მზიაილაშვილი,

არქიტექტურის დოქტორი, სტუ-ს პროფესორი

ვალერი მჭედლიშვილი,

არქიტექტურის დოქტორი, სტუ-ს ასოცირებული პროფესორი

 

თანამედროვეობის გამოჩენილი არქიტექტორების ტოპ-ათეული

ქვეყნების კულტურული სახის ჩამოყალიბებას ბევრად განსაზღვრავს შემოქმედი ადამიანების ნიჭი და თავდაუზოგავი შრომა, მათ შორის არიან არქიტექტორებიც. წარმოგიდგენთ თანამედროვეობის ათი უდიდესი და ნოვატორი არქიტექტორის შემოქმედებას, რომელთა საერთაშორისო რეიტინგი მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში შეტანილი წვლილით განისაზღვრა.

  1. ფრენკ გერი (ეფრემ ოუენ გოლდბერგი)

დაიბადა 1929 წელს, კანადაში, ქალაქ ტორონტოში. მის შემოქმედებას თეორიტიკოსები დეკონსტრუქტივიზმს მიაკუთვნებენ. ანტისემიტურმა დევნამ ფრენკის გვარის გამოცვლა და საცხოვრებლად აშშ-ში გადასვლა განაპირობა. ჰარვარდის უნივერსიტეტში მან ქალაქმშენებლობა შეისწავლა.

ებრაული წარმოშობის ამერიკელი არქიტექტორის კარიერა აშშ-ის საპროექტო ფირმებში დაიწყო. შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, საფრანგეთში, ანდრე რემონდის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა. შტატებში დაბრუნებულმა ფრენკ გერმა საკუთარი ბიურო გახსნა, რომელიც მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების ინტერიერებს აპროექტებდა. 1970 წელს მან წარმატებული სტუდია ფირმად გადააკეთა. 2002 წელს კომპანია მსოფლიოში წამყვან ფირმად იქცა, სადაც 200-ზე მეტი არქიტექტორი მუშაობდა.

ფრენკ გერი უჩვეულო არქიტექტორია. უფრო ზუსტად – “ანტი-არქიტექტორია” – რასაც ის უცილობლად უსვამს ხაზს. მისი ნამუშევრები საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს სცილდება და რეალობას თავდაყირა აყენებს. ის დეკონსტრუქტივიზმის მიმდევარია, ანგრევს ტრადიციულ ფორმებსა და არქიტექტურაზე ჩვეულ შეხედულებებს.

გერის ნამუშევრები – მისი ახირებული წარმოსახვაა. ასეთი ახირებაა 1977-1979 წლებში სანტა-მონიკაში აშენებული საკუთარი სახლი, რომლის მშენებლობამ სკანდალი გამოიწვია. რესპექტაბელური სახლების მეპატრონე მეზობლებს სურდათ მისთვის ეჩივლათ. მეორადი მასალების ხელახლა გამოყენება და მცირებიუჯეტიანი პროექტები დამახასიათებელი იყო გერის 1970-1980 წლების შემოქმედებისათვის.

1980-იანი წლების მეორე ნახევარი ფრენკ გერისათვის შემოქმედებითად ნაყოფიერი აღმოჩნდა. ბილბაოში მისი პროექტით დეკონსტრუქტივიზმის სტილით აშენებული გუგენჰეიმის მუზეუმისათვის 1989 წელს მას პრიტცკერის პრემია მიანიჭეს. როგორც ავტორი აღნიშავს: “ამ შენობის უწესრიგო სიმრუდეების დანიშნულებაა დაიჭიროს სინათლე”. ხოლო არქიტექტორმა ფილიპ ჯონსმა მას “ჩვენი დროის უდიდესი შენობა” უწოდა.

გერის დეკონსტრუქტივიზმის იდეებს ყველა აღფრთოვანებით როდი ხვდებოდა. კრიტიკოსები დაუნდობლად ესხმოდნენ თავს მის ნამუშევრებს. ამტკიცებდნენ, რომ მათი გარეგნული სახე არ პასუხობს შენობის ფუნქციურ დანიშნულებას და არ ეწერება გარემომცველ გარემოში.

მათი კრიტიკის საპასუხოდ ცნობილია ესპანეთის ქალაქ ოვედოში გამართულ პრესკონფერენციაზე გერის სკანდალური ჟესტიკულარული პასუხი  ჟურნალისტების შეკითხვაზე – “რას ეტყოდა იგი იმ კრიტიკოსებს, რომლებიც მის შემოქმედებას “პრეტენზიულს” უწოდებენ?”. გერიმ დუმილით ასწია მარჯვენა ხელის შუა თითი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კი განაცხადა: “ყმაწვილებო, ნება მომეცით განგიმარტოთ, რომ შენობების 98 პროცენტი სრული “ქაქია”, ისინი გაკეთებულია დიზაინის, სტილის გრძნობისა და კაცობრიობის პატივისცემის გარეშე”.

გერი საკუთარ მოსაზრებას არქიტექტურაზე მკაცრად და უკომპრომისოდ განსაზღვრავს: “რაც შენდება, მხოლოდ მცირე ნაწილს შესაძლოა ეწოდოს ნამდვილი არქიტექტურა – ანუ არქიტექტურული, რომლის მიზანია ოპტიმისტური და ჰუმანური მეთოდებით შეიქმნას რამე მშვენიერი. შენობათა უმეტესობა აშენებულია უბრალოდ, როგორც ფულის ჩამოსარეცხი “ყუთები”, მათ არქიტექტურასთან არავითარი საერთო არ გააჩნიათ”.

  1. ნორმან ფოსტერი

ინგლისელი არქიტექტორი ნორმან ფოსტერი 1935 წელს, უბრალო მუშის ოჯახში დაიბადა. რთული ფინანსური მდგომარეობის გამო, მან ვერ შეძლო სწავლის გაგრძელება და სახაზინო სამსახურში ჩადგა, რომლის დასრულების შემდგომ სამხედრო სამსახური ელოდა. ფოსტერი საცხობში, ქარხანასა და ავეჯის მაღაზიაშიც კი მუშაობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ნორმან ფოსტერი არქიტექტორობაზე ადრული ასაკიდან ოცნებობდა, არქიტექტურაში იგი უცებ არ მოსულა. ოცდაერთი წლისა ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურის სასწავლებლად მანჩესტერის უნივერსიტეტში შედის. შემდეგ ორი წელი იელის უნივერსიტეტში (აშშ) სწავლობს, სადაც ცნობილ არქიტექტორ რიჩარდ როჯერსს გაეცნო.

დიდ ბრიტანეთში დაბრუნებისას მათ დააარსეს სახელოსნო. სტილისტურად მათი შემოქმედება ძირითადად ჰაი-ტეკის სტილს მიეკუთვნება. ეს სტილი, დეკონსტრუქტივიზმისაგან განსხვავებით, არ ანგრევს არქიტექტურის ტრადიციებს, მთავარი ნიშანი პრესტიჟულობა, ფუნქციონალურობა, რთული უბრალოება და თავისებური სილამაზეა. ჰაი-ტეკს საფუძველი, მეცხრამეტე საუკუნეში, რუსმა არქიტექტორმა ვლადიმერ შუხოვმა ჩაყარა. იყენებს რა შუხოვის შექმნილ ბადისებურ გარსულ კონსტრუქციებს, ფოსტერი მას თავის “კუმირად” მიიჩნევს.

1967 წელს ნორმან ფოსტერმა საკუთარი ფირმა გახსნა და 1983 წლამდე ცნობილ ამერიკელ გამომგონებელსა და არქიტექტორ ბაკმინისტერ ფულერთან თანამშრომლობდა. მათი ერთობლივი მუშაობა ნაყოფიერი აღმოჩნდა. შეიქმნა რიგი ისეთი პროექტები, როგორიცაა 1971 წელს ოქსფორდში აშენებული სამუელ ბეკეტის სახელობის მიწისქვეშა თეატრი.

ბრიტანელი არქიტექტორის განმასხვავებელ ნიშანს ბუნებისადმი მისი ფრთხილი დამოკიდებულება, მაქსიმალურად ეკოლოგიურობისაკენ სწრაფვა და ენერგოდამზოგავი სიახლეების გათვალისწინება წარმოადგენს.

ნორმან ფოსტერის პროექტებში შუქისა და ჰაერის ნაკადი თვით შენობების აგებულების საშუალებით რეგულირდება. მას უყვარს მინისა და ფოლადის გამოყენება და ცდილობს, მათი საშუალებით შექმნილი შენობები ორგანულად ეწერებოდეს გარემოში.

1999 წელს ფოსტერმა პრიტცკერის პრემია მიიღო ნამუშევრისათვის ცათამბჯენი სახელწოდებით “მერი-ეკს”, ამ შენობას “კიტრსაც” უწოდებენ.

არქიტექტორი სხვა მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელიცაა. 2002 წელს მას იაპონიის სამხატვრო ასოციაციამ საიმპერატორო პრემია მიანიჭა. ფოსტერს ბრიტანეთის დედოფლის მიერ ჯერ რაინდის ორდენი, შემდგომ კი ბარონის ტიტული მიენიჭა.

  1. ზაჰა ჰადიდი

ერაყელი წარმომავლობის ბრიტანელი არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი 1950 წელს ბაღდადში ინტელიგენტურ ოჯახში დაიბადა. მისი თქმით, უკვე 11 წლისამ გადაწყვიტა არქიტექტორი გამხდარიყო. იგი ჯერ ბეირუთში, ამერიკულ უნივერსიტეტში მათემატიკას სწავლობდა, ხოლო 1972 წელს სწავლა ლონდონის არქიტექტურულ ასოციაციაში დაიწყო, სადაც სამუდამოდ დარჩა კიდეც.

“პლანეტა საკუთარი ორბიტით” – ასე უწოდა ზაჰა ჰადიდს მისმა ყოფილმა მასწავლებელმა, თანამედროვეობის ერთ-ერთმა უდიდესმა არქიტექტორმა რემ კოლხაასმა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაიწყო ზაჰამ თავისი კარიერა. თავდაპირველად შეკვეთები ძალიან მცირე იყო. კლიენტებს აფრთხობდა ნოვატორი არქიტექტორის არასტანდარტული მიდგომები და მისი მრავალი გრანდიოზული პროექტი მხოლოდ ქაღალდზე რჩებოდა. ამიტომ იგი მხოლოდ ავეჯის, ინტერიერის, ფეხსაცმლისა და სამაგიდო ნივთების დიზაინით იყო დაკავებული.

ზაჰა ჰადიდი აგრძელებდა პედაგოგიურ მოღვაწეობას არქიტექტურულ ასოციაციაში, მონაწილეობას იღებდა და იმარჯვებდა სხვადასხვა კონკურსში, თუმცა საკუთარი თამამი იდეების რეალურად განხორციელების საშუალება მას არ ეძლეოდა. პირველი მისი განხორციელებული პროექტი გერმანული კომპანიას “ვიტრა” სახანძრო ნაწილის შენობა გახლდათ.

არქიტექტორმა ფართო აღიარებას 1999 წელს მიაღწია, როცა მისი პროექტით  ქალაქ ცინცინატში (აშშ) თანამედროვე ხელოვნების ცენტრი აშენდა. ამ მომენტიდან ზაჰა საკუთარი ფანტასტიკური იდეების რეალურად განხორციელებას იწყებს.

ზაჰა ჰადიდი, როგორც დეკონსტრუქტივიზმის მიმდევარი, ცდილობს დაანგრიოს არქიტექტურაში დამკვიდრებული პრინციპები. მისი ამოყირავებული ცათამბჯენები, შენობების უჩვეულო გეომეტრია, მახვილი კუთხეები და მრუდე ხაზები – უნიკალურ და სრულიად არასტანდარტულ ხელწერას ქმნიან. თუმცა, სამყაროს რეალობის ცვლილებასთან ერთად, იცვლებოდა ზაჰას სტილიც – ის უფრო მეტ ყურადღებას უთმობს გლუვ ხაზებს.

ზაჰას შემდგომი პერიოდის ნამუშევრები მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და გამორჩეული აღიარება აქვთ მოპოვებული. მაგალითად, მის მიერ დაპროექტებული საავტომობილო კომპანია BMW-ს სათავო ოფისის შენობა, არქიტექტორთა ფედერალურმა პალატამ გერმანიაში წლის საუკეთესო შენობად მიიჩნია.

მასშტაბური პროექტების გარდა, ზაჰა ჰადიდი ქმნის ინსტალაციებს, ნახატებს, დეკორაციებს, ავეჯისა და სხვა მრავალი ნაკეთობის დიზაინს. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ფრანკფურტში გერმანული არქიტექტურის მუზეუმში. იგი ლექციებსა და მასტერ-კლასებს უტარებდა მსოფლიოს წამყვანი არქიტექტურული სკოლების სტუდენტებს.

2004 წელს სანკტ-პეტერბურგში, ერმიტაჟის შენობაში შედგა არქიტექტორ ზაჰა ჰადიდის პრიტცკერის პრემიით დაჯილდოვების ცერემონია. 2005 წელს ჰადიდი საუკეთესო დიზაინერად აღიარეს დიზაინის პირველი გამოფენის  ფარგლებში. 2012 წელს მას, როგორც ქალი-კომანდორს, ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიენიჭა.

ზაჰა ჰადიდი, უნიკალური, რევოლუციონერი არქიტექტორი და მრავალმხრივი შემოქმედი, 2016 წელს ფლორიდაში, ქალაქ მაიამიში, გულის შეტევით გარდაიცვალა. თუმცა, კაცობრიობას დარჩა მისი არა მხოლოდ განხორციელებული, არამედ სამომავლოდ ასაშენებელი ნაგებობების პროექტებიც.

  1. ჟან ნუველი

ჟან ნუველი საფრანგეთში, ქ. ფიუმელში, დაიბადა 1945 წელს. უმაღლესი არქიტექტურული განათლება ბორდოს ნატიფი ხელოვნების სკოლაში მიიღო, შემდგომ სწავლა პარიზში განაგრძო.

1970 წელს დამწყებმა არქიტექტორმა თავისი პირველი სახელოსნო გახსნა და რამდენიმე კონკურსში მიიღო მონაწილეობა.

ჟან ნუველმა სახელი 1987 წელს არაბული სამყაროს ინსტიტუტის შენობის პროექტით გაითქვა. შენობა, 22 არაბული ქვეყნის პარტნიორობითა და  საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანის ზედამხედველობით, პარიზში შენდებოდა. შენობის პროექტი უჩვეულო მანერითაა შესრულებული. პანელებით მოპირკეთებული ინსტიტუტის შენობის ფასადი განათების შესაბამისად იცვლის სახეს.

1991 წელს ნუველი საგრანგეთის არქიტექტურის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, ხოლო 1993 წელს – ამერიკის არქიტექტურის ინსტიტუტის საპატიო წევრად აირჩიეს.

1994 წელს ჟან ნუველმა დააარსა “ჟან ნუველის ატელიე”, რომელიც მთელი მსოფლიოსათვის ქმნიდა პროექტებს. დღეისათვის მისი არქიტექტურული ბიურო საფრანგეთში ერთ-ერთი უმსხვილესია, სადაც 140-ზე მეტი თანამშრომელია. ბიუროს ფილიალები ლონდონში, კოპენჰაგენში, მინეაპოლისში, რომში, მადრიდსა და ბარსელონაში აქვს.

ნუველის ერთ-ერთ მთავარ ნაგებობას წარმოადგენს ქ. ლიონის საოპერო თეატრი. მნიშვნელოვანია ასევე შვეიცარიის ქალაქ ლუცერნის კულტურისა და კონგრესის ცენტრი. შენობა წყლის, სინათლისა და ბგერის ერთობლიობის ერთგვარი განხორციელებაა.

ჟან ნუველს არ გააჩნია ერთი კონკრეტული მიდგომა. ის თავის მეთოდს როგორც “ჰიპერარჩევითს” ისე განსაზღვრავს. ზრუნავს რა იმაზე, რომ შენობები გარემო ლანდშაფტს იდეალურად ეხამებოდეს, ის წინასწარ შეისწავლის იმ ქვეყნის კულტურულ ტრადიციებს, სადაც მომავალი შენობა უნდა აშენდეს. ითვალისწინებს დამკვეთისა და ადგილობრივი მოსახლეობის სურვილებს. ახორციელებს საკუთარი პროექტის ადაპტირებას, ახლოს მდებარე შენობებთან შესაბამისობაში.

ნუველი არქიტექტურისადმი ფილოსოფიური მიდგომითაც გამოირჩევა. ჰარმონია – ის მთავარი ასპექტია, რომლითაც იგი პროექტების შექმნის დროს ხელმძღვანელობს. თავისი შემოქმედების კრედოს ასე განმარტავს: “ყოველ ჯერზე მე ვცდილობ ვიპოვო ის მარცვალი, რომელიც აკლია პაზლს + ესაა საჭირო შენობა საჭირო ადგილას”.

2006 წელს ქალაქ ბარსელონაში აგებული ცათამბჯენისათვის, სახელწოდებით  “Torre Agbar” მან მიიღო პრემია “მაღლივი მშენებლობისათვის”. ეს პრემია იმ პროექტისათვის მიენიჭა, რომლიც თავისი ესთეტიკური ღირებულებებით, ნოვაციებით, ტექნიკურ-ეკონომიური გადაწყვეტებითა და არსებულ არქიტექტურულ გარემოსადმი ორგანული შერწყმით გამოირჩეოდა. ცათამბჯენის შენობა, ტექნიკური თვალსაზრისით, თანამედროვეა, ამასთან, იგი ჰარმონიულად ერწყმის ქალაქის ისტორიულ განაშენიანებას.

ჟან ნუველს ეკუთვნის ვენის ცენტრში მდებარე ძველი გაზგოლდერების რევიტალიზაციის პროექტი. სადაც, ძველი, გამოუსადეგარი სამრეწველო შენობები თანამედროვე მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსად იქცა.

ნუველის ავტორობით აშენდა საცხოვრებელი კომპლექსი ქ. ნიმეში. შენობაში 120 ბინაა განთავსებული. მას ავტორმა “სახლი-ხომალდი” უწოდა. შენობა აგებულია იაფი მასალებით და სრულად პასუხობს კომფორტული საცხოვრებლის მოთხოვნებს.

ნუველის ავტორობით შესრულებული სხვა მრავალი ნამუშევარი თანამედროვე მსოფლიო არქიტექტურის საგანძურს წარმოადგენს. მათ შორისაა – პრაღაში  აშენებული შენობა სახელწოდებით “ოქროს ანგელოზი”, სასტუმრო ქ. მადრიდში, საკონცერტო დარბაზი კოპენჰაგენში, თეატრი მინეაპოლისში და სხვა.

2008 წელს ჟან ნუველი არქიტექტურაში უმაღლესი პრიტცკერის პრემიის ლაურიატი გახდა.

  1. სანტიაგო კალატრავა

არქიტექტორი სანტიაგო კალატრავა ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში 1951 წელს დაიბადა. თავდაპირველად, სამხატვრო სკოლაში, შემდეგ კი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1975 წელს კალატრავა საცხოვრებლად ციურიხში გადადის, სადაც სწავლასთან ერთად მუშაობასაც  იწყებს და ინჟინრის დიპლომსაც იღებს.

კალატრავამ შემოქმედებითი მოღვაწეობა რკინიგზის ვაგზლის შენობებისა და ხიდების დაპროექტებით დაიწყო. რომელთაც ავტორს გამოჩენილი არქიტექტორისა და დიდი ხიდმშენებლის სახელიც მოუტანეს.

პირველი გამოცდილება მშობლიურ ქალაქ ვალენსიაში, 1986 წელს აგებული “9 ოქტომბრის” სახელობის ხიდის პროექტით მოიპოვა. 1987 წელს კი არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის ავგუსტე პერრეტის სახელობის პრემია მიიღო.

დიდი საერთაშორისო აღიარება 1992 წელს, ბარსელონაში სატელეკომუნიკაციო კოშკის “მონჟუიკი” აგების შემდგომ მოვიდა. ნაგებობა ბარსელონაში საზაფხულო ოლიმპიადისათვის აშენდა. 135 მეტრის სიმაღლის კოშკი უზარმაზარ ათლეტს მოგვაგონებს, რომელსაც ხელში ოლიმპიური ჩირაღდანი უკავია. ამის შემდგომ დაკვეთებმა მნიშვნელოვნად იმატა. ბევრმა დამკვეთმა როცა ნახა, რამდენად ორიგინალურად იყო გადაწყვეტილი უბრალო სატელევიზიო კოშკის იერი, მოინდომა, რომ ამ განსაცვიფრებელი არქიტექტორის პროექტებით მათ ქვეყნებშიც ყოფილიყო აშენებული შენობები.

არქიტექტორ კალატრავას სახელმა ამერიკის ნაპირებსაც მიაღწია. აშშ-ში ის მილუოკის ხელოვნების მუზეუმის რეკონსტრუქციის პროექტზე მუშაობს.

ბუენოს-აირესში ფეხსავალი ხიდი ააგო და მას “ქალების ხიდი” უწოდა, რადგან გარშემო მდებარე ყველა ქუჩა ქალის სახელს ატარებდა.

კალატრავას ცნობილი ნამუშევრებია – საგამოფენო და კონგრესის სასახლე ქ.ოვედოში, უჩვეულო ფორმის ვალენსიის ოპერის თეატრი და ვენეციაში აგებული კონსტიტუციის ხიდი.

ხშირად კალატრავას სტილს “ბიოტეკს” უწოდებენ. ალბათ იმიტომ, რომ იგი შთაგონებას ბუნებისაგან იღებს და თავისი ნაგებობების ვიზუალური ფორმებით ეკოლოგიურობისაკენ მიისწრაფვის. მის მიდგომებში ორგანულადაა შერწყმული ინჟინერია და არქიტექტურა. ნაგებობებში მისთვის მთავარია სკულპტურულობა, შესაძლოა იმიტომ, რომ სანტიაგო სკულპტორიცაა. არქიტექტორი ყველა თავის პროექტს დიდი სიყვარულით ეპყრობა, იქნება ეს დიდებული შენობა თუ ავტობუსის გარაჟი. “პირველად უბრალო აივანი დავაპროექტე, მაგრამ ამას ისე ვაკეთებდი, თითქოს მთელ ხიდს ვაპროექტებდი”, – ამბობს არქიტექტორი.

2012 წელს ქ. სანკტ-პეტერბურგში, ერმიტაჟის დარბაზებში, გაიმართა გამოფენა სახელწოდებით “სანტიაგო კალატრავა – მოძრაობის ძიებაში”, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტების მაკეტები, ქანდაკებები და აკვარელით ნამუშევრები. 

კალატრავა, უჩვეულო და არაორდინალური ნამუშევრებით დამსახურებულად ითვლება თანამედროვეობის უდიდეს ნოვატორ არქიტექტორად.

  1. მასიმილიანო ფუკსასი

წარმოშობით ლიტველი ფუკსასი რომში 1944 წელს დაიბადა. 1969 წელს დაამთავრა რომის ლა-საპიენცას უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. თუმცა, მუშაობა გაცილებით ადრე დაიწყო. 1998 წელს არქიტექტორმა ჯერ პარიზში, ხოლო ოთხი წლის შემდეგ ვენაში გახსნა საკუთარი ბიურო.

Mმასიმილიანოს სურდა პოეტი, მხატვარი ან მსახიობი გამხდარიყო. არქიტექტურაში იგი თითქმის შემთხვევით მოხვდა, რადგან, როგორც თვითონ ამბობს – ყველა სხვა სასურველ სფეროში არც თუ კარგი მონაცემები მქონდაო.

1985 წლიდან იგი არქიტექტორ მეუღლე დორიანასთან ერთად მუშაობს. მასიმილიანოს ხშირად იწვევენ  ლექციებისა და მასტერ კლასების ჩასატარებლად მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. ის ასევე აქვეყნებს სტატიებს არქიტექტურაზე.

მისი ნამუშევრებიდან ცნობილია ისეთი ობიექტები, როგორებიცაა ვენაში ცათამბჯენი – ტყუპები, საკონცერტო დარბაზი “ზენიტი” სტრასბურგში და  ფერარის საგამოფენო კომპლექსი მილანში, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ მასშტაბურ შენობად ითვლება.

თვითონ არქიტექტორი არც ერთ თავის ნამუშევარს არ გამოარჩევს განსაკუთრებულად. “იმდენი რამე ავაშენე და დავაპროექტე, რომ არასამართლიანი იქნებოდა რომელიმე ერთის გამორჩევა”, – ამბობს არქიტექტორი.

ფუკსასი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი არქიტექტორი, პირველ რიგში, მხატვარი უნდა იყოს. ის თავის ნამუშევრებში არ ცდილობს თავსმოხვეულ ექსტრავაგანტურობას. მისი შენობები ადვილად საცნობი და საოცარია. როგორც თვითონ ამბობს, მისი მთავარი მიზანია – ადამიანებს “აჩუქოს ემოცია”.

მასიმილიანო ფუკსასის იტალიური სტუდიის ნამუშევარია თბილისში რიყეზე აშენებული კულტურული ცენტრის შენობა, რომელიც უზარმაზარ პერისკოპს წააგავს. პროექტის მთავარი არქიტექტორი დორიანა ფუკსასია.  შენობა ორი ნაწილისაგან შედგება – მუსიკალური ცენტრისა და საგამოფენო პავილიონისაგან. შენობა აგებულია ფოლადის  ბადისებური გარსით, რომელიც სპეციალური ე.წ. diagrid-ის ტექნოლოგიით კონსტრუირდება.

ფუკსასის ავტორობითაა აგებული სავაჭრო ცენტრ “მაიცალის” უჩვეულო ექსტერიერისა და ინტერიერის მქონე შენობა გერმანიაში.

თანამედროვეობის დიდ არქიტექტორს ეკუთვნის სიტყვები: “თუ ჩვენს არქიტექტურულ სტუდიაში ვინმე იკითხავს – რა ფორმის იქნება ჩვენი პროექტი? ჩვენ მას ადგილზევე მოვკლავთ, და თუ მოიძებნება ისეთი კრეტინი, რომელიც შეეცდება განსაზღვროს ჩვენი არქიტექტურული სტილი, მას ჩვენ ორჯერ მოვკლავთ!”.

Dდა, მართლაც, ძნელად თუ ვინმე ითავებს განსაზღვროს ფუსკასისათვის დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი, რადგან ის თავის უნიკალური, ინდივიდუალური მანერით მუშაობს.

მასიმილიანო ფუკსასი არქიტექტურის სფეროში საფრანგეთის დიდი ეროვნული პრიზის მფლობელი და ნატიფი ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორია. იგი ვენეციის ბიენალეს დირექტორია, ამერიკის არქიტექტურის ინსტიტუტის საპატიო წევრია, ბერლინისა და ზალცბურგის დაგეგმარების კომისიის წევრი, და ბოლოს, ფუკსასი  მომავლის არქიტექტორია.

  1. არატა ისოძაკი

იაპონელი არქიტექტორი არატა ისოძაკი 1931 წელს კუნძულ კიუსიუზე დაიბადა, არქიტექტურას ტოკიოს უნივერსიტეტში გამოჩენილი იაპონელი არქიტექტორის, კენზო ტანგეს ხელმძღვანელობით სწავლობდა.

1963 წელს საკუთარი ფირმა გახსნა. თავდაპირველად მეტაბოლიზმის, შემდგომ კი – პოსტმოდერნისტულ სტილში განაგრძობს მუშაობას.

არქიტექტურაში ისოძაკის გზა ახალი ფორმების ძიებითა და ექსპერიმენტებით გამოირჩევა. მისმა იდეებმა გავლენა იქონიეს მეტაბოლისტებზე, კერძოდ თვით კენზო ტანგეს შემოქმედებაზეც კი. როგორც არქიტექტორი განმარტავს: ჩემი სტილი ელემენტების ხაზგასმული ექსპრესიულობითა და “მანერიზმით” ხასიათდებაო.

1970-იანი წლებიდან, აუცრუვდა რა გული მეტაბოლიზმზე, არქიტექტორი პოსტმოდერნისტულ სტილზე გადავიდა. თავის შემოქმედებაში ის აქტიურად იყენებს ისტორიულ სტილებს, რომელთაც თავშეკავებული ირონიითა და ორგანულობით უხამებს ერთმანეთს. ამ პერიოდის ნაგებობებს შეიძლება მიეკუთვნოს კიტაკესიუს მუნიციპალური და იოტოს პრეფექტურის ბიბლიოთეკის შენობები.

იმავე 70-იანი წლებიდან არატა იღებს გადაწყვეტილებას – სახე შეუცვალოს საკუთარ სტილს; თავს ანებებს ირონიულობას და ოცწლიანი პრაქტიკის შემდეგ, სხვა ეტაპზე გადადის. მის შემოქმედებაში ახალი მიდგომის შტრიხები უკვე შეიმჩნევა 1970-იანი წლების  ნაგებობებში. ამავე პერიოდში უახლოვდება პოსტმოდერნისტებს – ჯეიმს სტერლინგს, ფრენკ გერისა და პიტერ აიზენმანს, მაგრამ მათგან განსხვავებით, იაპონელი არქიტექტორის შემოქმედებაზე გავლენას არ ახდენს რომელიმე კულტურის ტრადიციები. ის კლასიკურ ფორმებს თავისუფლად უხამებს უბრალო გეომეტრიულ მოცულობებს, თუმცა, იმავდროულად, მხედველობიდან არ უშვებს მთავარ იდეას, რომელიც ნაგებობას უდევს საფუძვლად და ითვალისწინებს გარემომცველ არქიტექტურულ გარემოს.

ინტერნაციონალიზმი – ესაა, რაც გამოარჩევს ისოძაკის სხვა იაპონელ შემოქმედთაგან. ის ასევე განსხვავდება დასავლელი კოლეგებისაგან, რომლებიც ცდილობენ, შენობები რომელიმე ნაციონალური სტილის შესაბამისად დააპროექტონ.

არქიტექტორმა საკუთარი აზრები და შეხედულებები გამოხატა 1985 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში “არქიტექტურა ირონიითა თუ მის გარეშე”.

გამოჩენილი ავსტრიელი არქიტექტორი ჰანს ჰოლლიანი არატა ისოძაკიზე ამბობს: “ის არა მარტო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტორია, არამედ, გამოირჩევა იმით, რომ იგი გლობალური, მასშტაბური პიროვნებაა და თავისი შემოქმედებით  ეკუთვნის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ კულტურას”.

არქიტექტორის შემოქმედება აღიარებულია მრავალი პრემიითა და ჯილდოთი.

1966 და 1974  წლები – იაპონიის არქიტექტურის ინსტიტუტის პრემია;

1986 წელი – უძველესი, 1848 წელს დაარსებული ბრიტანეთის არქიტექტორთა სამეფო ინსტიტუტის პრემია და ოქროს მედალი.

1988 წელი – ამერიკის ნატიფი ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიის არნოლდ ვ. ბრიუნერის მემორიალური პრემია.

1992 წელი – ამერიკის არქიტექტურის ინსტიტუტის საპატიო პრემია.

1995 წელი – ვენეციის ბიენალეს მთავარი პრიზი.

2019 წელი – უმაღლესი არქიტექტურული პრიტცკერის პრემია.

ამ პრემიის ჟიურიმ განსაკუთრებით აღნიშნა ის ფაქტი, რომ, მიუხედავად ნამუშევრების დიდი რაოდენობისა, არქიტექტორი არასდროს მეორდება  და საკუთარ შემოქმედებაში ყოველთვის ეძიებს რაღაც ახალს.

 

  1. ჯგუფი “ასიმპტოტა”, არქიტექტორი ლიზ ანნ კუტიური

ლიზ ანნ კუტიური კანადაში, ქალაქ მონრეალში, 1959 წელს დაიბადა. 1983 წელს დაამთავრა კარლტონის უნივერსიტეტი, 1986 წელს – იელის უნივერსიტეტის არქიტექტურის სკოლა. 20-წელზე მეტი ხნის წინ, კვიპროსელ კოლეგასთან, მამით არაბ და დედით ინგლისელ ჰანი რაშიდთან ერთად, დააარსა ჯგუფი “ასიმპტოტა”.

ფირმის სახელწოდება მათემატიკური ტერმინის ანალოგია, რაც აღნიშნავს ჰორიზონტალურ ხაზს, რომელიც უახლოვდება მრუდს, მაგრამ არასდროს კვეთს მას. არქიტექტორები ცდილობენ დაარღვიონ საზღვარი “ძველსა” და ახალ” არქიტექტურას შორის.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში ორი არქიტექტორი მოღვაწეობს, სწორედ ლიზ ანნის გამოყოფაა უპრიანი, რადგან სწორედ მისგან მოდის ჯგუფისათვის იდეური შთაგონება. თუ საუბარი არქიტექტურას ეხება, შესაძლოა ითქვას, რომ  ლიზ ანნის და ჰანი რაშიდს ერთი ხედვა აქვთ. მათ მიერ შექმნილი პროექტები ევროპაში, საქართველოში, სამხრეთ კორეაში, მალაიზიაში, არაბთა გაერთიანებულ ემირატებსა და აშშ-ში მათი მაღალი პროფესიონალიზმის დადასტურებაა.

1989 წელს პროექტმა – “ფოლადის ღრუბლები” კონკურსში – “დასავლეთ სანაპიროს კარიბჭე” – 200 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ავტორთა ჩანაფიქრით, 500 მეტრის სიმაღლის ღეროვან სტრუქტურას უნდა გადაეხურა რვახაზიანი ავტობანი, კაფეებისა და ბუტიკებისკენ მიმავალი დაწნული ფეხსავალი გალერეა და ხიდები.

დანიის ქალაქ არუსისათვის განკუთვნილი უნივერსალური მულტიმედიური თეატრის პროექტი იმგვარად ფუტურისტული არ იყო, როგორც “ფოლადის ღრუბლები”, მაგრამ “ტრადიციული არქიტექტურის ორიენტაციის” მქონე პუბლიკა მაინც შოკში ჩააგდო. ავტორებმა 2800 კვ.მ ფართობის აფრისმაგვარი ტილო სიბრტყეებად დაანაწევრეს. ფაქტობრივად, ეს იყო ეკრანი, რომელზეც ფიქსირდებოდა შიგა სივრცე. სხვადასხვა სახის პროექციები, დაპროგრამებული რეჟიმით, თეატრის არსს აირეკლავენ.

ახალი საუკუნის არქიტექტორთა მთავარ ინტერესს მანქანურ ესთეტიკასა და ვირტუალურობას შორის ბალანსი წარმოადგენს. როგორც ცნობისმოყვარე მკვლევრები, ისინი მუდმივად აპირისპირებენ ერთმანეთს “ხვალინდელსა” და “დღევანდელობას”, შემდეგ კი აკვირდებიან, თუ რა გამოვა აქედან. მშენებლობა მათ ეხმარებათ ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოყენებაში და ზოგჯერ მომავალშიც ახედებენ. იმას, რითაც დღეისთვის ბიუროა დაკავებული, თავისუფლად შეიძლება “არახაზოვანი არქიტექტურა” ეწოდოს.

2002 წელს, გერმანიის ქალაქ კასელში, საერთაშორისო გამოფენაზე, ნიუ-იორკელი ავანგარდისტები რაშიდი და კუტიური, რაღაც უცნაურობით წარდგნენ, სახელწოდებით – “ფლუკს-სპეის”. არქიტექტორებმა მას არქიტექტურული ობიექტი დაარქვეს და მნახველებმაც დაუჯერეს. ეს იყო ობიექტი, რომელიც “პლანეტის  სამი უმსხვილესი ქალაქის სახისა და ბგერების სკანირებასა და სინთეზირებას ახდენდა”. შედეგად, გამოფენის დამთვალიერებლებს შეეძლოთ მეგაპოლისების სულიერ სამყაროს შეხებოდნენ.

არქიტექტურისა  და დიზაინის  სფეროში გავლენიანმაჟურნალმაDDOMUS ეს რთული კონსტრუქცია შეაფასა – როგორც პირველი დიგიტალური (ციფრული) სკულპტურა და თვისობრივად ახალი მხატვრული არქიტექტურული ობიექტი. Aამ ნიუ-იორკელი, ცოტა “გიჟი” არქიტექტორების შემოქმედებისადმი, ადამიანებს, შესაძლოა ნებისმიერი დამოკიდებულება ჰქონდეთ, თუმცა ფაქტია და ეჭვს არ იწვევს ის, რომ ჩვე წინაშეა ხელოვნება, რომელსაც ადვილად შეუძლია იქცეს მომგებიან ბიზნესად.

  1. ბიურო “სნოხეტტა”, ჰეტილ ტორსენი

ჰეტილ ტორსენი 1958 წელს სამხრეთ ნორვეგიაში, ქალაქ ფიუგესუნნეში დაიბადა. სწავლობდა გრაცას ტექნიკურ უნივერსიტეტში. 1989 წელს, ტერალდ ლუნდევალლესა და კრეიგ დაიკერსთან ერთად, დააარსა არქიტექტურული ბიურო “სნოხეტტა”, რომელსაც სახელწოდება ნორვეგიის ერთ-ერთი მაღალი მთის პატივსაცემად უწოდა.

არქიტექტურული ბიუროს დაარსების იდეა ახალგაზრდებს 1987 წელს მოუვიდათ, რომლის მთავარი მიზანიც იყო – ერთმანეთისათვის შეეთავსებინათ არქიტექტურული ინტერიერისა და ლანდშაფტის დიზაინი. სტუდია განთავსებული იყო პაბის თავზე, რომელსაც Dovrehallen ერქვა, ხოლო “Dovre”  ნორვეგიის მაღალმთიანი მხარეა, სადაც ყველაზე მაღალი მთა სწორედ “სნოხეტტაა”.

ნორვეგიული ბიუროსათვის საერთაშორისო აღიარება 1989 წელს, ეგვიპტეში, ახალი ალექსანდრიის ბიბლიოთეკისათვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შემდგომ მოვიდა. ბიბლიოთეკის შენობის ფასადი იეროგლიფებითაა შემკული, რითაც ის ძველეგვიპტურ პერგამენტს მოგვაგონებს.

ამჟამად კომპანიას ბიუროები აქვს ოსლოსა და ნიუ-იორკში. სადაც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ასაგები შენობების პროექტების შექმნაზე, 120-ზე მეტი არქიტექტორი და დიზაინერია დასაქმებული.

ჰეტულ ტორსენი აღნიშნავს, რომ მათი კომპანია ცხოვრობს როგორც დიდი ოჯახი, რომლის შიგნითაც კონკრეტული ფუნქციები არაა განაწილებული. მისი მეუღლე იორუნ სანნესი, როგორც მხატვარი, ასევე მონაწილეობს საპროექტო ბიუროს საქმიანობაში.

“სნოხეტტას” განმასხვავებელი ნიშანია გარემომცველ გარემოსთან უშუალო კავშირი, სადაც აქცენტი ყოველთვის ლანდშაფტის ზეგავლენასა და პეიზაჟის თავისებურებაზე კეთდება. ისინი იყენებენ  დიდი არქიტექტორების – ფრენკ ლოიდ რაიტისა და ალვარ ალტოს დაპროექტების მეთოდებს, რომლებიც იდეალურად ახდენდნენ შენობათა გარემომცველ გარემოსთან ინტეგრირებას.

მასშტაბური ობიექტების პროექტებზე მუშაობის გარდა, არქიტექტურულ ბიუროს სახელი განთქმული აქვს საცხოვრებელი სახლების, საზოგადოებრივი კომპლექსებისა და საქალაქო გარემოს პროექტირებითაც.

2012 წლის აპრილში, მოსკოვში, შუსევის სახელობის არქიტექტურის მუზეუმში მოეწყო გამოფენა სახელწოდებით: “სნოხეტტა – არქიტექტურა, ლანდშაფტი, ინტერიერი”. გამოფენაზე ნორვეგიელმა არქიტექტორებმა, ნამუშევრებთან ერთად, წარმოადგინეს თავიანთი წიგნი “სნოხეტტას პროექტები”. წიგნის ყდა გაკეთებული იყო ქსოვილისაგან, სადაც სიმბოლურად, მქრქალად ეწერა სახელწოდება იმის ნიშნად, რომ არქიტექტურაც, როგორც თვით მისი შთამაგონებელი ბუნება, ანონიმური უნდა იყოს.

10.ფილიპ სტარკი

ფილიპ სტარკი 1949 წელს პარიზში, ავიაკონსტრუქტორის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა პარიზის ინტერიერისა და გარემოს დიზაინის კომანდოს უმაღლესი სკოლა. 1968 წელს დააარსა პირველი დიზაინერული საწარმო, რომელიც გასაბერ ობიექტებს აწარმოებდა. 1969 წლიდან ფილიპ სტარკი სახელგანთქმულ კუტიურიე პიერ კარდენთან არტ-დირექტორად იწყებს თანამშრომლობას.

ფილიპ სტარკი, დღეისათვის, უძვირესი მეგა-ბრენდია. მას ეკუთვნის არაჩვეულებრივი ინტერიერები ისეთ სასტუმროებში, როგორებიცაა ნიუ-იორკის Royalton და ლონდონის Sanderson. სტარკმა აქ შექმნა “ოსკაროსანი” ფილმის დეკორაციების მსგავსი გარემო.

არც თუ დიდი ხნის წინ, სტარკი დაკავებული იყო მოსკოვში პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი კომპლექსის, სახელწოდებით “Barkli Park”  პროექტით. ამ პროექტს საფუძვლად ეკოლოგიურობისა და ერგონომიკის იდეა უდევს. კომპლექსი განთავსდება მოსკოვის ისტორიულ ნაწილში და ჩვეულებრივი ქალაქური პეიზაჟიდან მკვეთრად იქნება გამორჩეული.

ფილიპ სტარკს მოსკოვში უკვე აქვს რეალიზებული Baccarat-ის ბროლის მუზეუმის, ბუტიკისა და რესტორნის დიზაინი. უჩვეულო არტ-ობიექტის ინტერიერი აღაფრთოვანებს სიურრეალისტური გადაწყვეტით. ბროლის კიბის თავზე ბროლისავე ჭერია, საიდანაც ყურძნის მტევნების მსგავსი ბროლის ჭაღი ბრდღვიალებს. აქ ყოველივე ბრწყინავს, პრიალებს.

სტარკისავე შექმნილია პარიზის Baccarat-ის ინტერიერი, სადაც, როგორც ამბობენ, დიდ სიურრეალისტ მხატვარ სალვადორ დალის უყვარდა სტუმრობა.

ფილიპ სტარკის ერთ-ერთი ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი ნამუშევარია პარიზში, რესტორან “კონგ”-ის ინტერიერი. ავტორმა იგი ლუდოვიკო XVI-ის ეპოქის მოტივებზე შექმნა. ეს ინტერიერი ერთ-ერთ საპატიო ადგილს იკავებს საფრანგეთის დედაქალაქის დიზაინერულ ღირსშესანიშნავ ნაგებობებს შორის.

იუმორის გრძნობა – სტარკის კიდევ ერთი აქცენტია. მისი ნივთები ტექნოლოგიური და საიმედოა, მაგრამ, ამავე დროს, საკუთარი, არცთუ მორჩილი ხასიათი აქვთ. დიზაინი და არქიტექტურა მისი დაუოკებელი შემოქმედებითი ენერგიის მხოლოდ შეხების წერტილია, ხოლო შთაგონების წყარო ყოველთვის ერთია – სიყვარული.

“ერთადერთი ნამდვილი სტილი – ეს თავისუფლებაა”,  – ამბობს დიზაინერი და მუშაობისას ამ ფილოსოფიას არც არასდროს უხვევს. საკუთარი თავისუფლების ჩარჩოები მან დიდი ხნის წინ განსაზღვრა: “არ ითანამშრომლოს იარაღის, ძლიერი ალკოჰოლის და თამბაქოს მწარმოებლებთან, ასევე საეჭვო შემოსავლის წყაროების მქონე რელიგიის სფეროში დაკავებულ კომპანიებთან”.

ფილიპ სტარკი, The Sunday Times-ის ვერსიით – “ყველაზე პატივსაცემი დიზაინერია მსოფლიოში”.

 

 გამოყენებული ინტერნეტ რესურსები:

 

 

 

 

 

 

Mzia Milashvili,

Doctor of Architecture, Professor of GTU

Valeri Mchedlishvili,

Doctor of Architecture, Associate Professor of GTU

 

Top 10 modern architects:

 

Formation of country’s cultural appearance is strongly affected by activities of talented, hard-working people in different fields. Among them are exceptional, brilliant architects who contribute towards building country’s diverse culture.

This report discusses the work of ten greatest modern architects, whose high global rating is achieved by huge contribution in creating world’s architectural heritage, innovative approach and well-deserved recognition.

001207
WordPress Theme built by Shufflehound. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი