ქეთევან ოჩხიკიძე,
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ასისტენტი
ხელმძღვანელი: პროფესორი ნატო გენგიური.
“განკითხვის დღის” თემა ქართული და დასავლეთევროპული ტაძრების
საფასადო ქანდაკებაში
შუა საუკუნეების დასავლეთევროპული ტაძრების საფასადო ქანდაკებაში ერთ-ერთი წამყვანი თემაა “საშინელი სამსჯავრო”, იგივე “მეორედ მოსვლა”, რომელიც აღნიშნულ სკულპტურულ კომპოზიცებში ვრცელი, თხრობითი ხასიათის ქმნილებებია. “დღე განკითხვის” თემა ქართული რელიეფებისთვისაც არ არის უცხო, თუმცა, ჩვენთან მისი სხვაგვარი გააზრება ხდება. წინამდებარე ნაშრომის მთავარი საკითხი სწორედ ამ თემის გადაწყვეტის თავისებურებების შესწავლა, იკონოგრაფიული მახასიათებლების და შინაარსობრივი საკითხების წარმოჩენაა.
ქართულ რელიეფურ კვეთილობაში ესქატოლოგიურ თემატიკასთან იდეურ-შინაარსობრივად დაკავშირებული გამოსახულებები ადრექრისტიანული პერიოდიდანვე მკვიდრდება (ბრდაძორის და ხანდისის ქვაჯვარები, VI ს.). X-XI საუკუნეებში “განკითხვის დღის” თემატიკა ეკლესიათა საფასადო რელიეფურ კომპოზიციებში გვხვდება (ჯოისუბანი, X ს., სვეტიცხოველი და ნიკორწმინდა, XI ს.). მათ გარდა, რელიეფებს შორის, არიან ცალკეული ფიგურები, რომლებიც, თავის დროზე, მეორედ მოსვლის თემაზე შექმნილი კომპოზიციების ნაწილები იყვნენ და ჩვენამდე ფრაგმენტული სახით მოაღწიეს (რელიეფი არტაანიდან, X-XI სს). ესქატოლოგიასთან აზრობრივ-შინაარსობრივად არის დაკავშირებული “განკითხვის დღის” იკონოგრაფიაში შემავალი “ვედრებაც”, რომელმაც თვითმყოფადი მნიშვნელობა შეიძინა და შუა საუკუნეების ქართულ მქანდაკებლობაში დამოუკიდებელი სკულპტურული კომპოზიციის სახითაც დამკვიდრდა (ოშკი, X ს.). ვედრების არსი, უკავშირდება საიქიო ცხოვრებაში შეწევნისა და სინანულის თემას, ასევე, უკანასკნელ სამსჯავროზე წარდგომის შიშს.
ქართულ ხუროთმოძღვრულ რელიეფში შემორჩენილი ესქატოლოგიური კომპოზიციების შექმნის ქრონოლოგიური ჩარჩო, ძირითადად, X-XI საუკუნეებს მოიცავს და ისტორიულად, ქრისტიანულ ხელოვნებაში “განკითხვის დღის” კომპოზიციის იკონოგრაფიის ჩამოყალიბების პროცესს ემთხვევა. რელიეფურ მქანდაკებლობაში რელიგიურ-მისტიკური თემატიკისადმი გამოვლენილი ასეთი ინტერესი, ვფიქრობთ, გარკვეულწილად, დაკავშირებული იყო ათასწლეულის შესრულებასთან ასოცირებული სამყაროს აღსრულების მოლოდინთან. ჩვენამდე მოღწეული ნიმუშების მიხედვით, ანალოგიური ხასიათის კომპოზიციების გაჩენა ერთდროულად ხდება ქართულ კედლის მხატვრობასა და რელიეფურ კვეთილობაში, თუმცა, ეს თემა მხოლოდ მონუმენტურ ფერწერაში განვითარდა “განკითხვის დღის” კომპოზიციის სახით, მქანდაკებლობაში კი, ძირითადად, სემანტიკურად დატვირთული ცალკეული სცენებით გაცხადდა.
ქრონოლოგიურად, “განკითხვის დღეზე” მიმანიშნებელი ქართული რელიეფური ნიმუშები წინ უსწრებენ იმავე შინაარსის მქონე დასავლეთევროპულ კომპოზიციებს, რომლებმაც, მოგვიანებით, რომანული და გოთიკური ტაძრების ფასადების შესაბამისი გრანდიოზული მასშტაბები შეიძინეს. დასავლეთევროპული ტაძრების ფასადებზე, საფასადო რელიეფები თანდათანობით ქანდაკებამ ჩაანაცვლა და ის პლასტიკის ძირითადი სახე გახდა.
დასავლეთ ევროპაში, ათასწლეულის შესრულებამ და მასთან დაკავშირებულმა ქრისტეს მეორედ მოსვლის მოლოდინმა, არამც თუ გაანელა, არამედ, პირიქით, კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი ესქატოლოგიური თეორიების მიმართ. შედეგად, საფუძველი ჩაეყარა რომანული ტაძრის პორტალებზე უკანასკნელი მოვლენების, საბოლოო მსჯავრის, ჯოჯოხეთისა და სამოთხის ამსახველ ვრცელ სიუჟეტურ კომპოზიციებს, რომელთა განლაგების ადგილად აქაც დასავლეთ ფასადი იქცა. მოგვიანებით, გოთიკური ტაძრის პორტალებზე აპოკალიფსური ამბის თხრობა მხოლოდ გართულდა, განივრცო და მრავალფეროვანი სახეებით შეივსო, კომპოზიციური აგებულება და სიუჟეტის სიმძაფრე კი უცვლელი დარჩა.[1]
დასავლეთევროპული ტაძრების საშინელი სამსჯავროს იკონოგრაფიის საფუძველი იგივეა, რაც აღმოსავლეთქრისტიანულის. ბიბლიური წიგნების, წმინდა მამათა თხზულებებისა და აპოკრიფების ევროპულ ენებზე თარგმნამ, ამასთან, შუასაუკუნეების სპეციფიკურმა თეოლოგიურმა აზროვნებამ, არსებულმა წარმოდგენებმა კოსმოსის მოწყობაზე[2] და მის მამოძრავებელ ძალებზე, ფოლკლორულმა ნაკადმა კეთილი და ბოროტი ძალების არსებობაზე, ხელი შეუწყეს, დასავლეთ ევროპაში, სიუჟეტის თავისებური რედაქციების ჩამოყალიბებას, გამოხატულს დემონური და პერსონიფიცირებული სახეებისადმი ინტერესში.
კედლის მხატვრობაში ბიზანტიური გავლენით შექმნილი “საშინელი სამსჯავროს” კომპოზიციები, მისთვის დამახასიათებელი მრავალრეგისტრიანობით, თითქმის უცვლელად გადადის დასავლეთევროპული პორტალების ტიმპანებზე და აქ მკვიდრდება. საქართველოში, “განკითხვის დღის” სახით გამოვლენილი თემატიკა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ძირითადად, მონუმენტურ მხატვრობაში განვითარდა. შუა საუკუნეებში, ის ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ, მრავალპლანიან, მრავალკომპონენტიან კომპოზიციად გვევლინება და ეკლესიათა მოხატულობის პროგრამაში აუცილებლად იყო ჩართული. რომანული და გოთიკური პორტალების სკულპტურულ პროგრამებს მხოლოდ ქართული ფერწერული მაგალითები შეესატყვისება, რადგან, დასავლეთევროპულისაგან განსხვავებით, ქართული საფასადო ქანდაკება თხრობითობას მოკლებულია და სიმბოლურ ხასიათს ატარებს. დასავლეთევროპული “განკითხვის დღის” სკულპტურულ კომპოზიციებთან ერთად, ქართული მქანდაკებლობიდან შეგვიძლია გამოვყოთ ყველაზე ადრეული და ამასთან, ვრცელი რედაქციის მქონე, იკონოგრაფიულად და შინაარსობრივად ყველაზე სრულყოფილი ნიმუში – ჯოისუბნის ეკლესიის სარკმლის რელიეფი. სარკმლის საპირეს სამ რელიეფურ ფილაზე, რამდენიმე საკვანძო მომენტია გამოსახული – ქრისტეს მეორედ მოსვლა და მისი ტრიბუნალი, აპოკალიფსის მაცნე საყვირიანი ანგელოზი, სულის შეწყნარების თხოვნა და უკანასკნელ სამსჯავროსთან დაკავშირებული ფსიქოსტასია, იგივე სულთა აწონვა (სურ. 1).
სურ. 1. ჯოისუბნის სარკმლის რელიეფი. X ს.
წინამდებარე სტატიაში შევეცდებით გამოვარკვიოთ, რა სიუჟეტებისაგან შედგება რომანულ და გოთიკურ ტიმპანებზე არსებული განკითხვის დღის თემა, როგორ იშლება კომპოზიციის ძირითადი აზრობრივი აქცენტები პორტალის მიმდებარე არეებზე, როგორია მათი მიმართება ქართულ მაგალითებთან და რა საერთო აქვთ ქართულ ანალოგებთან. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, ევროპული მაგალითების მრავალფეროვანი და თხრობითი ხასიათი. მათთვის უცხოა აღმოსავლეთქრისტიანული ხელოვნებისათვის დამახასიათებელი თეოლოგიური იდეის ლაკონურად გადმოცემა, რომანულ და გოთიკურ პორტალებზე მოთხრობილი აპოკალიფსური ამბავი ყოვლისმომცველია, დეტალური, ვრცელი, დრამატული. მიუხედავად ამისა, სტატიაში ყურადღებას შევაჩერებთ მხოლოდ იმ ძირითად კომპოზიციურ ელემენტებზე, რომელთა გარეშეც დასავლეთევროპული ტაძრების ტიმპანებზე “განკითხვის დღე” წარმოუდგენელია.
“განკითხვის დღის” თემის მასშტაბურობის გამო, კომპოზიცია ტაძრების პორტალების ტიმპანებიდან ხშირად მიმდებარე არეებზეც გადადის და მისი შემადგენელი სკულპტურული ფიგურები არქივოლტების, თაღების, ფრიზების, კარიბჭის გვერდითა სვეტების ზედაპირებზე იკავებს ადგილს.
სკულპტურული ფიგურების განლაგებით, დასავლეთევროპული ტაძრების ტიმპანებზე, “საშინელი სამსჯავროს” კომპოზიცია რამდენიმე (ძირითადად, სამ) რეგისტრად იყოფა. ქართული კედლის მხატვრობის მაგალითების მსგავსად, სიუჟეტი მოკლე და ვრცელი რედაქციებით არის მოცემული. კომპოზიციის ცენტრს წარმოადგენს ტახტზე მჯდომი ქრისტე მანდორლაში (რომანულ ტაძრებში – წმ. ლაზარეს კათედრალი (1130-1140 წწ.) ოტენში, რომლის ტიმპანიც 1132 წლით თარიღდება,[3] წმინდა ფოის ტაძარი (XII ს.) კონქში) – ანგელოზებთან, მახარებელთა სიმბოლოებთან ერთად, ან მის გარეშე (პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (1163-1345 წწ.), ამიენის ღვთისმშობლის კათედრალი (XIII ს.). ქრისტე სხვადასხვაგვარად გამოისახება – ორივე მხარეს განპყრობილი ან ზემოთ აღმართული ხელებით, მაკურთხეველი მარჯვენით, წიგნით ხელში და ა.შ. ხშირად, მაცხოვარი წარმოადგენს დეისუსის ნაწილს – ღვთისმშობლის, ნათლისმცემლის, ანგელოზების ფიგურებთან ერთად. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დასავლეთ ფასადის ტიმპანის ზედა რეგისტრში, მხოლოდ დეისუსის უჩვეულო რედაქციაა გამოქანდაკებული – ქრისტესთან მუხლმოდრეკილი ღვთისმშობლისა და ნათლისმცემლის წინ ანგელოზები დგანან სამსჭვალებითა და დიდი ჯვრით ხელში (სურ. 2). ფერწერულ მაგალითებში გამოსახული ანგელოზთა დასები აქ არქივოლტის სკულპტურულ არშიებშია ჩაწერილი.
სურ. 2. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ტიმპანი. XII-XIV სს.
საინტერესოა, კონქის წმ. ფოის ტაძრის ტიმპანის (XI-XII სს.) აზრობრივი გადაწყვეტა. საფასადო სიბრტყეზე, პირობითად, დროის სამი განზომილებაა გამოყოფილი – წარსული, აწმყო და მომავალი[4]. ქრისტე, ცალი ხელით ზემოთ, მომავლისა და უკვდავებისკენ მიუთითებს, იქით, სადაც სამოთხეში ანგელოზების მიერ ამაღლებული ჯვარი და საყვირიანი ანგელოზები მოჩანან, მეორეთი ქვემოთ, წარსულისა და სიკვდილისაკენ – აქ სიკვდილისშემდგომი ცხოვრებაა გადმოცემული. მაცხოვარი წარსულსა და მომავალს შორის ერთგვარ ხიდად გვევლინება, რომლის გავლითაც სიკვდილისშემდგომი უკვდავების მოპოვების შესაძლებლობა იხსნება (სურ. 3).
სურ. 3. კონქის წმ. ფოის ტაძრის ტიმპანი. XI-XII სს.
რომანული და გოთიკური ტაძრების “საშინელი სამსჯავროს” უხვსიუჟეტიან ტიმპანებს შორის, ლაკონიზმით გამოირჩევა მუასაკის სააბატოს წმ. პეტრეს ტაძრის (XII ს. II ნახ.) კომპოზიცია, რომელიც იოანეს გამოცხადებიდან მისტიკური პასაჟით შემოიფარგლება (სურ. 4).
სურ. 4. მუასაკის წმ. პეტრეს ტაძრის ტიმპანი. XII ს. II ნახ.
ქრისტეს აქეთ-იქით თითო ანგელოზი და მახარებელთა სიმბოლოებია, ხოლო მსაჯულის მონუმენტური ფიგურის წინაშე აპოკალიფსის ოცდაოთხი გვირგვინოსანი უხუცესის[5] წარდგომას სამი რეგისტრი უჭირავს. მცენარეული ორნამენტით შემკული არქივოლტით შემოფარგლული ტიმპანი სამოთხის ასოციაციას იწვევს. იგივე თემა, შედარებით გავრცობილი რედაქციით, გრძელდება წმ. ტროფიმეს ტაძრის ტიმპანზე არლიში (XII-XV სს.). მახარებელთა სიმბოლოებს აქ მოციქულთა ფიგურები ემატებიან. უხუცესები, მათთან ერთად მართლებისა და ცოდვილების გამოსახულებანი, ტიმპანის ჰორიზონტალურ ფრიზში თავსდებიან. შარტრის კათედრალზე კი, აპოკალიფსის ოცდაოთხი ხუცესი ტიმპანის (1145-1155 წწ.) თაღშია განაწილებული. აქვეა მიცვალებულთა აღდგომა, აბრაამის წიაღი და სხვა სცენებიც[6]. ბამბერგის (გერმანია) გოთიკური ტაძრის (XII საუკუნის ბოლო) კარიბჭეზე, “განკითხვის დღის” მოკლე რედაქცია დეისუსს, მიცვალებულთა აღდგომას, მართლებისა და სატანის ფიგურებს შეიცავს. პორტალის გვერდებზე განლაგებულნი არიან მოციქულები და წინასწარმეტყველები, მენაღარე ანგელოზი და აბრაამის წიაღი (სურ. 5). მეორე რეგისტრში, ქრისტეს ფიგურის ორივე მხარეს სხვადასხვა თემა იშლება. უმეტესად, გვხვდება წმინდანთა რიგი და ცოდვილთა ყოფა, ასევე, სულთა აწონვის სცენები.
სურ. 5. ბამბერგის კათედრალის ტიმპანი. XII ს.
ზემოხსენებული მაგალითების მიხედვით, “საშინელი სამსჯავროს” კომპოზიციურ აგებულებაში ორგვარი ტენდენცია იკვეთება: ქრისტეს ფიგურა რეგისტრების ცენტრშია მოთავსებული, წმინდანები და ცოდვილები მის ორივე მხარეს ნაწილდებიან; მეორე შემთხვევაში, იესოს ერთი რეგისტრი უჭირავს, მართლებისა და ცოდვილების, ჯოჯოხეთისა და სამოთხის ეპიზოდები კი ქვედა რეგისტრს მთლიანად იკავებენ. უკანასკნელ შემთხვევაში, ქრისტე-მსაჯულის ფიგურის ქვეშ, რეგისტრის ცენტრში, რომელიც, იმავდროულად, სამოთხისა და ჯოჯოხეთის სიმბოლური გზაგასაყარია, სულების აწონვის სცენა იკავებს ადგილს. ქართული მონუმენტური მხატვრობის მსგავსად, ეშმაკუნების მიერ სასწორის დაწონვის მცდელობის მოტივი ევროპული ტაძრების საფასადო რელიეფებშიც აქტუალურია, სულთა აწონვის სცენა კი არაერთგვაროვნად გამოისახება. რომანულ და გოთიკურ პორტალებზე, ჯოისუბნის რელიეფის მსგავსად, სასწორი ხშირად ანგელოზს უჭირავს ხელში. ჩვეულებრივ, მართალი სული უფრო მძიმეა. მრავალფეროვანია სასწორის პინებზე “ასაწონი” ფიგურების სახეები, ისინი შეიძლება იყვნენ მუხლმოდრეკილი, მლოცველი მართალი ან კრავი, საპირისპირო მხარეს კი, ეშმაკისსახიანი ცოდვილი, იგივე ტარტაროზი.
მიუხედავად იმისა, რომ ქრისტე-მსაჯულის რეგისტრში, მის სიახლოვეს მოთავსებული სულის აწონვის მომენტი, ხშირად ქრისტეს მონუმენტური ფიგურის ფონზე მკვეთრად აღარ ჩანს და ხანდახან სხვა ფიგურათა სიმრავლეში იკარგება, აღნიშნული სცენა, საშინელი სამსჯავროს ფენომენთან დაკავშირებულ თავის არსობრივ, პირველხარისხოვან მნიშვნელობას მაინც ინარჩუნებს. არლის კათედრალზე, აღნიშნული თემა კარიბჭის გარეთა დასავლეთ კედელს იკავებს და ტიმპანის კომპოზიციაში არ ეწერება; თუმცა, მის გარეშე, საშინელი სამსჯავრო დასრულებულ სახეს ვერ შეიძენდა.
იგივე ითქმის მენაღარე ანგელოზების თემაზეც – მათ გარეშე წარმოუდგენელია საშინელი სამსჯავრო. საყვირიანი ანგელოზების წარდგომა დასავლეთევროპულ ტიმპანებზე განსხვავებულია. მათი ადგილი და რიცხვი არ არის შეზღუდული და ყველა რეგისტრში, თითქმის ყველა ეპიზოდში ვხედავთ: პორტალის თაღებში (წმ. ტროფიმეს ტაძარი არლიში), ზეცის სეგმენტში, ქრისტეს რეგისტრში ამაღლების კომპოზიციის ანგელოზთა მსგავსად (სანტა მარია ლა რეალის რომანული ტაძარი სანგუესაში, ესპანეთი, XII ს.), სულების მწონავი ანგელოზის ორივე მხარეს (ამიენის კათედრალი, XIII ს.), სამოთხეში, ჯოჯოხეთში (ოტენი, ამიენი), მიცვალებულთა აღდგომის სცენებში (პარიზის ნოტრ-დამი) და ა.შ. ხშირად ისინი არ არიან მთავარანგელოზები, როგორც ჯოისუბანში და სხიერშია – გაბრიელი საყვირით – არამედ, რიგითი ანგელოზები არიან, მაცნენი უფლის მეორედ მოსვლისა, ნიკორწმინდისა (სურ. 6) და სვეტიცხოვლის ანგელოზთა მსგავსად.
სურ. 6. ნიკორწმინდა. მეორედ მოსვლის კომპოზიცია. XI ს.
საზოგადოდ, ანგელოზების თემას დიდი ადგილი უჭირავს სამსჯავროს სიუჟეტში. ტიმპანის თაღებში მათი რამდენიმე რიგად განთავსება (პარიზის ნოტრ-დამი) მსაჯულის ტახტის უკან, ანგელოზთა დასების სიმრავლედ აღიქმება, ქართული მხატვრობის ნიმუშების შესაბამისად. დასავლეთევროპული ტაძრების ტიმპანებზე ანგელოზები გვევლინებიან ზეცისა და მიწის გამყოფ მიჯნად, ერთგვარ რეგისტრის ხაზად, ცეცხლოვანი მახვილებით ცოდვილების ჯოჯოხეთისაკენ გამრეკებად, მართლების სამოთხისაკენ გამცილებლებად და განვლილი ცხოვრების ჯილდოდ მათი გვირგვინით შემამკობლებად[7]. ზოგჯერ მათ უჭირავთ გრაგნილები სათნოებათა სახელწოდებებით, თავად ხსნიან სარკოფაგებს მიცვალებულთა ამოსაყვანად (კონქის წმ. ფოის ტაძარი) და ა.შ.
არ შეიძლება არ აღინიშნოს, ცის შეგრაგვნის აპოკალიფსური მოტივის ხორცშესხმა კონქის წმ. ფოის ტაძრის სკულპტურულ დეკორში. პორტალის არქივოლტის უკანასკნელი შრე გამოსახავს ერთიან გაშლილ პერგამენტს, რომლის უკანა მხრიდან ანგელოზები ინტერესით იჭვრიტებიან (მათ მხოლოდ თვალები ან სახე მოუჩანთ) ახალი სამყაროსა და “გადარჩენის ლიტურგიული პროცესის დაწყებისათვის”[8] თვალის შესავლებად.
ევროპული ტაძრების პორტალებზე ხაზგასმულადაა წარმოდგენილი მიცვალებულთა აღდგომის მომენტიც. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ტიმპანზე საყვირის ხმაზე საფლავიდან წამოდგომის თემას მთელი რეგისტრი ეთმობა. გახსნილი სარკოფაგებიდან მოჩანან მეფეები და დედოფლები, სასულიერო პირები, მეომრები, უბრალო ადამიანები. ცოდვილები ადვილად იცნობიან მათ შორის – შიშვლებს, სინანულის და სასოწარკვეთის ნიშნად, ჯოისუბნის კაცუნების მსგავსად, თავზე ხელები შემოუკრავთ (ამიენის პორტალის ტიმპანი). აღნიშნულ თემას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ამიენის, კონქის, ბამბერგის კათედრალებზეც და თითოეულ მათგანში ის განსხვავებულად არის გადაწყვეტილი.
დასავლეთევროპულ ტიმპანებზე, ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯოჯოხეთსა და ცოდვილთა დასჯის სცენებია. გასაოცარი მრავალფეროვნებით გადმოცემული პერსონჟების, დემონების, ტარტაროზებისა და მათი იარაღების, დასჯის სახეების, სხვადასხვა უცნაური პასაჟის მონაცვლეობას ბოლო არ უჩანს და მოქანდაკეთა უშრეტ წარმოსახვაზე მეტყველებს. ასევე, მრავლად არიან წარმოდგენილნი ცოდვილები, რომელთა ბრალი და სასჯელი დაკონკრეტებულია. მაგალითად, თვითმკვლელს ხანჯალი ყელთან მიუბჯენია, დემონი კი მისი თავიდან ტვინს წოვს, მუსიკოსს თავისი საქმიანობისთვის მწვალებელი ეშმაკი პირიდან ენას აცლის[9] და სხვ., ასეთი ეპიზოდი უამრავია. ჯოჯოხეთის წიაღი და ხახადაღებული მონსტრები მწუხარესახიანი ცოდვილების ფონზე მოჩანან. ერთმანეთზე შემოწყობილი ადამიანთა თავები, ქართული ფერწერული ნიმუშების მსგავსად, აქაც ჯოჯოხეთის განსხვავებულ სკნელებს აღნიშნავს. ცეცხლზე შემოდგმული კუპრის ქვაბი და მასთან ორკაპით ხელში მდგომი დემონიც არ არის უცხო რომანული და გოთიკური ტიმპანებისათვის. სწორედ ამ ფანტასმაგორიული სახეების გამოყენებაში ჩანს შუასაუკუნეობრივი ინტერესი ყოველივე მისტიკურისადმი, ირეალურისადმი და ასახავს იმდროინდელი ადამიანის დამოკიდებულებას სამყაროსადმი, გამოხატავს მისი შეცნობის სურვილს, გვაცნობს შუა საუკუნეების ადამიანის წარმოდგენებს ღვთიური და დემონური საწყისების შესახებ, მათში გამოხატულია ესქატოლოგიური შიში და მოლოდინი სამყაროს აღსასრულისა.
ევროპულ ტიმპანებზე, სამოთხის თემა, ბიზანტიურ და ქართულ მონუმენტურ მხატვრობაში გამოყენებული სცენებისაგან განსხვავებით, სრულიად სპეციფიკურად გამოისახება. მხატვრობაში დამკვიდრებული ფორმა აქ საერთოდ უგულებელყოფილია. ვფიქრობთ, სამოთხე, როგორც დაუსრულებელი ცხოვრების სიმბოლო, კარიბჭეზე, ქრისტეს რეგისტრის განზომილებაშია ნაგულისხმევი და უკვდავების, მარადიულობის გაგებას ერწყმის. მისი არსებობა პორტალის თაღებზე, არქივოლტებსა და სვეტებზე უთვალავი ანგელოზის მოთავსებითა და მცენარეულორნამენტიანი საპირეებით არის გახსნილი (ოტენის კათედრალი, პარიზის ნოტრ-დამი, სანგუესას ეკლესია, შარტრის ტაძარი და სხვ.). ხვეული ორნამენტების სხვადასხვა ვარიაციით იხსნება სამოთხის იმიტაცია ჯოისუბნის რელიეფზეც. სამოთხის აღმნიშვნელი ცალკეული მომენტები ევროპული ტიმპანების სხვადასხვა რეგისტრში იჩენენ თავს – მართლების რიგი და მათი თანმხლები წმინდა პეტრე გასაღებით ხელში სამოთხის კართან დგას (ამიენის კათედრალი), ანგელოზი სამოთხის კართან ეგებება მართალთა ჯგუფს (წმ. ფოის ტაძარი). სამოთხის კართან არ არის ცეცხლოვანი ქერუბინი, შიგნით – კეთილგონიერი ავაზაკი და ღვთისმშობელი, ბიზანტიური და ქართული კედლის მხატვრობისაგან განსხვავებით.
დასავლეთევროპულ კათედრალებზე, სამოთხე აბრაამის წიაღის სიმბოლური კომპოზიციის სახით ვლინდება. მიუხედავად შინაარსობრივი მნიშვნელობისა, მამამთავარი აბრაამი, მართალთა სულებით კალთაში, მოკრძალებით თავსდება პორტალის სხვა სკულპტურებთან ერთად ამა თუ იმ ნაწილში (პარიზის ნოტრ-დამის (სურ. 7), არლის, შარტრის ტიმპანები), გამორჩეულად და განცალკევებით კი, იშვიათად. თემის უჩვეულო გადაწყვეტაა, არლის ტაძრის პორტალზე, აბრაამთან ერთად, მისი შთამომავლების – ისააკისა და იაკობის მართალთა სულებით კალთაში გამოსახვა, სამოთხის ხეებს შორის, ძველი აღთქმის არაკანონიკური ტექსტის მიხედვით (4 მაკ. 13:17).[10] კომპოზიციის საფუძველი საღმრთო წერილიდან მოდის. რომაელთა მიმართ ეპისტოლეში, პავლე მოციქული ამბობს, რომ აბრაამი უფალმა ყოველი ჩვენგანის მამად დაადგინა (4:16) და ისიც მამობრივი მზრუნველობით იღებს შვილებს სამოთხეში, მისივე წიაღში. აღნიშნული პასაჟი ცოცხლდება წმ. ფოის ტაძრის ტიმპანზე – სამოთხეში მყოფი აბრაამი სიყვარულით გულში იხუტებს ბავშვების სახით წარმოდგენილ თავის “შთამომავალთ”.
სურ. 7. აბრაამის წიაღი. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ტიმპანი.
როგორც ვხედავთ, დასავლეთევროპული ტაძრების პორტალებზე გაშლილია საშინელ სამსჯავროსთან დაკავშირებული მრავალრიცხოვანი პერსონაჟები, თემები და სცენები. მათ შორის არის სიუჟეტი, რომელიც ეფუძნება მათეს სახარებისეულ იგავს გონიერი და უგუნური ქალწულების შესახებ. ესაა სიმბოლური გამოხატულება უფლის მეორედ მოსვლისა და მომავალი სამსჯავროსი.[11] იკონოგრაფიულად, ბრძენი და უგუნური ქალწულები ანთებული და ჩამქრალი ლამპრებით ხელში, ბედნიერი და სევდიანი სახეებით, სიხარულისა და მწუხარების აღმნიშვნელი ჟესტებით გამოისახებიან. ქალწულებს ზეთით სავსე, ცეცხმოკიდებული კანდელები მკერდის წინ უჭირავთ, ცარიელიკი დაუდევრად დაბლა დაუშვიათ. იგავის იდეა მდგომარეობს ადამიანთა მიმართ მოწოდებაში, მზად შეხვდნენ მოახლოებულ სამსჯავროს, ბრძენი ქალწულები მორწმუნეებს განასახიერებენ, რომლებიც ქრისტეს სამოთხეში შეჰყავს, ურწმუნონი, იგივე უგუნურნი კი, გარეთ რჩებიან, მათ წინაშე იხშობა ზეცის კარიბჭე. საშინელი სამსჯავროს მნიშვნელობის ხაზგასასმელად, ამ ესქატოლოგიური დატვირთვის მქონე იგავს ხშირად მიმართავენ შუა საუკუნეების ევროპელი მოქანდაკეები. ბაზელის ტაძრის ტიმპანი (XII ს., სურ. 8), სტრასბურგის კათედრალის სამხრეთ პორტალი (XI-XV სს.) და მაგდებურგის ტაძრის “სამოთხის” (XIII-XVI სს.) პორტალები და სხვ. ზემოხსენებული იგავის პერსონაჟებს ეთმობათ.
სურ. 8. ბაზელის კათედრალი. გონიერი და უგუნური ქალწულები.
როგორც ვხედავთ, რომანული და გოთიკური ტაძრების ტიმპანებზე გამოსახული საშინელი სამსჯავრო ქართული მაგალითებისაგან განსხვავებულია. თემა, აქ, მონუმენტურობით ხასიათდება და თხრობითი ხასიათის, მრავალფეროვანი პერსონაჟებით გათამაშებულ უამრავ ციკლად იშლება. დეტალურ თხრობას თან ერთვის შუა საუკუნეების თეოლოგიურ-დოგმატური აზროვნებისათვის დამახასიათებელი სიმბოლურ-ალეგორიული ნიშნები და სახეები, რომლებიც გამოხატავენ იმდროინდელი ადამიანის მიმართებას განკითხვის დღის თემისადმი და ზოგადად, სამყაროსადმი. მხატვრული სახეების მრავალფეროვან გალერეაში უხვად არის გამოყენებული ხალხური, ფოლკლორული ნაკადიდან აღებული პერსონიფიცირებული, დემონური ნიმუშები, რომლებიც განსაკუთრებულ დრამატულ ელფერს სძენენ კომპოზიციას. ევროპულ მაგალითებში განსხვავებულად იქნა გააზრებული ზოგიერთი სცენაც (მაგ. სამოთხე).
შუა საუკუნეების ქართულ ქანდაკებაში ესქატოლოგიური წარმოდგენები მესაყვირე ანგელოზების, სამოთხის კარისა და მისი მცველი ანგელოზების, ვედრების გამოსახვით გაცხადდა. ასეთი ლაკონურობა უპირისპირდება დასავლეთევროპული ანალოგიების თხრობით ციკლებს. გარდა ამისა, ესქატოლოგიური შინაარსი, დასავლეთევროპული ტაძრების პორტალების კომპოზიციებთან შედარებით, მარტივ – ქრისტეს მეორედ მოსვლის კომპოზიციაშიც გამოვლინდა ნიკორწმინდის რელიეფებში. აღნიშნული კომპოზიცია განსხვავდება ჯოისუბნის “განკითხვის დღისაგან” და გამოხატავს ქრისტე-მსაჯულის თეოფანიურ გამოცხადებას, მფრინავ ანგელოზებთან ერთად. ნიკორწმინდის ტაძრის სამხრეთ ფასადის რელიეფზე, დიდებით მოსულ, აღსაყდრებულ ქრისტეს ანგელოზები მიაფრენენ, ორი მათგანი საყვირის ხმობით ამცნობს კაცობრიობას აპოკალიფსური მომენტის დადგომას. ნიკორწმინდაში, განკითხვა და მასთან დაკავშირებული შეწყალების თხოვნის მოტივი არ არის, მისი იდეა, მეორედ მოსვლის სახით, ესქატოლოგიური მომავალის პრეზენტაციაა.
ამავე შინაარსით არიან დატვირთულნი სვეტიცხოველში, აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილი ანგელოზებიც. ისინი, სავარაუდოდ, არსობრივი მნიშვნელობით ტაძრის სიდიადესთან შესაბამისი კომპოზიციის შემადგენელი ნაწილები იყვნენ, რომელიც, დღეს, ერთიანი ფორმით აღარ არსებობს. მისი პირვანდელი სახით აღდგენა საინტერესო სურათს იძლევა და ქრისტიანული დოგმატების ორიგინალურ მხატვრულ გადააზრებას უკავშირდება.[12] კომპოზიციური აგებულებით, სვეტიცხოვლის მენაღარე ანგელოზები ნიკორწმინდის მეორედ მოსვლის რელიეფთან კიდევ უფრო მეტ საერთოს ავლენენ, ორივე ერთად კი, ევროპული ტიმპანების კომპოზიციების ბირთვს, ცენტრალურ ნაწილს შეესაბამება. დასავლეთევროპულ ტიმპანებზე, ქრისტე-მსაჯულის ღვთაებრივი დიდებულებით წარმოჩენა, მისი ტრიუმფით მეორედ მოსვლა კაცობრიობის განსასჯელად, ნიკორწმინდისა და სვეტიცხოვლის ფასადების თეოფანიური კომპოზიციების ანალოგიურია და ყველა მათგანს საერთო იდეა უდევს საფუძვლად.
დასავლეთევროპულ და ქართულ რელიეფებს შორის არსებული განსხვავებების მიუხედავად, მათში საერთო ტენდენციებიც შეინიშნება. პირველ რიგში, მსგავსება ჩანს იკონოგრაფიაში, კომპოზიციის აგებულებაში, ციური და მიწიერის რეგისტრების იერარქიულ დაქვემდებარებასა და სცენების შერჩევაში. ჯოისუბნის მაგალითზე ეს არის სულების აწონვისა და საყვირიანი ანგელოზის თემები, რომლებიც ყველაზე კარგად წარმოაჩენენ ესქატოლოგიურ შინაარსს და, აქედან გამომდინარე, ხელოვნებაში აპოკალიფსის აღმნიშვნელ სიმბოლოებად იქცნენ. საერთო კონტექსტშია გააზრებული დასავლეთევროპულ და ქართულ კომპოზიციებში ჩართული მცენარეული ორნამენტი და ორივე შემთხვევაში, ის სამოთხესთან ასოცირდება.
დასავლეთევროპული და ქართული “განკითხვის დღის” მსგავსი იკონოგრაფიის ძირითადი წყარო საერთო ქრისტიანული ლიტერატურა, ბიბლიური წიგნები და რელიგიური ხასიათის თხზულებებია, რომელთა გავრცელებასაც ხელს უწყობდა მწიგნობრული კერების, სკრიპტორიუმების არსებობა შუა საუკუნეებში. ზემოხსენებულმა თეოლოგიურმა ტექსტებმა დასავლეთევროპულ და აღმოსავლეთქრისტიანულ ხელოვნებაში თავისებური ინტერპრეტაცია ჰპოვეს და კომპოზიციის მხატვრული სახე და მისი იკონოგრაფიული პროგრამა განსაზღვრეს. აღნიშნული თავისებურებანი აპოკალიფსური მოვლენების მეტ-ნაკლებად განსხვავებულ მხატვრულ გააზრებაში გამოიხატა.
[1] გოთიკური ტაძრების სკულპტურული პროგრამების შესახებ იხილეთ: Boerner B., Sculptural programs, A Companion to Medieval Art: Romanesque and Gothic in Northen Europe, Edited by Rudolph Conrad, 2006, pp. 557-576.
[2] Hughes R.,Heaven and Hall in Western Art, New York, 1970, pp. 111-112.
[3] Kingsley Porter A., The Rise of Romanesque Sculpture, American Journal of Archeology, vol. 22, N 4, 1918, p. 406.
[4] Seguret P., Conques Tympanum: Description and Interpretation of the First Judgement Tympanum – http://www.art-roman-conques.fr/english/step1.htm – უკანასკნელადგადამოწმებულია 2.06.2020.
[5] Williams J., Geneva Illustrations with Apocalyptic Storiae and Analysis of the Images, Visions of the End in Medieval Spain, 2017, pp. 168-171.
[6] Les Églises Romanes en France, Paris, 1954, p. 48.
[7] აღნიშნული სცენა აიხსნება პასაჟით იოანეს გამოცხადებიდან – “სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ შენ სიცოცხლის გვირგვინს” (გამოცხ. 2:10).
[8] Seguret P., Conques Tympanum: Description and Interpretation of the First Judgement Tympanum – http://www.art-roman-conques.fr/english/step1.htm– უკანასკნელად გადამოწმებულია 2.06.2020.
[9] Seguret P., Conques Tympanum: Description and Interpretation of the First Judgement Tympanum – http://www.christianiconography.info/conques/tympanum.filler4.html – უკანასკნელად გადამოწმებულია 2.06.2020.
[10]Stoddard W. S., The Façade of Saint-Gilles-du-Gard: Its Influence on French Scupture. Middletown, Conn: Wesleyan UP, 1973, https://www.bluffton.edu/homepages/facstaff/sullivanm/france/arles/sttrophime/judgment.html– უკანასკნელად გადამოწმებულია 2.06.2020.
[11]იგავის ასახვა ქართულ რელიეფებში არ არის ცნობილი, მაგრამ გვხვდება სომხეთის შუა საუკუნეების საფასადო რელიეფში.
[12] ოჩხიკიძე ქ., მოსაზრებები სვეტიცხოვლის აღმოსავლეთი ფასადის ანგელოზთა რელიეფური გამოსახულებებისა და მათი თავდაპირველი ადგილის თაობაზე, ACADEMIA, 2017-2018. #6, გვ. 92-103.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ოჩხიკიძე ქ., მოსაზრებები სვეტიცხოვლის აღმოსავლეთი ფასადის ანგელოზთა რელიეფური გამოსახულებებისა და მათი თავდაპირველი ადგილის თაობაზე, ACADEMIA, #6, 2017-2018.
- Boerner B., Sculptural programs, A Companion to Medieval Art: Romanesque and Gothic in Northen Europe, Edited by Rudolph Conrad, 2006.
- Hughes R., Heaven and Hall in Western Art, New York, 1970.
- Kingsley Porter A., The Rise of Romanesque Sculpture, American Journal of Archeology, vol. 22, N 4, 1918.
- Les Églises Romanes en France, Paris, 1954.
- Seguret P., Conques Tympanum: Description and Interpretation of the First Judgement Tympanum – http://www.art-roman-conques.fr/english/step1.htm
- Stracke R.,The West Tympanum at the Church of St. Foy in Conqueshttp://www.christianiconography.info/conques/tympanum.filler4.html
- Stoddard W. S., The Façade of Saint-Gilles-du-Gard: Its Influence on French Scupture. Middletown, Conn: Wesleyan UP, 1973 – https://www.bluffton.edu/homepages/facstaff/sullivanm/france/arles/sttrophime/judgment.html
- Williams J., Geneva Illustrations with Apocalyptic Storiae and Analysis of the Images, Visions of the End in Medieval Spain, Amsterdam University Press, 2017.
Ketevan Ochkhikidze
Shota Rustaveli Theatre and Film Georgia State University, Art Study PhD student, Assistant
„The Judgment Day“ in facade sculptures of Georgian and Western European temples
The facades of magnificent Romantic and Gothic temples, different from the Georgian ones, required relevant mobilization of decorative design and artistic motives, duly followed by the development of relief sculptures in Europe. Medieval interest in everything mysterious determined the creation of a variety of narrative sculptural cycles, including the „Judgment Day“ and the related events. The story of the Judgment Day in the embossed compositions of the Western European temples is multifaceted and multi-registered that cannot be said about the Georgian relief sculpture, including some of the examples of the Day of Judgment that are still preserved.
Extensive editions of „Judgment Day“ on the Western European temple portals can be compared to the examples of the medieval Georgian monumental mural paintings that contain various scenes of hell and paradise. Tympanums of the West European temples are often filled with the scenes of hell and the punishing of the sinners. While paradise, different from the examples of Georgian mural paintings (frescoes), is marked with the Abraham’s bosom symbolic composition, mostly based on the canonical and non-canonical narrative texts of the Old Testament. Also, frequently, the portals of the temples are illustrated with the Gospel parable of the eschatological content, like sculptural groups consisting of ten wise and foolish virgins. This motive is confirmed in Eastern Christian art, but not in Georgian.
Similar and distinctive artistic tendencies are observed between reliefs of Georgian and Western temples in the „Day of Judgment“, which is primarily reflected in the structure and the composition of reliefs.