დილავარდისა დავითულიანი

ეკონომიკის აკადემიური დოქტორი,

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს

სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი;

ლილი კოჭლამაზაშვილი

ეკონომიკის აკადემიური დოქტორი.

 

ექსტრემალური ტურიზმი საქართველოში

 

ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის შედარებით ახალი დარგი და ადამიანის დასვენების ერთ-ერთი ფორმაა, დასვენება კი ადამიანის აუცილებელი მოთხოვნილებაა. ტურიზმი ადამიანთა ნებაყოფლობითი დროებითი გადაადგილებაა თავისი საცხოვრებელი ადგილიდან საკუთარ ან უცხო ქვეყანაში დასვენების, გაჯანსაღების, ისტორიული და კულტურული ადგილების დათვალიერების, შემეცნებითი, პროფესიონალურ-საქმიანი, სპორტული, რელიგიური ან სხვა მიზნით ანაზღაურებადი საქმიანობის გარეშე.

ტურიზმი განსაკუთრებული დარგია სწორედ იმიტომ, რომ ყველა ეძებს და პოულობს მასში იმას, რაც მას ძალიან მოსწონს და სურს. ზოგს მთები და მარადყინულოვანი მწვერვალები იზიდავს, ზოგს ზღვები და მდინარეები, ზოგს წყალქვეშა სამყარო და ა.შ. შესაბამისად, არსებობს ტურიზმის მრავალი სახეობა, კერძოდ: საკურორტო-გამაჯანსაღებელი, შემეცნებითი, გასართობი, ეკოლოგიური, სპორტული, საქმიანი (ბიზნესი), სასწავლო, ოჯახური, რელიგიური, სამკურნალო, სამთო-სათხილამურო, კულინარული (გასტრონომიული), ეზოთერიკული და სხვა.

ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება სათავგადასავლო ტურიზმი, რომლის ერთერთი სახეობაა ექსტრემალური ტურიზმი. ეს არის ტურიზმის სახე, რომელიც აერთიანებას ყველა მოგზაურობას დაკავშირებულს ბუნებაში გადაადგილებასთან, დასვენების აქტიურ ფორმასთან, ახალი შეგრძნებების, შთაბეჭდილებებისა და ექსტრემის მიღებასთან. იგი მსოფლიოში ტურიზმის ერთ-ერთი მოთხოვნადი სახეა. საქართველოს აქვს უამრავი შესაძლებლობა და სერიოზული პოტენცია ტურიზმის ამ სახეობის განვითარებისა. დღითიდღე იზრდება ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ტურიზმის ამ სახით არიან დაინტერესებულნი და შესაბამისად, ტურიზმის ეს სეგმენტი ყველაზე მზარდია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად არის ჩაბმული საქართველოს პოპულარიზაციაში და სისტემატურად ახორციელებს კვლევით სამუშაოებს ამ მიმართულებით.

საქართველოს ტერიტორია საშუალებას იძლევა ექსტრემალური ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებების განვითარებისათვის, მაგ., სამთო-ალპინისტური კუთხით – კავკასიის მთიანეთი, საწყალოსნო ტურიზმის კუთხით – წყალუხვი და სწრაფი მდინარეები, სპელეოტურიზმისათვის კი შესანიშნავ პირობებს ქმნის: რაჭა, იმერეთი, სამეგრელო და სხვა.

ექსტრემალური ტურიზმი პირობითად შეიძლება დაიყოს: სახმელეთო, საწყალოსნო და საჰაერო სახეებად. ყველა ამ სახეობის განვითარების პირობები და საფუძველი ჩვენს ქვეყანას გააჩნია.

 

ექსტრემალური ტურიზმის სახმელეთო სახეები: 

  • სპელეოტურიზმი – ეს არის მოგზაურობა ულამაზეს სამყაროში – მღვიმეებში. მღვიმეებისადმი ტურისტების დაინტერესება განპირობებულია იმით, რომ ისინი კაცობრიობის ისტორიის შემნახველი ადგილებია, სადაც დაცულია მატერიალური კულტურის ნაშთები. აქ ბუნების მიერ შექმნილი სამყაროს საოცარი სილამაზეა, რომელსაც ქმნის სტალაქტიტები და სტალაგმიტები, ქვის ყვავილები და სხვა საოცრებანი. გარდა ამისა, მღვიმეებში ტურისტებმა შეიძლება იხილონ მიწისქვეშა მდინარეები, ტბები, ხეობები თავიანთი საოცარი ფაუნით.

საქართველო მღვიმეების ქვეყანაა. „ერწოს“ ტბიდან მდინარე „ფსოუმდე“ 300 კილომეტრ მანძილზე გადაჭიმულია კარსტული რელიეფი, სადაც თავმოყრილია ასობით მღვიმე. ჩვენთან სპელეოტურიზმს  საფუძველი ჩაეყარა ახალი ათონის მღვიმის აღმოჩენის შემდეგ. ამჟამად ტურისტებისათვის ხელმისაწვდომია „სათაფლიისა“ და „პრომეთეს“ მღვიმეები. ჯერ კიდევ ბევრია შეუსწავლელი მღვიმეები: რაჭაში, ლეჩხუმში,  იმერეთში და ა. შ.

  • ალპინიზმი (მთათმსვლელობა) – ტურიზმის ყველაზე ექსტრემალური სახეა, რომელიც საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ზოგადად ალპინიზმის განვითარებას საფუძვლად დაედო 1923 წელს მყინვარწვერზე ჩატარებული ორი მასობრივი ექსპედიცია. ამ სახის ტურიზმისათვის ხელსაყრელია ზაფხულის პერიოდი, მაგრამ ალპინისტების უმრავლესობა ზამთარშიაც არ ეშვება ამ საქმიანობას. კავკასია ალპინიზმის ერთ-ერთი მთავარი ცენტია, კერძოდ: სვანეთი, ყაზბეგი, სადაც ფუნქციონირებენ ალპინისტური ბანაკები. დამოუკიდებელი ალპინისტური სახეობაა მეკლდეურობა, ანუ კლდეზე ცოცვა, რომელიც დაინერგა ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც ტარდებოდა შეჯიბრებები ამ სახეობაში და იქ წარმატებით მონაწილეობდნენ ცნობილი ქართველი მთათმსვლელები, მათ შორის იყვნენ ქალებიც. ამ ფორმატში, მათი სიმრავლის გამო, ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ერთს ვახსენებ, რადგან მას „ქართული ალპინიზმის ლეგენდა“, „მთის რაინდი“ და „კლდის ვეფხვი“ უწოდეს.

1960 წელს შოტლანდიის მთების დალაშქვრის შემდეგ, სადაც მიხეილ ხერგიანი მონაწილეობდა, იგი მიიწვიეს ლონდონში ლორდთა პალატაში, რომელსაც ესწრებოდა ინგლისის დედოფალი „ელისაბედ მეორე“. მას უჩვენეს დოკუმენტური მასალა ალპინისტების ლაშქრობაზე. განცვიფრებულმა დედოფალმა მიხეილ ხერგიანზე თქვა: „ვინ არის ეს ახალგაზრდა ვეფხვივით რომ დადის კლდეებზეო?!“. იგი დაიღუპა 38 წლის ასაკში იტალიის დოლომიტებში მწვერვალ „დუ-ალტოს“ დალაშქვრის დროს. მისი სახელობისაა თურქმენეთის მთებში 4060 მეტრი სიმაღლის მწვერვალი. ჩვენს ორბიტაზე აღმოჩენილ მცირე პლანეტას მისი სახელი ეწოდა. ასევე არსებობს მისი სახელობის პრიზი; მესტიაში არის მისი სახელობის სახლმუზეუმი.

