მარიკა მამაცაშვილი

საქართველოს შოთა რუთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი

ჰამლეტი, როგორც ევროპული ლიტერატურის სახე-ხატი

(გაგრძელება, დასაწყისი იხილეთ „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“ N3 (84), 2020)

VII

XIX საუკუნის შუა პერიოდში „ჰამლეტის“ შესახებ ლიტერატურა იმდენად ფართოვდება, რომ შეუძლებელი ხდება მოკლე ნარკვევების მეშვეობით მისი ქრონოლოგიისთვის თვალის მიდევნება. სწორედ ამიტომ ჩვენ მხოლოდ ძირითადი ჯგუფების აღნიშვნით შემოვიფარგლებით.

კრიტიკოსების ერთ-ერთი ჯგუფი, რომლის სათავეშიც რიჩარდსონი იყო, თავისი მოსაზრების ათვლის წერტილად ჰამლეტის სიტყვებს მიიჩნევს; „აი, ასე გვაქცევს ლაჩრებად  საკუთარი სინდისი“, ხოლო შურისძიებისას მისი უმოქმედობისა და აუჩქარებლობის მიზეზს ზნეობრივ, რელიგიურ ან სამართლებრივ წესრიგსა და შურისძიების მოვალეობაში ხედავს. მაგალითად, ამერიკელი შექსპიროლოგი ჰადსონი (Shakespeare, მე-4 გამოცემა, 1871) ფიქრობს[1], რომ თავისი მოვალეობის შესრულებას, შურისძიებას, ჰამლეტი არ ჩქარობს იმიტომ, რომ მის სულში მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობს, ერთი მხრივ, ნაზ შვილობრივ სიყვარულსა და, მეორე მხრივ, ნატიფ ზნეობრივ  გრძნობას შორის, რომელიც ჯანყდება უხეში შურისძიების წინააღმდეგ. ამავდროულად ბაუმჰარტი (Die Hamlet – Tragödie und ihre Kritik, 1877) ამატებს, რომ ჰამლეტის შემაკავებელი არა მხოლოდ ზნეობრივი, არამედ რელიგიური გრძნობებიცაა: როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, ის ვერ ეგუება აზრს შურისძიების შესახებ. საბოლოოდ, ბერლინელმა პროფესორ – იურისტმა, კოლერმა („ჰამლეტი სამართლის თვალსაზრისით“, რუსული თარგმანი 1898) ჰამლეტში „იურიდიულ – ეთიკური კონფლიქტი“ დაინახა, უფრო კონკრეტულად კი „სისხლიან შურისძიებასთან დაკავშირებული ორი განსხვავებული სამართლებრივი თვალსაზრისის შეჯახება: ძველი სამართლებრივი აზრი, რომლის მიხედვითაც, შურისძიება არა მხოლოდ დაშვებული, არამედ შექების ღირსი საქციელია და შედარებით ახალი ეთიკური შეხედულება, რომლის თანახმადაც, სისხლიანი შურისძიება არ უნდა იყოს დასაშვები, როგორც მოვლენა, რომელიც არ შეესაბამება სახელმწიფოს ორგანიზებულ ყოფას“. კოლერის აზრით, ამ  „შედარებით ახალი ეთიკურ – სამართლებრივი თვალსაზრისის“ მატარებელია ჰამლეტი: სწორედ ამით აიხსნება მისი აუჩქარებლობა.

ამ ჯგუფის მიერ წარმოდგენილ განმარტებებში მტკიცდება, რომ  ჰამლეტი – სისხლიანი შურისძიების წინააღმდეგი ზნეობრივი, სამართლებრივი ან რელიგიური თვალსაზრისით იყო. სამწუხაროდ, ტრაგედიის ტექსტი არ იძლევა მსგავსი აზრის გამოხატვის საშუალებას: ჰამლეტის ვერც ერთ მონოლოგში გადაკვრით ნათქვამ სიტყვასაც კი ვერ ვნახავთ იმის დასადასტურებლად, რომ ის არ აღიარებდა სისხლიანი შურისძიების კანონიერებასა და საჭიროებას; პირიქით, მას ამ შურისძიებისკენ, რომლის „ძალაც, საშუალებაც და სურვილიც“ აქვს, როგორც თვითონ ამბობს, „ცაც და ჯოჯოხეთიც“ მოუწოდებს.  ამ ჯგუფის კრიტიკოსების თვალში ჰამლეტი ზედმეტად მოდერნიზებული ხდება: ისინი ცდილობენ, რომ ჰამლეტს XIX საუკუნის გრძნობები, იდეები მოახვიონ თავს და ავიწყდებათ, რომ ის XVI საუკუნის ადამიანია, რომელიც იზიარებს ეპოქის წარმოდგენას შურისძიების კანონიერების შესახებ.

ნაწილობრივ, იგივე ნაკლი შეიმჩნევა სხვა განმმარტებელთა  ჯგუფშიც, რომელსაც ჰამლეტი რომელიმე კონრეტული მსოფლმხედველობის მომხრედ და მსხვერპლად გამოჰყავს.  მაგალითად, შტედფელდი (1871 წ.) ჰამლეტს სკეპტიკოსად თვლის და მიიჩნევს, რომ შექსპირს ამ პიესით  სურდა მხილება მონტენის სკეპტიკური ფილოსოფიისა, რომლის ზეგავლენაც იგრძნობა ტრაგედიაზე. დერინგის (1865 წ.) აზრით, ჰამლეტის ტრაგიკული დანაშაული მის პესიმისტურ მსოფლმხედველობაში გამოიხატება. სწორედ ასევე, პროფესორ პაულსენის თვალში, „ჰამლეტი“ – „პესიმიზმის ტრაგედიაა“, რომელიც  სრულ შეუმდგარობასა და ამ მსოფლმხედველობის ნგრევას წარმოადგენს.

კრიტიკოსების ეს ჯგუფი იმავე შეცდომას უშვებს, რომელსაც ფილოსოფოსი კრიტიკოსები უშვებდნენ: „ჰამლეტი“ განიხილება, როგორც ტენდენციური დრამა, რომელიც კონკრეტულ ფილოსოფიურ დოქტრინას ასხამს ხორცს. ამავდროულად,  კრიტიკოსების შეურიგებლობა სკეპტიციზმთან თუ პესიმიზმთან, რით დასნეულებულადაც ჰამლეტის პიროვნებას თვლიან, აიძულებს მათ, რომ დაინახონ პერსონა ძალიან ცუდი და უსიამოვნო რაკურსით – მათი აზრით, ეს შექსპირისეული გმირის ხატს ამახინჯებს.

განსაკუთრებულ ადგილს იმ კრიტიკოსთა ჯგუფი იკავებს, რომლებიც ჰამლეტის აუჩქარებლობის მიზეზს არა მის პიროვნებაში, არამედ მასზე დაკისრებული ამოცანის სირთულეში ხედავენ და, შესაბამისად, ამ მიზეზს ობიექტურად მიიჩნევენ მაშინ, როდესაც დანარჩენი კრიტიკოსები  რიჩარდსონისა და გოეთეს მაგალითზე განიხილავდნენ ამ საკითხს – მიზეზი სუბიექტური იყო და უფლისწულის ხასიათში ბუდობდა. ამ ჯგუფს ჯერ კიდევ 40-იან წლებში ჰყავდა თავისი წარმომადგენლები ინგლისსა (Straqchey, Mozley და ა.შ.) და გერმანიაში (Klein), მაგრამ ეს თვალსაზრისი  მთლიანად განმარტა ვერდერმა თავის ლექციებში, რომლებსაც ბერლინის უნივერსიტეტში კითხულობდა (Vorlesungen über Hamlet, 1875). ვერდერის აზრთ, ჰამლეტის მიზანი არა მეფის მოკვლა, არამედ მისი გამოაშკარავება და დანაშაულის სახალხოდ აღიარებამდე მიყვანაა, რის შემდეგაც დასჯის მას. მაგრამ ამის განხორციელება წარმოუდგენლად რთულია: დანაშაულის ყველა მტკიცებულება სამეფო ტახტზე მჯდომმა დამნაშავემ, რომელიც თავის მდგომარეობას იყენებს, მოხერხებულად და მარჯვედ დამალა, ხოლო მტკიცებულებად აჩრდილის გულწრფელობის გამოყენება არ შეუძლია, რადგან  შეურაცხადად მიჩნევის ეშინია.

ვერდერის თეორიის აქილევსის ქუსლი ისაა, რომ ჰამლეტისთვის მინიჭებული ამოცანა ტრაგედიაში გამოხმაურებას საერთოდ ვერ პოულობს – აქ საუბარია უბრალო შურისძიებაზე და არც ერთი სიტყვა არაა დაწერილი მეფის გამოაშკარავებაზე, ჩადენილის მონანიებასა და მის  გასამართლებაზე. შურისძიებას აჩრდილი ითხოვს – ჰამლეტი იაზრებს თავის დავალებას – პირობას დებს და ამბობს: „ფრთებს შევისხამ ფიქრზედ უსწრაფესს და ვით არშიყი გავფრინდები შურისძიებად“.

უნდა ვახსენოთ „ჰამლეტის ამოცანის“ გორდიას კვანძის გახსნის ის ექსცენტრიული მცდელობა, რომელიც ფსიქიატრიის გამოყენებას გულისხმობს. ჰამლეტის რეალურ შეურაცხადობასთან დაკავშირებული აზრი ინგლისური მედიცინის ზოგმა წარმომადგენლმა  პირველად XVIII საუკუნეში გამოთქვა, ხოლო XIX საუკუნის შუა ხნიდან ამ მოსაზრებამ ექიმ – ფსიქიატრების მიერ ჩატარებულ მთელ რიგ სპეციალურ კვლევებს დაუდო საფუძველი – მკვლევრებს შორის იყვნენ ინგლისელები, ამერიკელები (Bucknill, Kellog, Conolly და ა.შ. ) და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც. მაგრამ, როგორც ლიტერატურულმა კრიტიკოსებმა, ასევე ფსიქიატრებმა, ვერ მიაღწიეს ერთსულოვნებას ვერც იმაში, თუ რა „სულიერი დაავადება“ აქვს ჰამლეტს და ვერც იმაში, აქვს თუ არა მას ეს დაავადება. ამ საკითხის უკანასკნელი შემსწავლელები – დელბრიუკი (Hamlet’Wahnsinn, 1893) და ლერი (Die Darstellung krankhafter Geisteszustände in Shakkespeares Dramen, 1898) ჰამლეტს სულიერად დაავადებულად აღარ მიიჩნევენ და აღიარებენ მას, როგორც „გაუწონასწორებელს“ და ა.შ.  შესაბამისად, მოსაზრება იმის შესახებ, რომ შექსპირმა თავის პერსონაჟად შეურაცხადი გამოიყენა, ფასსა და ძალას იმ პირების თვალშიც კი კარგავს, რომლებიც ჰამლეტს ვიწროპროფილური თვალსაზრისით აფასებენ. ამერიკელი კრიტიკოსი ლოუელი ძალიან კარგად აღნიშნავს: „იმ შემთხვევაში, თუ ჰამლეტს გონებას წაართმევთ, პიესაში არ დარჩება არანაირი ჭეშმარიტად ტრაგიკული მოტივი. ასეთ შემთხვევაში, მისი ადგილი არა სცენაზე, არამედ საგიჟეთში იქნებოდა. იმ შემთხვევაში, თუ ჰამლეტი არ აგებს პასუხს თავის ქცევაზე, მაშინ მთელი პიესა არის სრული ქაოსი“.

VIII

იქამდე, სანამ ჰამლეტის ქმედებებს გავკიცხავთ, საჭიროა, რომ  გავიაზროთ მისი პიროვნება – ჰამლეტის ქმედებები განპირობებულია მისი ხასიათით.

შექსპირმა ჰამლეტში გამოსახა მრავალმხრივი და მდიდარი ბუნების მქონე პიროვნება, რომელიც დაჯილდოებული იყო არა მხოლოდ ნიჭით, არამედ გენიალურობის ნიშნებითაც. მისი ფილოსოფიური აზროვნების ბრწყინვალე თვისებები, რომლებიც თავისი სიღრმითა და ფართო თვალსაწიერით გვაოცებს, ასევე  ზნეობის შეგრძნების განსაკუთრებული სინატიფე, რომელიც გამორჩეულ პიროვნებებს ახასიათებთ  და მდიდარი ფანტაზია – ეს ყველაფერი ჰამლეტს საშუალო დონის ადამიანზე მაღლა აყენებს. ფართო გონებრივი ინტერესებით, ხელოვნების მიმართ მიდრეკილებითა და თეატრის სიყვარულით მან გააერთიანა დახვეწილი კულტურის გარეგანი ბრწყინვალება:

„სასახლის თვალსა, ენამჭევრსა, ვაჟკაცობით სრულს,

იმედსა და ვარდსა ამ მშვენიერ სახელმწიფოსას,

სამაგალითოს ზნეობის და ყოფა-ქცევისთვის!“ (მოქ. III, სცენა 1).[2]

აღორძინების ეპოქამ, ყოველმხრივი ადამიანობის საკუთარი იდეალით, დაღი დაასვა მას: ის ინდივიდუალურობის ფართო და ღრმა განვითარების მაგალითს წარმოადგენს. ხალისიანი ეპოქის შვილი – ის სამყაროს გაოცებული იდეალისტის თვალით უყურებს. დედამიწა – „მშვენიერი ქმნილებაა“, ხოლო ცა – „ჰაეროვანი სახურავი, ჩვენზედ გადმოკიდებული ცის კამარა“, თუმცა მასში განსაკუთრებულ გაოცებას ადამიანი იწვევს: „მისაბაძი ქმნილება, ჭკუით დიდებული, ზღვარდაუდებელი შესაძლებლობებით, აგებულებით ახოვანი, მიხვრა-მოხვრით საოცარი, საქმით სწორი ანგელოზისა, გონიერებით – ღვთისა,  თვალი ქვეყანისა, სამყაროს გვირგვინი!“

მას უყვარდა ცხოვრება, სჯეროდა ადამიანების და საკუთარ მამაში ნამდვილი პიროვნების იდეალს ხედავდა. თავის მხრივ, ის  უყვარდა ხალხსაც (მოქ. IV, სცენა 3), რომელიც შეჰყურებდა ჰამლეტს, როგორც „სამეფოს ფერსა და იმედს“.

ჰამლეტში ყველა ის თვისება გაერთიანდა, რომლებიც მას ბედნიერების საშუალებას აძლევს. რასაკვირველია, ის ასეთიც იყო იქამდე, სანამ გავიცნობდით დრამაში როგორც ადამიანს, რომელმაც „დაკარგა მთელი თავისი ხალისი“.

როდესაც გაღმერთებული მამა გაურკვეველ ვითარებაში გარდაეცვალა, ხოლო დედა ზედმეტად სწრაფად გათხოვდა და პირველ გმირ მეუღლეს „მჩვრებში გამოხვეული“, „მეფე მასხარა, სახელმწიფო ტახტის მპარავი, ჯიბეს-ჩამდები უძვირფასეს დიადემისა…“ არჩია, ჰამლეტი პირველად აღმოჩნდა გამოუვალ ვარამსა და უბედურებაში.

ჰამლეტის ვნებიანი და მგზნებარე ბუნება ზედმეტად სწრაფად რეაგირებს სამყაროს მიერ ბოძებულ შთაბეჭდილებებზე. სწრაფი აღქმადობა და ღრმა მგრძნობიარობა – მისი ბუნების ძირითადი ინდივიდუალური მახასიათებლებია. თავს დატეხილი უბედურება სწორედ ამიტომ აწვება ჰამლეტის სულს აუტანელ ტვირთად – სული მწარე და უხალისო იმედგაცრუების ტყვეობაში გადადის. რაც უფრო ძლიერი იყო წარსული ცხოვრებითა და შუქით აღფრთოვანება, მით უფრო ღრმა გამოდგა იმედგაცრუება. როგორც შთამბეჭდავი და უკიდურესად მგზნებარე ბუნების მქონე ადამიანი, რომელსაც აქვს იმის უნარი, მთლიანად შეისისხლხორცოს კონკრეტული განწყობა, ცხოვრებასთან პირველი შეჯახების შემდეგ, ჰამლეტი – განუსაზღვრელად აღფრთოვანებული, ცხოვრების უცოდინარი იდეალისტი – განუსაზღვრელი იმედგაცრუებისკენ უხვევს და ულმობლად კიცხავს „საზიზღარ სამყაროს“,  „თითქო ქვეყანა იყოს ბაღი გაუმარგლავი, რაშიაც ხარობს მხოლოდ ღვარძლი, ცუდი ბალახი“. ახლა ის დედამიწას მიიჩნევს „ხრიოკ კლდედ“, ცას – „დაშხამულ ბუღად“, ხოლო ადამიანს, რომელიც მასში ასეთ აღფრთოვანებას იწვევდა – „მხოლოდ მიწად და მტვრად“.

ოპტიმისტური მსოფლმხედველობის წარსული მთლიანობა დარღვეულია. რწმენადაკარგული იდეალისტის სულს მტანჯველი ეჭვები იპყრობს, მისი რწმენა შეირყა, ცხოვრების მიმართ მიჯაჭვულობა შესუსტდა, ხოლო სიკვდილის შესახებ ფიქრი, როგორც ყველანაირი ბოროტებისგან გათავისუფლების გზა, თან სდევს მას.

მთელი ეს სულიერი პროცესები უმაღლეს წერტილსა და დაძაბულობის პიკს მაშინ აღწევს, როდესაც აჩრდილის აღსარება ყველაფერს უფრო მუქი ფერებით ხატავს, ვიდრე ჰამლეტი ამას წარმოიდგენს – როდესაც აღმაშფოთებელი დანაშაულის საიდუმლოს მთელი ყოფიერების  დამფარავი ფარდა ეხდება. ახლა უკვე ჰამლეტი მთლიანად გადავიდა პესიმისტური განწყობის განკარგულებაში.

ჰამლეტის პესიმიზმი არა გათვლილი და ლოგიკურ წესრიგში მოყვანილი ფილოსოფიური სისტემაა, არამედ სწორედ ის ხასიათია, რომელიც იდეალებში გაწბილებითაა გამოწვეული. მისი პესიმიზმი არა აბსტრაქტული აზრიდან, არამედ შეუაცხყოფილი გრძნობებიდან იღებს სათავეს. ამიტომ, შეცდომა იქნება ჰამლეტის პესიმისტური მსოფლმხედველობის წარმომადგენლად მიჩნევა (როგორც ამას პაულსენი აკეთებს) და შოპენჰაუერთან გაიგივება.

უფრო მეტად სარისკო იქნება, ამავე კრიტიკოსის მაგალითის გათვალისწინებით, ჰამლეტის გაიგივება მეფისტოფელთან – ცივი უარყოფისა და უნუგეშო სკეპტიციზმის განსახიერებასთან. ორივესთვის რომ დამახასიათებელია  ანალიზის სული, მახვილი გონება, ირონიის მსუბუქი ფლობა და სარკაზმი – სიმართლეა. თუმცა, მსგავსება აქ მთავრდება. მეფისტოფელის ღვარძლიან ხითხითს არაფერი აქვს საერთო ჰამლეტის აღშფოთებულ მხილებასთან, რომლის სიცილშიც არა კაცობრიობის მიმართ სიძულვილი, არამედ მის მიმართ სიყვარული იგრძნობა.  მისი სიცილი – იმედგაცრუებული იდეალისტის სიცილია, რომელიც გაბრაზებულია ადამიანებზე, მაგრამ იტანჯება მათ გამო. ამ მოჩვენებითი სიცილის უკან „უხილავი ცრემლებია“ დაფარული.  მეფისტოფელს შეუძლია, რომ იდარდოს დედამიწაზე ადამიანის სამწუხარო ყოფის გამო? შეუძლია თუ არა ბოროტების ბატონობის დატირება? მაგრამ ამ ყველაფერს აკეთებს ჰამლეტი.

სკეპტიციზმის ზოგიერთი გამოვლინება არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჰამლეტი სკეპტიციზმის ფილოსოფიური სისტემის წარმომადგენლად მივიჩნიოთ. ჰამლეტი მუდმივად ყოყმანობს რწმენასა და ურწმუნოებას – მყარ რწმენასა და ეჭვს შორის. ყველაფერი მის განწყობაზეა დამოკიდებული: ხან ეჭვი შეაქვს სულის უკვდავობაში, რაც მისი მონოლოგიდან – „ყოფნა თუ არ ყოფნა“ – ჩანს, ხანაც სჯერა ამ უკვდავობის. მეგობრებს, რომლებიც მას აფრთხილებდნენ და აჩრდილისგან მის დაშორებას ცდილობდნენ, ჰამლეტი ეუბნება: „ჩემს სულს, უკვდავს მაგასავით, ეგ ვერას უზამს“. რელიგიის მიმართ ხანდახან სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს; მეორე მხრივ, საკუთარი სიცოცხლის მოსპობისგან თავს იკავებს იმიტომ, რომ  „ცისა და დედამიწის მოსამართლის კანონი თვითმკვლელობის ცოდვის წინააღმდეგაა“ (მოქ. I, სცენა 2), ხოლო პიესის ბოლოს გამოთქვამს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ „ჩიტიც კი უგანგებოდ არ მოკვდება“ (მოქ. I I, სცენა 2).  იმ შემთხვევაში, თუ ჰამლეტი სკეპტიკოსი იქნებოდა, შეძლებდა შექსპირი მისი ბაგეებით იდეალისტი – მეოცნების ისეთი სიტყვებით ამეტყველებას, როგორიცაა: „მე თუნდა კაკლის ნაჭუჭში მომწყვდეული ვიყო, ჩემი თავი დაუსრულებელის სივრცის მფლობელი მეგონებოდა“? (მოქ. I I, სცენა 2).

ტურგენევი დონ კიხოტისა და ჰამლეტის შედარებისას, პირველს „ალტრუიზმის ცენტრიდანული ძალის“, ხოლო მეორეს – „ეგოიზმის  ცენტრისკენული ძალის“ წარმომადგენლად თვლიდა.

ტურგენევმა ამ ორ ტიპაჟს  შეხედა ფილოსოფიური თვალსაზრისით და არა როგორც ცოცხალ სახეებს – მან ისინი შეისწავლა, როგორც ორი  ერთმანეთისგან განსხვავებული, ურთიერთგამომრიცხავი იდეა. დონ  კიხოტთან კონტრასტის შესაქმნელად, ჰამლეტი მისთვის ეგოიზმის განსახიერებაა.

ბოლო დროის განმავლობაში, ტურგენევის მოსაზრებით შთაგონებულმა პროფესორმა პაულსენმა, მისგან გამომდინარე   ყველანაირი ლოგიკური შედეგის  საფუძველზე დაასკვნა, რომ ჰამლეტი – უგულო ეგოისტია, რომელსაც არ აქვს სიყვარული, მოკლებულია ყოველგვარ იდეალიზმსა და კეთილშობილებას.

მაგრამ შეესაბამება თუ არა ეგოისტს სევდიანი კაცის როლი, რომელიც ცხოვრების არასრულყოფილებას განიცდის? შეესაბამება თუ არა მას რეფორმატორის როლი, რომელიც ზნეობრიობისა და სამართლიანობის ინტერესების გამო „დროის ლიანდაგიდან გადავიდა“? შეეძლო თუ არა „უსიყვარულო და უგულო“ ადამიანს მამის სიკვდილის გამო ასე ტანჯვა, ხოლო დედის ზნეობრივი დაცემის ასე განცდა? ჰამლეტი მშრალი ეგოისტი რომ ყოფილიყო, რთული იქნებოდა მის მიმართ  ხალხის იმ სიყვარულის ახსნა, რომლის შესახებაც მისი უბოროტესი მტერი კლაუდიუსი მოწმობს; რთული იქნებოდა მიუკერძოებელ მკითხველში მის მიმართ გაჩენილი სიმპათიის ახსნაც. არ უნდა დავივიწყოთ ჰორაციოს მიმართ მისი ფაქიზი მეგობრობის შესახებ, რაც „სულის უწმინდეს სიღრმეში დაფარა“ (მოქ. I I I, სცენა 2), არც ოფელიას მიმართ სიყვარული, რომლის კუბოზე მთელ თავის დატანჯულ გულს შლის.

ლაერტის ხელით ჰამლეტის დამარცხებას კლაუდიუსი გადაწყვეტს გერის გულუბრყვილო და მიამიტი ბუნების გამო, რომელიც კეთილშობილ პიროვნებებს ახასიათებს:

„ის ეშმაკობას მოკლებული, მიმნდობი არის

და არ გასინჯავს კარგად დაშნებს. შენ კი, თუ იხმარ

ცოტაოდენ ხერხს, იმისთანა დაშნას აირჩევ,

რომელიც განგებ არ იქნება დაჩლუნგებული

 და ერთის დაკვრით გადაუხდი მამის მოკვლისთვის“ (მოქ IV, სცენა 7).[3]

ჰამლეტი იმდენად კეთილშობილი და პატიოსანია, ვერც კი წარმოიდგენს, რომ კლაუდიუსი ვერაგულად გამოიყენებს დაშნებით ბრძოლას საკუთრი მიზნებისთვის.

მხოლოდ მაღალი სულიერების მქონე ადამიანისთვის შეეძლო შექსპირს საიქიო ცხოვრებისკენ გზის დალოცვა შემდეგი სიტყვებით:

„ჩაქრა ლამპარი დიდებული! მშვიდობით, პრინცო;

ანგელოზთ გუნდთა განგასვენონ ტკბილის გალობით!“[4]

ჰამლეტს, მიუხედავად მისი სულიერი სიმაღლისა და კეთილშობილებისა, რამდენიმე ნაკლი აქვს, რომელთა შესახებაც ის ოფელიასთან გულწრფელად საუბრობს, რა დროსაც განზრახ აბუქებს ვითარებას: „არა მგონია უპატიოსნო კაცი ვიყო, მაგრამ იმდენი ნაკლევანება მაქვს, რომ ემჯობინებოდა დედიჩემის მუცლიდან არა ვშობილიყავ. მე მეტისმეტად ამპარტავანი ვარ, ჯავრისგადამხდელი, პატივისმოყვარე“. ის თავის თავს უკვე იმისთვის სჯის, რომ საკუთარ პიროვნებაში ამ ცოდვებისკენ მიდრეკილებას გრძნობს. შეუძლია თუ არა მას საკუთარ თავში  შურისმაძიებლის საწყისების  უარყოფა, როდესაც გვირგვინოსანი დამნაშავისთვის შურისძიებაზე ფიქრისას ცეცხლი ეკიდება? შეუძლია თუ არა საკუთარი პატივმოყვარეობის უარყოფა, როდესაც საკმაოდ მძიმედ იტანს იმას, რომ ტახტი ჩამორთვეს? დაბოლოს, იმ შემთხვევაში, თუ ჰამლეტი საერთოდ არ იქნებოდა ამაყი, გარშემომყოფებზე მისი უპირატესობა უგრძნობი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ჰამლეტი არაა ზნეობრიობისა და სათნოების განსახიერება. თავისი პრინციპის – „განწყობების გამოხატვა თავისუფლად  და ფართოდ“ – ერთგულმა, პუშკინის განმარტებით, შექსპირმა ჰამლეტის ხასიათში გადაანაწილა სინათლე და სიბნელე. აუცილებელია მათი აღიარება, მაგრამ არაა აუცილებელი მათი გაზვიადება. ჰამლეტი ცოცხალი ადამიანია და არა რიჩარდისეული გრანდისონის მსგავსი კეთილშობილების მანეკენი.

IX

ჰამლეტის შენელებულ მოქმედებას ხშირად მისი ხასიათის მოშვებულობითა და დონდლოობით განმარტავენ. მაგრამ ამგვარი თვალსაზრისის მცდარობა ჯერ კიდევ ბელინსკიმ დაამტკიცა: „ჰამლეტს სიძლიერე ბუნებისგან აქვს ბოძებული: მისი ღვარძლიანი ირონია, წამიერი აფეთქებები, დედასთან საუბრისას გამოხატული უცნაური გამოხტომები და ბიძის მიმართ დაუფარავი სიძულვილი – ეს ყველაფერი მეტყველებს მისი სულის ენერგიულობასა და სიდიადეზე“. შექსპირი ეცადა იმის ჩვენებას, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჰამლეტს შეუძლია სწრაფად, მტკიცედ და შეუპოვრად მოქმედება. იმ აჩრდილის გამოჩენის დროს, რომლის დანახვისას უფლისწულის ყველა მეგობარს ძარღვებში სისხლი ეყინება შიშისგან, როდესაც მტკიცე და თვითკონტროლის უნარის მქონე „ძველი რომაელი“ ჰორაციოც კი შიშით ცდილობს მის შეჩერებას, მხოლოდ ჰამლეტი მისდევს მას უშიშრად და მაყურებელი გრძნობს, რომ აქ მხოლოდ სიტყვები არაა:

„ბედისწერა ჩემი იქ მიწვევს,

და ყოველ წვრილ ძარღვს ჩემ სხეულში აძლევს სიმტკიცეს

ნემეის ლომის ძარღვის მსგავსად.

(აჩრდილი იწვევს)

მიძახის-მეთქი!

ხელი გაუშვით, ყმაწვილებო! შემოქმედს ვფიცავ,

ვინც კი დამიჭერს, მყის იმასაც აჩრდილად ვაქცევ!

წადი, მოვდივარ“. (მოქ.  I, სცენა 4)[5]

ჰამლეტი კლაუდიუსის წინაშე თამამად და  გამომწვევად იქცევა, გადაკრულად და დაცინვით ესაუბრება – მთელი სამეფო კარის წინაშე ამხელს მას პიესის წარმოდგენით. მლოცველი მეფის შემბრალებლმა  ჰამლეტმა დაუფიქრებლად განგმირა პოლონიუსი, რომელიც ფარდის უკან იდგა – ჰამლეტის აზრით, იქ კლაუდიუსი უნდა ყოფილიყო. განსაკუთრებულ ენერგიულობასა და საზრიანობას ჰამლეტი ინგლისის გზაზე გამოაჩენს, სადაც თავს იხსნის მისთვის მომზადებული სასიკვდილო საფრთხისგან, ხოლო მეკობრეებთან გამართული ბრძოლისას, წარმოუდგენელი სიმამაცით ახტება მტრის გემის ქიმს. საბოლოოდ, სიკვდილის წინ, ჰამლეტი სულის სიძლიერესა და თითქმის სტოიკურ სიმშვიდეს გვიჩვენებს.

ჰამლეტი სუსტი და მოშვებული პიროვნება რომ ყოფილიყო, მსგავსი ხასიათი, დრამატული გადმოსახედიდან, ინტერესის გამომწვევი არ იქნებოდა და არ გამოდგებოდა ტრაგედიის გმირისთვის. ამის გათვალისწინებით, შექსპირმა ჰამლეტი დააჯილდოვა ისეთი თვისებებით, როგორებიცაა ტემპერამენტის მგზნებარება, გაბედულობა და სულის სიძლიერე – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა იმ თვისებით, რომლებიც მოქმედებისთვისაა საჭირო. მაგრამ, ამასთან ერთად, შექსპირმა თავის გმირს მიანიჭა ღრმა ფილოსოფიური აზროვნების უნარის მქონე გონება, უკომპრომისო   იდეალისტის მსოფლმხედველობა და, საბოლოოდ,  როგორც გონჩაროვმა აღნიშნა, „გულის მომაკვდინებელი სიუხვე“.

როდესაც იდეალისტურად განწყობილი ჰამლეტის ზედმეტად მგრძნობიარე, ნერვული, მგზნებარე, მართალი და გულწრფელი ბუნება პირისპირ აღმოჩნდა ადამიანური სისასტიკის, უგულობის, თვალთმაქცობის, ვერაგულობისა და მგრძნობიარობის წინაშე, პირქუში იმედგაცრუების უფსკრულში გადაეშვა. სწორედ ეს იმედგაცრუება ქმნის  ფონს, რომელსაც ემყარება ჰამლეტის მოქმედების წესი.

უწინდელი იდეალისტური განწყობის გარდასახვა ცხოვრებით იმედგაცრუებაში ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა იმ შურისძიების სხარტად და სწრაფად განხორციელებაში, რომელიც ასე მგზნებარედ აიღო საკუთარ თავზე. მან დაკარგა ცხოვრების ხალისი, სიცოცხლესთან მიჯაჭვულობა, მაშასადამე, ჰამლეტს აღარ აქვს ინტერესი ცხოვრების მიმართ. სხარტად მოქმედება მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც ცხოვრების სიკეთეს აფასებს, ვინც ამ ცხოვრებაში საკუთარ თავს ზედმეტად არ მიიჩნევს და იღვწის იმისკენ, რომ საკუთარი ყოფა მოაწესრიგოს. ჰამლეტის იდეალები კი დაიმსხვრა, მოლოდინები ფეხქვეშ გაითელა და საუკეთესო გრძნობები შეურაცხყოფილ იქნა. ცხოვრების ასეთ პირობებში ყოფნა ტვირთად იქცევა, ხოლო ყველანაირი სურვილი, ადამიანების „ჭიანჭველურ საქმიანობაში“ მონაწილეობისა,  ქრება.

საკუთარი გონებრივი თავისებურებებისა და ზნეობრიობის გათვალისწინებით, ჰამლეტმა მასზე დაკისრებული დავალება ზედმეტად გააფართოვა და გაართულა. მამამისი უბრალო შურისძიებას ითხოვს, ხოლო ჰამლეტი მხოლოდ შურისმაძიებლის როლით დაკმაყოფილებას საერთოდ არ აპირებს – ის მიიჩნევს, რომ ვალდებულია ეპოქის ყველა ბოროტება გამოასწოროს,  უზნეო ეპოქის რეფორმატორის როლში გამოვიდეს, რაც პირველი მოქმედების ბოლოს მის მიერ ნაქვამ ფრაზაში ჩანს: „დროთა კავშირი დაირღვა და წყეულმა ბედმა მე რად მარგუნა მისი შეკვრა!“.

ამის აღმოჩენის შემდეგ, ჰამლეტი უახლოეს მომავალში დაგეგმილ შურისძიებაზე კონცენტრირებას ვეღარ ახერხებს. ერთი ბოროტმოქმედის განადგურებით ვერ მოახერხებს მთელი სამყაროს გამოსწორებას, რომელშიც, ჰამლეტის აზრით, ავკაცები ისევე უხვად არიან, როგორც სარეველა ბალახები მიტოვებულ ბაღში. მაშინ, რა სარგებლობა მოაქვს კლაუდიუსის იმ ქვეყნად გაგზავნას? ამ ფიქრებით, ჰამლეტი თავის უშუალო მოვალეობის აღსრულებას გადაავადებს.

მისთვის „დამღუპველია“ „გულის სიუხვეც“. ამას შექსპირი ჰამლეტისა და დედამისის სცენაში გვიჩვენებს, როდესაც მეფის აჩრდილი მეორედ გამოესახება შვილს, როდესაც ის „ჩამქრალი ჩანაფიქრის ანთებისთვის“ ბრუნდება. მისი მჭმუნვარე და მწუხარე სახის დანახვისას, ჰამლეტი აღნიშნავს:

„ოჰ, ნუ მიყურებ!

თორემ საბრალო სახე შენი წინ დაუდგება

ჩემის სასტიკის განზრახვისა აღსრულებასა, –

მაშინ იქნება, სისხლის ნაცვლად ცრემლი ვანთხიო“.[6]

ჰამლეტი იმდენად ღრმად და  და ძლიერად გრძნობს მამის ტანჯვას, რომ თავად ამ გრძნობის ძალა და სიღრმე ასუსტებს მას. ჰამლეტს შექსპირის ერთ-ერთი სონეტიდან აღებული ფრაზა შეეფერება „მგზნებარე ადამიანის“ შესახებ, რომელიც „თავისი გრძნობების სიძლიერის გამო სუსტდება“ (სონ. XXIII).

ჰამლეტის ფიქრებიც გრძნობებითაა გამსჭვალული. ფიქრობს თუ არა ის სიცოცხლესა და სიკვდილზე, მიეცემა თუ არა ფიქრებს ყველაფერ მიწიერის წარმავლობის შესახებ, როდესაც სასაფლაოზეა, ცდილობს თუ არა საკუთარი აუჩქარებლობის გამომწვევი მიზეზის მოძებნას. ის ჩვენ წინაშე წარმოდგება არა მშვიდი მოაზროვნის სახით, რომელიც იდეის ლოგიკური დამნაწილებელია, არამედ თავისი უშუალო გრძნობებით ფრთაშეხმულ, ვნებიან და მგრძნობიარე ადამიანად. დაუდენის მართებული შენიშვნის თანახმად, მთელი დრამა დაკარგავს შინაარსსა და აზრს იმ შემთხვევაში, თუ ჰამლეტს მხოლოდ აზროვნების უნარის მქონე ადამიანად წარმოვიდგენთ და არ გავითვალისწინებთ მის მგრძნობიარე გულს, რომელიც სიყვარულს ლამობს.

უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ ჰამლეტის რთული მდგომარეობა, იმ ვითარების განსაკუთრებული სიმძიმე, რომელშიც უფლისწულია ჩავარდნილი. გონჩაროვი დასძენს: „ის ყველანაირ ჩვეულებრივ ბოროტებას გაუმკლავდებოდა, ტრიუმფით გაუმკლავდებოდა ადამიანის საქმიანობისთვის დამახასიათებელ ყოველდღიურ, წყვდიადით მოცულ ტყუილსა და ყველანაირ ბოროტებას. თუმცა, მისი ბედისწერა იყო არა ის, რომ ბოროტების ჩვეულებრივ სფეროს შებრძოლებოდა, არამედ ის განსაკუთრებული მასშტაბების უბედურებების წინაშე უნდა აღმოჩენილიყო, მორეოდა მას და თავად დაცემულიყო“.

ჰამლეტს ზნეობრივი გახრწნის ეპოქაში უწევს მოქმედება, როდესაც „დანიის სამეფოში რაღაც დალპა“, როდესაც ყველა ზნეობრივი ნორმა შეირყა და „დრო თავისი კალაპოტიდან გადმოვიდა“. მას სიცრუის, თვალთმაქცობის, პირმოთნეობისა და უხეში მგრძნობელობის ატმოსფერო ეხვია გარს. მხოლოდ ჰორაციო ამსუბუქებს ჰამლეტის სრულ მარტოობას. მამის გამო შური უნდა იძიოს იმ ადამიანზე, რომელიც მისი ნათესავია, რომელიც შურისმაძიებლის დედაზეა დაქორწინებული და ამასთანავე, სამაგიერო ისე უნდა გადაუხადოს, რომ დედის ღირსება არ შეილახოს. მისი მოწინააღმდეგეები უსინდისო, ვერაგი ადამიანები არიან, რომლებიც არ იუკადრისებენ არანაირ ხერხს, რაც არ უნდა მდაბიო იყოს ის. მისი მტრები ის ადამიანები არიან, რომლებიც ბოროტების ატმოსფეროში ისე ცხოვრობენ, როგორც თევზები წყალში, ხოლო ჰამლეტს კი, როგორც იდეალისტსა და სიმართლისმოყვარე ადამიანს, ეს ატმოსფერო გულს უმძიმებს. შეეძლო თუ არა ჰამლეტის კეთილსინდისიერ ბუნებას, რომელიც იტანჯება ყოფის ჭუჭყისა და ადამიანური გარყვნილების გამოვლენისას, კლაუდიუსისნაირი ფესვგადგმული ბოროტმოქმედებისთვის წინააღმდეგობის გაწევა? გასაკვირია თუ არა ის, რომ მიუხედავად შურისძიების აღსრულებისა, ჰამლეტი თავადაც დაეცემა თავისი მტრების უსინდისობის გამო?

X

ზემოთ ხსენებული ყველა რთული მიზეზი ჰამლეტს გარშემო ეხვევა და  მის აუჩქარებლობას განაპირობებს. თუმცა ეს აუჩქარებლობა არ უნდა აგვერიოს სრულ უმოქმედობასა და საკუთრი საქმის დავიწყებაში.

მას შემდეგ, რაც აჩრდილმა საშინელი საიდუმლო გაუმხილა, ჰამლეტმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ საიდუმლო საიდუმლოდვე დარჩეს ყველასთვის. ამით აიხსნება ის, რომ ჰორაციოსა და მარცელუსს პირობის მიცემა მოსთხოვა. მიწისქვეშეთიდან აჩრდილის მრავალჯერ გაგონილი ხმა, რომელიც აშინებს მის მეგობრებს და აიძულებს მათ, რამდენჯერმე შეცვალონ ფიცის დადების ადგილი, ადასტურებს იმას, რომ პირობის მიცემა, ფიცი – აუცილებელია. ამავე დროს, ჰამლეტი უკვე აყალიბებს გეგმას, რომლის მიხედვითაც, საკუთრი თავი შეურაცხადად უნდა წარმოადგინოს. მისთვის საჭიროა, რომ გარშემომყოფების ყურადღება გადაიტანოს თავისი სულიერი აღგზნების რეალური მიზეზიდან, განხეთქილებიდან და სევდიდან, რაც მთლიანად იპყრობს ჰამლეტს. შეურაცხადობა არის ნიღაბი, რომელიც საიდუმლოს დამალვაში ეხმარება და ამავდროულაად, ეს არის სულის დამშვიდების ხერხი – გაურკვეველი ქარაგმებით საუბრობს იმაზე, რასაც მისი გონება მთლიანად შეუპყრია.

შეურაცხადის ნიღაბს ამოფარებული ჰამლეტი, პირველ ყოვლისა, აჩრდილისთვის მიცემული პირობის შესრულებას ცდილობს:

„შენ გიგონებდე! ჩემის ხსოვნის ფურცლებზედ წავშლი,

რაც კი როდისმე ან მსმენია, ან წამიკითხავს;

წავშლი, რაც კი შიგ ჩაბეჭდილა თვალით ნახული“.[7]

ოფელიას მიმართ სიყვარულს ჰალეტი ახალგაზრდობის ყველაზე ნათელ გრძნობად მიიჩნევდა, მაგრამ ახლა თვლის, რომ შურისძიების დიად მიზანთან სიყვარული შეუსაბამოა, რადგან „მისი გულის წიგნი“ მთლიანად შურისძიებით უნდა იყოს სავსე, „ყველანაირი სხვა, უმნიშვნელო სიტყვების შერევის“ გარეშე. დაფლეთილი სულით მიდის ოფელიას ოთახში და უსიტყვოდ, სამუდამოდ ემშვიდობება მას. იფიქროს ოფელიამ, რომ ჰამლეტი ჭკუიდან შეიშალა – ასე უფრო მარტივი იქნება დარდის გადატანა.

ოფელიას ხასიათის შესახებ ბევრი დაწერილა, მაგრამ ბელინსკიზე უკეთ ის არავის წარმოუჩენია – „წარმოიდგინეთ – ამბობს კრიტიკოსი – მშვიდი, ჰარმონიული, მოსიყვარულე არსება ქალის მშვენიერ განსახიერებაში; არსება, რომლისთვისაც უცხოა ყველანაირი მგზნებარე ვნება, რომელიც შექმნილია ჩუმი, მშვიდი, მაგრამ ღრმა გრძნობისთვის; არსება, რომელსაც უბედურების ქარიშხლის გადატანის უნარი არ აქვს, რომელიც მოკვდება უარყოფილი სიყვარულის გამო,  თუმცა არა სულში არსებული სასოწარკვეთილებით, არამედ ნელ-ნელა ჩაქრება სახეზე ღიმილითა და ბაგეზე დალოცვით; ჩაქრება იმისთვის ლოცვით, ვინც დაღუპა ის – ჩაქრება ისე, როგორც მაისის სურნელოვან საღამოს ალიონი ქრება ცაზე: ესეც თქვენი ოფელია! ეს არაა ახალგაზრდა, მშვენიერი და მომაჯადოებელი დეზდემონა, რომელსაც შეეძლო სიყვარულისთვის მთლიანად, სამუდამოდ და დანაწევრების გარეშე თავის მიძღვნა, რომელმაც საშინელ და უშნო მავრში დიდებული ოტელო შეიყვარა. ოფელია არაა დეზდემონა, რომლისთვისაც სიყვარული ყველაზე ამაღლებული გრძნობა გახდა – სიყვარული, რომელმაც ყველა სხვა გრძნობა და მიჯაჭვულობა შთანთქა; ის არაა დეზდემონა, რომელმაც თავისი ბებერი და საყვარელი მამის სიტყვებზე: „აირჩიე  ჩემსა და მას შორის!“, – ვენეციის მთელი სენატის წინაშე მტკიცედ განაცხადა, რომ მამა უყვარს, მაგრამ ქმარი მისთვის მეტად ძვირფასია; რომელმაც სიკვდილის წინ თავის აღსასრულში საკუთარი თავი დაადანაშაულა და ითხოვა, რომ ქმრის წინაშე ის გაემართლებინათ. არა, ოფელია არაა ასეთი; მას უყვარს ჰამლეტი, მაგრამ, ამავდროულად, მას მამაც და ძმაც უყვარს – ბედნიერებისთვის მისთვის არაა საკმარისი ჰამლეტში ცხოვრება, მას სჭირდება ცხოვრება მამასა და ძმაში. გულუბრყვილო და სუფთა, ვერც კი წარმოიდგენს სამყაროში ბოროტების არსებობას; მას არანაირად არ სჭირდება პოლონიუსი და ლაერტი, როგორც ადამიანები; ოფელია მათ იცნობს და  უყვარს ისინი, ერთი – როგორც მამა, მეორე – როგორც ძმა. ჰამლეტის მხრიდან მის მიმართ გამოთქმულ სარკაზმში, ოფელია არც ღალატს ეჭვობს და არც გრძნობების განელებას – ის ხედავს შეურაცხადობას, დაავადებას და ჩუმად დარდობს.  მაგრამ, როდესაც მამის სისხლიანი გვამი დაინახა და გაიგო, რომ ეს მისმა საყვარელმა ადამიანმა ჩაიდინა, ორმაგი უბედურება ვერ გადაიტანა და მისი ტანჯვა სიგიჟით გადაწყდა“.

სავსებით გასაგებია ჰამლეტის სარკაზმი, ოფელიასთან სცენაში, რომლის დროსაც მეფე და პოლონიუსი მათ საუბარს ფარულად უგდებდნენ ყურს (მოქ. III, სცენა 1): ჰამლეტი სულის სიღრმემდე აღაშფოთა ოფელიას სულმოკლე ღალატმა, რომელიც უფლისწულის მტრების მხარეს დადგა და მათ ხელში თვინიერ იარაღად იქცა.

მხოლოდ ოფელია და პოლონიუსი მიიჩნევენ ჰამლეტს შეურაცხადად, სხვები კი მისი თვალთმაქცობით არ ტყუვდებიან. კლაუდიუსს ძალიან კარგად ესმის მისი მდგომარეობა:

„არა, ეგ სენი სიყვარულის ბრალი არ არის

და ლაპარაკში ვერ შევატყვე ჭკუიდამ შეშლა

თუმცა მის სიტყვებს დალაგება ცოტა კი აკლდა.

მაგას რაღაცა სევდის თესლი გულს ჩაბნევია

და სახიფათო უნდა იყოს, ვგონებ, იმ თესლის აღორძინება“.[8]

მაშასადამე, ჰამლეტის მოჩვენებითი სიგიჟე დასახულ მიზანს კი არ აღწევს, არამედ თავისი პირდაპირი ამოცანიდან ყურადღებას აფანტვინებს. შეშლილის მოსახერხებელ ნიღაბს ამოფარებული, ის ანგრევს და ფარდას ხდის ყველაფერს, სარკაზმითა და გულისწყრომით  დევნის გარშემომყოფთა ყველა ნაკლოვანებას; მაგრამ პირისპირ დარჩენისას, საკუთრ თავსაც ასევე ანგრევს და ანადგურებს  უმოქმედობისა და დროის ფუჭი ხარჯვისთვის.

იქიდან გამომდინარე, რომ მეფის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია, ჰამლეტი ხელმწიფის გამოცდას თეატრალური დადგმის მეშვეობით ეცდება. მისი გადაწყვეტილება საუკეთესოდ განხორციელდა და ჰამლეტს აღარ დარჩა არანაირი ეჭვი კლაუდიუსის ბრალეულობასთან დაკავშირებით. მაგრამ ამ წარმოდგენამ კლაუდიუსსაც აუხილა თვალი ჰამლეტისა და მისი საიდუმლო ჩანაფიქრების შესახებ. ამის შემდეგ მათ შორის სამკვდრო – სასიცოცხლო ბრძოლა იწყება. მეფემ უკვე დაგეგმა ჰამლეტის ინგლისში გაგზავნა და იქ მოკვლა, ხოლო უფლისწული  სავსეა იმაზე ფიქრით, თუ როგორ მოკლას მეფე:

„აწ დადგა ღამის ბნელი ჟამი გრძნეულთ საფერი,

ოდეს საფლავნი პირს იხსნიან და ჯოჯოხეთიც

სნებას ამოხეთქს და მოაფენს დედამიწასა.

ეხლა შემეძლო, თბილსა სისხლსა დავწაფებოდი

და მომეხდინა ისეთი რამ საქმე საზარო,

რომ თვით დღის ნათელს მისის ხილვით თრთოლა მოსვლოდა“.[9]

მიუხედავად ამისა, როდესაც ის დაინახავს მლოცველ მეფეს, არ განგმირავს მას, რადგან არ უნდა, რომ „ბოროტმოქმედი სამოთხეში გაუშვას“.  ჰამლეტს თავისი წარმოსახვა უცბად უხატავს მამის საიქიო ტანჯვის სურათებს, რომელიც „საშინელის სამჯავროის წინ უზიარებლად, ზეთ-უკურთხად, უაღსარებოდ“ წარსდგა. არა ფუჭი მიზეზი, არამედ რწმენა იმისა, რომ მან კლაუდიუსზე ისევე უნდა იძიოს შური, ჰამლეტს აჩერებს.

მაგრამ შურისძიებისთვის გამოსადეგი მომენტის ხელიდან გაშვების შემდეგ, ჰამლეტი კიდევ ერთ საბედისწერო შეცდომას უშვებს: როდესაც ჰგონია, რომ მეფეს სჯის, სინამდვილეში პოლონიუსს კლავს. ამის შედეგი ისაა, რომ ჰამლეტს დააპატიმრებენ და იძულებით გააგზავნიან ინგლისში. გზაზე მან მთელი თავისი ენერგია და საზრიანობა უნდა მოიხმოს იმისთვის, რომ თავი დაიხსნას სიკვდილისგან, რომელიც ინგლისში ელოდება. მეკობრეებთან შემთხვევითი შეტაკება ისევ დანიაში აბრუნებს მას. შურისძიების განხორციელებისთვის ცოტა დრო რჩება იქამდე, სანამ ინგლისიდან მოვა ცნობა როზენკრანცისა და გილდენშტერნის ხვედრის შესახებ.

მეფე კულმინაციას თავად აჩქარებს, როდესაც ჰამლეტის ვერაგულად მოკვლას გადაწყვეტს და, ახალი დანაშაულით დამძიმებული, შურისმაძიებლის ხელში ვარდება.

შურისძიება განხორციელდა, მაგრამ ის ძვირად დაუჯდა ჰამლეტს! ახალგაზრდობის ნათელ იდეალიზმთან დამშვიდობებით, მან მთლიანად შეიგრძნო იმედგაცრუების პირქუში და უსიცოცხლო ფსკერი, ადამიანებისა და ცხოვრების რწმენა დაკარგა, სულიერი განხეთქილებისა და აუტანელი  ზნეობრივი ტანჯვის მთელი ტრაგიზმი შეიგრძნო,  – ამ ყველაფერმა ნაფლეთებად აქცია მისი სუფთა და კეთილშობილი გული. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ის არ გადაეშვა აპათიაში და არ თქვა უარი ბედისწერის მიერ მასზე დაკისრებულ მძიმე ვალდებულებაზე. როგორც პატიოსანი მეომარი, მის გარშემო არსებულ ბოროტებასთან, ძალადობასა და ტყუილთან არათანაბარ ბრძოლაში დაეცა.

ჰამლეტი სამუდამოდ გახდა კეთილშობილი იდეალისტის მაღალმხატვრული და უნივერსალური ტიპაჟი. იგი პირქუშ რეალობას ეჯახება და იტანჯება ცხოვრების არასრულყოფილებებთან მძიმე ბრძოლაში, რომელმაც ყველა თავისი პირადი რწმენა და იდეალი დაამსხვრია. სწორედ ამიტომ, მისი იმედგაცრუება, ეჭვი, ყოყმანი და სულიერი განხეთქილება  მჭევრმეტყველურად  ესაუბრება ამდენს თანამედროვე ადამიანს, რომელიც პირადი ინტერესების ეგოისტურ წრეში არ იკეტება და გულთან ახლოს მიაქვს  საზოგადოებრივი ინტერესები, სიკეთისა და სამართლიანობის იდეალები.

 

XI

გერმანული „ბობოქარი მისწრაფებების“ დროიდან „ჰამლეტმა“ ევროპულ ლიტერატურაზე შესამჩნევი გავლენის მოხდენა დაიწყო. ამ ეპოქის წარმომადგენელი ახალგაზრდობა, რომელიც ლიტერატურის დარგში ახალი იდეალებისთვის იბრძოდა, ჰამლეტში რაღაც ალალსა და ნათესაურს, მათთან მიახლოებულს ხედავდა. გოეთე თავის ავტობიოგრაფიაში მოგვითხრობს: „ჰამლეტი და მისი მონოლოგები ყველა ნორჩ გონებას ავსებდა. მთავარი ადგილები ყოველმა ზეპირად იცოდა და სიამოვნებით მოჰყავდა ციტატები, ყოველი მათგანი თვლიდა, რომ აქვს უფლება ისეთივე მელანქოლიურ განწყობაზე ყოფნისა, როგორიც დანიელ უფლისწულს ჰქონდა – თუმცა მათ არ ეცხადებოდათ  არანაირი აჩრდილი და არ უწევდათ მამისა და მეფისთვის შურისძიება“.[10] გოეთესა და შილერის თაოსნობით, ამ პერიოდის გამორჩეულად ნიჭიერი ადამიანების ნაწარმოებებში  შექსპირისეული ტრაგედიის შესწავლის მრავალი მინიშნების მოძებნაა შესაძლებელი. თუ „ვილჰელმ მაისტერში“ გოეთემ, როგორც დავინახეთ, ჰამლეტის შესანიშნავი აღწერა წარმოგვიდგინა, მაშინ თავის შედარებით ადრინდელ ნაწარმოებებში, რომლებიც შესრულებით ან შინაარსით „ბობოქარი მისწრაფებების“ ეპოქას ეკუთვნოდა, მისთვის ჰამლეტის ხატი იყო შთაგონების წყარო საკუთრი პოეტური ქმნილებებისთვის. ვერტერში, რომელმაც საკუთარ თავში „გრიგალისა და ზეწოლის“ ეპოქა განასახიერა თავისი სენტიმენტალური და ნაღვლიანი მხრიდან, ეჭვგარეშეა, რომ არის ჰამლეტისთვის დამახასიათებელი რამდენიმე თვისება. კუნო ფიშერის სამართლიანი აღნიშვნის საფუძველზე უნდა ითქვას, რომ ვერტერში აღწერილია ისეთივე მკვეთრი გადასვლა ყმაწვილობის ნათელი იდეალიზმიდან პირქუშ იმედგაცრუებაში, როგორიც ჰამლეტში, ამასთანავე, XVIII საუკუნის სენტიმენტალური გმირის რამდენიმე ფრაზა თითქმის ზუსტი განმეორებაა დანიელი უფლისწულის ცნობილი ტირადებისა.[11]

„ფაუსტის“ შექმნისას გოეთე შთაგონებას ნაწილობრივ იმავე უშრეტი წყაროდან იღებდა. გრეტხენის მიმართ ფაუსტის დამოკიდებულება ძალიან ჰგავს ჰამლეტის დამოკიდებულებას ოფელიას მიმართ. ორივე შემთხვევაში გამოსახულია  მაღალი გონებრივი კულტურის მქონე ადამიანის ტრაგიკული  სიყვარული გულუბრყვილო და სიმპათიური ახალგაზრდა ქალის მიმართ. როგორც ოფელიას წაართმევს მამას საყვარელი ადამიანი, ისევე  კარგავს დედას გრეტხენი ფაუსტის გამო. ორივე გოგონას ძმები – ლაერტი და ვალენტინი, შეებრძოლებიან საკუთრი უბედურების მიზეზს. ისევე, როგორც ოფელია, გრეტხენიც გაგიჟებით დაასრულებს სიცოცხლეს.  საბოლოოდ, ოფელიას გიჟურ სიმღერას, რომელიც წმინდა ვალენტინის დღეს ეძღვნება, თითქმის იმავენაირად იმეორებს „ფაუსტში“ მეფისტოფელი.

ჰამლეტი და ფაუსტი – სულიერი ძმები არიან. მათ შორის განსხვავება იმ ეპოქების განსხვავებული ხასიათებით შეიძლება აიხსნას, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ: ერთ მხრივ, მდუღარე და აყვავებული აღორძინება, თავისი ხალისიანი აღფრთოვანებითა და „მსოფლიო მწუხარების“ პირველი, გადაკრული გამოვლინებით და, მეორე მხრივ, მომწიფებული, „შემეცნებისა და ეჭვის ტვირთის ქვეშ“ დატანჯული, თავისი მასშტაბური ამოცანებითა და წინააღმდეგობებით შეწუხებული მეცხრამეტე საუკუნე.[12]

ბაირონისეული იმედგაცრუებული წამებულები – ფაუსტის სულიერი შვილები და ჰამლეტის პირდაპირი შთამომავლები არიან. მათი დემონური და პირქუში გარეგნობის უკან იმალება იდეალისტის რბილი გული, რომელიც სასოწარკვეთილებამდე საზოგადოებრივი და ინდივიდუალური ცხოვრების ჩამოუყალიბებლობამ მიიყვანა. ფრანგ რომანტიკოსებთან, განსაკუთრებით, მიუსესთან ჰამლეტისეული ტიპაჟის გამოძახილებს არაერთხელ შევხვდებით. როგორც დავინახეთ, გერმანულ ლიტერატურაში განსაკუთრებული პოპულარობა ჰამლეტმა XIX საუკუნის 40-იან წლებში მოიპოვა და გერმანელი ერის სიმბოლოდ იქცა, რომელიც აზროვნების სფეროში ენერგიულია, ხოლო სახელმწიფოს ცხოვრების ასპარეზზე კი უმოქმედოა. ლიტერატურაში ჰამლეტისეული ტიპაჟი ფართოდ გავრცელდა და განსახიერდა სხვადასხვა სახითა და ფორმით შთაგონებული.

XIX საუკუნის კულტურული საზოგადოების გამორჩეული წარმომადგენლებისთვის, რომლებიც სერიოზულად დაფიქრდნენ მტანჯველი ცხოვრებისეული პრობლემების შესახებ და დაიღალნენ სიმართლის, სიკეთისა და ნათელი იდეალებისკენ ფუჭი მისწრაფებებით, უბედური ჰამლეტის მომხიბვლელი ხატი, ყოველთვის იყო ის ზუსტი სარკე, რომელშიც საკუთარი ზნეობრივი ბუნების, მიზნების, სულიერი ტანჯვისა და იმედგაცრუებისთვის დამახასიათებელ თვისებებს პოულობდნენ. თანამედროვე ადამიანთან ჰამლეტის ტიპაჟის ახლო სულიერი კავშირი ყველაზე კარგად ცნობილმა რომანტიკოსმა ჟორჟ სანდმა აღწერა შემდეგ სიტყვებში: „საბრალო ჰამლეტ, მითხარი, რა არის მიზეზი შენი დაუცხრომელი ვარამისა და რატომ აღიბეჭდება შენი ჩივილი თანამედროვე ადამიანის გულში ასე მტკივნეულად? ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ მამა მოგიკლეს, შენ კი შურისძიების ძალა არ გაქვს? შენს ტანჯვაში სუფთა სულის წვალება ხომ არ ისახება, რომელიც წამხდარ სამყაროსთან ბრძოლაში იღუპება? შენი მწუხარება – ჩვენი მწუხარებაა – და ამაშია შენ მიმართ ჩვენი სიმპათიის წყარო“.[13]

უკვე ახალი საუკუნის მიჯნაზე არანაკლები ენთუზიაზმით მიმართავს ჰამლეტს ცნობილი კრიტიკოსი ბრანდესი: „ჩვენ გვიყვარხარ, როგორც ძმა! შენი სევდა – ჩვენი სევდაა, შენი გულისწყრომა – ჩვენი გულისწყრომაა, შენი ამაყი გონება ჩვენთვის შურს იძიებს მათზე, ვინც დედამიწას თავისი ცარიელი ხმაურით ავსებს და ვინც მბრძანებლობს. ჩვენთვის ნაცნობია შენი მტანჯველი მწუხარება, როდესაც თვალთმაქცობისა და ტყუილის დღესასწაულის შემსწრე ხდები. მაგრამ, ვაი, რომ საკუთარი ტანჯვა უფრო უარესია, როდესაც იგრძენი, რომ შენში ის ნერვი გადაიჭრა, რომელიც აზრს გამარჯვებულ საქმედ აქცევდა“.[14]

ჰამლეტის საერთო საკაცობრიო მნიშვნელობა უკვდავია. უდიდესი პოეტების გენიის მეშვეობით შექმნილი ყველა ხატიდან, მას აქვს ის საიდუმლო, რომელიც რუდინის ენაწყლიანობას ასე მომხიბვლელს ხდიდა: გულების თითოეულ  სიმზე დარტყმით, დანარჩენებს აიძულებს, რომ ბუნდოვნად გაიჟღერონ და ათრთოლდნენ.

Marika Mamatsashvili

Doctor of Arts,

Assistant-professor at Shota Rustaveli Theatre and Film Georgia State University

Hamlet: The Archetype of European Literature

Summary

  • The depth of genius of “Hamlet”, its encompassing of an infinitely wide range of mankind’s most pressing issues, its in-depth psychological analysis and, of course, the artistic perfection of the tragedy as a whole, all warrant the play a special place amongst the most valuable works of world literature.
  • “Hamlet” evokes particular interest not only because of the psychological depth of its central problem and the universality of its character, or the primary artistic value of the work, but also due to the significance of this tragedy in Shakespeare’s spiritual development. In none of his other works can you find as much wealth of subjective elements and personal, autobiographical characteristics.
  • When discussing the primary source for “Hamlet”, we encounter many fundamental differences, which are disscussed in the second chapter.
  • Finally, observing the characteristics of Hamlet in his own contemporaries, Shakespeare was by no means an impartial and ordinary spectator of these events: He felt in his heart Hamlet’s frustration with life, he shed tears weeping over shattered ideals, he experienced the torment of thoughts powerless in the face of the enigma of human existence.

გამოყენებული ლიტერატურა:

 

[1] Falk, R.  Shakespeare in America, A survey to 1900, Shakespeare Survey, An anual survey of Shakespeare study and production, Cambridge, at the University Press, 1965.  https://books.google.ge/books?id=tufyxF0tXvkC&pg=PA102&lpg=PA102&dq=hedson+shakespeaar+critic+1871%20Shakespeare%20Survey,%20An%20anual%20survey%20of%20Shakespeare%20study%20and%20production,%20Cambridge,%20at%20the%20University%20Press,%201965.#v=onepage&q&f=false (02/12/2020)

[2] იხ.: უილიამ შექსპირი,  ჰამლეტი, თარგმანი – ივანე მაჩაბელი – https://biblionteka.files.wordpress.com/2016/04/hamleti.pdf (02/12/2020)

[3] იხ.: უილიამ შექსპირი,  ჰამლეტი, თარგმანი – ივანე მაჩაბელი – https://biblionteka.files.wordpress.com/2016/04/hamleti.pdf  (02/12/2020)

[4] იხ.: უილიამ შექსპირი,  ჰამლეტი, თარგმანი – ივანე მაჩაბელი – https://biblionteka.files.wordpress.com/2016/04/hamleti.pdf (02/12/2020)

[5] იხ.: უილიამ შექსპირი,  ჰამლეტი, თარგმანი – ივანე მაჩაბელი – https://biblionteka.files.wordpress.com/2016/04/hamleti.pdf (02/12/2020)

[6] იხ.: უილიამ შექსპირი,  ჰამლეტი, თარგმანი – ივანე მაჩაბელი – https://biblionteka.files.wordpress.com/2016/04/hamleti.pdf (02/12/2020)

[7] იხ.: უილიამ შექსპირი,  ჰამლეტი, თარგმანი – ივანე მაჩაბელი – https://biblionteka.files.wordpress.com/2016/04/hamleti.pdf (02/12/2020)

[8] იხ.: უილიამ შექსპირი,  ჰამლეტი, თარგმანი – ივანე მაჩაბელი – https://biblionteka.files.wordpress.com/2016/04/hamleti.pdf (02/12/2020)

[9] იხ.: უილიამ შექსპირი,  ჰამლეტი, თარგმანი – ივანე მაჩაბელი – https://biblionteka.files.wordpress.com/2016/04/hamleti.pdf (02/12/2020)

[10]  იხ.: Аникст А. А. Творческий путь Гёте. М.: Художественная литература, 1986;

[11] იხ.: Луков В. А. Гёте Иоганн Вольфганг. Энциклопедия «Мир Шекспира». http://world-shake.ru/ru/Encyclopaedia/3666.html (02/12/2020)

[12] Луков В. А. Гёте Иоганн Вольфганг. Энциклопедия «Мир Шекспира» http://world-shake.ru/ru/Encyclopaedia/3666.html (02/12/2020)

[13] Библиотека Великих Писателей; Шекспир; под редакций С А Венгезова; Т. 3; стр. 62 https://www.litfund.ru/auction/52s1/77/ ; (02/12/2020)

[14] Библиотека Великих Писателей; Шекспир; под редакций С А Венгезова; Т. 3; стр. 62 https://www.litfund.ru/auction/52s1/77/ ; (02/12/2020)

016732
WordPress Theme built by Shufflehound. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი