ზაქარია ჯორჯაძე,
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი,
ხელმძღვანელები: თინათინ ჭაბუკიანი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი,
რამაზ ხოტივარი, ემერიტუსი
კულტურის ტრანსფორმაცია საფრანგეთის დიდი რევოლუციისა
და რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის პარადიგმებში
ბასტილიის აღებამდე რამდენიმე წლით ადრე ტრიანონში, სადაც მდებარეობდა საფრანგეთის დედოფლის მარია-ანტუანეტას სასახლე, დაიდგა მოყვარულთა სპექტაკლი ბომარშეს ,,ფიგაროს ქორწინების” მიხედვით. ეს იყო საფრანგეთში ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლებოდა ამ პიესის ნახვა, რადგან სხვაგან ყველგან აკრძალული იყო ბომარშეს ნაწარმოები, როგორც რევოლუციური პამფლეტი. თავად ლუდოვიკო XVI ამბობდა: – ,,თუ მე ნებას დავრთავ დაიდგას ეს პიესა, მაშინ შემდეგი ნაბიჯით - უნდა დავანგრიო ბასტილია”. ბუნებრივია, ვერც წარმოიდგენდა, რომ სწორედ ეს მოხდებოდა. ტრიანონში თავად მარია-ანტუანეტამ და მისმა ქვეშევრდომებმა გაითამაშეს ეს პიესა და თავად შეიქნენ გამომხატველები საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროტესტისა, რაც რევოლუციური იდეით იყო შთაგონებული და არ უწყოდნენ, რომ ამით აახლოებდნენ რევოლუციას. 1789 წელს, როცა ჰერცოგმა ლიანკურმა მოახსენა ლუდოვიკო XVI-ს – საფრანგეთის მეფეს, რომ მას განუდგა საფრანგეთის გვარდია და ბასტილია აღებულია, გაოცებულმა მეფემ წამოიძახა – ,,ეს აჯანყებაა! – არა, თქვენო ბრწყინვალებავ, ეს აჯანყება არ არის, ეს რევოლუციაა, – უპასუხა ჰერცოგმა”.[1]
ასევე მოხდა რუსეთშიც. რევოლუციამდელმა რუსულმა ინტელიგენციამ, რომელიც აღფრთოვანებული იყო რევოლუციური იდეებით და თანაუგრძნობდა რევოლუციონერებს და პოლიტიკურ რეჟიმთან მებრძოლებს, საკუთარ თავზე იწვნია რევოლუცია მთელი თავისი შედეგებით.
ტერმინს – ,,რევოლუცია” – თავიდან ასტროლოგიასა და ალქიმიაში იყენებდნენ. ის სამეცნიერო ენაში შემოიტანა ცნობილმა ასტრონომმა ნიკოლოზ კოპერნიკმა. ტერმინი ლათინური წარმოშობისაა – revolution – და აღნიშნავს შეცვლას, გარდაქმნას, გადატრიალებას პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურის სფეროებში, ღრმა, ძირეულ ცვლილებებს და განვითარებას ბუნების, საზოგადოების, მეცნიერების, კულტურისა და წარმოების, წინა მდგომარეობიდან მკვეთრი გამიჯვნით. აქედან წარმოიშვა განსაზღვრებები: ტექნიკური რევოლუცია, კულტურული რევოლუცია, მეცნიერული რევოლუცია და სხვა. გაჩნდა სპეციფიკური ტერმინი – სოციალური რევოლუციაც. Eტერმინი ორი ნაწილისგან შედგება – რევოლუცია, ანუ კვლავ განახლება, განვითარება და გულისხმობს დიალექტიკური განვითარების კონცეფციას – განვითარებას კარგისა უკეთესისკენ, რაოდენობრივის ხარისხოვნებაში გადასვლას.
ეს პროგრესისკენ მიმართული ძალაა, მოვლენაა, თუმცა პოლიტიკურ ჭრილში ეხება კლასთა ბრძოლის პრობლემას. იქმნება აუცილებლობა გაბატონებული კლასის დამარცხებისა რევოლუციური კლასით. ,,…ყოველი კლასი, რომელიც მიისწრაფვის გაბატონებისაკენ, ქმნის აუცილებელ პირობას ძველი საზოგადოებრივი ფორმაციის განადგურებისა და თავისი პოლიტიკური ძალაუფლების დამყარებისა”.[2]
ზოგჯერ ,,რევოლუციას” უწოდებენ ამა თუ იმ სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენასაც, რომელსაც არ აქვს მკაცრად რევოლუციური ხასიათი, მაგალითად: სახელმწიფო გადატრიალება – ,,სახელოვანი რევოლუცია” ინგლისში, პოლიტიკის მოდერნიზაცია – “თეთრი რევოლუცია” ირანში, პოლიტიკური კამპანია – ,,დიდი პროლეტარული კულტურული რევოლუცია” ჩინეთში, მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლა – ,,ვარდების რევოლუცია” საქართველოში და სხვა.
,,…ერთი კლასის საზოგადოებიდან მეორე კლასის საზოგადოებაში სახელმწიფო ხელისუფლების გადასვლა არის პირველი, მთავარი, ძირითადი ნიშანი რევოლუციისა, როგორც მეცნიერული, ასევე პრაქტიკულ-პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენისა”.[3]
პოლიტიკურ ლექსიკონში პროლეტარული რევოლუცია ასეა განმარტებული: ,,პროლეტარული რევოლუცია არის სოციალისტური რევოლუცია. ეს რევოლუცია ყველა ქვეყანაში ერთბაშად არ წარმოიშვება, არამედ თანდათან იმარჯვებს ერთში ან რამდენიმე ქვეყანაში, რაც იწვევს ახალი საზოგადოების გაჩენას. პროლეტარული რევოლუციის ეპოქა დაიწყო სსრკ-ში პროლეტარული რევოლუციის გამარჯვებით, სადაც შენდება სოციალიზმი და დამთავრდება ასეთივე გამარჯვებით ბევრ სხვა ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში…”.[4] ,,რევოლუცია, ეს არის ბრძნული, ძნელი და რთული მეცნიერება”.[5] – წერდა ლენინი.
,,რევოლუცია არის უდიდესი ექსპერიმენტი, რომელიც აღარიბებს და ამდიდრებს ადამიანს”.[6]
,,…რევოლუციაში ხდება უფლის სამსჯავროს განხორციელება. რევოლუცია არის სენი, ის ადასტურებს იმას, რომ არ გამოიძებნა შემოქმედებითი ძალები საზოგადოების ფომირებისათვის და გაიმარჯვეს ინერციის ძალებმა…”.[7]
,,რევოლუცია ირაციონალურია, არაფერი ისე არ ამახინჯებს ადამიანის ბუნებას, როგორც მანიაკალური იდეები”.[8] – წერს ცნობილი რუსი ფილოსოფოსი ნიკოლაი ბერდიაევი.
,,რევოლუციას უნდა მოეტანა ახალი ცხოვრება ყოველთვის, მაგრამ სამყაროს ობიექტივირებული ბუნება ისეთია, რომ ახალში ყოველთვის შედის ყველაზე ცუდი ძველი. Eეს არის ილუზია, რომ რევოლუცია წყვეტს კავშირს ძველთან, ის მხოლოდ ახალ სამოსელში გვევლინება. ძველი მონობა იცვლის სამოსს. რევოლუცია ფსიქოლოგიურად არის რეაქცია. რევოლუციის სიმართლე არის იმაში, რომ ის ანადგურებს ცრუ, დაფხავებულ წარსულს. რევოლუცია არის ძალისა და უფლების პარადოქსი. ძველი უფლება გადაიქცა აზროვნებაზე ძალადობად იმიტომ, რომ დაკარგა ძალა. რევოლუცია კეთდება ძალით და მას უნდა შექმნას ახალი უფლებები. რევოლუცია ვითარდებოდა ძალიან სწრაფად და მოკლე ხანში უდიდეს რეზულტატებამდე მივიდა. მისი სვლა უფრო ნელი და სრულყოფილი იქნებოდა, უამრავი მტერი რომ არ ჰყოლოდა. ყოველი დაბრკოლება მისთვის წარმატების საბაბი იყო”.[9]
“…Homo homini lupus est” (,,ადამიანი ადამიანისთვის მგელია”) […] ადამიანს საკმარისი საფუძველი აქვს იმისთვის, რომ არაცნობიერში არსებული უპიროვნო ძალების ეშინოდეს. ამ ძალების შესახებ ჩვენი ნეტარი გაუთვითცნობიერებლობა იმით აიხსნება, რომ ის ჩვენს პიროვნულ ქცევებში ჩვეულებრივ შემთხვევებში არასდროს ან თითქმის არასდროს ვლინდება, მაგრამ როგორც კი ადამიანები თავს ერთად მოიყრიან და ბრბოდ გადაიქცევიან, მაშინვე ბორკილებს აიხსნის კოლექტიური ადამიანი – თითოეულში მთვლემარე მხეცი თუ დემონი იქამდე არ იჩენს თავს, სანამ ადამიანი მასის ნაწილი არ გახდება. ადამიანი ბრბოში გაუცნობიერებლად მორალურად და ინტელექტუალურად ყველაზე დაბალ საფეხურზე ეშვება. ეს საფეხური ყოველთვის ცნობიერების ზღვარს ქვემოთაა და როგორც კი ბრბო მას გამოტყუებს და მის მხარდაჭერას იგრძნობს, მაშინვე თავს დაატყდება ცნობიერებას.
საბედისწერო შეცდომად მიმაჩნია, როცა ფსიქიკას ძალიან პიროვნულად მიიჩნევენ და მის ახსნას სწორედ ამ პოზიციიდან ცდილობენ, ამგვარი განმარტება მხოლოდ მაშინ თუUგამოგვადგება, როცა ინდივიდის ყოველდღიური საქმიანობისა და ურთიერთობის ახსნას შევეცდებით, მაგრამ საკმარისია სულ მცირე დარღვევა, მეტ-ნაკლებად გაუთვალისწინებელი უცნაური შემთხვევა და ინსტინქტური ძალები მაშინვე იჩენს თავს, ძალები, რომელიც სრულიად მოულოდნელად, ახლებურად და უჩვეულოდ გამოვლინდება. ამგვარი განმარტება მხოლოდ მაშინ თუU გამოგვადგება, როცა ინდივიდის ყოველდღიური საქმიანობისა და ურთიერთობის ახსნას შევეცდებით, მაგრამ საკმარისია სულ მცირე დარღვევა, მეტ-ნაკლებად გაუთვალისწინებელი, უცნაური შემთხვევა და ინსტინქტური ძალებიც მაშინვე იჩენს თავს. ძალები, რომელიც სრულიად მოულოდნელად, ახლებურად და უჩვეულოდ გამოვლინდება. პიროვნული მოტივებით ასეთ შემთხვევებს უკვე ვეღარ ავხსნით, რადგან ეს უფრო პრიმიტიული მოვლენებია და მზის დაბნელებით გამოწვეულ პანიკას ჰგავს. ბოლშევიკური იდეების პანიკური ამონთხევა მხოლოდ პიროვნული მასის კომპლექსით ვეღარ აიხსნება”.[10]
,,ინდივიდუალიზმი, ანუ საეჭვო გამიჯვნა საზოგადოებისაგან ისეთივე უაზრობაა ჩვენს წარმოდგენაში, როგორც თვითმკვლელობა. …პიროვნება მიჯაჭვულია საზოგადოებასთან იმ ჯაჭვებით, რომელიც პიროვნების ძირითადი გზიდან გადახვევის შემთხვევაში მზრუნველი, მეგობრული და მოსიყვარულე თვისებების მქონედან გადაიქცევა მკაცრ მსაჯულად. ეს ხდება მაშინ, როცა პიროვნებას თავში მოუვა უბედური იდეა აბსოლუტური თავისუფლებისა, მაგრამ, რასაკვირველია, ჩვენში ცოტა მოიძებნება ასეთი ვინმე, ამ მოჩვენებითი სისულელის მიმდევარი”. [11]
საფრანგეთის დიდი რევოლუცია ,,ნამდვილ სასჯელად მოევლინა ფრანგ ერს მათი სიწმინდეების შემუსვრით, სამღვდელოების გილიოტინირებით და ა.შ. …ამ რევოლუციის დროს დიდი სიმძაფრით განხორციელდა ე.წ. ,,დექრისტიანიზაცია”: კათოლიკური ტაძრების გაუქმება, მღვდლების გილიოტინირება, მათგან სუსტების გადასვლა რევოლუციის მხარეს და ა.შ., მაგრამ რუსეთის რევოლუციისაგან განსხვავებით, რომელიც ტოტალურმა ათეიზმმა მოიცვა, საფრანგეთში დამყარდა დეიზმის პირმშოს კულტი – პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ჩატარდა რიტუალი. (მანამდე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში შეიჭრნენ რევოლუციონერები, თავი მოკვეთეს წმინდანების ქანდაკებებს, დაწვეს წმინდანების წმინდა ნაწილები, ჩაამსხვრიეს ფერადი ვიტრაჟები და ა. შ.)”.[12]
საბჭოთა კავშირში აქტიური და აგრესიული კომუნისტები ანგრევდნენ ტაძრებს, იჭერდნენ, ასახლებდნენ და ხვრეტდნენ სასულიერო პირებს, შეიქმნა ორგანიზაცია ,,მებრძოლ უღმერთოთა კავშირი”, დაიწყო მასობრივი რეპრესიები. 1922 წელს საქართველოს პატრიარქი ამბროსი (ხელაია) აგზავნის მოწოდებას გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე. იგი დააპატიმრეს. Bბრალად კონფერენციისადმი მემორანდუმის გაგზავნა, ეკლესია-მონასტრებში დაცული საგანძურის გადამალვა, საეკლესიო ქონების სააღრიცხვო წიგნების არასწორი წარმოება და სამხედრო ტაძრის კომკავშირისადმი გადაცემის პროცედურაში საპატრიარქოს წარმომადგენლის გამოუცხადებლობა წაუყენეს.
,,როგორც ჩანს წინაპრებს ტკბილად მიაჩნდათ სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის ტანჯვის მიღება, აგრეთვე ჩემთვისაც ტკბილი იქნება ის სასჯელი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სასამართლო მშობლიური ეკლესიისა და ერის თავისუფლების დაცვის მიზნით ხმის ამოღებისათვის. ეს იქნება დაგვირგვინება იმ ჯვარისა, რომელიც ჩემგან ნატვირთია და ვატარებ ჩემი ცხოვრების თითქმის ოცდაჩვიდმეტი წლის განმავლობაში”, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა სასამართლოს სხდომაზე. განაჩენი ითხოვდა სიკვდილით დასჯას, მაგრამ მხცოვანი ასაკის გამო (ასევე შეეშინდათ სახალხო მღელვარებისა) მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების კონფისკაციით. როდესაც პატრიარქი ტოვებდა სასამართლო შენობას, საგანგებოდ მოწვეული კომკავშირლები მას კვერცხებს ესროდნენ. 1924 წლის ბოლოს გამოცემული ამნისტიით კათოლოკოსს სასჯელი მოუხსნეს”.[13]
მსოფლიოში ხდებოდა დიდი კატაკლიზმები, ცვლილებები, გადანაცვლებები არა მარტო სოციალურ ჯგუფებში, საზოგადოებებში, ხალხებში – ზოგადად, არამედ ცვლილებები ხდებოდა მათ აზროვნებაში, ცნობიერებაში, გონებაში. ახალ წეს-წყობილებასთან ერთად ინერგებოდა ახალი ხედვა, იდეოლოგია, და ეს, ხშირად, არც ისე პროგრესული რამ იყო. ,,ჩვენ, ბოლშევიკები თავმდაბალი ხალხი ვართ, არა ვართ დამპყრობლები, მაგრამ მაინც ვფიქრობთ ჩვენი იდეებით დავიპყრათ მსოფლიო”, – წერდა ცნობილი საბჭოთა პოლიტიკოსი, მარქსიზმის იდეოლოგიის მიმდევარი მ. კალინინი.
კულტურა ლათინური სიტყვაა – cultura – და ნიშნავს აღზრდას, განათლებას, განვითარებას. 1950 წელს გამოცემულ პოლიტიკურ ლექსიკონში ტერმინ კულტურის განმარტებაში ჯერ ჩამოთვლილია მცენარეთა და ცხოველთა სახეობები და ჯიშები, შემდეგ ერთობლიობა მატერიალური და სულიერი მიღწევებისა, საზოგადოების ბრძოლა ბუნებასთან, – ე. ი. ტექნიკური პროგრესი, ცხოვრების ფორმები, ენა, მეცნიერება, ფილოსოფია, ხელოვნება, საზოგადოების და ადამიანის განვითარების ისტორიულად განსაზღვრული დონე, გამოხატული ცხოვრებასა და შემოქმედებაში, აგრეთვე მათ მიერ შექმნილი მატერიალური და სულიერი ფასეულობების ერთობლიობა. საინტერესოა კიდევ ერთი განმარტება კულტურისა: კულტურის დონე განისაზღვრება საზოგადოების საწარმოო პოტენციალის განვითარების დონით. კულტურის ხასიათი დამოკიდებულია საზოგადოების კლასობრივ სტრუქტურაზე, მაგალითად: ბურჟუაზიული კულტურა, სოციალისტური კულტურა. ვიწრო გაგებით კულტურაში იგულისხმება განათლება, აღზრდა.[14]
ამ განმარტებით კულტურა დახარისხებულია და შეიძლება შეესაბამებოდეს ამა თუ იმ ფორმაციას, საზოგადოების ფენებს, სახელმწიფო წყობილებას და ა.შ. თემის საგანია – განიცდის თუ არა, ზოგადად, კულტურა ცვლილებას საზოგადოების განვითარების პროცესში, პოლიტიკური წყობის ცვლილებების დროს, ფორმაციების კრიზისის პერიოდებში, როდესაც ახალი მოვლენების გამო ინგრევა, ნადგურდება ძველი დამოკიდებულებები და ფორმირდება ახალი. აქ იგულისხმება კლასობრივი ბრძოლაც, რომელსაც ახლავს ძალმომრეობითი მოქმედებანი, აჯანყებები, სამოქალაქო ომები, ბრძოლა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად და სხვა პოლიტიკური კატაკლიზმები. ეს მოვლენები გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს ქვეყნის მატერიალურ და სულიერ ფასეულობებზე და ეპოქის დაღს ასვამს.
,,…თუ სოციალიზმის დასამყარებლად საჭიროა კულტურის გარკვეული დონე, (თუმცა არავის შეუძლია თქვას, როგორია ეს განსაზღვრული კულტურული დონე, რადგან ის განსხვავებულია სხვადასხვა დასავლეთევროპულ სახელმწიფოებში), მაშინ რატომ არ შეგვიძლია რევოლუციური გზით დავამყაროთ ეს განსაზღვრული დონე და ამის შემდეგ უკვე მუშურ-გლეხური ხელისუფლებითდა საბჭოთა წყობილებით ვიაროთ სხვა ქვეყნების დასაწევად”,[15] – წერდა პროლეტარიატის ბელადი ლენინი. რევოლუციური იდეალების პროპაგანდისა და საბჭოთა ,,აღმშენებლობის” სამსახურში ჩადგა კულტურისა და ხელოვნების ყველა დარგი – ლიტერატურა, კინემატოგრაფი, თეატრი, მხატვრობა, ქანდაკება, მუსიკა.
ბოლშევიკების ბელადი ლენინი წერდა: – ,,Appassionata“ – “ამაზე კარგი არაფერი ვიცი, მზად ვარ ვუსმინო ყოველდღე, არაჩვეულებრივი, არაადამიანური მუსიკაა, მე ყოველთვის სიამაყით, შეიძლება მიამიტურად ვფიქრობ, აი, როგორ სასწაულებს ახდენენ ადამიანები, მაგრამ ხშირად არ შემიძლია მუსიკას ვუსმინო, ნერვებზე მოქმედებს, გინდება კეთილი სისულელეების თქმა და ადამიანების მოფერება, თავზე ხელის გადასმა, რომლებიც ცხოვრობენ რა ჭუჭყიან ჯოჯოხეთში, ქმნიან ასეთ სილამაზეს, მაგრამ დღეს რომ ვიღაცას თავზე ხელი გადაუსვა – არ შეიძლება, შეიძლება ხელი მოგაჭამონ, და ამიტომ უნდა ურტყა თავში, ურტყა დაუნდობლად…”.[16]
სსრკ-ში 1936 წლამდე აკრძალული იყო ნაძვის ხის დადგმა ახალი წლის აღსანიშნავად. საბჭოთა ხელისუფლება თვლიდა, რომ თავად ნაძვის ხე, მისი მორთულობა, სათამაშოები, წნულები და გვირგვინები მშრომელ მასებს თვითმპყრობელობის იმ ჯაჭვებს გაახსენებდა, რომლითაც შებორკილი იყო რუსეთი რევოლუციამდე.
,,საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს ხელოვნება, თავისი სხვადასხვა დარგით, განსაკუთრებით კი, თეატრი მთელი თავისი შემართებით, გამძაფრებით, მრისხანებით და ბობოქრობით გადაეშვა კლასობრივი ბრძოლის სტიქიაში. ორ მტრულ ბანაკად გაყოფილი საზოგადოების გამო, ხელოვნებაც მათთან ერთად იბრძოდა, იტანჯებოდა, ზეიმობდა. კლასობრივ ბრძოლაში ხელოვნება მძლავრი იარაღია კლასობრივი საზოგადოებისა, თუმცა მწერლები ძმები – ჰონკურები ირონიით იხსენიებენ მხატვარ ლუი დავიდს, რომელმაც ხელოვნების კომისიაში შეიყვანა მეწაღეები, თერძები, მებაღეები, რევოლუციის კომისრები და სხვ”.[17]
ანალოგიურ მოვლენებს ჰქონდა ადგილი საბჭოთა კავშირშიც – კულტურის საკითხებს განაგებდნენ პარტიული მუშაკები, სუკ-ის ოფიციალური თანამშრომლები, ადმინისტრაციული ორგანოების მუშაკები. 80-იან წლებში მოსკოვში უდიდესი კინოსტუდია ,,გოსკინოს” მთავარი რედაქტორი იყო ვინმე ბოგომოლოვი, რომელიც წარსულში ციმბირში პატიმართა ე. წ. ,,ლაგერების” კომენდანტი იყო. პოლიტიკური და მხატვრული ღირებულებებით მიუღებელ, არასასურველ ფილმებზე მას ერთი და იგივე ფორმულირება ჰქონდა: – ,,ეს არ არის ჩვენი კინო, ეს არ არის ჩვენი ესთეტიკა”.
ლენინის სიტყვები: ,,ხელოვნების ყველა დარგს შორის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია კინო”[18] – გახდა საბჭოთა კინოხელოვნების მთავარი ლოზუნგი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ხელოვნებისა და ლიტერატურის მოღვაწენი აღმოჩნდნენ ახალი, პროლეტარული კინოს სამსახურში. ,,კინემატოგრაფი, ესაა მძლავრი აგიტატორი, ჩუმი პროპაგანდისტი, წიგნი გაუნათლებელთათვის”, – ასე განისაზღვრება ახალი ხელოვნების იდეოლოგიური ამოცანა 1919 წელს გამოცემულ კრებულში – ,,კინემატოგრაფი”. იქმნებოდა აგიტფილმები – ფილმი-ლოზუნგები, ფილმი-პლაკატები: ,,წითელარმიელო, ვინ არის შენი მტერი?” ,,ფრონტისკენ!”, ,,მშვიდობა ქოხებს – ომი სასახლეებს”, ,,მეცნიერებისა და მშრომელთა კავშირი”, ,,ნამგალი და ურო”. 1923 წელს კინორეჟისორმა ივ. პერესტიანმა გადაიღო ,,რევოლუციის პირველი ფილმი” -,,წითელი ეშმაკუნები”, რომელსაც ,,პირველი საბჭოთა კინოშუქურა” უწოდეს. საბჭოთა ეკრანებზე გამოვიდა კინოფილმები – ,,წითელ ფრონტზე” (რეჟ. ლ. კულეშოვი, 1923), ს. ეიზენშტეინის ,,გაფიცვა” (1924) და ,,ჯავშნოსანი პოტიომკინი” (1926).
,,დიდმა ფრანგულმა რევოლუციამ XVIII საუკუნეში შექმნა თავისი ზნე-ჩვეულებანი, ტრადიციები, დრამა, პოეზია, მუსიკა, ქანდაკება, ფერწერა, თავისი დღესასწაულები. რევოლუციამ დაამხო ზეციური და მიწიერი ღმერთები. მე-20 საუკუნის რევოლუცია ქმნის თავის დღესასწაულებს, თავის ხელოვნებას, რომელიც იქნება უფრო მშვენიერი, უფრო დიადი, ვიდრე იყო აქამდე არსებული, გაგონილი, რამეთუ თვით ეს რევოლუცია არის მომტანი და წარმომშობი ყველაზე დიადისა, ყველაზე აღმატებულისა, მშვენიერისა და საოცარისა”.[19]
1793 წელს საფრანგეთის რევოლუციურმა კონვენტმა გამოსცა დეკრეტი: ,,ყველა ის თეატრი, რომელშიც დაიდგმება პიესები, გამრყვნელი სახალხო სულის და სამარცხვინო მონარქიული ცრურწმენების აღმდგენელი, – დაიხურება, თეატრის დირექციები დაპატიმრებულნი და დასჯილნი იქნებიან რევოლუციური კანონის მთელი სიმკაცრით”.[20]
ისტორია მეორდება, სსრკ-ის სივრცეშიც, დაახლოებით, იგივე მოხდება, ოღონდ სახელები და ფორმულირებები იქნება შეცვლილი, მეთოდები, ხერხები და იდეოლოგია კი, იდენტური. რუსი რევოლუციონერი, განათლების სახალხო კომისარი წერდა:
,,ეჭვგარეშეა, რომ ყოველ ეპოქას უნდა ჰქონდეს თავისი თეატრი და ჩვენს, სოციალიზმში გარდამავალ, დიად რევოლუციურ ეპოქას არ შეუძლია არ შექმნას თავისი თეატრი, რომელიც ასახავს მის განცდებს, ნააზრევს, ცდომილებებს, გამარჯვებებს. …რუსეთში ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ პროპაგანდისტულ-სააგიტაციო თეატრს – პოლიტიკურ თეატრს. …და ჩვენ ახლა შემოქმედებითად ვმუშაობთ იმ სააგიტაციო პიესების ნაკადზე, რომელსაც ქმნიან მუშებიც, წითელარმიელებიც, ახალგაზრდა დრამატურგ-სპეციალისტებიც, მსახიობებიც და სხვები. უმეტეს შემთხვევაში ისინი სუსტია, მაგრამ ახლახანს ჩვენ მიერ შექმნილი ,,კომუნისტური დრამატურგიის სახელოსნო”, რომელიც მთელ თავის ძალებს აქეთკენ მიმართავს, უკვე მშვენიერ შედეგებს იძლევა”.[21]
საბჭოთა სივრცეში შეიქმნა პროლეტკულტურის თეატრები, სადაც იდგმებოდა სააგიტაციო-პოლიტიკური, სატირული სპექტაკლები, მაგალითად: რევოლუციონერი პოეტის, ვლ. მაიაკოვსკის ,,მისტერია-ბუფი”, ,,ბაღლინჯო”, ,,აბანო” და სხვა. საბჭოთა თეატრალურ ხელოვნებაში გაჩნდა ახალი ფორმა – მასობრივი ინსცენირებები ღია ცის ქვეშ. მათ შორის მნიშვნელოვანი იყო – ,,დიადი რევოლუციის პანტომიმა” (მოსკოვი, 1917), ,,III ინტერნაციონალის საქმიანობა” (პეტროგრადი, 1919), ,,ზამთრის სასახლის აღება” (პეტროგრადი, 1920), ,,შრომისა და კაპიტალის ორთაბრძოლა” (ირკუტსკი, 1921). საქართველოში 1921 წელს საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის შენობაში დაარსდა აგიტსატირის თეატრი (რუსული და ქართული დასი). თეატრის რეპერტუარში შედიოდა რევოლუციური შინაარსის სააგიტაციო და სატირული ნაწარმოებები. 1928 წელს ჩამოყალიბდა მოძრავი სააგიტაციო სატირის თეატრი ,,წითელი სარკე”, ქუთაისში გარნიზონის წითელი არმიის სახლის შენობაში კი – სატირის თეატრი ,,წითელი ეშმაკუნები”.
,,…საბჭოთა მაყურებელს სურს იხილოს სცენაზე თავისი წარმომადგენელი. ეს, უპირველეს ყოვლისა, დიდი ოპტიმისტია, ახალი გმირი ხალხური ზღაპრისა, ცხოვრებაში განხორციელებულისა. …ოპტიმიზმი, აი რა ნიშნის ქვეშ იზრდება ჩვენი დრამატურგია. დრამატურგმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენი საბჭოთა მაყურებელი – რთული და მრავალმხრივი არსებაა. …საჭიროა გვჯეროდეს მასების ამოუწურავი შემოქმედებითი შესაძლებლობისა, როგორც სჯეროდა ლენინს, როგორც სჯერა სტალინს. საჭიროა დაეყრდნო შემოქმედებით სიბრძნეს მასობრივი საბჭოთა მაყურებლისა. …სსრკ-ის ხელოვნებამ უნდა შვას ახალი ეპოქა მსოფლიო ხელოვნებაში. ეს ჩვენი ვალია”.[22]
– ვინ იყო ეს ახალი გმირი? ,,ახალი ადამიანი”? 20-30 წლებში ეს ცნება იყო საზოგადო ყურადღების საგანი. როგორი უნდა ყოფილიყო იგი? ,,…თავად ცნებას კომუნისტები ქრისტიანობას დაესესხენ. პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (6.6) ამბობს: ,,ესე უწყით, რამეთუ ძუელი იგი კაცი ჩუენი მის თანა ჯუარს ეცვა, რათა განქარდეს ხორცი იგი ცოდვისაჲ, რაითა არღარა ვჰმონებდეთ ჩუენ ცოდვასა”.[23]
ქრისტიანობის თვალსაზრისით ქრისტეს ჯვარცმასთან ერთად უნდა ,,მოკვდეს” ,,ძველი კაცი”, ცოდვილი ადამიანი და ,,დაიბადოს” ახალი ადამიანი, მორწმუნე, აღმსარებელი იესოს მოძღვრებისა. … ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ კომუნისტების ,,ახალი ადამიანი” არის ის, ვინც მარქსიზმ-ლენინიზმს აღიარებს და მისი მიმდევარია”.[24]
,,ახალი ადამიანის” ცნება ყველა რევოლუციის თანამდევია. არც დიდი ოქტომბრის რევოლუცია იყო გამონაკლისი. ძველის დაგმობა, დაკნინება, დამცრობა და ახლის გადიდება – აი, რევოლუციური განწყობის გამორჩეული პათოსი.
,,ახალ ცხოვრების ამ შენებას ძმური სალამი ჩემი გვიანი,
ახალ ცხოვრების მშვენიერებას შვენის ახალი ადამიანი”.[25]
,,…1791 წლიდან 1804 წლამდე ფრანგულ ფერწერულ ნამუშევრებში არ ჩანს არცერთი რელიგიური სიუჟეტის სურათი, მხოლოდ 1804 წელს – რესპუბლიკის უკანასკნელ წელს გამოჩნდა ნივარის ,,კათოლიკური ეკლესია სოფელში”, ასევე შატობრიანის მიერ დაწყებულ ლიტერატურაში გამოჩნდა პირველად მკაფიოდ და გარკვეულად რელიგიური განწყობა და სული. …1799 წელს საფრანგეთში დაიდგა ხუთაქტიანი ოპერა ,,რევოლუცია ანუ რესპუბლიკის გამარჯვება”, თუმცა იმჟამად უკვე აღარავის აინტერესებდა რესპუბლიკა და საზოგადოებრივი ინტერესები, ოდესღაც პოპულარული რევოლუციური ზეიმები, რამეთუ რესპუბლიკის დღეები დათვლილი იყო, მოდიოდა ბონაპარტე”.[26]
,,საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში გამომჟღავნდა რევოლუციური იდეოლოგიის სრული დომინანტი კულტურის ისეთ სფეროზე, როგორიც არის მხატვრობა, შეიქმნა ნამუშევრები რევოლუციურ თემატიკაზე, რევოლუციის ლიდერთა პორტრეტები, რომლებიც შემდეგ ნადგურდებოდა იმისდა მიხედვით, თუ რა ბედი ეწეოდა მათ პროტოტიპებს”.[27]
საბჭოთა სივრცეში ე.წ. სოცრეალიზმმა (სოციალისტურმა რეალიზმმა), რომელიც სამყაროსა და ადამიანის სოციალისტურ კონცეფციებს ემყარება, ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში განსაზღვრულ ჩარჩოებში მოაქცია შემოქმედი ადამიანები და აკრძალა ძალზე საინტერესო ავანგარდისტული მიმდინარეობები, რომლებიც რუსეთშიც და საქართველოშიც ვითარდებოდა. კომუნისტური იდეოლოგიის მძლავრ პროპაგანდას ეწეოდა სააგიტაციო პლაკატის ხელოვნება.
რევოლუციის სამსახურში ჩადგა ისეთი აბსტრაქტული ხელოვნებაც, როგორიც მუსიკაა. საფრანგეთის რევოლუციის ჰიმნი ,,მარსელიოზა”, რომელიც უმცროსმა ოფიცერმა რუჟე დე ლილმა შექმნა, მას შემდეგ საფრანგეთის ეროვნული ჰიმნად იქცა. რუსეთში შეიქმნა ,,ინტერნაციონალი”, როგორც კლასთა ბრძოლის ჰიმნი, მსოფლიოს ჩაგრულ ხალხთა ჰიმნი, რომელიც ათეული წლების განმავლობაში სსრკ-ის ჰიმნი იყო. ცალკეულ რესპუბლიკებს ჰქონდათ თავიანთი ჰიმნები, მაგრამ ,,ინტერნაციონალი” ყველასთვის საერთო იყო. აიკრძალა საეკლესიო საგალობლები, მოგვიანებით ხალხური სიმღერის გუნდები მას შეფარვით ,,ქორალის” სახელწოდებით ასრულებდნენ. ასევე აიკრძალა ჯაზი და სხვა ევროპული მუსიკალური მიმდინარეობები. საბჭოთა ხალხს ბელადების სადიდებელი, რევოლუციური, კოლექტივიზაციისადმი, ელექტრიფიკაციისადმი, ფაბრიკებისა და ქარხნების მშრომელებისა და საერთოდ, კომუნიზმის ,,აღმშენებლებისადმი” მიძღვნილი სიმღერები უნდა ესმინათ და ემღერათ.
,,პროლეტარიატმა უნდა წამოაყენოს პარტიული ლიტერატურის პრინციპი, განავითაროს ეს პრინციპი და განახორციელოს იგი, რაც შეიძლება სრული და მთლიანი სახით”,[28] – წერდა ლენინი.
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის დადგენილებებს მწერლები ეხმაურებოდნენ, აგიტაციას უწევდნენ, მათი შინაარსის ხალხთან მიტანის ხერხებსა და ფორმებს ეძებდნენ. მწერალთა ნაწილმა უკრიტიკოდ მიიღო რევოლუცია, ისინი მხარს უჭერდნენ ახალ ხელისუფლებას და გარკვეულწილად თანამშრომლობდნენ ბოლშევიკებთან. რუსეთში ესენი იყვნენ: ვ. მაიაკოვსკი, მ. გორკი, ა. ბლოკი, ა. ბელი, ვ. ხლებნიკოვი, ს .ესენინი, ი. ერენბურგი, მ. შოლოხოვი, ა. ტოლსტოი და სხვები. საქართველოში შეიქმნა ქართველ საბჭოთა მწერალთა სალიტერატურო დაჯგუფება, რომელიც გამოსცემდა ჟურნალს ,,პროლეტარული მწერლობა”, სადაც იბეჭდებოდა ქართული საბჭოთა მწერლობის აქტუალური საკითხები. ჟურნალის მიზანი იყო ინტერნაციონალური კავშირის განმტკიცება, საბჭოთა მწერლობის პრინციპების დაცვა. შემდეგ იგი გადაკეთდა მხატვრულ-ლიტერატურულ და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალად – ,,საბჭოთა მწერლობა”.
მწერლების დამოკიდებულება ახალი რეალობისადმი ნათლად აისახება კომუნისტების ერთ-ერთი ლიდერისადმი – ლავრენტი ბერიასადმი გაგზავნილ მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პრეზიდიუმი: ,,ჩვენ, საქართველოს საბჭოთა მწერლები, სიტყვას გაძლევთ ამხანაგო ლავრენტი, კიდევ უფრო გავაძლიერებთ რევოლუციურ სიფხიზლეს, კიდევ უფრო შევმჭიდროვდებით ლენინ-სტალინის დიადი დროშის ქვეშ და მთელ ნიჭსა და ენერგიას, მთელს ჩვენს სიცოცხლეს დაუღალავად მოვახმართ მას”. მწერლებს ევალებოდათ და ზოგჯერ იძულებულნიც იყვნენ დაეწერათ რევოლუციური, სოციალისტური შრომის ამსახველი და საბჭოთა ბელადებისადმი მიძღვნილი ნაწარმოებები, როგორებიცაა: ა.აბაშელის ,,ფოლადაური”, შ. აფხაიძის ,,სტალინ”, ს. ეულის ,,ჩემი პატაკი პარტიას”, ი. მოსაშვილის ,,ბელადს”, კ.ლორთქიფანიძის ,,ძირს სიმინდის რესპუბლიკა”, ს. ჩიქოვანის ,,სიმღერა სტალინზე”, ს. შანშიაშვილის ,,იოსებ სტალინს”, ა. მაშაშვილის ,,სამშობლო ბელადისა”, კ. ჭიჭინაძის ,,სტალინისადმი”, ნ.მანიძის ,,სტალინის მზე” და სხვა.
1937 წელს მიხეილ ჯავახიშვილი წერდა: ,,დამდეგი წელიწადი უსათუოდ ნაყოფიერი უნდა გამოდგეს. განსაზღვრული მაქვს სამი მოთხრობა დავწერო: პირველი, მილიონერი კოლმეურნეობის (ასურეთი) ცხოვრებიდან, მეორე, კოლხეთის ამოშრობილი ჭაობები უნდა ვნახო და ვცადო ეს უზარმაზარი საქმე მხატვრულად ავსახო, მესამე, ოქტომბრის ოცი წლის თავსაც ღირსეული ნაწარმოები უნდა ვუძღვნა”.[29]
ასე ცდილობდნენ ცნობილი ქართველი მწერლები, კულტურის მოღვაწეები ხარკი გადაეხადათ ახალი საბჭოთა ხელისუფლებისთვის. აფირმაცია(დამტკიცება) ახალი ხელისუფლების ერთგულებისა ჩანდა პირუთვნელი და გულწრფელი, როგორც მათი ნაწერებიდან და ნაწარმოებებიდან ჩანდა, თუმცა, იქნებ, ეს იყო კომპრომისი, შიში მათი და თავისიანების მოსალოდნელი უბედურების ასაცილებლად. ,,რევოლუციის შავი მუშები” (ასე ეძახდნენ იმ წლებში ჩეკისტებს) ფხიზლობდნენ და მზად იყვნენ ყოველი ანტირევოლუციური გამოვლინება მკაცრად აღეკვეთათ.
,,მე არ ვიტყვი რამე სხვას, სასწაულზე იმან თქვას,
ვინაც გადაურჩება ათას-ცხრაას-ოცდა-რვას.
მე ვიტყვი და აი რას, ეს ქვეყანა იმან ხრას,
ვინაც გადაურჩება ათას-ცხრაას-ოცდა-ცხრას”.[30]
ბერდიაევი წერდა: ,,…ჩვენ ვცხოვრობთ კულტურის არისტოკრატული საწყისის წინააღმდეგ პლებეური ჯანყის ეპოქაში. ახალი ავტორიტარული ძალები კულტურის მიმართ აშკარა პლებეურ დამოკიდებულებას იჩენენ, რაც რაოდენობის თვისობრიობაზე მბრძანებლობას ნიშნავს. ავტორიტარიზმი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს კულტურის შემოქმედთა ფენას, კულტურულ ელიტას. ეს კულტურული ელიტა სასიკვდილო აგონიას განიცდის, მისი მორალური და მატერიალური მდგომარეობა სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდება. სოციალური დაკვეთა უპირველესად ტექნიკას, ეკონომიკას ეხება და არა იმას, რაც სულსა და სულიერებას უკავშირდება. სულიერი ენერგია გადაირთვება და იმისკენ მიემართება, რაც სრულიად არ ეკუთვნის სულიერების სფეროს. ინტელექტუალურ-კულტურული ელიტა სოციალურად სრულიად დაუცველია, მისი არსებობა მოკლებულია ყოველგვარ მატერიალურ ბაზას, ჰაერშია გამოკიდებული და ძალიან ხშირად გრძნობს, რომ ის არავის სჭირდება”.[31]
[1] Минье Ф., История Французской революции, С.-Петербург, 1906, с.172.
[2] Маркс К., Енгелс Ф., Полное собрание сочинении, т.3, Москва, 1967, с. 32.
[3] Ленин В. И., Полное собрание сочинении, т.31, Москва, 1961, с.133.
[4] Политический словарь, Ленинград, 1928, с.460.
[5] Ленин В. И., Полное собрание сочинении, т. 36, Москва, 1959, с.119.
[6] Бердяев Н., О рабстве и свободе человека, Париж, 1939, с.112.
[7] იქვე, с. 59.
[8] იქვე, с.71.
[9] Минье Ф., История Французской революции, С.-Петербург, 1906, с.72.
[10] იუნგი კ., ფსიქოლოგია და რელიგია, თბილისი, 2013, გვ. 23.
[11] Толстой А., Собрание сочинений, т.10, Москва, 1961, с.178.
[12] რცხილაძე ვ., რა განსაცდელი ელის საქართველოს, გაზ. 24 საათი, N37, თბილისი, 2005.
[13] გაზ. ლომისა,NN3, თბილისი, 2018.
[14] Политический словарь, Ленинград, 1928, с.57.
[15] Леннин В.И., Последние письма и статьи, Москва, 1980, с.38.
[16] იქვე, с.139.
[17] Пельше Р., Нравы и искусство Французской Революции, Петербург, 1919, с.51.
[18] Болтянский Г., Ленин и кино, Москва, 1925, с.14.
[19] Пельше Р., Нравы и искусство Французской Революции, Петербург, 1919, с.52.
[20] იქვე, 1919, с.35.
[21] Луначарский А., Театр и революци., Москва, 1924, с.11.
[22] Толстой А., Собрание сочинений, т.10, Москва, 1961, с.275.
[23] ახალი აღთქუმაჲ, თბილისი, 1995.
[24] ბაქრაძე აკ., მწერლობის მოთვინიერება, თბილისი, 1990, გვ. 158.
[25] ტაბიძე ტ., რიონი-პორტი, ჟურნ. ქართული მწერლობა, N5, 1928.
[26] Пельше Р., Нравы и искусство Французской Революции, Петербург, 1919, с.41.
[27] იქვე, с.17.
[28] Ленин В. И., Полное собрание сочинении, т.36, Москва, 1959, с.137.
[29] ჯავახიშვილი მ., თხზულებანი. თორმეტ ტომად, ტ.VI, თბილისი, 2007, გვ. 485.
[30] ტაბიძე გ., თხზულებანი. თორმეტ ტომად, ტ.VIII, თბილისი, 1970, გვ. 287.
[31] Бердяев Н., Дневник философа, Париж, 1926, с.137.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ახალი აღთქუმაჲ, თბილისი, 1995.
- ბაქრაძე აკ., მწერლობის მოთვინიერება, თბილისი, 1990.
- იუნგი კ., ფსიქოლოგია და რელიგია, თბილისი, 2013.
- რცხილაძე ვ., რა განსაცდელი ელის საქართველოს, გაზ. 24 საათი, N37, თბილისი, 2005.
- ტაბიძე გ., თხზულებანი. თორმეტ ტომად, ტ.VIII, თბილისი, 1970.
- ტაბიძე ტ., რიონი-პორტი, ჟურნ. ქართული მწერლობა, N5, 1928.
- ჯავახიშვილი მ., თხზულებანი. თორმეტ ტომად, ტ.VI, თბილისი, 2007.
- გაზ. “ლომისა”, NN3, თბილისი, 2018.
- Бердяев Н., Дневник философа, Париж, 1926.
- Бердяев Н., О рабстве и свободе человека, Париж, 1939.
- Болтянский Г., Ленин и кино, Москва, 1925.
- Ленин В. И., Полное собрание сочинении, т.31; 35; 36, Москва, 1959; 1961;1969,
- Луначарский А., Театр и революци., Москва, 1924.
- Маркс К. Енгелс Ф., Полное собрание сочинении, т.3, Москва, 1967.
- Минье Ф., История Французской революции, С.-Петербург, 1906.
- Пельше Р., Нравы и искусство Французской Революции, Петербург, 1919.
- Политический словарь, Ленинград, 1928.
- Толстой А., Собрание сочинений, т.10, Москва, 1961.