1993 წელს დაარსდა „საქართველოს მთათმსვლელთა და მეკლდეურთა ასოციაცია“. 1996 წელს დაარსდა „მეკლდეურთა ასოციაცია“, რომელიც ყოველწლიურად ატარებს საქართველოს ჩემპიონატს, ქართველი მეკლდეურები მონაწილეობენ საერთაშორისო შეჯიბრებებში;

  • სამთო-სათხილამურო ტურიზმი – უნიკალური ბუნებრივი სიმდიდრე და მთის მწვერვალების თავბრუდამხვევი სილამაზეა საქართველოს სამთო – სათხილამურო კურორტებზე. კავკასიის რეგიონში ყველაზე მეტად კარგად განვითარებული ამ ტიპის კურორტები სწორედ საქართველოშია, სადაც შესაძლებელია გაერთოთ სხვადასხვა საფრენი აპარატებით, იაროთ კვადროციკლებით, ისრიალოთ თხილამურებით და მიიღოთ მონაწილეობა ზამთრის ტურებში ბაკურიანსა და გუდაურში, მესტიაში-ხაწვალზე, თეთნულდსა და ბეთანიაში;
  • ჯიპტური – ეს არის საქართველოს ულამაზეს ადგილებში უძველესი დასახლებული სოფლების კულტურული ძეგლების უძველესი ცივილიზაციის ულამაზესი ბუნების ნახვა. ჯიპტურები ტარდება: სვანეთში, ყაზბეგში, ფშავში, ხევსურეთში, თუშეთში;
  • ლაშქრობა კარვებით – ამ სახის ტურიზმი ხორციელდება ძნელად მისადგომ ადგილებში, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების და ხელშეუხებელ ბუნებრივ პირობებში ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნების გასაცნობად;
  • ველოტურები – ეს ექსტრემალური ტურიზმის შედარებით ახალი სახეობაა, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია საქართველოში, რადგანაც ულამაზესი ბუნება და სტუმართმოყვარე ხალხი ანიჭებს მას განსაკუთრებულ მიმზიდველობას;
  • მოტოტურები – ამ ტურებზე დიდი ინტერესების გამო საქართველოს რეგიონებში შეიქმნა ავტო-მოტოტურიზმის საკემპინგე ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას აძლევს სტუმრებს იმოგზაურონ გადაადგილდნენ მოტოებით და განიცადონ დიდი ექსტრემი. ასეთი ტურიზმის მოყვარულებს შესაძლებლობა ეძლევათ დაბანაკდნენ ტურისტულ კემპინგენში და მათ თანმხლებ ეკიპაჟს მოუხდებათ მთელი რიგი რთული რელიეფის, მაღალი გადასასვლელების, მთების, უდაბნოსა და სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვა.

ექსტრემალური ტურიზმის საწყალოსნო სახეები 

  • რაფტინგი ანუ ჯომარდობა – იგი პოპულარული გახდა საქართველოში  1960 – იანი წლებიდან. ტურიზმის ეს სახეობა ითვალისწინებს მდინარეზე დაშვებას რამდენიმესექციიანი გასაბერი ნავებით. აუცილებელია ყველა ტურისტს ჰქონდეს სამაშველო ჟილეტი და ჩაფხუტი, სასურველია ჰიდროკოსტუმის ტარებაც. ნავში უნდა იყოს ერთი კვალიფიციური ინსტრუქტორი.

2001 წლიდან დაიწყო ტურიზმის ამ სახეობის აღდგენა.  მისი ქართული სახელია „ჯომარდი“, რაც სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით ნიშნავს – „მხნეს“, „ცქვიტს“. 2003 წელს შეიქმნა სათავგადასვლო კლუბი „ჯომარდი“, 2005 წელს – ფირმა „ჯორჯიან ადვენტურს ენდ ტორს“, ხოლო 2007 წელს – ფირმა „რაფტინგი“. ტურები ძირითადად ტარდება: მთიულეთის არაგვზე, ფშავის არაგვზე, მტკვარზე, რიონზე. ტურიზმის ამ სახეობით ჯერჯერობით მხოლოდ შიდა ტურისტები სარგებლობენ;

  • დაივინგი, ანუ წალქვეშა ცურვა სხვადასხვა სიღრმეზე – დაივინგი არის ცურვა ნიღბით და ჩაძირვა აკვალანგით. ესეც ძალიან პოპულარული სახეობაა და დაკავშირებულია მრავალ საშიშროებასთან. არსებობს წყალქვეშა ცურვის შემდეგი მიმართულებები: მიწისქვეშა „არქეოლოგია“  და ჩაძირული გემების გამოკვლევა, წყალქვშა ცურვა გამოქვაბულებში, სამეცნიერო ექსპედიციებში მონაწილეობა, წყალქვეშ ვიდეო და ფოტოგადაღება, წყალში ცურვა ყინულის საფარის ქვეშ.

არსებობს დაივინგის საზოგადოება, რომელიც ეხმარება მსურველებს, დაათვალიერონ ზღვის ფსკერი. ძალიან საინტერესოა ჩაძირული გემებისა და თვითმფრინავების დათვალიერება. აგრეთვე, შავ ზღვაში „ფილოფლორას მინდორი“, რომელიც გადაჭიმულია 36 მეტრ მანძილზე. დაივინგის საზოგადოება გვთავაზობს ცურვას „სარფში“, „კვარიათში“, „ციხისძირსა“ და „პალიასტომის“ ტბაზე. თუ ვინმე გადაწყვეტს მოინახულოს შავი ზღვის სამყარო, 4 ჩაძირული გემი და 3 თვითმფრინავი, აუცილებელია გაიაროს დაივინგის საზოგადოებასთან არსებული სპეცკურსები და მიიღოს სერთიფიკატი;

  • წყლის თხილამურები – ეს ექსტრემალური ტურიზმის ყველაზე ცნობადი სახეობაა. იგი პირველად გამოჩნდა აშშ -ში 1922 წელს და მის შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა. მას არ სჭირდება დიდი აღჭურვილობა, საჭიროა მხოლოდ თხილამურები, მაშველი ჟილეტი, ხელთათმანები და ჰიდროკოსტიუმი;
  • კაიაკინგი – ეს ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო და აზარტული სახეობაა. ეს არის ერთადგილიანი ნავი აღჭურვილი ნიჩბებით და ე.წ. კაბით, რომ ნავში წყალი არ ჩავიდეს. დაშვება ხდება ნებისმიერ მდინარეზე, ან მდინარის რომელიმე მონაკვეთზე;
  • თევზაობა – იგი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. შეიძლება ითევზაო საქართველოს მდინარეებზე, ტბორებზე, ასევე შავი ზღვის სანაპიროზე. ადგილობრივი გამოცდილი მეთევზეები გააცნობენ ტურისტებს და ნებისმიერ მსურველებს ამ საქმიანობის საინტერესო დეტალებს;
  • გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება „ბერდვორდჩინგი“ – შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, მისი შემოგარენი შავი ზღვის აღმოსავლეთის საიმიგრაციო დერეფნის სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად მილიონზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. აღნიშნულ ტერიტორიებს ფრინველებზე დაკვირვების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს. სწორედ, რეგიონის უნიკალური ტოპოგრაფია და კლიმატი განაპირობებს გადამფრენი ფრინველების სიმრავლეს, რაც ფრინველების გადაფრენაზე დაკვირვების მოყვარულებს იზიდავს. ბათუმის შემოგარენი, კერძოდ კი სოფლები – ჩაისუბანი და სახალვაშო წარმოადგენს ფრინველთა მიგრაციის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ვიწრო დერეფანს. შემოდგომის პერიოდში აქ ფიქსირდება მილიონზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი.

2012 წლიდან სექტემბრის თვეში ყოველწლიურად ტარდება – ბათუმი „ბერდფესტივალი“, რომელიც ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და ბევრი უცხოელი სტუმრობს რეგიონს.

 

ექსტრემალური ტურიზმის საჰაერო სახეები 

  • საპარაშუტო სპორტი – ტურიზმის ეს სახეობა ძალიან საინტერესოა და მოითხოვს ძლიერ და საფუძვლიან მომზადებას. მისი სახეებია: კლასიკური პარაშუტიზმი, ჯგუფური აკრობატიკა, გუმბათური აკრობატიკა, თავისუფალი სტილი, სკაიფერდი;
  • პარაპლანი – „აფრინდი მაღლა და შორს და მიიღე სიამოვნება!“

პარაპლანი პოპულარულია მაღალმთიან ქვეყნებში, ამიტომ საქართველოს ამ მხრივ დიდი პოტენციალი გააჩნია. დამწყებთათვის საუკეთესო ადგილებია თბილისის ზღვის და რუსთავის ტერიტორია. პროფესიონალებს კი შეუძლიათ მთებიდან, კერძოდ: სვანეთის (მესტია), ყაზბეგის, თუშეთის, გუდაურის, რაჭის მთებიდან დაშვება. ფრენა შეიძლება აგრეთვე: ბათუმში, ქობულეთში, ახალციხეში, ბოლნისში, სიღნაღში, ალაზნის ველზე და სხვა. მოყვარულები ფრენას განახორციელებენ გამოცდილ მფრინავებთან ერთად. ფრენისათვის საუკეთესო დრო აპრილი – ივლისია;

  • დელტაპლანებითა და საჰაერო ბურთებით გასეირნება – ეს გასეირნება ხორციელდება ორ-სამ ადამიანზე ან 16 ადამიანზე გათვლილი საჰაერო ბურთით. ამ დროს საჭიროა მშვიდი საფრენი ვითარება, როგორიცაა დილით ადრე – დაახლოებით 6 საათზე, თუმცა საღამო საათებშიც შეიძლება ფრენა, მაგრამ უფრო ხანმოკლე დროით. ბურთი მოძრაობს მხოლოდ ქარის მიმართულებით. ამ ტურისთვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული და ზაფხული;
  • სიმაღლიდან ხტომა – ეს ხორციელდება მაღალი სიმაღლიდან სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით.

 

ექსტრემალური ტურიზმის ზემოთ განხილული სახეები საქართველოში მეტნაკლებად არის განვითარებული.

გარდა ამ სახეობებისა, მსოფლიოში არსებობს აგრეთვე ექსტრემალური ტურიზმის ეგზოტიკური სახეები.

ყველაზე ეგზოტიკური სახე ექსტრემალური ტურიზმისა არის კოსმოსური ტურიზმი, რომლითაც მხოლოდ რამდენიმე კაცმა ისარგებლა. პირველი იყო ამერიკელი მილიონერი – დენის ტიტო, რომელსაც ეს გასეირნება 12 მილიონი ამერიკული დოლარი დაუჯდა. კოსმოსური ხომალდების რამდენიმე ავარიის შემდეგ ტურისტების წაყვანა დროებით შეწყდა. მიუხედავად სიძვირისა, მსურველი საკმაოდ ბევრია;

ახალი დაწყებულია კრუიზები და ტურები „არქტიკასა“ და „ანტარქტიდაში“, სადაც ტურისტებს ეძლევათ საშუალება იხილონ სხვადასხვა ეგზოტიკური ცხოველები და დედამიწაზე ყველაზე სუფთა ადგილები. ამიტომაც მხოლოდ გარკვეულ ქვეყნებს  აქვთ ამ ტერიტორიაზე ტურისტების გაშვების უფლება, ისიც ლიმიტირებული რაოდენობით.

არის აგრეთვე ტური „ჩერნობილში“, რომლის მსურველი არცთუ ისე ბევრია, მაგრამ არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებიც სარგებლობს ამ ტურით და დაახლოებით 100-150 დოლარად შეუძლია იხილოს „მკვდარი ქალაქი“, რომელიც მხოლოდ გარეული ცხოველებით არის დასახლებული. ეს არის მაგალითი იმისა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ადამიანის საქმიანობაში დაშვებულ დიდ შეცდომებს, როცა ტექნიკური სიახლეების დანერგვის დროს არ ითვალისწინებენ უსაფრთხოების წესების დაცვის ღონისძიებებს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • მეტრეველი მ., ტურიზმი, თბ. 2013;
  • დოლიკაშვილი ლ., მ. მაზანაშვილი, ნ. ჯაშიაშვილი – ტურიზმის საფუძვლები, თბ. 2013;
  • ტაკაშვილი მ., საქართველოს პოტენციალი ექსტრემალურ ტურიზმში –   ინტერნეტმასალა;
  • ილურიძე ნ., ტურიზმის სახეები და მათი განვითარების პერსპექტივები

საქართველოში – ინტერნეტმასალა;

  • საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასალები.

 

 

Dilavardisa Davituliani,

Academic Doctor of Economics

Lecturer at Shota Rustaveli Theatre and Film Georgia State University

Lili Kochlamazashvili,

Academic Doctor of Economics

 

Extreme Tourism in Georgia

 

  • Tourism is a relatively new field of economy in Georgia, it is one of the forms of active human recreation, and recreation is a vital human need.
  • Tourism is the voluntary, temporary movement of people from their place of residence in their own or a foreign country to rest, in aims of restoring health, seeing historical and cultural monumental sights, professional business, and sports, religious or different reasons without paid activities.
  • Tourism is a special field because everyone in it searches and finds what they like and want the most. Some like mountains and perennially icy peaks, some like the sea and rivers, some like underground caverns and caves, some like to see sunken ships and planes, and etc.
  • Accordingly, there are many types of tourism: wellness resorts, cognitive, ecological, mountain-skiing, spaleo, sports, business, learning, adventure (extreme), healing, esoteric, religious, ethnographic, culinary (gastronomy) tourism and etc.
  • Recently, extreme tourism has been actively developing as a variety of adventure tourism. It is a type of tourism that is associated with an active form of movement and recreation in nature and has the ability to cause new impressions and extreme.

Extreme tourism is one of the most demandable types of tourism in the world. The number of people who are interested in this form of tourism is growing day by day and therefore this segment of tourism is the most growing one. The National Tourism Administration of Georgia is actively involved in the promotion of our country and systematically carries out research in this area. In addition, our territory allows for the development of extreme tourism in different directions. The Caucasus Mountains in terms of mountaineering (alpinist) tourism, flooded and fast rivers in terms of water tourism, and Western Georgia (Racha, Imereti, Samegrelo) creates excellent conditions for spaleo tourism.

  • Extreme tourism conventionally can be divided in to land, water and air tourisms. The main types of land extreme tourism are: mountaineering, mountain climbing, rock climbing, skiing, spaleo tourism (exploring underground caves and caverns), jeep tour, bicycle tours, hiking with tents (camping), horse riding, motto tours, hunting, and bird watching.

The types of Water tourism are: rafting, diving, water skiing, kayaking, canyoning.

From types of Air tourism there are developed following ones: paragliding, airship riding, jumping with parachute, jumping from a height.

  • We would like to note that there also are exotic species of extreme tourism that exist in several countries. The most exotic and expensive species is space tourism, which have been explored only by few people. The firs was American millionaire Dennis Tito, who spent 12 million USD for this walk. After several accidents of space crafts, space tours have been temporarily suspended, despite of its price there are plenty of people willing to take this walk.

New starts have been made for cruises and tours in Arctic and Antarctica, where tourist are given opportunity to see exotic animals and the most ecologically clean places on the entire world. Countries, who have right to send tourist to this area, are sending limited number of tourist.

There also is the tour in Chernobyl, which is not very popular, but there are category of people who are interested in it and for 100-150 USD they have opportunity to see the dead city inhabited only by the wild animals.

This tour will make people think about the outcomes of to what can neglecting of safety norms can lead while implementing technical and technological innovations.

016732
WordPress Theme built by Shufflehound. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი