თამარ ცაგარელი,

თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი,

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს

სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

 

კათარზისივნებათა გადალახვა თუ თვითშემეცნება?!

 

ხელოვნებაში, ლიტერატურასა თუ რელიგიაში ან თუნდაც მედიცინაში, განსაკუთრებით ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიაში გამოყენებული ტერმინი კათარზისი ბერძნული სიტყვაა – Katharsis და განწმენდას ნიშნავს. კათარზისის თეორიები საუკუნეების მანძილზე ფორმირდებოდნენ და მათ მნიშვნელობაზე ეპოქებისა თუ მიმდინარეობების განვითარების სხვადასხვა ეტაპი მიგვანიშნებს.  თუმცა, კათარზისის პოლიფუნქციონირების გამო, არსებობს ამ ტერმინის სხვადასხვა, ხშირად ურთიერთსაპირისპირო განმარტება, რომელთაგან მნიშვნელოვანია:

“ა. რაციონალისტური: ინტელექტის შემწეობით ტრაგიკული მოვლენის გააზრება და ამ გზით ფსიქიკის განწმენდა უარყოფითი დანაშევრებისაგან.

ბ. ეთიკური: ტრაგედიის გმირებთან ერთად ტანჯვის გზის გავლა და ამაღლებული განცდებით სულის გაკეთილშობილება.

გ. სამედიცინო, რომლის მიხედვით კათარზისს იწვევს ფიქსირებული უარყოფითი ემოციისგან ადამიანის ფსიქიკის გათავისუფლება, ფსიქოთერაპიული განტვირთვა.

დ. რელიგიური, რომლის მიხედვით კათარზისს იწვევს საკაცობრიო ერთიანობის განცდა”.[1]

როგორც ცნობილია, ანტიკური ესთეტიკა ჩვენს ერამდე VI ს. იქმნებოდა და უმაღლეს განხორციელებას V-IV საუკუნეებში მიაღწია. მის ადრეულ წარმომადგენლებად ჰერაკლიტეს, პითაგორასა და, დემოკრიტეს ასახელებენ. სწორედ, ამ პერიოდს უკავშირებენ ამ სიტყვის  დაბადება/ჩამოყალიბებას და შესაბამისად, აღნიშნული ტერმინი და მისი ცნება ფართოდ იყო გავრცელებული ანტიკური ხანის როგორც ფილოსოფიაში, ასევე მედიცინაში, ესთეტიკასა და თეორიულ ნაშრომებშიც, რომლებიც განიხილავდა ლიტერატურას, მხატვრობასა და სათეატრო ხელოვნებას. ამ ტერმინის ჩამოყალიბებისა და საზოგადოებრივ სივრცეში მის გამოყენებას თავიდანვე მოჰყვა კონფლიქტი და კამათი, თუ რომელი სამეცნიერო სფეროს კუთვნილება იყო და როგორი შინაარსობრივი დატვირთვით უნდა გამოეყენებინათ ის.

“დღესაც გრძელდება კამათი იმის შესახებ, რას ნიშნავს სინამდვილეში სიტყვა კათარზისი, მაგრამ მგონია, დაპირისპირებული მხარეები ერთ რაღაცაში უნდა შეთანხმდნენ – არისტოტელე უარყოფს წარმოდგენას, რომლის მიხედვით ჩვენ დავემსგავსებით ნერვების “გუნდას”… იგი ფორმულირებას უკეთებს სულ სხვა დასკვნას: ტრაგედია არა მხოლოდ აღძრავს აღელვებას, არამედ გვათავისუფლებს ამ აღელვებისაგან”[2] –  წერს ერიკ ბენტლი.

აგრეთვე, ანტიკურ ეპოქაში, ტერმინი გამოიყენებოდა, როგორც მშვენიერების ობიექტურ პირობად კოსმიური, სოციალური და ანთროპოლოგიური (სამყაროს, საზოგადოებისა და ადამიანის შინაგან) წესრიგის, სიმწყობრისა და ჰარმონიის აღიარებისთვის (დემოკრიტე), ასევე, ხელოვნებაში, კონკრეტულად კი, მუსიკაში. პითაგორა მიიჩნევდა, რომ მუსიკა, ესაა კათარზისის უმძლავრესი საშუალება. სწორედ კოსმიური მუსიკის, ხელოვნების ამ პირველადი “მოდელის” ან პირველსახის მიბაძვასა და აჟღერებას ცდილობს საკუთარი მხატვრული შემოქმედებით ადამიანი და ამ მცდელობით არამიწიერ წესრიგსა და ჰარმონიას ეზიარება. ამიტომაც პითაგორა მუსიკას (როგორც ხელოვნებათაგან გამორჩეულს) უნიკალურ, სხვა “სამყაროსეულ” მნიშვნელობას მიაწერს; მუსიკა კათარზისისეული ზემოქმედების მქონეა; მუსიკა ადამიანს მიწიერ და მავნე ვნებათაგან განწმენდს. პითაგორა იყო ერთ-ერთი პირველი, რომლის სკოლაშიც  მუსიკა (ქნარზე შესრულებული მელოდია) თერაპიული მიზნებისთვის იქნა გამოყენებული. პითაგორელები ნებისმიერი დაავადების მიზეზს ადამიანის შინაგანი ჰარმონიისა და წესრიგის რღვევაში ხედავდნენ და მის აღდგენას შესაბამისი მუსიკის გამოყენებით ცდილობდნენ. არსებობს ლეგენდა, რომ დიდი პითაგორა წინდაწინ სწავლობდა პაციენტს (“დიაგნოზს” სვამდა მისი პიროვნების შესწავლის საფუძველზე), შემდეგ საგანგებოდ მისთვის წერდა მუსიკას (სულიერი თუ ფიზიკური სენის თავისებურებათა გათვალისწინებით) და ბოლოს, ქნარზე უსრულებდა. პოთაგორას მიერ მიკვლეული თერაპიული მეთოდი დღეს აქტიურად გამოიყენება თანამედროვე მუსიკა-თერაპიაში, თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული სახეცვლილებით. თუკი ჰერაკლიტე ცეცხლის განმწმენდ-მაკათარზისებელ ძალაზე მიუთითებდა, პითაგორას ასეთად მუსიკა, მუსიკის ესთეტიკური ცეცხლი ესახება. როგორც ვხედავთ, ვნებათაგან განწმენდისა (კათარზისის) და ასევე, მიბაძვა-მიმეზისის[3] იდეებს ჯერ კიდევ პითაგორას ესთეტიკა გვთავაზობს. ეს იდეები საუკუნეთა მანძილზე ცვლილებებს განიცდიდა, თუმცა მათი არსი ფაქტობრივად უცვლელი რჩებოდა. კვინტილიანეს (II-III ს.) გაგებით, კულტურის დაბალ საფეხურებზე შვებასა და სიამოვნებას მხოლოდ შესაბამისი აქტიური მოქმედება – სიმღერა და ცეკვა იწვევს, ანუ კათარზისი მხოლოდ აქტიორის, შემოქმედის “ბედნიერი” ხვედრია. კულტურული და ინტელექტუალური განვითარების მაღალ დონეზე კი სასიამოვნო შვება (ასე ესმის ავტორს კათარზისის არსი) მსმენელისა თუ მკითხველ/მაყურებლისთვის (რეციპიენტისთვისაც) ხდება დამახასიათებელი.

როგორც ცნობილია,  არისტოტელეს მოძღვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კათარზისის იდეას. თუ პლატონთან კათარზისში სულის იმ გრძნობად (სხეულებრივი ან მატერიალური) განცდებისგან განწმენდა იგულისხმებოდა, რომლებიც იდეათა მშვენიერებას აკნინებენ და მათში ხინჯი შეაქვთ. საგულისხმოა, რომ ფილოსოფოსი კათარზისის ფენომენს ხელოვნებისგან დამოუკიდებლად იხილავს და მასში ადამიანის სულის თვით-კონცენტრაციის ან სულის სხეულისგან “დამოუკიდებლად არსებობის”  უნარს ხედავს. არისტოტელე კათარზის სწორედ ხელოვნების ზემოქმედების არსად და კვინტესენციად კვინტესენცია – ანტიკურ და შუა საუკუნეების სქოლასტიკურ ფილოსოფიაში: რაღაც მეხუთე ელემენტი, სტიქია, რომელიც უპირისპირდებოდა დანარჩენ ელემენტებს (წყალს, მიწას, ცეცხლსა და ჰაერს) და ითვლებოდა ნივთთა არსად) მიიჩნევს. “პოლიტიკის” და “პოეტიკის” (სადაც გამოყენებული და განხილული აქვს აღნიშნული ტერმინი) ავტორი აღნიშნავს, რომ მუსიკის ზემოქმედებით აღიძვრის ძლიერი აფექტები (სიბრალული, შიში, ენთუზიაზმი), რასაც ამ აფექტთაგან განწმენდა (კათარზისი) ან სასიამოვნო განმუხტვა (ნეტარი შვება) მოსდევს. სასცენო წარმოდგენისგან დამოუკიდებლადაც ფაბულამ (იგულისხმება ტრაგედია, როგორც ხელოვნების “მაღალი” ან “უპირველესი” ჟანრი) უნდა შეაძრწუნოს მსმენელი და მასში თანაგანცდა (თანატანჯვა) გამოიწვიოს. შესაბამისად, ხელოვნების უპირველესი მიზანი ძლიერი და, ამავდროულად, უარყოფითი მუხტის ემოციათა გამოწვევაა. მაგალითის სახით არისტოტელეს სოფოკლესეული “ოიდიპოსის” ფაბულა მოჰყავს, რომელიც მასში ასახული შემაძრწუნებელი მოვლენების საფუძველზე იმთავითვე გულისხმობს მკვეთრად ნეგატიური ემოციების სტიმულირებას. “პოეტიკის” ამავე თავში არისტოტელე შიშსა და თანაგანცდასთან (თანატანჯვასთან) დაკავშირებულ სიამოვნებაზე წერს. „და რადგანაც პოეტმა მხატვრული ნაწარმოებით უნდა მოგვანიჭოს სიამოვნება, გამომდინარე თანაგანცდისაგან და შიშისგან, ამიტომაც ცხადია, რომ სწორედ ეს უკანასკნელნი უნდა იგულისხმებოდეს თავად მოვლენებში.“[4] შესაბამისად, არისტოტელეს გაგებით, ხელოვნების ზემოქმედება ამბივალენტურ, ორპოლუსიან  (ტანჯვა-სიამოვნება) და სწორედ ამის გამო, ძლიერი ინტენსივობის ემოციებს (ტანჯვით მოპოვებულ ან ტანჯვით მიღწეულ სიამოვნებას) უკავშირდება. არისტოტელეს იდეა არა ერთი ინტერპრეტაციის სტიმულად იქცა, რაც მის გამორჩეულ მრავალმხრივობაზე მეტყველებს. არისტოტელეს კათარზისისეული თეორიის მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ინტერპრეტაციები არსებობს. ერთნი კათარზისში გულისხმობენ ვნებათა განწმენდას ყოველივე ჭარბისგან (მათ “დაწმენდას”), მეორენი – ვნებათაგან განთავისუფლებას, ვნებებზე უარის თქმასა და მათ უკუგდებას. აღორძინების ეპოქაში გავრცელებული იყო კათარზისის როგორც ეთიკური (კათარზისი – ვნებათა გაკეთილშობილება), ასევე ჰედონისტური (კათარზისი, როგორც სიამოვნება და ტკბობა) გაგება. რენესანსის დროინდელი (ვინჩენცო მაჯის) “ეთიკური თეორია” გვასწავლის, რომ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს პირადი უბედურების, რადგან იგი ბევრად უფრო იოლი გადასატანია, ვიდრე ის, რომელიც ტრაგედიაშია აღწერილი.

კათარზისის “ინტელექტუალური” თეორია, რომლის ავტორი ჰაუპტი, გვარწმუნებს, რომ კათარზისი უნდა გავიგოთ არა როგორც “განწმენდა”, არამედ, როგორც განმანათლებლობა – ტრაგედიას არ შეუძლია ყოველთვის მოახდინოს ეთიკური ან ესთეტიკური ზემოქმედება, მაგრამ იგი უცვლელად მოქმედებს გონებაზე, რის გამო მაყურებელი ღებულობს სათანადო გაკვეთილს; იგი ხვდება, რომ, თუ არ იმოქმედებს ტრაგედიის გმირის მსგავსად, მაშინ მას აღარ ელის ტრაგიკული ბედი.

კათარზისის ეთიკური თეორიის მიხედვით, ტრაგედია (როგორც ხელოვნების უმაღლესი ჟანრი) ადამიანს მანკიერებათაგან განწმენდს და მათზე ამაღლებს (ლესინგი, ე. ცელერი). კლასიციზმმა კათარზისის ფენომენი რაციონალისტურად აღიქვა; კათარზისი გაგებულ იქნა, როგორც წვდომა, გაგება, გააზრება, რომლის საფუძველზეც აფექტები პათოგენურ (ადამიანისთვის მავნე და საშიშ) ბუნებას კარგავენ. ასე გაგებული კათარზისი “ტანჯვით შეცნობაა” ანდა “აფექტებით დამუხტული შემეცნებაა”. კორნელის შეხედულებით, ტრაგედიის აღმზრდელობითი და შემეცნებითი ფუნქცია მის მიერ ვნებათა მავნე და სახიფათო შედეგების ილუსტრირებას უკავშირდება; ტრაგედიის მაყურებელს საშუალება ეძლევა, საკუთარი თვალით დაინახოს, თუ რა შედეგები მოსდევს “ვნებათა აყოლას”. ლესინგი კათარზისში ვნებათა აგზნებასა და, შესაბამისად, ადამიანის სოციალური აქტივობის (საზოგადოდ, ადამიანის აქტივობის) ზრდას გულისხმობს. გოეთეს გაგებით კი, კათარზისის ფენომენის არსია სულიერ-გონითი ჰარმონიის, ბალანსის აღდგენა და შესაბამისად, პოლარულ აფექტთა (ტანჯვისა და ნეტარების) ურთიერთშერიგება. ლესინგს მიაჩნდა, რომ არისტოტელეს მხედველობაში ჰქონდა შიშის ამგვარი გაგება: ეს შიში წარმოიშვება როგორც შედეგი ჩვენი მსგავსების გმირთან, რომელიც ტრაგედიაში იტანჯება. ანუ – ეს ჩვენი შიშია იმის გამო, რომ მალე, შესაძლოა, ჩვენც გავხდეთ თანაგრძნობის ობიექტი. ამიტომაც კათარზისის ფორმულა, რომელსაც ლესინგი გვთავაზობს, სიტყვების გადაადგილებაში მდგომარეობს, თუმცა ეს გადაადგილება სულ ახალ და ახალ აზრობრივ დატვირთვას იძენს – “ტრაგიკული თანაგანცდა – ჩვენი თანაგანცდაა. ტრაგიკული შიში – ჩვენი შიშია. ტრაგიკული თანაგანცდა – ჩვენი შიშია. ტრაგიკული შიში – ჩვენი თანაგანცდაა”.[5]

1827 წ. გოეთე წერს ნაშრომს “შენიშვნები არისტოტელეს “პოეტიკის” შესახებ”, სადაც ამტკიცებს, როგორ მარტივად უნდა გავიგოთ იდუმალებით მოცული კათარზისის ადგილი “პოეტიკაში”. თურმე, როდესაც ტრაგედია ამოწურავს თავის საშუალებებს, რომლებიც შიშს და თანაგანცდას აღძრავენ, მან უნდა დააბოლოოს  საქმე ვნებების შერიგებით. ადვილი ახსნაა, მაგრამ აქ უკვე ლაპარაკია არა განწმენდაზე, არამედ შერიგებაზე, მაყურებლის დამშვიდებაზე, სიმშვიდესა და დასრულებლობაზე, რომელიც წინააღმდეგობაში შედის ტრაგედიის ფინალთან, ანუ კატასტროფის აუცილებელ მოლოდინთან.

 XX საუკუნის 70-იან წლებში სამედიცინო თეორიამ  ევროპის რამდენიმე ქვეყანაში თავისი განხორციელება ჰპოვა: იწერებოდა ამა თუ იმ ავადმყოფობის მიმდინარეობის ამსახველი პიესები და პატარა თეატრის დარბაზში ეპატიჟებოდნენ სენით დაავადებულებს.

“ესთეტიკური თეორია”, რომელიც თეოდორ ადორნომ (Theodor W. Adorno) ჩამოაყალიბა, მისთვის მნიშვნელოვანი იყო კათარზისი, როგორც ესთეტიკური ეფექტი, გვასწავლის, რომ კათარზისის ფუნქცია სულაც არ არის მცდელობა – გვიმკურნალოს, გაგვათავისუფლოს შიშისაგან ან თანაგანცდიდან. არა, მან უნდა მოგვანიჭოს, პირველ რიგში – ესთეტიკური სიამოვნება, განახორციელოს განწმენდა ხელოვნების მეშვეობით. შეუძლებელია, ერთი სტატიის ფორმატში განვიხილოთ ყველა იმ ფილოსოფოსის, ესთეტიკოსისა თუ მედიცინის წარმომადგენლების შეხედულება ტერმინ “კათარზისთან” დაკავშირებით. შევეცადე, მკითხველისთვის იმ ძირითად პოსტულატებზე გამემახვილებინა ყურადღება, რომლებიც მნიშვნელოვნად განიხილება დღესაც და რომლთაც დღესაც ეყრდნობიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.

ფაქტია, რომ, ყოველივე ამის განხილვა/გაანალიზების შემდეგ, ჩემი აზრით, თავისთავად კათარზისი, ესაა პიროვნების თავისუფლება, შიშისა და უარყოფითი ემოციების დაძლევა, რასაც, საბოლოოდ, გონებისა და სულის განწმენდისკენ ანუ შეცნობისკენ მივყევართ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • არისტოტელე. პოეტიკა. თბ., 2013;
  • Theodor W. Adorno. Aesthetic Theory. London. 2013;
  • Строганов А.Е. Психотерапия на базе театральных систем. Практическое руководство. Наука и техника. 2008;
  • http://teatr-lib.ru/Library/Bentley/life_dr/.Бентли Э. Жизнь драмы /
  • Г. Э. Лессинг. Лаокоон, или о границах живописи и поэзии. М., 2017;
  • Лосев А. “Устория античной эстетики”. М., 1975.

 

 

 

 

 

[1] Строганов А. Е., Психотерапия на базе театральных систем, Практическое руководство, Наука и техника, 2008, ст.  86.

[2] http://teatr-lib.ru/Library/Bentley/life_dr/.Бентли Э. Жизнь драмы / ст. 54.

[3] მიმეზისის იდეას ვხვდებით დემოკრიტესთანაც. მისი გაგებით, ხელოვნებას საფუძვლად ადამიანის მიერ ამა თუ იმ ცოცხალი არსების წაბაძვა ედება. მაგალითად, მუსიკალური ხელოვნებით ადამიანი – ფრინველს, ხოლო საფეიქრო ხელოვნებით – ობობას ბაძავს.

[4] არისტოტელე. პოეტიკა. თბ., 2013. გვ. 35.

[5] Лессинг Г. Э., Лаокоон, или о границах живописи и поэзии, М. 2017, ст. 37.

 

Tamar Tsagareli,

Doctor of Arts,

Associate professor at Shota Rustaveli Theatre and Film

Georgia State University

 

 

IS CATHARSIS AN OVERCOMING PASSIONS OR SELF-KNOWLEDGE?!

 

Summary

 

The term catharsis is a Greek word used in art, literature or religion or even in medicine, especially in psychology and psychiatry – to denote purity and purification. Theories of catharsis have been formed over the centuries, and their importance is indicated by the different stages of the development of epochs or currents. However, due to the multi fictionalization of catharsis, there are various, often contradictory definitions of this term, the most important of which are:

“A. Rationalist: Understanding a tragic event with the help of intelligence and thus clearing the psyche of negative transgressions.

  1. Ethical: Going through the path of suffering with the heroes of tragedy and uplifting the soul with elevated feelings.
  2. Medical, according to which catharsis causes the release of the human psyche from a fixed negative emotion, psychotherapeutic relief.
  3. Religious is according to which catharsis evokes as a sense of human unity.”

“There is still a debate about what the word catharsis really means, but I think the opposing parties have to agree on one thing – Aristotle rejects the notion that we are like a ‘team’ of nerves … He formulates a completely different conclusion: tragedy not only excites, But it frees us from that excitement… “ – writes Eric Bentley.

The fact is that, after discussing/ analyzing not a single thought on this issue, which I will discuss in this article, in my opinion, catharsis itself is the freedom of the individual, overcoming fear and negative emotions, which ultimately leads to purification or cognition of mind and soul.

000802
WordPress Theme built by Shufflehound. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი