მანანა ხელაია,

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა

და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი,

ხელმძღვანელი: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი დავით კობახიძე

 

თოჯინის როლი და ფუნქცია კაცობრიობის კულტურის ისტორიაში

  თოჯინა ოდითგანვე მიიჩნეოდა ადამიანის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მეგზურად და თანამონაწილედ პირველყოფილი საზოგადოებიდან დღემდე.  ის სხვადასხვა ერის სოციალურ-კულტურული, მსოფლმხედველობითი, ნაციონალური თავისებურებების გამომსახველი და იმ კულტურის, იმ ეთნოსის წარმომადგენელია, სადაც ის წარმოიშვა.  მას გააჩნია იმ ხალხებისათვის დამახასიათებელი ქცევა, ხასიათი, ემოციები და გარეგნობაც კი.  თოჯინა მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანთან: ფიზიოლოგიურად, რადგან ადამიანის მსგავსი აგებულება და პროპორციები გაჩნია; ფსიქოლოგიურად, რადგან მისი უშუალო პარტნიორია ყოველგვარ ურთიერთობასა და თამაშში.  მსოფლმხედველობითაც, რადგან რელიგიური ადათ-წესების, რიტუალების ერთ-ერთი ძირითადი მონაწილეა და ამავე დროს მას ადამიანის მფარველისა და დამცველის ფუნქციაც აკისრია.

თოჯინა ადამიანის ოცნებების განხორციელების, მისივე მსგავსი სიმბოლური მოდელია. ადამიანი ცდილობს სამყაროში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას. ზებუნებრივ ძალებთან ჰარმონიულ თანაარსებობას, საკუთარი პიროვნების იდენტიფიცირებას.

თოჯინა საკრალურ მნიშვნელობას იძენს ადამიანის წარმოდგენაში სიკვდილისა და სიცოცხლის შესახებ. ის თითქოს ზღვარზე დგას და ბოლომდე არცერთ მათგანს მიეკუთვნება. მართალია, თოჯინა გარეგნულად ადამიანის  მსგავსია, მაგრამ მაინც მკვდარი სხეულია, რომელსაც სული არ გააჩნია და მხოლოდ ადამიანის წარმოდგენაში ცოცხლობს. ,,თოჯინა – ეს გამოსახულებაა, საგანი, ადამიანის სხეულის ნაწილი, რომელზედაც გადადის ცოცხალი არსების თვისებები, როგორც ზებუნებრივი (ღვთაება, სული), ისევე რეალური (ადამიანი, ცხოველი)”.[1]

უძველეს თოჯინებად ითვლებიან ქვის ფიგურები, რომლებიც ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში არსებობდნენ 24-22 ათასი წლის წინათ ჩვენს ერამდე. მეცნიერები მათ ,,პალეოლითის ვენერებს” უწოდებენ. ყველაზე ცნობილი ვილენდორფის ვენერაა, რომელიც 1908 წელს აღმოაჩინეს ავსტრიაში. ის კირქვისაგანაა გამოკვეთილი, 11 სანტიმეტრისაა და შეღებილია წითელი ფერით. ჰიპერტროფირებული მკერდი და მუცელი მიუთითებს, რომ ის ნაყოფიერების ქალღმერთი იყო. მას არ გააჩნია კიდურები, მაგრამ საოცრად ზუსტად შესრულებული ვარცხნილობითაა წარმოდგენილი. თმები შვიდ რგოლად აქვს შემოხვეული თავზე. ,,შვიდი” როგორც ცნობილია, უძველესი დროიდან საკრალური დანიშნულების რიცხვია.[2]

უძველესი თოჯინები ნანახია ბავშვთა სამარხებში ძველი ეგვიპტის, შუამდინარეთის, საბერძნეთის, რომის ტერიტორიებზე.  ძირითადად ისინი თიხისაგან და ხისაგან არის გამოთლილ-გამოძერწილი, მაგრამ გვხვდება მდიდრული სამარხები, სადაც თოჯინები ტერაკოტისაგან არის დამზადებული. არც ერთ მათგანს არ გააჩნია კიდურები, რადგან ძველი ადამიანის წარმოდგენის მიხედვით, მათ ვერ უნდა მოეხერხებინათ გაქცევა – არ უნდა მიეტოვებინათ პატრონი, რადგან თოჯინას გააჩნდა მფარველის ფუნქცია და დაკავშირებული იყო იმქვეყნიურ სამყაროსთან. 

უძველის დროიდან თოჯინა უზენაესი ღვთაების როლს ასრულებდა. ცეცხლოვანი მიწის მცხოვრებნი, პოლინეზიისა და მალაიზიის კუნძულების წარმომადგენლები, აფრიკის და ინდიელთა ტომების ხალხები თაყვანს სცემდნენ თიხისაგან, ხისაგან, ქვისაგან, ბრინჯაოსაგან გამოკვეთილ რიტუალურ თოჯინა-ტოტემს, რომელთაც განათავსებდნენ სპეციალურად აგებულ სამსხვერპლოში, საპატიო ადგილებზე. მათ ადამიანის ნაკვთების ნაცვლად, უფორმო სახეები ჰქონდათ, ხშირად ფრინველისა და ცხოველის გამოსახულებას წარმოადგენდნენ და ამ ტომის წმინდათაწმინდა არსებებად ითვლებოდნენ. მათთან მიახლოება მხოლოდ ქურუმს შეეძლო, ისიც მხოლოდ და მხოლოდ მის მიერ შესრულებული მსხვერპლშეწირვის შემდეგ. ასეთი თოჯინა-ტოტემის წინ იმართებოდა რელიგიური რიტუალი, რომელშიც მთელი ტომი იყო ჩართული. ხშირად ეს რიტუალი საბრძოლო ხასიათის ცეკვას წარმოადგენდა, რითაც ტომის წევრები ომში გამარჯვებას სთხოვდნენ თავიანთ მფარველ ღვთაებას. ხშირი იყო ბუნებრივი კატაკლიზმებისადმი მიძღვნილი (გვალვა, წყალდიდობადა ა. შ.) რიტუალები, სადაც უძველესი ადამიანები უზენაესი ღვთაებას მფარველობას შესთხოვდნენ.

ტოტემი-თოჯინა თანდათან უფრო მასშტაბური ზომის ხდება და უფრო და უფრო ემსგავსება ადამიანს. ანტიკურ ხანაში, უძველესი ცივილიზაციების – ძველი ეგვიპტის, საბერძნეთისა და რომის პერიოდში დიდი ზომის  რიტუალური თოჯინა-ქანდაკებები ხისაგან ან ქვისაგან ითლებოდა, იღებებოდა და, გარკვეულწილად, მექანიზებულიც იყო. მათ შეეძლოთ თავის დაკვრა, თვალების დახუჭვა-გახელა, კიდურების ამოძრავებაც კი. ასეთი თოჯინა-ქანდაკებებით ქურუმთა ამალა აწყობდა სხვადასხვა მსვლელობას. სპეციალურ ტახტრევანზე დაბრძანებული უზენაესი ღვთაება გამოჰყავდათ ტაძრიდან და იმ მიმართულებით ჩამოატარებდნენ, საითაც ეს ქანდაკება მიუთითებდა. ცნობები მათ შესახებ მოიძებნება ჰეროდოტესთან, ფსევდო-ლუკიანესთან, დიოდორე სიცილიელთან, არისტოტელესთან და სხვა.  მაგალითად, ჰეროდოტე ერთ-ერთ ნაშრომში აღწერდა ეგვიპტურ ღვთაება ოსირისისადმი მიძღვნილ რიტუალს, სადაც  მონაწილეობდნენ მექანიკური ფიგურები, რომლებიც ბუნების ძალებს განასახიერებდნენ.  ფსევდო-ლუკიანე აღწერს ჰელიოპოლისის ტაძარში (ახლანდელი პამუკალე) ნანახ ოქროს ქანდაკებას, რომელიც წინასწარმეტყველებისას იწყებდა მოძრაობას და თუ ქურუმები დაუგვიანებდნენ შეკითხვის დასმას, ის ცახცახებდა და ოფლის წვეთებით ინამებოდა.[3]

ძველ საბერძნეთში განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ დედალოსს, როგორც პირველი მექანიკური ქანდაკების შემქმნელს. მან მოახერხა და კიდურები დააცილა სხეულს, ხოლო თვალის ჭრილს მისცა გამოკვეთილი ფორმა, რის შედეგადაც, ქანდაკების სახე უფრო მეტყველი გახდა, რადგან მას უკვე ,,შეეძლო ხედვა”.

ძველ რომში ქურუმები სხვადასხვა ხერხს მიმართავდნენ, რათა ხალხი დაერწმუნებინათ უზენაესი ღვთაების მარადიულ სიცოცხლესა და ქმედითუნარიანობაში.  მაგალითად, ტიტუს ლივიუსი აღწერს შემთხვევას, როდესაც ღმერთებმა ზურგი აქციეს შემოწირულობებს და ამით ძალიან შეაშინეს ხალხი. [4]

დიდი რიტუალური თოჯინა-ქანდაკებები გამოჰყავდათ რომში ტრიუმფალური მსვლელობის, ან არენაზე თამაშების დაწყების წინ. მდიდრულად მორთული ქანდაკების გვერდით ჩნდებოდნენ სხვადასხვა აფრიკული ვამპირების მსგავსი ქანდაკებები, რომელთაც გაიუს ლუცილიუსმა უწოდა ,,კბილალესილები” (oxуdjntes). მაგალითად, არსებობდა ე.წ. ურჩხული მანდუკი, რომელსაც ადამიანის თავი ჰქონდა და ხალხის წარმოდგენით ბავშვებს ყლაპავდა.[5]

მსგავსი რიტუალური მსვლელობები ქრისტიანული რელიგიის გავრცელების შემდეგაც ეწყობოდა იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და ბრაზილიაში. რომელიმე წმინდანის სახელზე იმართებოდა საზეიმო სვლა, სადაც ამ წმინდანის ქანდაკებას ჩამოატარებდნენ და მსვლელობის მონაწილე ადამიანები იქვე სწირავდნენ მას ყვავილებს, მონეტებს, სამკაულებსაც კი.

დაწყებული საფრანგეთის რევოლუციიდან (1789 წელი), დიდმა თოჯინებმა პოლიტიკური ხასიათი შეიძინეს, როდესაც ქუჩებში პროპაგანდისათვის მათი ლიდერის მსგავსი ფიგურები ჩამოატარეს. ეს პრაქტიკა თანამედროვე პოლიტიკურ მანიფესტაციებშიც მიღებული და საკმაოდ გავრცელებულია.

მექანიკური თოჯინების შექმნა უძველესი დროიდან ასოცირდებოდა ჯადოქრობასა და მაგიასთან, რადგან იმდროინდელი ეპოქის წარმომადგენლებს არ შეეძლოთ ამოეხსნათ და გაეცნობიერებინათ მექანიზმები და კონსტრუქცია, რომელთა შესაქმნელად საკმაო შრომა იყო გაწეული. მექანიზებულმა თოჯინებმა ფართო გავრცელება ჰპოვეს  XIII საუკუნის იაპონიაში. მაგ., მექანიკურ თოჯინა ,,კარაკური-ნინგიოს” შეეძლო სიარული, ჩაის სმა, ისრების სროლა და ფოკუსების ჩვენებაც კი.

 საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XV-ის კარზე პიერ ჟაკე დროს მიერ შექმნილი თოჯინა-ავტომატები წერდნენ, ხატავდნენ, უკრავდნენ კლავესინზე. ევროპაში ცნობილი იყო ვაკანსონის მექანიკური თოჯინები, რომლებიც ცეკვავდნენ და მუზიცირებდნენ.[6] თუმცა, მექანიზებულ თოჯინებზე გაცილებით მეტი სახალხო პოპულარობა მოიპოვა და პრაქტიკულად ჩაანაცვლა თეატრალურმა თოჯინამ, რადგან ის უფრო სხარტი, მეტყველი და გამომსახველი გახლდათ. თეატრალური თოჯინა, იმავდროულად ლაპარაკობდა კიდეც და, ხშირ შემთხვევაში, უბრალო ხალხის გულის ნადებსა და წუხილს ახმოვანებდა. 

იცვლებოდა მასალა, რისგანაც თოჯინა მზადდებოდა. XVII-XVIII საუკუნეში ევროპაში შემოიღეს ცვილის თოჯინები, რომლებსაც სხვადასხვა საღებავით აფერადებდნენ. XIX საუკუნეში ფართო გავრცელება ჰპოვეს ხისა და ქაღალდის – პაპიე-მაშეთი დამზადებულმა თოჯინებმა. XIX საუკუნის 60-იან წლებში აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატში შეიქმნა ცელულოიდი და მისგან დამზადებული თოჯინები პოპულარობით სარგებლობდნენ XX საუკუნის 50-იან წლებამდე. შემდგომ ისინი ჩაანაცვლეს მაღალტექნოლოგიურმა პლასტმასამ და ვინილმა. XX საუკუნის დასაწყისში გერმანელებმა კემმერმა და რეინჰარდტმა შექმნეს პირველი სახასიათო თოჯინა, რითაც საფუძველი ჩაუყარეს რეალისტური სახის თოჯინებს.

თავად ადამიანის დამოკიდებულება თოჯინის მიმართ განსაკუთრებულია. ყოველთვის შეიგრძნობა უცნაური კავშირი. თოჯინა და ადამიანი ავსებენ ერთურთს, წარმოადგენენ შეუთავსებლის შეთავსებადობას – ერთი მხრივ, ცოცხალი, მეორე მხრივ – უსულო მატერია, რომელსაც დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია და მხოლოდ ადამიანის ხელში, ადამიანთან ურთიერთობისას იძენს სიცოცხლეს. თოჯინასათვის ,,მოძრაობის უნარის მინიჭება, როგორც სიცოცხლის ძირითადი ნიშნის, არ წარმოადგენს აუცილებლობას. მთავარია რწმენა, რომ მას გააჩნია საკუთარი შემეცნება, აზროვნება, ნება და გრძნობები”.[7]

უძველესი დროიდან ადამიანები თავად ქმნიდნენ თოჯინებს და მათ სხვადასხვა ფუნქციას ანიჭებდნენ: ავი თვალისაგან და ბოროტი სულისაგან დამცველის, ოჯახის მფარველის, ნაყოფიერების ძალის მომნიჭებლის, მეგობრის, მრჩეველის და სხვა. ამიტომ, არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც -,,თოჯინა წარმოადგენს ადამიანის მეტაფორას”.[8]

თოჯინას დაბადებიდანვე ჩუქნიდნენ პატარას და ის მისი მფარველი ხდებოდა. ძველად თოჯინებს არ უხატავდნენ სახეს, რადგან ფიქრობდნენ რომ  ამგვარად  ავი სული ვერ შეაღწევდა მათში და ვერც ზიანს მიაყენებდა მის პატრონს. თოჯინას ატანდნენ ქალს მზითევში. ასეთი თოჯინა ითვლებოდა ახალშექმნილი ოჯახის მფარველად და მას საგულდაგულოდ უვლიდნენ. თუ ოჯახის მთლიანობას რაიმე დაემუქრებოდა თოჯინას მაშინვე საპატიო ადგილს მიუჩენდნენ და მასთან მიახლოება ყველას ეკრძალებოდა. მცირე ზომის თოჯინებს ატანდნენ ომში მიმავალ მამაკაცებს. იგი ითვლებოდა მათ თილისმად და დამცველად. ყველა თოჯინა იყო უნიკალური, რაგან მზადდებოდა  სპეციალურად კონკრეტული პიროვნებისათვის და, ხშირ შემთხვევაში, მისი პატრონი მთელი ცხოვრების განმავლობაში ინახავდა მას.

თოჯინას საგანმანათლებლო მისიაც ეკისრებოდა, რადგან თოჯინასთან ურთიერთობით სწავლობდნენ ბავშვები გარე სამყაროსთან ურთიერთობას. თოჯინები ჰქონდათ როგორც გოგონებს, ასევე ვაჟებს. ვაჟებში თოჯინებით თამაში აღძრავდა სხვებზე ზრუნვისა და პასუხისმგებლობის გრძნობას, უღვივებდა ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას, რაც შემდგომ, ცოდნის მიღებისაკენ სწრაფვას უწყობდა ხელს. თოჯინისა და გოგონას ურთიერთობა განსაკუთრებული იყო და დღემდე ასეთი რჩება. გოგონასათვის ის პირველი მეგობარი, მესაიდუმლე, მრჩეველია, მისი დარდისა და სიხარულის გამზიარებელი. თოჯინისა და გოგონას კავშირი ეფუძნება ეგზისტენციალურ ასაკობრივ კავშირს. თოჯინა მუდმივია, მისი გარეგნობა, სული და ფუნქცია არ იცვლება, გოგონა კი იზრდება, თუმცა სიყვარული თოჯინის მიმართ არ ქრება. მასთან თამაშით ის კვლავ ბრუნდება, თუნდაც მცირე ხნით, იმ განზომილებაში, სადაც ის და თოჯინა ტოლები იყვნენ. თოჯინა კი ისევ ისე უსმენს და ისე იქცევა, თითქოს გუშინ დაშორდნენ ერთმანეთს. თოჯინა ერთგვარი სარკეა, რომელიც ირეკლავს მისი პატრონის დამოკიდებულებასა და ქცევას.

XIX საუკუნის შუა წლებში ევროპაში გაჩნდა ახალი ლიტერატურული ჟანრი, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ფრანგმა ლუიზა ოლნეიმ (1810-1891) თავისი წიგნით ,,თოჯინის მემუარები”, რომელიც გამოვიდა საფრანგეთში 1839 წელს. მსგავსი შინაარსის წიგნები დაიბეჭდა გერმანიასა და ინგლისში. ყოველი წიგნის ავტორი თოჯინაა, და ყოველ წიგნში მისი თავგადასავალია მოთხრობილი.[9] ყოველი თავსგადახდენილი ამბავი – სხვადასხვა სოციალური ფენის ოჯახებში, სხვადასხვა ზნისა და ხასიათის ბავშვებთან – ცხოვრებისეულ გაკვეთილებს წარმოადგენს. მსგავსი ჟანრის წიგნები განსაკუთრებით გოგონებს ეხმარებოდა ყოფითი ცხოვრებისეული მოვლენების იოლად აღქმაში; თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობაში. თოჯინა, თითქოს ასწავლიდა მათ ქცევის წესებს, მანერებს, უყალიბებდა სტილსა და გემოვნებას, რადგან თავად ყველა სიტუაციაში დახვეწილი და კეთილშობილი რჩებოდა.

 თოჯინა ადამიანში დაბადებიდანვე თამაშის სურვილს აღძრავს. სწორედ თამაშის მეშვეობით ყალიბდება ადამიანის ესთეტური აზროვნება და შეგრძნება, ფორმირდება მისი სულიერი სამყარო, რადგან ,,თოჯინის საიდუმლოებაში წვდომის დროს, ადამიანი მიისწრაფვის თვითშემეცნებისაკენ”.[10]

 

[1] Ковычева  Е. И.,  Кукла в диалоге культур, Ижевск, УдмуртУн-т, 2002, ст. 5

[2]Альварадо Д.,   Куклы вудув магии и ритуале, Глава 2. Куклы и ритуальные изваяния: обзор,  Перевод: Анна Блейз (с), ст.7 – https://www.weavenworld.ru/books/C46/I483  (03/04/2020)

[3] Шарль Маньен, История марионеток в европе с древнейщих времен до наших дней , Артист. Режиссер. Театр, изд. «Канон-Плюс», Москва, 2017, ст.  24-25

[4] იქვე, გვ.  27.

[5] Шарль Маньен, История марионеток в европе с древнейщих времен до наших дней, Артист. Режиссер.Театр, изд. «Канон-Плюс», Москва, 2017, ст.  28

[6] იქვე, 47.

[7]Ковычева  Е. И.  Кукла в диалоге культур, Ижевск, УдмуртУн-т, 2002, .ст. 5

[8] Тереньтева И. Н., «Коммуникация как практика: коммуникативисткая интерпретация куклы и кукольного театра», Вестник НГТУ им. Р. Е. Алексеева, серия «Управление в социальних системах. коммуникативные технологий» N4.  2012, ст. 11.

[9] Костюхина М.  Записки  куклы. Модное воспитание в литературе для  девиц конца XVIII- начало XX века, Новое литературное обозрение. Москва, 2017, ст. 25.

[10] Мальцева Т. Г. «Кукла, как образно-символическая форма в современной визуальой культуре», Гуманитарные и социальние науки, N6.  2011, ст. 116.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • Ковычева Е.И., Куклавдиалогекультур, Ижевск, УдмуртУн-т, 2002;
  • Маньен Ш., История марионеток в европе с древнейщих времен до наших дней, Артист. Режисор. Театр, изд. «Канон-Плюс», Москва, 2017;
  • Тереньтева И. Н., Коммуникация как практика: коммуникативисткая интерпретация куклы и кукольного театра», Вестник НГТУ им. Р. Е. Алексеева, серия «Управление в социальних системах. коммуникативные технологий» N 2012;
  • Костюхина М., Записки  куклы. Модное воспитание в литературе для  девиц конца XVIII- начало XX века, Новое литературное обозрение. Москва, 2017;
  • Мальцева Т. Г., «Кукла, как образно-символическая форма в современной визуальой культуре», Гуманитарные и социальние науки, N 2011;
  • Альварадо Д., Куклывудувмагии и ритуале, Глава 2. Куклы и ритуальные изваяния: обзор, Перевод: Анна Блейз (с)  https://www.weavenworld.ru/books/C46/I483 (03/04/2020).

 

 

Manana Khelaia,

Shota Rustaveli Theatre and Film Georgia State University

PhD. Student

Head of. Prof. Davit Kobakhidze

 

The role and function of the doll in the history of human culture

 

The doll is an integral part of the culture of humanity. It has long been perceived as a human being’s life and is closely related to him:

Physiologically, because he has a similar structure and proportion to human being;psychologically, because his immediate partner in every relationship and game in the world, as one of the main participants of the customs, rituals, and the function of the protector and the defender.

The doll takes the sacred significance of the death and life of a human being, but it does not belong to any of them.

It is true that the doll is like a human, but it is still a dead thing that has no soul.

The doll has a multifunctional work: Ontology – is a symbolic model of the socio-cultural, outlandish, nationalistic features of different people, a model of arrangement of the world, where the person tries to establish their place, harmonious coexistence with supernatural forces and the future life Heb; Ritual – where the doll performs the role of the Supreme Deity, which manages the life of people on earth; Protective – The doll protects people from birth to death and protects it in any situation – whether it is natural cataclysms, a ghost or an accident; Didactic – gnosiological – By the puppet, from ancient times, the child is accustomed to Ann everyday environment, relationships. The game was shaped by the thinking of the child, the view, the skill and the ability to discern good. The doll stimulates curiosity in the child, curiosity, promotes the development and development of his creative skills. As a permanent companion of human life, a child from childhood gave him some knowledge that he would later extend himself throughout life.

001207
WordPress Theme built by Shufflehound. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი