გვანცა კორტავა,
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლიტერატურათმცოდნეობის სპეციალობის დოქტორანტი.
ხელმძღვანელები: პროფ. ელგუჯა მაკარაძე, პროფ. ლელა ოჩიაური
„ტყის კვარტეტი“ –
„სოფლის მაშენებელნის“ თავისებური კინემატოგრაფიული ვარიაცია
ლიტერატურული ნაწარმოების სხვა ხელოვნების სფეროში გადატანა ახალ ვიზუალურ ეფექტს მოითხოვს. ეკრანიზაციის დროს მაყურებელსა და მკითხველზე მხატვრული ზემოქმედების სიძნელე ორმაგად იზრდება. ამას კიდევ უფრო ართულებს ლიტერატურული ნაწარმოების პოპულარობა. მერაბ სარალიძის „ტყის კვარტეტი“ მხატვრული ღირებულებით არ ჩამოუვარდება პირველწყაროს („სოფლის მაშენებელნი“). რეჟისორი სულხან-საბას ლიტერატურული შემოქმედების ღირსეულ გამგრძელებლადაც მოგვევლინა, ცხადია, ხელოვნების სხვა დარგში, კინოში.
მერაბ სარალიძემ არ შეცვალა ლიტერატურული ნაწარმოების დედააზრი. მისი დამოკიდებულება გმირებისადმი კარგად ჩანს ანიმაციის ფინალში. სულხან-საბას მსგავსად, აკრიტიკებს და სჯის ცრუსა და მოღალატეს. ეწინააღმდეგება უქნარობასა და საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებას. აღსანიშნავია, რომ მან ლიტერატურიდან აიღო მხოლოდ ის, რაც სანახაობრივია და მაყურებლის წინაშე ფერადი და კოლორიტული გარემო შექმნა, გარემო – რომელიც ჭკუას გვასწავლის, გვარიგებს და რჩევას გვაძლევს.
ანიმატორთა მიერ სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედებით დაინტერესება და ეკრანზე გადატანა იმთავითვე სირთულესთან იყო დაკავშირებული: ხალხისთვის უკვე კარგად ნაცნობი, საყვარელი პერსონაჟების ახალ სივრცეში გადატანა, ეკრანული ტრანსფორმაცია გარკვეულ რისკსაც შეიცავს. როგორც კრიტიკოსი გ. კალანდარიშვილი შენიშნავს: „როდესაც ლიტერატურული ნაწარმოები ხელოვნების სხვა სფეროში გადაინაცვლებს და სიტყვით განსახიერებული ადამიანის სულის ისტორია ახალ ვიზუალურ ეფექტსაც მოითხოვს, მაყურებელსა და მკითხველზე მხატვრული ზემოქმედების სიძნელე ორმაგად იზრდება“.[1] საგულისხმოა, რომ ეკრანიზაციის წარმატებას კიდევ უფრო ართულებს ლიტერატურული ნაწარმოების პოპულარობა. მკითხველი ნაწარმოების კითხვისას საკუთარი ფანტაზიის მეშვეობით წარმოიდგენს ლიტერატურულ სინამდვილეს და სწორედ ამიტომ იგი უფრო მეტად მკაცრია ფილმის შეფასების დროს.
მერაბ სარალიძემ „ტყის კვარტეტი“ 1984 წელს გადაიღო. ანიმაციურმა ფილმმა გამოსვლისთანავე გასაოცარი პოპულარობა მოიპოვა. იგავის მოტივებზე დადგმულ მხიარულ მუსიკალურ ანიმაციაში შეინიშნება კომიკური ეფექტისაკენ, იუმორისკენ სწრაფვა: პირველივე კადრში ვხედავთ რეჟისორის მიერ დამატებულ პერსონაჟ-კატას, რომელიც მელაკუდასთან ერთად ჩუმად მიიპარება ტყეში და ვიღაცას უთვალთვალებს. სულხან-საბას ტექსტისთვის, როგორც ვიცით, კატა უცნობია. მწერალმა სათქმელი მხოლოდ სამი პერსონაჟით გადმოსცა. კატა და მელა ერთმანეთს ბუნებით ენათესავებიან. ორივე ცბიერი და მატყუარა, ხარბი და გონებამახვილი, სწრაფი და მოხერხებულია. ვფიქრობ, მერაბ სარალიძემ კატისა და მელაკუდას ურთიერთობით უფრო მეტად გაუსვა ხაზი პერსონაჟების თვისებებს და ისინი სწორედ ამ ნიშნით დაამეგობრა. მაყურებელი ახლა უფრო თაღლითურ ოინებს ელოდება, ვიდრე იგავ-არაკშია. მოლოდინი გაორმაგდა.
მომდევნო კადრში ვხედავთ ძაღლს. ის დინჯად მოსეირნობს. საგულისხმოა, რომ ანიმაციის შემქმნელებმა კონტრასტის საშუალებით შეუპირისპირეს ერთმანეთს ცბიერი და მიამიტი, ერთგული და მოღალატე არსებები. ძაღლის სიდინჯეს კიდევ უფრო ნათელს ხდის მუსიკა, რომელიც მისი გამოჩენისთანავე ისმის. ბოხი ხმით წაღიღინებული: „დაბადა, დაბადა, დაბადა…“, ნელი და აუღელვებელი ტემპი შეესაბამება ძაღლის თვისებებს. ის თავისთვის, როგორც ალალ-მართალი კაცი მოაბიჯებს და სიარულის მანერაც კი მიუთითებს, რომ უეშმაკო და მართალი პერსონაჟია. არც არავის ემალება და არც არავის უთვალთვალებს, ცუდი არავისთვის უნდა. ყურებსაც ცქვეტს ხანდახან, თითქოს ყურადღებიანიცაა და ფხიზლობს, რამე ხომ არ გამომეპარაო. ყველაფერ ამას გვაფიქრებინებს ძაღლის სიმღერა, სიარულის მანერა, ჟესტი და მიმიკა.
რეჟისორი, ტექსტთან ერთად, პერსონაჟის ქმედებას გვთავაზობს, რაც განმსაზღვრელია აუდიოვიზუალური ხელოვნებისთვის. კინემატოგრაფში დიდი დატვირთვა სწორედ ხედვით, პლასტიკურ გადაწყვეტას ემყარება. თუმცა სიუჟეტური და მუსიკალური ელემენტებიც მნიშვნელოვანია.[2]
„ტყის კვარტეტში“ ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ტექსტსა და მუსიკას აკისრია, რაც პერსონაჟებს მაყურებლის წინაშე ხასიათთა გალერეას გადაშლაში ეხმარება. ცენტრალური ფუნქცია აქ მამალს აკისრია. ავტორებმა შექმნეს ამბიციური, საკუთარ თავში დარწმუნებული, უდარდელი და არასერიოზული პერსონაჟი. იგი ცალი ხელით ხეს მიყრდნობია, ცალით დოინჯი შემოურტყამს, ერთი ფეხი მეორეზე მიუდგამს, წელში გამართულა, მხრებში გაშლილა, კუდი აუფოფრავს და ძაღლის შეკითხვაზე: „რა იყო?“ – ამაყი სახით პასუხობს: „რა იყო და სოფელი მინდა ავაშენო, კარგი ადგილია“. მოკლე-მოკლე ფრაზებით, დამაჯერებელი ტონითა და ქედმაღალური, მბრძანებლური მიხრა-მოხრით მამალი ცხადად გვაგონებს ტრაბახასა და უსაქმურ ადამიანებს, რომლებსაც ენამზეობა გაუხდიათ მთავარ პროფესიად. ძაღლიც მორცხვად გადაავლებს თვალს არემარეს და ადგილის სიკარგეს დაადასტურებს. პასუხით გაგულისებული მამალი დაიძახებს: „ალეეე, ჰოპ!“ და დამსახურებული მსახიობივით, აღფრთოვანებულ მაყურებელს რომ გაშლილი ხელებითა და ამაყად თავაწეული სცენიდან უმზერს, სწორედ ასეთი კმაყოფილებით შესთავაზებს – ერთად ავაშენოთო. ძაღლი, თითქოს გაოგნებულია, დიდ და კეთილ თვალებს ატრიალებს და თითქოს არ სჯერა, რომ ასეთი პატივი ხვდა წილად. დიახ, სწორედ ასე გამოიყურებიან სარალიძის პერსონაჟები. ეკრანზე ამოძრავებული პატარა მხეცუნები და ფრინველები წუთითაც არ იწვევენ ეჭვს თავიანთ ნამდვილობაში. მათი დიალექტური მეტყველება (განსაკუთრებით მამლის გურული კილო) კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის დიალოგს, რომელიც ასე ცოცხალი და სხარტია ანიმაციაში. გურული დიალექტისთვის დამახასიათებელმა ლაკონურობამ, სისწრაფემ და სიცილისმომგვრელმა შეძახილებმა მომხიბვლელობა შემატეს ფილმს.
მამლაყინწას საქმისადმი ზედაპირულ დამოკიდებულებას უფრო ეფექტურს ხდის სიმღერის ტექსტი – „სოფლის შენებას რა უნდა, რა უნდაა…“. ალეგორიულად ნაგულისხმევი ქვეყანა ამბიციურმა და ლიდერობის სურვილით შეპყრობილმა კაცმა უნდა ააშენოს. დუეტის ეპიზოდის მთავარი ფიგურა სწორედ მამალია. ის ცენტრში გადაჭრილ ხეზე შემოსკუპდება და სოლოს მღერის. ავტორებმა ფრინველის სურვილს – იყოს პირველი – ამ დეტალითაც გაუსვეს ხაზი. სიმღერას არტისტული ოსტატობით ასრულებენ – დავით აბესაძე, ალექსანდრე კვაშალი, თემურ წიკლაური. ტექსტის შესრულების სახასიათო მანერა და ცალკეული ნიუანსები, ტექსტისა და ნაწარმოების მუსიკალური თავისებურება ქმნიან საერთო განწყობასა და საკუთარ თავში დარწმუნებულ, ამბიციურ და უსაქმურ ადამიანთა ხასიათებსაც. „ტყის კვარტეტის“ პერსონაჟთა ხასიათების გახსნაში, პირველ რიგში, სწორედ მუსიკა გვეხმარება.
„მუსიკას ვაღმერთებ. მას ვეპყრობი ისე, როგორც ჭეშმარიტი ჯენტლმენი მშვენიერ ქალბატონს, რომელსაც ეარშიყება და თაყვანს სცემს. ჩემს ფილმებში ყოველთვის ვიწვევ სამუშაოდ იმ კომპოტიზორებს, რომელთა შემოქმედებაც მომწონს და შემიძლია მათ ნაწარმოებებს, ყველგან მოვუსმინო – სახლშიც და ქუჩაშიც… კინოში ხშირადაა შემთხვევა, როცა ცუდად გადაღებულ ეპიზოდს მუსიკით აკეთილშობილებენ… ფილმის მუსიკალურ გადაწყვეტაში მნიშვნელოვანია ნიჭიერი და გემოვნებიანი კომპოზიტორი…“.[3] შეიძლება თამამად ითქვას, რომ ელდარ რიაზანოვის ეს სიტყვები ზუსტად შეეფერება კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიას მიერ ანიმაციისთვის შექმნილ მუსიკალურ ნომრებს, რომლებიც სასიამოვნო მოსასმენია და რომელთა გარეშეც „ტყის კვარტეტი“ დიდად დაზარალდებოდა.
საყურადღებოა, რომ რეჟისორმა „დამხმარე“, მუშა ძალად გამოიყვანა თახვები, რომელთა არცერთი ფრაზა არ ისმის. ისინი მუხლჩაუხრელად მუშაობენ, ხეებს ჭრიან, ხერხავენ და ა. შ. ავტორებმა აქაც გამოიყენეს კონტრასტი – უსაქმურობა და შრომა. ანიმაციაში ასევე გამოყენებულია ქართული ქორეოგრაფიული კულტურის შესანიშნავი ელემენტები. სოფლის „მშენებლობის“ საქმეში ახალჩართული მელია მეორე ხმას მღერის. ამ დროს მამალი ცეკვავს და ამ მოძრაობებში მკაფიოდ და ცხადად ჩანს ხალხური ცეკვის ილეთები. მამლის მოქნილობა და პლასტიკა აკვირვებს მაყურებელს. რეჟისორი ქართველთა (და ზოგადად ადამიანთა) მანკიერებების მხილების პარალელურად წმინდა ეროვნულ კულტურაზე მიგვითითებს.
მელიასგან მანამდე გაფრთხილებული და დარიგებული კატა შეთანხმებისამებრ ჩამოივლის, სახის მანჭვით წააქეზებს ძაღლს, ეს უკანასკნელიც გამოედევნება. მარტოდდარჩენილ მამალს კი მელია იღლიაში ამოიდებს. მამლის გატაცებისა და ძაღლის დადევნების კადრები პარალელური მონტაჟის ხერხითაა ნაჩვენები. ეს ეპიზოდი დინამიკურია იმდენად, რამდენადაც ენერგიულია მუსიკალური ფონი. მელოდია სწრაფია და კიდევ უფრო ამძაფრებს მომხდარს.
საინტერესო და კომიკურია ძაღლის უნარი – ის ნამდვილი ადამიანივით ებრძვის მელიას, მისი მოღერებული მუშტი და დგომა კრივში გაწვრთნილი სპორტსმენისას ჰგავს. დახვეწილია ძაღლის მოძრაობა. დამფრთხალი და შეშინებული, ხის წვერზე ამძვრალი კატა ღმერთს გადარჩენას ევედრება. მერაბ სარალიძემ არ შეცვალა ნაწარმოების დედააზრი და, სულხან-საბას მსგავსად, ნაცემ მელას ათქმევინა შეგონება: „მე ხომ ჩემი დამემართა, მაგრამ ამათ როგორ უნდა აეშენებინათ სოფელი?“. მელა ანიმაციაშიც დამარცხდა. კეთილმა ძალამ გაიმარჯვა.
რეჟისორის დამოკიდებულება გმირებისადმი ჩანს ანიმაციის ფინალში. ის აკრიტიკებს და სჯის ცრუსა და მოღალატეს. ეწინააღმდეგება უქნარობასა და საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებას. ფილმში შეცვლილია ფინალი, დასასრულს ჩანს აშენებული სოფელი, რომელიც თახვებს ეკუთვნით. რეჟისორმა დროის ფუჭად ფლანგვის პარალელურად აჩვენა სხვების შრომის შედეგი, რაც, ვფიქრობ, მეტყველებს საქართველოსა და მოწინავე ქვეყნებს შორის არსებულ მდგომარეობაზე და ზრდის ანიმაციის მასშტაბს. „პრობლემათა მხატვრული გააზრებისა და განზოგადების პროცესში უდიდეს მნიშვნელობას იძენს ფილმის ავტორის ინდივიდუალური ხედვა, პრობლემისადმი მისი დამოკიდებულება და პოზიცია, მისი სოციალური, მოქალაქეობრივი აქტივობა“.[4]
ანიმაციაში მკაფიოდ იკითხება მერაბ სარალიძისა და მულტფილმზე მომუშავე შემოქმედებითი ჯგუფის სოციალური და მოქალაქეობრივი აქტივობა. მხოლოდ სამშობლოსა და თანამოქალაქეების ბედით აღელვებულ ადამიანს შეუძლია რეალობა ასე მწვავედ იგრძნოს და გამოხატოს. ვფიქრობ, „ტყის კვარტეტი“, ისევე როგორც „სოფლის მაშენებელნი“, უფროს თაობაზე გათვლილი ნაწარმოებებია, რომელთაც, თითქოს, პატარებისთვის განკუთვნილი ფორმით, შეგნებულად შეუფუთავთ დიადი აზრი! „ტყის კვარტეტს“ თავის დროზე დიდი გამოხმაურება ხვდა წილად, რასაც თავის მოხსენებაში, საქართველოს კინემატოგრაფისტთა ყრილობაზეც აღნიშნავს ელდარ შენგელაია[5].
„ტყის კვარტეტი“ დღემდე ინარჩუნებს თემისა და გამოხატვის საშუალებების ხარისხს, რაც ნებას გვაძლევს, ის თანამედროვე ქართული მულტიპლიკაციის თვალსაჩინო ნაწარმოებთა რიცხვს მივაკუთვნოთ. „მერაბ სარალიძის ფილმებს საფუძვლად ყოველთვის უდევს ზუსტი, სიტყვებით ადვილად გადმოსაცემი აზრი. იგი განათლებითაც და აზროვნებითაც ლიტერატორია და ამიტომაც ძალზე მკაფიოდ აგებს თავისი ფილმების დრამატურგიას. პარადოქსულ და მოულოდნელ სიუჟეტურ სვლებს როცა მიმართავს, მერაბ სარალიძე ხშირად ირჩევს მოცემულ თემაზე თავისებური კინემატოგრაფიული ვარიაციების ფორმას, რაც ყველაზე უკეთ პასუხობს დასახულ ამოცანებს… სარალიძის ფილმები იმათ რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც ავტორისეულებს უწოდებენ. ყველა მისი ფილმი დადგმულია საკუთარი სცენარის მიხედვით… და მათში ლიტერატურული იდეა ყოველთვის პოულობს ხორცშესხმის ადეკვატურ ფორმას. ამას ერთ მხატვართან, ბესო ხიდაშელთან მუდმივი თანამშრომლობაც უწყობს ხელს… სატირული მიმართულების ფილმებთან ერთად მაყურებელში დიდი პოპულარობა მოიპოვა „ტყის კვარტეტმა”, სულხან-საბა ორბელიანის იგავის მოტივებზე დადგმულმა მხიარულმა მიუზიკლმა“.[6]
მერაბ სარალიძეს შეუძლია მიაღწიოს კინოსურათების მაღალ ესთეტიკურ დონეს, რაც მთავარია, ანიმაციურ ფილმში იგი აქსოვს საკუთარი „მეს“ ნაწილს, და სწორედ ესაა რეჟისორის წარმატების საწინდარი. სცენარს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც კინოხელოვნების ნაწარმოებთა საფუძველს, რომელიც ბევრად განსაზღვრავს მათ იდეურ და მხატვრულ ღირსებებს. იგი არამარტო რეჟისორი, არამედ „ტყის კვარტეტის“ სცენარის ავტორიცაა. სცენარზე მუშაობა კი დრამატურგიის დაუფლებასა და ამ დარგში სპეციალური განათლების, გამოცდილების მიღებას მოითხოვს. ძალიან რთულია შეეჭიდო ორ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს ერთდროულად და ფილმის ბედი მთლიანად შენ გადაწყვიტო.
„ჩვენ სადავოდ არ მიგვაჩნია, როდესაც რეჟისორი რომელიმე ავტორთან ერთად მუშაობს სცენარზე, ე.ი. ფილმის თანაავტორად გვევლინება, მაგრამ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და დიდი პროფესიონალიზმია საჭირო, როცა იგი სცენარის ავტორიცაა და დამდგმელი რეჟისორიც. ვფიქრობ, ეს იშვიათი გამონაკლისი უნდა იყოს და ამის უფლება ნიჭით უნდა მოიპოვო. ყველა, ვისაც ასე თუ ისე სიუჟეტის გამართვა შეუძლია, დრამატურგი არ არის. დრამატურგია ისეთივე განსაკუთრებული პროფესიაა, როგორიც რეჟისურა, მოითხოვს პროფესიულ ჩვევებს, ნიჭს. რეჟისორის პროფესიაში ისევე შედის სცენარის ავტორთან მუშაობა, როგორც მხატვართან, მსახიობთან, კომპოზიტორთან და სხვა. მუშაობის პროცესში იგი კრიტიკულად ითვისებს მასალას, ითავისებს, ეძიებს რეჟისორულ გადაწყვეტას. ეს საკუთარ მასალასთან და მარტო საკუთარ თავთან ურთიერთობაში ბევრად უფრო ძნელია“.[7]
მაშინ, საბჭოთა კავშირში, ახალგაზრდა რეჟისორს უსაზღვროდ დიდი ენერგია დასჭირდებოდა, მით უფრო, რომ „მრავალმა თვალსაჩინო ლიტერატურულმა ნაწარმოებმა ეკრანიზაციის შედეგად დაკარგა თავისი მხატვრული თუ იდეური ღირსებები. მიზეზი? -ეს ხდება იმიტომ, რომ გადამღებნი ლიტერატურის „მონები“ ხდებიან. კარგი ლიტერატურა ხშირად ჩაგრავს სცენარისტს და რეჟისორსაც. თავი რომ დაიზღვიონ, ისინი ბრმად მიჰყვებიან ლიტერატურას, მაგრამ რაც ლიტერატურაში კარგია, ეკრანზე ხშირად უფერული გამოდის. კინოს თავისი სპეციფიკურობა ახასიათებს და თავისი კანონების დაცვას მოითხოვს…“.[8]
გამოყენებული ლიტერატურა:
- თვალთვაძე თ., „ღიმილსა და ღიმილს მიღმა, დიალოგი კინოდრამატურგთან“, გაზეთი „საბჭოთა ხელოვნება“, #1, თბილისი, 1972.
- კალანდარიშვილი გ., „ჯაყოს ხიზნები-სატელევიზიო ვიდეოფილმი“, გაზეთი „საბჭოთა ხელოვნება“, #4, თბილისი, 1979.
- კანკავა გ., „მუსიკა ფილმში (კინოდრამატურგიის ზოგიერთი საკითხი)“, გაზეთი „საბჭოთა ხელოვნება“,#8, თბილისი, 1958.
- ლევანიძე მ., „ელდარ რიაზანოვი“, ჟურნალი „ცხელი შოკოლადი“(„კინო“), N 9, თბილისი, 2008.
- შენგელაია ე., „საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის პირველი მდივნის ელდარ შენგელაიას მოხსენება საქართველოს კინემატოგრაფისტთა VI ყრილობაზე“; გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“,(25 აპრილი), თბილისი, 1986.
- ჯანელიძე ქ., „ქართული ანიმაცია 1930–2012 წწ“, (ხელნაწერი), 2019.
Gvantsa Kortava,
Batumi Shota Rustaveli State University Faculty of Humanities Specialty: Literature studies,
PhD. Student,
Head of: Prof. Elguja Makaradze, Prof. Lela Ochiauri
“Forest Quartet” – “Village Builders” a peculiar cinematographic variation
Summary
Transformation of a piece of literature to another field requires a new visual effect. It is a double challenge to make an artistic impact on the viewer and the reader in case of screening. In addition the popularity of the literature piece makes it even more complicated.
Merab Saralidze’s “Forest Quartet” is not inferior to the first source (“Village Builders”) in terms of artistic value. The director also appeared as a worthy successor of Sulkhan-Saba Orbeliani’s literature creation, obviously in another field of art – cinema.
A large workload in cinematography is based on vision, a plastic solution, although the story and musical elements are also very important.
In “Forest Quartet” there is a great and I think one of the main functions in the lyrics and music, which helps the personages to open the gallery of characters in front of the audience. There are remarkable elements of Georgian choreographic culture used in the animation which clearly and distinctly describe Georgian folk wonders. The flexibility and plasticity of the characters astonish the audience.
Merab Saralidze’s animation the artistic screen character is represented in movement and change and development takes place in front of and presence of the audience. The audience is a direct witness of opening all the stages of the idea of the film.
The rooster has the central part. The authors have created ambitious, self-confident, careless and frivolous type of character. With short phrases, convincing voice and arrogant, commanding manners he obviously reminds us of transonic and idler people who took the eloquence for their main profession.
Each movement, action, emotion of the animals resemble human and impact on the audience as a human.
Merab Salaridze has not changed the basic idea of the literary work. His attitude towards the characters is clearly visible in the final of the animation. He criticises and punishes the liars and traitors like Sulkhan-Saba, opposes laziness and indifference attitude towards work.
It is noteworthy that Merab Saralidze “removed” only what is spectacular from the literature and opened up a colourful and picturesque atmosphere in front of the audience, which teaches us to be smart, gives us lessons and advices. There is the same heartbeat in this film as might beseem for Sulkhan-Saba.
[1] კალანდარიშვილი გ., „ჯაყოს ხიზნები-სატელევიზიო ვიდეოფილმი“, გაზეთი „საბჭოთა ხელოვნება“, #4, გვ:88, თბილისი, 1979.
[2] კანკავა გ., „მუსიკა ფილმში“ (კინოდრამატურგიის ზოგიერთი საკითხი), გაზეთი „საბჭოთა ხელოვნება“, #8, , თბილისი, 1958. გვ. 47.
[3] ლევანიძე მ., „ელდარ რიაზანოვი“, ჟურნალი „ცხელი შოკოლადი“ („კინო“), N 9; თბილისი, 2008, გვ:20,
[4] შენგელაია ელ., „საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის პირველი მდივნის ელდარ შენგელაიას მოხსენება საქართველოს კინემატოგრაფისტთა VI ყრილობაზე“; გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“ (25 აპრილი), თბილისი, 1986. გვ. 7.
[5] იქვე, გვ. 6
[6] ჯანელიძე ქ., „ქართული ანიმაცია 1930–2012 წწ“, გვ:15, ხელნაწერი, 2019.
[7] შენგელაია ელ., „საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის პირველი მდივნის ელდარ შენგელაიას მოხსენება საქართველოს კინემატოგრაფისტთა VI ყრილობაზე“; გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“ (25 აპრილი), თბილისი, 1986, გვ. 6.
[8] თვალთვაძე თ., „ღიმილსა და ღიმილს მიღმა, დიალოგი კინოდრამატურგთან“, გაზეთი „საბჭოთა ხელოვნება“, #1, თბილისი, 1972.