მანანა ლეკბორაშვილი,

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

კულტურათა დიალოგი “ცივი ომის” ფონზე

კოსმოსი, ციური სხეულები, შორეული პლანეტები და მათი საიდუმლო ყოველთვის იზიდავდა კაცობრიობის გონებას და აღვიძებდა ფანტაზიას. ეს ინტერესი კინემატოგრაფში მისი პირველი ნაბიჯებიდანვე აისახა – სამეცნიერო აღმოჩენების, ტექნოლოგიური მიღწევებისა და კინოტექნიკის განვითარების კვალდაკვალ, ავტორთა ფანტაზიაც სულ უფრო თვალწარმტაცი ვიზუალური ხატებით ცდილობდა მაყურებლის მიზიდვას, მისი ინტერესის დაკმაყოფილებას. ეს ინტერესი განსაკუთრებით მძაფრდება მე-20 საუკუნის 50-იანი წლების დასასრულს, როდესაც ცივი ომის გამოწვევებს კიდევ ერთი კომპონენტი ემატება – კოსმოსი.

1957 წლის ოქტომბერში საბჭოთა კავშირმა პირველი ხელოვნური თანამგზავრი “სპუტნიკ-1” გაუშვა კოსმოსში და ამით საფუძველი დაუდო ე.წ. კოსმოსურ რბოლას ამერიკასა და სსრკ-ს შორის – მეტოქეობას კოსმოსის ათვისების სფეროში.

ინტერესი დიდია, მაგრამ კოსმოსური ფილმების გადაღებას მაღალი ბიუჯეტი სჭირდება. როჯერ კორმანი, ექსპლუატაციის[1] ფილმების მეფე, რომელიც ცნობილი გახლდათ მახვილი ყნოსვით აქტუალურ და მომგებიან თემებზე და, ამასთან, ორიენტირებული იყო იაფ და სწრაფ წარმოებაზე, სხვა გამოსავალს პოულობს. ის საბჭოთა კავშირში ყიდულობს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სამ ფილმს კოსმოსის ათვისების თემაზე და გარკვეული ცვლილებების შემდეგ წარმატებით უშვებს ამერიკის ეკრანებზე. ამ საბჭოთა ფილმებს თუ ვნახავთ, გასაგები გახდება, რომ ამ სახით მისი  ჩვენება ამერიკაში სრულიად წარმოუდგენელი იყო იდეოლოგიური განსხვავებების გამო. საინტერესოა თვალი მივადევნოთ, რა ტრანსფორმაციას განიცდის საბჭოთა მაღალბიუჯეტიანი “კოსმიური ოპერები” (როგორც მათ ამერიკელები უწოდებდნენ – Space Opera), ამერიკელი მაყურებლის გულებისკენ მიმავალ გზაზე და რა ხერხებით, რა ცვლილებების მეშვეობით გარდაიქმნებიან ისინი ამერიკულ მასობრივ სანახაობით პროდუქტად – B კატეგორიის ფილმებად.[2]

პირველი ფილმი, რომელიც როჯერ კორმანმა მოსკოვში შეიძინა, გახლავთ დოვჟენკოს კინოსტუდიაში გადაღებული “ზეცა გვიხმობს” (Небо зовет, 1959, რეჟ.: ალექსანდ კოზირი, მიხაილ კარიუკოვი).  მიუხედავად იმისა, რომ ფილმი სტალინის გარდაცვალების შემდეგ არის გადაღებული, მასში სავსებითაა შენარჩუნებული სტალინური ეპოქის სიუჟეტური თუ იდეოლოგიური კლიშეები – დახუნძლულია მაღალფარდოვანი  პროპაგანდისტული ტექსტებით და სიუჟეტურადაც ანტიამერიკული პროპაგანდის მკაფიო ნიმუშს წარმოადგენს.

სიუჟეტი მარსის ათვისების სფეროში საბჭოეთისა და ამერიკის დაპირისპირებაზეა აგებული. საბჭოთა კოსმონავტები, რა თქმა უნდა, მაღალ იდეალებს ემსახურებიან და კაცობრიობას უკვალავენ გზას აქამდე შეუცნობელისკენ; ამერიკელები კი მხოლოდ სენსაციასა და ფულის               შოვნაზე (კერძოდ კი, ნაკვეთების გაყიდვა მარსზე) არიან ორიენტირებულები. სწორედ ამიტომ, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – დაასწრონ კონკურენტებს, პირველები აღმოჩნდნენ მარსზე და ამისთვის მზად არიან არახელსაყრელ მომენტში, ქურდულად გაფრინდნენ სასურველი პლანეტისკენ. როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი კატასტროფას განიცდიან და მზეზე დაცემის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან. მათ მხსნელებად ისევ საბჭოელები მოევლინებიან, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად კურსს ცვლიან და დიდი ხნის ოცნებაზე ამბობენ უარს. მიუხედავად აქტუალური თემისა, აშკარა იყო, რომ ფილმი ამერიკელი მაყურებლის მოწონებას ვერ დაიმსახურებდა. როგორც თავად კორმანი იხსენებს 2003 წლის ინტერვიუში, იგი თავიდანვე შეთანხმებია საბჭოთა წარმომადგენლებს, რომ ამოიღებდა ანტიამერიკულ პროპაგანდას, რაზეც პასუხად მიუგიათ, რომ – ეს მათთვის სრულიად გასაგები იქნებოდა.[3]

მიუხედავად ამისა, ფილმი განსაკუთრებით დიდი ჩარევების გარეშე    უკვე 1960 წელს გამოდის ამერიკულ დრაივ-ინებში სახელწოდებით “ბრძოლა მზის მიღმა” (Battle beyond the Sun). ტიტრების მიხდვით, ფილმის რეჟისორად   ვინმე თომას კოლჩარტი გვევლინება (Thomas Colchart), თუმცა დღეს უკვე საიდუმლო აღარ არის, რომ ფილმზე ახალგაზრდა, ჯერ კიდევ სტუდენტი ფრენსის ფორდ კოპოლა მუშაობდა. მთავარი ფილმის ჩარჩოს შეცვლა იყო, რის შედეგადაც მოიხსნა დაპირისპირება – საბჭოთა კავშირი-აშშ. თუ ორიგინალში მწერალი ფანტასტი, კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის დათვალიერების შემდეგ, ზემოაღწერილი სიუჟეტით წერს მოთხრობას, ამერიკულ ვარიანტში მოქმედება მომავალში – ატომური ომისშემდგომ პერიოდშია გადატანილი, როცა დედამიწა ორ: “ჩრდილოეთ” და “სამხრეთ” ზენაციონალურ კოალიციად არის დაყოფილი. ამასთან, ფილმის დუბლირებისას, დიალოგებიდან ამოღებულია საბჭოთა პროპაგანდა ან საბჭოთა პათეტიკა ჩანაცვლებულია ამერიკული პათეტიკით; ფილმის ტიტრებშიც, რეალური მსახიობების ნაცვლად, მათი გამხმოვანებლების გვარები ჩაიწერა და დამატებულ იქნა B კატეგორიის ფილმებისთვის მეტად დამახასიათებელი (თუმცა საბჭოთა ფილმის სტილისტიკისთვის სრულიად არაორგანული) კოსმოსური მონსტრების ბრძოლის სცენა, რომელიც  კოსმონავტის დაღუპვის მიზეზი ხდება. დანარჩენი სავსებით მისაღები აღმოჩნდა ამერიკული აუდიტორიისთვის – ტიპური საბჭოთა პერსონაჟები გამჭოლი მზერით, ნებისყოფიანი გამოხედვით, თითქოს ქვაში ნაკვეთი სახეებით მარტივად იქცნენ ამერიკელებად ტიტრებში გვარების შეცვლით; უხერხულობა არ გამოუწვევია არც ასევე ტიპურ საბჭოთა ქალს, ამასთან, არცთუ ახალგაზრდას ფრენების მართვის მთავარ პულტთან. იმდროისთვის ასეთი სცენა ამერიკულ კინოში წარმოუდგენელი იყო. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, კითხვებს არ ბადებდა დედამიწაზე დაბრუნებული კოსმონავტების საზეიმო დახვედრის ეპიზოდში წითელყელსახვევიანი პიონერების გამოჩენაც კი.

ფილმის მთავარი ხიბლი და მთავარი “ანკესი”, რომელსაც მყარად ეკავა მაყურებლის ინტერესი, სხვა იყო – კოსმოსი და მისი ასახვა ეკრანზე, მაღალი დონის კომბინირებული გადაღებები (მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა ტერმინი “სპეცეფექტი”), რაც კორმანის დაბალბიუჯეტიანი, B-კატეგორიის ფილმების მწარმოებელი სტუდიისთვის სრულიად მიუწვდომელი გახლდათ.  ამ “ანკესის” მთავარი შემოქმედი კი მხატვარი-ფანტასტი იური შვეცი[4] იყო. მისი ესკიზებით შექმნილი მარსის პეიზაჟები, ორბიტალური  სადგურები, ხომალდები კოსმოსურ სივრცეში, სპეცეფექტები დღესაც შთამბეჭდავია.

საგულისხმოა, რომ იური შვეცის ესკიზებითვე არის შესრულებული მარსის პეიზაჟები და კოსმოსური სივრცე იმავე მიხაილ კარიუკოვისა და ოთარ კობერიძის თანაავტორობით გადაღებულ ფილმში – “ოცნების შესახვედრად” (1963), რომელიც ასევე როჯერ კორმანმა შეისყიდა.

ფილმის სიუჟეტი აქაც კოსმოსთან არის დაკავშირებული – პლანეტა ცენტურიონიდან დედამიწაზე გამოგზავნილი ხომალდი კატასტროფას განიცდის და მარსზე ჯდება. ხომალდის ეკიპაჟის გადასარჩენად დედამიწა (უფრო სწორად კი, საბჭოთა კავშირი) პლანეტათაშორის ხომალდს გზავნის. თუმცა ჟანრობრივად, ეს უფრო ლირიკული ფანტაზიაა. წამყვანი ხაზი სენტიმენტალური სიყვარულის ისტორია ხდება და ატმოსფეროს მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე ლოგიკურ სიუჟეტურ განვითარებას. ამ თვალსაზრისით, ფილმი სამოციანი წლების ტიპურ განწყობებს ასახავს – ახალგაზრდული სილაღით ტკბობა, რომანტიზმი, მეგობრობის სულისკვეთების ხაზგასმა… ფილმი ტექნიკურად გაცილებით სრულყოფილია, ვიდრე მხატვრულად და კორმანის სტუდია ამ არასრულყოფილების გამოსწორებას მაყურებლის გემოვნების მიხედვით შეეცადა.

რეჟისორი კურტის ჰერინგტონი სრულად იყენებს საბჭოთა ფილმის ფუტურისტულ მასალას, ისევე, როგორც ზოგადად ვიზუალურ სტილს. შენარჩუნებულია კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის ექსტერიერი და ინტერიერები, კოსმოსთან დაკავშირებული ყველა კადრი და არა მხოლოდ ამ, არამედ ასევე ფილმიდან “ზეცა გვეძახის”, კერძოდ, ორბიტალური სადგურისა და კოსმოსური ხომალდის გაშვების კადრები; ფილმი ასევე  იყენებს პირველწყაროს სიუჟეტის საწყის მოცემულობას, მაგრამ ცვლის მსახიობებს, მათ ურთიერთობებს და სულ სხვა მიმართულებით ავითარებს სიუჟეტურ ხაზს, რის შედეგადაც ვიღებთ საშინელებათა ფილმს – “სისხლის დედოფალი” (Queen of Blood, 1966) – ვამპირი უცხოპლანეტელი ქალით, რომელიც იღუპება, მაგრამ ახერხებს ხომალდზე დატოვოს თავისი კვერცხები. მიუხედავად კოსმონავტების დაჟინებული მოთხოვნისა, კვერცხებს არ ანადგურებენ, არამედ მეცნიერებს გადასცემენ შესასწავლად.

განწყობებში გაფანტულმა სიუჟეტურმა ხაზმა სიმკვეთრე და სასპენსი შეიძინა. ლირიკულ-რომანტიკული სამეცნიერო ფანტასტიკა კი ჰორორად იქცა გაგრძელებების პერსპექტივით – ფილმის მთავარი გმირი, უცხოპლანეტელი დედოფლის როლის შემსრულებელი 1973 წელს 16-მილიმეტრიან/მოკლემეტრაჟიან კინოსურათს “კოსმიური ბიჭუნა” იღებს. თუმცა, რეჟისორ კურტის ჰერინგტონის აზრით, რიდლი სკოტის შთაგონების წყარო სწორედ “სისხლიანი დედოფალი” შეიძლება ყოფილიყო და სკოტის “უცხო” ძალიან ჰგავს მისი ფილმის “გაუმჯობესებულ, ძვირიან და კარგად დამუშავებულ ვერსიას”.[5]

მკვეთრი ჟანრობრივი განსხვავების გამო, თუმცა შედარება რთულია, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა ფილმი ამერიკელი რეჟისორის ხელში უფრო კარგად აწყობილი და სამაყურებლო გახდა. რასაც ვერ ვიტყვით პაველ კლუშანცევის “ქარიშხლების პლანეტის” (1962) გადამუშავებით მიღებულ ფილმებზე. 2011 წელს ინგლისელი რეჟისორი და სცენარისტი ალექს კოქსი ამ ფაქტს “კინემატოგრაფიულ კანიბალიზმს” უწოდებს.[6]

კლუშანცევის ფილმი იშვიათი გამონაკლისია, თუნდაც იმით, რომ  მხატვრული ფილმი გადაღებულია “ლენნაუჩფილმში” – სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიაში. თავად კლუშანცევისთვისაც ის ერთადერთი მხატვრული ფილმი აღმოჩნდა (ძირითადად სამეცნიერო-პოპულარული ფილმების ოპერატორი და შემდეგ რეჟისორი იყო). უკვე სცენარის დონეზე, რეჟისორს ბევრი პრობლემა შეექმნა, ბევრ დათმობაზე მოუწია წასვლა, ბევრი კლიშეს შეტანა გახდა საჭირო, რათა მისთვის მთავარი – კოსმოსის, მისი ათვისების მისეული ხედვა – განეხორციელებინა. 

“ქარიშხლების პლანეტა” სათავგადასავლო ფანტასტიკაა. სიუჟეტის მიხედვით, მარსი უკვე ათვისებულია დედამიწელების მიერ და ახლა სამი  პლანეტათაშორისო ხომალდი ვენერასკენ მიემართება მთავარი კითხვით – რა და ვინ (!) ელოდებათ მათ იქ? ფრენისას ერთი ხომალდი მეტეორიტების გამო იღუპება. დიდი რისკის მიუხედავად, დარჩენილი ორივე ეკიპაჟი ჯდება ვენერაზე, ორბიტაზე კი მხოლოდ კოსმონავტ ქალს, მაშას ტოვებენ, რომლის მოვალეობაა – უზრუნველყოს კავშირი დედამიწასა და ვენერას შორის. ეკიპაჟები პლანეტის სხვადასხვა წერტილში აღმოჩნდებიან, რაც ავტორებს საშუალებას აძლევს, ორი დამოუკიდებელი სათავგადასავლო ხაზი განავითარონ. საბჭოთა კოსმონავტ რობოტ ჯონისა და მის შემქმნელ ამერიკელ მეცნიერისგან შემდგარ ჯგუფთან კავშირი წყდება. მეორე ეკიპაჟი კი პლანერით მათ დასახმარებლად მიეშურება.

იმდროინდელი ტექნიკური მიღწევების გათვალისწინებით, განცვიფრებას იწვევს ფილმის ავტორების მიერ შექნილი სამყარო – პლანეტის კლდოვანი  რელიეფი უცნაური გიგანტური მცენარეებით, მათ შორის საცეცებიანი კანიბალი ყვავილით; პტეროდაქტილები და ბრონტოზავრები, ვულკანის ამოფრქვევა, წყალქვეშ გადაღებები და საიდუმლოებით მოცული წყალქვეშა სამყარო, გონიერი არსებების მიერ შექმნილი კერპით, პლანეტის იდუმალი ხმოვანება, რომელიც თითქოს გონიერი არსებიდან, უფრო მეტიც – ერთ-ერთი პერსონაჟის ღრმა რწმენით – მშვენიერი ქალიშვილიდან უნდა მომდინარეობდეს. 

ტექნიკური თვალსაზრისით, ზედმიწევნითი სიზუსტითაა შესრულებული კომბინირებული გადაღებები, პლანერი და მისი გადაადგილება პლანეტის ზედაპირზე თუ წყალქვეშ, განსაკუთრებით კი – რობოტი ჯონი.  დაუდასტურებელი წყაროებით, კუბრიკი და ლუკასი კლუშანცევის ფილმებს თავიანთი ინსპირაციის წყაროდ ასახელებდნენ და მართლაც, რობოტი ჯონის სიკვდილის მომენტში შეუძლებელია არ გაგახსენდეს რობოტი ჰელი  “კოსმოსური ოდისეიდან”.[7] მაგრამ ის კი ფაქტია, რომ 1992 წელს, სპეციალურად კლუშანცევთან შესახვედრად, პეტერბურგში ჩამოვიდა ამერიკელი რეჟისორი და მემონტაჟე, ვიზუალური ეფექტების ოსკაროსანი სპეციალისტი – რობერტ სკოტაკი. იმხანად წიგნს წერდა ვიზუალური ეფექტების შესახებ და მისივე სიტყვებით, 50-მდე კითხვა გაუჩნდა რეჟისორთან მისი ფილმების ნახვის შემდეგ. შეხვედრის მერე ის ვრცელ სტატიას აქვეყნებს ჟურნალში “ამერიქან სინემატოგრაფერ” (American Cinematographer) , სადაც კლუშანცევს ფანტასტიკის ჯადოქარს უწოდებს.[8]

მიუხედავად იმისა, რომ კარიუკოვის ფილმს “ზეცა გვიხმობს” და ამ კინოსურათს სულ სამი წელი აშორებს, მათ შორის განსხვავება უზარმაზარია: ფილმიც და პერსონაჟებიც გაცილებით თავისუფლები, ლაღები არიან, ბევრია იუმორი, რომანტიკა ბევრად ბუნებრივია. მიუხედავად სიუჟეტში ამერიკელის მონაწილეობისა, თითქმის არ არის იდეოლოგიური დაპირისპირების მომენტები, თუ ამად არ ჩავთვლით ცოცხალი ადამიანისა და რობოტის შესაძლებლობების დაპირისპირების სიტუაციას, რომელიც ასევე კომპრომისით მთავრდება. ავტორისთვის ეს თავგადასავალი ერთგვარი საბაბია – მაყურებელს გაუზიაროს კოსმოსში სიცოცხლისა და გონიერი არსებების შესაძლო არსებობის თუ წარმოშობის სხვადასხვა ვარიანტი.

ფინალი  თითქოს კითხვებს არ ტოვებს – შემთხვევით ნაპოვნი უცნაური ფორმის ქვა ბოლო წუთში თავის საიდუმლოს ამხელს და მშვენიერი ქალის ქვაში ნაკვეთ სახედ წარმოგვიდგება. მაგრამ, იმავდროულად, ფინალი ღიაა – ხომალდი ორბიტაზე გადის და ეკიპაჟის მზერისთვის უკვე მიუწვდომელია ტბის ზედაპირზე არეკლილი თეთრებში  გამოწყობილი და ზეცისკენ ხელაპყრობილი ქალის ფიგურა. 

ფილმი სამშობლოში ცუდად მიიღო კრიტიკამ, თუმცა არა მაყურებელმა, რადგან ის სეზონის ჰიტად იქცა. ძალზე პოპულარული იყო საზღვარგარეთაც. გაიყიდა 28 ქვეყანაში. სწორედ ეს იყო მესამე ფილმი, რომელიც როჯერ კორმანმა შეიძინა. მისი მასალა მან ორი ფილმისთვის გამოიყენა.

პირველი კინოსურათი გახლავთ “მოგზაურობა პრეისტორიულ პლანეტაზე” (1965). თუმცა, ალბათ არასწორია ამ შემთხვევის “მასალის გამოყენებად” მოხსენიება. ფილმი პრაქტიკულად უცვლელად არის გადატანილი, თუ არ ჩავთვლით ტიტრების შეცვლას, დუბლირებას,   რამდენიმე სცენის დამატებას ამერიკული კინოს ცნობილი ვარსკვლავის, ბეზილ რეთბოუნის მონაწილებით და მაშას როლის შემსრულებლის, კიუნა იგნატოვას ჩანაცვლებას უფრო საქმიანი ფეით დომერგით (სავარაუდოდ, ფურცევას მსგავსად, ამერიკელებმაც ჩათვალეს, რომ “(საბჭოთა) კოსმონავტი ქალი არ უნდა ტიროდეს”.[9]

ალბათ ამიტომაც, კურტ ჰერინგტონს, რომელიც ამ ფილმის პარალელურად მუშაობდა “სისხლის დედოფალზე”, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, საკუთარ ავტორობაზე პრეტენზია არც განუცხადებია და ტიტრებში ჯონ სებასტიანის სახით გვევლინება.

ავტორობის პრეტენზია არც მეორე ფილმის რეჟისორ პიტერ ბოგდანოვიჩს გამოუთქვამს (ტიტრებში ის დერეკ თომასის სახელით არის წარმოდგენილი), მიუხედავად იმისა, რომ მის ნამუშევარში “მოგზაურობა პრეისტორიული ქალების პლანეტაზე” (1968) პირველწყარო გაცილებით “შემოქმედებითად” არის გადამუშავებული და განვრცობილი. თუმცა ამისთვის, ხუთ დღეში გადაღებული სულ ათწუთიანი უხმო მასალა აღმოჩნდა საკმარისი. უხმო იმიტომ, რომ კორმანს სიუჟეტში აბორიგენი ქალების დამატება მაშინ მოუვიდა თავში აზრად, როცა ფილმი უკვე დუბლირებული იყო. შესაბამისად, სიუჟეტის ასაწყობად საჭირო გახდა   მთხრობელის დამატება. ძველი მასალისა და ახალი პერსონაჟების გათვალისწინებით, ფილმიდან ამოვარდა კოსმონავტი ქალი; სამაგიეროდ, გამოჩნდნენ  მკერდსავსე,  ვიწრო ელასტიკურ შარვლებში გამოწყობილი ქერა ლამაზმანები მემი ვან დორენის[10] მოანას წინამძღოლობით, რომლებიც ვენერას მოსახლეობას წარმოადგენენ. ახალი სიუჟეტის მიხედვით, პტეროდაქტილთან შერკინებისას, კოსმონავტები მას კლავენ.  პტეროდაქტილი კი აქაურ მცხოვრებთა კერპი ტერა აღმოჩნდება. ქალები  ცდილობენ, თავიანთი ზებუნებრივი ძალის მეშვეობით შური იძიონ მომხდურებზე. ვულკანის ამოფრქვევა, თავსხმა წვიმა, წყლის ადიდება სწორედ მათ შურისძიებად არის წარმოჩენილი. მაგრამ კოსმონავტები ასწრებენ კოსმოსური ხომალდისთვის თავის შეფარებას და პლანეტიდან თავის დაღწევას. იმედგაცრუებული და რაკეტის ცაში აჭრით გაოცებული ქალები კი ლავაში ჩაფლულ რობოტის სხეულს იპოვიან და ახალ კერპად აღიარებენ, რადგან ის მათ ტერაზე უფრო ძლევამოსილი აღმოჩნდა.

ფილმმა ახალი რედაქციით კვლავ სამაყურებლო პოტენციალის ამაღლების მიმართულებით იმუშავა და რუსი რეჟისორის საავტორო ხელწერის სრული ნიველირება მოახდინა. მთავარ სატყუარად კი, სექსუალურ ქალებთან ერთად, ეპოქის პრიორიტეტების გათვალისწინებით, კვლავ კოსმოსი დარჩა. საგულისხმოა, რომ ბოგდანოვიჩმა კლუშანცევის  ნამუშევართან ერთად, უხვად გამოიყენა კოსმოსური მასალა ფილმიდან “ზეცა გვიხმობს” (უკვე მერამდენედ) – ხომალდის სტარტი, კოსმოსური ფრენების სამართავი ცენტრის კადრები, ორბიტალური სადგურის სცენები და სხვა.

განხილული საბჭოთა ფილმების “ამერიკული თავგადასავალი”  მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ როჯერ კორმანის მიზანი არამც და არამც არ არის “ცივი ომის” პოლიტიკის კინემატოგრაფში გატარება. ის იღებს საბჭოთა პროპაგანდას ფილმებიდან, მაგრამ არ არის დაინტერესებული, ამის საპირისპიროდ დატვირთოს ისინი ამერიკული პროპაგანდით. მისი ერთადერთი მიზანი სამაყურებლო ფილმის გაკეთებაა, რაც შეიძლება იაფად და რაც შეიძლება მეტი მოგებით. ამას ემსახურება კოსმოსის აქტუალური თემის ექსპლუატაციაც და მისი ამერიკული ბიზნესის ხერხებით გადამუშავებაც. მყვირალა დასახელება, მაყურებლის უკვდავი ინტერესის გათვალისწინება სექსის, უცნაური მონსტრების, სასპენსის მიმართ, რაც ასე დამახასიათებელია ამ კატეგორიის ფილმებისთვის, სწორედ ამას ემსახურება. ამის დასტურია სასპენსის მაქსიმალური გამოყენებით, ხშირად რეალურ სიუჟეტს დაცილებული თრეილერებიც. ყველა შემთხვევაში წაშლილია ფილმებისთვის დამახასიათებელი საავტორო ხელწერა (ცუდი თუ კარგი, სხვა საკითხია), მუშაობა მიდის სიუჟეტის დინამიკურობის, აღქმადობის გაზრდაზე, ჟანრული კინოს კანონების გამძაფრებაზე.

 შეიძლება ითქვას, რომ როჯერ კორმანი შეუდარებლად კარგად იცნობს თავის მაყურებელს და ყველაფერს აკეთებს, რომ მოხვდეს მისი ინტერესების ნაკადში; შედეგად კი მივიღეთ ასეთი საინტერესო “კულტურათა დიალოგი”, რომელმაც აშკარად გაამდიდრა ამერიკული კოსმოსური კინოეკრანი; ხოლო საბჭოთა კინოფანტასტიკას საშუალება მისცა, გამხდარიყო ისეთი ოსტატების ინსპირაცია, როგორებიც სტენლი კუბრიკი და ჯორჯ ლუკასია და ეამაყა ამით.

კადრი ფილმიდან „ზეცა გვიხმობს“

კადრი ფილმიდან „ზეცა გვიხმობს“

 

[1] ექსპლუატაციის ფილმი – Exploitation film. ფილმების კატეგორია, უფრო ხშირად დაბალბიუჯეტიანი, რომელიც მიზანმიმართულია სწრაფი მოგებისაკენ და ამისთვის იყენებს თანამედროვეობისათვის აქტუალურ და მგრძნობიარე თემებს. ასეთი შეიძლება იყოს ნარკოტიკები, სექსუალური გადახრები, ქსენოფობია, ტერორიზმის თუ უცხოპლანეტელების შემოჭრის საფრთხე. როგორც წესი, ასეთი ტიპის ფილმები არ იკვლევს მოვლენის მიზეზებს და ფესვებს, უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ აკრიტიკებს მათ ან უბრალოდ ეწევა მათ ექსპლუატაციას.

[2] B-კატეგორიის ფილმები _ B movies. ჰოლივუდის კლასიკურ პერიოდში დაბალბიუჯეტიანი, შედარებით მოკლე და ნაკლებად რეკლამირებადი  ფილმები, რომლებიც კინოთეატრებში მთავარ, მაღალბიუჯეტიან ფილმთან წყვილში დემონსტრირდებოდა. მოგვიანებით, 50-იან წლებში, მათ მიაკუთვნებდნენ ნაკლებად პრესტიჟულ ჟანრებს (ვესტერნებს, იაფფასიან ჰორორებს და სამეცნიერო ფანტასტიკას). ხშირად გამოიყენება ექსპლუატაციის ფილმების სინონიმადაც.

[3] Yates, Steven., Invasion of the Mutant B-movie Producers: Roger Corman Interviewed about His Work in Europe, Kinoeye 3.1 (2003)-  http://www.kinoeye.org/03/01/yates01.php (10/03/2020).

[4] იური შვეცი _ საბჭოთა კინომხატვარი (1902-1972). გაფორმებული აქვს 50-მდე მხატვრული ფილმი, მათ შორის არის კინოფილმი `გიორგი სააკაძეც~. შვეცის ყველაზე წარმატებული  ნამუშევრები გამოდგა ფილმი-ზღაპრები: ა. პტუშკოს `ახალი გულივერი~ და `ოქროს გასაღები~.  1934 წელს დაიწყო პირველი საბჭოთა  სამეცნიერო-ფანტასტიკის `კოსმიური რეისის~ გადაღებები, რომელზეც მთავარი კონსულტანტი კ. ციოლკოვსკი იყო. მასთან შეხვედრამ უდიდესი გავლენა იქონია მხატვარზე, ამის შემდეგ კოსმოსი მის თემად იქცა.

[5] “Retrospective in Terror: An Interview with Curtis Harrington – April 2005”. The Terror Trap.- http://www.terrortrap.com/interviews/curtisharrington/ – (10/03/2020)

[6] Rockets from Russia: great Eastern Bloc science-fiction films – https://www.theguardian.com/film/2011/jun/30/russian-science-fiction-sci-fi-films-bfi – (10/03/2020)

[7] Ksenia Zubacheva. In a country far, far away… How did a filmmaker in the USSR inspire Hollywood blockbusters? Culture. Dec.21, 2017 https://www.rbth.com/arts/327087-soviet-filmmaker-hollywood – (10/03/2020)

[8] Barker, Lynn; Skotak, RobertKlushantsev: Russia’s Wizard of Fantastika

https://www.questia.com/magazine/1P3-1253723241/klushantsev-russia-s-wizard-of-fantastika – (10/03/2020),

[9] Харитонов Е., Космическая одиссея Павла Клушанцева. http://www.fandom.ru/about_fan/kino/_st03.htm  – (10/03/2020).

[10] მემი ვან დორენი _ მე-20 საუკუნის 50-60 წლების ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

Radynski,  Oleksiy. The Corman Effect: A Give-and-take between Soviet and American Cold-war Science Fiction Film.  Kyiv Mohyla Academy. 2009. http://www.kinokultura.com/specials/9/radynski-corman.shtml (10/05.2020)

 

 

Manana Lekborashvili,

Doctor of Art studies, Associated professor

Shota Rustaveli Theatre and Film Georgia State University

 

“Dialogue of cultures” against the background of the Cold War

 

Ends of 1950s, Cold War. People living  with the threat of a   nuclear  war. In 1957  was added one more component to cold War: In August 1957, the Soviets successfully launched the world’s first intercontinental ballistic  missile and in October they launched the first Earth satellite, Sputnik 1. The launch of Sputnik inaugurated the Space Race –  competition between two Cold War rivals, the Soviet Union and the United States for dominance in spaceflight capability.

 Space exploration  had  become a subject of enormous interest among the population of both countries. Film industry  quite intensely responded to this interest but  genre demanded  expensive special effects.

The legendary king of B-movies  Roger Corman,  known for his talent keeping his ear to the ground and an eye on the headlines,  immediately  answered this challenge in his manner – he bought the rights to  three Soviet science fiction films, They were made with big budgets and tremendous special effects.    So Corman  had some additional footage shot for them, gave the films the brilliantly sensational new titles  and released  in America.

Soviet “The Sky  Calls“ (Nebo zavyot,, 1959, directed by Mikhail Karzhukov and Aleksandr Kozyr) became “ Battle Beyond the Sun~(1962,  directed by Francis Ford Coppola as Thomas Colchart along with the two original Russian directors);   American films “Voyage to the Prehistoric Planet~ (1965, directed by Curtis Harrington) and  “Voyage to the Planet of Prehistoric Women~(1968, directed by  Peter Bogdanovich) – both  recycled   of  “Planet of  Storms”(Planeta bur,  directed by Pavel Klushantsev, 1962);   A Dream Come True (Mechte navstrechu, 1963, directed by Mikhail Karzhukov and Otar Koberidze) reworked for American audiences into “Queen of Blood” (1966, directed by Curtis Harrington).The article examines of   differences   between Soviet and American films,   tries to identify the motivations and the goals of film transformations,   analyses results.                              

016732
WordPress Theme built by Shufflehound. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი