ეკა კონტრიძე,

                  შოთა რუსთაველის სახელობის თაეტრისა და კინოს

                           სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი,   

                                           კინომცოდნეობის განხრით

               ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ნანა დოლიძე

რეჟისორი ფორმალიზმის ბრალდებით

 

კოტე მიქაბერიძე – ამ ხელოვანის შემოქმედების შესახებ თითქოს ყველაფერი ვიცით, გვახსოვს და გვიყვარს… მსახიობი, კინორეჟისორი, შესანიშნავი მხატვარი, ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კინოშედევრის ავტორი და, მაინც, ყველაზე ტრაგიკული ბედის ადამიანი. მისი ბიოგრაფია ზუსტად ასახავს საბჭოთა ეპოქის “ატმოსფეროს” და იმ ათასობით ადამიანის ბედს, რომლებიც, მართალია, ფიზიკურად გადარჩნენ, მაგრამ მორალურმა წნეხმა სრულიად გაანადგურა. ის არ დაუპატიმრებიათ მაშინ, როდესაც სისტემის საწინააღმდეგო ფილმი “ჩემი ბებია” გადაიღო, “დიდი ტერორის” ეპოქასაც შემთხვევით გადაურჩა. ის დააპატიმრეს მაშინ, როდესაც ბრძოლისგან, ბევრჯერ დამარცხებისა და იმედგაცრუებისაგან დაღლილს, 60 წელს გადაცილებულს, უბრალოდ ნერვებმა უმტყუნა… დღეს, როდესაც შსს არქივთან და მუზეუმებთან წვდომა შესაძლებელია, მინდა, ზუსტი თანმიმდევრობით გავყვეთ მოვლენებს და გავიგოთ, როგორი გზა გაიარა მიქაბერიძემ საპატიმრომდე და მის შემდეგ. მაგრამ მოდით, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ…

კოტე მიქაბერიძე ერთ-ერთი იყო მრავალ კინემატოგრაფისტთა შორის, რომელიც კინოში თეატრიდან მოვიდა და მოგვიანებით კი კინორეჟისურაში სცადა ბედი.[1] მისი პირველი ფილმი “ჩემი ბებია” (1929) ჩაფიქრებული იყო როგორც სატირული კომედია. თუმცა აღმოჩნდა, რომ ის საბჭოთა იდეოლოგიის აბსურდულობას დასცინოდა… აჩვენებდა ბიუროკრატიულ სისტემას, რომელიც ვეღარ ფუნქცუინირებდა და, ფაქტობრივად, მთელი საბჭოთა რეალობის პროტოტიპი იყო. გარდა ამისა, ფილმის სტილი, ფორმა და ესთეტიკა რადიკალურად განსხვავდება დანარჩენი საბჭოთა ფილმებისაგან. ფილმის განხილვაზე, სერგეი ტრეტიაკოვი ამბობდა კიდეც: “ექსცენტრიული კომედიის შექმნის მცდელობა, ეს საბჭოთა პირობებში ურთულესი ჟანრია, სატირა და პროკურატურა გვერდიგვერდაა”.[2]

1930 წელს სრკმ-ს (საქართველოს რევოლუციური კინემატოგრაფიის) მუშათა საერთო კრებაზე კინოსურათ “ჩემი ბებიას” განხილვის შედეგად მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც: “პროტექციონიზმის, ბიუროკრატიზმის და მასთან ბრძოლის შესახებ თემები, უდავოდ აქტუალუტი თემებია, მაგრამ, სამწუხაროდ, კინოსურათში “ჩემი ბებია” ამ თემების განვითარება ჩვენ ვერ ვიხილეთ. სურათმა პროტექციონიზმის არსი ვერ  გამოავლინა, ვერ გაშალა  მაყურებლის წინაშე თემა და დღევანდელობის ძირითადი ამოცანები ვერ გადაწყვიტა. რეჟისორს, გატაცებულს რა უმიზნო ფორმალიზმით, თავისი ნამუშევრის ტექნიკა მიჰყავს აბსოლუტურ უმიზნობამდე, დროდადრო კი მავნებლობამდე, რაც გაუგებარია ფართო მუშა-მაყურებლისთვის…. (იქვე გრძელდება) სურათი “ჩემი ბებია”, თავისი უზომო ფორმალიზმით, დეკადენტური ხასიათის ესთეტიზმით, წარმოადგენს მუშათა კლასისთვის მტრულად განწყობილ სურათს. სრკმა ამ სახით მის გაქირავებაში გაშვებას დაუშვებლად მიიჩნევს და ხმას მის წინააღმდეგ აძლევს.[3]

ფორმალიზმი კი იმ დროს ყველაზე საშიში ცოდვა იყო, რომელსაც არაერთი კინემატოგრაფისტის კარიერა შეეწირა. სწორედ ეს იყო ბრალდება, რომელიც ახალგაზრდა მიქაბერიძეს სისტემამ წაუყენა და ფილმის აკრძალვის მიზეზი გახდა.  “ჩემი ბებია” აღმოჩნდა მრავალი წარუმატებლობის დასაწყისი, დაბრკოლებათა უწყვეტი ჯაჭვის პირველი რგოლი.…ამ ფილმს მოჰყვა ბევრი განუხორციელებელი, შეჩერებული, არდამტკიცებული, დამტკიცებული და მივიწყებული პროექტი.

არქივებში დაცული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ არსებობდა 8 დასრულებული ან უკვე დამტკიცებული სცენარი (ზოგიერთ მათგანზე მუშაობა უკვე დაწყებულიც იყო). მაგრამ მათი განხორციელება არ მოხერხდა. თემატურად მრავალფეროვან სცენარებს ერთი საერთო თვისება ახასიათებდათ – მთავარი პერსონაჟები არ ჰგავდნენ საბჭოთა სისტემისთვის დამახასიათებელ გმირებს, ისინი ბევრად უფრო ლაღი და გულწრფელები იყვნენ.

მასალებიდან ჩანს, რომ “ჩემი ბებიას” გადაღებამდე ერთი წლით ადრე, კოტე მიქაბერიძეD გეგმავდა მუშაობას დოკუმენტურ ფილმზე სახელწოდებით – “რთველი”. კინოსცენარის გეგმაში ვკითხულობთ, რომ გადაღება ძიგა ვერტოვის “კინო-თვალის” პრინციპების მიხედვით უნდა წარმართულიყო. ფილმში უნდა შესულიყო ფოქსტროტის მოცეკვავეების ფეხების კადრები, რომლებიც ყურძნის დაწურვის პროცესში გლეხის ფეხების გამოსახულებასთან იქნებოდა დამონტაჟებული. ასევე გამოყენებული უნდა ყოფილიყო მულტიპლიკაციის ელემენტები. ამავე მასალიდან ირკვევა, რომ ფილმის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებული იყო და იგეგმებოდა 1928 წლის ნოემბრის ბოლომდე გადაღებების დასრულება.[4] ეს მისი პირველი განუხორციელებელი პროექტია.

პირველი “შემოქმედებითი კრახის” შემდეგ, 1930 წელს, კოტე მიქაბერიძე დოკუმენტურ კულტურფილმს “რასაც დასთეს, იმასვე მოიმკი” (აგრომინიმუმი) იღებს. სათაური თითქოს ირონიულად მიგვანიშნებს რეჟისორის შემოქმედებით არჩევანზე – “ჩემი ბებიას” შემდეგ გადაეღო ფილმი, რომელიც დაშვებული “შეცდომის” გამო, ერთგვარი “ბოდიში” იქნებოდა.

მიქაბერიძის მომდევნო პროექტი გახლავთ “როტე-ფანე”, რომელზეც მუშაობა მან 1930 წელს დაიწყო.Mმიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურ-მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარებული იყო, მუშაობის გაგრძელება ვერ მოხერხდა. მიქაბერიძის სახკინმრეწვში მიწერილი წერილიდან ირკვევა, რომ ფილმის ძირითადი ეპიზოდი, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, დროულად ვერ გადაიღეს. მიქაბერიძე ითხოვს ფილმზე მუშაობის დასასრულებლად სცენარის გადაკეთების უფლებას და 6 გადასაღები დღის დამატებას.[5] ფილმი 1932 წელს ლეო ესაკიამ გადაიღო და მას “შაქირი” დაარქვა.

იმავე 1930 წელს, გაზეთში “Рабочая Правда”, დაიბეჭდა ვინმე ივანოვის სტატია – “რეჟისორ მიქაბერიძის ახირებები”, სადაც ვკითხულობთ: “საჭიროა სახკინმრეწვის მმართველობა და სამხატვრო-პოლიტიკური საბჭო უფრო ფრთხილად მიუდგეს ისეთებს, როგორებიც მიქაბერიძეა. “ჩემი ბებიათი” მან აჩვენა, რომ შორსაა ჩვენი იდეოლოგიისაგან. სახკინმრეწვის ხელმძღვანელებმა ეს არ გაითვალისწინეს. უპასუხისმგებლობასა და დოყლაპიობას სახკინმრეწვის კედლებში და ბატონ მიქაბერიძეებს დროა ბოლო მოეღოს”.[6]

კოტე მიქაბერიძის ერთ-ერთ წერილში კი ვკითხულობთ: “ამჟამად ვიტანჯები მორალურადაც და მატერიალურადაც. დამადანაშაულა, რა ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში, წარმოებამ უცერემონიოდ მომაცილა მომავალ სამუშაოს და დამტოვა უსახსროდ. უშნო, უპასუხისმგებლო დევნა ჩემ მიმართ, წამოწყებული წარმოებაში ადმინისტრაციის მხრიდან, ჩემს მორალურ დეორგანიზაციას იწვევს და კლავს ჩემში ყოველგვარ შრომისუნარიანობას”.[7]

1932 წელს კოტე მიქაბერიძემ, როგორც იქნა, მოახერხა გადაეღო მხატვრული ფილმი “ჰასანი”. ფილმი იმაზე, თუ როგორ იხსნის შიმშილის პირას მისულ აჭარელ ოჯახს კოლექტიური შრომის განაწილება. სამწუხაროდ, “ჰასანის” შესახებ წერილობითი დოკუმენტები არცერთ არქივში არ არის დაცული.

1935-36 წლებში კოტე მიქაბერიძე იწყებს ახალ პროექტ “ქაჯეთზე” მუშაობას. შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” ეკრანიზაციის ეს პირველი და ერთადერთი მცდელობაა ქართული კინოს ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ მას მხოლოდ ერთადერთი – ქაჯეთის ციხის აღების – ეპიზოდი უნდა გადაეღო, პროექტი მაინც საკმაოდ ამბიციური იყო. სამწუხაროდ, ფილმზე მუშაობა პრობლემებით დაიწყო. რუსეთიდან გამოძახებულმა კომბინირებული გადაღებების სპეციალისტმა ივან ნიკიტჩენკომ არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობები და ფილმი ჩაშლის საფრთხის ქვეშ დააყნა. გარდა ამისა, “ქაჯეთი” მოთხოვნილი თანხის 75 %-ით დააფინანსეს, რამაც მნიშვნელივნად შეამცირა როგორც დეკორაციებთან და მასობრივ სცენების გადაღებასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე ბატალური სცენები.

არსებობს სახკინმრეწვის სახგაერთიანების უფროსის ამბროსი თითბერიძის წერილი, სადაც ვკითხულობთ: “მოსამზადებელ სამუშაოებს დიდ ყურადღებას უთმობდა ქართული კინომატოგრაფის შემოქმედებითი მუშაკების საუკეთესო მეგობარი, ქართველი და ამიერკავკასიელი ბოლშევიკების ხელმძღვანელი ამხ. ლავრენტი ბერია. ის არაერთხელ ნახულობდა ფილმის “ქაჯეთი” ყველა  ნაწილს – სურათის ბოლო ჩაბარებამდე”.[8]

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბერია, სტალინის მსგავსად, საკუთარ თავს კინემატოგრაფიაში კომპეტენტურ ადამიანად თვლიდა და წარმოიდგინეთ, როგორ აგრესიულად ჩაერეოდა ის ფილმის შექმნის პროცესში. ამ და კიდევ სხვა მრავალ მიზეზთა გამო, შემოქმედებით ჯგუფს არ მიეცა ჩანაფიქრის სრულად რეალიზების საშუალება. ფილმმა, სამწუხაროდ, დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. თუმცა სახკინმრეწვთან არსებული კინოფაბრიკის სხდომაზე ფილმ “ქაჯეთის” განხილვისას ამხანაგი ოსლანიანი ამბობდა: “თუკი ჩვენ შევადარებთ ფილმ “ნიბელუნგებს”, დავინახავთ, რომ ჩვენი სურათი ერთი ნაბიჯით წინაა და მომავალშიც ვაჩვენებთ, რომ კინოხელოვნების მხრივ, ოსტატობის მხრივ, უკვე დავეწიეთ და გავუსწარით საზღვარგარეთულ კინემატოგრაფიას”.[9]

კიდევ ერთი განუხორციებელი პროექტი იყო “კაკო ყაჩაღი”, რომელიც მან სიკო დოლიძესთან ერთად დაწერა. სახელმწიფო არქივში დაცული წერილიდან ირკვევა, რომ 1937 წლის ოქტომბერში “კაკო ყაჩაღი” წარმოებაში ჩაუშვეს. დაკომპლექტებულია შემოქმედებითი ჯგუფი და დაწყებულია ოპერატორ ფელიქს ვისოცკისთან მუშაობა.[10] მაგრამ, 1938  წლის დასაწყისში “კაკო ყაჩაღზე” მუშაობა შეწყდა ზემდგომი ორგანოების განკარგულების საფუძველზე. მიზეზად – “თანამედროვე სურათებზე გაზრდილი მოთხოვნილება” დასახელდა. ფილმის შეწყვეტის უფრო დეტალური მიზეზის ახსნა არ არის.

პირველი სატირული კომედიის – “ჩემი ბებიას” გადაღებიდან 10 წლის თავზე, 1939 წელს, მიქაბერიძე ოპტიმიზმით სავსე “საკოლმეურნეო კომედიას” იღებს. თუკი “ჩემ ბებიაში” მთავარი გმირი სისტემასთან დაპირისპირებული ადამიანია, “დაგვიანებულ სასიძოში” ყველა მოქმედი გმირი ჰარმონიაშია სისტემასთან. ფილმში საყოველთაო კეთილდღეობა კოლექტიურად, ერთობლივი ძალებით მიიღწევა. კოლექტივი და კოლექტიურობა სოფლის მოსახლეობის ცხოვრების ყველა ასპექტს მოიცავს. ფილმს ბოროტი გმირი საერთოდ არ ჰყავს და ყველა პერსონაჟი თავისებურად კეთილია. მიუხედავად ამისა, “დაგვიანებულ სასიძოს” ცენზურა მაინც შეეხო. მოსკოვმა ფილმიდან ამოიღო ეპიზოდი, სადაც სანდრო ბანაობს. მიზეზი: “ფილმს უნდა მოსცილდეს შიშველი სხეულის ეს უმიზნო გამოყენება…” ასევე ამოაღებინეს ეპიზოდი, სადაც დედას შვილისთვის მინდორში სადილი მიაქვს. აქ კი მიზეზი: “მინდვრებზე კვების ორგანიზებაზე ეს ზრუნვა ახლა წყდება საკოლმეურნეო საველე ბანაკების შექმნის ფორმით, რითაც კოლმეურნეთა მომსახურება იქნება შესაძლებელი”.[11]

1941 წელს კინემატოგრაფიის საქმეთა კომიტეტმა მოკლემეტრაჟანი ფილმის  სცენარი ივანე პერესტიანს, პეტრე მორსკოის და ერმოლოვს (სახელი არ არის მითითებული) ერთობლივად შეუკვეთა. სცენარი ეძღვნებოდა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისს. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, კოტე მიქაბერიძემ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “ფორპოსტი”. თუმცა, ფილმის ტიტრებში მხოლოდ პერესტიანი და მორსკოი არიან მითითებულნი. პერესტიანი თავის წიგნში  იგონებს: “კინემატოგრაფიის საქმეთა კომიტეტმა სცენარი კარგად მიიღო და სასწრაფოდ ჩაუშვა წარმოებაში. მაგრამ მიუხედავად სცენარის სერიოზული დანიშნულებისა და ჩვენი პროტესტისა, გადაღება დაავალეს სტუდიის ერთ  მსახიობს, რომელსაც რამდენჯერმე უკვე საკმაოდ წარუმატებლად მოესინჯა ძალები სარეჟისორო ასპარეზზე, რა მოტივებით ხელმძღვანელობდა სტუდიის დირექცია, ჩემთვის დღემდე უცნობი რჩება. ამ ქმედების გეგმა ძალიან რთულია. მაგრამ სწორედ ისე მოხდა, როგორც მე ვყვები. სურათი ჩავარდა და ჩვენ, მისმა ავტორებმა, წერილობით განვაცხადეთ, ტიტრებიდან საკუთარი სახელების ამოღება მოვითხოვეთ”.[12] პერესტიანი თავის ამ მოგონებაში, რეჟისორის გვარს არც კი ასახელებს, არადა, მიქაბერიძე მის ფილმებში ერთ-ერთი ძირითადი მსახიობი იყო.

სახელმწიფო არქივში ინახება განაცხადი კომედიური ფილმისათვის სამხედრო თემატიკაზე “ცხელი გული” (1944).  “მთავარი გმირია არსენი – ჭკვიანი, გონიერი ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი სამშობლო, თუმცა გარეგნულად და საქციელით ის არ ტოვებს აქამდე მიღებული გმირის შთაბეჭდილებას”. (იქვე გრძელდება) “მას უყვარს ბუნება, ყვავილები, ბავშვები, ბაძავს ცხოველების ხმებს და კარგად ისვრის მიზანში. ეს თვისებები ეხმარება მას ომში, ბრძოლის დროს”.[13] ფილმი ჩაფიქრებული იყო როგორც სათავგადასავლო კომედია ომის თემატიკაზე. ეს სცენარიც მიქაბერიძის მომდევნო  განუხორციელებელი პროექტია.

სახელმწიფო არქივში ინახება კოტე მიქაბერიძის 3 ლიტერატურული სცენარი მხატვრული ფილმი-ზღაპრისათვის “ნაცარქექია”.[14] სამივე მათგანი განხილვა-შესწორებას გადის, რის გამოც, სცენარი ჩვენ თვალწინ განიცდის ტრანსფორმაციას და ვხედავთ, თანდათან, როგორ იკარგება ამბის მთავარი ხიბლი – სიხალასე, გულუბრყვილობა და პოეტურობა… პირველ ვერსიაში ნაცარქექიას ვხედავთ როგორც რეალურ ადამიანს, რომელიც საყვარელ მეუღლესთან ერთად, ბედნიერად, მაგრამ სიღარიბეში ცხოვრობს. ერთხელაც კეთილდღეობის  საძიებლად წასვლას გადაწყვეტს და დევების ზღაპრულ გარემოში ხვდება. ზღაპარში სხვადასხვა ჯადოსნური ნივთი და პერსონაჟებიც ჩანან, რომლებიც მხოლოდ ამდიდრებენ გარემოს. ნაცარქექია მთელ რიგ დაბრკოლებებს აწყდება, მაგრამ ყველას ეხმარება და, საბოლოოდ, ახალ მეგობრებს იძენს.

სცენარის მეორე და მესამე ვარიანტებში, რომლებშიც “გათვალისწინებულია შენიშვნები”, ნაცარქექია ერთი უქნარა კაცია, რომელსაც ცოლი სახლიდან გამოაგდებს და ისიც იწყებს უგზო-უკვლოდ ხეტიალს. შემდეგ ხვდება ბოროტ დევებს და ა.შ.. რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, კოტე მიქაბერიძეს  სურდა ამ ფილმით  ერთხელ და სამუდამოდ გასცლოდა რეალობას და ისეთი ზღაპრული სამყაროსთვის შეეფარებინა თავი, სადაც მთავარი გმირი –  მოხერხებული ნაცარქექია ყველა სიძნელიდან იოლად გამოვა და ამბავიც აუცილებლად კეთილად დასრულდება. “ნაცარქექია” პირველი ქართული კინო-ზღაპარი უნდა ყოფილიყო, სადაც კომბინირებული გადაღება უხვად იქნებოდა გამოყენებული. საბოლოოდ, რა მიზეზით შეჩერდა პროექტზე მუშაობა, დღეისათვის უცნობია, თუმცა ნაცარქექიას პერსონაჟმა წლების შემდეგ ისევ განიცადა  სერიოზული ტრანსფორმაცია და მოგვიანებით იქცა ზღაპრულ პერსონაჟად სცენარში “ცისკარა”  (რეჟ. სერგო ჭელიძე).

შემორჩენილია ასევე კინოსტუდიის დირექტორ ერასტი ხაჩიძის სახელზე მოსკოვიდან გაგზავნილი დეპეშა, რომლის თანახმად, 1945 წელს მოსკოვმა მიქაბერიძის სცენარი “მანანას მოტაცება” დაამტკიცა.[15] ამ სცენართან დაკავშირებით, სხვა ინფორმაცია არ არსებობს. სავარაუდოდ, ესეც მისი მომდევნო განუხორციელებელი პროექტი იყო.

1950 წელს კოტე მიქაბერიძე მულტიპლიკაციურ საამქროში გადაიყვანეს. ამ პერიოდში მან მულტიპლიკაციური ფილმებისათვის რამდენიმე სცენარი დაწერა.  ერთ-ერთია 2-ნაწილიანი ფერადი ფილმისათვის “ბოროტი მელა”,[16] რომელიც არ განხორციელებულა, თუმცა მისი შინაარსი ძალიან ჰგავს გვიანდელი ქართული ანიმაციური სურათის, “ბულბულის იუბილეს” სიუჟეტს (რეჟ. გაბრიელ ლავრელაშვილი, 1978).

ერთადერთ რეალიზებული ანიმაციური ფილმია “ზურიკო და მარიკო” (1952), სადაც რეჟისორი კვლავ ზღაპრის თემას უტრიალებს. ფილმი გვიყვება, თუ როგორ სწავლობს პატარა ზურიკო მეზობელი მარიკოსაგან ცხოველებზე ზრუნვას.[17]  სამწუხაროდ, ამ ფილმის ასლი არც ჩვენთან და არც მოსკოვის “გოსფილმოფონდის” ანიმაციის განყოფილებაში მოიძებნა.

კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სცენარი განუხორციელებელი  ანიმაციური ფილმისთვის გახლავთ “წარმავალი ლანდები”[18], სადაც მოქმედება ზოოპარკში ხდებოდა. სცენარის მიხედვით, დამთვალიერებლები ცხოველები უნდა ყოფილიყვნენ, ხოლო გალიებში გამომწყვდეული არსებები – პირიქით, ადამიანები.

მოგვიანებით, კოტე მიქაბერიძე დაკითხვისას ასახელებს სცენარს სახელწოდებით “9 და 1”,  რომლის გადაღებასაც ის უახლოეს მომავალში აპირებს. სამწუხაროდ, ამ პროექტის შესახებ ინფორმაცია არსად იძებნება.[19]

მისი ბოლო ნამუშევარია 10-წუთიანი დოკუმენტური ფილმი “ალბანეთის დელეგაცია საქართველოში”. ფილმი გადაღებულია კინოჟურნალ “საბჭოთა საქართველოსთვის” და ასახავს ალბანეთის კულტურის მოღვაწეების ვიზიტს.

მიქაბერიძის უკანასკნელი კინოპროექტი იყო სცენარი მხატვრული საბავშვო ფილმ-ზღაპრისთვის – “ცისკარა” (მისი განუხორციელებელი ფილმის – “ნაცარქექიას” მოტივებზე. რეჟ., სერგო ჭელიძე). ფილმი გამოსვლისთანავე, გაურკვეველი მიზეზების გამო, ეკრანიდან მოხსნეს… დაკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ “ცისკარასთან” დაკავშირებულმა დაძაბულობამ მიქაბერიძის ჯანმრთელობაზე იმდენად იმოქმედა, რომ ნერვიული აშლილობა დაეწყო, ლოგინად ჩავარდა და ანონიმური წერილები დაწერა.[20]

1956 წლის თებერვალში 60 წლის კოტე მიქაბერიძე დააკავეს. მიზეზი, ოთხი ანონიმური წერილის გაგზავნა იყო. ორი მათგანი პირადი ხასიათის: ერთში ავტორი კინოსტუდიის თანამშრომლის უღირს საქციელს აპროტესტებდა, მეორე – მიხეილ ჭიაურელის სახელზე იყო გაგზავნილი და უცენზურო სიტყვებით,  უსამართლობაში სდებდა ბრალს. დანარჩენი ორი, ანტისაბჭოთა ხასიათის,  დასათაურებული იყო ფსევდონიმით: “თავისუფალი საქართველოს ხმა”. ერთი გააგზავნა გაზეთ “კომუნისტის” რედაქციაში, ხოლო მეორე – დიმიტრი მჭედლიძესთან (მაშინდელი ოპერის თეატრის დირექტორი). ერთ-ერთ წერილში ვკითხულობთ: “რის საბჭოთა ხელისუფლება – ეს ხომ ნამდვილი იმპერიალისტური სახელმწიფოა, უფრო უარესი – ფაშისტური სახელმწიფოა! ხალხმა იცის ეს. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!”.[21]

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში (სუკი) გამართულ დაკითხვებზე მიქაბერიძე ამბობდა: “ვიმყოფებოდი რა, მე ვიტყოდი სერიოზულად ავად და ნერვულად გაღიზიანებული, არასწორად გავიგე 1956 წლის მარტში თბილისში მომხდარი მასობრივი არეულობები, რასაც ახალგაზრდობას შორის გარკვეული მსხვერპლი მოჰყვა. ამას გარდა, ჩემზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ 1937 წელს დააპატიმრეს ადამიანთა დიდი რაოდენობა, რომლებიც დღეს რეაბილიტირებულები არიან და გამოდის, რომ ისინი დაუმსახურებლად დასაჯეს. ამ ყველაფერმა ერთად ისე იმოქმედა ჩემზე, რომ წამაქეზა დამეწერა და შემედგინა მკვეთრად ანტისაბჭოთა ხასიათის ანონიმური წერილები”.[22]

1957 წლის 26 აპრილს საქართველოს სსრ უმაღლესმა სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 მუხლის 1 ნაწილით, ანტისაბჭოთა საქმიანობისა და აგიტაციისთვის, კოტე მიქაბერიძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თავის ბოლო სიტყვაში, სასამართლო პროცესზე მან თქვა: “ამჟამად მე თქვენს წინაშე ვდგავარ ჩემი დანაშაულით, და თუ ეს აუცილებელია, დამეხმარეთ იმით, რომ მე მომეცეს საშუალება გამოვისყიდო ყოველივე ჩადენილი, ჩემი მუშაობით მშობლიური ხელოვნებისათვის”.[23]

რეჟისორი მორდოვეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომა-გასწორების კოლონიაში გადაასახლეს, საიდანაც 1959 წელს დაბრუნდა. პატიმრობაგამოვლილს ფილმის გადაღების უფლებას არავინ მისცემდა, ამიტომ ადგილი სადუბლიაჟო საამქროში მიუჩინეს, იქ, სადაც პრობლემებს არავის შეუქმნიდა. წლები ჩუმად შრომაში გაატარა, არასდროს ახსენებდა “ფორმალიზმის გავლენით” გადაღებულ ფილმს და არც ახალი ფილმის გადაღების სურვილს  ბედავდა.

კოტე მიქაბერიძე გენიალურ რეჟისორად სულ გვიან აღიარეს, მაშინ, როდესაც ის ცოცხალი აღარ იყო. ძნელი წარმოსადგენია, ერთმა  ადამიანმა –  ნიჭიერმა კაცმა, სავსემ იდეებით, ენერგიით, ენთუზიაზმით, გაუძლოს ამდენ დამარცხებას, ტყუილს, გაჭირვებას, შეურაცხოფას, მძიმე სასჯელს დაბოლოს – სრულ მორჩილებას.

1973 წელს არკადი ხინთიბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოვიდა და ბოლო ფრაზა ასე დაასრულა: “მივაკითხოთ ხოლმე ერთმანეთს და ვკითხოთ მთელი შეგნებით – როგორ ხარ?”[24] მერე საღამო დასრულდა, შუქი აინთო და დარბაზი ყველამ დატოვა. სკამზე დარჩა მხოლოდ ერთი კაცი – კოტე მიქაბერიძე, რომელიც ეკრანის წინ ისევ ჩუმად გარდაცვლილიყო…[25]

 

[1] 1920-იანი წლებიდან ის ქართულ ფილმებში მთავარ და მეორეხარისხოვან როლებს თამაშობდა: “არსენა ჯორჯიაშვილი”, “ვინ არის დამნაშავე?”, “ხანუმა”, “ორი მონადირე”, “ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე”, “ბოშური სისხლი”, “დინა-ძაძუ”, “სურამის ციხე”, “გიორგი სააკაძე”, “ჯურღაის ფარი”, “ბედნიერი შეხვედრა”, “უკანასკნელი მასკარადი”, “აკაკის აკვანი”.

[2] ხელოვნების სასახლე. .ფ.1, საქ.1783, ხ.152. 1929 წელი.

[3] ეროვნული არქივი. ფ. 284, ა.1, საქ. 1709. 1930 წელი.

[4] ეროვნული არქივი. ფ. 52, ა .2, საქ. 49. 12.09. 1928 წელი.

[5] ხელოვნების სასახლე. ფ..1, საქ.1873, ხ.9. 1930 წელი.

[6]  Рабочая Правда, 1930/11/25/, # 318, с. 3.     

[7] ხელოვნების სასახლე. ფ .1, საქ. 1783, ხ.11 . თბილისი, 1930 წლის 25 ნოემბერი. 

[8] ფრაგმენტი წერილიდან “ფილმ “ქაჯეთის” შექმნის შესახებ.” ხელოვნების სასახლე. ფ.1, საქ. 1783, ხ.177. უთარიღო. ეს წერილი საბჭოთა გაზეთ “კინოს” ნომერში უნდა დაბეჭდილიყო.

[9] ხელოვნების სასახლე. ფ. 1, საქ.1783, ხ.44. 2 ნოემბერი, 1936 წელი. 

[10] ეროვნული არქივი, ფ. 297, ა 1, საქ. 1344, 1937 წელი, გვ. 102-112.   

[11] ხელოვნების სასახლე. ფ.1, საქ. 1783, ხ.54. კინემატოგრაფიის მთავარი სამმართველოს დასკვნა “დაგვიანებული სასიძოს” ლიტერატურულ სცენარზე, 1938 წელი

[12] დუმბაძე ს., ძანძავა ნ. კოტე მიქაბერიძე, გამომცემლობა “სა-გა” 2017 წ., ნაწყვეტი ი. პერესტიანის მოგონებებიდან “პერესტიანი ივანე”. “75 Лет Жизни в искусстве”, Москва, Искусство, 1962, გვ. 332.

[13] ეროვნული არქივი.  ფ.52,  ა2,  საქ. 48, 1944 წელი.

[14] ეროვნული არქივი. ფ.52, ა. 2, საქ. 520;  ფ.52,  ა.2, საქ.521; ფ. 52, ა. 2. საქ..522.

[15] ხელოვნების სასახლე.  ფ.1, საქ.1783,  ხ.379, 1945 წელი.

[16] ეროვნული არქივი. ფ. 52, ა .2, საქ.960, 1950 წელი.

[17] ეროვნული არქივი. ფ.52, ა.2, საქ.961, 1952 წელი.

[18] ხელოვნების სასახლე. ფ.1, საქ.1783, ხ.277. 1965 წელი.

[19] შსს არქივი. ფ.6, სსს. 5702. 1957 წელი, გვ 19.

[20] იქვე, გვ. 101.

[21] იქვე, გვ. 178.

[22] იქვე, გვ. 26.

[23] იქვე, გვ. 16.

[24] კვესელავა რ., “მოგონებები ქართველ კინემატოგრაფისტებზე”, თბილისი, გამომცემლობა “სა-გა.”, 2008. გვ. 121.

[25]  მ. კოკოჩაშვილის მოგონება https://www.youtube.com/watch?v=4NTLJ99DgS4

 

ამოყნებული ლიტერატურა:

  • დუმბაძე ს., ნ. ძანძავა. კოტე მიქაბერიძე, თბილისი, გამომცემლობა “სა-გა”, 2017.
  • კვესელავა რ., “მოგონებები ქართველ კინემატოგრაფისტებზე”, თბილისი, გამომცემლობა “სა-გა”, 2008.
  • ეროვნული არქივი.
  • შსს არქივი.
  • ხელოვნების სასახლის ფონდი.

 

    Eka Kontridze,

Shota Rustaveli Theater and Film Georgia  State University

PhD Student

Head of: Assoc. Prof. Nana Dolidze

 

Director accused of formalism

 

What is victory and defeat for the artist? How to remain strong even when your life is filled with pain and frustration? How come that a hopeless struggle, repeated defeat, and harsh punishment proved to be much worthier after years, than a victory achieved through conformism?

Kote Mikaberidze- an actor, film director and artist… Apparently we know, remember and cherish everything about his works and life… Yet I suggest that we once again realize how difficult the path of his life really was.  The first feature film of Mikaberidze- “My Grandmother”, a movie of different style and aesthetics, was conceived as a satirical film. It appeared, though, that it ridiculed the absurdity and bureaucracy of the Soviet ideology… The movie was accused of formalism and banned; its director “forgotten”. That’s how Kote Mikaberidze’s first “success” turned into the beginning of repeated failures…Foundation for a sequence of formidable and unbearable obstacles.

The literary and cinematic scripts of Kote Mikaberidze for feature and animated films are stored at the National Archives of Georgia. The records of script studies show that each spark of enthusiasm in the filmmaker’s life was followed by rejection and disappointment.

Four anonymous letters of Mikaberidze released under “the Voice of Free Georgia” title, stored in the Archive of the Ministry of Internal Affairs of Georgia, became the ground of his arrest. One of the letters, dated 1956, ends with the following phrase: “what Soviet government? – This is a pure imperialistic state, even worth- a fascist state!”

How important is the confidence in one’s own ideas, even when others do not or cannot accept them? What brought the filmmaker to mental breakdown, and how did the “anti-Soviet propagandist” continue working after serving the term of his punishment?

Such was the reality of our past… Some opted for conformism, some remained silent, fearfully expecting brutal punishment to come any day, some considered silence as complicity in the crime and continued fighting regardless of the threat of physical or moral destruction, and some believed that suicide was the only correct way to keep the honor intact… Such was the epoch no one would hopefully ever want to bring back.

016732
WordPress Theme built by Shufflehound. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი