თინათინ  ქათამაშვილი

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი

საშემსრულებლო- შემოქმედებითი ხელოვნების მიმართულების დოქტორანტი,

ხელმძღვანელი: მთ. მეცნიერ-თანამშრომელი თამარ ქუთათელაძე

 

წარმოსახვის განვითარება მსახიობის ოსტატობის სწავლების პროცესში

 

პროფესიული სამსახიობო სკოლის დაფუძნებიდან დღემდე, აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა და მოთხოვნა თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, მომავალი მსახიობის სწავლების ეფექტური მეთოდოლოგიის ფორმირების, ტრადიციული  პედაგოგიური სისტემის რეფორმირებისა და განვითარებისთვის. სულ უფრო ხშირად ვხვდებით სცენის ოსტატთა მიერ შემუშავებული მეთოდების  შეჯერებისა და ანალიზის ცდებს. თეორიასა თუ პრაქტიკაში ხშირია პრობლემები, რომელთა გადაჭრაც მხოლოდ ცნობილი ოსტატებისა თუ პედაგოგების მეთოდთა კოპირებით შეუძლებელია. საკვლევი საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, სტუდენტი-მსახიობის სწავლის, წვრთნის, აღზრდის პროცესი და მეთოდოლოგია, ყველა კონკრეტულ პედაგოგთან ინდივიდუალურია. სამსახიობო ოსტატობა განსაკუთრებული დარგია, სადაც ძირითად სამუშაო ინსტრუმენტად გვევლინება ხელოვანის არა მხოლოდ მეტყველება ან პლასტიკა, არამედ მისი ყურადღება, წარმოსახვა და სულერი სამყარო. მსახიობი ისევე სრულყოფილად უნდა ფლობდეს საკუთარ ფსიქო-ფიზიკურ აპარატს, როგორც ტანმოვარჯიშე  სხეულის კუნთოვან სისტემას, პიანისტი თითებს, მხატვარი ფუნჯს ხელის მტევანში და ა. შ. მსახიობს  სხვა მასალა მხატვრული სახის შესაქმნელად არ გააჩნია. მისი მასალა საკუთარი სხეული და შინაგანი სამყაროა. სამართლიანად მიაჩნდა ალექსანდრე თაიროვს – „მსახიობში ჩადებული უნდა იყოს ფსიქოლოგის, სკულპტორის, მუსიკოსის, კომპოზიტორის, პოეტის პოტენციალი“.[1] უდავოა, რომ ფსიქო-ფიზიკური იმპულსები ორგანულადაა ერთმანეთთან დაკავშირებული. მსახიობი ორივე მათგანს თანაბრად უნდა ფლობდეს და მარტივად შეეძლოს  საკუთარი სხეულისა და ფსიქიკის მართვა. სწორედ აღნიშნულის მიღწევას ისახავს მიზნად მსოფლიო და ქართული თეატრალური სკოლის გამოცდილების გათვალისწინებითაც (კ. სტანისლავსკი, მ. ჩეხოვი,  ვ. მეიერხოლდი, ე. გროტოვსკი, პ. ბრუკი, მ. თუმანიშვილი, ლ. იოსელიანი, შ. გაწერელია), მომავალი აქტიორის აღზრდისათვის განკუთვნილი, ჩვენ მიერ შედგენილი  კომბინირებული ტრენაჟების სისტემა.

ტრენაჟების კომბინირებულ სისტემაში მოიაზრება, როგორც უკვე არსებული და აპრობირებული ე. წ. ქრესტომათიული ტრენაჟები, ასევე, ჩვენს მიერ მოძიებული, ინტერპრეტირებული, შეთხზული, მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების შედეგად შემუშავებული, ადაპტირებული სავარჯიშოები. მსახიობის ოსტატობის სწავლებისას, განახლებული ტრენაჟების კომბინირებული სისტემით, მიმდინარეობს სტუდენტთა ყურადღებისა და წარმოსახვის  განვითარების საკვლევი პროცესი. იგი მოიცავს იოგას ელემენტებს, მართვად მედიტაციას, ფიზიკურ თვითშეგრძნებებს, არავერბალურ კომუნიკაციას და ა. შ. ამჯერად ჩემი მიზანია ყურადღების, კუნთების თავისუფლების და წარმოსახვის ტრენაჟებზე ყურადღების შეჩერება,  რაც უკლებლივ ყველა სამსახიობო სკოლის ფუნდამენტურ ქვაკუთხედს წარმოადგენს.

ტრენაჟები  სწავლების პირველივე დღიდან იწყება, ვინაიდან  სტუდენტები სრულიად უცხო,  მათთვის შეუცნობელ გარემოსა და დისციპლინასთან იწყებენ ურთიერთობას, რომლის შესწავლის სწორ საწყისზეც, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მათი მომავალიცა და პროფესიონალიზმიც. პირველ ეტაპზე ტრენაჟებად თამაშის პრინციპს გამოვიყენებთ. ამით ვესწრაფით აქტიური, დინამიკური და საინტერესო გავხადოთ სწავლის პროცესი, რაც ძირითადად სტუდენტების ერთმანეთთან, პედაგოგთან, გარემოსთან ადაპტაციასა და ერთიანობას, ანსამბლურობის შგრძნებას ემსახურება. გუნდურობას, ჯგუფის ერთიანობის შეგრძნებას, დიდი მნიშვნელობა  ენიჭება სწავლების პროცესში. ყურადღების სავარჯიშოები გახლავთ საყრდენი, ძირითადი ბაზისი მსახიობის ოსტატობის  სწავლების მიმდინარეობის დროს, რადგან ის ბმაშია ყველა დანარჩენი უნარის განვითარებასთან.

ყურადღების სავარჯიშოები ავითარებენ შემდეგ უნარ-ჩვევებს:

  1. ვიზუალური და სმენითი ყურადღების უნარს;

შედეგად, სტუდენტის თვალი და სმენა უკვე სწრაფად, ზუსტად, უტყუარად აღიქვამს და იმახსოვრებს ამა თუ იმ საგანს და ბგერას, სხვადასხვა დეტალს. შესაბამისად, ერთხელ ხილულისა და მოსმენილის აღდგენა-გახსენებას სულ უფრო იოლად ახერხებენ. მათ აღარ სჭირდებათ გრძნობის ორგანოებისა და მეხსიერების უკიდურესად  მობილიზება და დაძაბვა. მეხსიერების გავარჯიშებასთან ერთად,  ყურადღებაც მახვილდება, რათა ესა თუ ის დეტალი, ნიუანსი, იოლად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი გახდეს.

  1. სივრცეში კოორდინაციას;

 სტუდენტმა უნდა შეძლოს დაუბრკოლებელი მოძრაობა, გადაადგილება, დეკორაციასთან და პარტნიორთან ურთიერთობა  ჩაბნელებულ სცენაზეც კი.

  1. მეხსიერებას როგორც ფოტოგრაფიულს, ისე კოგნიტიურსა და ემოციურს.
  2. დაკვირვების უნარს.

მომავალმა აქტიორმა უნდა შეძლოს ყველაზე უბრალო, ყოფით ნივთებშიც კი აღმოაჩინოს რაღაც გამორჩეული, სახასიათო, ინდივიდუალური ნიშან-თვისებები. მსახიობი მოვალეა, რომელიმე საგნის, ან პერსონაჟის შესწავლისას, ნაცნობ საგანსა და პერსონაჟში, არა მხოლოდ თავად შეძლოს შეუცნობლის შეცნობის განსახიერება, არამედ, მაყურებელსაც განაცდევინოს ამ უნიკალური თვისების მოულოდნელი აღმოჩენით გამოწვეული სახიერი განცდა=განსახიერების უეცარი სიხარული ან წუხილი.

ტრენაჟები იწყება მარტივი თამაშებით. ეს გახლავთ: საგნების დამახსოვრება, თანაჯგუფელების გამოცნობა, დაკვირვებები, თვალახვეული სტუდენტის სივრცეში კოორდინაციის, სმენითი და ვიზუალური ყურადღების სავარჯიშოები, სხეულის ფლობის ელემენტები. თითოეულ შეთავაზებულ სავარჯიშოში, პირველადი ამოცანა ეტაპობრივად რთულდება. მარტივს ენაცვლება კომპლექსური სავარჯიშოები. მათი მეშვეობით, ერთდროულად ვარჯიშდება და ვითარდება რამდენიმე კომპონენტი. ამასთან ერთად, პედაგოგი ცდილობს  სტუდენტს შეუქმნას ექსტრემალური ვითარება, რომ სწორედ ამ ექსტრემუმში შეაძლებინოს როგორც სმენითი, ისე ვიზუალური ყურადღების მოკრება, ნივთებისა და მათი განლაგების დამახსოვრება, შემდგომ კი მათი აღდგენა. ასევე ვარჯიშდება პერიფერიული მხედველობაც. ამ დროს სტუდენტი  ასრულებს სრულიად განყენებულ სამუშაოს –  ალაგებს ფურცლებს და  პერიფერიული მზერით აკონტროლებს პარალელურად მიმდინარე მოვლენებს. მნიშვნელოვანია მოძრაობითი ტრენაჟებიც, რომლებითაც სტუდენტი სწავლობს საკუთარი სხეულის ფლობას.

ყურადღების სავარჯიშოების დანიშნულებაა – მომავალ მსახიობს გამოუმუშაოს სწრაფი აზროვნების უნარი, გაუვარჯიშოს მხედველობითი მეხსიერება, გაუმახვილოს ყურადღება. ყველა ეს თვისება, არტისტის სასცენო შემოქმედებითი ცხოვრების აუცილებელი კომპონენტებია.

აქტიორის პროფესიაში უმნიშვნელოვანესია აგრეთვე კუნთების თავისუფლება. ცნობილია, რომ ყურადღების მაქსიმალური კონცენტრირება შეუძლებელია კუნთების განთავისუფლების გარეშე. სტუდენტის პროფესიონალ მსახიობად აღზრდის ეს ერთ-ერთი მაგისტრალური საკითხი, არაერთ თეატრალურ მოღვაწესა თუ რეფორმატორს მიაჩნდა სავალდებულოდ (როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ). ამ პრობლემების მოგვარებას რუსული თეატრის რეფორმატორმა კონსტანტინე სტანისლავსკიმ, მთელი თავი უძღვნა თავის ქრესტომათიულ  წიგნში „მსახიობის მუშაობა თავის თავზე“. ვოლდემარ პანსო წერდა: „კუნთური შებოჭილობა, როგორც ძალის სტიქიური თანამგზავრი, მსახიობის მუდმივი მტერია. იგი ხელს უშლის აზროვნებას და გზას უკეტავს ნამდვილ გრძნობას. ამიტომაც, სცენისათვის უაღრესად საჭიროა, შეგეძლოს მოდუნება და ყოველივე ამას ხელი უნდა შეუწყოს ტრენაჟმა.“[2]  ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაციისთვის, აუცილებელ წინაპირობად სწორედ კუნთების თავისუფლება მიიჩნევა. პრობლემის სირთულის გათვალისწინებით, სხეულის დაჭიმულობისაგან განთავისუფლების მაღალი ხარისხის მისაღწევად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მსახიობის ოსტატობის სწავლებს პროცესში, უკვე აპრობირებულსა და ჩვენ მიერაც დამკვიდრებულ ტრენაჟთა შორის, უძველესი კულტურის მქონე იოგას სავარჯიშოების ჩართვაც (შესაძლოა მათი სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციებიც).

იოგა (სანსკ.योग) სულიერი და ფიზიკური  სავარჯიშოების კომპლექსია. მათი ფორმირება ინდუიზმისა და ბუდიზმის სხვადასხვა მიმდინარეობაში განხორციელდა და  მიზნად ისახავს პიროვნების თვითრეალიზაციისათვის გარკვეული ფუნდამენტის მოწესრიგებას. აღსანიშნავია ისიც, რომ იოგას ათასწლოვანი მოძღვრება, იმ ცოდნას ინახავს, რომელიც ზეცნობიერების კარს ხსნის. იოგა გვთავაზობს თეატრალური ხელოვნებისთვის ეფექტურ „მასალა-სავარჯიშოებს“, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია მსახიობმა შეისწავლოს, გააცნობიეროს, უკეთ მართოს და გამოავლინოს საკუთარი შინაგანი პოტენციალი, ფარული თუ შეუცნობელი ფიზიკური და გონებრივი რესურსი.

იოგა ინდოეთის სულიერი გამოცდილების ერთ-ერთი უძველესი და ღრმა მოვლენაა. ამ მხრივ მას ანალოგი არ მოეპოვება და მისი ასანების (პოზები) სერია, სრულყოფს მსახიობის  მოქნილობას, მიანიჭებს სულიერ და ფიზიკურ ჰარმონიას. სტანისლავსკის „სისტემის“ ერთ-ერთ საფუძველსაც სწორედ იოგა წარმოადგენდა.

იოგას სამ ძირითად ელემენტთაგან (ასანები – იოგას პოზები), პრანაიამა (სუნთქვითი  ვარჯიშები და მედიტაცია), ასანა – იოგას ერთ-ერთი ძირითადი საფეხურია.  ასანების სისტემას, არა მხოლოდ მედიტაციის,  არამედ  ტრენაჟებისთვისაც იყენებდა ბევრი უცხოელი შემოქმედი (მაგალითად, მ. ჩეხოვი, ე. გროტოვსკი და სხვა). აურაცხელი რაოდენობის ასანთაგან,  ტრენაჟებში განსაკუთრებით ეფექტურია შავასანა ანუ „მკვდარი პოზა“  („შავა“- გვამს ნიშნავს). ამ დროს, სტუდენტები წვებიან იატაკზე და ათავისუფლებენ ყველა კუნთს. აუცილებელია არა მხოლოდ კუნთების მოდუნება, არამედ ყველა ფიქრის დათრგუნვა, ყურადღების გადართვა საკუთარი შეგრძნებების გააზრებაზე. იოგას სავარჯიშოები კუნთების თავისუფლების უზრუნველყოფასთან ერთად, სხეულზე გონების კონტროლსაც უზრუნველყოფს. კუნთების განთავისუფლება, დაჭიმვა, მართვის პრობლემა – უშუალო კავშირშია ფსიქიკასთან. ამიტომაც ყველა ტრენაჟი, ყურადღების კონცენტრაციიდან წარმოსახვით სავარჯიშოებამდე, იწყება სხეულის დაჭიმულობისაგან განთავისუფლებით, რაც ყველა კუნთის სრული თავისუფლებით მიიღწევა.

კუნთების განთავისუფლების სავარჯიშოების ჩასატარებლად, აუცილებელია მსახიობის მიერ საკუთარი ანატომიური აგებულების ცოდნა. თუ სხეული თავისუფალია, მიმდინარეობს ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაცია და იქმნება აუცილებელი ბაზა წარმოსახვის განსავითარებელი სავარჯიშოების დასაწყებად, ხოლო წარმოსახვის წარმოშობისა და განვითარების საკითხი, მისდამი დიდი ინტერესის მიუხედავად, დღემდე ერთ-ერთი პრობლემური თემაა. უკავშირდება ქვეცნობიერს, ინდივიდუალიზმს, ხოლო მისი მექანიზმის სრულყოფილი შესწავლა კვლავ რჩება თეთრ ლაქად შემოქმედებით ფსიქოლოგიაში.

ქართველი ფსიქოლოგის, რევაზ ნათაძის ექსპერიმენტებით დადასტურდა, რომ წარმოსახვა უშუალო კავშირშია მსახიობისათვის აუცილებელ ისეთ უნართან, როგორიცაა გარდასახვა. ჩატარებული კვლევების შედეგად, რ. ნათაძემ დაადასტურა, რომ სასცენო გარდასახვის საფუძველია მსახიობის მიერ წარმოსახვით, ფანტაზიით შემუშავებული განწყობა. გაირკვა, რომ სასცენო გარდასახვისა და სცენურ სახეთა შექმნის ფუნდამენტს, სწორედ წარმოსახვით შემუშავებული განწყობები ქმნიან, ხოლო „მსახიობის ნიჭიერებას, წარმოსახვით განწყობათა შემუშავების უნარი უკავშირდება“.[3] ამიტომაც წარმოსახვის უნარის განვითარება, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სტუდენტის შემოქმედად ჩამოყალიბებისას. სწორედ წარმოსახვის შედეგად ითხზვება ნებისმიერი სცენური თუ ეკრანული  მხატვრული სახე, –  გმირის პლასტიკა, მეტყველების მანერა, მიმიკა თუ სხვა…

წარმოსახვა – ესაა უნარი, რაც აიძულებს შემოქმედსა თუ მეცნიერს, გამოიგონოს, შეთხზას, შეავსოს საკუთარი სამყარო სხვადასხვა ხატებით. წარმოსახვას შეუძლია შეცვალოს სტუდენტის განწყობა, მართოს მისი ფიზიოლოგიური ფუნქციები: არტერიული წნევა, გულისცემა, გააძლიეროს იმუნიტეტი, ააჩქაროს სისხლის მოძრაობა, დათრგუნოს სტრესი და სხვა. ყოველივე   ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადამიანის ფსიქიკა და ფიზიოლოგია ურთიერთგანპირობებულობის პრინციპითაა ერთმანეთთან გადაჯაჭვული.  ცნობიერებასა  და ორგანიზმს შორის მჭიდრო კავშირია დამყარებული. წარმოსახვა მსახიობის ნიჭიერების  უპირველესი ინდიკატორია, რომლის მეშვეობითაც ვითარდება და ღრმავდება მისი შემოქმედებითი ტალანტი.

სალექციო პროცესში ინტენსიურად ვიკვლევთ და ვაზუსტებთ წარმოსახვის სხვადასხვა მიმართულებით განვითარების ხერხებს. ამისათვის მივმართავთ წარმოსახვის განვითარებას  მარტივიდან რთულისკენ. იგი იწყება მართვადი მედიტაციით, ანუ ცნობიერი ტრანსის მდგომარეობით (სხეულის ტემპერატურული ცვლილებები). წარმოსახვასთან უშუალო კავშირშია აგრეთვე ფიზიკური თვითშეგრძნება – სტუდენტს ეძლევა ამოცანა, რომ მან თავისი  სხეული წარმოიდგინოს როგორც სხვადასხვა მასალის, ფერისა თუ ორგანოსაგან შექმნილი (ხის, ბამბის, სილიკონის, მეტალის და ა.შ. შავი, წითელი, მხოლოდ გული და სხვა). სტუდენტებმა უნდა წარმოიდგინონ და სახიერად წარმოადგინონ თავიანთი შეგრძნებები, მათ შორის – საკუთარ შინაგან სამყაროში ცალკეული ანატომიური აგებულების განცდა, ემოციური მახსოვრობით აღდგენილი მოგზაურობა წარსულში, გალაქტიკაში, მატერიალურსა თუ ირეალურ სამყაროში და სხვა.

ჩვენ მიერ შედგენილი კომბინირებული ტრენაჟების სისტემის ეფექტების დასადგენად, კვლევის პროცესში ჩავრთეთ ექსპერიმენტული ფსიქოლოგია. ჩვენი მიზანია განვსაზღვროთ  წარმოსახვისა და ყურადღების ზრდის უნარების ამპლიტუდა ექსპერიმენტულ და საკონტროლო ჯგუფებში (ექსპერიმენტული ჯგუფის პარალელურად არსებობს საკონტროლო ჯგუფი, რომელიც გადის მსახიობის ოსტატობის კურსს კომბინირებული ტრენაჟების გარეშე). ექსპერიმენტის შედეგად დავადგენთ, თუ როგორ ვითარდება წარმოსახვა და ყურადღება ტრენაჟების ერთწლიანი სისტემატური ციკლის ჩატარების შემდეგ. პირველი ეტაპი დასრულებულია (გაიზომა წარმოსახვისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარები კომბინირებული ტრენაჟების დაწყებამდე). პირველი  ეტაპი მოიცავდა (ტორენსის, მედნიკის, გილფორდის, ტუნიკის) ტესტებს და იგი ფსიქოლოგიის დოქტორის მეთვალყურეობის ქვეშ წარიმართა. შემდეგი ტესტირება  დაიგეგმა წლის ბოლოს, რაც მოგვცემს საბოლოო შედეგს, თუ რა სახის ხარისხითა და მასშტაბით განვითარდა სტუდენტთა წარმოსახვა და ყურადღების კონცენტრაციის უნარები. კვლევის მიზანია მეცნიერულად დავადასტუროთ ჩვენ მიერ შერჩეული სისტემის შედეგები. აღნიშნული ექსპერიმენტი გახლავთ პირველი მეცნიერული კვლევა არა მხოლოდ ქართულ თეატრალურ პრაქტიკაში, არამედ ზოგადად, როგორც ქართულ, ისე ევროპისა და ამერიკის (ჩვენთვის ნაცნობ) წამყვან თეატრალურ სკოლებში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

მირცხულავა რ., ხელოვნების ფსიქოლოგია, თბ.,  2010,

Пансо В., Уроки мастера, Труд и талант актера, М., 2013,

Таиров А., Из записок А. Я. Таирова, жур. «Театр», М., 1964, №10.

 

Tinatin Katamashvili,

Assistant Professor of the Shota Rustaveli Theatre and Film Georgia State University,

PhD student of the Performing-creative art (Creative pedagogy – Drama directing)

Supervisor: Chief Scientist T. Kutateladze

 

Develop imagination in the Process of Teaching Acting Skills

 

During the existence of the professional acting school, numerous studies and works have been dedicated to the formation of an effective methodology of acting pedagogy, readiness for its development. For many years now, the experience developed and accumulated by world masters has been reconciled and analyzed. Nevertheless, in the process of teaching the skills of actors, we often encounter problems that cannot be overcome by copying only theories, practical findings, or methodologies formed by well-known masters or teachers. The skill of the actor is of special importance in the theatrical art, where the main working tools are not only speech or plasticity, but also his attention, imagination and spiritual world. This time my goal is to focus on one aspect of her/his imagination.

Imagination issues remain a problematic issue in creative psychology by this day. Despite its great interest in, it is still considered a white spot in science, because the mechanism itself, the birth and development of the imagination, is still unexplored to the end. This is natural, because it is directly related to the human subconscious, its individualism. That is why there is no specific or unified position regarding it.

It is noteworthy that the experiments developed by one of the classics of Georgian psychological science, by  Natadze, confirmed the direct connection of the imagination with the skills necessary for the actor, such as transformation. According to the experimental results, R. Natadze recognized the fact of the actor’s imaginative and fantasy mood as the basis for the stage transformation. As it turned out, the foundation of stage transformation and the creation of stage faces is created by imaginative moods, and the talent of the actor is connected with the ability to develop imaginative moods. Therefore, the development of the right imagination is one of the necessary conditions for the formation of a student creator.

By the  systematize the training of the student in the initial period of the student’s mastery of acting, taking into account the experience of world and Georgian theatrical schools (K. Stanislavski, M. Chekhov, V. Meyerhold, J. Grotowski, P. Brook, M. Tumanishvili, L. Ioseliani, S. Gatserelia). We have developed a combined system of trainings that effectively develops the imagination bis process. It includes yoga elements, guided meditation, physical self-awareness, nonverbal communication (mental communication), and so on. This process requires the ability to produce maximum concentration of attention. Consequently, an unconditional need for attention development arises (which is the cornerstone of almost all acting schools).

Based on the above, the need arose for experimental psychological research was created. The content of the study implies how much the imagination and attention spans increases in the experimental and control groups. (In parallel with the experimental group, there is a control group that takes an acting master’s course without combined training.)

The aim of the experiment is to determine how imagination and attention develop after a one-year systematic cycle of exercises. The first stage is over. (Where imaginative and attention-grabbing skills were measured before combined exercises.) The first phase included tests (Torrance, Mednick, Gilford, Tunic), which were conducted under the direct supervision of a Doctor of Psychology.

This time, in this paper will present the first stage of the study, several exercises and an approximate conclusion, however, the next test, which will be conducted at the end of the year, will give the final result on how developed the imagination and ability to concentrate iFn students. It is noteworthy that this is the first attempt in Georgian theatrical practice to conduct a similar experiment in our country and in leading European or American (familiar to us) theatrical schools, scientific research on the validity of the system.

[1] Таиров, Из записок, 1964, ст. 74-77-78.

[2] Пансо, Уроки мастера, 2013, ст. 75.

[3] მირცხულავა, ხელოვნების ფსიქოლოგია, 2010, გვ. 106.

003942
WordPress Theme built by Shufflehound. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი