გვანცა კორტავა,

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლიტერატურათმცოდნეობის სპეციალობის დოქტორანტი.

ხელმძღვანელები: პროფ. ელგუჯა მაკარაძე,

პროფ. ლელა ოჩიაური

ქართული იგავარაკი ანიმაციურ კინოში

ქართული ანიმაცია დღეს კვლავ გასაჭირშია. დარგში უამრავი გადაუჭრელი პრობლემაა. შემოქმედებითი პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს. უმთავრესი მიზეზი – მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სიმწირე და უკიდურესად მცირე ბიუჯეტია. სხვა ხელისშემშლელი ფაქტორებიც არსებობს.

ქართული ანიმაციური ფილმების უმცირესი ნაწილის ნახვა დღეს ინტერნეტის საშუალებით არის შესაძლებელი და, იშვიათად, ტელევიზიითაც. მაგრამ ეს, ძირითადად, ის პროდუქციაა, რომელსაც სხვადასხვა თაობის მაყურებელი უკვე კარგად იცნობს.

არ მახსენდება კინოთეატრებში (თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მთელ ქვეყანაში, კინოთეატრების რიცხვიც მეტად შეზღუდულია) ახალი (თუნდაც, კლასიკადმიჩნეული) ქართული ანიმაციური ფილმის ჩვენება.

გამონაკლისი ბათუმის ანიმაციური კინოს ფესტივალი “თოფუზი” და ნიქოზის ეპარქიაში, მეუფე ისაიას დაარსებული – “ნიქოზია”, რომელთა ფარგლებშიც, უცხოურთან ერთად, ქართულ ფილმებსაც აჩვენებენ. თუმცა, ეს მაინც ფესტივალებია, რომლებზე დასწრების შესაძლებლობაც, ისიც, წელიწადში ერთხელ, ძალიან ცოტას აქვს.

სერიოზული პრობლემაა ზოგადად მაყურებლის არარსებობაც და ზრდასრული ადამიანების პასიური ინტერესი კინოს ერთ-ერთი გამორჩეული და თანამედროვე, ტექნიკური თუ შემოქმედებითი შესაძლებლობების ფართო სპექტრის მიმართულების მიმართ.

პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში დღეს არ არსებობს აქტიურად მოქმედი კინოკომპანიები, რომლებიც ანიმაციურ ფილმებს ინტენსიურად აწარმოებენ, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ პატარ-პატარა კერძო სტუდიებს. ამჟამად ქვეყანში რამდენიმე დამოუკიდებელი გაერთიანება მოქმედებს, მათ შორის: “კვალი XXI”, “ლირა პროდაქშენი”, “მი-ფა-სი ფილმი”, “ქართული ანიმაციის სტუდია”, “გფმ სტუდია”, ხულოში არსებული პატარა სტუდია, არასამთავრობო ორგანიზაცია “ნეო ჯგუფი” (რომლის მიზანია ქართული ანიმაციის განვითარება) და სხვა.

საქმეს ისიც ართულებს, რომ საქართველოში არ არსებობს საპროდუსერო სკოლა (ანიმაციის მიმართულებით სულ რამდენიმე პროდუსერი საქმიანობს), სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოხერხდა ისეთი მძლავრი, სრულფასოვნადაღჭურვილი სტუდიის შექმნა, რომელიც ნიჭიერ მულტიპლიკატორებს ერთ გუნდად შეკრავს. ამას აღნიშნავს კინომცოდნე ქეთევან ჯანელიძე (რომელიც, ამასთან, ანიმაციური კინოს პროდუსინგითაცაა დაკავებული):  “აუცილებელია შეიქმნას სტუდია, სადაც პროფესიონალებთან ერთად მუშაობას შეძლებენ დებიუტანტები, რაც კვლავ აღადგენს შემომქმედებით ხაზს, მოხდება გამოცდილების გაზიარება და ხელს შეუწყობს ამ დარგის განვითარებას. ამავე დროს, ამ თანამედროვე სტუდიით ისარგებლებენ უცხოელი რეჟისორებიც, რაც ხელს შეუწყობს ქართველი ანიმატორების დასაქმებას, ინტეგრაციას მსოფლიო სივრცეში, გაიზრდება ერთობლივი პროდუქციების წილი. დაცული იქნება საავტორო უფლებები”.[1]

1990-იანი წლების კრიზისის, ხანგრძლივი საწარმოო პაუზისა და თანმდევი წინააღმდეგობების, უამრავი პრობლემის მიუხედავად, 2000 წლის შემდეგ, ქართველმა რეჟისორებმა მაინც მოახერხეს საკმაო რაოდენობის, მეტ-ნაკლებად მხატვრული ხარისხის ანიმაციური ფილმების გადაღება, რომელთა ნაწილმაც წარმატება მოიპოვა საერთაშორისო ფესტივალებსა თუ ფორუმებზე. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული პროდუქციის მსოფლიო კინობაზარზე გატანის, დისტრიბუციის სფეროც მოსაწესრიგებელია. ეს კი აუცილებელია ეროვნული ანიმაციის განვითარებისა და წინსვლისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქართული კინოს მსოფლიო სივრცეში ინტეგრაციასა და უცხოელი პარტნიორების  დაინტერესებას.

კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა კინოგადაღებების სფეროში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში,  დიდი როლი ითამაშა ქართული ანიმაციის ამოქმედებასა და წინსვლაში. შეავსო აუცილებელი და არარსებული კინოსტუდიების სიცარიელე. ფაქტობრივად, შეასრულა მინი მულტისტუდიის ფუნქცია.

რაც შეეხება თანამედროვე ქართულ ანიმაციაში ქართული ნაწარმოებების ეკრანიზაციის საკითხს (რაც დასაბამიდან და ყოველთვის იყო ქართული ანიმაციის მთავარი თემა და საფუძველი და პირველ რიგში,  ამითაც იწვევდა მსოფლიო კინოსაზოგადოების ყურადღებას), ის, ფაქტობრივად, არ არსებობს. თუ არ ჩავთვლით ცალკეულ და იშვიათ შემთხვევებს.

ამ კუთხით საყურადღებოა 2008 წელს, პროდუსერ ზურაბ დიასამიძის ხელმძღვანელობით, სტუდიაში “მი-ფა-სი” შექმნილი საბავშვო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი “ლეგენდა ღვინოზე”, რომლის რეჟისორია საქართველოს შოთა რუსთაველის  თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არაერთი ანიმაციის ავტორი, ქართული ანიმაციის თანამედროვე ფორმებისა და გეზის ერთ-ერთი დამმკვიდრებელთაგანი ლადო სულაქველიძე.

ანიმაცია “ლეგენდა ღვინოზე” ქართული არაკის -”როგორ გაჩნდა ღვინო” – მიხედვით გადაიღეს. ფილმი ერთი მთხრობელის გადმოცემული ტექსტით შემოიფარგლება, რომელიც სიუჟეტის მსვლელობას გასდევს. საგნებისა და პერსონაჟების მოძრაობა, შეიძლება ითქვას, შეზღუდულია. პერსონაჟები არ მეტყველებენ. აქცენტი გამოსახულების სტატიკურ, გრაფიკულ, სტილიზებულ ფორმებსა და ნახატის, კონტურის პლასტიკაზე კეთდება.

“იგავი, როგორც ცნობილია, მოცულობით პატარა ფორმაა, მაგრამ ძალიან გამომსახველი და მრავალშრიანი, რომელიც გამორიცხავს მაყურებელზე ყოველგვარ ძალდატანებას (შინაარსის დონეზეც კი) და იწყობა რაიმე სახის აკვიატებული განსაზღვრებების, სტანდარტული ჩარჩოების გარეშე. ის არღვევს სტერეოტიპებს, თუმცა, მათგან დისტანცირების პარალელურად, გარკვეულ სქემებსა და ნორმებს ინარჩუნებს,  ჟანრის კანონის ფარგლებში.

თანამედროვე იგავი ფორმას კიდევ უფრო თავისუფლად უდგება. ამავე დროს, ის შეიძლება მოექცეს კომედიის, ტრაგიკომედიის, დრამის, საშინელებათა ფილმის, დეტექტივის, მელოდრამისა და ა.შ. მოკლედ, ნებისმიერი ჟანრისა თუ ქვეჟანრის განზომილებაში. და “მსუბუქ ჟანრებში” გამოხატვის მიუხედავადაც კი, არ დაკარგოს არც სიმძაფრე და არც პირველადი მნიშვნელობა.

კინოიგავში ყოველთვის იქმნება გარკვეული სიმბოლური ატმოსფერო, ხშირად, სამყაროს ძალიან რეალურ საზღვრებში და ამ პირობით კავშირში ყველაფერი სიმბოლოებისა და მეტაფორების საშუალებით გადმოიცემა.

იგავი ხშირად მოულოდნელი შედეგით სრულდება ან პროცესში ახალ მოულოდნელ მიმართულებას იძენს. ამავე დროს, გარკვეულ პუნქტამდე, მოვლენათა განვითარების მნიშვნელოვან, გარდამტეხ ეტაპამდე ყველაფერი მშვიდად, განსაკუთრებული ზიგზაგებისა და მკვეთრი გარდასახვების (გადახვევების) გარეშე მიდის.

ხშირად სიუჟეტს, პერსონაჟებს ტიპური და განზოგადებული ხასიათები აქვთ. იქმნება ატმოსფერო, რომელიც პირობითი და ქვეტექსტური არსისა და მნიშვნელობის შემცველია. თან  შეიცავს გზავნილთა სისტემას მაყურებლისკენ და განსაკუთრებული ავტორისეული პოზიცია გააჩნია. ის მიანიშნებს, მაგრამ ბოლომდე არ იძლევა განმარტებას. აქვს ფარული აზრი, რომელიც სიმბოლოთა სისტემით გადმოიცემა. არ ძალადობს  მაყურებელზე და ახსნის საკუთარ პირობას სთავაზობს”. [2]

ხალხურ არაკში კაცი ღვინის დამზადებამდე ყურძნის წვენს ხალხს ასინჯებს და დარჩენილს კოკებში ინახავს. რეჟისორი არ აჩვენებს ყურძნის წვენის დალევით კმაყოფილ ადამიანებს. მან შეამცირა პერსონაჟების რაოდენობა და მხოლოდ მთავარი მოქმედი გმირი დატოვა. იგავ-არაკის მსგავსად, სწორედ მისგან ვიგებთ ღვინის აღმოჩენისა და დამზადების საიდუმლოებას. მთავარი პერსონაჟი დასაწყისშივე გვამცნობს თავის ქართველობას. მას ჩვენთვის კარგად ნაცნობი, “სპეციფიკური ქართული” ულვაში და უწყინარი სახის გამომეტყველება აქვს. ღარიბი კაცის იმიჯს ავტორი ტანის მოცულობასა და საქმიანობაში გამოხატავს. მამლის ყივილის ფონზე ვხედავთ გამხდარ გლეხს, რომელიც ფიზიკურად მუშაობს. მისი ხელები, თითქოს შრომისგან გალეულა. უზარმაზარ ქვებს ეჭიდება, რათა კედელი ააშენოს.

აღსანიშნავია ფონი – ლურჯისა და მწვანე ფერის, ერთი შეხედვით, მარტივი კომბინაცია, რომელიც მოწმენდილი ცისა და აბიბინებული მდელოს გასაოცარ შთაბეჭდილებას ქმნის. ფონი მოკლებულია ყოველგვარ სხვა დეტალს, რაც, ვფიქრობ, ცენტრალურ ფიგურად აქცევს ღარიბ კაცს. წამით ვხედავთ მამალს, ღორსა და კონტურული ნახატით შესრულებულ მგალობელ ფრინველს, რომლებიც სოფელში გვაგრძნობინებენ თავს.

თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა პერსონაჟი უფრო “რეალურად” მოგვაჩვენოს და “გაანამდვილოს”, ადგილს, “ტრადიციულ”, ორგანზომილებიან, ნახატ ანიმაციას უთმობს. ვიზუალური თხრობაც, რომელიც მაყურებელს უქმნის გმირების მომდევნო ქმედების მოლოდინს, არ შეინიშნება.

საყურადღებოა, რომ ტექსტში ავტორი ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა მიღმა არსებული საგნებითა და მოვლენებით არც მკითხველი  ინტერესდება; რის გარეშეც წარმოუდგენლად არამეტყველი და ღატაკი იქნებოდა ლიტერატურული თხრობა.

კინოში ცნობილი და მიღებული ხერხია, რომ ამბის ეკრანზე გადატანის დროს ძირითადი საგნებისა და მოვლენების გარდა, უმნიშვნელო დეტალებიც უნდა გამოისახოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ ვნახავთ დასრულებულ კომპოზიციას, ქმედებისა და მოვლენის ფორმაში მოქცეულ სრულფასოვან სახეს. თან ეს ისე უნდა მოხდეს, რომ მთავარმა გმირმა ან მოვლენამ მნიშვნელობა არ დაკარგონ.

იგავ-არაკში არაფერია ნათქვამი მშენებლობაზე, ეს მოვლენა რეჟისორმა დაამატა. ჩემი აზრით, ამგვარი გადაწყვეტით ხაზი გაესვა მთავარი გმირის შრომისმოყვარეობას, ხელმარჯვეობას და იმ თავისებურებების “ჩამონათვალს”, რომლის მიზანიც ღვინის კულტურის წარმოჩენაა.

“იგავი არის მოკლე ალეგორიული მოთხრობა, რომელიც მკითხველს ზნეობრივ-დამრიგებლურ დასკვნას სთავაზობს. იგავის მეშვეობით ადამიანი გადაკვრით, ნართაულად, ქარაგმულად ამბობს თავის სათქმელს. იგავი მხოლოდ გონებასა და ჭკუაზე კი არ მოქმედებს, არამედ მსმენელის გულსა და წარმოსახვაზეც. ცოცხალი იგავური სახეები ნათქვამსაც უფრო მეტ გამომსახველობას სძენს”.[3]

ჩიტი მადიანად კენკავს ყურძნის მარცვლებს. ამ დროს მთხრობელი იწყებს ყურძნის, როგორც კულტურული ძეგლის, თვისების შემთხვევით აღმოჩენის ისტორიას. კადრში ვხედავთ ღარიბ კაცს, რომელიც ვაზს რგავს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ პერსონაჟის ტანი არ ჰგავს ადამიანის სხეულის აგებულებას. ის პირობითია, ბოძივით სწორი. არც მუცელი, არც მკერდი, არც კისერი არ გამოიყოფა, მაგრამ მაინც ადამიანურობის აღქმას იწვევს.

ავტორმა მოახერხა, ტექნოლოგიების ეპოქაში უბრალო შტრიხებით ისე გამოესახა პერსონაჟი, რომ მომხიბვლელობა არ დაეკარგა. გრძელი და გამხდარი მკლავები, ნაკლებად მოქნილი ტანი, გაუბედავი მოძრაობები სითბოსა და სიყვარულს იწვევენ. მაყურებელი თითქოს პატივისცემის გრძნობითაც ივსება მშრომელი გლეხკაცის მიმართ.

“ქართველმა ხალხმა ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გადაარჩინა არა მხოლოდ საკუთარი სხეული, მან ამ ბრძოლითვე შეინარჩუნა და დღემდე მოიტანა საკუთარი სახე, თავისი სულიერი რაობა. იმ დიდ წარღვნებს გადარჩენილი საუნჯის დღევანდელ პირობებში დათმობა, სხვა რომ არ იყოს, სრული ბედოვლათობა იქნებოდა”.[4]

საინტერესოა ასევე ყურძნის დაწურვის ეპიზოდი, რომელიც ქართული მელოდიისა და დოლის დარტყმების ფონზე მიმდინარეობს. ეს სცენა ყველაზე დინამიკურია ფილმში. მთავარი გმირიც – უფრო მოქნილი და მხიარული ხდება. ის ქართული ცეკვის ილეთებს იყენებს ყურძნის დაწურვისას, რაც ორგანულს ხდის გამოსახულებას, ხმოვან რიგსა და იდეას, მხატვრული გამომსახველობის თვალსაზრისითაც.

არაკში არაფერია ნათქვამი დაწურვის პროცესზე, თუმცა ფილმის შემქმნელებმა, მთავარი გმირის ეროვნულობის წინ წამოწევის მიზნით, შთამბეჭდავად გამოიყენეს ქართული მუსიკა და ქორეოგრაფიული ელემენტები. ამით გამოიკვეთა არა მხოლოდ გმირის ქართველობა, არამედ ღვინის დამზადების პროცესში ქართული სულის არსებობა და აუცილებლობა.

ღარიბი კაცი ოსტატურად ამოძრავებს ხელებს, რაც, უდავოდ, ქართული ნაციონალური ცეკვის ილუსტრირებაა. სახეც თითქოს უღიმის. იმის მიუხედავად, რომ პირი გამოხატული არ აქვს და სხვა დეტალს მოკლებული სახე მთავარი გმირის ემოციებს ზუსტად გამოსახავს.

აღსანიშნავია, ყურძნის მტევანი და კაშკაშა მზე, რაც ბავშვის ნახატს წააგავს. ვფიქრობ, მათი ამგვარი გამოსახვა უფრო ზღაპრულს ხდის სურათს.

მთლიანად ანიმაცია გადაწყვეტილია საოცრად ნათელ და მკვეთრ ფერებში. ყვითელი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და კიდევ უამრავი ლამაზი ფერი ქმნის თბილს და მშვიდ განწყობას. ყოველივე ამას ყურძნის ჭყლეტის ხმა ემატება, რომელიც უფრო რეალურად აქცევს პროცესს. სიძველის ეფექტს გვიქმნის ყურძნის წვენის შესანახად გამოყენებული გოგრები, რომლებიც არაკში კოკებად მოიხსენიება.

ანიმაციის გამორჩეული ნიშანი, რომელიც ყველაზე უფრო ახლოსაა ნამდვილთან,  ყურძნის ფოთლების შრიალია. ის აშკარად წააგავს ნამდვილი ფოთლების ბუნებრივ შრიალს.

არაკის პერსონაჟები სადღეგრძელოებით გვიყვებიან ღვინის თვისებების შესახებ, რომელიც სხვადასხვა რაოდენობის მიღების შემთხვევაში, სხვადასხვანაირად მოქმედებს მსმელზე.

ფილმში ავტორებმა მარტივი და ლოგიკური გადაწყვეტა იპოვეს. ღვინის შესმის შემდეგ მთავარ გმირს სახე უწითლდება, ბულბული ერთ ჭიქას სვამს და გალობას იწყებს, მამალი ცოტა მეტს მიიღებს და იფოფრება, მსუნაგი ღორი კი ბევრს შესვამს და ტალახში ამოისვრება.

ზვიად გამსახურდია აღნიშნავს: “მითოსის თვითოეულ სიმბოლოსა და ალეგორიას სპეციფიური ისტორია აქვს. ალეგორია (“სხვა რამის თქმა”) ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს არა მხოლოდ იგავურ მეტყველებას, არამედ საერთოდ, მეტაფორულ, ხატოვან მეტყველებასაც. კვინტილიანესეული განმარტებით, იგი არის “მეტაფორა კონტინუატა”, ე.ი. განგრძობილი მეტაფორა. სიტყვა “სიმბოლოც” ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს ნიშს, ხატს, სახეს, აგრეთვე იგავურ გამოთქმას, გარკვეული იდეის გამომეტყველს. ამდენად, ეს ორივე ცნება, შეიძლება ითქვას, რომ განუყოფელია, როგორც მითოსისგან, ასევე პოეზიისგან. ამრიგად… ანტიურობაში ალეგორია განიმარტებოდა, როგორც განგრძნობილი მეტაფორა, მეტაფორთა ჯაჭვი, რომელშიც სიტყვები მათი ჩვეული მნიშვნელობით როდი იხმარება, არამედ იმ მნიშვნელობით, რომელიც ავტორმა ჩადო მასში”.[5]

არაკში ნახსენებია მელია, რომელიც ფილმის პერსონაჟებს შორის არ გვხვდება. არც ეს უნდა იყოს შემთხვევითი. ზღაპრებში მელია ცბიერების სიმბოლოა. მისი თვისებები ალეგორიულად, ტყუილთან ასოცირდება. ამიტომ, ვფიქრობ, ლადო სულაქველიძემ სწორად ჩაანაცვლა მელია კაცით. დიდი რაოდენობით ღვინო ადამიანზე სწორედ ასე მოქმედებს – სახეს უწითლებს და ვფიქრობ, უფრო მართებული იყო, მთავარი გმირის მეშვეობით ეჩვენებინათ ღვინის ეს თვისება. სწორად მიგნებულმა გამომსახველობითმა ხერხმა სათქმელი ოსტატურად და ლაკონურად გადმოსცა.

ჩემი აზრით, ეს მოკლემეტრაჟიანი და თითქოს მარტივად შესრულებული ანიმაცია მრავლისმთქმელი და წმინდა ეროვნული შტრიხების მატარებელია, რომელიც ყველას აცნობს ჩვენს კულტურასა და წარსულს.

რამდენიმეწუთიან ფილმში მკაფიოდ ჩანს ქართული სული. ხასიათი. ისტორია თუ ღვინის კულტურის მახასიათებლები. ღარიბი გლეხი კი ქართველი კაცის  შთამბეჭდავი სახეა.

ლადო სულაქველიძის “ლეგენდა ღვინოზე” ქართული თემატიკით გაჯერებული ნამუშევარია. ვფიქრობ, გმირის ტრანსფერი ზღაპრიდან ანიმაციაში შედგა. რეჟისორმა  შეინარჩუნა ზღაპრის იდეური მოტივები და ცალკეული დეტალები საკუთარი ფანტაზიით გაამდიდრა. კარგი იქნება, თუ თანამედროვე რეჟისორები და სცენარისტები სწორედ ქართული თემატიკით დაინტერესდებიან და ნამდვილ ქართულ სახეებს შექმნიან.

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  • გურამ ასათიანი, საუკუნის პოეტები, თბ., “მერანი”, 1988;
  • ზვიად გამსახურდია, ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება, თბ., “მეცნიერება”, 1991;
  • ნანა კვაჭაძე, ინტერვიუ ქეთევან ჯანელიძესთან, სად არის ქართული ანიმაციური კინო,  გაზეთი “ბათუმელები”, 26.06.2014, https://netgazeti.ge/culture/32962/
  • ლელა ოჩიაური, იგავში დაბრუნება – უახლესი ქართული კინოს ერთი ძველი “განახლებული” ტენდენციის გარშემო, 09. 11. 2017,
    http://www.gnfc.ge/geo/25years-in/35
  • ლელა ჩხარტიშვილი, საუბარი მარიამ ღლონტთა, იგავი – სახარების სამკაული, 06.08.2009,
    http://karibche.ambebi.ge/qristianuli-ckhovreba/qristianuli-khelovneba/4509-igavi-sakharebis-samkauli.html


[1] კვაჭაძე ნ., ინტერვიუ ქეთევან ჯანელიძესთან, სად არის ქართული ანიმაციური კინო,  გაზეთი „ბათუმელები“, 26.06.2014, https://netgazeti.ge/culture/32962/

[2] ოჩიაური ლ., იგავში დაბრუნება – უახლესი ქართული კინოს ერთი ძველი „განახლებული~ ტენდენციის გარშემო,  09.11. 2017, http://www.gnfc.ge/geo/25years-in/35

[3] გამსახურდია ზ., ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება, თბ., „მეცნიერება“, 1991, გვ. 22.

[4] ასათიანი გ., საუკუნის პოეტები, თბ., „მერანი“, 1988, გვ. 462.

[5] ჩხარტიშვილი ლ., საუბარი მარიამ ღლონტთა, იგავი – სახარების სამკაული, 06.08.2009,

http://karibche.ambebi.ge/qristianuli-ckhovreba/qristianuli-khelovneba/4509-igavi-sakharebis-samkauli.html

 

Gvantsa Kortava,

Batumi Shota Rustaveli State University

Faculty of Humanities

Specialty: Literature studies

Head of: Prof. Elguja Makaradze, Prof. Lela Ochiauri

 

Georgian parables in animation movies

 

Summary

 

It is a well-known and accepted way in cinematography that minor details, other than the main things and events, should be displayed on the screen, otherwise we will not find the finished composition, the full form of action and event. This must be done so that the main character or event does not lose its significance.

The director added many details to the fable. In my opinion, such a decision emphasized the importance of the main character, diligence, craftsmanship and a “list” of features that are meant to manifest the wine culture.

The aim of the works is to determine how the tale is transferred from prose to screen. Specifically, whether the concept of the tale in animation was retained, what was changed in the screenplay, what the cartoon creator added and how the animator managed to move the main character into the screen space.

000802
WordPress Theme built by Shufflehound. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი