რუსუდან მირცხულავა

 ფსიქოლოგიის  დოქტორი ,

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

აპულეუსის თხზულება ფსიქეაზე  და მისი ინტერპრეტაციები

ლუციუს აპულეუსმა (ახ.წ.124-170წ.) ძვ.რომაელმა მწერალმა, ფილოსოფოსმა-პლატონიანელმა („პლატონიკუსმა“), ორატორმა და მისტიკოსმა განათლება ათენშიც მიიღო, სადაც ბერძნულ კულტურასა და ფილოსოფიას ეზიარა. აპულეუსის ეპოქაში პლატონიზმი პლატონის იდეალიზმისა და ნეო-პითაგორული ფილოსოფიის ნაზავს გულისხმობდა, ამ უკანასკნელის სწავლებით დემონებისა (ღმერთებსა და ადამიანებს შორის შუამავლებისა) და მატერია-ღმერთის დაპირისპირების შესახებ. აპულეუსი სირიაში ოკულტიზმს, სხვადასხვა კულტს, და მათ შორის, ეგვიპტელი ქალღმერთის, ისიდას კულტს ეზიარა, რომლის მისტიციზმმა მის შემოქმედებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. კართაგენში აპულეუსი ისიდას კულტის პირველ-ქურუმი გახდა და აქ მას, პატივისცემის ნიშნად, ორჯერ აღუმართეს ძეგლი.[1]

მსოფლიო ლიტერატურაში ლუციუს აპულეუსმა სახელი დაიმკვიდრა რომანით „ოქროს ვირი ან მეტამორფოზები“, რომელშიც ავტორისა და, საზოგადოდ, მისი ეპოქისთვის დამახასიათებელი ოკულტიზმითა და მისტიციზმით გატაცება აისახა. თხზულებას საფუძვლად უდევს იონიური (ბერძნული) ნოველა და, ასევე, მისტიკური გარდასახვა – მეტამორფოზის ხალხური რწმენა. აპულეუსმა მითოლოგიური სიუჟეტები გამოიყენა და შექმნა ორიგინალური ნაწარმოები, რომლითაც საკუთარი მისტიკურ-აღმზრდელობითი იდეები გამოხატა. უნდა აღინიშნოს აპულეუსის ენის სპეციფიკაც; მისი ეპოქის „მეორე სოფისტური“ ტალღის შესაბამისად, დიდი ორატორის ენა გაჯერებულია ეგზალტირებითა და ამავე დროს, ირონიით.[2]

რომანი მოგვითხრობს სახედრის თავგადასავალს, რადაც ჯადოქარ-მისტიკოსმა მთავარი გმირი გადააქცია. აქვე უნდა ითქვას, რომ ბერძნები სახედარს უწმინდურ და ვნებამრავალ არსებად მიიჩნევდნენ და აღნიშნული სიმბოლური დატვირთვა სახედარმა დღემდე შეინარჩუნა. რომანში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს კუპიდონ-ფსიქეასა და მათი საკრალური ქორწინების ამბავი. ამ საოცარი ნოველის გმირთა სახელებშივე ცხადდება თხზულების მეტაფორული ენა და ასევე, მისტერიებთან კავშირი. თხზულებაში პროტაგონისტებად გვევლინებიან სიყვარული (კუპიდონი, ეროტი, ეროსი, ამური) და ადამიანის სული („ფსიქე“).[3]

აპულეუს პლატონიკუსს, ისიდასა და ორფიკო-პითაგორულ მისტერიებს ნაზიარებ, კურთხეულ მისტიკოსს ნოველის ავანსცენაზე გამოჰყავს ეროსი-სიყვარული. პითაგორელები  ადამიანის დუალურ ბუნებას ეროტისა და ფსიქეას სიმბოლოებით გამოსახავდნენ. კერძოდ, ადამიანის სულის არსებით თავისებურებად საკუთარი უკვდავი და მარადიული საწყისის, ეროტის (სიყვარულის) ძიებას მიიჩნევდნენ. პითაგორიზმის მთავარი იდეა ფსიქეასა და ეროტის, ადამიანის სულისა და უკვდავი სიყვარულის ჰარმონიულ გამთლიანებას გულისხმობდა. ამავე დროს, პითაგორელები სწორედ ადამიანის სულში წვდებოდნენ სამყაროს ღრმა საზრისსა და მარადიულ კანონზომიერებებს. მათი გაგებით, სამყაროს უზენაესი კანონები სულის ღრმა ფენებშია ჩაძირული. შესაბამისად, საკუთარ ფსიქეში ჩაძირვით ადამიანი ღმერთს აღმოაჩენს, როგორც მარადიულ სამყაროსეულ ჰარმონიას. ორფიკო-პითაგორელთა გაგებით, სული არაა მხოლოდ ერთი კონკრეტული პიროვნების საკუთრება და ის ზე-პიროვნულს, მარადიულს უკავშირდება. ამიტომაც კურთხეული ადამიანის ძირითად მიზნად, სწორედ მარადიულის გამოღვიძება და მსოფლიო კანონების წვდომა მიიჩნეოდა. ამ მიზნის მიღწევას კი ემსახურებოდა არა მხოლოდ მეცნიერულ-ფილოსოფიური შემეცნების პროცესი, არამედ რელიგიურ-მისტერიალური პრაქტიკაც.[4](11) ორფიკო-პითაგორელთა მოძღვრების საფუძველზე, აპულეუსის ნოველა ადამიანის თვითშეცნობისა და სამყაროს საიდუმლოსთან ზიარების მეტაფორად უნდა გავიგოთ, ნაწარმოების მეტაფორული ენის ამოკითხვა წარმოდგენას იძლევა არა მხოლოდ სიყვარულის სტიქიასთან, ადამიანის სულსა და მისი განვითარების პროცესთან დაკავშირებული უძველესი, არქეტიპული წარმოდგენების შესახებ, არამედ, ასევე, მისტიკოსის რიტუალური კურთხევის თაობაზეც.

აპულეუსის თხზულებაში ასახული ფსიქე-სულის ისტორია შემოკლებით ასე შეიძლება გადმოიცეს: ზღაპრის ტრადიციული ფორმულის შესაბამისად, მეფეს 3 მზეთუნახავი ქალიშვილი ჰყავდა, რომელთა შორისაც უმშვენიერესი იყო უმცროსი, ფსიქეა. სილამაზის გამო, მას ღვთაებრივ პატივსაც მიაგებდნენ, რითაც განარისხეს სილამაზე-სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე-ვენერა. შეურაცხყოფილმა ქალღმერთმა შურისძების მიზნით, თავის შვილს, კუპიდონს (ეროტს) უბრძანა ფსიქეასთვის შთაეგონებინა სიყვარული ყველაზე მდაბიო, ღატაკი, და მახინჯი ადამიანის მიმართ.  მაგრამ ფსიქეა თავად კუპიდონს შეუყვარდა.  კლდეზე მარტოდ დარჩენილი გოგონა ზეფიროსმა მშვენიერ სასახლეში გადააქროლა, სადაც ფსიქეა ქალბატონად იქცა. აქ მას უხილავი სულები ემსახურებოდნენ და რაც მთავარია, მას უხილავი მეუღლე ჰყავდა. მიუხედავად ამისა, ფსიქეა ჯადოსნურ სასახლეში, უხილავ მეუღლესთან ერთად თავს ბედნიერად გრძნობდა. მაგრამ შურიანმა დებმა მისი დაღუპვა გადაწყვიტეს; შთააგონეს დაერღვია მეუღლისთვის მიცემული აღთქმა და გაეგო მისი ვინაობა. გულუბრყვილო ფსიქეა დამორჩილდა დებს. როდესაც უხილავმა მეუღლემ  ჩაიძინა, მან ლამპარი აანთო და შეხედა. და ის თავად კუპიდონი, სიყვარულის ღმერთი აღმოჩნდა. მისი სილამაზით აღფრთოვანებულ ფსიქეას ხელი აუტოკდა, ლამპრიდან ცხელი ზეთი მძინარე კუპიდონს მხარზე დაესხა და დაწვა.  განრისხებულმა ღმერთმა ფსიქეა დატოვა.[5]

დადარდიანებულმა ფსიქეამ დაკარგული მეუღლის საძებნელად, მთელი სამყარო მოიარა, მძიმე და მტანჯველი მოგზაურობის დროს მას სასტიკად სდევნიდა აფროდიტე-ვენერა. ბოლოს კი 4 დავალების შესრულება უბრძანა; ფსიქეას უნდა გადაერჩია მარცვლები უზარმაზარ გობში, მოეპოვებინა ველური, შეშლილი ცხვრების მატყლი, მოეტანა სტიქსის წყალი და ჰადესიდან წამოეღო  პროზერპინე-პერსეფონეს მარადიული სილამაზის მალამო. დახმარების წყალობით, ფსიქეამ ვენერას ყველა დავალება შეასრულა, მაგრამ ბოლოს ცნობისმოყვარეობამ სძლია და გახსნა ჭურჭელი, რომლითაც ვენერასთვის პროზერპინე-პერსეფონეს სილამაზის მალამო უნდა მიეტანა. აღმოჩნდა, რომ ჭურჭელში ღვთაებრივი სილამაზის ნაცვლად, სასიკვდილო წამალი ინახებოდა; გულუბრყვილო ფსიქეა მარადიულმა ძილმა მოიცვა. მაგრამ ამ დროს გამომჯობინდა კუპიდონი (რომელსაც აქამდე დამწვარი მხარი სტკიოდა). ფრთოსანმა ღმერთმა სიყვარულის ისრის ჩხვლეტით (ან ამბორით) გააცოცხლა ფსიქეა და მასთან დასაქორწინებლად, ზევსს (იუპიტერს) შესთხოვა თანადგომა.  (საინტერესოა, რომ მითის გვიანდელ ინტერპრეტაციებსა და ფოლკლორში სიყვარულის ისრის ჩხვლეტა ამბორმა ჩაანაცვლა. ასე მაგალითად, ზღაპრებში  „მძინარე მზეთუნახავი“, „თეთრთოვლა და შვიდი ჯუჯა“ უფლისწულები სწორედ ამბორით აღვიძებენ-აცოცხლებენ მარადიულ ძილში მყოფ მზეთუნახავებს. ეს „ჩანაცვლება“ პარადოქსულად ამთლიანებს ამბორსა და ისრის ჩვლეტას ან სიყვარულსა და აგრესიას.) საბოლოოდ, ფსიქეა კუპიდონზე დაქორწინდა და ზევსისგან უკვდავება მიიღო. კუპიდონსა და ფსიქეას ქალიშვილი შეეძინათ – ვოლუპია, იგივე ნეტარება.[6]

ფსიქეას თავგადასავლის გაგება-ინტერპრეტირების არა ერთი ვერსია არსებობს. ავტორთა ჯგუფი ფსიქეას ისტორიას კონკრეტულად, ქალის მიერ საკუთარი გენდერული იდენტობის მოპოვებასთან აკავშირებს.  ასე მაგალითად, ჯ.შ. ბოლენის მიხედვით, ფსიქეას ისტორია ქალის ფსიქოლოგიური ზრდის მეტაფორაა; ფსიქოლოგიური განვითარების (ან გენდერული იდენტობის მიღწევის) პროცესში ქალი ისეთ მითოლოგიურ არქეტიპებთან ან ფსიქეას ოთხ იპოსტასთან იდენტიფიკაციას ახდენს, როგორებიცაა ფსიქეა- აფროდიტე  (საყვარელი), ფსიქეა- ჰერა (მეუღლე), ფსიქეა-დემეტრე (ფეხმძიმე დედა) და ფსიქეა-პერსეფონე (მკვდარი და გაცოცხლებული).[7]

ასევე ანალოგიურად მიიჩნევენ, რომ ფსიქეა ქალის სიყმაწვილის სიმბოლოა, რომელიც კონფლიქტში მოდის ტრადიციების დამცველ ძალებთან (ამ უკანასკნელთ აფროდიტე-ვენერა განასახიერებს); ფსიქეას, როგორც ახალგაზრდა ქალს, სიყვარული და თავისუფლება უნდა, ხოლო აფროდიტე (ქალის ტრადიციული სოციალური როლი) მას თავს ახვევს დაოჯახებული  ქალის ცხოვრებისეულ სტილს. ასეთად გაგებული ფსიქეას ისტორია, წერენ ავტორები, ქალის უნივერსალურ ტრავმას ასახავს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.[8]

რ. ჯონსონი, მონოგრაფიის „თანამედროვე ფსიქეა:ქალის ფსიქოლოგიის სიღრმისეული ასპექტები“ ავტორი, მითიური არქეტიპების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას თანამედროვე ინდუსტრიულ სამყაროში და ფსიქეას მითს, ასევე, ქალის განვითარების პროცესთან აკავშირებს. მითი შეუძლებელია იყოს შეზღუდული დროით ან სივრცით-წერს იუნგიანელი ავტორი. თანამედრივე ინდუსტრიული კულტურა მითის მხოლოდ გარეგან ასპექტებს, „მითის დეკორაციას“ ცვლის, ხოლო რაც შეეხება მითის არსობრივ ასპექტს- ის უცვლელი რჩება. საკუთარ მოსაზრებას ავტორი თანამედროვე ამერიკელი ქალის მითური არქეტიპებით გაჯერებული სიზმრის საფუძველზე ასაბუთებს.[9]

იუნგიანელმა ავტორმა, ე. ნოიმანმა, დაუკავშირა რა ფსიქეას მითი ქალის ფსიქოლოგიას, ყურადღება მითის, მისი აზრით, ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდზეც გაამახვილა, როდესაც ვენერა ფსიქეას ადამიანთაგან ყველაზე მახინჯზე ქორწინებას უქადის.[10] ავტორის შეხედულებით, ეს ეპიზოდი უძველეს მოტივს- მატრიარქალურ კულტურებში მკვდარზე დაწინდვის რიტუალს ასახავს. ქალური საწყისის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი – დედისა და ქალიშვილის იდენტიფიკაციაა. შესაბამისად, ქალიშვილის ქორწინება დედა-შვილის დაშორების, მათზე ძალადობისა და უფრო მეტიც, სიკვდილის სახით განიცდება. ე.ნოიმანი ფსიქეას სასიყვარულო სარეცელს „სატყუარას“ უწოდებს, რომელიც ფსიქეას სექსუალობის ბნელ სამოთხესა და უსახელო სიხარულის სამყაროში მოაქცევს (ფსიქეა უხილავ მეუღლესა და უხილავ მსახურთა შორის). ღამეული სიამოვნება აქ მატრიარქატის სიმბოლურ პრინციპს ასახავს- ტაბუს ინდივიდუალურ მამაკაცზე; ინდივიდუალური მამაკაცი დაიშვება მხოლოდ ანონიმური სახით და ისიც, მხოლოდ როგორც ღვთაების წარმომადგენელი. აღნიშნული ტაბუს მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ მითი ამფიტრიონზე, თირინთოს მეფეზე, რომლის ცოლსაც, ალკმენესაც ზევსი ამფიტრიონის სახით ეწვია. შესაბამისად, ალკმენეს მეუღლე ამფიტრიონი კი არაა, არამედ ამფიტრიონის იერის მქონე, ღმერთებისა და ადამიანების მეფე, ზევსი.[11]

ერიჰ ნოიმანის მიხედვით, ფსიქეა ფეხმძიმე მოკვდავი ქალია, რომელიც თავის „ღვთაებრივ“ ქმართან დაკავშირებას ცდილობს. ამ მიზნით ის დედამთილის (ვენერას) 4 სიმბოლურ დავალებას ასრულებს. დავალებების შესრულებით ფსიქეა ახალ როლებს ითავისებს (მებრძოლი, აქტიური, მშრომელი ქალის) და განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადაინაცვლებს. ნოიმანი ფსიქეას კონფლიქტზეც მიუთითებს – მას საყვარლის სხეულში უხილავი არსება (შესაძლო მხეცი ან ურჩხული) სძულს და ამავე დროს, უყვარს ადამიანი. ამ კონფლიქტის გადაწყვეტა მხოლოდ საყვარლის შეცნობითაა შესაძლებელი. ამიტომაც ფსიქეა გამოდის არაცნობიერის სიბნელიდან (ანთებს ლამპარს) და კუპიდონს (სიყვარულს) გონებით წვდება. ამით ფსიქეა უპიროვნო, ბრმა ან ცხოველური სექსუალობიდან (ანონიმი საყვარლის სარეცლიდან) ცნობიერ-შეგნებული სიყვარულის საფეხურზე გადაინაცვლებს. ამგვარი გარდასვლით ფსიქეა კავშირს წყვეტს მატრიარქატთან და მამაკაცური საწყისის მიმართულებით იწყებს განვითარებას.  ავტორი დასძენს, რომ დავალებების შესრულებით, ფსიქეა ყალიბდება, როგორც პიროვნება, იძენს ისეთ მასკულინურ თვისებებს, როგორებიცაა სიმამაცე, სიმხნევე და გაბედულება. მაგრამ ამ გარდასვლისა თუ მეტამორფოზის მიუხედავად, ფსიქეას, როგორც ქალის, ბუნება უცვლელი რჩება; მის ღერძულ ღირებულებას კვლავაც სიყვარული წარმოადგენს. სწორედ ამაშია, ნოიმანის გაგებით, ფსიქეას საბოლოო ტრიუმფის გასაღებიც. ფსიქეა ინარჩუნებს ქალურობის ღერძულ თვისებას- სიყვარულს და, ამავე დროს, გონით წვდომისა და საკუთარი ცხოვრების მართვის მასკულინურ უნარებსაც იძენს. საგულისხმოა, რომ ე.ნოიმანის მოსაზრებით, შეცნობა, ინტელექტუალური წვდომა და განვითარების საკუთრივ ადამიანური საფეხური „მამაკაცური საწყისის მიმართულებით მოძრაობას“ წარმოადგენს. უნდა ითქვას, რომ ავტორის ამგვარი, ფალოცენტრული კონცეფცია არა მხოლოდ მოძველებულად აღიქმება თანამედოვე ეტაპზე, არამედ, რაც მთავარია, ამახინჯებს მითის სიმბოლურ მნიშვნელობას.[12]

ქალის გენდერული სოციალიზაციის რაკურსიდან უფრო დეტალურად განვიხილოთ ფსიქეას  გამოცდა-დავალებები.

პირველი დავალებისას ფსიქეას მარცვლეულის გადარჩევა ევალება, რომლის შესრულების დროსაც ფსიქეას დასახმარებლად ჭიანჭველები ევლინებიან. რ.ჯონსონს მიაჩნია, რომ  აღნიშნული დავალება კონფლიქტური გრძნობებისა თუ სურვილების გაცნობიერება-მართვის უნარებს ასახავს სიმბოლურად.  ამ უნარების შეძენამდე ქალი მხოლოდ ინტუიციას (რასაც ჭიანჭველები გამოხატავენ სიმბოლურად) ენდობა და მიჰყვება. ავტორი დასძენს, რომ ქალი მხოლოდ მაშინ შეძლებს დამოუკიდებლობის მიღწევას, როდესაც ინტუიციას ლოგიკური აზროვნებითა და შეგნებული არჩევანის უნარით ჩაანაცვლებს.

 ფსიქეას მეორე დავალება ოქროს მატყლის მოპოვებას გულისხმობს, რაც ურთულესი და თითქმის შეუძლებელი ამოცანაა, რადგანაც  ოქროს მატყლი ველურ და აგრესულ ცხვრებს ეკუთვნის. აქ დამხმარედ ფსიქეას მოსაუბრე ლერწამი ევლინება, რომელიც მას ერთადერთად სწორ გზას ასწავლის; დაღამებამდე დაცდას და ცხვრების ჩაძინების შემდეგ, მაყვლის ბუჩქებზე შემორჩენილი მატყლის შეგროვებას. რ.ჯონსონის აზრით, ამ დავალებით ფსიქეა „ქალური“ ან შემოვლითი და არა აგრესიული გზებით მიზნის მიღწევას სწავლობს.

მესამე დავალება ჰადესში მდინარე სტიქსის წყლით ბროლის სასმისის შევსებაა. ყინულივით ცივი სტიქსი მკვდართა საუფლოში მოედინება. წრიული მოძრაობით სტიქსი მეტაფორულად, სიცოცხლე-სიკვდილის წრებრუნვას ასახავს, რომელსაც უნდა ეზიაროს ფსიქეა. მესამე დავალების შესრულებისას ფსიქეას არწივი ეხმარება, როგორც შორით თუ ფართოდ  ხედვისა და სწრაფი, დაუხანებელი მოქმედების მეტაფორა. ავტორები მიუთითებენ, რომ აღნიშნული მეტაფორა ზრდასრული ქალისთვის დამახასიათებელ, ემოციური დისტანცირების უნარს ასახავს, რომელიც საშუალებას იძლევა სიტუაცია და ვითარება არა ფრაგმენტულად, არამედ  მთლიანობაში იქნეს აღქმული. აქ უნდა დავამატოთ, რომ ფსიქეას მესამე დავალება არა მხოლოდ „ფართოდ ხედვის“ უნართან, არამედ, და რაც მთავარია, სიცოცხლე-სიკვდილის პარადოქსული ერთიანობის განცდის უნარის მოპოვებასთანაც უნდა დაკავშირდეს.

ფსიქეას მეოთხე დავალება პერსეფონეს, ჰადესის დედოფლის ზარდახშისა და მარადიული სილამაზის მალამოს მოპოვებას უკავშირდება. ყველაზე რთული დავალების შესრულებისას ფსიქეას გარდაცვლილთა სულები მოუხმობენ და თუ ფსიქეა სამჯერ არ ეტყვის მათ „არას!“ – ის სამუდამოდ დარჩება ჰადესში. რ.ჯონსონის გაგებით, მეოთხე დავალება მიზანდასახულობისა და  საკუთარი ინტერესების დაცვის უნარებს გამოხატავს. ჩემი აზრით, რ. ჯონსონის ინტერპრეტაციის ერთმნიშვნელოვნება, რომელშიც ფსიქეას მითის ქალის ყოფით უნარ-ჩვევებთან დაკავშირებას ვგულისხმობ, განსაკუთრებულად სწორედ ფსიქეას მეოთხე დავალების ინტერპრეტაციაში ვლინდება. ჰადესში შთასვლა არა ქალის ყოველდღიურ უნარებთან კავშირში უნდა იქნეს გაგებული, არამედ ზოგადად, როგორც ადამიანის მიერ სიკვდილ-სიცოცხლის ზღურბლის გადალახვა უკვდავების (მარადიული სილამაზის მალამოს) მოპოვების მიზნით. ადამიანური არსებობის წრებრუნვის შეცნობის პროცესში ფსიქეამ სამჯერ უნდა უთხრას სიკვდილს „არა!“, რათა მისგან თავი დაიხსნას და არსებობის ახალ, უმაღლეს საფეხურზე  გადაინაცვლოს ან სხვა სიტყვებით, მარადიულობა-უკვდავება მოიპოვოს.[13]

ბ. ჰინკლის მიხედვით, თანამედროვე ეტაპზე ფსიქეას მითის მნიშვნელობა ნათლად ასახა ჯონ კიტსის ლექსმა „ოდა ფსიქეას“, რომელშიც პოეტი ფსიქეას ან ადამიანის სულს მიმართავს, როგორც თანამედროვე ქალღმერთს. ავტორი აღნიშნავს, რომ ახალ ეპოქაში „ღვთაებრივის“ ეპითეტი თვით ადამიანის სულსა და ფსიქოლოგიას დაუკავშირდა. ფსიქეა ადამიანია, რომელიც მტკივნეული გამოცდების გზითა და აქტიური ძალისხმევით საკუთარ პიროვნებას აგებს და აფორმირებს. ბოლოს, როგორც საკუთარი თავისა და ცხოვრების შემოქმედი, ადამიანი უარს ამბობს ძველ კერპებზე და  „ახალ ღვთაებად“ იქცევა.[14]

საგულისხმოა, რომ ფსიქეას მითი ასევე, გაიგება, როგორც ფსიქოთერაპიული პროცესის ერთგვარი მეტაფორა და მისი მხატვრული ანალოგი. ამგვარი გაგების მიხედვით, ადამიანი სიყრმეში მხიარულია და თავისუფალი (ფსიქეას „ბნელი ნეტარება“ უხილავ მეუღლესთან), მოზრდილ ადამიანს უჩნდება პრობლემები და კონფლიქტები, რასაც თან  სდევს შფოთვა, სტრესი თუ სხვა დარღვევები (კუპიდონი ტოვებს ფსიქეას), ადამიანი გადის ფსიქოთერაპიას (ფსიქეას გამოცდა, დავალებები, ჰადესში შთასვლა), ადამიანი აღადგენს დაკარგულ მთლიანობას (ფსიქეას გამოხსნა ჰადესიდან და კუპიდონთან შერწყმა ოლიმპოზე).[15]

ფსიქეას მითის ფსიქოლოგიური მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, აღნიშნულით არ ამოიწურება. ზოგადად, ფსიქეას მითი ადამიანის განვითარებას, მის ფსიქოლოგიურ ზრდასა და მაცოცხლებელი სიყვარულისკენ ლტოლვას  ასახავს. ფსიქეასთან დაკავშირებულ ფილოსოფიურ თუ ფსიქოლოგიურ შეხედულებებს, ასევე, რელიგიურ მისტერიებსა და თავად ფსიქეაზე იგავს საერთო იდეა ამთლიანებს – ეს ადამიანის განახლების იდეაა.  ჩვენი აზრით, ფსიქეას დინამიურობა და განვითარებისადმი ღიაობა მისი წინააღმდეგობრივი ან პარადოქსული ბუნებიდან მომდინარეობს. კერძოდ, ფსიქეა ისეთ ტრადიციულ ანტიპოდებს ამთლიანებს, როგორებიცაა  ა) სისუსტე/ძალა (ფსიქეა სუსტი გოგონაა, რომელიც მძიმე გამოცდების შემდეგ უკვდავებას მოიპოვებს), ბ) ემოციური სიმშრალე/ვნება (თავიდან ფსიქეა მზრუნველობის პასიური ობიექტია ჯადოსნურ სასახლეში და შემდეგ კი, ფიზიკურ და მეტაფიზიკურ სამყაროებს  მოივლის სიყვარულის ძიებაში), გ) სიბნელე-სიბრმავე/სინათლე-ხედვა (უხილავთა შორის მოქცეული ფსიქეა, ვერავის ხედავს გარშემო და შეცნობის მიზნით, ლამპარს ანთებს), გ) სიკვდილი/სიცოცხლე (ფსიქეა ჩადის ჰადესში, კვდება და შემდეგ სიყვარულის ამბორით ახალ სიცოცხლეს ეზიარება, ე) ფიზიკური სამყარო/მეტაფიზიკური სამყარო (მოკვდავი ფსიქეა ეზიარება მიღმიერ სამყაროს და ბოლოს, უკვდავი ღმერთების სავანეს).[16]

გამოყენებული ლიტერატურა

  1. აპულეუსი, ოქროს ვირი ან მეტამორფოზები, თბ., 1963
  2. გელოვანი აკ., მითოლოგიური ლექსიკონი, თბ., 1983
  3. მირცხულავა რ., მითოლოგიური ლაბირინთი, თბ., 2018
  4. Андерсон В., Роман Апулея и народная сказка, т.1 Казань,1914
  5. Болен Д.Ш., Миф о Психее-метафора психического развития –http://bookap.info/psyanaliz/bolen_dzhin_shinoda_bolen_bogini_v_kazhdoy_zhenshchine/gl250.shtm (უკანასკნელად გადამოწმდა 19.03. 2020)
  6. Джонсон Р. ,Совреиенная Психея –Глубинные аспекты женской психологии, М. 2008
  7. Киле П., Опыты по эстетике классических эпох. [Статьи и эссе] – https://royallib.com/book/kile_petr/_opiti_po_estetike_klassicheskih_epoh_stati_i_esse.html  (უკანასკნელად გადამოწმდა 19.03. 2020)
  8. Кун Н., Легенды и мифы древней греции, М.. 1957
  9. Немировский К., Душа в поисках потерянной любви-В1 b17.ru › blog (უკანასკნელად გადამოწმდა 19.03. 2020)
  1. Нойман Э. , Амур и Психея- психическое развитие женского начала, Нью-Джерси, 1971
  2. Философская Энциклопедия, М., 1967
  3. Хиллман Д. Миф анализа, Анима и психическое – https://bookap.info/lichnost/hillman_mif_analiza/gl8.shtm (უკანასკნელად გადამოწმდა 19.03. 2020)
  4. Oxford English Dictionary, 3rd “Myth, n. Oxford University Press (Oxford) 2003

 

 

 

Rusudan Mirtskhulava

The Novel about Psyche and its Interpretations

Summary

There are many interpretations of Cupid and Psyche love story. This beautiful story is the most interesting  part of  the romance “The Metamorphoses”  by Apuleius, that  describes the unity of the  human soul and love.  The part of researches connects Psyche’s story  to the woman’s gender identity obtaining process.  This difficult process means the woman’s identification with different mythological archetypes: Aphrodite (lover), Hera (wife), Ceres (mother) and Persephone (dead and revived). 

The part of researchers consider this story as metaphor of the human’s  soul development. The story about Psyche represents human’s development, psychological raising and aspiration to the life-giving love.  The story metaphorically describes the difficult and hard process of self-understanding and can be connected to psychotherapy process.

There is the one fundamental idea, that integrates philosophical or psychological considerations about Psyche and also religious mysteries and antique fable – it’s idea of the human’s renovation. Psyche’s dynamic quality is connected to her conflicting and paradoxical nature; Psyche is weak as well as powerful, calm and herewith passionate, blind and clairvoyant, lifeless and live, mortal and immortal.

[1] Киле, Опыты по эстетике (ინტერნეტრესურსი)

[2]აპულეუსი, ოქროს ვირი. 1963, გვ. 4.

[3] Oxford English Dictionary, Myth, 2003.

[4]ФилософскаяЭнциклопедия, 1964

[5] მირცხულავა რ., მითოლოგიური ლაბირინთი, 2018.

[6]მირცხულავა რ., მითოლოგიური ლაბირინთი, თბ., 2018

[7] Болен Д.Ш., Миф о Психее-метафора (ინტერნეტრესურსი)

[8]Джонсон Р., Современная Психея.., 2008, c. 8.

[9]Джонсон Р., Современная Психея.., 2008.

[10] Нойман Э. , Амур и Психея, 1971.

[11]გელოვანი აკ.,  მითოლოგიური ლექსიკონი, 1983. გვ. 10.

[12] Нойман, Амур и Психея, 1971.

[13] მირცხულავა რ., მითოლოგიური ლაბირინთი, 2018, გვ. 6.

[14] მირცხულავა რ., მითოლოგიური ლაბირინთი, 2018, გვ. 12.

[15] მირცხულავა რ., მითოლოგიური ლაბირინთი, 2018, გვ. 9.

[16] მირცხულავა რ., მითოლოგიური ლაბირინთი, 2018

003942
WordPress Theme built by Shufflehound. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი