თამარ ცაგარელი
თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
დრამატურგიის საცეკვაო ნარატივი
უძველესი „ლოცვის“ ფორმა – ესაა ცეკვა, რადგანაც, ვფიქრობ, რომ პლასტიკა უფრო ძველი ენაა, ვიდრე ვერბალური გამოხატულება. ადამიანისა და ბუნების ურთიერთკავშირში ძალიან მნიშვნელოვანი ხდება ის გარემოება, რომ ვითარდება ბუნების მიბაძვა, ანუ ადამიანი ბაძავს ბუნებას და ვფიქრობ, არისტოტელეს ნააზრევი ბაძვის თემასთან დაკავშირებით დღემდე აქტუალურია და არ დაუკარგავს არსი და მნიშვნელობა. ზოგადად, ადამიანის არსებობის წესი – ეს არის ბუნების მიბაძვა. აქ ჩვენ შეგვიძლია უამრავ ფორმაზე ვისაუბროთ, ვისაუბროთ იმაზე, რომ თავად ბუნება ბაძავს სამყაროს. წარმოვიდგინოთ, სამყარო, როგორც კოსმოსი, ეს არის ჰარმონია, როგორც გარკვეული კანონზომიერებების ნაკრები, ანუ ეს არის ის სამყარო, ის კოსმოსი, რომელიც არსებობს. კოსმოსის განსხეულებას წარმოადგენს ბუნება, ანუ კოსმოსი თავისი კანონზომიერებების საშუალებით ქმნის ბუნებას, რომლის კანონზომიერებების ასახვა არის ადამიანი, რომელიც წარმოადგენს სამყაროს ერთ-ერთ მიკრო მოდელს. ის პროცესები, რაც მის შიგნით მიმდინარეობს, იდენტურია იმ პროცესებისა, რაც სამყაროში მიმდინარეობს. ადამიანი, რომელიც ქმნის ხელოვნებას, ის კვლავ უბრუნდება ბუნებას, ის ბუნებას ასხეულებს იმ, ვთქვათ, კანონზომიერებების საშუალებით, რომელთაც ის აცნობიერებს და ამ შემთხვევაში ჩვენ ვეთანხმებით არისტოტელეს და ვაღიარებთ, რომ ადამიანი ბაძავს ბუნებას და ხელოვნებაში მას გადმოაქვს ეს კანონზომიერებები. ამგვარი ბაძვა ადამიანმა პირველად რიტუალურ ცეკვებში განახორციელა.
„რიტუალი არაუტილიტარული ხასიათის პერიოდულად განმეორებადი სიმბოლური მოქმედება ან მოქმედებათა თანმიმდევრობაა, რომლის პროცესში ინდივიდი ან ადამიანთა ჯგუფი განსაკუთრებული ტიპის ობიექტთან, ეგზისტენციალთან, კომუნიკაციის არხს ქმნის, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის იმ მდგომარეობის განცდა, რომელიც დაკავშირებულია მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან სოციალურ და ეგზისტენციალურ გამოცდილებასთან. რიტუალის გარეშე არც მაგიური მოქმედება სრულდება და არც – რელიგიური კულტი“.[1]
წრე-ბრუნვა, ცეკვა მიწისა და ცის, კოსმოსის მარადიული კავშირის გამოსახატად, სიცოცხლის, ემოციის, განცდების გადმოსაცემად. რიტუალი, რომელიც, გარდა სათეატრო ხელოვნებისა, რელიგიაშიც შეიჭრა. გავიხსენოთ ძველი ეგვიპტელების დერვიშთა „როკვა“, რომელმაც თავისთავში მოიაზრა ვერბალური და ვიზუალური აქტი და „დაიპყრო“ სათეატრო ხელოვნებაც. ნებისმიერი ერის ფოლკლორული ცეკვები, მოდერნ ბალეტი თუ ქორეო-დრამა, მეტნაკლებად დაფუძნებულია რიტუალურ გამომსახველობით ფორმებზე, განსხვავებით კლასიკური საბალეტო ხელოვნებისა, თუმცა, ისიც პირველ ეტაპზე. ისტორიიდან ცნობილია, რომ ის, ჩამოყალიბებისა და განვითარების პერიოდში, გარკვეულ „ჩარჩოში“, სქემაში მოექცა და ასცდა რიტუალს, როგორც ასეთს. თუმცა, XX საუკუნის რეალობაში აღმოჩნდნენ ისეთი ქორეოგრაფები, რომლებიც, ცნობიერად თუ არაცნობიერად, დაუბრუნდნენ პირველწყაროს – რიტუალს და ამის საუკეთესო მაგალითია ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიული ელემენტები და მისი რეფორმა კლასიკურ საბალეტო ხელოვნებაში.
ამბავი, ცეკვით გადმოცემული… ნარატივი ვიზუალით. ლიტერატურულ ან დრამატულ ნაწარმოებზე დაფუძნებული ლიბრეტო, ზუსტი გამომსახველობითი ფორმებისა და ემოცია/შთაბეჭდილების საფუძველზე, ცეკვისა და მუსიკის თანხლებით, გვაძლევს აღქმის, გაანალიზებისა და განცდის საშუალებას. ისტორიიდან ცნობილია, რომ არა ერთი მწერლისა თუ დრამატურგის შემოქმედებით დაინტერესებულან ქორეოგრაფები. მათ შორის, ფაქტია, რომ უილიამ შექსპირის დრამატურგია საოცრად „მოერგო“ და შეერწყა საბალეტო თუ ცეკვის ენით გადმოცემულ სათეატრო წარმოდგენებს.
ქორეოგრაფიული მოძრაობით, ვიზუალური აქტით გადმოცემული შექსპირის შემოქმედება, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, უკვე საუკუნეებს მოიცავს. ცნობილია, რომ პირველი – ჯორჯ ნოვერი გახლდათ, რომელმაც, 1761 წელს, „ანტონიუსი და კლეოპატრა“ გააცოცხლა საბალეტო სპექტაკლით საფრანგეთის კარზე. შემდგომ უკვე, XVIII-XIX საუკუეების იტალია და სალვატორე ვიგანოს (1769-1821) მიერ, მილანში, განხორციელებული „ოტელო“ და „კორიოლანოსი“.
XX საუკუნის 30-იანი წლებისთვის შეიქმნა რამდენიმე ყველაზე ცნობილი სპექტაკლი – მათ შორისაა: 1934 წელს „ჰამლეტი“ ბრონსლავა ნიჟინსკას (Bronkslava Nijinska) მიერ , 1937 წელს „ზაფხულის ღამის სიზმარი“ ლონდონის Old Vic– ში დაიდგა და სამეფო ბალეტის დასის ერთ-ერთი საუკეთესო საბალეტო წარმოდგენა გახლდათ, რომელიც მენდელსონის მუსიკაზე შეიქმნა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დრამატურგის შემოქმედებაში გამოხატული ტრაგიკული თუ სასიყვარულო ემოცია ქორეოგრაფებმა საოცრად მეტყველად გადმოგვცეს ფიზიკური მოძრაობით, სხეულის ენით – ცეკვით.
კომპოზიტორ ალექსი მაჭავარიანის ოთხმოქმედებიანი ბალეტის – „ოტელოს“ პრემიერა 1957 წლის 27 ნოემბერს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა. უილიამ შექსპირის ტრაგედიის მიხედვით შექმნილი ბალეტი „ოტელო“ მსოფლიო საბალეტო ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი გენიალური წარმოდგენა. სპექტაკლის ლიბრეტოს ავტორი და ქორეოგრაფი ვახტანგ ჭაბუკიანი იყო, მხატვარი -სოლომონ ვირსალაძე, მთავარ პარტიებს ასრულებდნენ: ოტელო – ვახტანგ ჭაბუკიანი, დეზდემონა – ვერა წიგნაძე, იაგო – ზურაბ კიკალეიშვილი. სწორედ, ბალეტი „ოტელო“ გახდა ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედების მწვერვალი. (მანვე, 1960 წელს, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ განახორციელა სრულმეტრაჟიანი ფილმ-ბალეტი „ოტელო“. ეს უკანასკნელი – მაღალპროფესიულად შესრულებული ფერადოვანი სანახაობა – დღემდე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე, რამდენადაც, ალექსი მაჭავარიანის მუსიკაზე დადგმული ჭაბუკიანის ბრწყინვალე ქორეოგრაფია ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუშია და იგი ადეკვატურად იქნა გადატანილი კინემატოგრაფიულ საშუალებათა ენაზე. პრეცედენტი, რომელიც შეიქმნა იმ ფაქტით, რომ ფილმის რეჟისორი, პროფესიონალ კინემატოგრაფისტთან ერთად, თვით ბალეტის ავტორი და შემსრულებელი იყო, მხოლოდ დადებითი ტენდენციის მაჩვენებელია, რაც, სამწუხაროდ, სხვა შემთხვევებში საქართველოში პრაქტიკულად აღარც გვხვდება).
ამ დადგმის ჩანაფიქრი დაიბადა XX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში. კომპოზიტორმა ალექსი მაჭავარიანმა შექსპირის ტრაგედიისთვის დაწერა შესანიშნავი მუსიკა. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ჭაბუკიანი იყო კომპოზიტორის თანაავტორი. მუშაობა მიმდინარეობდა ოთხ ხელში, რადგან მაჭავარიანი მუდმივად ეკითხებოდა რჩევას ვახტანგს და ითვალისწინებდა მის სურვილებსა და რჩევებს.
პრემიერის შემდეგ, ჭაბუკიანი წერდა: „ვადგენდი რა ლიბრეტოს – მე წინასწარ ვანგარიშობდი იმ სასცენო შესაძლებლობებს, რომელსაც შეუძლია გახადოს სპექტაკლი უსიტყვოდ გასაგები. დავწერე რა ლიტერატურული ლიბრეტო, დავიწყე ამ პარტიტურის მიხედვით საბალეტო პარტიტურის დამუშავება, კომპოზიტორმა ალექსი მაჭავარიანმა დაწერა მუსიკა ბალეტისათვის. ჩვენ ერთად ვმუშაობდით, მჭიდრო მეგობრულ კავშირში, რათა მიგვეღწია იმისთვის, რომ მუსიკას ორგანულად გაეხსნა ბალეტის შინაარსი, გამოესახა შექსპირის გმირების აზრები და გრძნობები – შერწყმული სცენიურ მოქმედებასთან ერთიანობაში….„ოტელოს“, ისევე როგორც „ჰამლეტის“ სახე და მისი ტრაგედია, დიდი ხანია მაღელვებდა. დიდებული შექსპირის ამ გმირების განსხვავებული ხასიათის, ეპოქის – რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, იბრძოდნენ, განიცდიდნენ, იღუპებოდნენ – მიუხედავად, ჩემთვის ისინი დაკავშირებული იყვნენ უდიდეს ადამიანობასთან და სიკეთესთან, ჭეშმარიტებასა და სამართლიანობასთან ერთად, უსაზღვროა მათი პიროვნებების მრავალფეროვნება და სიღრმე. შევქმენი ოტელო და თავად ვიცეკვე ეს პარტია, თავდაპირველად თბილისში, შემდეგ გასტროლებზე მოსკოვში…“.[2]
მას ელოდნენ, მისთვის ემზადებოდნენ. დარბაზი სავსე იყო, მაყურებელი გასასვლელშიც კი იდგა. სპექტაკლი მიმდინარეობდა ერთი ამოსუნთქვით, როგორც მუსიკალურ ინსტრუმენტზე ერთი დაჭიმული სიმი, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაწყდეს. და რა თქმა, უნდა მთავარი ამ განსაცვიფრებელ ქმედებაში იყო ცეკვის ოსტატი ვახტანგ ჭაბუკიანი.
როგორც აღვნიშნეთ, სწორედ ბალეტი „ოტელო“ გახდა ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედების მწვერვალი და განსაკუთრებით დასამახსოვრებელია მავრიტანული ცეკვა, შექმნილი და შესრულებული ჭაბუკიანის მიერ. ოტელო არ იძვროდა ადგილიდან, მაგრამ ცეკვავდა. მისი ლამაზი, ტანადი, ძლიერი სხეული, მთელი არსება, ყოველი კუნთი გადმოგვცემდა ოტელოს ბედნიერებას, სულის ნეტარებას. ამ კონკრეტული სცენის ყურებისას, ასოციაციურად გახსენდება ძველი ეგვიპტური თუ დერვიშთა მიერ განხორციელებული წრე-ბრუნვა და „როკვა“. ჭაბუკიანის ეს მოძრაობა ერწყმის არა მხოლოდ მისი პერსონაჟის – ოტელოს – ხასიათსა და გრძნობას, ემოციას, არამედ, თითქოსდა, ქმნის მიწისა და ცის, დედამიწისა და კოსმოსის დამაკავშირებელ „საკრალურ“ რკალს. ესაა დაუვიწყარი სანახაობა – ჭაბუკიანი მავრიტანელის გრიმში: მისი სხეული დაფარული მუქი, ბნელი ტონით, გამოკვეთილი ანტიკური ქანდაკებასავით კუნთებითა და პროპორციებით. მან შეძლო გენიალური ინტუიციით შეექმნა ოტელოს მავრიტანული ცეკვა, გამარჯვების მონოლოგი, სიხარული, სიყვარულის, ცეკვის ექსტაზისა და ვნების, აგებული ეგზოტიკური ბრუნვითი მოძრაობებით. დასკვნით, ტრაგიკულ მიზანცენებში მისი ოტელო მაყურებელს განაცვიფრებდა მსახიობის ემოციური ძალით. ის სწორედ ინტერპრეტირებდა გმირის სახეს.
დრამატული თეატრის მსახიობი, თავად ოტელოს „სულის ჩამდგმელი“ აკაკი ხორავა წერდა: „თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ახალი ბალეტი ,,ოტელო“ ნამდვილი მოვლენაა საბჭოთა ხელოვნებაში.
ეს ბუნებრივიც არის. ამ სპექტაკლის ავტორები არიან ხელოვნების გამოჩენილი ოსტატები ვახტანგ ჭაბუკიანი, სოლიკო ვირსალაძე და ნიჭიერი კომპოზიტორი ალექსი მაჭავარიანი.
აღმაფრთოვანა ბალეტის მაღალოსტატურმა დადგმამ, შემოქმედებითმა გამოგონებამ, შესანიშნავმა შესრულებამ.
ვახტანგ ჭაბუკიანის ღრმად შთამბეჭდავი ოტელოს გვერდით ჰაეროვანი და მომხიბვლელია ვერა წიგნაძის დეზდემონა… უდავოა, ბალეტმა ,,ოტელომ“ მისმა შთამაგონებელმა მუსიკამ, შესრულების მაღალმა ოსტატობამ, გონივრულად გააზრებულმა მხატვრობამ სახელოვანი ფურცელი ჩაწერეს ქართული საბალეტო ხელოვნების ისტორიაში, გვიჩვენეს, რომ ჩვენ გვყავს ისეთი მაღალნიჭიერი შემოქმედებითი ძალები, რომლებსაც შეუძლიათ ახალი სიტყვა სთქვან საბალეტო ხელოვნებაში, შექმნან ეპოქის შესაფერის მონუმენტური, ამაღელვებელი სპექტაკლები.
შეიძლება შექსპირის ტრაგედიის გაგების თვალსაზრისით ზოგ რამეში შევედავოთ ბალეტ ,,ოტელოს“ ავტორებს, მაგრამ დადგმა და შესრულების ოსტატობა მხატვრულად იმდენად ძლიერია, რომ არ შეიძლება არსებობდეს მეორე აზრი – სპექტაკლი აღიარებულ უნდა იქნას დიდ მოვლენად საბჭოთა ხელოვნებაში.
ეჭვი არ არის ბალეტი ,,ოტელო“ სახელს გაითქვამს არა მარტო საქართველოს სსრ ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში, არამედ ჩვენი სამშობლოს გარეთაც.
ვულოცავ ბრწყინვალე გამარჯვებას სპექტაკლის ავტორებს, მაღალნიჭიერ შემსრულებლებს“.[3]
და, ახსოვდა, რომ სცენაზე მარტო არაა, რაც ნიშნავს, იყო ანსამბლის წევრი. გმირის სახის ინტერპრეტაციისაგან დამოუკიდებელია არა მხოლოდ როლი, არამედ მთელი სპექტაკლი.
ჭაბუკიანმა ზურაბ კიკალეიშვილის სახით იდეალური პარტნიორი შეიძინა, ბალეტის ენით რომ ვთქვათ, კიკალეიშვილი თავისი მოძრაობით ჭაბუკიანის სრული კონტრასტი იყო. ჭაბუკიანის მოძრაობების განვითარება ხდებოდა ვერტიკალურად, კიკალეიშვილის კი, ჰორიზონტალურად. რამდენიმე დრამატული ცეკვა ქმნის ორი მამაკაცის დუეტს. იაგო, თავისი ცოდვილი ცხვირსახოცით, სასიკვდილო განაჩენს მოასწავებს, რაც აღმატებული დუეტია. კიკალეიშვილი იაგოს როლში არის იდეალური, ემოციური პარტნიორი ჭაბუკიანისთვის. „ოტელოში“ ბოროტი და მზაკვარი ადამიანი დაანგრევს თავის მეტოქეს, იპოვნის მის მტკივნეულ ადგილს. დგამს რა ამ ფსიქოლოგიურ დრამას, ჭაბუკიანი არ ქმნის მხოლოდ კარგ საცეკვაო პარტიებს, ის სრულყოფს მსახიობის თეატრალურ ოსტატობას. გავიხსენოთ ოტელოს ეჭვიანობა და დეზდემონას (ვერა წიგნაძე) სასოწარკვეთა, რომელიც ბუნებრივად, ნატურალისტურადაა გადმოცემული,
„შექსპირის ტრაგედიის, რომელშიც ყოველი ფრაზა ღრმა აზრითაა დატვირთული, ბალეტის ენით გადმოცემა წარმოუდგენელი იყო ბალეტმცოდნეთათვისაც კი, მაგრამ ჭაბუკიანმა შესძლო გამოეძებნა ოტელოს ტრაგედიის გააზრების ახლებური გზა. მან შექმნა თავისებური ქორეოგრაფიული ენა – შემტევი, ტემპერამენტული, შინაგანად დაძაბული“.[4]
სულ სხვა ქორეოგრაფიული აქცენტებით, სრულიად ახალი მონახაზებით წარმოადგინა ვახტანგ ჭაბუკიანმა საბალეტო სპექტაკლი „ჰამლეტი“ (კომპოზიტორ რევაზ გაბიჩვაძე), შექსპირის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით გაცოცხლებული. ბალეტი „ჰამლეტი“ იყო უკანასკნელი დიდი სპექტაკლი, რომელიც ჭაბუკიანმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე განახორციელა (პრემიერა შედგა 11.05.1971წ).
,,ჰამლეტის“ სცენურ დრამატურგიას ჭაბუკიანი წყვეტს კონტრასტზე, დაპირისპირებაზე, აჩვენებს დანიის პრინცის პრეისტორიას. უდარდელი მხიარულების სულით არის გამსჭვალული ჰამლეტის პირველი გამოჩენა თავის მეგობრებთან ერთად, გერტრუდას ლირიული ადაჟიო მეფესთან ერთად, პრინცისა და ოფელიას დუეტი. თუმცა, უკვე ესთეტიკურ ცეკვაში კლავდიუსის მოძრაობების გამაფრთხილებელი პლასტიკა მოვლენათა განვითარებას გვამცნობს. ტრაგედიის რამდენიმე ეპიზოდის გაერთიანება მოქმედების კონცენტრაციის განსაკუთრებულ ძალას და მთლიანი სპექტაკლის დინამიკას იძლევა. სხვა შემთხვევებში პერსონაჟის რამდენიმე სიტყვა ფილოსოფიური მნიშვნელობით დატვირთულ სცენად გადაიქცეოდა. ასე, მოქმედებაში გადადის ოფელიას მონაყოლი პრინცზე და გერტრუდას თხრობა ოფელიას სიკვდილის შესახებ, სიუჟეტური ხაზის დამუშავება (ჰამლეტის მამა – გერტრუდა – კლავდიუსი) დაპირისპირების ფსიქოლოგიურ დაძაბულობას ამწვავებს, კლავდიუსის ტირანული პიროვნების სახის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ჭაბუკიანის ერთ-ერთ რეჟისორულ მიგნებას ,,მუნჯი’’ სცენა წარმოადგენს, თითქმის მუსიკის გარეშე. ეს კლავდიუსის ფიქრებია. სხეულები სრულ სიჩუმეში მოძრაობენ. ჰამლეტის დაშნის ამოღება კლავდიუსის მიმართულებით – პირველი მოკლე აკორდი, რომელიც სიჩუმეს არღვევს. და, როგორც პასუხი, აზრი: არა, დაე ჩემებურად იყოს – და პრინცს მოწამლულ თასს მიართმევენ. მეორე აკორდი – ჰამლეტი მკვეთრად იწევს უკან, თითქმის ეცემა. კვლავ სიჩუმეა, ფიგურები ტოვებენ სცენას. ერთვება ორკესტრი, ცეკვის გრიგალი – ჩაფიქრებული ბოროტმოქმედების ავბედითი ზეიმი. კლავდიუსის პარტიის ლაიტმოტივი – მოხრილ მუხლებზე გამალებული ტრიალია, წინ დახრილი კორპუსით, ტრიალის პროცესში საიდანღაც ქვემოდან ჩნდება ფიგურა, რომელიც უტრირებულად დატეხილ პოზაში შეშდება. მაგრამ, თანაგრძნობის ჟესტში, ფეხების დამცინავ წაცეკვებაში, როდესაც სახეს მწუხრის ნიღაბი ფარავს ჰამლეტის მამის დასაფლავების სცენაში და ლოცვის დროსაც კი, როდესაც კლავდიუსი შფოთავს, თითქოს ზიზღით თავისი ცოდვიანი (დამნაშავე) ხელების მოშორება უნდა – ყველაფერ ამაში მდაბიო, ბინძური და, ამასთანავე, რაღაც ეშმაკისეული ძალაა ბუნების შინაგანი ბოროტებით გამძვინვარებული. ამგვარი პლასტიკურ-ქორეოგრაფიული გადაწყვეტა განსაზღვრავს სახეს, რომელიც ჰამლეტის სიტყვებს ადასტურებს: ,,…შეიძლება იღიმოდე, იღიმოდე და იყო ნაძირალა“. უსაზღვრო სისასტიკის ერთადერთი დაპირისპირებაა – მოაზროვნე ჰამლეტი. დასაწყისში მისი გულწრფელი სიხარული გამოხატულია დინამიკურ დაუსრულებელ ცეკვაში. მაგრამ, დედა/დედოფალთან შეხვედრისას, მისი მოძრაობები ნელ-ნელა ქვავდება. ჰამლეტის ვარიაციები და დუეტი-დიალოგები ჰერტრუდასთან ურთულეს საცეკვაო ტექნიკაზეა აგებული… დინჯად, პოზებში ტრიალი და სცენაზე მოძრაობა მწარე ფიქრებს და სულის შეკრთომას გამოხატავს. და, როგორც მრისხანების და ტკივილის აფეთქება წარმოგვიდგება.
ამრიგად, ფაქტია, რომ ამბავი შესაძლებელია ისე გადმოსცეს ხელოვანმა, რომ მისი ვერბალური აქტი მხოლოდ მუსიკა იყოს, სხვა დანარჩენი: სხეული, მიმიკა, პოზა და მოძრაობა, ემოციური, შთამბეჭდავი ნარატივი, დაუბრუნდეს პირველწყაროს, რომელსაც რიტუალი ქვია, რომელიც იპყრობს დარბაზს და ამ გრძნობას კვლავ უგზავნის სცენაზე მყოფ მოცეკვავეებს.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ანთელავა ნ., კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები, „უნივერსალი“, თბ., 2017.
- გუგუშვილის ეთ. „ვახტანგ ჭაბუკიანი“. კრებული: „ტალანტი“. რედ. რუსუდან ქუთათელაძე,„კავკასია“, თბ., 1998.
- Журнал „Мир искусства“. Выпуск № 4. 03.02.1975.
- აკაკი ხორავა ვახტანგ ჭაბუკიანზე– https://artinfo.ge/2020/01/akaki-khorava-vakhtang-tchabukianze/ (12/11/2020)
Tamar Tsagareli,
Theatre critic, PhD,
Associate Professor of the Shota Rustaveli Theatre and Film Georgia State University
Dance narrative of dramaturgy
Summary
The oldest form of „prayer “is dance, because, I think, physical movement, plasticity is an older language than verbal expression. Man imitates nature and I think Aristotle’s thought on the theme of the imitates is still relevant today and has not lost its essence and meaning. Such an imitates was first performed by man in ritual dances. Folk dances of any nation, classic or modern ballet or chorea-drama, are more or less based on ritual forms.
The story, conveyed through dance … narrative visually. A libretto based on a literary or dramatic work, based on precise forms of expression and emotion / impression, accompanied by dance and music, allows us to perceive, analyze and feel.
Among them, it is a fact that William Shakespeare’s dramaturgy, remarkably „adapted “and merged theatrical performances in the language of ballet or dance.
It is noteworthy that the choreographers conveyed the tragic or loving emotion expressed in the playwright’s work with amazing physical movement, body language – dance.
It is noteworthy that the choreographers conveyed the tragic or loving emotion expressed in the playwright’s work with amazing physical movement, body language – dance.
The ballet “Othello”, based on the tragedy of William Shakespeare, entered the world ballet history as one of the genius performances. Choreographer: Vakhtang Chabukiani, Author of the libretto Vakhtang Chabukiani, I. Gelovani, Stars: Vakhtang Chabukiani, Vera Tsignadze, Zura Kikaleishvili and others.
The ballet „Othello“ became the peak of Vakhtang Chabukiani’s work and the Moorish dance created. performed by Chabukiani is especially memorable. Othello did not move from the place, but danced. His beautiful, tanned, strong body, whole being, every muscle conveyed to us Othello happiness, the bliss of the soul. Watching this particular scene is reminiscent of the ancient Egyptian or dervish circle. This movement of Chabukiani merges not only with the character and emotion of his character – Othello – but also, as if creating a sacred arc connecting the earth and the sky, the earth and the cosmos.
Vakhtang Chabukiani presented the ballet performance „Hamlet“(composer Revaz Gabichvadze) based on Shakespeare’s play of the same name with completely different choreographic accents and completely new outlines.
Ballet „Hamlet“was the last big performance performed by Chabukiani on the stage of the Tbilisi Opera and Ballet Theater (premiere took place on May 11, 1971).
In the beginning sincere joy is expressed in a dynamic endless dance by Hamlet. But, when meeting the mother / queen, her movements slowly become petrified. Hamlet’s variations and duet-dialogues with Hertrude are built on the most difficult dance techniques … Dingy, spinning in poses and moving on stage expresses bitter thoughts and trembling of the soul. And as an explosion of anger and pain.
Thus, the fact is that the story can be conveyed by the artist in such a way that his verbal act is only music, the rest: body, facial expressions, posture and movement, emotional, impressive narrative, return to the original source called ritual that conquers the hall and sends that feeling again Dancers on stage.
[1] ანთელავა ნ., კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები, გამ. „უნივერსალი“, თბილისი, 2017. გვ.19.
[2] Журнал Мир искусства. Выпуск № 4. 03.02.75 г. Стр.:49.
[3] აკაკი ხორავა ვახტანგ ჭაბუკიანზე – https://artinfo.ge/2020/01/akaki-khorava-vakhtang-tchabukianze/
[4] გუგუშვილის ეთ. „ვახტანგ ჭაბუკიანი“. კრებული: ტალანტი. რედ. რუსუდან ქუთათელაძე თბ., 1998. „კავკასია“; გვ.2.