მაია კიკნაძე,

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი,

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

 

კომუნისტური პარტიის მითითებები საბჭოთა თეატრებს (40-იანი წლები)

ნაწილი მეორე

 

დასაწყისი იხ: “სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი”, 2019, N3

 

1946 წელს ცენტრალურმა კომიტეტმა ხელოვნების მუშაკებს წარუდგინა სამი მნიშვნელოვანი დოკუმენტი: 1946 წლის 14 აგვისტოს დადგენილება ჟურნალების “ზვეზდასა” და ლენინგრადის” შესახებ, 1946 წლის 26 აგვისტოს დადგენილება თეატრების რეპერტუარის შესახებ და 1946 წლის 4 სექტემბრის დადგენილება კინოფილმ “დიდი ცხოვრების” შესახებ.[1] მოსკოვში შექმნილ სამივე დოკუმენტს თბილისში დიდი მსჯელობა და განხილვა მოჰყვა. ყველამ კარგად იცოდა, რომ საბჭოთა მთავრობა თვალყურს მიადევნებდა თეატრების, ჟურნალების, კინემატოგრაფისტების მუშაობას და მათ გაცემული ბრძანებების შესრულებას მოსთხოვდა. ხუთი წლის შემდეგ, ხელოვანთა წრეებმა, დებულების შესახებ, განაახლეს დისკუსია. მწერალთა კავშირის, თეატრალური საზოგადოების სხდომებზე იმსჯელეს და ახლებურად გაიაზრეს დოკუმენტის მნიშვნელობა საბჭოთა კულტურის ისტორიაში. გაზეთებმა “კომუნისტი”, “პრავდა”, “ლიტერატურა და ხელოვნება”, ამ საკითხებს არაერთი გვერდი დაუთმო. 1951 წელს გაზეთმა “ლიტერატურა და ხელოვნება”[2] კინემატოგრაფისტების ხუთწლიან მუშაობას მიუძღვნა შემაჯამებელი სტატია. წერილში “ქართული კინოხელოვნების აღმავლობისთვის” გამოითქვა მთავრობის პოზიცია თანამედროვე საბჭოთა და ქართულ კინოში არსებული პრობლემებისა და წარმატებების თაობაზე. წერილში გაიხსენეს პარტიის მიერ გაკრიტიკებული ფილმ “დიდი ცხოვრების” მანკიერი მხარეები (დონბასელ მეშახტეთა მძიმე ცხოვრების დამახინჯებულად წარმოჩენა). “უვარგისი კინოფილმების” გამოშვების მთავარ მიზეზს ცკ-ი არაპროფესიონალიზმში, დაუდევრობასა და კრიტიკის არარსებობაში ხედავდა. პარტია მიიჩნევდა, რომ მათმა საჯაროდ გამოთქმულმა შენიშვნებმა საბჭოთა კინემატოგრაფიის მუშაკებზე დადებითი როლი ითამაშეს. სწორედ პარტიის გააზრებული იდეოლოგიური მუშაობის შედეგად, ხუთი წლის განმავლობაში რეჟისორებმა ისეთი მხატვრული ფილმების გადაღება მოახერხეს, რომელთაც სახელი გაითქვეს არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ საზღვარგარეთაც. მათ წარმატებით შეძლეს ეჩვენებინათ საბჭოთა ხალხის გმირული ბრძოლა მონუმენტურ კინოსურათებში: “ბერლინის დაცემა”, “სტალინგრადის ბრძოლა”, “ახალგაზრდა გვარდია”, “ამბავი ნამდვილი ადამიანისა”. ომის შემდგომ პერიოდს მიუძღვნეს საბჭოთა ადამიანების შრომაზე გადაღებული ფილმები: “ოქროს ვარსკვლავის კავალერი”, “დონეცკელი მეშახტენი”, “ყუბანელი ყაზახები”. მშვიდობისთვის ბრძოლის თემაზე შექმნეს საბჭოთა ფილმები: “შეხვედრა ელბაზე”, “საიდუმლო მისია”, “განწირულთა შეთქმულება”.

საქართველოს ცენტრალური კომიტეტისა და კინემატოგრაფისტთა მოსაზრებით, აღნიშნულმა საკავშირო დოკუმენტმა “გამაჯანსაღებელი ფუნქცია” იქონია ქართველ კინო მუშაკებზეც, რომელთაც გაიაზრეს კინემატოგრაფიის “დიდი იდეურ-აღმზრდელობითი ძალა” დაMმეტი პასუხისმგებლობით, საქმისადმი პრინციპული და “კრიტიკული მიდგომით განიმსჭვალენ საკუთარი ვალდებულების წინაშე”. ისტორიული დადგენილების მითითების გათვალისწინებით, ქართველმა კინემატოგრაფისტებმა გადაიღეს მხატვრული და დოკუმენტური ფილმები (“ბედნიერი შეხვედრა”, “გაზაფხული საკენში”, “ქეთო და კოტე”, “პოეტის აკვანი”, “საბჭოთა საქართველოს 25 წლისთავი”, “სახელოვანი გზა”, “უშბა” და სხვა), მაგრამ, მიუხედავად ამისა, თბილისის კინოსტუდიამ ამ 5 წლის განმავლობაში ვერ შეძლო მხარი გაესწორებინა საბჭოთა კავშირის მოწინავე სტუდიებისთვის. მათ მაინც ვერ მოახერხეს ისეთი ფილმების გადაღება, სადაც ნათლად იქნებოდა გადმოცემული ქართველი ხალხის გმირული შრომა, საქართველოს ინდუსტრიალიზაცია, სოფლის მეურნეობა, მეცნიერების განვითარება, საგანმანათლებლო საქმიანობა, განახლებული, აყვავებული სოფლები და გარდაქმნილი ქალაქები.

საქართველოს ბოლშევიკების მე-14 ყრილობაზე კანდიდ ჩარკვიანმა ქართველ კინო მუშაკებს მოსთხოვა – თავიანთი მუშაობა გარდაექმნათ 4 სექტემბრის დადგენილების მითითების საფუძველზე. ყრილობაზე ხაზი გაესვა კინოხელოვნების წარმატების ერთ-ერთ მთავარ პირობას – კრიტიკის გაშლას კინომუშაკთა შორის. მართალია, კინოსტუდიასთან არსებულმა შემოქმედებითმა სექციამ ამ მხრივ გააცხოველა მუშაობა, მაგრამ იქ ჯერ კიდევ არ იყო დანერგილი პრინციპული კრიტიკა. სექციის კარჩაკეტილობამ დააზარალა ჯანსაღი აზრის განვითარება, მათთან არ თანამშრომლობდნენ მწერლები, მხატვრები, კომპოზიტორები. ამას ემატებოდა ისიც, რომ მწერალთა კავშირთან არსებული კინოდრამატურგთა კომისიაც არაფერს აკეთებდა. საქმისადმი ასეთმა მიდგომამ, საბოლოოდ გამოიწვია პროფესიული კინოკრიტიკის არარსებობა. კრიტიკის არარსებობამ კი, თავის მხრივ, ასახვა ჰპოვა კინოდრამატურგიაზე.  ცკ-ის შეხედულებით, მაღალხარისხოვანი სცენარების სიმცირე, აქტუალური თემების უგულებელყოფა წარმოადგენდა ქართული კინოხელოვნების განვითარების შემაფერხებელ მიზეზს. საჭირო იყო პრობლემის გამოსწორება და სწორი გადაწყვეტილების მიღება, რასაც ხანგრძლივი მუშაობა, შესაბამისი ინტელექტუალური ძალები სჭირდებოდა. საქმეში უნდა ჩართულიყო ყველა დარგის მუშკი. პარტიის მითითებით, კინოსტუდიასა და მწერალთა კავშირს ერთობლივი ღონისძიება უნდა გაეტარებინა. მათ უნდა შეექმნათ, როგორც მატერიალური, ასევე იდეურ-მორალური პირობები, მიეზიდათ მეტი ლიტერატურული ძალა – დრამატურგები, პროზაიკოსები, პოეტები. მხოლოდ კინომუშაკთა, მწერალთა და ხელოვნების ყველა დარგის მოღვაწეთა მუშაობის შედეგად, მოხერხდებოდა ქართული კინოხელოვნების ისეთი აღმავლობა, როგორც ეს საბჭოთა საქართველოს შეეფერებოდა.

კინოხელოვნებაზე საუბარი გაგრძელდა სხვა წერილებსა[3] და გამოსვლებშიც. სულისკვეთება ყველგან ერთნაირი იყო, დავალება – ნათელი და ერთმნიშვნელოვანი. კინომუშაკებს კარგად უნდა შეესრულებინათ 4 სექტემბრის დადგენილება. სიტუაცია კი, ამ მხრივ, არცთუ სახარბიელი იყო. საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის XIII პლენუმზე, (10/X) კინემატოგრაფიის მინისტრიმა გ. კიკნაძემ, თავის მოხსენებაში “ქართული კინოდრამატურგია და მისი უახლესი ამოცანები”, ხაზი გაუსვა დოკუმენტის მნიშვნელობას, “კინემატოგრაფიის უდიდეს როლს მასების იდეურ-პოლიტიკური აღზრდისა და საბჭოთა ქვეყნის ისტორიულ გამარჯვებათა პროპაგანდის საქმეში”. პლენუმზე იმსჯელეს ქართულ კინემატოგრაფიაზე, მაღალხარისხოვანი კინოსცენარების სიმცირესა და მათი შექმნის ხელისშემშლელ პირობებზე. პლენუმზეDგამოითქვა სხვადასხვა მოსაზრება, დაისახა ერთობლივი მუშაობის გეგმებიც. მთლიანობაში პარტია ქართველი კინემატოგრაფისტების განვლილი ხუთი წლის მუშაობას, მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, წარმატებულად არ თვლიდა. წარუმატებლობის მიზეზი კი ადვილად ასახსნელი იყო – ქართველმა კინემატოგრაფისტებმა ვერ დაინახეს საბჭოთა მოქალაქეების გაზრდილი მოთხოვნები, თავიანთ ფილმებში ვერ გადმოსცეს საბჭოთა ადამიანის მრავალმხრივი საინტერესო ცხოვრება. ამდენად, ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის, 1946 წლის 4 სექტემბრის დადგენილება კინოფილმ “დიდი ცხოვრების” შესახებ, ამ დროსთვისაც ისევ  აქტუალურ და შესასრულებულ დოკუმენტად დარჩა.   

მაღალი ტრიბუნებიდან კვლავ გაისმა მოწოდება დადგენილების – ჟურნალების “ზვეზდა” და “ლენინგრადი” შესრულების შესახებ. გაიხსენეს ჟურნალების პოზიცია – გადახვევა საბჭოთა რეალიზმიდან. ახმატოვასა და ზოშჩენკოს ნაწარმოებების გამოქვეყნების გამო, გაკრიტიკებული ჟურნალების მუშაობა ხუთი წლის შემდეგაც, პარტიის ყურადღების ცენტრში მოექცა. საქმე ამჯერად უკრაინელი პოეტის სოსიაურის ლექსს “გიყვარდეს უკრაინა” შეეხო, რომელიც ჟურნალმა “ზვეზდა” დაბეჭდა (1951 წლის#N5). ოფიციოზმა გაზეთმა “პრავდა” ლექსს კრიტიკული წერილი უძღვნა, ჟურნალის რედაქტორს, ვ.დრუზინს კი – “უპასუხისმგებლო” უწოდა. წერილში “ლიტერატურაში იდეოლოგიურ დამახინჯებათა წინააღმდეგ”,[4] რედაქციამ საზოგადოებას შეახსენა საბჭოთა კავშირში ჟურნალ-გაზეთების მნიშვნელობა. გაზეთი წერდა: “ჩვენი ჟურნალები პარტიის სერიოზულ იარაღს წარმოადგენენ. ისინი მოწოდებულნი არიან დიდი აღმზრდელობითი მუშაობა აწარმოონ მასებში. ეს ავალებს ყოველი ჟურნალის რედაქციას მთელი გულმოდგინეობით შეარჩიოს ლიტერატურული ნაწარმოებები”. ესEწესები საბჭოეთში იცოდა ყველამ. ჟურნალ-გაზეთების რედაქტორები განსაკუთრებით ფრთხილობდნენ – კარგად ესმოდათ ქვეყნის იდეოლოგია, სტრატეგიული დანიშნულება, მაგრამ სიფრთხილის მიუხედავად, ნებსით თუ უნებლიეთ – “შეცდომებიც” ეპარებოდათ. “შეცდომა” გაეპარა ჟურნალ “ზვეზდას” რედაქტორსაც, რომელმაც “იდეოლოგიურად მცდარი” ლექსი დაბეჭდა. 

ლექსი, “გიყვარდეს უკრაინა” ავტორმა, პირველად 1944 წელს დიდი სამამულო ომის პერიოდში გამოაქვეყნა, მაგრამ, როგორც ჩანს, მაშინ არავინ მიაქცია ყურადღება. მხოლოდ “ზვეზდაში” გამოქვეყნების შემდეგ გახდა ლექსი კრიტიკის ობიექტი. სოსიაურის პატრიოტიზმი და პარტიის მოსაზრება სამშობლოს სიყვარულზე ერთმანეთს არ დაემთხვა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი (არ იგულისხმება მხატვრული ღირებულება), სამშობლოს სიყვარულზე დაწერილი ლექსი პარტიამ დაიწუნა, ვინაიდან მასში საეჭვო ელემენტები და იდეოლოგიური გადახვევები დაინახა, ლექსს – “მანკიერი, მცდარი, ნაციონალისტური” უწოდა. მოგვიანებით, სამთავრობო გაზეთმა “პრავდა” საკუთარი შეფასებები დაბეჭდა: მკითხველს ლექსის შინაარსი განუმარტა, შენიშვნები გამოთქვა და კომენტარის თანხლებით დაწვრილებით ახსნა.   რედაქციამ აღნიშნა, რომ ლექსის ავტორს უნდოდა გადმოეცა “საბჭოთა პატრიოტიზმის დიადი იდეის განსახიერება”.…სამშობლოს სიყვარულის თემა კი, როგორც ცნობილია, საბჭოთა ლიტერატურის “კეთილშობილურ თემას” წარმოადგენდა.  ყოველი ლიტერატურული ნაწარმოები, სადაც ნიჭიერად იყო გაშუქებული სოციალისტური სამშობლოს სიყვარული, საბჭოთა ადამიანების გულში დიდ პატრიოტულ გრძნობას აღძრავდა.Aამ ლექსში კი, სამწუხაროდ, მსგავსი არაფერი ჩანდა, უფრო მეტიც – მისი შინაარსი პროტესტის გრძნობას იწვევდა. ლექსის წაკითხვის შემდეგ, მკითხველი ვერ გაიგებდა, თუ რას უმღეროდა პოეტი, რომელ უკრაინას? “იმას ხომ არა, რომელიც საუკუნეების მანძილზე კვნესოდა ექსპლოატატორთა უღელქვეშ, ის რაც ტარას შევჩენკომ ასახა? თუ იმ ახალ, აყვავებულ საბჭოთა უკრაინას, რომელიც ბოლშევიკური პარტიის ხელმძღვანელობით შეიქმნა? მაგრამ ავტორი ლექსში უმღეროდა “რაღაც დასაბამიდანვე არსებულ უკრაინას, უკრაინას “ზოგადად”.

მიწაზე უფრო შავი ადამიანები 

მიწაზე დაეხეტებიან;

გაშიშვლებულან მწვანე ბაღები; მტვერში ჩამპალან,

გადაღრეცილან ქოხები, ტბები შამბნარს შეუმოსავს.  

ყველგან დიდებულ უკრაიაში,

სასტიკ მებატონეებს უღელში შეუბამთ ადამიანები…

იღუპებიან, მონობაში იღუპებიან რაინდთა შვილნი.

ძალიან მძიმეა, საშინლად მძიმეა იღუპებოდე ამ უდაბნოში;

კიდევ უფრო მძიმეა უკრაინაში ყოველივე იმას ხედავდე –        

ტიროდე – და ხმას ვერ იღებდე”.

“გიყვარდეს უკრაინა როგორც მზე,  

როგორც სინათლე,

როგორც ნიავი, ბალახი და წყალი..

გიყვარდეს უკრაინის მარადიული სივრცე, იამაყე შენი უკრაინით,

მისი ახალი და მარად ცოცხალი მშვენებით, მისი ბულბულისებური ენით.   

ჩვენთვის მთელ ქვყანაზე ერთი ხარ ასეთი – სიმღერებშიც

ჩვენ რომ ვმღერით, ვარსკვლავებშიც, ხუჭუჭ ძეწნებშიც და

                     იმაშიც, რაც ჩვენ გულს გვიძგერებს,

არ შეიძლება სხვა ხალხები შეიყვარო, თუ არ გიყვარს უკრაინა,…

ჩვენ უამისოდ არარანი ვართ, როგორც მტვერი, როგორც

         კვამლი, რომლებსაც ქარი დააქროლებს მარად..

საბჭოთა სამშობლოს გარეშე ჩვენ არარანი ვართ…

ჩვენთვის ამ ქვეყანაზე სამშობლო ერთია ლექსებში,

ვოლგაზე რომ გაისმის, კრემლის ვარსკვლავებშიც, უზბეკეთის

         ბაღებშიც, ყველგან მშობლიური გულები ძგერენ… 

ის არის ღობის გადაღმა, მყუდროებაში, მთლიანად ყვავილებში და სიმღერებშიც, რომლებზე უფრო მჟღერადი (სიმღერები) არ არსებობენ.

ის კოლმეურნეობის ღობის გადაღმაა, მთლიანად ყვავილებში და სიმღერებშიც, რომლებზე უფრო მჟღერადი (სიმღერები) არ არსებობენ”.[5] 

შენიშვნები, როგორც დავინახეთ, უპირველესად ბოლშევიკური მსოფლმხედველობიდან იყო ნაკარნახევი. პოეტი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ მას საბჭოთა უკრაინა კი არ უყვარდა, არამედ ზოგადად უყვარდა სამშობლო. მის ლექსში არ ჩანდა სოციალისტური სამშობლო, რომელიც დაკავშირებული იყო “ხალხის შრომით შექმნილ სოციალისტურ მრეწველობასთან, მეტალურგიასთან, სტალინის ხუთწლედის სასიქადულო პირმშოსთან – დნეპრჰესთან, რომელმაც უკრაინის გლეხობას ბედნიერი და შეძლებული ცხოვრება მოუტანა”. მაგრამ პოეტმა ასეთი უკრაინა კი არ აჩვენა, არამედ მას აღელვებდა დასაბამიდან არსებული უკრაინა, ყვავილები, დნეპრის ტალღები, ლაჟვარდოვანი ცა, მეწამული ღრუბლები და სხვა. იმ დროისათვის, პარტიის პოზიციიდან დანახული ქვეყნის ასეთი სიყვარული ირონიად აღიქმებოდა. პოეტს უნდა ემღერა და ედიდებინა ყოველივე ახალი,…”რამაც ცრემლით მორწყული და საუკუნეობით მგმინავი უკრაინა აყვავებულ საბჭოთა რესპუბლიკად აქცია, ვინაიდან საბჭოთა კავშირის ხალხთა ძმურ ოჯახში უკრაინელმა ხალხმა, ბოლშევიკური პარტიის ხელმძღვანელობით, თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწია კომუნიზმის მშენებლობაში”. კრიტიკის მოთხოვნა ნათელი და ცალსახა იყო: ავტორს უნდა აესახა არა სამშობლო, ზოგადად, არამედ – საბჭოთა სამშობლო, მისი ინდუსტრიით, აღმშენებლობით და ბედნიერი მომავლით. ეს იქნებოდა პოეტის მხრიდან სამშობლოს ჭეშმარიტი სიყვარულის გამოვლენა და არა ის, რაც პოეტმა შემოგვთავაზა. ბოლშევიკური კრიტიკის მიხედვით, სამშობლოს სიყვარულზე წერა შესაძლებელიც იყო და აუცილებელიც, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმე შეეხებოდა გარკვეული პერიოდის ისტორიას ანუ საბჭოთა ისტორიას. ამგვარად, სოსიაურს კიდევ სხვა ბევრი იდეური შეცდომებიც ჰქონდა: 

  1. ლექსში, უკრაინა წარმოდგენილი იყო განმარტოებულად, საბჭოთა კავშირის სხვა ხალხებთან დაუკავშირებლად და არ იყო ნაჩვენები სხვა რესპუბლიკებთან კონტექსში;
  2. ავტორმა არ აჩვენა კომუნისტური მიღწევები;
  3. რედაქციამ დაიწუნა, რომ ომის პერიოდში დაწერილ ლექსში არ იყო ასახული გერმანელ ფაშისტთა თავდასხმები, ნანგრევებად ქცეული ასობით და ათასობით ქალაქები და სოფლები, ფაბრიკები და ქარხნები. საბჭოთა ადამიანების გმირული ბრძოლა სამშობლოს დასაცავად. “სამშობლოს უდიდესი განსაცდელის ჟამს დაწერილ ამ ლექსის ავტორს არ აღმოაჩნდა მრისხანე სიტყვები, რომ გამოეხატა მტრისადმი საბჭოთა ხალხის სიძულვილის მთელი ძლიერება… ის ვერ გაცდა დუნე ფრაზას, როგორიც არის “მწვანემუნდირიანი” უცხოელები” – ვკითხულობთ წერილში;
  4. რედაქციას არც ის მოსწონდა, რომ უკრაინაში ეს ლექსი არ გააკრიტიკეს;
  5. დაიწუნეს რუსი მთარგმნელიც (მთარგმნელი პროკოფიევი), რომელიც უპასუხისმგებლოდ მოეკიდა თავის საქმეს.

ლექსში დაწუნებული ნაციონალიზმი კი ასეა განმარტებული: “ნაციონალიზმის არსია განკერძოებისაკენ, ეროვნულ ნაჭუჭში მოქცევისაკენ მისწრაფება, მისწრაფება არ დაინახონ ის, რაც აახლოებს და აერთიანებს სსრ კავშირის ერების მშრომელ მასებს და ხედავდეს მხოლოდ იმას, რასაც შეუძლია ისინი ერთიმეორეს დააშოროს”. ეს იყო პოეტის “ნაციონალიზმი”, მაგრამ პარტიის მხრიდან სოსიაურის შეცდომა უფრო მასშტაბურად იყო წარმოჩენილი, ვიდრე  მხოლოდ ერთი პოეტის მხილება. ოფიციოზმა – გაზეთმა “პრავდამ”, მხოლოდ ლექსი კი არ გააკრიტიკა, არამედ მთელი უკრაინის კომუნისტური პარტია, რომელმაც სერიოზული ნაკლოვანებები დაუშვა იდეოლოგიურ აღმზრდელობით დარგში. უკრაინულ კომუნისტურ პარტიას მეტი სიფხიზლე უნდა გამოეჩინა და თავის დროზე უნდა გამოევლინა პოეტი სოსიაური. “პრავდა” წერდა: “აღნიშნული ფაქტები მოწმობენ, რომ იდეურ-აღმზრდელობითს მუშაობას უკრაინაში სერიოზული ნაკლოვანებანი და შეცდომები ახასიათებს. როგორც ჩანს, უკრაინის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი სუსტად მუშაობს იდეოლოგიურ საკითხებზე. იდეურ-აღმზრდელობითი მუშაობის მიმართ ბოლშევიკური ხელმძღვანელობა იმაში მდგომარეობს, რომ დროზე გაუსწორო ადამიანებს შეცდომები, ბოლშევიკურად გააკრიტიკო ისინი, არ მიჩქმალო მათი შეცდომები.. სწორედ ეს არის მათი შემოქმედებითი ზრდისთვის  ხელის შეწყობა… უნდა ვაღიაროთ, რომ ინტელიგენციასთან იდეურ-აღმზრდელობითი მუშაობა უკრაინაში სუსტად არის დაყენებული. უკრაინელ მწერალთა წრეში საკმაოდ არ არის გაშლილი კრიტიკა და თვითკრიტიკა…”. შენიშვნა ცალსახად უკრაინის ბოლშევიკურ პარტიას ეხებოდა, კრიტიკა სერიოზული და ძალზე მძიმე მოსასმენი იყო, ამიტომ უკრაინაში მას გარკვეული რეაქცია მოყვა.

წერილის გამოქვეყნებიდან რამდენიმე კვირაში, 30 ივლისს  ჩატარდა უკრაინის მწერალთა კავშირის VI პლენუმი, სხდომა მიჰყავდა უკრაინის მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარეს, ა. კორნეიჩუკს. მანვე წარმოთქვა შესავალი სიტყვა, ისაუბრა კრიტიკისა და თვითკრიტიკის როლზე, ლიტერატურაში იდეოლოგიური დამახინჯების წინააღმდეგ ბრძოლაზე,  დადგენილებაზე “ზვეზდასა” და “ლენინგრადის” შესახებ. სხდომაზე გამომსვლელები შეეხნენ სხვადასხვა თემას: პროზას, კრიტიკას, პარტიული მუშის სახის გამოსახვას ლიტერატურაში, “პრავდის” სტატიას, ოპერა “ბოგდან ხმელნიცკის” ლიბრეტოს, უკრაინულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებსა და, რა თქმა უნდა, სოსიაურის ლექსს. პლენუმზე გამოვიდა პოეტი სოსიაურიც, რომელმაც აღიარა შეცდომები. პოეტმა კარგად იცოდა, რომ თავის მართლებას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ თავის საქციელს მანვე მისცა შეფასება: “სწორი პრინციპული კრიტიკის უქონლობამ, ხოტბა-დიდების ატმოსფერომ მე იქამდის მიმიყვანა, რომ ყველაფერი ჩემი დაწერილი უშეცდომოდ მიმაჩნდა და მეტად მტკივნეულად განვიცდიდი ზოგიერთი ამხანაგის კრიტიკულ შენიშვნას. ღრმად შევიცნე რა ჩემი შეცდომები, მე მივხვდი თუ სად მივყავდი მათ. “პრავდის” წერილი, რომელშიც ჩემი ლექსი გაკრიტიკებულია, როგორც ნაციონალური ნაწარმოები – აბსოლიტურად მართალია. “ამიერიდან მე დავძლევ ჩემ შეცდომებს და ვივლი სწორი შემოქმედებითი გზით”.[6] ასეთი პასუხით, “შეცდომის აღიარებით”, პოეტმა თავდასხმებისაგან თავი დაიცვა. სოსიაურის წინააღმდეგ გამოთქმული მოსაზრება, რა თქმა უნდა, გაფრთხილება იყო საბჭოთა პოეტების მიმართ, რომელთაც კონკრეტული ლექსის მაგალითზე ასწავლიდნენ პატრიოტული ლექსის წერას. პოეტებს და მწერლებს კარგად უნდა სცოდნოდათ, ათასჯერ თქმული შეგონება: “საბჭოთა პატრიოტიზმი […] ეს არის სიყვარული, რომელიც განმტკიცებულია იმის შეგნებით, რომ ყოველი ნაბიჯი, ყოველი ღონისძიება სამშობლოს საკეთილდღეოდ გვაახლოებს კომუნიზმის გამარჯვებას”.[7]    

1946 წელს გამოქვეყნებულ დადგენილებებში, როგორც უკვე აღვნიშნე, მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა დადგენილებას საბჭოთა თეატრების შესახებ. დოკუმენტი მიზნად ისახავდა თეატრებში არსებული ნაკლოვანებების მხილებას და სარეპერტუარო პოლიტიკის გაუმჯობესებში გარკვეული ცვლილებების შეტანას. აღნიშნული დოკუმენტის შესრულება სსრკ-ში ყველა თეატრს ევალებოდა. ამ მხრივ, გამონაკლისი არც ქართული თეატრი იყო. ოფიციალურ შეკრებებზე ქართველი თეატრალები მხარს უჭერდნენ საკავშირო დოკუმენტის შინაარსს და აღნიშნული შენიშვნების გამოსწორებას ცდილობდნენ. დოკუმენტის გამოქვეყნებიდან ხუთი წლის თავზე, კვლავ განახლდა ამ თემაზე მსჯელობა. 1951 წლის 27 ივნისს  ჩატარდა თეატრალური საზოგადოების საქალაქო კრება.[8] კრებაზე განიხილეს საქართველოს თეატრებში არსებული მდგომარეობა, შეაფასეს მიმდინარე პროცესები. კრების თავმჯდომარემ ალ. თაყაიშვილმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა 1946 წლის 26 აგვისტოს დადგენილების როლი და მნიშვნელობა საბჭოთა თეატრების განვითარებაში. ამხანაგ ერემია ქარელიშვილის აზრით, დებულების გამოქვეყნებამდეც, საბჭოთა თეატრებს დიდი წარმატება ჰქონდათ. თეატრები დგამდნენ მაღალმხატვრულ და მაღალიდეურ სპექტაკლებს, რომლებიც ომის პერიოდში პატრიოტიზმის, მტერზე გამარჯვების სულისკვეთებას უნერგავდა მოსახლეობას. მაგრამ ომის დამთავრების შემდეგ, თეატრებს კიდევ უფრო მეტის გაეკეთება მოეთხოვებოდა. ქვეყანაში ეკონომიკა იზრდებოდა, თეატრალური ხელოვნება კი ვერ აკმაყოფილებდა სამომავლო ამოცანებს, რის გამოც პარტიამ შეიმუშავა აღნიშნული დოკუმენტი. ცენტრალური კომიტეტი თეატრებს, პირველ რიგში, იმის გამო აკრიტიკებდა, რომ საბჭოთა ავტორების თანამედროვე თემებზე დაწერილი პიესები არ იდგმებოდა (“განდევნილნი აღმოჩნდნენ თეატრებიდანო”); ისიც კი, რაც იდგმებოდა, იყო დაბალი ხარისხის და ვერ ასახავდა “საბჭოთა ადამიანის ტიპიურ სახეებს”. ბუნებრივია, მდარე ხარისხის პიესები ვერ გამოდგებოდა მასების აღზრდის საშუალებად. ამას ისიც ემატებიოდა, რომ  თანამედროვეობის ამსახველ პიესებში ნაკლებ დახელოვნებული მსახიობები გამოდიოდნენ.Pპარტიას არც ის მოსწონდა, რომ თეატრები დიდ ადგილს უთმობდნენ რეპერტუარში “ბურჟუაზიული ქვეყნების რეაქციულ დრამატურგიას”. მოთხოვნების ჩამონათვალი მრავალმხრივი იყო, მაგრამ უმთავრესი პრობლემა რეპერტუარის სწორად შერჩევაში მდგომარეობდა. თეატრში მისულ საბჭოთა მაყურებელს სცენაზე თანამედროვე ცხოვრება უნდა ენახა, მისი პოზიტიური მხარეებით. თეატრალური საზოგადოების სხდომაც სწორედ ამ საკითხების ირგვლივ მსჯელობას მიეძღვნა. “საზოგადოება” ვალდებული იყო, პარტიის ყველა შენიშვნაზე პასუხი გაეცა, უნდა აეხსნა, თუ როგორ მოახერხებდნენ თეატრები დაშვებული შეცდომების გამოსწორებას, პარტიისთვის უნდა ეჩვენებინა ამ ხუთი წლის განმავლობაში, თუ რა გაკეთდა ან რა გამოსწორდებოდა.

თეატრალური  საზოგადოების კრებამ საკითხები განიხილა და გარკვეული დასკვნებიც გამოიტანა. თეატრალთა აზრით, ხუთი წლის წინანდელთამ შედარებით, ქართულ თეატრში არსებული პრობლემების გამოსწორების ტენდენციამ იმატა. რეპერტუარში გაიზარდა საბჭოთა თემატიკაზე დაწერილ პიესათა რიცხვი. დაიდგა მნიშვნელვანი სპექტაკლები: მაგ.: სიმონოვის “რუსეთის საკითხი”, “სხვისი ჩრდილი”, სოფრონოვის “მოსკოვური ხასიათი”, ვირტას “განწირულია შეთქმულება”, სუროვის “მწვანე ქუჩა”, კორნეიჩუკის  “ძახველის ძალა”, ვიშნევსკის “დაუვიწყარი 1919”, პოპოვის “ოჯახი”, ლავრენევის “ამერიკის ხმა” და სხვა. ეს სპექტაკლები იმდენად კარგად იყო წარმოდგენილი, რომ მათ დაიკავეს მნიშვნელოვანი ადგილი საბჭოთა თეატრის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ პიესები არ იყო ორიგინალური (ქართული სცენისთვის სპეციალურად ითარგმნა), მათ ორიგინალურის ფუნქცია შეასრულეს, რადგან გამოსახული იყო საბჭოთა ადამიანი და მათ შორის, ქართველი საბჭოთა ადამიანის სულისკვეთება და მისწრაფება. კრებას ბევრი გამომსვლელი არ ჰყავდა (ვ. ნინიძე, ე. ქარელიშვილი, რუსული მოზარდის თეატრის დირექტორი რუსლანოვი), მაგრამ ყველა გამოსვლა მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. გამომსვლელთა საუბრებში კარგად ჩანდა მათი პრინციპები, პრიორიტეტები, დასახული მიზნები, მოთხოვნები. კრება სხვადასხვა საკითხსაც შეეხო (რეჟისორებს, ახალგაზრდა მსახიობებს, მოძმე ხალხთა დრამატურგიას), მაგრამ ძირითადი თემა და შეკრების მიზანიც – სარეპერტუარო პოლიტიკის გაუმჯობესება იყო, რაც პირდაპირ უკავშირდებოდა ქართულ საბჭოთა დრამატურგიას. კრებაზე საუბრისას გამოჩნდა, რომ ხუთი წლის მანძილზე, ამ მხრივ, შესამჩნევი იყო გარკვეული წინსვლა, თუმცა მაინც ბევრი იყო სამუშაო. ქართველ დრამატურგთა ნაწარმოებებში მოთხრობილი ისტორიები, შინაარსის მიხედვით, ასახავდნენ საბჭოური ცხოვრების სხვადასხვა მხარეს, შეიქმნა სხვადასხვა თემატიკაზე დაწერილი პიესები:

დიდი ბელადის, სტალინის ცხოვრების შესახებ (შ. დადიანის “ნაპერწკლიდან”, გ. ნახუცრიშვილის “ბელადის სიჭაბუკე”, მ. ჭიაურელისა და ასათიანის “1917 წელი”, მ. ჭიაურელისა და პავლენკოს “გამარჯვებულნი”);

მშვიდობისათვის ბრძოლაზე, ომის გამჩაღებლების წინააღმდეგ (ი. მოსაშვილის “ჩაძირული ზარი”, სადაც გამოსახული იყო ჩვენი ხალხის სულიერი მისწრაფება, მისი ინტერესები. პიესის მიზანი იყო დაენერგა პატრიოტული სულისკვეთება ახალგაზრდობაში. ამავე თემაზე დაიწერა ბერძენიშვილის “მშვიდობის მტრედები”, ლორიას “ნაირა” და სხვა);   

მიჩურინელთა ბრძოლაზე ბურჟუაზიული მეცნიერების წინააღმდეგ, რაც ამ პერიოდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. (ი. მოსაშვილის “მისი ვარსკვლავი”, ვ. პატარაიას “სანაპიროზე”);

სოფლის თემაზე (ვ. პატარაიას “უჩა უჩარდია”, მ. ბარათაშვილის “მარინე”, ვ. კანდელაკის “ამაღლებული სოფელი”, ჭავჭანიძის “თბილისელი ქალიშვილი”, კარსანიძის “მარად მწვანე ქედები”, ს. შანშიაშვილის “ახალი ფუძე”). 

თეატრალებმა კარგად იცოდნენ, რომ წარმოდგენილი პიესები არ იყო საკმარისი ქართული თეატრის რეპერტუარის შესავსებად. მართალია, სხვა ქართული პიესებიც იწერებოდა, მაგრამ განსჯის ობიექტი საბჭოთა თემატიკისადმი მიძღვნილი პიესები გახლდათ, ამიტომაც ძირითადად მათ შეეხოთ კრიტიკა. შეცდომებზე საუბარი იძლეოდა იმის გარანტიას, რომ თეატრები მომავალში უფრო მეტი მონდომებით შეასრულებდნენ პარტიის საპატიო დავალებას (მთავარი იყო “ხელოვნების საშუალებით, აღეზარდათ ხალხი ლენინ-სტალინური პარტიის მაღალი იდეალებით”). დრამატურგებს უჩიოდნენ, რომ ვერ შექმნეს საბჭოთა მრეწველობის ამსახველი პიესები (ამ მხრივ, მხოლოდ რამდენიმე პიესა დაიწერა: გ. მდივანის “ვარდი”, გ. ქელბაქიანის “ჩემი პირადი საქმე”). ქართულ დრამატურგიაში ვერ შეიქმნა მაღალმხატვრული ნაწარმოებები სოფლის მეურნეობაზე, ვერც ქალაქის მრეწველობაზე, განსაკუთრებით კი ინტელიგენციის ცხოვრებაზე ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი საინტერესო პიესები. სოფლის მეურნეობის თემაც კი, რომლის შესახებაც ყველაზე მეტი დაიწერა, მაინც ჩამორჩენილ უბნად მიიჩნიეს, ვინაიდან მათი ცალკეული ღირსების მიუხედავად, არ იყო სრულყოფილი, როგორც ცხოვრების სინამდვილის სწორად გადმოცემის, ისე ადამიანთა სრულყოფის დახატვის თვალსაზრისით. ზოგიერთი პიესა იყო მდარე ხარისხის, უიდეო, ანტიმხატვრული და პრიმიტიული. ქართული დრამატურგიის ნაკლი ისიც იყო, რომ მასში არასწორად აისახა პარტიის როლი. ვინაიდან, პარტია საბჭოთა ცხოვრების მაორგანიზებელი რგოლი იყო და მის გარეშე არაფერი კეთდებოდა, ქართველი დრამატურგები ვალდებულნი იყვნენ, აესახათ მისი ძალა, მისი დამსახურება. მართალია, ზოგიერთ პიესაში პარტიის მნიშვნელობა ხაზგასმული იყო, მაგრამ ზოგან არასაკმარისად ჩანდა მისი როლი. ხშირად პიესებში პარტიული ხელმძღვანელი სწორხაზოვნად იყო გამოყვანილი. თუ მაგალითად კოლმეურნეობის თავმჯდომარე, ბრიგადირი ან აგრონომი ცუდად მუშაობდა, მაშინ გამოჩნდებოდა პარტორგი, რომელიც ყველაფერს აგვარებდა.…ყველგან, სადაც იყო ცდა პარტიული ხელმძღვანელის ასახვისა, ან რაიკომის მდივანი უნდა გამოეყვანათ, ან – პარტორგი. მსგავსი მიდგომა შესაძლებელი იყო, მაგრამ არა ერთადერთი საშუალება პარტიის როლის ჩვენებისა. არ იყო აუცილებელი კონფლიქტისთვის უსათუოდ პარტორგანიზაციის მდივანი დაპირისპირებოდა თავმჯდომარეს, ბრიგადირს. “დრამატურგს უნდა ეჩვენებინა პარტიის წევრთა მასა, ავანგარდული როლი თითოეული კომუნისტისა” – ეს გახლდათ მთავარი. 

ქართულ დრამატურგიაში არსებული ნაკლოვანებების მიუხედავად, იწერებოდა ისეთ პიესებიც, რომლებიც დროის მოთხოვნებს ითვალისწინებდა. ამ მხრივ, საინტერესო იყო ილო მოსაშვილის პიესა “მისი ვარსკვლავი”. პიესა შეფასდა “როგორც ქართული საბჭოთა დრამატურგიის გამარჯვება”, ხოლო მთავარი პერსონაჟი გიორგი გიგაური ახალი საბჭოთა ადამიანის ტიპურ მაგალითად იქნა მიჩნეული. პიესა, მალევე თბილისის წამყვან თეატრებში (რუსთაველისა და მარჯანიშვილის) დაიდგა და ორივე შემთხვევაში დიდი წარმატება ჰქონდა (პიესა დაიდგა საქართველოს სხვადასხვა თეატრშიც, მაგ. ქუთაისში, 1950 წელს). თეატრალური საზოგადოების საქალაქო კრებაზე “მისი ვარსკვლავის” შესახებ, ბევრი საქებარი სიტყვა ითქვა.

“ამ პიესის მთავარი ღირსება არა მარტო ის არის, რომ იგი სიმართლით ასახავს ცხოვრების მოვლენებს და იძლევა მართალ მხატვრულ სახეებს, არამედ ის რომ გაბედულად აკრიტიკებს ნაკლოვანებებს. იგი აკრიტიკებს, არა მარტო ისეთ პროფესორს, როგორც ზანდუკელია, რომელიც ძველის ტყვეობაში იმყოფება, არამედ იგი ებრძვის და აკრიტიკებს ისეთ ჩამორჩენილ ადამიანებსაც, რომლებსაც შეიძლება დროებით მაღალი თანამდებობანი ეჭიროთ და თავიანთი თანამდებობრივი მდგომარეობით ხელი შეუშალონ ჩვენს წინსვლასა და განვითარებას. ასეთი არის მაგ. მინისტრის მოადგილე, რომლის მსგავსი მინისტრის მოადგილე სავალდებულო არ არის რომ ცხოვრებაში მოვნახოთ, მაგრამ ასეთი ადამიანები ამ ბრძოლის დროს ძალიან ბევრნი იყვნენ და ჩვენს პარტიას ყოველთვის უხდებოდა ბრძოლა ასეთი ადამიანების წინააღმდეგ. მაშასადამე დრამატურგი ამ თავისი ბოლშევიკური კრიტიკით ეხმარება ჩვენი საზ-ის წინსვლას (ე. ქარელიშვილი)”.

პიესა “მისი ვარსკვლავი” ილო მოსაშვილმა 1950 წელს დაწერა. ამ დროისთვის საზოგადოება კარგად იცნობდა დრამატურგის შემოქმედებას. მისი პიესები: “სადგურის უფროსი” (1947) და “ჩაძირული ქვები” (1948) საქართველოს თეატრებში დიდი პოპულარობით იდგმებოდა. თავად დრამატურგს კი პიესისთვის “ჩაძირული ქვები” სახელმწიფო პრემია ჰქონდა მინიჭებული. 

პიესა “მისი ვარსკვლავი” დრამატურგმა თანამედროვე თემას მიუძღვნა. იმ პერიოდში არსებული მწვავე დაპირისპირება, ბიოლოგიურ მეცნიერებაში მატერიალისტურ და იდეალისტურ შეხედულებებს შორის, პარტიის მსჯელობის საგანი გახდა. ამავე დროს, პროგრესულ მოვლენად ჩაითვალა მეცხოველეობაში ახალი ჯიშების გამოყვანა, რასაც პროფესიულ წრეებში მხარდაჭერა ჰქონდა. ავტორმა მთავარ პერსონაჟად მეცხვარეობის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი, 36 წლის ზოოტექნიკოსი – გიორგი გიგაური გამოიყვანა. შრომისმოყვარე, რწმენით აღსავსე ახალგაზრდა კაცმა საბჭოთა მეცნიერების განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა. მეცნიერებაში ახალი იდეები წამოაყენა და ახალი ცხვრის ჯიშის “თეთრი ვარსკვლავი” გამოიყვანა. სამეცნიერო მუშაობის პროცესში, გიორგი გიგაურმა ბევრი მხარდამჭერი და ბევრიც ოპონენტი შეიძინა. მისთვის სამწუხარო იყო, რომ მისმა ყოფილმა პედაგოგმა, აღიარებულმა 60 წლის მეცნიერმა, ზოოტექნიკოსმა, პროფესორმა სოლომონ ზანდუკელმა და მისმა გუნდმა (ნიკიფორე უკლება – შუახნის ბუხჰალტერი, კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი – 40 წლის სამსონ ნებიერიძე, მინისტრის მოადგილე – ანდრო ვაშაძე), გიგაურის მოსაზრებები ახალი ჯიშების გამოყვანის შესახებ, არამეცნიერულად და უპერსპექტივოდ შეაფასაეს.

პიესის ძირიდათი სიუჟეტი ავტორმა სწორედ  გიორგი გიგაურისა და პროფესორ ზანდუკელის დაპირისპირებაზე ააგო. პიესაში ჩართული სხვადასხვა ეპიზოდიც ცენტრალურ თემას დაუკავშირა. მაგ., კეთილმა მოხუცმა მწყემსმა იასე უსტიაშვილმა გამოუსწორებელი დანაშაული ჩაიდენა. გიორგის გამოყვანილი საჯიშე ცხვარი მდინარეს გაატანა და დაახრჩო. მწყემსი ფიქრობდა, რომ მეურნეობაში წარმოებულმა ცდებმა, ახალი ჯიშის ცხვარმა, ადამიანები ერთმანეთს გადაჰკიდა, ამიტომ გადაწყვიტა ამ ცხვრის მოშორებით მათი შერიგება. როცა მიხვდა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა (მის მაგივრად პატიოსანი კაცი, საცდელი ფერმის გამგე, მისი ქალიშვილის შეყვარებული, ზოოტექნიკოსი სიმონ მენაბდე დაიჭირეს), საქვეყნოდ დანაშაულის აღიარება მოინდომა, მაგრამ მისმა ქალიშვილმა, მეურნეობის ვეტექიმმა, 24 წლის ნინომ, მამას თავშეკავება ურჩია – შერცხვა, რომ მამის საქციელს ყველა გაიგებდა.

მამასთან დაპირისპირებაში აღმოჩნდა პროფესორ ზანდუკელის ქალიშვილი, 22 წლის სტუდენტი – ეთერი. თავის სადიპლომო შრომაში მოიწონა მამის მეტოქის, გიორგი გიგაურის სამეცნიერო ცდები და ქება-დიდებით მოიხსენია: “მე მაინც მჯერა გიგაური გაიმარჯვებს” – წერდა. ქალიშვილის საქციელით გაღიზიანებულმა ზანდუკელის მეუღლე დარეჯანმა დიპლომის ხელნაწერი ნაფლეთებად აქცია, შვილს კი სახლის დატოვება უბრძანა.

პიესაში შვილებსა და მამებს შორის უთანხმოება, ორ მსოფლმხედველობას შორის დაპირისპირება, ძველსა და ახალ იდეებს შორის ბრძოლა, საბოლოოდ ახლის გამარჯვებით მთავრდება. გამარჯვების მისაღწევად, გიორგი გიგაურმა არაერთი დაბრკოლება გადალახა, მაგრამ საქმის ერთგულებამ, პროფესიის სიყვარულმა, წინააღმდეგობა დააძლევინა. მისი აზრით, ჩვენს ქვეყანაში ადამიანის პირადი ბედნიერება საზოგადოებრივ საქმესთან იყო დაკავშირებული. “..რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ჩვენ საქმეს მხოლოდ ერთი სახელი აქვს სამშობლო”. ეს იყო გიორგის ცხოვრების კრედო, მისი პირადული თუ საზოგადოებრივი მრწამსი.  

პიესის სიუჟეტი ოპტიმისტურად მთავრდება. ფინალურ სცენაში პარტორგანიზაციის კრება იმართება. ყველაფერი ნელ-ნელა გაირკვევა და სიმართლეც დადგინდება. აქ გადაწყდება ზანდუკელის ბედიც. Mმას, როგორც ჩამორჩენილ მეცნიერს, რომლის იდეებიც გზას უღობავდა და ხელს უშლიდა კომუნიზმის მშენებლობას, საქმეს ჩამოაშორებენ. პროფესორი ზანდუკელი კი, თავის მხრივ, შეცდომებს მიხვდება და წარმატებას მიულოცავს გიორგი გიგაურს. “თურმე ზოგჯერ მასწავლებელმაც უნდა ისწავლოს თავისი მოწაფისაგან” – ეუბნება.პიესა ახალი იდეების გამარჯვებით მთავრდება. გიგაურის საქმიანობა ქვეყნისთვის სასარგებლო მიღწევად ფასდება. “თეთრი ვარსკვლავი” კი საბოლოოდ გადარჩება, ვინაიდან ახალი ჯიშის ცხვრის დაღუპვის შემდეგ, მისი განაყოფიერებული ფარა დაიბადება.  

პიესა, როგორც აღვნიშნე, არაერთ თეატრში დაიდგა. დრამატურგისადმი ინტერესი, თეატრების მხრიდან, განპირობებული იყო მწერლის წერის მანერით, კარგად აწყობილი დიალოგებით, საინტერსოდ დახატული პერსონაჟებითა და, რა თქმა უნდა, პიესის შინაარსის აქტუალობით. თავად მწერალი კარგად იცნობდა იმ საკითხებსა და თემებს, რომლებსაც თავის პიესებში გადმოგვცემდა. პიესა ჯერ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში წარმოადგინეს და პარალელურად დასადგმელად ამზადებდნენ სხვა თეატრებიც. გაზეთმა “ლიტერატურა და ხელოვნებამ” ილო მოსაშვილს ლიტერატურული შარჟიც კი მიუძღვნა:

ამბობენ რომ დრამატურგებს 

შენ აჯობე ახლა სხვასო,

ხვალ გვაჩვენებ პიესაში

ახალ ქართულ ჯიშის ცხვარსო:              :

გაგვახსენებ ჩვენს სცენაზე 

“ცხვრის წყაროს” და “ყაჩაღებსო”,

გვარწმუნებენ: ახალ ვერძებს

ძველ ჭედილებს აჯახებსო.[9]

სპექტაკლს საზოგადოებაში დიდი წარმატება მოჰყვა. ქართულ და რუსულ პრესაში არაერთი რეცენზია დაიწერა. სპექტაკლის დადგმის შემდეგ დაიწყო პიესის შეფასება. პიესის მიმართ ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ ბიოლოგიის ფაკულტეტმა განხილვა მოაწყო. რუსთაველის თეატრის მუზეუმში ინახება წერილი, თეატრის დირექტორის სახელზე. “ბიოლოგიის ფაკულტეტი აწყობს მოსაშვილის “მისი ვარსკვლავის” საჯარო განხილვას. გვჭირდება პიესა, რისთვისაც გთხოვთ გვათხოვოთ. პიესის მიღებას ვანდობთ ბიოლოგიის ფაკულტეტის II კ. ალკკ ბიუროს მდივანს ამხ. ღვინიანიძეს”.

წერილის ავტორები აქებდნენ დრამატურგს, რეჟისორს, მსახიობთა შესრულებას. სამთავრებო გაზეთმა “კომუნისტმა” გამოაქვეყნა წერილი “მიჩურინული მეცნიერების ზეიმი”.[10] წერილის ავტორი კრიტიკოსი ერემია ქარელიშვილი წერდა: “ეს პიესა თანამედროვე ქართული დრამატურგიის მძლავრი აღმავლობის მკაფიო მაჩვენებელია, პიესა გამსჭვალულია საბჭოთა პატრიოტიზმისა და დაუცხროელი ოპტიმისტური სულისკვეთებით. ვხედავთ საბჭოთა ადამიანების მზადყოფნას მთელი არსებით ემსახურონ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას. კომუნიზმის იდეები ყველა პროფესიის ადამიანს ერთ მძლავრ მონოლითურ კოლექტივად აერთიანებს”. 

პიესის საზოგადოებრივ მნიშვნელობას ისიც განსაზღვრავდა, რომ გიორგი გიგაური, თავისი საქმიანობით, საზოგადოებას საბჭოთა მეცნიერების მიღწევების რწმენას უნერგავდა. ის ამკვიდრებდა აზრს, რომ საბჭოთა მეცნიერებაში ბუნების დაპყრობა და მასზე გამარჯვება შეიძლებოდა. შემთხვევითი არ იყო ალბათ, რომ გიორგის საქმისადმი რწმენა მომავალ თაობებს გააჩნდა. ავტორმა კომკავშირელ ახალგაზრდა სტუდენტ გოგონას ათქმევინა: “გიგაური გაიმარჯვებს ბუნებაზე და ეს ჩვენი საერთო გამარჯვება იქნება”.[11] 

პიესის პრემიერა რუსთაველის სახ. თეატრის სცენაზე 1950 წლის 28 ოქტომბერს შედგა (რეჟისორი დიმიტრი ალექსიძე, მხატვარი ფარნა ლაპიაშვილი). რეჟისორი დოდო ალექსიძე გაზეთ “ზარია ვოსტოკაში” გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავდა, რომ პიესაში მოსწონდა ცხოვრებისეული სიმართლე და მწერლის მიერ დახატული სატირული პორტრეტები. რეჟისორი ცდილობდა, სცენაზე ისეთი ატმოსფერო შეექმნა, რომ მაყურებელს დაენახა მძაფრ დაპირისპირებულ გარემოში გიგაურის ცდების აქტუალობა, მისი გაუტეხელი ბუნება.  

სპექტაკლს წარმატება ჰქონდა, რაც განპირობებული იყო როგორც პიესის აქტუალობით, ასევე რეჟისორის მხატვრული აზროვნებით, მისი მაღალი კულტურით, ფსიქოლოგიური ნიუანსების გამოვლენით, სწორად მიგნებული მიზანსცენებითა და მსახიობთა საუცხოო შესრულებით. სპექტაკლი გამოირჩეოდა კარგი სამსახიობო ანსამბლით (აკ. ვასაძე, ვ. დოლიძე, გ. გეგეჭკორი, თ. ჭავჭავაძე, ე. აფხაიძე, მ. ჩახავა, თ.თარხნიშვილი, გ. დავითაშვილი, თ. თეთრაძე, კ. მახარაძე, გ. საღარაძე და სხვა. პროგრამის მიხედვით, ზოგიერთ როლს რამდენიმე შემსრულებელი ჰყავდა, მაგ. გიორგი გიგაურს თამაშობდა აკ. ხორავა, ვ. დოლიძე, ეთერს მ. ჩახავა, თ. თეთრაძე). 

წარმოდგენის შესახებ გამოქვეყნებულ რეცენზიაში “მიჩურინული მეცნიერების ზეიმი”, ავტორმა (სპექტაკლზე გამოქვეყნდა ერემია ქარელიშვილის, ნიკოლოზ შველიძის, ბესო ჟღენტის წერილები) ხაზი გაუსვა მსახიოთა შესრულებას. სპექტაკლში ყურადღებას იქვევდა აკაკი ვასაძის სამსახიობო ოსტატობა სოლომონ ზანდუკელის როლში. მსახიობს როლი ტექნიკურად მშვენივრად ჰქონდა დამუშავებული. ისე ოსტატურად თამაშობდა, რომ ზოგიერთ სცენაში თითქოს საჭიროც არ იყო მისი ლაპარაკი. წარმოთქვამდა იმას, რაც აწუხებდა, რაზეც ფიქრობდა, რასაც განიცდიდა, იგი უსიტყვოდაც ახერხებდა მაყურებელს დაენახა მისი სულიერი წუხილი. მსახიობი განსაკუთრებით ძლიერი იყო ოჯახში, ცოლთან საუბრის დროს და უკანასკნელ სცენაში, როცა იგრძნო შეცდომა და აღიარა დანაშაული.  “ვასაძის ზანდუკელი ბუნებით არც ბოროტი იყო და არც ანტისაბჭოთა პიროვნება, მაგრამ იგი იდეალისტური მსოფლმხედველობის ტყვეობაში იმყოფებოდა, სამარცხვინოდ იხრიდა ქედს უცხოურის წინაშე და არ სწამდა მიჩურინული მატერიალისტური მოძღვრების სისწორე, ამასთან ზანდუკელი ვერ იტანდა რომ მას თავისი ყოფილი მოწაფე ეწინააღმდეგებოდა”, როცა გიგაურის მეცნიერული კვლევის სისწორე გამოჩნდა, მან დაძლია თავმოყვარეობა და კრიტიკულად გადახედა თავის წარსულს. 

გიგაურის როლში, მსახიობმა ვ. დოლიძემ, სამართლიანად დაიმსახურა მოწონება, ამ სპექტაკლში გამოჩნდა მსახიობის შემოქმედებითი ზრდა. მსახიობი გათავისუფლდა ძველი ხელოვნური მანერისაგან და რეალისტური სცენური სახე შემოგვთავაზა. მისი თამაში იყო სადა, ბუნებრივი,  ამავე დროს მეტყველი და დამაჯერებელი. მან დაგვიხატა დარბაისელი საბჭოთა მეცნიერის სახე, რომელსაც ღრმად სწამდა თავისი საქმის სიმართლის და რთულ მდგომარეობაში წარმატებით ინარჩუნებდა სულიერ წონასწორობას. დოლიძის თამაშში იყო ხარვეზებიც – “მსახიობმა ვერ მონახა გიგაურისთვის დამახასიათებელი დამოუკიდებელი პლასტიური მეტყველება. მისი ხელის მოძრაობა და ხმის ინტონაცია გიგაურისთვის ბუნებრივად არ ჩანდა”. მსახიობი გ. გეგეჭკორი სიმონ ნებიერიძის როლს თამაშობდა. მან მაყურებელს დაანახა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, ფუქსავატი და უნიჭო ადამიანის სახე, რომელმაც ძლივს დაამთავრა უმაღლესი და მლიქვნელობის საშუალებით მოახერხა კარიერის გაკეთება. ზანდუკელის გავლენით, ისიც ქედს იხრიდა უცხოური მეცნიერების წინაშე და ცდილობდა ხელი შეეშალა გიგაურისთვის. ზანდუკელის ცოლის – დარეჯანის როლის საინტერესო შესრულება შემოგვთავაზა მსახიობმა თამარ ჭავჭავაძემ, რომელსაც რეცენზენტმა “ბრწყინვალე შესრულებული, სრულყოფილი სახე” უწოდა. მისი მეშჩანური ბუნება, გონებაშეზღუდულობა, ამპარტავნება და სითამამე ყოველ სცენაში კარგად იკითხებოდა. თავისი ხასიათით, ქედმაღლური ბუნებით ადვილად ახერხებდა სუსტი ნებისყოფის ქმარზე გავლენის მოხდენას და მის მეცნიერულ საკითხებშიც ჩარევას. ამაყსა და თავნება დარეჯანს არ უყვარდა უბრალო ხალხთან ურთიერთობა და ცდილობდა მათგან თავის მაღლა დაჭერას. სპექტაკლში ბევრი კარგი როლი შესრულდა: მსახიობმა გიორგი დავითაშვილმა ბიუროკრატი და ფუქსავატი მინისტრის მოადგილის – ანდრო ვაშაძის რეალისტური სახე შემოგვთავაზა. ემანუელ აფხაიძემ შეასრულა მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის ბუხჰალტრის, პატიოსანი მუშაკის, მშიშარა და მერყევი პიროვნების – ნიკიფორე უკლებას როლი. დრამატურგმა უკლება მოიფიქრა, როგორც კომიკური პერსონაჟი. კომიკური ხაზიც სპექტაკლში ძირითადად ამ გმირთან იყო დაკავშირებული. ნიკიფორე უკლება, აქ ყველაზე კოლორიტული პერსონაჟი იყო. მოსაწონი იყო პარტიის ცენტრალური კომიტეტის წარმომადგენლის, ვარლამ ხელიძის როლში გ. საღარაძე. მისი თამაში “დამაჯერებელად და მიმზიდველად” გამოიყურებოდა.

კრიტიკოსი ბესო ჟღენტი სპექტაკლს “თეატრალურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევდა”.[12] “დრამატურგისა და თეატრის დიდ გამარჯვებად” მიაჩნდა სპექტაკლი წერილის ავტორ ნიკოლოზ შველიძესაც.[13] 

რუსთაველის თეატრის წარმატების შემდეგ, პიესა “მისი ვარსკვლავი” მარჯანიშვილის სახ. თეატრის სცენაზე დაიდგა. პრემიერა 1951 წლის 8.09 შედგა (რეჟ. ა. ჩხარტიშვილი, მხატვარი ი. სუმბათაშვილი, კომპ. ა. კერესელიძე.  მონაწილეობდნენ: ს. ზაქარიაძე, მედეა ქორელი, ვ. ანჯაფარიძე, გ. შავგულიძე, მ.თბილელი, ვ. გოძიაშვილი მ. ჯაფარიძე, აკ. კვანტალიანი და სხვები). არჩილ ჩხარტიშვილის აზრით, პიესის დადგმის სირთულეს წარმოადგენდა რუსთაველთა სპექტაკლის წარმატება, თუმცა ეს ფაქტი რეჟისორს მეტ სტიმულს აძლევდა. სპექტაკლში იგრძნობოდა რეჟისორის მდიდარი ფანტაზია, მოფიქრებული იყო საინტერესო მიზანსცენები. სპექტაკლის დაწყებისთანავე, როცა ფარდა იხსნებოდა, მაყურებელს თვალში ხვდებოდა კედელზე გაკრული წარწერა: “ვერ მოვუცდით როდის გაიღებს ბუნება მოწყალებას – ეს მოწყალება მას ძალათი უნდა გამოვართვათ”. ეს სტრიქონები, ცალსახად მატერიალისტური მეცნიერების მსოფლმხედველობის პროპაგანდასა და გამარჯვებას გამოხატავდა, რისიც ხალხს გულწრფელად სჯეროდა.

რეჟისორმა არჩილ ჩხარტიშვილმა,Bსპექტაკლში კინოკადრები გამოიყენა. პიესის სიუჟეტს მორგებული საბჭოთა მეცხვარეობის განვითარების ამსახველი კადრები მაყურებლის მოწონებას იმსახურებდა. სპექტაკლის ფინალური სცენა კი განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენდა, რის შესახებაც არაერთი რეცენზენტი წერდა. დარბაზში სინათლე ქრებოდა, ეკრანზე ჩნდებოდა მწყემსი, რომელსაც ხელში ეჭირა წიგნი სტალინის შესახებ, იგი წიგნს ფურცლავდა დაAჩნდებოდა ბელადის პორტრეტი. სურათი ეკრანზე თანდათანობით დიდდებოდა და აუდიტორიის შეუწყვეტელ ოვაციას იწვევდა (ეს მიზანსცენა ავტორსაც განსაკუთრებულად მოსწონდა და მადლობაც კი გადაუხადა ავტორს). სპექტაკლის შესახებ გამოქვეყნებულ რეცენზიაში[14]  “მარჯანიშვილის კოლექტივის ახალი გამარჯვება”, ავტორმა გეგეშიძემ ყურადღება მიაქცია მსახიობთა შესრულებას. ამ სპექტაკლშიც, რუსთაველის სპექტაკლის მსგავსად, საინტერესო აქტიორული სახეები შეიქმნა. მაგრამ, განსაკუთრებით გამორჩეული იყო სერგო ზაქარიაძის ოსტატობა გიორგი გიგაურის როლში, რომელიც მტკიცე ხასიათსა და მაღალ სულიერ თვისებებს ამჟღავნებდა – თანმიმდევრულად გადმოგვცემდა დაუცხრომელი მეცნიერის შინაგან ბუნებას. როცა მას დირექტორის პოსტიდან მოხსნიდნენ, მაინც სულიერ სიმშვიდეს და ძლიერებას ინარჩუნებდა. სპექტაკლში დაუვიწყარი სახე შექმნა ვერიკო ანჯაფარიძემ, რომელიც დარეჯანის ფუქსავატურ, არისტოკრატიულ თვისებებს გადმოგვცემდა. გიორგი შავგულიძის ნიკიფორე უკლება კი ერთ-ერთი მიმზიდველი და დასამახსოვრებელი სახე იყო სპექტაკლში. პიესაში ის კომიკურ პერსონაჟად მოგვევლინა, მაგრამ მსახიობის გამოჩენა და მისი საუბრის მანერა სცენაზე მაყურებელში, სიცილთან ერთად, სიბრალულსაც იწვევდა. აკაკი კვანტალიანი ცრუ მეცნიერის, ნებიერიძის როლს განასახიერებდა. მისი არაწესიერი გზით ნაშოვნი თანამდებობა, კარიერისტული თვისებები, ოსტატურ თამაშში გამოავლინა. მსახიობმა პიერ კობახიძემ ნათლად გამოხატა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წარმომადგენლის – ვარლამ ხელიძის სახე. იგი წარმოგვიდგენდა დიადი კომუნისტური იდეებით გამსჭვალული ადამიანის შინაგან ბუნებას. მწყემსი გიას როლში, შ.ქოჩორაძემ ტემპერამენტით სავსე უშუალო და ბუნებრივი სახე შექმნა. სცენურად დასრულებული სახეები წარმოგვიდგინეს ც.წუწუნავამ (თინათინი), მ.თბილელმა (შინამოსამსახურე ტასიკო). პროფესორ ზანდუკელის როლს თამაშობდა ვასო გოძიაშვილი, რომელიც გულგრილად ეკიდეოდა მიჩურინულ აგრობიოლოგიურ მეცნიერებას, მაგრამ საბჭოთა წყობილების მტერი არ იყო. მისი კონფლიქტი გიგაურთან, მხოლოდ მისი მცდარი მეცნიერული თვალსაზრისით გაჩაღებული ბრძოლით იყო გამოწვეული; თუმცა, ფსიქოლოგიურად მეტად რთული სახე სპექტაკლში ზოგჯერ უფერულად გამოიყურებოდა. საცდელი ფერმის გამგის, სიმონ მენაბდის როლს თამაშობდა – ედიშერ მაღალაშვილი. ეს მტკიცე ნებისყოფის, თავდადებული კაცი მხარში ედგა გიგაურს.Mმაგრამ მის თამაშში არ იგრძნობოდა, თუ რა დიდი ამოცანა იყო დასახული მენაბდის წინაშე. მისი შესრულებული როლი “ერთფეროვანად და მონოტონურიად” გამოიყურებოდა.

სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა. გამოხმაურებაც დადებითი იყო. გაზეთმა “ლიტერატურა და ხელოვნება”[15] დაბეჭდა ე. ქარელიშვილის წერილი “ნოვატორის სახე სცენაზე”, რომელშიც სპექტაკლის სანახავად მისულმა ავტორმა, ფოიეში მოლაპარაკე ახალგაზრდა მაყურებელთა შთაბეჭდილებები გადმოგვცა. ავტორი წერდა: “ფოიეში ვიღაც ამბობს, როგორც ჩანს უნივერსიტეტის სტუდენტი: “მე მხიბლავს გიგაურის ნებისყოფის გაუტეხლობა. სწორედ ასეთი უნდა იყოს თანამედროვე ახალგაზრდა.” “როცა თქვენი საქმის სიმართლეში დაჯერებული ხართ, მხნედ და შეუპოვრად წადით წინ”  – ამბობს მეორე. “როცა საკითხი მეცნიერებასა და ადამიანთა შეგნებაში ძველის და ახლის შორის ბრძოლას ეხება, განა შეიძლება ჭეშმარიტი კომკავშირელისთვის ნათესაობა დაბრკოლებად გადაიქცეს.განა უფრო არ ამაღლდება საზოგადოების თვალში, რომ იგი არა მარტო შრომაში, არამედ ინსტიტუტის კათედრაზეც გამოსულიყო და მხარში ამოდგომოდა გიგაურს. მამის მცდარი მეცნიერების შეხედულების წინააღმდეგ გაელაშქრა […] გულისტკივილით თქვა ახალგაზრდა ქალმა”. ახალგაზრდა მაყურებლის მოსაზრებით, პიესის პერსონაჟი ეთერი ნამდვილი კომკავშირელივით არ მოიქცა. მართალია, თავის ნაშრომში გიგაურის პოზიცია დაიჭირა და ამით გარკვეულად მამას დაუპირისპირდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ იყო საკმარისი. პროფესორი მამა კომკავშირელ ქალიშვილს უფრო მაღალი სამეცნიერო ტრიბუნიდან უნდა გაეკრიტიკებინა. 

როგორც აღვნიშნე, სპექტაკლების ირგვლივ რამდენიმე სტატია დაიწერა. სამწუხაროდ, აღნიშნული თეატრების მუზეუმებში, სპექტაკლების შესახებ (გარდა საგაზეთო რეცენზიების, პროგრამის, რამდენიმე დეპეშის), სარეპეტიციო ჩანაწერები ან სხვა დოკუმენტური მასალა არ მოიპოვება; მაგრამ, საბედნიეროდ, ცენტრალურმა არქივმა შემოგვინახა მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლ “მისი ვარსკვლავის” განხილვა,[16] რაც უდავოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტია (სტენოგრამა მოიცავს 66 გვერდს). თეატრალურმა საზოგადოებამ სპექტაკლს სპეციალური სხდომა მიუძღვნა (1951 წლის 5 ნოემბერი). შეხვედრაზე ბევრი საინტერსო მოსაზრება გამოითქვა. სიტყვით გამოვიდნენ: დრამატურგი შალვა დადიანი, კრიტიკოსი ბესო ჟღენტი, თეატრმცოდნე დიმიტრი ჯანელიძე, სპექტაკლის რეჟისორი არჩილ ჩხარტიშვილი, პიესის ავტორი ილო მოსაშვილი, მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე. სტენოგრამაში წარმოდგენილი მასალა ძალზე ცოცხალი და მრავალმნიშვნელოვანია. მასში კარგად იგრძნობა ეპოქის მაჯისცემა, გარემო, გარკვეული კონიუნქტურა, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება,  პროფესიონალიზმი, კამათის კულტურა. სპექტაკლზე მსჯელობისას, თითქმის ყველა გამომსვლელმა, პირველ რიგში, პიესის წარმატება აღნიშნა. მწერალმა შალვა დადიანმა თქვა: “ჩვენს ეპოქას სტალინის ეპოქა ჰქვია, ეს არის ეპოქა მიღწევების…” ჩვენდა საბედნიეროდ უნდა ითქვას, რომ დრამატურგია რომელიც ითვლება ჩამორჩენილ უბნად ჩამორჩენილი არ არის… “მისი ვარსკვლავი” არის საუცხოვო მოვლენა. კრიტიკოსი ბესო ჟღენტი თვლიდა, რომ პიესა არის საუკუნის ნაწარმოები ჩვენს დრამატურგიაში, სადაც აისახა ომისშემდგომი პერიოდის ხალხის ცხოვრება. დადებითი შეფასების გარდა (პიესაში ასახულია ჩვენი ცხოვრების ნაკლოვანი მხარეები, მხილებულია ბურჟუაზიული გადმონაშთები, ვაშაძის – ნაირი ბიუროკრატები), ბესო ჟღენტი შეეხო პიესის უარყოფით მხარეებსაც.Eეს, პირველ რიგში, ეხებოდა პიესაში ჩართულ ხელოვნურ კონფლიქტს და მწყემსი იასეს სახის ინტერპრეტაციას. ავტორმა, დრამატიზმის გაძლიერების მიზნით, პატიოსან მწყემსს ცხვარი დახრჩობინა, რაც პიესაში არარეალურ და არადამაჯერებელ შთაბეჭდილებას ახდენდა (იასე, თავისი კეთილშობილი ხასიათიდან გამომდინარე, ცხვარს ვერ დაღუპავდაო – ითქვა სხდომაზე). იასეს ქალიშვილი ნინო კი, რომელსაც ფერმის გამგე, სიმონ მენაბდე, უყვარდა, სასოწარკვეთილებაში იყო ჩავარდნილი. მისი შეყვარებული, ცხვრის დახრჩობის გამო, დაიჭირეს. დრამატული კოლიზია კი იმაში მდგომარეობდა, რომ იასეს ქალიშვილმა არ იცოდა – ეთქვა თუ არა სიმართლე, სატრფო ეხსნა თუ მამა გაეწირა. შენიშვნის თაობაზე, შემდეგ მოსაშვილმა ბესო ჟღენტს გარკვეული პასუხი გასცა. დრამატურგი მასალის შესასწავლად, ხშირად დადიოდა სოფლად და საქონლის ახალი ჯიშების გამოყვანის შესახებ ბევრ სამარცხვინო ამბავს ისმენდა. მაგალითად, შეიტყო, რომ შეგნებულად მოკლეს ცხვრი და ლურსმანი ჩააყლაპეს პურთან ერთად, პატიოსანი ადამიანი კი ციხეში ჩააგდეს. იასე ავტორისთვისაც წესიერი ადამიანი იყო, მაგრამ უცოდინარი. მას არ ესმოდა “მისი ვარსკვლავის” მნიშვნელობა და ამიტომ დაღუპა ცხვარი.

 პიესის მნიშვნელობაზე საუბრის შემდეგ, სპექტაკლის ირგვლივ გამოითქვა მოსაზრებები. სპექტაკლი ყველამ დადებით მოვლენად შეაფასა. აღინიშნა რეჟისორ ჩხარტიშვილის დამსახურება, მისი ფანტაზია, გამომგონებლობის უნარი, პიესის ძირითადი იდეის ხაზგასმა. სპექტაკლის ერთმა მიზანსცენამ კი ყველას მოწონება დაიმსახურა. იმ ეპიზოდში, როცა გიგაურ-ზაქარიაძეს თანამდებობიდან გადააყენებენ, პერსონაჟი განიცდიდა მძაფრ სულიერ დრამას. ჩაფიქრებული გიგაური სარკმელს გააღებდა და თვალწინ გადაეშლებოდა კომკავშირის ხეივანი, სახე ამხანაგი სტალინისა. სტალინის სახის დანახვაზე, გიგაურს იმედი მიეცემა, საქმისადმი გამარჯვების რწმენა დაუბრუნდება. ამ სცენაში მსახიობის შესრულება იყო შესანიშნავი. მან ადამიანური სითბოთი, ცოცხალი ხასიათის შექმნით, მოახერხა შინაგანი სიმართლით გამოეხატა გმირის კეთილშობილება, მორალური ძალა. სპექტაკლის განმავლობაში, გიგაური ხვდება სხვადასხვა ვითარებაში და ხასიათიც ეცვლება. ის ხან ინსტიტუტის სამეცნიერო შეკრებებზე იბრძვის, სადაც უხეშ და დაუნდობელ თვისებას ამჟღავნებდა, თანამშრომლებთან ურთიერთობაში კი უფრო მოკრძალებული ჩანდა; სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ – ღირსება ჰქონდა შენარჩუნებული, ხოლი როცა გაიმარჯვებდა, თავმდაბალი ხდებოდა. გიგაურის სახე, სერგო ზაქარიაძის საუკეთესო როლი იყო. მისი შესრულება ავტორს განსაკუთრებით მოსწონდა და უფრო მეტიც, როცა პიესას წერდა, გიგაურის სახე სწორედ ასეთი წარმოედგინა. სპექტაკლში გიგაური, თავისი ინტელექტუალური სამყაროთი, დაუპირისპირდა ზანდუკელს. მსახიობმა ვასო გოძიაშვილმა ზანდუკელის როლში გვიჩვენა გმირის ხასიათის სისუსტე, ნაკლოვანება. მან მთლიანობაში განზოგადებული სახე შექმნა. გოძიაშვილის შესრულებაში აღსანიშნავი იყო კიდევ ერთი ფაქტი: მსახიობმა როლი გარეგნულად ერთ ცნობილი ინტელიგენციის წარმომადგენელს მიამსგავსა (არ ვიცით, ვის), რის გამოც, ბესო ჟღენტმა შენიშვნა მისცა. “ეს არ იყო საჭირო, ამ პიროვნებას არაფერი საერთო არ აქვს ზანდუკელთან. ამგვარი მიმსგავსება როლს განზოგადოებას უკარგავს და ნატურალიზმისკენ მიაქანებს”. შესანიშნავად ითამაშა ზანდუკელის ცოლის, დარეჯანის როლი ვერიკო ანჯაფარიძემ. ის აჩვენებდა ანჩხლი, ობივატელური ბუნების ადამიანის სახეს. მაყურებელი ადვილად ხვდებოდა, რომ ქმარზე ის უარყოფით გავლენას ახდენდა. როგორც შემდეგ ვერიკომ აღნიშნა, სპექტაკლი ორი რეპეტიციით უთამაშია, ვინაიდან მწერლისგან კარგი მასალა ჰქონდა სამუშაოდ. ილო მოსაშვილსაც მოეწონა ვერიკოს შესრულება და თამარ ჭავჭავაძესაც, რომელმაც იგივე როლი, რუსთაველის თეატრში – წარმატებით ითამაშა. 

სპექტაკლში საინტერესო სახე შექმნა გიორგი შავგულიძემ მეურნეობის ბუხჰალტრის ნიკიფორე უკლებას როლით და განსაკუთრებით აღინიშნა მარინა თბილელის თამაში. მსახური გოგოს, ტასიკოს სახეს არც პიესაში და არც სპექტაკლში დიდი იდეური დატვირთა არ ჰქონდა, “მაგრამ მსახიობმა მოუნახა ისეთი საღებავი, რომ იგი გააცოცხლა და სპექტაკლის საინტერესო სახედ აქცია, მან შექმნა ხასიათი და გვიჩვენა რომ არ არსებობს დიდი და პატარა როლები. ერთი გაირბინა და ამით მოხაზა ხასიათი, უკვე გავიგეთ მისი დამოკიდებულება დარეჯანისადმი” – აღნიშნა ბესო ჟღენტმა. ამ შეფასებაში მას ვერიკო ანჯაფარიძეც დაეთანხა (არ გაიზიარა აზრი დიდი და პატარა როლების შესახებ). დიმიტრი ჯანელიძემ აღნიშნა, რომ თბილელმა “პატარა როლით გაიმარჯვა”. აღსანიშნავია, თავად ავტორის მოსაზრება ამ როლთან დაკავშირებით. ილო მოსაშვილმა მარინა თბილელის თამაში შეაქო და თქვა: “რომ  მცოდნოდა ამ პატარა როლს კარგი შემსრულებელი ეყოლებოდა როლს უფრო გავაშალაშინებდი”. კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის როლი შეასრულა აკაკი კვანტალიანმა, თუმცა როლი დაუწუნეს “ეს არ იყო მისთვის მომგებიანი როლი. ეს არ მიმაჩნია თეატრის მიღწევად” – აღნიშნავდა ბესო ჟღენტი.

თეატრმცოდნე დიმიტრი ჯანელიძემ დადებითად შეაფასა პიესა, რეჟისორის ნამუშევარი, მსახიობთა შესრულება: “შესანიშნავ შთაბეჭდილებას ახდენს კომკავშირის ხეივნის ხედი. დროულად ჩანს ამასთან სტალინის სახე და შესანიშნავი ძალა ჰქონდა მას სპექტაკლისთვის. კინოს გამოყენება კარგადაა მოფიქრებული… სპექტაკლში მოცემულია ინსტიტუტის ხედი, მისი ქანდაკებითა და ჩუქურთმებით, ეს წარმოდგენას გვაძლევს იმაზე რომ ჩვენს ქვეყანას გააჩნია დიდი ხუროთმოძღვრება”. ჯანელიძემ, ქებასთან ერთად, რეჟისორს შენიშვნაც მისცა. მისი აზრით, პიესაც და სპექტაკლიც “გრძელი” გამოვიდა. “…არ შეიძლება მაყურებელი 2-ის ნახევარზე ბრუნდებოდეს თეატრიდან. მარჯანიშვილიც კი თავის სპექტაკლებს ამოკლებდა, ცდილობდა 12 საათზე მაყურებელი თეატრიდან ყოფილიყო გასული”. შენიშვნა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რეჟისორს ეკუთვნოდა… არჩილ ჩხარტიშვილი კმაყოფილი იყო სპექტაკლის წარმატებით. მოსწონდა მოსაშვილთან მუშაობა; ავტორს კი – რეჟისორის ნამუშევარი (დრამატურგი კმაყოფილი იყო პიესის მონტაჟით, ეპიზოდების გადანაცვლებით). დრამატურგისა და რეჟისორის ნაყოფიერმა თანამშრომლობამ, მსახიობთა ანსამბლმა და კოლექტივის დაუღალავმა მუშაობამ განსაზღვრა სპექტაკლის ხარისხი, მისი წარმატება.  

ამგვარად,  პიესა “მისი ვარსკვლავი” და შოთა რუსთაველისა და კოტე მარჯანიშვილის თეატრებში დადგმული სპექტაკლები (ძნელია დასკვნების გამოტანა, რომელი სპექტაკლი იყო უკეთესი, მაგრამ იმ მასალაზე დაყრდნობით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, შეიძლება ითქვას, რომ მარჯანიშვილის სპექტაკლი უფრო ეფექტური და შთამბეჭდავი გამოდგა, სწორედ ეკრანის გამოყენებით და სტალინის სახის ჩვენებით, ასევე ზაქარიაძის შესანიშნავი თამაშით) მთლიანად აკმაყოფილებდნენ 1946 წლის 26 აგვისტოს დადგენილების – “დრამატული თეატრების რეპერტუარისა და მისი გაუმჯობესების შესახებ” მოთხოვნებს შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. პიესა “მისი ვარსკვლავი” თანამედროვე ეპოქის სულისკვეთებას გამოხატავდა – მასში ასახული რეალური ამბები და ცოცხალი პერსონაჟები ომის შემდგომი პერიოდის ცხოვრებას ასახავდა;
  2. მთავარი გმირი გიორგი გიგაური ნამდვილი საბჭოთა მეცნიერის სიმბოლო იყო;
  3. პიესის ოპტიმისტური განწყობა მომავლის რწმენას უნერგავდა ახალგაზრდობას; P
  4. პიესა საინტერესოდ იყო დაწერილი. შეიქმნა ახალი სახეები,…პერსონაჟების ენა იყო დახვეწილი, ბუნებრივი, ხალხური.
  5. პიესა წამყვანმა თეატრებმა დადგეს. დამდგმელები (ა. ჩხარტიშვილი, დ. ალექსიძე) წარმატებული რეჟისორები იყვნენ;
  6. სპექტაკლებში ცნობილი დაMსახელოვანი მსახიობები თამაშობდნენ.

ერთი შეხედვით უმნიშვნელო და, შეიძლება ითქვას, დავიწყებულმა სპექტაკლებმა დიდი როლი ითამაშეს ქართული თეატრის ისტორიაში. რეპერტუარისა და ქართული დრამატურგიის “გაჯანსაღების პროცესი” იმ პერიოდის მთავარი მოთხოვნა იყო და, თეატრებიც, როგორც შეეძლოთ, ახერხებდნენ გარკვეული ბალანსის შენარჩუნებას. გარკვეული კონიუნქტურის, ხარკის მოხდის პარალელურად იქმნებოდა მაღალმხატვრული სპექტაკლები შესანიშნავი აქტიორული სახეებითა და არაჩვეულებრივი სცენოგრაფიით. პარტიის მოწონებული სპექტაკლები ყოველთვის არ ნიშნავდა იმას, რომ სცენიდან პირდაპირი მნიშვნელობით, მთელი სპექტაკლის განმავლობაში, კომუნისტური პარტიის მორჩილება და მსახურება ისმოდა (თუმცა ამ პერიოდში სსრკ-ში ასეთი სპექტაკლებიც იყო).

სცენაზე წარმოდგენილი სოფლად მცხოვრები გლეხის მუშაობა, მუშა კაცის პატიოსანი შრომა, მასწავლებლის თუ ინჟინრის კეთილსინდისიერი საქმიანობა, ირიბად მაინც უკავშირდებოდა პარტიის, კომკავშირის თუ რგოლის სწორად ჩატარებულ იდეოლოგიურ საქმიანობას.

 

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • მოსაშვილი მ., ილო მოსაშვილი სცენაზე და ეკრანზე,, თბ., 1985;
  • მოსაშვილი ი., დრამატურგია, ტ. 2, თბ., 1968;
  • გაზ. “ახალგაზრდა კომუნისტი”, 1951, 25/IX;
  • გაზ. “ლიტერატურა და ხელოვნება”: 1946,12 VIII; 1950, 12/XI; 1951, 7/X; 1951, 8/VII; 1951, 9/IX; 1951, 23/IX;
  • გაზ. “კომუნისტი”, 1950, 10 /XI;
  • “Заря востока”. 1950,14/XI;
  • “Правда”, 1951, 2/VII;
  • რუსთაველის სახ თეატრის მუზეუმი;
  • თბილისის ცენტრალური არქივი -ფ-21, აღწერა-1, არქივი N 8;
  • ეროვნული არქივი;
  • მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმი;
  • რუსთაველი თეატრის მუზეუმი.

 

 

[1] იხ. `სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი~, 2019, N3.

[2] ლიტერატურა და ხელოვნება, 1951, 9/IX.

[3] ლიტერატურა და ხელოვნება, 1951, 7/X.

[4] ლიტერატურა და ხელოვნება, 1951, 8/VII.

[5] სამაგალითოდ, აღნიშნული ციტატები იყო მოყვანილი წერილში და მასზე კომენტარები დართული. თარგმანი ეკუთვნის გაზეთს `ლიტერატურა და ხელოვნება~ – მ.კ.

[6] გაზ. ლიტერატურა და ხლოვნება, 1946, 12/VIII.

[7] Правда, 1951, 2/VII.

[8] თბილისის ცენტრალური არქივი -ფ-21, აღწერა-1, არქივი N 81.

[9] მოსაშვილი მ., ილო მოსაშვილი სცენაზე და ეკრანზე, თბ. 1985, გვ. 68.

[10] გაზ. კომუნისტი, 1950, 10/XI.

[11] ილო მოსაშვილი, დრამატურგია, ტ2, თბ., 1968, გვ. 227.

[12] Заря  востока 1950,14/XI.

[13] გაზ. ლიტერატურა და ხელოვნება,1950, 12/XI.

[14] გაზ. ახალგაზრდა კომუნისტი, 1951, 25/IX.

[15] გაზ. ლიტერატურა და ხელოვნება, 1951,23/IX.

[16] საქ. ეროვნული არქივი, ფ-26, 81.

 

Maia Kiknadze,

Doctor of Arts,

Associate professor at Shota Rustaveli Theatre and Film

Georgia State University

 

 

Communist party instructions to soviet theatres (40s) 

(Part II)

 

Summary

 

In 1946 Moscow Central Committee passed three resolutions for art circles. Resolution on magazines `ZVEZDA~ (STAR) and `LENINGRAD~; on movie `Long Life~ and resolution on improvement of repertoireof theatres. After 5 years, in 1951 was resumed discussion on all three resolutions.Communist government controlled execution of its orders and expressed notes.

Newspapers included several articles on aforesaid issues. Special meetings were even held by art circles. A lot of discussions related to the problems of Soviet cinematography, deficiency of Georgian movieswere run at the Plenary Session of Georgian Writers Union. Party was not satisfied with five years employment of cinematographers. To their minds, Georgian cinematographers could not shoot suchmodern films, where would be clearly shown heroic labor of Georgians, industrialization of Georgia, agriculture, scientific development, educational activity, renewed prosperous villages and transformed cities. According to the party’s requirement the condition had to be improved. Due to this purpose Film Studio and Writers Union had to carry out joint measure in order to be written such scenarios, where would be reflected modern soviet life with its positive aspects.

The second resolution was dedicated for the criticism of publication Russian magazines `ZVEZDA~ (STAR) and `LENINGRAD~. Even 5 years after the party disapproved activity of magazine `ZVEZDA~, because there was published a verse `Love Ukraine~ written by Ukrainian poet Sosiauri. The verse was criticized by party and called this verse, as `nationalistic~ and `devoid of principles and ideals~. Poet dedicated the verse to the love of homeland. Standpoints of party and Sosiaurion patriotism did not coincide. In the opinion of party the author in the verse was singing `generally to Ukraine~, but Bolshevik criticism required author to sing for soviet Ukraine. Due to this verse Moscow Central Committeedisapproved ideological activity of Ukrainian Communist Party as the verse was firstly published in Ukraine.

The third resolution related to repertoire policy of theatre. 5 years afterwas resumeddiscussion with regards to this issue. `Theater society~ called a meeting in order to have discussed whether the situation was improved in the theaters or not, which new performances reflecting modern life were staged and what more had to be done. Discussion also related to Georgian dramatic art that obligation was to have reflected postwar soviet life, labor of soviet population, industrial development, village progression and etc. Dramatist IloMosashvili’s play `His Star~ was named as the best play reflected on soviet life. In the play was reflected breeding of new breeds of sheep. There is reflected success of soviet scientists. The play was staged in Tbilisi’s leading theaters, in Rustaveli and Marjanishvili Theatres. Both performances were staged by famous stage directors (D. Aleksidze, Arch. Chkhartishvili, who attained success. Both play and performance completely satisfied requirements of resolution on `repertoire of drama theatres and its improvement~ passed in August 26, 1946.

014156
WordPress Theme built by Shufflehound. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი