დალი მესაბლიშვილი

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი,

ხელმძღვანელი: ასოც. პროფესორი მარინა ხარატიშვილი.

 

მოზარდის სოციალიზაციისა და

ემოციური განვითარების ზოგიერთი ასპექტი

“ემოციური განათლებისა” და განვითარებისთვის საჭირო ზოგიერთი ასპექტის ინტეგრირება, ჩვენ მიერ შემუშავებულ მეთოდში, წარმოადგენს მოზარდის სოციალიზაციისა და ჰარმონიული განვითარების მიზნით წარმართულ სასწავლო-შემოქმედებით პროცესს. აღნიშნული პროცესი გულისხმობს, ერთი მხრივ, მსახიობის ოსტატობის ძირითადი ელემენტების და, მეორე მხრივ, ანალიტიკური აზროვნების, ემოციური ინტელექტისა და მორალური განვითარების ჭრილში ზოგიერთი სუბსტანცირებული ასპექტის თეატრალურ ეტიუდებსა და სავარჯიშოებში კოლაბორაციას. ამ კორელაციით შექმნილი შემოქმედებითი მოდელები ხელს უწყობენ მოზარდში იმგვარი უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორებიცაა – ასტერულობა, მეტაკოგნიცია, სოციალური კოგნიცია, რომელთა კონსონანსი განსაზღვრავს პიროვნების სოციალიზაციის ხარისხს. სოციალური თეორიების მიხედვით, თუკი ინდივიდმა აღნიშნული ასპექტების გარკვეული ნაწილი დაძლია, იგი თავის კულტურაში სოციალიზებულად მიიჩნევა. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მეთოდი, როგორც სოციალიზაციისა და ჰარმონიული განვითარების გზა, მოზარდს ხელს უწყობს, აღიჭურვოს იმავე ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რაც საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად, პოზიტიური მიზნების განსახორციელებლად და წარმატების მისაღწევად სჭირდება. ამ პროცესში, მოზარდს უვითარდება ობიექტური შეფასების უნარი, ეუფლება საზოგადოების ნორმების შემეცნებასა და თავისი ემოციურ-მორალური ქცევის მათთან შესაბამისობაში მოყვანას.

Aალფრედ ადლერის თეორიის თანახმად, საზოგადოების ღირებულებათა და ნორმათა ფორმირება, სისტემაში შესვლა, პიროვნულ თვისებად გარდაქმნა-ჩამოყალიბება სწორედ ბავშვობაში ხდება.[1] ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, განათლების მიზანს ასევე წარმოადგენდეს ანალიტიკური აზროვნების, ემოციური ინტელექტისა და მორალური განვითარების ხელშეწყობა.

ანალიტიკური აზროვნება, რომელიც კრიტიკული აზროვნების სახელითაც არის ცნობილი, მეცნიერების განმარტებით, მაღალი დონის სააზროვნო უნარებს მიეკუთვნება. როგორც ტიმ ვან გელდერი აღნიშნავს, ის კომპლექსური მოქმედებაა და თავის თავში აერთიანებს სხვადასხვა სირთულისა და დონის უნარ-ჩვევებს.[2]

ანალიტიკური აზროვნების ფორმის სპეციფიკასა და სათეატრო ხელოვნების სპეციფიკას შორის შედარებას თუ მოვახდენთ, აღმოვაჩენთ, რომ მათ ბევრი საერთო ნიშანი გააჩნიათ, კერძოდ:

  • ანალიტიკური აზროვნებისთვის დამახასიათებელია საკითხისადმი რაციონალური მიდგომა, რომლის პრინციპია მოვლენისა თუ ფაქტის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა, შეფასება.

სათეატრო ხელოვნების ასპექტში, თეატრალური ანალიზის სპეციფიკა რეჟისორისაგან მოითხოვს პიესის გონივრულ, მიზანმიმართულ კვლევას, ანატომირებას, კითხვების უსასრულოდ დასმას, პასუხების გაცემას, მოვლენების შეგრძნებას, ლოგიკური კავშირების მოძებნას. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ თეატრალური ანალიზის პროცესში, რეჟისორული ექსპლიკაციის შექმნისას, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ანალიტიკური აზროვნების მნიშვნელოვანი ასპექტებით და რაციონალური მიდგომით ვცდილობთ საკუთარი შემოქმედებითი პოზიციის ჩამოყალიბებას.

  • ანალიტიკური აზროვნების პროცესში, ზუსტად უნდა განისაზღვროს ამა თუ იმ ქმედების წინაპირობები, მოტივაცია, გარემო ფაქტორების გავლენა, რამაც განაპირობა ამა თუ იმ შეხედულების ჩამოყალიბება.

იგივე კონცეპტი, სამსახიობო ხელოვნებაში, მსახიობისათვის კონსტიტუციურ პარადიგმად გვევლინება. მხოლოდ ავტორის შემოქმედებაში ჩაღრმავების შედეგად ხდება მსახიობისათვის შესაძლებელი, ბოლომდე ჩაწვდეს და მიაგნოს მოქმედი პირების ყოფაქცევის ჭეშმარიტად ლოგიკურ ხაზს, მათი ხასიათის ირგვლივ არსებულ კონფლიქტებს, მოცემულ ვითარებებს, ურთიერთობებს, რა დროსაც, მკაფიოდ უნდა განსაზღვროს და ჩამოაყალიბოს საკუთარი მოქალაქეობრივი და შემოქმედებითი პოზიციაც.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ საკითხის ანალიტიკური, სიღრმისეული გააზრება დიდწილად განაპირობებს სამსახიობო ხელოვნების კუთხით წარმართულ შემოქმედებით პროცესში ლოგიკურად გამართული, სწორი, ღირებულებითიშეხედულებების ჩამოყალიბებას.

  • ანალიტიკური აზროვნების პროცესში, მოზარდს მოეთხოვება დაიცვას ეთიკური ნორმები და კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით მიუდგეს საკითხს, ერთმანეთისგან გამიჯნოს ობიექტური ვითარების ამსახველი ფაქტორები, პირადი სურვილები, მოტივები, სუბიექტური დამოკიდებულებები. შეძლოს ობიექტური, არგუმენტირებული მსჯელობის წარმართვა ემოციურობისა და ექსპრესიულობის გარეშე.

საკითხისადმი ამგვარი მიდგომა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ აღნიშნული პროცესი შევაფასოთ როგორც ანალიტიკური აზროვნების ეთიკის ნორმა, რომელიც იდეურ შესაბამისობაში მოდის სამსახიობო ეთიკის ერთ-ერთ ნორმასთან: “იმისათვის, რომ დარეგულირდეს მრავალი შემოქმედის შრომა და შეუნარჩუნდეს თითოეულ მათგანს თავისუფლება, საჭიროა ზნეობრივი საწყისი, რომელიც უზრუნველყოფს სხვისი შემოქმედების პატივისცემას”.[3]

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანალიტიკური აზროვნებისა და სამსახიობო ეთიკის ნორმები კოლექტივში ურთიერთთანამშრომლობას არეგულირებენ, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს მუშაობის პროცესში შემოქმედებითი ატმოსფეროს შექმნას და, თავის მხრივ, უზრუნველყოფს მოზარდში სოციალური ჩვევების ჩამოყალიბებისათვის ხელსაყრელ გარემოს. ორივეს სინთეზი კი ქმნის მორალური განვითარებისთვის მიზანშეწონილ შინაარსს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოზარდში ემოციური ინტელექტის განვითარებასაც.

  • ახსნა და დასაბუთება

კოლბერგის აზრით, მოზარდის მორალური განვითარება წინ მიიწევს, როდესაც ის იწყებს ფიქრს იმის შესახებ, თუ როგორ აწყენინა, რა ტკივილი და ზიანი მიაყენა სხვას თავისი საქციელით.[4]

თეატრალურ ეტიუდებზე მუშაობისას, შემოქმედებით პროცესში, მოზარდს ვაწყებინებთ ფიქრს პერსონაჟების მორალურ მხარეზე, ვაანალიზებინებთ მოვლენებს, ამავე დროს, მისგან მოვითხოვთ შესაბამის ახსნასა და დასაბუთებას, რაც მოზარდის მორალური განვითარების პროცესს იმდენად პროგრესირებადსა და ეფექტურს ხდის, რომ მას ამ პროცესში უყალიბდება ისეთი სოციალური განცდა, როგორიცაა ემპათია. აღნიშნული პროცესი მსახიობის ოსტატობასა და ანალიტიკური აზროვნების სპეციფიკაზე იგება, ხელს უწყობს მოზარდში როგორც კრიტიკული აზროვნების უნარის ჩამოყალიბებას, ასევე ემოციური ინტელექტის განვითარებას.

  • მორალური საკითხები და დილემები

კოლბერგის აზრით, მოზარდის მორალური განვითარება წინ მიიწევს, როცა ის მორალური დილემების წინაშე აღმოჩნდება.[5]
თეატრალურ ეტიუდებში, ვერბალური თუ არავერბალური გზით შექმნილი დილემები, რომლებსაც ასევე ეთიკურ პარადოქსებს ვუწოდებთ, საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, მორალური განვითარების რა დონეზე და რომელ ეტაპზე იმყოფება მოზარდი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, შემოქმედებით პროცესში ყურადღება მივაქციოთ არა მარტო იმას, თუ როგორ გადაწყვეტს იგი მორალურ დილემას, არამედ მის მსჯელობასა და არგუმენტებს იმის შესახებ, რატომ მიიღო ესა თუ ის კონკრეტული გადაწყვეტილება, რადგან ქცევის შეფასება ზნეობრივი თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, საჭიროებს იმ ქცევის მოტივის შეფასებას, რომელიც საფუძვლად დაედო კონკრეტულ მოქმედებას.

  • თვითშეგნება

შემოქმედებით პროცესში, ასევე მნიშვნელოვანია, მოზარდი გავხსნათ და გავხადოთ მეტად თავდაჯერებული, რათა გამოვუმუშაოთ შინაგანი რწმენა იმისა, რომ როგორც ჰუმანურსა და ემპათიურ პიროვნებას, რეალურად შეუძლია სოციალურ-პოზიტიური მოქმედებების განხორციელება.

კონკრეტული მსჯელობა აჩვენებს, რომ სასწავლო-შემოქმედებით პროცესში, მსახიობის ოსტატობისა და ანალიტიკური აზროვნების ურთიერთკავშირის ინტენცია, მოზარდის სოციალური ზრდისა და კოგნიტური განვითარებისთვის, რელევანტურ პროცესს წარმოადგენს და მორალური განვითარების სუბსტანციად რაციონალიზდება.

მორალური განვითარება მოზარდის ზოგადი განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. მოზარდის შეხედულებანი და მორალური პრინციპები, მათი ქცევის განმსაზღვრელია, რომელთა ნორმალური განვითარების უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი ფაქტორი სოციალური გრძნობაა. სოციალური გრძნობის განვითარების ხარისხი, თავის მხრივ, განაპირობებს მორალური განვითარების დონეს, რაც საბოლოოდ ორგანულად უკავშირდება საზოგადოებრიობის კულტურის ძირითად ფენომენს – სახელმწიფოს.

ამგვარად, მსახიობის ოსტატობაში კონცენტრირებული ღირებულებითი ასპექტებით, ხელს ვუწყობთ მოზარდს, მორალური ქცევისადმი ჩამოუყალიბდეს პოზიტიური განწყობა, აუმაღლდეს მორალური ქცევის განხორციელების მოტივაცია, შესაბამისად – თვითშეგნების დონე, რაც მოზარდის აქტიური სოციალიზაციის პროცესს წარმოადგენს, ამასთანავე, ემოციური რეგულაციის პროცესსაც მოიცავს.

ემოციური რეგულაცია თვითრეგულაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია და გულისხმობს იმის ცოდნას, თუ რა ემოციური განცდა გაგვაჩნია მოცემულ მომენტში. იგი მოიცავს ემოციების კონტროლის უნარსაც. ემოციური რეგულაცია გულისხმობს იმ სტრატეგიებს, რომლებსაც ადამიანები იყენებენ ემოციური განცდების ადეკვატურ დონემდე დასარეგულირებლად. ეს მათ ეხმარება საკუთარი მიზნებისა და სურვილების განხორციელებაში. ემოციური რეგულაციის უნარი ემოციური ინტელექტის განმსაზღვრელია.

ემოციური ინტელექტი, როგორც საკუთარი, ასევე სხვისი გრძნობებისა თუ ემოციების რეგულირების, ამოცნობის, და მათი (გრძნობებისა და ემოციების, დ.მ.) აზროვნებისა და მოქმედების პროცესში გამოყენების უნარია.

ემოციური ინტელექტი, თავის მხრივ, ავითარებს ემოციურ კომპეტენციას, რომელიც ემოციის შემგუებლურ ბუნებას გულისხმობს. ფსიქოლოგი კაროლინ საარნი მიიჩნევს, რომ ემოციური კომპეტენციის განვითარება, მოიცავს სოციალურ კონტექსტში გარკვეული უნარ-ჩვევების განვითარებას.[6]

თეატრალური ეტიუდები და სავარჯიშოები, მოზარდის “ემოციური განათლებისა” და განვითარების საუკეთესო საშუალებაა, რადგან ისინი წარმოადგენენ თამაშის გაცნობიერებულ, მიზანმიმართულ, სოციალური მოქმედების პროცესს. მათში აბსორბირდება თითქმის ყველა სახის ემოცია, შეიცავენ როგორც სენსორულ, ასევე მოტორულ, ასევე ფსიქიკური თამაშების კატეგორიებს, რომლებშიც ანალიტიკური, მორალური და ემოციური განვითარების ასპექტთა კორელაცია, როგორც ინტელექტუალურისა და ფსიქიკურის სინერგი, წარმოადგენს სამსახიობო ხელოვნების შემოქმედებით პლატფორმას. თეატრალური თამაშები, ისევე, როგორც ზოგადად თამაშები, ჩვენს შემთხვევაშიც დიფერენცირდებიან საზოგადოებრივ, ოჯახურ, მიბაძვით, ინტელექტუალურ და ა.შ. თამაშებად, “ხელს უწყობენ ახლად განვითარებული უნარების შენარჩუნებას და მუდმივად ახდენენ მათ განახლებას”.[7]

თამაში, როგორც “განვითარების ერთ-ერთი სტიმული”[8] და, ასევე. ჩვენს შემთხვევაში, როგორც – “ემოციური განათლებისა” და განვითარების საშუალება, განხილული და წარმოდგენილი გვაქვს თეატრალური ეტიუდებისა და სავარჯიშოების სახით.

 

[1]Aადლერი ა., ბავშვთა აღზრდა, გამომცემლობა “გეო”, თბილისი, 2014.

[2] სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი. “კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, წარმოსახვითი განათლება”, თბილისი, 2012, გვ. 110-112.

[3]Станиславский К.С., Статьи, речи, заметки, Дневники Воспоминания, ГИИ, 1958б Т.5, стр.423.

[4] Lawrence K., T. Lickona, Moral Stages and moralization: The cognitive-developmental approach.” Holt, NY: Rinehart and Winston, 1976.

[5] იქვე;

[6] Saarni, C. The Development of Emotional Competence, The Guilford Press, NYC, 1999.

[7]Kკლაპარედი ე., ბავშვის ფსიქოლოგია და ექსპერიმენტული პედაგოგიკა, გამ., “გეო”, თბილისი, 2016წ. გვ. 57.

[8] იქვე, გვ. 56

 

გამოყენებული   ლიტერატურა:

  • ალფრედ ადლერი, ბავშვთა აღზრდა, გამ.: “გეო”, თბილისი, 2014;
  • ედუარდ კლაპარედი, ბავშვის ფსიქოლოგია და ექსპერიმენტული პედაგოგიკა, გამ.: “გეო”, თბილისი, 2016;
  • მიხეილ თუმანიშვილი, სანამ რეპეტიცია დაიწყება, გამ. “კენტავრი”, თბილისი, 2008;
  • განვითარების ინსტიტუტი, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, წარმოსახვითი განათლება, თბილისი, 2012;
  • Kohlberg Lawrence; T.Lickona, “Moral Stages and moralization: The cognitive-developmental approach.” Holt, NY: Rinehart and Winston, 1976;
  • Carolyn Saarni, “The Development of Emotional Competence.” The Guilford Press, NYC, 199;.
  • Гобсс Томас, Избр. соч. в двух томах, Т.:1, Москва, 1964;
  • Гоулман Дэниел, Эмоциональный интеллект, Москва, АСТ, 2008;
  • Станиславский К.С., Статьи, речи, заметки, Дневники Воспоминания, Т.5, 1958.

 

Dali Mesablishvili,

 Shota Rustaveli Theatre and Film Georgia State University

PhD. Student

Head of: Prof.  Marina Kharatishvili

 

SEVERAL ASPECTS OF TEENAGER’S SOCIALIZATION

AND EMOTIONAL DEVELOPMENT

 

  1. The method brought in this paper implies on one hand to the main elements of theatrical skills, and on the other hand to the analytical thinking, emotional intellect and collaboration of several aspects of theatrical essays and excersises substantiated in moral development side, by correlation of which worked out creative models help teenager’s socialization and harmonically developing process;
  2. The specific collaboration of analytical thinking and theatrical specification in verbal material creates the opportunities for the connection between course and effect events of facts, research conduction, discussion on a pragmatic level, evaluation, reliance on strong argumentation and opportunities for complex behavior. Their correlation helps teenager form logical, correct and valuable views with intention of which we get relevant process of the social growth and cognitive development of a person;
  3. In the collaboration of skill and analytical thinking it is important to concentrate on the contents of moral development, because the moral development is a process oriented on values and also is an important part of general development, in the frames of which they develop moral judgment and principles of a teenager which defines his actions. Their adequate development is the most important and crucial factor, the social feeling which in the end organically connects with society’s main cultural phenomena – the state;
  4. Creative process developed by us assists teenager’s “emotional education” and development, which means forming of control of emotions in teenager. Also knowing teenager’s emotional feelings at a given moment also covers the strategies that people use for regulating their feelings to the adequate levels. It assists them in achieving own goals successfully which is one of the main aspects of emotional control and defines emotional intellect that from its side defines teenager’s socialization degree and level;
  5. Theatrical essays and exercises are the best means for teenager’s “emotional education”, because they represent game’s perceptive, purposeful and socially active process. It absorbs nearly every type of emotion which consist of sensor, motor and mental game categories in which correlation of analytical, moral and emotional development aspects as intellectual and mental synergy represents acting art’s creative platform.

 

014467
WordPress Theme built by Shufflehound. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი