთან. ამდენად, სპექტაკლში ბაპების მსოფლმხედველობა, მკაცრი პოზიცია, სამყაროს ხედვა, მაყურებლისთვის პირველივე სცენებიდან იყო გამოკვეთილი. 

სცენური ვერსია ბაპების პირველი შემოსვლით იწყება: 

 საილუსტრაციოდ მომყავს  ნაწყვეტი  შესავალი  ნაწილიდან:

 

1-სურათი

 

1 ბაპი – იამენ ერთჯერ-თქო

2 ბაპი – იამენ ორჯერ-თქო

3 ბაპი- იამენ სამჯერ-თქო

1 ბაპი – ვისაც გესმოდეთ და არა გესმოდეთ პირსა და  პირმეტყველსა კაცსა და პირუტყვსა, ტყესა და კლდესა მთანო სავანევ მეუფეთა. უშბა

ყველა – იამენ

1 ბაპი – ლაქუცა

ყველა – იამენ 

1 ბაპი – ლალვორ

ყველა – იამენ 

1ბაპი – ტიხტენგენ

ყველა – იამენ                   

1-ბაპი  –   თეთნულდ უდიდესო სავანევ ჩვენ ღვთაებათა

ყველა   –   თეთნულდ, თეთნულდ ….

1 ბაპი – გამცემი ჩვენი რჯულისა და ადათისა

ყველა – გელახსან გელახსან …

………

3  ბაპი – ასე გამობრწყინებული ჯერ თეთნულდი მე არ მინახავს

4 ბაპი – დილით მის  მწვერვალს ჯანღი ეკრა

2 ბაპი – ნასწავლებს მოაქვთ გაქელვა ძველის ადათისა და

მეცნიერება ჩვენ გულს გვპარავს

3 ბაპი-  თუ არ დაისაჯნენ სამაგალითოდ სვანეთს შემოესევიან ჭინკები და ოჩოკონები

5 ბაპი – მათ სწავლას ჩვენი გუნება ვერ ეთვისება

6 ბაპი- სვანეთს თავისუფლება უყვარს

1 ბაპი –  ჩვენ ასე გვიცხოვრია საუკუნოობით

4 ბაპი –  ჩვენ შეუვალობას იცავს ჩვენი მთები

3 ბაპი – სვანეთს აქვს ხასიათი უდრეკი

ბიმურზა –  შერცხვა ჩვენი ქვეყანა

ყველა –  ბიმურზ რა მოხდა

ბიმურზ – ლაფი ესხმება  თავსა

1 ბაპი – რა უბედურება გვეწვია

ბიმურზ – მეტი უბედურება ჩვენს ქვეყანას  არ მოუვა

ყველა – ბუმურზ ბიმურზ

ბიმურზი  – ეხლა უნდა  მოსცხონ თვით თეთნულდსაც

ყველანი – თეთნულდს

ბიმურზი – თეთნულდს

ყველა – ვინ რომელი

ბიმურზ – არგიშდის სიძე გელახსანი აპირებს თეთნულდზე ასვლას

ყველა – ასვლას, ასვლას, ასვლას

2 – თეთნულდი მიუვალია

3 ბაპი- თეთნულდს ჯერ კაცის ფეხი არ გაკარებია

ბიმურზ – მუხლი მიკანკალებს გული აპირებს თავის საბუდრიდან გადმოგდებას

1 – ყოველი მთა სადგურია ჩვენი ღმერთების თეთნულდი არის უდიდესი სავანე  ჩვენ ღვთაებათა

1 ბაპი – ყოველ  გორაკს ჰყავს თავისი ღმერთი თეთნულდზე სუფევს ტახტი ღმერთქალ დალისა

ბიმურზ- უძლური ვარ მე ცოდვილი და უღირსი მონა მე მხოლოდ  ცოდვაღა ძალმიძს ვით ერემიას

  • ბაპი– თეთნულდი სპეტაკია

 3 ბაპი – თეთნულდი წმინდაა…

 ბიმურზ – რა ვიღონოთ სიწმინდის მცველნო

2 ბაპი-აი კანონი და სამართალი …

>>>>>> 

2 ბაპი –  სვანეთს აქვს თავისი კანონი 

ბიმურზ – ჩვენ სამართალს ისინი ფეხქვეშ თელავენ

3 ბაპი – ფეხზე დადგა მთელი სვანეთი

ბიმურ – ვაი რომ ისინიც სვანებია ვისაც სურს ჩვენი მთების მყუდროება  შებილწოს..

1 ბაპი – მათ სისხლი მართებთ უნდა ზღვან კიდეც

ბიმურზ – სისხლი არგიშდი არგიშდი ვალალ ვალალ

6 ბაპი – არგიშდი უდრეკია

5 ბაპი – არგიშდი ურყევია

4ბაპი- მან დათმობა არ იცის

3 ბაპი – მან არ მიიღო თავისი შვილის  შვილი ლაჰილ თავის სახლში

2 ბაპი – რადგან იგი ცოლად  ყავს გელახსანს, რომელსაც  არგიშდის ოჯახის  სისხლი მართებს

1 ბაპი –  არგიშდიმ არ გასტეხა ძელი რჯული

3ბაპი – ამისთვის არ დაზოგა  თავისი შვილი შვილი

4 ბაპი – არ  გაიკარა თავის ახლოს    

2 ბაპი – მისი გული ამ ჟამათ ბოღმით არის სავსე

1 ბაპი – იჰა მივმართოდ

ყველა  – არგიშდი  არგიშდი

თეთნულდო დარისხვე მტერნი თეთეთნულდ დიდო თეთნულდ

 

პირველი სურათის დასასრული  

 

სპექტაკლში ბაპების სცენებს სხვა ეპიზოდებშიც ვხვდებით, რომელთა მნიშვნელობაც სტატიის მომდევნო ნაწილში დეტალურად გამოიკვეთება.

 

(გაგრძელება იხილეთ მომდევნო ნომერში)

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  • ახმეტელი ა, წერილები, თბ., 1964
  • ბოკუჩავა თ,მითოსი და ქართული თეატრი, თბ.,2019 ;
  • დადიანი შ, პიესები, თბ., 1958
  • ციციშვილი გ. შალვა დადიანის დრამატურგია, თბ.,1955
  • დადიანი შ. „თეთნულდის შესახებ“, ჟურ. „საბჭოთა ხელოვნება“, #3, 1973;

 

 

                          Maia Kiknadze

Soviet Repertoire in Sandro Akhmeteli’s Work

Interpretation of Shalva Dadiani’s play “Tetnuldi” on the stage of Rustaveli Theater

(The first part)

Keywords: tradition, socialism, folk shows.

 In 1931 was written Shalva Dadiani’s play “Tetnuldi”. The activity of play takes place in Svaneti during Soviet government in 1930.  At this time significant movements were happening in the history of our country; socialist construction was taking place in in fields. The country declared critical struggle to the existence of capitalist survivals in economics, the soviet economics was developing. In accordance with the play “Tetnuldi” Shalva Dadiani reflected the first steps of entrance of socialism to Svaneti.

. Together with the improvement of living conditions time by time was also changing people’s consciousness, though such changes were not always acceptable for the certain part of population, especially when the case related to the customs, faith and traditions established for centuries.

 The play demonstrates ideological opposition of old and new generations caused due to scientific research of Glacier Tetnuldi. Soviet government together with the young scientist was trying to study geological potential of Tetnuldi that was unacceptable for the representatives of old generation. They considered Tetnuldi as “Sacred Mountain”, “Place of Gods”, where nobody stepped yet. In accordance to their minds, going uphill and fulfilment of research works meant denial of centuries-long traditions that was completely unacceptable for them.

 New generation – so called progress won opposition taken place between old and new generation, they grabbed Tetnuldi and hoisted Soviet flag.

 Sandro Akhmeteli staged play “Tetnuldi” in Rustaveli Theater. He wanted to show ideological opposition taken place between generations.

 In order to have aggravated the topic of play he added some scenes to the performance. It related to the scene of “Bapebi” (Elders of Svaneti). If in the play was mentioned one elder, in the performance Akhmeteli represented 7 elders and thus emphasized importance of elders in the ideology of Svaneti’s population. Unlike play the performance also started by performing the scene of elders. Thus, Akhmeteli made the performance more adapted for the stage.

[1] დადიანი, „თეთნულდის შესახებ“,  1973, გვ.91.

[2] დადიანი, პიესები, 1958, გვ.119

[3] დადიანი, პიესები, 1958, გვ. 119

[4] დადიანი, პიესები, 1958, გვ.119

[5] დადიანი, პიესები, 1958, გვ.116.

[6] დადიანი, პიესები, 1958, გვ.131.

[7] დადიანი, პიესები, 1958, გვ.161

[8] დადიანი, პიესები, 1958, გვ.187

[9] დადიანი, პიესები, 1958, გვ.169

[10] დადიანი, თეთნულდის შესახებ, 1973, გვ. 93

[11] ციციშვილი, შალვა დადიანის დრმატურგია, 1955, გვ. 192

[12] ბოკუჩავა, მითოსი და ქართული თეატრი, 2019,  გვ.58

[13] ახმეტელი,  წერილები, 1964. გვ.160

[14] ვასაძე, მოგონებები და ფიქრები, 2010, გვ. 327

[15] რუსთაველის თეატრის მუზეუმი, ფონდი N 1115

[16]დადიანი თეთნულდის შესახებ, გვ 93.

[17]დადიანი თეთნულდის შესახებ, 1973, გვ.95

[18] იქვე, დადიანი, გვ.93

[19] ახმეტელი, წერილები, 1964,  გვ. 161.

[20] დადიანი, თეთნულდის შესახებ, 1974, გვ. 94.

014356
WordPress Theme built by Shufflehound. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი