I am text block. Click edit button to change this text. Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.

ნიკო კვარაცხელია –

საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის

სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი

ხის საკულტო ნაგებობები დასავლეთ საქართველოში, როგორც საჩვენებელი ობიექტი ტურიზმში

  1. საჩვენებელი ობიექტი ტურიზმში.

წინასწარ საგულდაგულოდ შერჩეული  საჩვენებელი ობიექტი  ტურის წარმატებით ჩატარების საფუძველია. საექსკურსიო თემის სრულყოფილად წარმოსაჩენად აუცილებელია გავითვალისწინოთ საჩვენებელი ობიექტის მნიშვნელობა. ამ მიზნით,  საჩვენებელი ობიექტის შერჩევა-შეფასებისათვის შესაძლებელია სხვადასხვა კრიტერიუმების გამოყენება. მათ შორისაა:

– ობიექტის შემეცნებითი ღირებულება;

– ობიექტის ცნობადობა (მაგ., იუნესკოს ნუსხაში შეტანილი ძეგლი);

– ობიექტის როლი და ადგილი კულტურულ მემკვიდრეობაში;

– ობიექტის კავშირი ისტორიულ მოვლენებთან, ან პიროვნებებთან;

–  ობიექტის ეგზოტიკურობა, ან ორიგინალობა;

– ექსპრესიულობა, რომელშიც იგულისხმება თავად ობიექტის გარეგნული ფორმა, ან მისი ჰარმონიული კავშირი გარემოსთან;

– ობიექტის უსაფრთხოება (გულისხმობს, რომ იგი უსაფრთხოა ტურისტებისთვის, მისი მდგომარეობა შესწავლილია, მისი დათვალიერება მიზანშეწონილია);

– ობიექტის მზაობა (გულისხმობს, რომ ნახვა მარტივად შეიძლება, ინფრასტრუქტურა გამართულია, მისასვლელი გზის მდგომარეობა კარგია, პარკინგი მოწესრიგებულია).

საექსკურსიო ობიექტის შეფასების და მათთან დაკავშირებული ლიტერატურული წყაროების შესწავლის შემდეგ, თითოეული ობიექტის შესახებ ივსება ობიექტის ბარათი, რომელიც უნდა მოიცავდეს :

  1. ობიექტის სახეობა: `ძეგლი, ბრძოლის ადგილი, ობელისკი, ქანდაკება და ა.შ.`
  2. ობიექტის ზუსტი სახელწოდება `პირველადი და თანამედროვე, ზედწოდება, რომლითაც ის ცნობილია ხალხში~
  3. ისტორიული მოვლენა, ფაქტი, რომელიც დაკავშირებულია ობიექტთან `მოვლენის თარიღი~;
  4. ობიექტის ადგილმდებარეობა, მისი საფოსტო მისამართი და რეკვიზიტები, დაშორება უახლესი დასახლებული პუნქტიდან, ან სხვა ცნობილი ობიექტიდან
  5. ობიექტის დეტალური აღწერა ~ავტორი, თარიღი, რა მასალისგანაა დამზადებული, მემორიალური წარწერის ტექსტი` ობიექტის დახასიათება
  6. მონაცემები ობიექტის შესახებ: ბიბლიოგრაფია, ლიტერატურა, სადაც ობიექტია აღწერილი, საარქივო მასალები, ზეპირი გადმოცემები
  7. ობიექტის მდგომარეობა `როგორ არის იგი შენახული~ – ბოლო რესტავრაციის, ან რემონტის თარიღი;
  8. ძეგლის დაცვა და უსაფრთხოება;
  9. რეკომენდაციები, თუ რომელ ექსკურსიაში შეიძლება მისი გამოყენება;
  10. შევსების თარიღი და შემდგენლის სახელი და გვარი.[1]

            საექსკურსიო ობიექტები იყოფა ძირითად და დამატებით ობიექტებად: ძირითადია ობიექტი, რომლის გარეშე შეუძლებელია ექსკურსიის თემის ახსნა. როგორც წესი, ექსკურსიის მთავარი სათქმელი ვლინდება ძირითადი ობიექტების ჩვენებისას. დამატებითი ობიექტები ხელს უწყობენ ინდივიდუალურ ეპიზოდებს, ფაქტებს, ადგილობრივ მოვლენებს, რომლებიც ამდიდრებენ ტურს სპეციფიკური დეტალებით. არ არის რეკომენდებული ისეთი საგნების დამატება, რომლებიც თემასთან არ არის დაკავშირებული, რადგან ისინი გადაიტანენ ექსკურსანტების ყურადღებას და დაარღვევენ ექსკურსიის ჰარმონიას. საჩვენებელი ობიექტის შერჩევა ხანგრძილვი პროცესია და იგი ტურის მოქმედების პერიოდში შეიძლება რამდენჯერმე შეიცვალოს, თუ არსებობს ამისთვის ობიექტური მიზეზი, ან აღმოჩნდა ახალი, მანამდე უცნობი ობიექტი.

  1. ხის საკულტო არქიტექტურა დასავლეთ საქართველოში.

            კულტურული ტურიზმის ამოცანაა მაქსიმალურად სრულყოფილად წარმოაჩინოს დესტინაციაში დავანებული მატერიალური და არამატერიალური კულტურა. ეს პროცესი ხანგრძლივია და გარკვეულწილად სტერეოტიპებზე დამოკიდებული. სტეროტიპების შექმნას ხელსუწყობს ერთი მხრივ ხელოვნებათმცოდნეების, ხუროთმოძღვრების, სპეციალისტთა შეფასებები და დასკვნები, ხოლო მეორეს მხრივ ტუროპერატორების გემოვნება და ტურიზმში დამკვიდრებული ტენდენციები. შედეგად, ტური და მასში შემავალი საჩვენებელი ობიექტების შეცვლა, ან ახლით ჩანაცვლება, ან მარშრუტში სიახლის შეტანა რიგ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მაგალითისთვის მოვიტან დასავლეთ საქართველოს კონკრეტულ რეგიონებში მარგალიტებად შემორჩენილ საკულტო ნაგებობებს, კერძოდ, ხის ეკლესიებს და მეჩეთებს იმერეთსა და აჭარაში. ეს ძეგლები ქართველი ხალხის შთაგონების, ფანტაზიის და საამშენებლო კულტურის შესანიშნავი ნიმუშებია და ვფიქრობ, რომ საჭიროა მათი პოპულარიზაცია და ქართველ თუ უცხოელ ტურისტებამდე მიტანა.

            ხის არქიტექტურა ოთიდგანვე პოპულარული იყო დასავლეთ საქართველოს მთაში და ბარშიც, რასაც განაპირობებდა შავი ზღვის კლიმატი, კერძოდ,  ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა; ქარი; ნალექები; მზის რადიაცია და ბუნებრივი ნათება. ხე, როგორც სამშენებლო მასალა, კარგად ასრულებს მზიდი კონსტრუქციების ფუნქციას. ის ითვლება როგორც კარგი თბოიზოლატორი. ნებისმიერი ამინდის მიუხედავად, ხის სახლები ძალიან კომფორტულია, მასში ადამიანი ადვილად სუთქავს, აქვს იდეალური ტემპერატურა და ტენიანობა, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.[2]  

            რასაკვირველია, ხალხური არქიტექტურის თვითმყოფადობის ჩამოყალიბებაში ბუნებრივი გარემო არ წარმოადგენს ერთადერთ განმსაზღვრელ პირობას და აქ ფაქტორთა მთელი კომპლექსი მოქმედებს: ისტორიული, რელიგიური, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და ა.შ., მაგრამ ხის საკულტო ნაგებობების ორი განსხვავებული სტილის დამკვიდრება ორ ახლომდებარე რეგიონში, ორი განსხვავებული რელიგიის მიერ, მათი ხუროთმოძღვრული თავისებურებებები, სივრცე, ლანდშაფტი უადაოდ საინტერესო საჩვენებელი მასალა და ობიექტია. 

  1. ხის ეკლესიები იმერეთში.

სტატიაში განვიხილავთ მხოლოდ ოთხ ხის ეკლესიას, რომლებიც სამტრედიის მუნიციპალიტეტშია დაფიქსირებული. იხ. ამონარიდი ძეგლთა ნუსხიდან:

საქართველოს მატერიალურ ძეგლთა ნუსხა, სადაც 7746 ძეგლია შეტანილი[3]
ძეგლის N სახელწოდება შექმნის/ აგების თარიღი ადგილმდებარეობა/ მისამართი რეესტრში შეტანის თარიღი
833 წმ. გიორგის ეკლესია XIX-XX სოფ. ნიგორზღვა 03.10.07
838  წმ. გიორგის ხის ეკლესია XX ს. დასაწყისი სოფ. ღანირი, სასაფლაოზე 03.10.07
842 ხის ეკლესია XX ს. დასაწყისი სოფ. ჭაგანი, სასაფლოაზე 03.10.07
843 ხის ეკლესია XX ს. დასაწყისი სოფ. ხუნჯულაური, სასაფლაოზე 03.10.07

სამტრედიის რაიონის ოთხ სოფელში: ღანირში, ჭაგანში, ნიგორზღვაში და ხუნჯულაურში არსებობს ხის ეკლესიები: სოფელ პირველ ნიგორზღვაში ორი ეკლესია არსებობდა წმ. გიორგის სახელზე. ერთი იყო ქვის, ხოლო მეორე – ხის ეკლესია იყო, რომელიც აგებული ყოფილა 1861 წელს. საბჭოთა წლებში, კოლმეურნეობის ჩამოყალიბების შემდეგ ეკლესია დაუნგრევიათ და მისგან კოლმეურნეობის კანტორა აუგიათ. საქართველოში ხშირი იყო ე.წ. კარის ეკლესიები, რომელიც ამა თუ იმ ფეოდალს ეკუთვნოდა და ძირითადად ხის იყო. შესაძლოა ეს ეკლესიაც ასეთ კარის ეკლესიას წარმოადგენდა. 1915 წელს სოფელ ნიგორზღვაში მღვდლად ნიკო შანიძეა, იქნებ უფრო ადრეც. ის ერთ კვირას პირველი ნიგორზღვის ხის ეკლესიაში ატარებდა წირვას, მეორე კვირას – მეორე ნიგორზღვის ქვის ეკლესიაში.[4]

ხუნჯულაურისოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ნაბაკევის თემში. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 30 მეტრი, სამტრედიიდან 8 კილომეტრი. სოფელს ემსახურება დაბა კულაშის სკოლა. სოფელში დგას XVII საუკუნის მაცხოვრის შობის ტაძარი. სოფელი შედიოდა მიქელაძეების სათავადოში. სოფელში მოიპოვება ინერტული მასალა. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნჯულაურის ეკლესიის შენობა ერთ ერთი იშვიათი ნაგებობაა საქართველოში. ეკლესია ხისაა და მისი არსებობა სამას წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ იდგა მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი. თუმცა  ყველაზე დიდი პრობლემა საბჭოთა ტერორის დროს შეექმნა. მათ სცადეს ეკლესიის დაწვა, დანგრევა.
ეკლესიას სამი ზარი ჰქონდა, აქედან ორი მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა ხელისუფლებამ წაიღო. მესამე კი მოსახლეობამ გადამალა. თუმცა ტაძარი ვერ დაიცვეს  მძარცველებიდან. დაიკარგა ხატები და ისტორიის ამსახველი დოკუმენტები. ეკლესიის მსახურები სხვადასხვა დროს საგანმანათლებლო საქმეშიც იყვნენ ჩართულნი.ტაძრის წინ სკოლაც არსებულა.[5]

ღანირის უძველესი ხის ეკლესია. ამ ეკლესიაში ყველაფერი პირვანდელი სახით არის შემორჩენილი. წლების წინ პატრიარქი იყო ჩამობრძანებული და აღფრთოვანებული დარჩა. ეს ყველაფერი ჩვენი, სოფლის დამსახურებაა, გადმოცემა შეუძლებელია თუ რისი გადატანა მოუწიათ ჩვენს წინაპრებს”, – წერს 82 წლის დოდო კობახიძე. ღანირში გული წყდებათ, რომ ის ზარი ვერ გადაარჩინეს, რომლის ხმაც სამ სოფელს წვდებოდა. სალოცავის დასანგრევად შემოსვლის ამბავსაც სოფელი ხეზე ჩამოკიდული ზარის რეკვით იგებდა და ირაზმებოდა.[6]

კიდევ ერთი ზარის საინტერესო ამბავის შესახებ უკვე სხვა სოფელში, ჭაგანში ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი ჟვანია წერს: “აქ ეკლესიაში ზარი, იმერეთის მეფეს სოლომონ მეორეს შემოუწირავს. განსხვავებული მასალისგან იყო დამზადებული. საბჭოთა პერიოდში დაზიანებულა. ამ დრომდე ხის ძირში იდო. ვიფიქრეთ, რომ გადაგვედნო და აღგვედგინა. იმ დროს ვერ ვიფიქრეთ და ახლა ვნანობ, არ უნდა დაგვეკარგა იმ ზარის პირვანდელი სახე. ახლა რაც არის, იგივე მასალაა მაგრამ ვერ შენარჩუნდა ფორმები”. ჭაგანში კაკლის ხის მასალით აგებულ ეკლესიას საბჭოთა ტერორის დროს საწყობად იყენებდნენ. სოფლის ერთობით ვერც ამ ეკლესიის დანგრევა მოახერხეს, მხოლოდ ტაძარზე აღმართული ჯვრის ჩამოგდებით შემოიფარგლნენ.
2000-იანი წლების დასაწყისში ტაძარი მძიმე მდგომარეობაში იყო. დეკანოზმა და სოფლის მოსახლეობამ ფული შეკრიბა და ეკლესია საკუთარი ხელით შეაკეთა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ხის ეკლესიების არქიტექტურა მეტ-ნაკლებად მსგავსია. მისი ორნამენტები და ჩუქურთმა სოფლის სახლებსა და ჭიშკრებზეც მეორდება. ზოგიერთზე ხის რიკულები დღემდე შემორჩა. ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ ხეზე მაშინ ბევრ სოფელში მუშაობდნენ, დღეს კი ხითხუროს ვერსად იპოვით. ჭაგანში ფიქრობენ, რომ იქ არსებულ ორ ეკლესიას ერთი ხუროთმოძღვარი ჰყავდა, სავარაუდოდ, ბერძენი, რომლის ვინაობა უცნობია.[7]

  1. აჭარის ხის მეჩეთები.

სტატიაში მხოლოდ  აჭარის ოთხი ხის მეჩეთია აღწერილი, რომლებიც მატერიალურ ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. იხ. ამონარიდი ნუსხიდან:

საქართველოს მატერიალურ ძეგლთა ნუსხა, სადაც 7746 ძეგლია შეტანილი[8]
ძეგლის N სახელწოდება შექმნის/ აგების თარიღი ადგილმდებარეობა/ მისამართი რეესტრში შეტანის თარიღი
7527 ღორჯომის ჯამე 1903 წელი წელი სოფ. ღორჯომი 24.06.18
3457 ჯამე. ეროვნული მნიშვნელობის გვიანი შუა საუკუნეები სოფ. ახო 03.10.07
3441 ჯამე. ეროვნული მნიშვნელობის გვიანი შუა საუკუნეები სოფ. კვირიკე 03.10.07
3459 ჯამე XIX ს. სოფ. გეგელიძეები 03.10.07

ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფ. ღორჯომში მდებარე 1903 წელს აშენებულ ჯამეს 2018 წლის 21 ივნისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ჯამე მდებარეობს სოფლის ცენტრში და წარმოადგენს ორსართულიან აჭარული სახლის სახესხვაობას. ჯამესთან ცალკე შენობაში ფუნქციონირებს ორსართულიანი მედრესე და განბანვის ოთახი, გადახურულია თუნუქის სახურავით, ასევე გარედან ჯამეს კედლებზე ოთხივე მხრიდან აკრულია თუნუქის ფურცლები. ჯამეს მშენებლობა დაწყებულა 1900 წელს და ის 3 წლის განმავლობაში შენდებოდა, ფუნქციონირებს 1903 წლიდან. საშენი მასალები გადმოუტანიათ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტიდან. ჯამე აშენებულია ლაზ აბდი უსტას მიერ. იგი მართკუთხა ფორმისაა, მისი სიგრძე 22 მეტრია, სიგანე 20 მეტრი, ხოლო სიმაღლე 8.45 მ-ია და დაშენებულია ქვის ცოკოლზე. ჯამეს ისევე როგორ სხვა სააღმსრულებლო დაწესებულებებს 1930 წ. შეუწყვეტია ფუნქციონირება და 1950 წლამდე გამოიყენებოდა სოფლის მაღაზიის საწყობად, ხოლო 1960 -დან 1982 -წლამდე იქ ფუნქციონირებდა მუზეუმი. ჯამეში შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა პირველად ხვდები ტამბურში (კორიდორი) მისი სიგრძე 20მ-ია, სიგანე 3მ სადაც განთავსებულია ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარდერობები. იქ არსებული ცენტრალური კარებით შესაძლებელია სამლოცველო დარბაზში შესვლა, ჯამე აივნიდან გეგმით სწორკუთხაა, სამლოცველო დარბაზი ორსართულიანია და სამი მხრიდან შემოსაზღვრულია აივნებით. სამხრეთით თაღოვანი მიჰრაბით, რომლის წინ ხის ბაქანია. მიჰრაბის თავზე არაბული წარწერაა. დასავლეთით მიმბარია, ხოლო აღმოსავლეთი კათედრა. ცენტრალური სივრცის ჭერი კესონურია. ჭერის ცენტრში დამაგრებულია ხის მოჩუქურთმებული ვარდული. ქოროს ჭერი ბრტყელია. ქორო შემაგრებულია რვა მოჩუქურთმებულ სვეტზე. სამი მხრიდან რიკულებიანი მოაჯირი აკრავს. ქოროზე ასასვლელი კიბეები მოწყობილია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. ინტერიერში დეკორატიულად აქცენტირებულია მიჰრაბი, მიმბარი, კათედრა, ქოროს აივანი და სვეტები. მოსართავი ჩუქურთმები შესრულებულია ხის აპლიკაციებითა და ორნამენტებით. შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა.[9]

 სოფელ ახოს ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარე ორსართულიანი ხის ჯამეს პირველი სართული სარდაფია, მეორე – ორსინათლიანი სამლოცველო დარბაზი. ზომები: 8.8 X 9.3 მეტრი სახურავად გამოყენებულია კრამიტი. ჯამე აივნიანად გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, სამხრეთით კბილანათაღიანი მიჰრაბით, რომლის თავზეც არაბული წარწერაა. ცენტრალური სივრცის ჭერი გუმბათიანია, გუმბათი შიგნიდან მოხატულია ზეთის საღებავებით. ოთხივე მხრიდან აჟურული მოაჯირი აკრავს. რომელიც სამხრეთის მხარეს დეკორაციულ მორთულობას წარმოადგენს, ჩრდილოეთით კი მცირე ზომის ნახევარწრიული აივანია გამოყოფილი. ინტერიერში დეკორაციულად აქცენტირებულია კათედრა, მიმბარი და ქოროს მოაჯირი. ხის ორნამენტები შესრულებულია აპლიკაციის სახით და დაფერილია. ჯამეს ყველა კედელი დანაწევრებულია სარკმლებით. ჯამეს ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში შემორჩენილია მინარეთის ქვედა ნაწილი, მისი ქვის წყობა მშრალია, სიმაღლე 2 მეტრს აღწევს. მეჩეთი იმით არის გამორჩეული, რომ ერთერთი ყველაზე ადრინდელია აქ არსებულ ჯამეებს შორის.[10]

სოფ. კვირიკეში მდებარე, წაბლის ხით ნაგები ჯამე ერთ-ერთი საუკეთესო მინუშია საქართველოში არსებულ ამ ტიპის ნაგებობებათაგან. ჯამე 1860-იან წლების დასაწყისი (1860- 1862 წწ.) არჰაველი ლაზი ოსტატის მიერაა აგებული. ქვის საძირკველზე დაფუძნებული ხის ორსართულიანი შენობა ძლიერად შვერილი კრამიტის სახურავით სრულდება. მდიდრულად მოჩუქურთმებული ბოძებითა და რიკულებით შემოჯარული შენობის პირველი სართული ღია აივნით ეხსნება გარემოს. ნაგებობა შიდა სივრცის გეგმარებით და რაც მთავარია ინტერიერის ფერადოვანი მოხატულობით გამოირჩევა. ნაგებობის ზომებია 11,7 მეტრი, სიგანე 9,7 მეტრი, სიმაღლე 4,3 მეტრი.[11]

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში ხის მეჩეთი მდებარეობს, ბათუმი – ხულოს საავტომობილი გზიდან 2,900 მეტრის დაშორებით. მეჩეთი ორსართულიანი ხის შენობაა, რომელიც დაშენებულია გათლილი ქვის საძირკველზე და წარმოადგენს აჭარული სახლის ხუროთმოძღვრულ სახესხვაობას. მეჩეთის შიდა ინტერიერი, ბოძები, მიჰრაბი, მიმბარი, ნიში შემკულია ქართული წესით ხეზე კვეთის უნიკალური ნიმუშებით: ჩუქურთმებითა და ორნამენტებით. გარე ფასადი შეღებილია ლურჯი საღებავით. შენობის სიგრძე 7 მეტრია, სიგანე – 6.5, ხოლო სიმაღლე – 4.5 მეტრი. საბჭოთა პერიოდში გამოიყენებოდა საწყობად. მეჩეთი ამჟამად კარგ მდგომარეობაშია.[12]

ამრიგად, მოკლე მიმოხილვაც საკმარისია იმისთვის, რომ დავფიქრდეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი ხითხუროების მიერ საკულტო ნაგებობებში ხის კონსტრუქციების გამოყენება. შესაძლებელია, ეს არ იყოს ისეთი შედევრები, როგორიც ქვის არქიტექტურამ შემოგვინახა. მაგრამ ხის არქიტექტურის გარეშე ქართული ხუროთმოძღვრება იქნებოდა გაცილებით ღარიბი. ქართველი კაცის გემოვნება, მისი დამოკიდებულება ხისადმი, როგორც საამშენებლო მასალისადმი, მისი გამოყენება ქართველების მიერ როგორც ქრისტიანულ, ისე მუსლიმანურ რელიგიურ ნაგებობებში  უაღრესად საინტერესო და შთამბეჭდავია. ორივე რელიგიის საკულტო ნაგებობებში ამოსავალ წერტილად გამოდის საცხოვრებელი სახლი, რომლის კონსტრუქციაც ხდება განმსაზღვრელი სალოცავის გააზრებისას. არქიტექტურული ანალიზი ექსკურსიაში არ არის ადვილი საქმე. პარალელების გავლებაც მოითხოვს პასუხისმგებლობას. ასეთი ტურის მომზადებას და ჩატარებას წინ უნდა უძღოდეს ხელონებათმცოდნეების მიერ გაკეთებული ანალიზი და დასკვნები. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დაიბადება ასეთი ტური და მრავალფეროვნება ისევე გაამდიდრებს ქართულ ტურიზმს, როგორც ამდიდრებს ქართულ კულტურას.

 

ჭაგანის მთავარანგელოზის სახელობის  ხის ეკლესია

 

 სოფ. ახოს ორსართულიანი ხის მეჩეთი

 

Niko Kvaratskhelia

Professor of Saint Andrew the First-Called Georgian University of Patriarchate of Georgia

 

Abstract

Wooden religious buildings in Western Georgia as a demonstration object in tourism

Subject and relevance of the study: The study deals with the numerous cult buildings in western Georgia that date back to the XIX-XX centuries and are widespread in both Christian and Muslim communities. The article raises the issue of their use as demonstration objects in excursions.

Literature Review: The literature on the topic is grouped in three directions: 1. Wooden mosques in Adjara, which have been thoroughly studied by cultural historians (Zaqaria Chichinadze, 1913; Mikheil Garakanidze, 1959; Nugzar Mgeladze, Temur Tunadze, 2001; Gülru Necipoğlu, 2005; Ruslan Baramidze, 2009; Gvantsa Sabashvili, 2017; Suzanne Harris-Brandts, Angela Wheeler, and Vladimer Shioshvili, 2018); 2.  The literature on the Christian wooden church in the Imereti region is relatively scarce (only newspaper articles and events covered in periodicals); 3. The problem of selecting demonstration objects in tourism is studied more in depth (Niko Kvaratskhelia; Manana Aladashvili).

Analysis and Conclusion: Wooden cult buildings common in western Georgia are considered to be an interesting area of ​​folk architecture, combining elements of traditional folk living. The task of cultural tourism is to represent the material and intangible culture of the destination as thorough as possible. This process is lengthy and somewhat dependent on stereotypes. The creation of stereotypes is facilitated by the assessments and conclusions of art scholars, architects and specialists on the one hand, and the tastes and trends in tourism on the other hand. Wooden churches in Imereti and wooden mosques in Adjara are wonderful examples of the inspiration, imagination and monumental culture of Georgian people. Promoting them and bringing them to Georgian, as well as foreign tourists is the task of cultural tourism.

Wooden architecture has been popular in both the mountains and the valleys of western Georgia for a considerable amount of time time, driven by the Black Sea climate. Of course, the natural environment alone is not the sole determinant in shaping the originality of folk architecture, and there is a whole set of other factors: historical, religious, economic, social, political, etc., but the establishment of two different styles of cult buildings in two adjacent regions, by two different religions, with their different architectural features, space and landscape is undeniably.

 

[1] ნიკო კვარაცხელია. საექსკურსიო საქმე. თბ. 2015. http://vet.ge/wp-content/uploads/2015/08/studentis-saxelmzgvanelo-saeqskursio-saqme.pdf გვ. 73

[2] ენერგოეფექტური პრინციპები ტრადიციულ ქართულ არქიტექტურაში. თბ. 2016 გვ. 16. ციტირებულია http://www.eecgeo.org/docs/EE-Principles-Arch-Ge.pdf ნანახია 23.03. 2020

[3] https://www.heritagesites.ge/uploads/files/5e440bd5233c4.pdf ნანახია 23.03. 2020

[4] ჟურნალი „სამტრედიის მატიანე“, N 1. თბ. 2016. გვ. 60

[5] https://www.kutaisipost.ge/ka/video/article/11880-samastslovani-khis-eklesia-khunjulaurshi-video ნანახია 23.03. 2020

[6] იქვე,

[7] იქვე,

[8] https://www.heritagesites.ge/uploads/files/5e440bd5233c4.pdf ნანახია 23.03. 2020

[9] https://heritagesites.ge/ka/news_item/202 ნანახია 23.03. 2020

[10] http://www.kedalag.ge/images/temp/2018/07/11/e51ec2fab819ba0e671e48a1b9072e86.pdf გვ.30 ნანახია 23.03 2020

[11] http://www.tenders.procurement.gov.ge ნანახია 23.03 2020

  1. http://www.kedalag.ge/images/temp/2018/07/11/e51ec2fab819ba0e671e48a1b9072e86.pdf გვ.28 ნანახია 23.03 2020
016293
WordPress Theme built by Shufflehound. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი