მარიკა მამაცაშვილი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი,
საქართველოს შოთა რუთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
ჰამლეტი, როგორც ევროპული ლიტერატურის არქეტიპი
I
შექსპირის ნაწარმოებებიდან არც ერთი არ ყოფილა ისეთი პოპულარული, არც ერთ მათგანს არ გამოუწვევია ისეთი საყოველთაო გაკვირვება და აღფრთოვანება, არც ერთს არ ჰქონია ევროპულ ლიტერატურაზე ისეთი გავლენა, როგორიც „ჰამლეტს”. გენიალური აზრის სიღრმემ, კაცობრიობის ყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების უსაზღვროდ ფართო სპექტრის მოცვამ, სიღრმისეულმა ფსიქოლოგიურმა ანალიზმმა და, რა თქმა უნდა, „ჰამლეტის“ მთელი ტრაგედიის მხატვრულმა სრულყოფილებამ, მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე ღირებული ნაწარმოებების რიგში ტრაგედიისთვის განსაკუთრებული ადგილის დაკავება უზრუნველყო. შექსპირისეული დროისა და ნაციონალობის ჩარჩოების გადალახვისას, ამ უკვდავი ტრაგედიის გმირი დიდი ხანია დონ კიხოტთან, ფაუსტთან და პოეტური შემოქმედების რამდენიმე გენიალურ ქმნილებასთან ერათად, იქცა ერთ-ერთ მსოფლიო – ზოგადადამიანურ სახე-ხატად, რომელსაც უნივერსალური და მარადიული მნიშვნელობა აქვს.
„ჰამლეტის“ მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს არა მხოლოდ ფსიქოლოგიური პრობლემის სიღრმე და და მისი ხასიათის უნივერსალურობა, ან ნაწარმოების პირველადი მხატვრული ღირებულება, არამედ შექსპირის სულიერი განვითარების გზაზე ამ ტრაგედიის მნიშვნელობა იწვევს. მის ვერც ერთ ნაწარმოებში ვერ შეხვდებით სუბიექტური ელემენტებისა და პირადი, ავტობიოგრაფიული მახასიათებლის ამხელა სიმდიდრეს. ეს იმედგაცრუება და ცხოვრების შესახებ მწუხარე ფიქრი პოეტის მიერ პირადად იყო განცდილი – მან თავის თავზე გამოსცადა ჰამლეტის ხასიათის მთელი სიმძიმე. როგორც ცნობილია, „ჰამლეტი“ გენიალური დრამატურგის პოეტური ცხოვრების იმ წლების აღმწერია, რომელიც „ოტელოს“, „ლირისა“ და „მაკბეტის“ შექმნას უძღვოდა წინ.
„ჰამლეტი“ პირველად ზუსტად ოთხასი წლის წინ დაიბეჭდა. In – quartos ფორმატში პირველი გამოცემა 1603 წელს ლონდონში გამოვიდა სათაურით: „ტრაგიკული ისტორია ჰამლეტზე, დანიის უფლისწულზე“. უილიამ შექსპირის ნაწარმოები იმ სახით დაიბეჭდა, რომლითაც რამდენჯერმე იყო წარმოდგენილი მისი უდიდებულესობის მსახიობების მიერ ლონდონში, ასევე კემბრიჯის, ოქსფორდის უნივერსიტეტებსა და სხვა ადგილებში“[1]. მომავალ 1604 წელს „ჰამლეტი“ მეორედ გამოიცა ისევ in – quarto-ს ფორმატში, მაგრამ უკვე უფრო მეტად რედაქტირებული, რაც, ცხადია, თავად პოეტმა გააკეთა და, ამის გათვალისწინებით, სათაურიც შეცვალა: „„ტრაგიკული ისტორია ჰამლეტზე, დანიის უფლისწულზე.“ უილიამ შექსპირის ნაწარმოები. კიდევ ერთხელ დაბეჭდილი და პირველ გამოცემასთან შედარებით გაორმაგებული (enlarged to almost as much again as it was) ორიგინალური და სრული ხელნაწერის მიხედვით“. მეორე გამოცემის შემდეგ, ტრაგედიამ მიიღო ის სახე, რომლის მეშვეობითაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ამ გამოცემის ტექსტი რამდენჯერმე გადაიბეჭდა (1605, 1611 წლებში და ა.შ.) და, საბოლოოდ, 1623 წელს უმნიშვნელო შესწორებებით შექსპირის დრამების პირველ გამოცემა in – folio-ში შევიდა.
რაც შეეხება „ჰამლეტის“ დაწერის თარიღს, ერთადერთი სანდო ინფორმაცია ინახება ე.წ. საგამომცემლო რეესტრებში, სადაც 1602 წლის 26 ივლისის მონიშვნაში წერია: „წიგნი, დასათაურებული, როგორც ჰამლეტის, დანიის უფლისწულის, შურისძიება იმ სახით, რომლითაც ცოტა ხნის წინ წარმოდგენილი იყო ლორდ – კანცლერის დასის მიერ“[2]. ეს იყო სწორედ ის დასი, რომელსაც ეკუთვნოდა შექსპირი. 1603 წელს მას გადაარქვეს სახელი და დასს „სამეფო მსახიობები“ (the King’s players) ეწოდა, რის გამოც in – quartos-ს პირველ გამოცემაში ნათქვამია, რომ პიესა წარმოდგენილია „მისი უდიდებულესობის მსახიობების“ მიერ. შესაბამისად, „ჰამლეტი“ დაწერილი იყო არაუგვიანეს 1602 წლისა.
არაერთხელ იყო მცდელობა იმის დამტკიცებისა, რომ ჩვენი ტრაგედიის დაწერის თარიღი გაცილებით ადრინდელია. ეჭვგარეშეა, რომ 1602 წლამდე ინგლისში უკვე არსებობდა რაღაც ტრაგედია ჰამლეტის შესახებ. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს თანამედროვეების მთელი რიგი კვლევები, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ პიესის ავტორს არ ასახელებენ. უკვე 1589 წელს მის შესახებ საუბრობს შექსპირის წინამორბედი თომას ნეში – რობერტ გრინის „მენაფონის“ წინასიტყვაობაში. შემდეგ ფილიპ გენსლოს „დღიური“ ადასტურებს იმას, რომ 1594 წლის 9 ივნისს ლონდონში წარმოდგენილი იყო პიესა სახელწოდებით „ჰამლეტი“. 1596 წელს თომას ლოჯმა თავის ერთ-ერთ სატირისტულ პამფლეტში ახსენა „ფერმკრთალი მოჩვენება, რომელიც სცენაზე კიოდა: ჰამლეტ, ჩემ მაგივრად იძიე შური!“. იმავე წელს მსახიობმა იოსებ ტეილორმა შეასრულა ჰამლეტის როლი. ბროუნი, ნაიტი და ელცე ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, რომ ყველა ზემოაღნიშნული მოსაზრება ეხება შექსპირის მიერ დაწერილ “ჰამლეტს“, რომელიც, შესაბამისად, ჯერ კიდევ XVI საუკუნის 80-იან წლებში არსებობდა. თუმცა, საკუთარი აზრის გასამყარებლად ამ შექსპიროლოგების მიერ მოყვანილი არგუმენტები არც ისე დამაჯერებელია და ეწინააღმდეგება იმ ფაქტს, რომლის თანახმადაც, ზუსტი და ფრთხილი ფრენსის მირესელის მიერ 1598 წელს შექსპირის ყველა ნაწარმოების ჩამონათვალში „ჰამლეტის“ შესახებ არაფერია ნახსენები. ეს არ მოხდებოდა, თუ „ჰამლეტი“ იმ დროისთვის უკვე დაწერილი იქნებოდა. არსებული მონაცემების თანახმად, ჩვენი ტრაგედიის დათარიღება შესაძლებელია 1601 ან 1602 წლით.
შესაბამისად, ტრაგედია ჰამლეტის შესახებ, რომელიც უფრო ადრინდელ რიცხვით თარიღდება არა შექსპირს, არამედ სხვა დრამატურგს ეკუთვნის. მელონისა და კოლიერის აზრით, მისი ავტორი თომას კიდი იყო.
გამოითქვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ კიდის ტრაგედია ჩვენს დრომდე შემორჩენილი პიესის საფუძველი გახდა, რომელიც XVII საუკუნეში გერმანიაში „ინგლისელი კომედიანტების“ სახელით ცნობილი მოხეტიალე დასმა დადგა სახელმწოდებით „ძმის მკვლელობის დასჯა” ან ტრაგედია „ჰამლეტის, დანიის უფლისწულის შესახებ“. თუმცა, არ შეიძლება, არ გავიზიარო კონის მოსაზრება (Shakespeare in Germany) იმის შესახებ, რომ XVII საუკუნის გერმანული „ჰამლეტი“ შექსპირის ტრაგედიის უნიჭოდ გადაკეთებული ვარიანტია, რომელიც უხეში ლუბური სტილისთვის (რევოლუციამდელი იაფფასიანი და შინაარსობლივად პრიმიტიული მასობრივი გამოცემები, რომელთაც თან ერთვოდა გაფერადებული სურათები) დაამახინჯეს და ამოუცნობი გახადეს – მოცემული დასების რეპერტუარები სწორედ ამით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.[3]
აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ იმის საშუალებას, რომ გავარკვიოთ, რა კავშირი ჰქონდა შექსპირის „ჰამლეტს“ კიდის პიესასთან. ეჭვგარეშე მხოლოდ ისაა, რომ შექსპირამდელ „ჰამლეტშიც“ იყო მოჩვენება, რომელიც გმირს შურისძიებისკენ მოუწოდებდა. იმ შემთხვევაში, თუ კიდის პიესიდანაც იყო გამოყენებული ფაქტები, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანი მნიშვნელოვანი ყოფილიყო დრამატურგისთვის, რადგან შექსპირის დრამატული სტილი ეწინააღმდეგებოდა „სისხლიანი ტრაგედიების“ სტილს, რომელსაც ძველი დრამატურგია იყენებდა.
II
მამის სიკვდილისთვის შურისძიების მოტივები ჯერ კიდევ უძველეს საგებში გვხვდება. ცნობილია, მითი ორესტეს შესახებ, რომელიც ესქილემ და სოფოკლემ დრამატულად დაამუშავეს. ორესტემ ისევე, როგორც ჰამლეტმა, შური უნდა იძიოს მამის მკვლელზე, რომელმაც დედამისი მოიყვანა ცოლად. სამეფო ტახტის უზურპატორზე ახლო ნათესავების სიკვდილისთვის შურისძიება ახლოა რომაული საგის თემატიკასთან ბრუტუსის შესახებ, რომელშიც იმიტირებულ სიგიჟეზეცაა საუბარი იმისთვის, რომ შურისძიება განხორციელდეს.
ამ მითების ზეგავლენით შუასაუკუნეებში შეიქმნა სკანდინავიური ლეგენდა ამლეთზე, რომლის შესახებაც საუბარია XII საუკუნის დანიელი მემატიანის, საქსონ გრამატიკოსის ტექსტში “დანიელთა საქმენი“. სწორედ ამ ლეგენდამ მისცა შექსპირს თავისი ცნობილი ტრაგედიის ფაბულა.
ლეგენდის თანახმად, დანიელმა მეფე რორიკმა იუტლანდიის მთავარმმართებლებად თავისი ორი ძმა – ხორვენდილი და ფენგონი – დანიშნა. მალევე ხორვენდილმა საზღვაო შეტაკებებსა და ბრძოლებში სახელი გაითქვა და სიმდიდრე მოიხვეჭა. მას შემდეგ, რაც ხორვენდილმა ბრძოლაში ნორვეგიის მეფე დაამარცხა და სიმდიდრეც წამოიღო, მეფე რორიკის ისეთი პატივისცემა დაიმსახურა, რომ მეფემ მას თავისი შვილი გერუდა მიათხოვა. სწორედ ამ ქორწინებაში გაჩნდა ამლეთი, რომლის შესახებაცაა თქმულება. იმ ბედნიერებამ, რომელიც ხორვენდილს ხვდა წილად, ფენგონში რისხვა და შური გამოიწვია, რის გამოც მან ძმის მოკვლა და იუტლანდიის ერთადერთ მმართველად დარჩენა გადაწყვიტა. ხელსაყრელი მომენტის მოძებნის შემდეგ, ფენგონმა ხორვენდილი მოკლა იმის საფუძველზე, თითქოს ხორვენდილი ცოლის მოკვლას ცდილობდა. გულუბრყვილო გერუდამ დაიჯერა ფენგონის მონათხრობი და თავის „გადამრჩენელს“ გაჰყვა ცოლად.
მაგრამ ახალგაზრდა ამლეთმა სიმართლე იცოდა და შურისძიება გადაწყვიტა. იმისთვის, რომ მის ბიძასა და, ამავდროულად, მამინაცვალს ამლეთის ქმედებებში ეჭვი არ შეჰპარვოდა, ახალგაზრდამ გოდებაშეზღუდული (extremum mentis vitium finxit) დაიწყო ცხოვრება. ამის შემდეგ ის დაფლეთილ ტანისამოსში დადიოდა, ბურდღუნებდა ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელ სიტყვებს, რომლებშიც ღრმა აზრი იდო. ხანდახან კერის წინ იჯდა და ხისგან კაუჭებს თლიდა და შემდეგ ცეცხლზე წვავდა. როდესაც მას ეკითხებოდნენ, რას აკეთებდა – ამლეთი ამბობდა, რომ მამის მკვლელობისთვის შურის საძიებლად იარაღს ამზადებდა. ბევრი დასცინოდა, მაგრამ ფენგონს ეჭვი გაუჩნდა ამლეთის გონებაშეზღუდულობასთან დაკავშირებით. ამის გასარკვევად, ფენგონმა ბრძანა, რომ ამლეთი ტყეში შეეხვედრებინათ ლამაზ გოგონასთან, რომელიც ყმაწვილს ბავშვობიდან უყვარდა. მიგზავნილ ჯაშუშებს უნდა ეთვალთვალათ ამლეთისთვის. თუმცა ძუძუმტის მიერ ხაფანგის შესახებ წინასწარ გაფრთხილებულმა ამლეთმა ჯაშუშებს ყველა გეგმა ჩაუშალა. მაშინ „ფენგონის ერთ-ერთმა მეგობარმა“ შესთავაზა ამლეთს შეხვედრა დედამისთან, ხოლო თავად კი მოუსმენდა მათ საუბარს. მაგრამ ამლეთის ქმედების გამოაშკარავების ეს გეგმაც ჩაიშალა. ახალი ხაფანგის მოლოდინში ამლეთი დედამისის ოთახში შეურაცხადივით იქცეოდა და ჭილობის ქვეშ დამალული კარისკაცის დანახვის შემდეგ მოკლა ის – სხეული დაანაწევრა და ღორებს გადაუგდო შესაჭმელად. დედასთან დაბრუნების შემდეგ, ამლეთმა საიდუმლო გაუმხილა და ემოციური მონოლოგით ისეთი გავლენა მოახდინა დედაზე, რომ ქალმა მოინანია საქციელი და შვილს დახმარება აღუთქვა მამის მკვლელობისთვის შურისძიებაში.
ამის შემდეგ ფენგონმა ამლეთის მოსაშორებლად მესამე გზა გამონახა: მან გერი ინგლისში ორ მსახურთან ერთად გააგზავნა. მათ ინგლისის მეფისთვის წერილი (რუნა) უნდა მიეტანათ, რომელშიც ფენგონი სთხოვდა მეფეს, რომ ამლეთი ნაპირზე გადმოსვლისთანავე მოეკლათ. თუმცა, იმ დროს, როდესაც ამლეთის თანამგზავრებს ეძინათ, მან წერილი შეცვალა და ახლა ფენგონი ინგლისის მეფისგან არა ამლეთის, არამედ მისი ორი მსახურის მოკვლას ითხოვდა. ამის გამო ინგლისში ისინი ჩამოახრჩვეს, ხოლო ინგლისის მეფეს ამლეთი, მისი გონიერების გამო, იმდენად მოეწონა, რომ საკუთარი ქალიშვილი მიათხოვა მას.
ზუსტად ერთი წლის შემდეგ ამლეთი იუტლანდიაში დაბრუნდა და თანაც სწორედ მაშინ, როდესაც დედამისთან შეთანხმებით ამლეთის ხსენების დღე უნდა გამართულიყო. როდესაც სტუმრები დათვრნენ და დაეძინათ, ამლეთმა მათ ბადე გადააფარა, რომელიც მის მიერ გაკეთებული კაუჭებით იყო დამაგრებული, შემდეგ კი დარბაზს ცეცხლი წაუკიდა. ამლეთი ფენგონის საძინებელში წავიდა, სადაც ბიძა – მამინაცვალი მისივე ხმლით მოკლა. ამლეთმა ხალხი შეკრიბა და მოუთხრო მათ ყველაფრის შესახებ, რის შემდეგაც ის მეფედ გამოაცხადეს. მეფე დიდხანს და ბედნიერად მართავდა, სანამ მეფე რორიკის მემკვიდრე ვიგლეტომთან ბრძოლაში არ დაიღუპა.
ასეთია საგა ჰამლეტის შესახებ თავისი პირვანდელი სახით.
XVI საუკუნეში საქსონ გრამატიკოსის მარტივი მოთხრობა კარლ IX-ის ისტორიოგრაფმა ბელფორემ საკუთარ თხზულება „Histoires tragiques“-ში (1564 წელი) ფრანგულ ენაზე გადაამუშავა. თავის მხრივ, ფრანგულიდან ტექსტი ინგლისურად ითარგმნა და დაიბეჭდა სათაურით: „ჰამლეტის ისტორია“ (The Hystorie of Hamblett, 1608).
ბელფორეს მოთხრობის დედანი ან თარგმანი შექსპირის ტრაგედიის წყაროდ იქცა. ამ აზრის დამამტკიცებელ საბუთად შეიძლება გამოვიყენოთ ის არგუმენტი, რომ ტექსტის ინგლისური თარგმანი მხოლოდ 1608 წელს გამოიცა და, შესაბამისად, შექსპირი მას ვერ გამოიყენებდა. ამ მოსაზრებას ამყარებს ერთი პატარა დეტალი: პოლონიუსის მკვლელობის სცენაში ჰამლეტის კივილი და ფრაზა „A rat! A rat! (ვირთხა! ვირთხა!)“ მხოლოდ ინგლისურ თარგმანში გვხვდება. შესაძლებელია ისიც, რომ ეს ფრაზა არა შექსპირმა ისესხა „The Hystorie of Hamblett“-დან, არამედ პირიქით – „ისტორიის“ ავტორმა აიღო შექსპირის ტრაგედიიდან.
შექსპირის პიესების წყაროების შესწავლისას, ყოველთვის გაკვირვებული რჩებოდნენ იმით, თუ რამდენად უმნიშვნელო მასალების გამოყენებით ქმნიდა შექსპირი თავის დრამებს. მაგრამ, როგორც ჩანს, არც ერთ ნაწარმოებში არაა ისეთი განსხვავება და უფსკრული ნედლ მასალასა და მხატვრულ ნაწარმოებს შორის, როგორიც ის „ჰამლეტშია“. ლეგენდამ მას მხოლოდ ფაბულა მისცა, ის გარე მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მოქმედებს და მოძრაობს ტრაგედია. რაც შეეხება ტრაგედიის შიდა მხარეს – მთელი მისი სული, დრამატული ინტერესი, აზრის სიღრმე, ფსიქოლოგიური ანალიზის სინატიფე ეკუთვნის პოეტსა და მის გენიალურ შემოქმედებითუნარიან გონებას.
ლეგენდაში მონათხრობი ეპოქალურად ემთხვევა ნახევრად მითოლოგიურ, ქრისტიანობამდელ პერიოდს დანიის ისტორიაში, რომელსაც ჯერ კიდევ ემჩნეოდა უხეშობისა და სისასტიკის ბარბაროსული დაღი. შექსპირმა მოქმედება გადაიტანა უფრო გვიანდელ და განათლებულ ეპოქაში. სამეფო კარზე არსებული აქ აღწერილი გარემო გამოირჩევა ზედაპირული, მაგრამ დახვეწილი კულტურით. ახალგაზრდობა ბრწყინვალებასა და ელვარებას პარიზში ეუფლება. ბევრ ახალგაზრდა მამაკაცს, მათ შორის ჰამლეტსაც, გერმანიის ეზოთერიკული უნივერსიტეტებში ჰქონდათ ნასწავლი ფილოსოფია.
ბელფორეს ნაწარმოებში ბუნდოვნად და მკრთალად ნახსენები მოქმედი პირები შექსპირის ტრაგედიაში სისხლსა და ხორცს იძენენ. ფენგონისა და გერუდას ლეგენდა მთლიანად იცვლის სახეს ტრაგედიაში მეფე კლაუდიუსისა და დედოფალ გერტრუდის პერსონაჟებში. საგაში სამეფო კარზე მყოფი ერთ-ერთი პირის ხსენებამ, რომელიც ამლეთისა და დედამისის საუბარს უსმენდა, შექსპირს ბიძგი მისცა საიმისოდ, რომ შეექმნა სამეფო კარის ენაჭარტალა მოხელის, პოლონიუსის პერსონაჟი. ლამაზი გოგონა, რომელიც საგაში ამლეთს პირველ გამოსაცდელ იარაღად მოევლინა, დრამატურგის ხელში ნაზი და უბედური ოფელიას სახით წარმოდგა. ამლეთის ძუძუმტე, რომელმაც ხაფანგის შესახებ გააფრთხილა უფლისწული, გამოისახა, როგორც მტკიცე ხასიათის მქონე, გაწონასწორებული ჰორაციო – ჰამლეტის ერთადერთი მეგობარი და თანამზრახველი. ხოლო ამლეთის ორი უსახელო თანამგზავრი სამეფო კარზე მყოფ ერთმანეთისგან განუყოფელ მსახურებად იქცნენ, რომელთაც გილდენშტერნი და როზენკრანცი ეწოდათ.
ძირფესვიანად შექსპირმა ტრაგედიის მთავარი გმირი, ჰამლეტის პერსონაჟი შეცვალა. შეიძლება იმის თქმა, რომ ლეგენდაში გამოსახული ამლეთი და შექსპირისეული ჰამლეტი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული პერსონაჟები არიან. საგის ნახევრად ბარბაროსული გმირის ნაცვლად, ტრაგედიაში ჩნდება ახალი ეპოქისთვის დამახასიათებელი ტიპაჟი, რომელიც თანამედროვე კაცობრიობისთვის დამახასიათებელ სიღრმისეულ ინტერესებს მოიცავს. უხეშ და შურისმაძიებელ პერსონაჟს ანაცვლებს ფაქიზი სულიერებისა და ნატიფი გრძნობების მქონე ადამიანი. საგის გმირი ეშმაკი, ფრთხილი, ცივსისხლიანი, მტკიცე ადამიანია. მას აქვს შურისძიების კონკრეტული გეგმა, რომლის განხორციელებისკენაც მუდმივად ისწრაფვის ყველანაირი ეჭვისა და მერყეობის გარეშე – არც ერთხელ არ გადაუხვია დასახული გზიდან. როდესაც დგება შურისძიების დრო, ის ახორციელებს მას, კლავს ფენგონს და ხალხი მეფედ ამლეთს აღიარებს. გათვლისა და მიზნის მიღწევის უნარის მქონე პერსონაჟის ადგილას შექსპირი აყენებს ვნებიან, მგზნებარე, მაგრამ მერყევი ხასიათის, შინაგანი ეჭვების მქონე ჰამლეტს, რომელიც შურისძიებას სიკვდილის წინ განვითარებული მოვლენების გამო ახორციელებს. შექსპირმა სიმძიმის ცენტრი ადამიანის სულში გადაიტანა და ტრაგედია ჰამლეტის პიროვნების განსაკუთრებულობის, მისი მენტალიტეტის, მსოფლმხედველობისა და ტემპერამენტის გარშემო ააგო.
იმისთვის, რომ საკუთარი გმირის ხასიათი უკეთ ეჩვენებინა, შექსპირმა მის გვერდით ლაერტი და ფორტინბრასი დააყენა, რომელთა შესახებაც არანაირი ცნობა არ არსებობს ბელფორეს ნაწარმოებში. ორივე მათგანი ასევე მამის სიკვდილისთვის შურისმაძიებლები არიან, თუმცა ჰამლეტთან შედარებით, თავიანთ გეგმას სულ სხვაგვარად ახორციელებენ და ხაზს უსვამენ ჰამლეტის მიერ დროის გაწელვას უფლისწულზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას.
III
„ჰამლეტის“ 1603 და 1604 წლების გამოცემების შედარებისას შექსპიროლოგებმა ორი ერთმანეთისგან განსხვავებული თეორია წარმოადგინეს. კოლიერისა და გრენტ უაიტის მეთაურობით ერთნი ამტკიცებენ, რომ პირველი გამოცემა შექსპირის ნებართვის გარეშე შეიქმნა და წიგნის კომერციული სპეკულაციის შედეგია. აღინიშნა ისიც, რომ ტექსტი პიესის ან ძალიან ცუდი ასლის შედეგად ან წარმოდგენის მსვლელობისას მწერლის მიერ უხერხულად შექმნილი მონახაზის საფუძველზე მიიღეს. მეორენი, დაწყებული ნაიტით და დასრულებული ფერნივალით, ასევე დელიუსი და გერვინუსი მიიჩნევენ, რომ „ჰამლეტის“ 1603 წლის გამოცემა თავად შექსპირმა შექმნა, თუმცა საკმაოდ დაუდევრად გამოაქვეყნა. მართლაც, ორივე გამოცემის დეტალური შედარებისას იმ დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომლის თანახმადაც, ორივე ტრაგედია თანმიმდევრულადაა დამუშავებული თავად პოეტის მიერ მხატვრულობის მისაღწევად.
„რომეო და ჯულიეტას“ ორი რედაქციის მსგავსად (1597-1599), „ჰამლეტის“ ორივე რედაქცია განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან პოეტის შემოქმედებითი მუშაობის პროცესისთვის თვალის მიდევნების საშუალებას იძლევა. თურმე, მისი ნაწარმოებები საბოლოო სახეს ეგრევე არ იღებდნენ, ხოლო პერსონაჟები რამდენიმე ფაზას გადიოდნენ, სანამ სრულყოფილ ვერსიებად ჩამოყალიბდებოდნენ.
„ჰამლეტის“ პირველი რედაქცია 1604 წელს გამოცემულ მეორე ვერსიას ბევრ საკითხში უთმობს პოზიციებს. ახალი დამუშავებისას, შექსპირმა უფრო მეტი ყურადღება მიაქცია და გამოკვეთა პერსონაჟების ხასიათები, რითაც უფრო და უფრო ჩამოაშორა ისინი ლეგენდარულ პირველსახეს. პირველ ყოვლისა, ეს შეიმჩნევა ტრაგედიის მთავარ გმირზე. რამდენიმე ოსტატური შტრიხის მეშვეობით დანიელი უფლისწულის ხასითში უფრო და უფრო რბილი ელემენტები შეაქვს შექსპირს. მხოლოდ მეორე რედაქციაში აიძულებს ჰამლეტს მოკლული პოლონიუსის გამო „ცრემლის დაღვრას“ (IV,1). ჰამლეტის პესიმისტური განწყობა, ცხოვრებით უკმაყოფილება, მელანქოლია და სასოწარკვეთილობის შეტევები მეორე რედაქციაში გაცილებით უფრო მკაფიოდაა წარმოდგენილი. ამისთვის საინტერესოა ორივე რედაქციაში ჰამლეტის პირველისა და მეოთხე მონოლოგების (მოქ. I, სცენა 2 და მოქ. III, სცენა 1) შედარება.
მხოლოდ მეორე რედაქციის პირველ მონოლოგში უჩნდება ჰამლეტს თვითმკვლელობის იდეა, მხოლოდ აქ ამბობს უფლისწული მისთვის ასე დამახასიათებელ სიტყვებს:
„ოჰ, ღმერთო, ღმერთო! ყველა საქმე ამ წუთისსოფლის
როგორ ფუჭია, უნაყოფო, დაობებული.
თითქო ქვეყანა იყოს ბაღი გაუმარგლავი,
რაშიაც ხარობს მხოლოდ ღვარძლი, ცუდი ბალახი“.
რაც შეეხება ჰამლეტის მეოთხე მონოლოგს, რომელიც იწყება სიტყვებით: „ყოფნა -არყოფნა“, – პირველ რედაქციაში ის ორჯერ უფრო მოკლე იყო და ჰამლეტს განსხვავებული სახით წარმოადგენდა. სიკვიდილისა და მომავალი ცხოვრების შესახებ მსჯელობისას, მეორე რედაქციის ჰამლეტი სკეპტიკოსად და რაციონალისტად გვევლინება მაშინ, როდესაც პირველი რედაქციის ჰამლეტი რწმენასა და ეჭვებს შორის ჯერ კიდევ შუა გზაზე ჩერდება. ეკლესიურ სწავლებებს ჯერ კიდევ არ ჩამოშორებელი ჰამლეტი საიქიო ცხოვრებას პირველ რედაქციაში უწოდებს „უცნობ ქვეყნას, რომლის დანახვისას წმინდანს უხარია, ხოლო ცოდვილი იტანჯება“. მეორე რედაქციაში კი მისთვის საიქიო ცხოვრება „უცნობი ქვეყანაა, რომლიდანაც ჯერ არც ერთი ყარიბი არ დაბრუნებულა“. პირველ რედაქციაში სიკვდილი შედარებულია ძილთან, მაგრამ ამასთან ერთად, იქ მკაფიოდაა აღნიშნული, რომ ამ ძილს უნდა მოჰყვეს „გამოღვიძება“, „როდესაც წარვდგებით მარადიული მოსამართლის წინაშე“. მეორე რედაქციაში კი ჰამლეტს უჩნდება აზრები „ზმანებების“ შესახებ, რომელთაც სიკვდილის აბსოლუტური სიმშვიდის დარღვევა შეუძლიათ. პირველ რედაქციაში „სიკვდილის შემდეგ რაღაც იმედის“ მაგივრად, მეორე რედაქციაში „სიკვდილის შემდეგ რაღაცის შიშია“. ჰამლეტი მომავალი ცხოვრების იმედით კვდება (Heaven, receive my soule!), ხოლო მეორეში მისი ბაგიდან მხოლოდ “The rest is silence” (დანარჩენი – სიჩუმე) ისმის.
ჰამლეტის დასახასიათებლად მნიშვნელოვანი მონოლოგი, რომელიც ფორტინბრასის ჯართან შეხვედრის შემდეგ ისმის მეოთხე მოქმედებაში, მხოლოდ მეორე რედაქციისას მიემატა ტრაგედიას. ჰამლეტის სცენა როზენკრანცენსა და გილდენშტერნთან (მოქ. II, სცენა 2) მეორე რედაქციაში რამდენიმე მკაფიო ხაზითაა ნახსენები. მხოლოდ აქ ადარებს ჰამლეტი დანიასა და მთელ მსოფლიოს ციხეს და ამბობს ცნობილ სიტყვებს: „ოჰ, ღმერთო ჩემო, მე თუნდა კაკლის ნაჭუჭში მომწყვდეული ვიყო, ჩემი თავი დაუსრულებელის სივრცის მფლობელი მეგონებოდა, ოღონდ ცუდ სიზმრებს არა ვხედავდე“.[4]
მაშასადამე, ჰამლეტის ხასიათის ძირითადი შემადგენლების შეუცვლელად, შექსპირმა ახალ რედაქციაში გააძლიერა მასში პესიმიზმი, მელანქოლია, იმედგაცრუება და სკეპტიციზმი. ამიტომ, თუ პირველ რედაქციაში ჰამლეტი ცხრამეტი წლის ახალგაზრდად გვევლინება, მეორე რედაქციაში მისი ასაკი, დანტეს განმარტების მიხედვით, უახლოვდება „ჩვენი ცხოვრების გზის შუაგულს“: ის ოცდაათი წლისაა. ნამდვილად, მეორე რედაქციის ჰამლეტის წარმოდგენა სხვაგვარად, მისი ფილოსოფიური სიღრმისა და ფართო თვალსაწიერის, ასევე ადამიანის ბუნების გამჭოლი ხედვის უნარის გათვალისწინებით, რთულია – ის მწიფე ასაკის მამაკაცად წარმოგვიდგება.
ტრაგედიის მეორე რედაქციის მეორეხარისხოვანმა პერსონაჟებმა ასევე განიცადეს მხატვრული დამუშავება და ცვლილებები. დასრულებული სახე მიიღო პოლონიუსის პერსონაჟმა, რომელსაც პირველ რედაქციაში კორამბიზის საელი ერქვა, ასევე ჰორაციომ და, განსაკუთრებით, ლაერტმა, რომლის ბობოქარი ენერგია დაპირისპირებულია ჰამლეტის ნელ ფიქრებთან. შექსპირმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა დედოფლის ხასიათშიც.
პირველ რედაქციაში გერტრუდა არა დამნაშავე, არამედ სუსტი და მგრძნობიარე ქალია, რომელიც ცბიერ შემცდენს ენდო ისე, რომ არ იცოდა მისი ბოროტმოქმედების შესახებ. ამიტომ, როგორც კი ჰამლეტმა გაუმხილა საიდუმლო დედას პირველი ქმრის სიკვდილის შესახებ, ის შვილის თანამზრახველი ხდება და ჰპირდება მას, რომ დაეხმარება შურისძიებაში, ზუსტად ისე, როგორც ამლეტის ლეგენდაში. როდესაც ჰამლეტი ინგლისში სიკვდილს გადაურჩა, ჰორაციო ამის შესახებ, პირველ ყოვლისა, დედოფალს, როგორც თანამზრახველს, ატყობინებს. მეორე რედაქციაში დედოფლის ზნეობრივი სახე ნაკლებად სასიამოვნოდ წარმოგვიდგება. უკვე აღარაა საუბარი იმაზე, რომ დედოფალი შვილის თანამზრახველი გახდეს. პირიქით, შესაძლოა, რომ კლავდიუსის ბოროტმოქმედება მისთვის საიდუმლო არ იყო და არც ისაა გამორიცხული, რომ თავადაც ყოფილიყო ჩარეული ყველაფერში. ყოველ შემთხვევაში, ჰამლეტის მიერ კლაუდიუსის გამოაშკარავებაზე დედოფალი შვილს უპასუხებს სიტყვებით, რომელიც დანაშაულის აღიარებას ჰგავს:
„ოჰ, შვილო, ჰამლეტ, ჩუმად იყავ, ნუღარას ამბობ,
შენმა სიტყვებმა ჩემს გულშივე ჩამახედვინა
და დამანახვა ცოდვის კვალი ამოუშლელი“.[5]
მეორე რედაქციაში ის ხანშესულ ქალადაა წარმოდგენილი, რომლის საქციელის ახსნა, მხოლოდ გატაცებებით – შეუძლებელია.
დედოფლის ხასიათის ცვლილება, რა თქმა უნდა, დაკავშირებული იყო ჰამლეტის პერსონაჟში პესიმისტური ელემენტების გაძლიერებასთან: რაც უფრო მეტადაა დანმაშავე დედამისი, მით უფრო გასაგები ხდება მისი მწუხარება, ქალის მიმართ ზიზღი და ცხოვრებით გაწბილება.
IV
ამლეთის შესახებ ლეგენდის დრამატულად დამუშავება შესაძლოა, შექსპირისთვის უფრო მარტივი იყო, რადგან ის რეალობა, რომელშიც პოეტი ცხოვრობდა, მას იმის საშუალებას აძლევდა, რომ თვალი ედევნებინა მსგავსი ოჯახური ტრაგედიებისთვის.
გერტრუდას მიერ ჩადენილი ცოდვის მსგავსი საქციელი შოტლანდიელი დედოფლის, მარია სტუარტის სინდისზეც იყო. ლორდ ბოტველის შეყვარების შემდეგ, დედოფალმა საყვარელთან ერთად მოკლა თავისი მეუღლე – მეფე დარნლეი, მისი სასახლე კი კვალის წასაშლელად ააფეთქა, რის შემდეგაც თავის საყვარელ მამაკაცზე დაიწერა ჯვარი. მსგავი სიტუაცია გრაფ ესექსის ოჯახშიც განვითარდა. ჯერ კიდევ ქმრის სიცოცხლეში, გრაფინია ესექსი დაუკავშირდა ლეისტერს, ხოლო გრაფი ესექსი კი მალევე უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა. ხალხი საუბრობდა იმაზე, რომ გრაფი ლეისტერმა მოწამლა. ჭორების თანახმად, სიკვდილის წინ ესექსმა ვაჟს უთხრა, რომ ის კვდება საზიზღარი განზრახვის გამო და ცოლს პატიება შეუთვალა. დახუჭა თუ არა გრაფმა თვალები, ქვირვმა მაშინვე დაიწერა ჯვარი ლეისტერზე. ახალგაზრდა რობერტ ესექსის ოჯახური მდგომარეობა, დედის ჯვრისწერის შემდეგ, ძალიან ჰგავს ჰამლეტის ისტორიას. კლავდიუსის მსგავსად, ლეისტერი საჩვენებლად ზრუნავდა გერზე, მაგრამ ეშინოდა ახალგაზრდა ესექსის და სხვადასხვა მიზეზით ცდილობდა რობერტისაგან თავი შორს დაეჭირა.[6]
ინგლისურ კრიტიკაში გავრცელებული იყო აზრი იმის შესახებ, რომ ჰამლეტის პერსონაჟის შექმნისას, ახალგაზრდა ესექსი შექსპირისთვის შთანგონების წყაროდ იქცა. მართლაც, ესექსი ჰამლეტს გვაგონებს არა მხოლოდ ოჯახური დრამებით, არამედ ხასიათის თვისებებითაც – მელანქოლიურობითა და მეოცნებეობით, ასევე ცხოვრებისეული იმედგაცრუებულობით. ესექსის წერილები, რომლებსაც ის დას, ლედი რიჩს სწერდა, ჰამლეტისეული თემებით იყო სავსე. ერთ-ერთ მათგანში ის წერს: „ხანდახან მელანქოლია და ბედნიერება ერთმანეთის მონაცვლეობით მიპყრობს. დროდადრო თავს ბედნიერად ვგრძნობ, მაგრამ უფრო ხშირად პირქუში ვარ. დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ – ქალების ცვლა, სავალალო მოხუცებულობა, თავის მსგავს ხალხს ქმნის: ასე ვთქვათ, დესპოტურებს, მოღალატეებს, ცოდვილებს. ჩემ შესახებ ვიტყვი, რომ ნებისმიერ ბედნიერებას ყოველგვარი სიამაყის გარეშე შევხვდებოდი, რადგან ის შემთხვევის ჩვეულებრივი თამაში იქნებოდა და როგორი უბედურებაც არ უნდა შემხვედროდა, სულით არ დავეცემოდი. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ხვედრი – ან კარგია ან ცუდი, იმის მიხედვით, თუ როგორ ვიღებთ მას ჩვენ“.[7] როგორც ცნობილია, ბოლო აზრს ჰამლეტი თითქმის ზუსტად იმეორებს (მოქ. II, სცენა 2). ესექსის სხვა წერილებშიც ჩანს ხალხითა და საკუთარი თავით უკმაყოფილება, ცხოვრების სიცარიელესა და უბადრუკობაში ისეთივე რწმენა, როგორიც შექსპირის გმირს ახასიათებს.
მაგრამ სასაცილო იქნება თუ ჰამლეტს ესექსის ზუსტ ასლად და მის პროტოტიპად ჩავთვლით. როგორც ყველა ნამდვილი პოეტი, შექსპირი არა ცალკეული ადამიანების პორტრეტებს, არამედ მათს ტიპებს აღწერდა – ტიპებს, რომლებიც ბევრ პიროვნებაში გაფანტული ხასიათების ცნობილ თვისებებს აერთიანებენ. რა თქმა უნდა, ესექსი არ იყო ჰამლეტის ორიგინალი, რომელმაც უკვდავი პერსონაჟის შექმნა განსაზღვრა: ის შექსპირის ერთ-ერთი თანამედროვე იყო, რომლის მეშვეობითაც პოეტს შესაძლებლობა ჰქონდა თვალყური ედევნებინა იმ განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობისთვის, რომელსაც დრამატურგმა ჰამლეტის პერსონაჟში შეასხა ხორცი. მაგრამ ესექსის შესახებ ცნობები მნიშვნელოვანია იმის დასამტკიცებლად, რომ XVII საუკუნის ინგლისში ჰამლეტის მსგავსი ადამიანები არსებობდნენ. გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს შექსპირმა გენიალური პოეტის ნათელმხილველური სიფხიზლით პიესაში „ჰამლეტი“ დახატა სახე, რომელიც მისი თანამედროვე ეპოქისთვის უცნობი იყო – მომავლის ადამიანი, რომელიც მხოლოდ ორი ასწლეულის შემდეგ გაჩნდა. აღნიშნულმა მოსაზრებამ კრიტიკას ვერ გაუძლო. ჰამლეტი, უპირველეს ყოვლისა, შექსპირის დროის, დიდებული, კონტრასტებით სავსე აღორძინების ეპოქის ტიპაჟია. შექსპირმა არა ნათელმხილველის ნიჭი, არამედ ყურმახვილობა და ალღოიანობა გამოიჩინა თანამედროვეების აზროვნების მდინარების, მათი ზნეობრივი მახასიათებლების განსხვავებული ელფერის მიმართ. გენიალური დრამატურგის ჯადოსნური ფუნჯით დახატული აღორძინების ეპოქის ტიპაჟების მდიდრული გალერეა სასაცილო და უაზრო იქნებოდა მასში თავისი ადგილი იმ დროის გონითი ნებელობით დაჯილდოვებულ არისტოკრატიის წარმომადგენელს რომ არ მოეძებნა – იმ წარმომადგენელს, რომელიც აღორძინების ზღაპრული საუცხოობით, გარეგანი ბრწყინვალებითა და სიძლიერით არ დაბრმავდა; რომელიც თავისი მორალური იდეალიზმისა და კეთილშობილური სწრაფვის დაკმაყოფილებას საგულდაგულოდ ცდილობდა.
V
საკუთარ თანამედროვეებში ჰამლეტისთვის დამახასიათებელი თვისებების დანახვისას შექსპირი სულაც არ იყო ამ მოვლენების მიუკერძოებელი და ჩვეულებრივი მაყურებელი: მან თავის გულში იგრძნო ჰამლეტის იმედგაცრუება ცხოვრებით, დამსხვრეულ იდეალებს მისი ცრემლებით დასტიროდა, თავის თავში იგრძნო ტანჯვა იმ ფიქრთა, რომლებიც უძლური აღმოჩნდა ადამიანის არსებობის გამოცანის წინაშე. ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს იმაში, რომ „ჰამლეტში“ ბევრი ავტობიოგრაფიული და სუბიექტური ელემენტია. ტყუილად კი არ მუშაობდა შექსპირი ამ ტრაგედიაზე ამდენ ხანს და ასეთი გულდასმით, ტყუილად კი არ დაარქვა თავის ერთადერთ ვაჟს დანიელი უფლისწულის სახელი (შექსპირის ვაჟი 1596 წელს გარდაიცვალა), ტყულიად კი არ გადმოსცემდა ჰამლეტის ბაგეთა მეშვეობით დრამატული შემოქმედებისა და სასცენო შესრულების წინაშე არსებული ამოცანების შესახებ საკუთარ გულწრფელ რწმენას.
„ჰალმეტის“ შექმნის ეპოქაში შექსპირს ბევრი წარუშლელი შთაბეჭდილების გამოცდა მოუხდა. 1601 წელს სტრატფორდში გარდაიცვალა შექსპირის მამა, რომელსაც დრამატურგი ძალიან იყო მიჯაჭვული. ამასთან ერთად, მან დაკარგა თავისი მეგობარი და მფარველი – საუტჰემპტონი. შექსპირს გულიც გაუტეხეს: ქალი, რომელიც მას ძალიან უყვარდა და რომელსაც აიდეალებდა, ვერაგი, უგულო და უზნეო აღმოჩნდა. სამეფო კარზე ცხოვრებისგან მიღებული შთაბეჭდილებებიც, რომელთანაც შექსპირს შეხება ჰქონდა, არ აღმოჩნდა სასიამოვნო: მორჩილი მლიქვნელებითა და ორპირი ფარისევლებით იყო სავსე ელისაბეთის ბრწყინვალე სასახლე. ბოლოს და ბოლოს, მაშინდელ საზოგადოებაში მსახიობის არც ისე დიდი დაფასება, უფრო მეტიც – არ დაფასებამ – შექსპირის მგრძნობიარე სული უფრო მეტად დაამძიმა.
შექსპირზე უკეთესად ვის შეეძლო ჰამლეტის, როგორც შვილის, მწუხარებისა და დარდის, მეგობრების ღალატის გამო მისი ტანჯვის, ქალში იმედგაცრუების, პრივილეგირებული გარემოს სიმდაბლისა და უზნეობის მიმართ გამოხატული გულისწყრომის, ხელოვნების სიდიადეში რწმენის გადმოცემა? ჰამლეტის აღშფოთებაში, რომელსაც ის იმ გაფუჭებული დროის მიმართ გამოხატავს, რომელმაც „გადაუხვია საკუთარი გზიდან“, ასევე ფარისევლების გაშოლტვასა და უზნეობაში, მის სარკაზმსა და იმედგაცრუებულობაში, თავად შექსპირის ხმა ისმის.
შექსპირის სონეტები სავსეა ცხოვრების შესახებ ნაღვლიანი ფიქრებით. სონეტების შექმნა ნაწილობრივ იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც შექსპირი „ჰამლეტს“ წერდა. აქ მუდმივად ვხვდებით მწარე ფიქრებს ბედნიერების სისუსტის, ბოროტების წინააღმდეგ უშედეგო ბრძოლის, ყველაფერ მიწიერის უბადრუკობის შესახებ. პოეტი უჩივის „ადამიანის ბოროტებასა და მძვინვარებას“ (სონ. 40), გამოთქვამს მწარე მოსაზრებაას იმის შესახებ, რომ „სამყაროში ბოროტება მეფობს“ (სონ. 121), „და კვლავ ნელინელ ჰმატებს ცოდვას ნაცოდვილარი“ (სონ. 25), საქმე იქამდეც კი მიდის, რომ შექსპირი თავის „ცხოვრებას წყევლის“ (სონ. 29). ჰამლეტის მსგავსად, სიკვდილის შესახებ ფიქრები შექსპირს მუდმივად სდევს თან (სონ. 60, 64, 68, 71, 74 და ა.შ.). ამ შემთხვევაში, გასაკუთრებით აღსანიშნია 66-ე სონეტი, აი, რას ამბობს დატანჯული პოეტი:
„ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა“.[8]
ამ ყველაფრით დაღლილ პოეტს სიკვდილი უნდოდა. დიდი ხანია, რაც ამ სონეტს ჰამლეტის ცნობილ მონოლოგს – „ყოფნა თუ არა ყოფნა“ – ადარებენ. მართლაც, სონეტი ამ მონოლოგს ისე შეეფერება, როგორც ნიჭით შექმნილი ესკიზი დასრულებულ სურათს: ხასიათი და შინაარსი ერთია, თუმცა მონოლოგში უფრო რელიეფურად და მხატვრულადაა გამოსახული.
„ჰამლეტის“ სუბიექტურობა იმითაც მტკიცდება, რომ შექსპირმა პიესაში საპატიო ადგილი დრამატულ ხელოვნებასა და მის მსმენელს მიანიჭა. ბრანდესის მშვენიერი კომენტარის თანახმად, „შექსპირმა აქ სახელი გაუთქვა ყველაზე დრამატულ პოეზიას. შექსპირის მთელ ცხოვრებას პოეზია ავსებდა, რომელიც მის გულთან ყველაზე ახლო იყო და მან გახადა პოეზია ცნობილი – დრამა სიმართლის გამოაშკარავებისა და სამართლის აღსრულების ყველაზე რადიკალურ ხერხად აქცია“.[9] „გონზაგოს მკვლელობის“ პიესის წარმოდგენა სწორედ ის ღერძია, რომლის გარშემოც მოძრაობს ტრაგედია. გარდა ამისა, შექსპირი ჰამლეტის პირით ოსტატურად ადგენს თეატრის ამოცანას, „რომლის მიზანიც იყო, არის და იქნება საკუთარ თავში სიკეთის, ბოროტებისა და დროის ბუნების ასახვა და ხალხმა მასში თავისი თავი ისევე უნდა დაინახოს, როგორც სარკეში“[10] (მოქ. III, სცენა 2). შექსპირი ფასდაუდებელ განმარტებებს აკეთებს სასცენო ხელოვნებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველს უბრალოება, ბუნებრიობა და ზომიერება წარმოადგენს. „ზედმეტი გულმოდგინებით ნუ იქნევ ხელებს – ასე: იყავი ზომიერი. ვნების წარღვნის, ქარიშხლისა და, ასე ვთქვათ, მორევის დროს უნდა შეინარჩუნო ზომიერება, რომელიც მათს სიხისტეს შეარბილებს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე იმას, რომ ბუნებრიობის საზღვარს არ გადასცდე“.[11] მსახიობების გულთბილი მიღებით ჰამლეტი იძლევა იმის მაგალითს, თუ როგორ უნდა მოეფერო და ელოლიავო მათ. „ისინი თავიანთი დროის სარკენი და მოკლე მატიანეები არიან. სიკვდილის შემდეგ მცირე ეპიტაფია ნაკლებად გავნებს, ვიდრე სიცოცხლის გამავლობაში მათი ბაგიდან გამოთქმული ავი ეპიგრამა”,[12] – ეუბნება ის პოლონიუსს და ღიზიანდება იმის გამო, რომ ამპარტავან კარისკაცს მათი მიღება „დამსახურებების“ მიხედვით სურს. „არა, უკეთესად მიიღე ისინი. იმ შემთვევაში, თუ ყველას დამსახურების მიხედვით მიიღებ, მაშინ ვინღა დარჩება სილის გაწვნის ღირსი?“ (მოქ. II, სცენა 2).
აღნიშნულის შემდეგ, თითქმის შეუძლებელია ეჭვის შეტანა იმაში, რომ ჰამლეტის მეშვეობით, შექსპირი საკუთარ იდეებს ახმოვანებს – ჰამლეტის ბაგით ნათქვამი სიტყვებდან მრავალი პოეტის გულში პოულობდა თანახმიერ და თანამგრძნობ გამოხმაურებას. „ჰამლეტმა“ თავის თავში შექსპირის სულიერი განვითარების ის პეროიდი აღწერა, როდესაც ის ზნეობრივ კრიზისს განიცდიდა, იზიარებდა თავისი გმირის პესიმისტურ განწყობას და მასთან ერთად ტიროდა ცხარე ცრემლით ადამიანის ყოფის არასრულყოფილების გამო, ტყუილისა და ცოდვის ატომოსფეროში იხრჩობოდა და ტანჯვით ეძებდა გამოსავალს ამ საშინელი მდგომარეობიდან. ცხოვრებასთან დაკავშირებული პესიმისტური ხედვები შექსპირის სხვა ტრაგედიებშიც გვხვდება, რომელთა შექმნის დრო „ჰამლეტთან“ ახლოსაა, ასეთებია: „მეფე ლირი, „მაკბეთი“, „ტიმონ ათენელი“, „საზღაური საზღაურის წილ“.
(გაგრძელება იხ.: მომდევნო ნომერში)
გამოყენებული ლიტერატურა:
- შექსპირი, უ., ჰამლეტი, თარგმანი – ივანე მაჩაბელი – https://biblionteka.files.wordpress.com/2016/04/hamleti.pdf (17/11/2020)
- შექსპირი, უ., სონეტი 66, თარგმანი – რეზო თაბუკაშვილი https://burusi.wordpress.com/2009/05/22/taukashvili/ (17/11/2020)
- Brown J. R., William-Shakespeare – https://www.britannica.com/biography/William-Shakespeare (17/11/2020)
- The Gentlemen’s Magazine and Historical Chronicle – https://onlinebooks.library.upenn.edu/webbin/serial?id=gentlemans
- Station Registers, https://shakespearedocumented.folger.edu/resource/document/stationers-register-entry-hamlet (17/11/2020)
- Библиотека Великих Писателей; Шекспир; под редакций С А Венгезова; Т. 3; стр. 62
- https://www.litfund.ru/auction/52s1/77/ (17/11/2020)
Marika Mamatsashvili
Doctor of Arts,
Assistant-professor at Shota Rustaveli Theatre and Film Georgia State University
Hamlet: The Archetype of European Literature
Summary
- The depth of genius of “Hamlet”, its encompassing of an infinitely wide range of mankind’s most pressing issues, its in-depth psychological analysis and, of course, the artistic perfection of the tragedy as a whole, all warrant the play a special place amongst the most valuable works of world literature.
- “Hamlet” evokes particular interest not only because of the psychological depth of its central problem and the universality of its character, or the primary artistic value of the work, but also due to the significance of this tragedy in Shakespeare’s spiritual development. In none of his other works can you find as much wealth of subjective elements and personal, autobiographical characteristics.
- When discussing the primary source for “Hamlet”, we encounter many fundamental differences, which are disscussed in the second chapter.
- Finally, observing the characteristics of Hamlet in his own contemporaries, Shakespeare was by no means an impartial and ordinary spectator of these events: He felt in his heart Hamlet’s frustration with life, he shed tears weeping over shattered ideals, he experienced the torment of thoughts powerless in the face of the enigma of human existence.
[1] Brown J. R., William-Shakespeare – https://www.britannica.com/biography/William-Shakespeare (26/10/2020)
[2] Station Registers, https://shakespearedocumented.folger.edu/resource/document/stationers-register-entry-hamlet
[3] Библиотека Великих Писателей; Шекспир; под редакций С А Венгезова; Т. 3; стр. 62
[4] უილიამ შექსპირი, ჰამლეტი, თარგმანი – ივანე მაჩაბელი – https://biblionteka.files.wordpress.com/2016/04/hamleti.pdf (17/11/2020)
[5] ულიამ შექსპირი, ჰამლეტი, თარგმანი – ივანე მაჩაბლისა.
[6] The Gentlemen’s Magazine and Historical Chronicle -https://books.google.ge/books?id=tKRJAAAAYAAJ&pg=PA176-IA1&lpg=PA176-IA1&dq=history+ofXV-XVI+england&source=bl&ots=zP3hEGVNCX&sig=ACfU3U1dlI7BE91d5h3KOqRepWxBmo6ZEQ&hl=en&sa=X&ved=2ahUKEwjm-enTvrvsAhUBJhoKHWmFDWsQ6AEwD3oECAMQAg#v=onepage&q=history%20ofXV-XVI%20england&f=false\ The Gentlemen’s Magazine and Historical Chronicle (17/11/2020)
[7] Библиотека Великих Писателей; Шекспир; под редакций С А Венгезова; Т. 3; стр 66.
[8] უილიამ შექსპირი, სონეტი 66; თარგმანი – რეზო თაბუკაშვილისა.
[9] Библиотека Великих Писателей; Шекспир; под редакций С А Венгезова; Т. 3; стр. 67
[10] უილიამ შექსპირი, ჰამლეტი, თარგმანი – ივანე მაჩაბლისა.
[11] იქვე;
[12] იქვე;